ტრანზიტული სატურნი VIII სახლში

ტრანზიტული სატურნი VIII სახლში

როგორ უმკლავდებით ძალაუფლებას, საკუთარ სურვილებს, ინტიმურ ურთიერთობებს? როგორ იყენებთ საკუთარ სექსუალურ ენერგიას? რა ტიპის აკვიატებული აზრები გაქვთ? რითი ხართ შეპყრობილი და რაზე ხართ არაჯანსაღად დამოკიდებული? როდესაც სატურნი VIII  სახლში შედის, ის პასუხებს მოითხოვს ყველა ამ კითხვაზე.  ეს ტრანზიტი აქცენტებს სვამს  ცხოვრების ფინანსურ, სექსუალურ-ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სულიერ სფეროებზე. რადგან VIII  სახლი პლუტონსა და მორიელის ნიშანს უკავშირება, ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნველოვანია ძველი ყაიდების დასრულების კუთხით, რაც ზოგიერთი ინტენსიური სურვილისა და მიჯაჭვულობისგან გათავისუფლების შედეგად ხდება. ფაზის დასასრულს, ინდივიდს ეუფლება თავიდან დაბადების განცდა.

 ამ პერიოდში აქტიურდება სურვილების დისციპლინირებისა და ემოციური მიჯაჭვულობების სტრუქტურიზების მოთხოვნა ორი ძირითადი მეთოდით:

1)ნატივს გარკვეული გარემოებები  აიძულებს, თვალი გაუსწოროს კონკრეტულ ფაქტებს, რადგან ამ პერიოდში ძლიერია იმედგაცრუების შიში.

2) ნატივისგან ხდება საკუთარი სურვილების განშტოებათა შინაგანი გააზრება, სიღრმისეულად და ბოლომდე: როგორ იყენებდა საკუთარ ფინანსურ, სექსუალურ, ემოციურ, ოკულტურ და სულიერ ძალებს.

ბევრი მათგანი ამ პერიოდში ძლიერ შინაგან ტანჯვას განიცდის  და ამის გამომწვევი მიზეზების დაზუსტება ძალიან უჭირს.  ზოგიერთი ამ ტრანზიტს ჯოჯოხეთისა და სალხინებლის გავლას ადარებს, სადაც მათი სურვილები და მიჯაჭვულობები ცეცხლითა და მახვილით იწმინდება. იბადება სიცოცხლის ახალი, უფრო ღრმა ენერგიის განცდა. ბევრი ადამიანი მთლიანად ეფლობა სულიერების, საიქიო ცხოვრებისა და სიკვდილის რეალიებში.

კიდევ ერთი აქტუალური საკითხი, რომელიც ამ ტრანზიტს მოჰყვება, არის მოკვდავობის გააზრება. თუ სატურნის ან მზის ტრანზიტი ასცედენტზე გვაიძულებს მთელი ინტენსივობით შევიგრძნოთ საკუთარი ასაკი, სატურნის ტრანზიტი  VIII სახლში გვეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ უკვდავები არ ვართ. ბუნებრივია, ეს ყველამ ისედაც იცის, მაგრამ მოცემულ ფაზაში სატურნი ყოველდღე გვახსენებს ამქვეყნიური ყოფის წუთიერებას. ეს ის პერიოდია, როდესაც რეალისტურად უნდა ჩავხედოთ თვალებში სიკვდილის ფაქტს; მისი გარდაუვალობის გააზრება კი ხშირად უბიძგებს ადამიანებს, მეტი ენერგია ჩადონ საკუთარი ქონების, საერთო აქტივებისა თუ ანდერძის ორგანიზებაში.  სხვა მნიშვნელოვანი ფინანსური გარიგებები ასევე აქტუალურია ამ პერიოდში, მაგრამ საერთო ფაქტორი ის არის, რომ ინდივიდი ცდილობს თავი დაიცვას, რისთვისაც „სულიერი დაცვის მექანიზმებს“ მიმართავს. სასურველია, ამ ტრანზიტამდე  ფინანსური პრობლემები  მაქსიმალურად მოაგვაროთ. თუ ამას საკუთარი ნებით არ განახორციელებთ, სატურნი აუცილებლად გამონახავს გზას, რომ გაიძულოთ ფინანსური რესურსების მობილიზება და ორგანიზება.

ამ ტრანზიტისთვის დამახასიათებელია (ნატივის ან მისი პარტნიორის) სექსუალური დისფუნქცია. სირთულეებს ვაწყდებით ასევე ლიბიდოს დაკმაყოფილების ან ინტიმური სიახლოვის თვალსაზრისითაც. ეს წნეხი საჭიროა იმისათვის, რომ უკეთესად გავაცნობიეროთ საკუთარი ინტიმური სურვილების ჭეშმარიტი არსი. ტრანზიტის პირველ ფაზაში განსაკუთრებით მკვეთრად ვლინდება დაუკმაყოფილებლობისა და ფრუსტრაციის განცდა პარტნიორებსა და საკუთარ შინაგან რესურსებთან მიმართებაში. აქტუალურია სექსუალური ცხოვრების მნიშვნელობის გააზრებაც. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს პერიოდი დაკავშირებულია სექსუალურ იმედგაცრუებასთან, რაც, როგორც ჩანს, თავშეკავებითა და თვითდისციპლინირებით არის განპირობებული. ადამიანი შეგნებულად შეეცდება სექსუალური აქტივობა დაბლოკოს, რადგან  კარგად აცნობიერებს, რამხელა ენერგიას ფლობს და როგორ შეუძლია მისი ტრანსფორმაცია უფრო ამაღლებული და კონსტრუქციული მიზნების განსახორცილებელად. ამ პერიოდში ბევრი ადამიანი ინტერსდება ოკულტური დისციპლინებით, სულიერი პრაქტიკით თუ სხვადასხვა ტიპის ეზოთერული გამოკვლევებით.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ VIII  სახლი წინმსწრები სახლია  IX სახლისთვის და ეს ტრანზიტი ამოწმებს, რამდენად ახერხებს ნატივი თავისი ცხოვრებისეული იდეალებისა და შეხედულებების შესაბიმისად ცხოვრებას. ასეთ შემთხვევაში, ეს ტრანზიტი გამოვლინდება როგორც თქვენი ტრანსფორმაციის გამოცდა: ხალისიანად ან ტანჯვის მეშვეობით, რაც აუცილებლად უნდა გადაილახოს იმისათვის, რომ სწორად განისაზღვროს სამომავლო პრიორიტეტები.

ფაზის განმავლობაში შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ გარემოებებისა და ადამიანების კონტროლის ადრინდელი მეთოდები უწინდელი ეფექტურობით ვეღარ მუშაობს. ფსიქოლოგიურ დონეზე, ჩვენ ვაწყდებით საკუთარი დაუძლეველი ბუნებით გამოწვეულ შიშებს, რასაც იმ რწმენისკენ მივყავართ, რომ გადარჩენისთვის აუცილებლად გვჭირდება პატარ-პატარა ხრიკები. ავიღოთ ცრურწმენის მარტივი მაგალითი: შესაძლოა ჩამოვაყალიბოთ ან ჩამოყალიბებული გვქონდეს პატარა რიტუალი, რომელიც გვგონია, რომ გარკვეული საფრთხისგან გვიცავს ან იღბალს იზიდავს. თუ ამ რიტუალს ხშირად ვიმეორებთ, წარმოიქმნება ფსიქოლოგიური დამოკიდებულება და შემდეგ გვეშინია, რომ თუ ის ყოველდღე არ შევასრულეთ, რაიმე ცუდი შეგვემთხვევა. თუ ეს ცრურწმენა გადავლახეთ, თავს უფრო ძლიერად ვიგრძნობთ. რაღაც ისეთ მარტივ დამოკიდებულებას, როგორიც ცრურწმენა ან პატარა რიტუალია, შეუძლია დაგვანგრიოს ფსიქოლოგიურად. რატომ? იმიტომ, რომ მუდმივად ვკვებათ ჩვენი ენერგიით და საბოლოოდ აკვიატებული იდეა ძალაუფლებას იძენს ჩვენზე. ჩვენ უარვყოფთ საკუთარ პასუხისმგებლობასა და გავლენას ჩვენს ცხორებაზე, როდესაც ვნებდებით ამ აკვიატებულ იდეებსა და მავნე დამოკიდებულებებს, ვკარგავთ კონტროლს და შემდეგ დანაშაულის გრძნობა გვახრჩობს.  ჩვენ აღარ ვგავართ საკუთარ თავს. მოვლენების კონტროლის სურვილით შეპყრობილები, ვკარგავთ ძალაუფლებას საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე. ჩვენ ვცდილობთ მსგავსი ქცევებით ვაკონტროლოთ საკუთარი ცხოვრება, მაგრამ რეალურად ამ დამოკიდებულებებსა და ცრურწმენებს საშუალებას ვაძლევთ, გვაკონტროლონ ჩვენ. ტრანზიტის დასასრულს უნდა შევძლოთ და ამოვძირკვოთ ზოგიერთი აკვიატებული იდეა, ღრმად გამჯდარი ჩვევა და დამოკიდებულება, რაც ხელს გვიშლიდა ემოციური თავისუფლების შეგრძნებაში. ამგვარი გათავისუფლების შედეგად, შინაგანად თავს მეტად ჯანმრთელად, ძლიერად და ძლევამოსილებად ვიგრძნობთ, რადგან გავაცნობიერებთ, რომ ყველაფერს ვერ გავაკონტროლებთ და არც უნდა ვაკონტროლებდეთ. არის საკითხები, რაც ბედისწერას უნდა მივანდოთ.

შეიცან ჭეშმარიტება და გათავისუფლდი!

 

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top