ტრანზიტული ლილიტი სახლებში

ტრანზიტული ლილიტი სახლებში

იმისთვის, რომ გავიგოთ ჩვენს რუკაში ტრანზიტული (ახლანდელი მდებარეობა) ლილიტი რომელ სახლს გადის, ვნახოთ ლილიტის ახლანდელი მდებარეობა ზოდიაქოს ნიშანში და დავაკვირდეთ ჩვენს რუკაში ეს ნიშანი (და კონკრეტული გრადუსი) რომელ სახლში მდებარეობს. მაგ: ამჟამად ლილიტი მშვილდოსნის ნიშანს გადის, კონკრეტულად კი 1-ელ გრადუსზეა. ნახეთ თქვენს რუკაში მშვილდოსნის დასაწყისი გრადუსები რომელ სახლში მდებარეობს. ლილიტი იმ სახლს “სტუმრობს”.

ტრანზიტული ლილიტი 1-ელ სახლში

ასცენდენტთან შეერთების დროს – ინდივიდი კარგად ხედავს მის გარშემო რა არის კარგი და რა ცუდი. მანკიერებას გაურბის. უარყოფითი კუთხით – შესაძლოა ხასიათის უარესობისკენ შეცვლა, აგრესიულობის გამოვლენა. ერთ-ერთი რთული პერიოდია, რადგან პიროვნების აღქმას, საკუთარი თავის გაგებას, ცხოვრებისეულ ხედვას „ფარდა“ ეფარება და გაუგებარი ხდება. მოწინააღმდეგეების ფიზიკური განადგურების სურვილი ხშირად უჩნდებათ. სულელურ სიტუაციებში ხვდება. ამ პერიოდში ეძებს ისეთ რაღაცეებს, რასაც სხვა დროს მოერიდებოდა. ინტრიგანობასა და ცილისწამებას მოერიდეთ. სასურველია: სამართლიანობის დაცვა ჰუმანური გზებით, სიმართლის თქმა, პირდაპირობა (მაგრამ არა უხეშობა), სიმამაცის გამოვლენა. შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი.

ტრანზიტული ლილიტი მე-2 სახლში

ფლობასა და საკუთრებასთან დაკავშირებული ცდუნებები. შესაძლოა ამ ადამიანმა მოულოდნელად დიდი თანხა მიიღოს, რომელიც ასევე სწრაფად დაიხარჯება. საკვების მიღება ან ზედმეტი დოზებით ხდება ან უმკაცრეს დიეტაზე ჯდება. სასურველია: სულიერ და მატერიალურ რესურსებს შორის ზომიერების დაცვა. ბუნებასთან კონტაქტი, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ძალების აღდგენა, უბრალოებისა და კეთილშობილების გამომჟღავნება.

ტრანზიტული ლილიტი მე-3 სახლში

მოსალოდნელია: ინფორმაციის დამახინჯებულად მიღება, სავაჭრო სფეროში მიმზიდველი შეთავაზებები, საკონტაქტო წრის ცვალებადობა, კამათი, ნათესავებთან და მეზობლებთან ურთიერთობის გაფუჭება ჭორების გამო; „ბოროტი ენების“ გამო ზიანის მიღება. კონტაქტებს ადვილად ამყარებენ და ადვილადვე წყვეტენ. ყურადღება გამოიჩინეთ: დოკუმენტების წარმოებისა და ხელშეკრულებების გაფორმების დროს. სასურველია: სუფთა ჰაერზე სეირნობა, ინფორმაციის დაუმახინჯებლად გადაცემა. მოერიდეთ: ტყუილის თქმას, ბრალდებებს, გაუაზრებლად დაპირებების მიცემას.

ტრანზიტული ლილიტი მე-4 სახლში

მეტი ყურადღება ეთმობა პირად უსაფრთხოებას, ზრუნვისა და ემოციების მიღებას. ოჯახური ცხოვრება მტკივნეულად განიცდება. შესაძლოა გამოვლინდეს დედობრივი კომპლექსები, ოჯახზე მიკედლება, ბავშვობის ტრავმების გახსენება, ადვილად განაწყენებადობა. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს, რომლებიც ადვილად შეიძლება ღამის კოშმარებს ან ცრუ ინფორმაციას წარმოადგენდნენ. თავდაცვითი პოზიცია სიტუაციების სრულ გაანალიზებას ხელს უშლის. ეცადეთ შიშებს არ აყვეთ. მე-4 სახლთან შეერთების დროს წინაპრებისა და ოჯახური ვალების გასტუმრების საშუალება ეძლევა, საკუთარი ფესვებისა და ქვეცნობიერის ანალიზისთვის კარგი (მაგრამ საფრთხილო) პერიოდია. სწორედ ახლა შეიძლება გააცნობიეროს საკუთარი კომპლექსები, შიშები გადალახოს, ძველი ემოციური ‘შტამპები“ მოიშოროს. თუმცა, ასევე შესაძლებელია „უმიზეზოდ“ მშობლებთან, ნათესავებთან ურთიერთობის გაფუჭება, მათი მოძულება, მშობლიურ სახლში ან სამშობლოში გაუსაძლისობა. კარგი იქნება თუ: წინაპრების სახელზე შენდობას ითხოვთ, მშობლიურ სახლზე იზრუნებთ.

ტრანზიტული ლილიტი მე-5 სახლში

საკუთარი მნიშვნელოვნობის წარმოჩენის სურვილი, სხვებთან როლების მორგება. ბავშვებთან ურთიერთობა და მათთან დაკავშირებული საკითხები (საკუთარი შვილები, განაყოფიერება, აბორტი) ცდუნების ერთ-ერთ წყაროდ გვევლინება. აზარტულ თამაშებს და სპეკულაციებს, საეჭვო შემოთავაზებებს, გატაცებებს,  ერიდეთ. ზომიერება დაიცავით: სიამოვნების წყაროების მიღების, ამპარტავნების გამოვლენისა და ქედმაღლობის მხრივ.

ტრანზიტული ლილიტი მე-6 სახლში

მე-6 სახლში ყოფნის დროს ძირითადი აქცენტი ჯანმრთელობაზეა. დეპრესიის ან თანამშრომლებთან უკმაყოფილების გამო მოერიდეთ დიეტაზე დაჯდომას (ანორექსიის საფრთხეა). შესაძლოა ინდივიდი ფიქრობდეს, რომ რომელიმე დაავადება სჭირს და ან სამედიცინო სიმპტომების კითხვას იწყებს ან აკვიატებების გამო ექიმებთან სიარულს ან კიდევ თვითმკურნალობას მიმართავს. სასურველია: საკვებში და სისუფთავის დაცვაში ზომიერების გამოჩენა, ბუნებასთან და ადამიანებთან კონტაქტი.

ტრანზიტული ლილიტი მე-7 სახლში

ლილიტის გავლენა პარტნიორულ და საქორწინო ურთიერთობებზე მოქმედებს. ინდივიდი მტკივნეულად რეაგირებს მტრებისა და ოპონენტების ქმედებებზე. საწინააღმდეგო აზრის მიღება-გაცნობიერება ურთულდება. შესაძლოა ისტერიულიც გახდეს, პოპულარობის სურვილი გაუჩნდეს. შესაძლოა ძველმა პარტნიორებმა თავი შეახსენონ. გამოიყენეთ ეს დრო მათთან  კონტაქტების გასაწყვეტად (თუ ამის სურვილი გაქვთ). სიფრთხილით მოეკიდეთ პარტნიორისგან შემოთავაზებულ ინიციატივას, კარგად დაფიქრდით და ისე იმოქმედეთ. მოერიდეთ ხელშეკრულებების, შეთანხმებების დარღვევას. მიცემული პირობები კი შეასრულეთ.

ტრანზიტული ლილიტი მე-8 სახლში

სარისკო ქმედებებისადმი მიდრეკილება იზრდება. მოსალოდნელია პარტნიორის ან სხვების ფულთან დაკავშირებული ცდუნებები, შიშები, სხვადასხვა ფობიის გახსენება. ასევე, ცდუნების წყაროა: სექსუალურობა (საკუთარი თავის დარწმუნება ზედმეტ ვნებიანობაში ან ფრიგიდულობაში; პარტნიორის ყოლის, გაზიარების ძლიერი სურვილი), სიკვდილზე აკვიატებული ფიქრები, ჯგუფური ღირებულებები. შესაძლოა გარისკონ ჩვეულებრივ სიტუაციებში და რეალური საფრთხის წინ – შეეშინდეთ. ზომიერება გამოიჩინეთ: ეჭვიანობის, ფეთქებადობისა და სარისკო ქმედებების მხრივ.

ტრანზიტული ლილიტი მე-9 სახლში

წინა პლანზე იწევს ცოდნით, კანონებით მანიპულირება. ინდივიდს სურვილი უჩნდება სხვებს ასწავლოს, „გაანათლოს“, რწმენისკენ მოაქციოს ან პირიქით – თავად ხდება სხვადასხვა სექტის მსხვერპლი. სასურველია – უცხოელებთან ან უცხოეთთან დაკავშირებით სიფრთხილის გამოჩენა, რელიგიურ ან ფილოსოფიურ ქადაგებებს ბრმად ნუ მოუსმენთ.

ტრანზიტული ლილიტი მე-10 სახლში

ინდივიდისთვის აქტუალური ხდება სოციუმში საკუთარი ადგილის განსაზღვრა, მიზნების დასახვა, ორგანიზებულობა, საკუთარ აქტიურობასა და მიღწევებზე ზედმეტი აქცენტის გაკეთება, ავტორიტეტების განსაზღვრა, სამსახურეობრივი კონფლიქტები. მოერიდეთ: მიზნების მისაღწევად ყველა საშუალების გამოყენებას, ჯილდოებსა და პატივისცემაზე ორიენტირებას,  ზედმეტ მუშაობას, ძველი გეგმების ერთი ხელის მოსმით შეცვლას.

ტრანზიტული ლილიტი მე-11 სახლში

შესაძლოა ინდივიდმა მიიღოს მაცდუნებელი შეთავაზებები სხვადასხვა პროექტებზე, მომავლის გეგმებზე. სიფრთხილის გამოჩენა მართებს იდეების აფიშირების დროს, მეგობრების შერჩევის, სურვილების ჩაფიქრების კუთხით.

ტრანზიტული ლილიტი მე-12 სახლში

ინდივიდზე იზრდება გარშემომყოფების გავლენა. ეცადეთ გამიჯნოთ თქვენი და სხვა ადამიანების განცდები. მოერიდეთ საკუთარი თავის შეცოდებას, უარყოფით ფიქრებს, თვითიზოლაციას. ყველაფერი ადამიანის სულიერი განვითარების დონეზეა დამოკიდებული. ამ პერიოდში შესაძლოა ზემოთ ამოვიდეს უარყოფითი მახასიათებლები. კარგი იქნება: სულიერი წმენდა, ლოცვა, სულიერი გაძლიერებისა და დაცვის თხოვნა.


About Tamta

Scroll To Top