ტრანზიტული მთვარე კუროში

ტრანზიტული მთვარე კუროში

მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე კუროში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე კუროს ნიშანს გადის.

დადებითი კუთხით: სტაბილურობის განცდა, პრაქტიკულობა, გონივრულობა,  ესთეტიური აღქმა,  რეალური ხედვა, სიმშვიდე.

უარყოფითი კუთხით: სიზანტე, სიზარმაცე, სიჯიუტე, კონსერვატულობა, პასიურობა, ინერტულობა, ყველაფერი ახლის მიმართ უნდობლობა.

მთვარე კუროს ნიშანში ითხოვს საფუძვლიან, გონივრულ და აუჩქარებელ მოქმედებას. გამძაფრებულია დაგროვების ინსტიქტი, კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის. ამ პერიოდში განწყობა მშვიდია. შეგვიძლია სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ, ბუნებასთან ვიკონტაქტოთ, გემრიელი კერძები დავაგემოვნოთ. პრაქტიკული გადაწყვეტილებები მივიღოთ.

გრძნობებისა და ფიზიკური სხეულის მიმართ ყურადღება მატულობს. მივისწრაფით სტაბილურობისკენ, სიმშვიდისკენ. უარყოფითი კუთხით – არაფრის კეთებისკენ. ნაკლებად ვრისკავთ. შეგვიძლია საქმისგან სიამოვნება მივიღოთ – შეასრულეთ ის საქმეები, რაც მოგწონთ. ასევე კარგი დღეა იმ საქმეების დასაწყებად, რომლებიც დროში ხანგრძლივია.

ასევე, ღირებული ან ლამაზი ფორმების საგნების შეძენის, დროის სასიამოვნოდ გატარების, მატერიალური და სულიერი რესურსების (დრო, ენერგია, ფული…) ფლობის, საყვარელ ადამიანთან დროის გატარების სურვილი მატულობს. სხვა დღეებთან შედარებით მადა გაძლიერებულია.

სანამ იმოქმედებთ, დაფიქრდით

იცეკვეთ, იმღერეთ, წიგნები წაიკითხეთ. თუ საშუალება გაქვთ ბაღს მოუარეთ.

სიყვარული: გამოავლინეთ სინაზე, სიყვარული, მოთმინება. ამ დღეს ქალები განსაკუთრებით მომხიბვლელად და ქალურებად გამოიყურებიან (კუროს სიყვარულის პლანეტა ვენერა მართავს). სასიყვარულო ურთიერთობა, რომლის დაწყებაც მთვარის კუროში ყოფნას დაემთხვევა, ხანგრძლივი, ვნებიანი და სინაზით გამორჩეული იქნება.

ფინანსები: ფინანსების მოსაგვარებლად, დაგროვებისთვის, მატერიალური საგნების შეფასებისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, ინვესტიციებისთვის კარგი დღეა.

კვება: მიიღეთ ახალი ხილი, წვენები, საკვები…

ჯანმრთელობა: კარგია მასაჟი, სხეულის გაკაჟება, წყლის სარელაქსაციო პროცედურები. სუსტი წერტილებია – ყელი, კისერი, ტუჩები. არა არის რეკომენდირებული ქირურგიული ჩარევა ყელ-ყურ-ცხვირის ზონაში.

არასასურველია: ისეთი საქმიანობა რაც სწრაფ რეაქციასა და გადაწყვეტილებას მოითხოვს ჯობია შემდეგისთვის გადადოთ.

დღე რეკომენდებულია: ადრე დაწყებული საქმეების დამთავრებისთვის, სოციალური, ფინანსური და მატერიალური მდგომარეობის  გაუმჯობესებისთვის, სწავლისთვის. ყველანაირი საქმიანობისთვის რაც უკავშირდება ხელოვნებას, ფულს, საზოგადოებრივ მოღვაწეობას, უძრავ ქონებას (გაცვლა, სხვაგან გადასვლა, ყიდვა-გაყიდვა), კომერციულ და კორპორატიულ აქტივობას. მიწასა და ბუნებასთან კონტაქტისთვის, ნათესავებსა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობებისთვის. ყველანირი კულტურული ღონისძიებისთვის, მოდური ნივთების, კოსმეტიკის, საიუველირო სამკაულების და შრომის იარაღების შეძენისთვის.

 

ტრანზიტული პლანეტები  ნათალური ჰოროსკოპის სახლებში

ამა თუ იმ სახლის თავისებურება ძალიან მკაფიოდ ვლინდება ნათალურ რუკაში, როდესაც სახლს ტრანზიტული პლანეტა ააქტიურებს. როგორც ცნობილია, პლანეტები სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობენ. მაგალითად, მთვარე ზოდიაქოს წრის თორმეტივე ნიშნის და შესაბამისად, ჰოროსკოპის თორმეტივე სახლის გავლას 28 დღეს ანდომებს; მზე 1 წელიწადს; იუპიტერი 12 წელს; სატუნრი 28 წელს; ურანი 84ს და ა. შ. ლოგიკურად, რაც უფრო ნელა მოძრაობს პლანეტა, მით უფრო დიდხანს ჩერდება ერთ ნიშანში/სახლში. სახლის შესაბამისი სფეროც უფრო აქტიურად ვლინდება. სახლის გააქტიურების თავისებურება დამოკიდებულია თავად სახლის (ველის) მონაცემებზე: სად არის განთავსებული, რა ზომისაა, ცარიელია თუ ტრანზიტულ პლანეტას ნათალური პლანეტა მასპინძლობს, რომელი ნათალური პლანეტები ან ფიქტიური წერტილებია მასში განთავსებული და რა თქმა უნდა, ასპექტები, როგორც ნათალურ ისე ტრანზიტულ პლანეტებს შორის. ამას გარდა, მხედველობაში უნდა მივიღოთ, როგორ არის გამოხატული თავად ეს პლანეტა ნათალურ რუკაში, ჰარმონიულად თუ დისჰარმონიულად. მხოლოდ ყველა ამ ასპექტის გათვალისწინებით, შეგვიძლია შევაფასოთ მისი გავლენა დადებითად ან უარყოფითად.

ტრანზიტული პლანეტის გავლენა სახლზე არ ჩამოუვარდება ნათალური პლანეტის გავლენას. მხოლოდ ნათალური (დაბადების) პლანეტების განლაგება დაფიქსირებულია ერთხელ და  სამუდამოდ, დაბადების მომენტში. ტრანზიტული პლანეტები კი მუდამ მოძრაობენ, ქმნიან დადებით ან უარყოფით ასპექტებს.

 

 

მთვარის ტრანზიტი ნათალური ჰოროსკოპის სახლებში:

როგორც უკვე გითხარით, მთვარე ზოდიაქოს წრის და შესაბამისად, ჰოროსკოპის სახლების გავლას 28 დღეს ანდომებს. მთვარის დღე მზის დღეზე ნაკლებია.

მთვარის ბუნება ნოტიოა. მისი პრინციპი  ცვალებადობაა. ნათალურ რუკაში სახლი (ცხოვრების სფერო), სადაც  მდებარეობს  მთვარე, არ გამოირჩევა სტაბილური ხასიათით. შესაბამისად, მთვარეს სახლში შეაქვს მერყეობა.

მთვარე დაკავშირებულია სახლთან, ოჯახთან, დედასთან, პირველად საჭიროებებთან. მთვარე რეაგირებს ემოციურად (ირაციონალურად). ის ზემოქმედებს აღქმაზე.

სწრაფი მოძრაობიდან გამომდინარე, უშუალოდ მთვარე ნაკლებად ხდება კონკრეტული მოვლენების გამომწვევი. ის უფრო ნათალურ და ტრანზიტულ პლანეტებთან თანამშრომლობით მუშაობს. ასე ვთქვათ, მომწიფებული მოვლენის (რაც ნათალური და ნელი პლანეტების ტრანზიტით არის მომზადებული) ჩამრთველი ხდება. მთვარის გავლენა ყველაზე მძაფრად ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე აისახება. შესაბამისად, ის ცვლის ჩვენს შინაგან დამოკიდებულებას კონკრეტული სფეროს მიმართ, სადაც ტრანზიტით იმყოფება.

 

 

მთვარის ტრანზიტი ნათალური ჰოროსკოპის

I სახლში

ყველაფერი რაც დაკავშირებულია პიროვნების გარეგნულ გამოვლინებასთან. ამ დღეებში შეიძლება გაგიჩნდეთ გარეგნობის შეცვლის სურვილი, განსაკუთრებით ქალებს. ეხება თავს, სახეს. შესაძლებელია დასიება, გაციება.

 

II სახლში

მთვარე ამ სახლში ეგზალტირდება/ კულმინაციაშია. ფინანსური საკითხები. ფული ოჯახური საჭიროებებისთვის. ან პირველადი მოხმარების ნივთების ბიზნესი. რეკომენდებულია სიმღერა. ეხება ხმის იოგებს, ყელს.

 

III სახლში

გადაადგილება მოკლე მანძილებზე. ურთიერთობა ნათესავებსა და მეზობლებთან ყოფით საკითხებზე. კორესპოდენცია. სწავლა. რეკომენდებულია სუნთქვითი ვარჯიშები. ეხება ფილტვებს, ხელებს, მტევნებს, თითებს.

 

IV სახლში

მთვარე ამ სახლის სიმბოლური მმართველია. სახლთან, უძრავ ქონებასთან, საცხოვრებელ ფართთან, ოჯახთან  დაკავშირებული საქმეები.  ცვლილებების სურვილი ამ სფეროებში. ინტერესი ისეთი საკითხების მიმართ, რომელიც ეხება დედას (მის კეთილდღეობას მათ შორის). ეხება კუჭს. აუცილებელია ზომიერების დაცვა საკვებთან და სასმელთან დაკავშირებით.

 

V სახლში

ლტოლვა გართობის, მხიარულების, სასიყვარულო რომანების, თამაშის მიმართ. იზრდება აზარტი და სპეკულაციების სურვილი. რეკომენდებულია ურთიერთობა ასაკით უმცროს ადამიანებთან, ბავშვებთან. ეხება გულს, სისხლძარღვებს.

 

VI სახლში

სამსახურთან, თანამშრომლებთან, კვებასთან, სამოსთან დაკავშირებული საქმეები. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემები. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს,თავი აარიდოთ გადაღლას და არასწორ კვებას. ეხება ნაწლავებს.

 

VII სახლში

ამ დღეებში დაწყებული პარტნიორობასთან, ქორწინებასთან  დაკავშირებული საქმეები ცვალებადი იქნება, თუ სახლი ფიქსირებულ ნიშანში (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული) არ მდებარეობს. ეხება თირკმელებს.

 

VIII სახლში

მთვარე ამ სახლში სიმბოლურ ვარდნაშია. „კორპორატიული ფული“. ცხადი სიზმრები. ურთიერთობა მიღმიერ სამყაროსთან. გარდაცვლილების მოგონება და შესაძლო კონტაქტიც კი მათთან. ეხება გენიტალიებს, სქესობრივ სფეროს.

 

IX სახლში

ყურადღება გადადის უმაღლეს სფეროებზე, განათლების საკითხებზე, შორეულ მოგზაურობებზე, რისი განხორციელებაც სავსებით შესაძლებელია. ეხება ღვიძლს, ბარძაყებს.

 

X სახლში

მთვარე ამ სახლში(ზენიტში) სიმბოლურ ტყვეობაშია. აძლიერებს საქმიან აქტიურობას. ცვლილებები საქმის წარმოებაში ან თავად საქმეში. თუ ამ ცვლილებებს აჩვენებს სხვა, უფრო ნელი პლანეტა, სავარაუდოდ, მთვარის ამ სახლში ტრანზიტის დროს მოხდება კიდეც. მთვარე, ასე ვთქვათ, ჩართავს კონკრეტულ მოვლენას. ეხება მუხლებს, ელენთას.

 

XI სახლში

გაფართოება და ცვლილებები სოციალური კონტაქტების სფეროში. სოციალური გააქტიურების მოთხოვნა. ახალი მეგობრები ან ურთიერთობის შეცვლა ძველ მეგობრებთან. ახალი იმედები და სურვილები. ეხება წვივებს, კოჭებს, სითხის გადანაწილებას სხეულში.

 

XII სახლში

ცვლილებები, შეფერხებები, წინააღმდეგობები და შეზღუდვები, რაც ძალიან საწყენია, მაგრამ ყურადღების გადართვისკენ გიბიძგებთ გარე მოვლენებიდან შიდა აქტიურობაზე: ჩაიხედეთ საკუთარ თავში. რეკომენდებულია მედიტაცია. შესაძლოა შეხება მოგიწიოთ საავადმყოფოსთან, თავისუფლების შეზღუდვის ადგილებთან. აუცილებელია არ არის თქვენ მოხვდეთ იქ, შეიძლება ვინმე მოინახულოთ. ეხება ტერფებს, ფსიქიკას.

სტატიის ავტორი: რუსა


About Tamta

Scroll To Top