ტრანზიტული სატურნი მე-2 სახლში

ტრანზიტული სატურნი მე-2 სახლში

ტრანზიტული სატურნი მე-2 სახლში ნიშნავს, რომ  სატურნი (ამჟამინდელი მდებარეობა) თქვენი პირადი რუკის მიხედვით მე-2 სახლს გადის.

როდესაც სატურნი II სახლში შედის, საკუთარ ინდივიდუალობაზე ზრუნვის პერიოდი სრულდება. ადამიანი გრძნობს სიმსუბუქეს და ნაყოფიერი შრომის შინაგან მოთხოვნას. ბევრი ადამიანი ამ ძვრას შემდეგი სიტყვებით გამოხატავს: „დავიღალე საკუთარ თავში ქექვით და პრობლემების აღმოჩენით. მე უკვე კარგად ვიცი, რას წარმოვადგენ და ამ ეტაპზე შეჩერებას აღარ ვაპირებ. ახლა უნდა ავმოძრავდე, რაიმე შევქმნა რეალურ სამყაროში და ფული გამოვიმუშავო“. აქედან გამომდინარე, ნატივს უჩნდება  მყარი  ფინანსური სისტემის შექმნის მოთხოვნა; სურვილი იშრომოს შემოსავლისთვის და იხეიროს საკუთარი შრომითი და ფინანასური ინვესტიციებისგან.

ამ დროს, ადამიანი იწყებს საკუთარ საქმეს, გადის პრაქტიკული ტიპის ტრენინგებს, ხვეწს საკუთრ შრომით უნარებს იმისათვის, რომ მომავალში ფინანასური მდგომარეობა გაიუმჯობესოს. ის ქმნის მყარ ფუნდამენტს რეალურ სამყაროში და მუშაობს სტაბილურობის გარანტიებზე. შეიძლება ამ მოსამზადებელი სამუშაოების დროს შემოსავლები ძალზედ შთამბეჭდავი არ იყოს და ბევრი ნერვიულობა მოუწიოს ფულთან დაკავშირებით, მაგრამ ასტროლოგიაში გავრცელებული „ვალები, სიღარიბე და დიდი უბერდურება სატურნის  II სახლში ტრანზიტის დროს“, გადაჭარბებულია.

ასეა თუ ისე, სატურნის გავლენა ფინანსურ სფეროზე აშკარაა და ადამიანები მძაფრად გრძნობენ მკაცრი მასწავლებლის წნეხს, თუმცა აღსანიშნავია, რომ  მათი უმეტესობა საკმაოდ პრაქტიკულად წყვეტს ამ პრობლემას, სერიოზული ფინანსური დანაკარგების გარეშე. ერთმა ჩემმა კლიენტმა 15000$ კი მოიგო კონკურსში, ნაწილმა ბიზნესი და ახალი სფეროების ათვისება-სწავლა წამოიწყო და მოგვიანებით მნიშვნელოვან  წარმატებებსაც მიაღწია.

ერთი რამ, რაც უდაოდ დამახასიათებელია ამ პერიოდისთვის, არის ის, რომ ნატივი გამძაფრებულად და რეალურად შეიგრძნობს ფინანსური საჭიროებების აუცილებლობას და „თვითგადარჩენის“ პრაქტიკულ გაკვეთილებს  გარემობათა ზეწოლის მეშვეობით იღებს.

როგორ განეწყობით საკუთარი მატერიალური მოთხოვნების მიმართ თავიდანვე, საწყისს ფაზაში, მნიშნველოვნად აისახება მთელს პერიოდზე. მთავარი, რაც აუცილებლად მხედველობაში უნდა მიიღოთ: „სატურნი ნელი, მაგრამ საიმედო პლანეტაა“, ამიტომ თუ თქვენ მოთმინებითა და პასუხიმგებლობით მოეკიდებით ნებისმიერ პრაქტიკულ საქმეს, მატერიალური სარგებელიც არ დააყოვნებს. მოგება არ იქნება სწრაფი და თავიდანვე თვალსაჩინო, მაგრამ თუ ინდივიდს ეყოფა მოთმინება და ნებისყოფა მყარი და საიმედო ფინანასური სტრუქტურა შექმნას, მოგვიანებით, სათანადო დივიდენდებსაც მიიღებს, ამასთან არაერთჯერადად, არამედ წლების განმავლობაში.
სატურნის ტრანზიტი მეორე სახლში არ შემოიფარგლება მხოლოდ მატერიალურ სფეროზე გავლენით. ეს არის დრო ყველანაირი რესურსების, მათ შორის არამხოლოდ მატერიალური, ასევე ფსიქოლოგიური ფასეულობების დაგროვებისა. ნებისმიერი სწავლება, ცოდნა, ფილოსოფია, მეთოდი, საშულება, რაც დაგეხმარებათ თვითშეფასება აიმაღლოთ ამ პერიოდში, მომავალში ბარაქიან ნაყოფს მოგცემთ.

ასევე ხელსაყრელი პერიოდია იმისთვის,რომ კრიტიკულად შეაფასოთ, როგორ იყენებდით საკუთარ იდეებს წარსულში (II სახლი  XIIსახლია IIIსახლისთვის). შესძელით მათი პრაქტიკულად გამოყენება თუ  უსარგებლო აღმოჩნდა? თუ თქვენ იდეებს გარკვეული ფასეულობა ჰქონდა,ეს აუცილებლად აისახება  ფინანსურ მდგომარეობაზე და არ დარჩება მხოლოდ იდეის დონეზე.

II სახლი აქცენტებს სვამს თვითშეფასებასა და ფინანსებზე. ხშირია შრომითი ვალდებულებების, სამუშაოს მომატება. ეს პრაქტიკული დროა და მართალია, ფინანსური წარმატება მარტივად არ მოდის, მაგრამ თუ ძალისხმევას არ დაიშურებთ, ფაზის დასასრულს სატურნი ფეხქვეშ მყარი  ნიადაგით დაგაჯილდოვებთ. ეს ტრანზიტი ტრადიციულად ფინანსურ დანაკარგებთან ასოცირდება, თუმცა სინამდვილეში საქმე ეხება ჩვენს ინდივიდუალურ აღქმას_ასეთ დროს ადამიანი მიდრეკილია დეტალურად გააანალიზოს საკუთარი ფინანსური მდგომარეობა და მიღწევები და აუცილებლად რაიმე წუნი აღმოაჩინოს, გარდა ამისა შემოსავლები და მოგება ამ პერიოდში რეალურად არ არის იმდენი, რამდენსაც ნატივი ისურვებდა და თვლის, რომ იმსახურებს.

ინდივიდი მიიჩნევს, რომ მატერიალური სარგებელი არ არის დახარჯული შრომის შესაბამისი, რაც  ბუნებრივია,იწვევს უკმაყოფილებას. მოვლენების მოულოდნელი განვითარება და ფინანსური „სიურპრიზები“ არ არის თვისებრივი ამ პერიოდისთვის. ამდენად, ტრანზიტის მიზანს წარმოადგენს  ადამიანის თვითშეფასების მისადაგება მისი შრომით ნაყოფიერებასთან: რას აძლევს ის რეალურ სამყაროს და სანაცვლოდ რას იღებს რეალური სამყაროსგან. ისევე როგორც ყველა სახლში ტრანზიტისას, აქაც ფაზის დასაწყისში ადამიანი მძიმედ განიცდის მხარდაჭერისა და თანადგომის დაკარგვას, დაუფასებლობას, რომელიც დაახლოებით შემდეგი შინაარსის ფრაზით გამოიხატება: „ამდენი ვიმუშავე, ამდენი გავეცი  და რა მივიღე ამისთვის?“. მას ეუფლება სიღარიბის, მომავლის შიში. მაგრამ კარგი იქნება, თუ შიშის ნაცვლად, ინდივიდი ობიექტურად შეხედავს საკუთარ უნარებსა და ქცევებს.  ამ ტრანზიტის მთვარი ამოცანა არის ზუსტად შეაფასოთ ახლადგამომუშავებული თავდაჯერება, რომელიც შეიძინეთ სატურნის I სახლში ტრანზიტისას და გამოიყენოთ ის რეალურ სამყაროში ნაყოფიერი შემოქმედებისთვის.

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top