ტრანზიტული სატურნი IX სახლში

ტრანზიტული სატურნი IX სახლში

ტრანზიტული სატურნი მე-9 სახლში ნიშნავს, რომ  სატურნი (ამჟამინდელი მდებარეობა) თქვენი პირადი რუკის მიხედვით მე-9 სახლს გადის.

სატურნის ტრანზიტი IX სახლში დაკავშირებულია თვითსრულყოფის, იდეალებისა და ვალდებულებების განვითარების  პროცესებთან. ძირითადად, ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი იდეალების, ფილოსოფიისა თუ თვითსრულყოფის რეჟიმთან დაკავშირებული მრავალწლიანი გამოცდილების გათავისებას უკავშირდება. ამ პერიოდში ადამიანები ხშირად მიემართებიან საკმაოდ სტრუქტურიზებულ მოგზაურობაში საკუთარი მსოფლმხედველობისა თუ თვალსაწიერის გასაფართოებლად, იქნება ეს რეალურად ფიზიკური მოგზაურობის, აკადემიური სწავლების, თვითგანათლების, ლექციებისა თუ საეკლესიო  მსახურებაზე დასწრების მეშვეობით.  მე მინახავს შემთხვევები, როდესაც ადამიანები ამ მეთოდების კომბინირებით ცდილობდნენ მიეღწიათ მიზნებისთვის. მაგალითად, მიემართებოდნენ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად ან მიდიოდნენ მონასტერში.

არსებითად ეს არის დრო, როდესაც უნდა გამოვიკვლიოთ, განვსაზღვროთ, დასრულებული ფორმა მივცეთ ჩვენს იდეალებსა და შეხედულებებს, რადგან შემდგომში (როდესაც სატურნი ზენიტში შევა) სწორედ ეს იდეალები უნდა გვემსახურებოდეს და გზა გაგვინათოს დიადი მიზნებისკენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანთა უმეტესობა მოტივირებულია თვითრულყოფისთვის. ზოგისთვის ეს ნიშნავს საკუთარი ცხოვრების მისადაგებას უმაღლეს იდეალებთან. ზოგისთვის_ უცხო ქვეყნებში მოგზაურობას, ახალი კულტურებისა და რეალიების აღმოჩენას ან ახალი საგნების შესწავლას, რათა სამომავლოდ ცხოვრების პერსპექტივები გაიფართოვოს. ეს შესანიშნავი პერიოდია გონებრივი ენერგიის სერიოზული გამოყენებისთვის, სხვა ადამიანებზე პედაგოგიური მეთოდებით ზემოქმედებისთვის: სწავლება, ლექციების კითხვა, პუბლიკაციები.

ასევე, აღსანიშნავია, რომ IX სახლი წინმსწრებია X სახლისთვის, ლოგიკურად ის წარმოადგენს ჩვენი შრომისა და სწრაფვების შედეგებს და ვლინდება  დაუკმაყოფილებლობისა და მოუსვენრობის ფორმით ან იმის გააზრებით, რომ  უფრო დაძაბულად უნდა ვიშრომოთ იმ ცოდნის გამოხატვისთვის, რომელიც წარსული მიღწევებისა თუ პროფესიული აქტივობის შედეგად მივიღეთ. ეს პერიოდი ასევე მოსამზადებელი ეტაპია ტრანზიტის შემდეგი ფაზისთვის იმ თვალსაზრისით, რომ  ამბიციები, რომელთაც ხორცი უნდა შევასხათ  სატურნის X სახლში გადასვლისას, ძლიერ იქნება დამოკიდებული იმ იდეალებზე, რომელსაც  ამ პერიოდში გამოვიმუშავებთ.

არც ისე იშვიათად, ის იდეალები და სულიერი განვითარების მწვერვალები, რომელსაც წინა წლების განმავლობაში ასე ვესწრაფვოდით, უეცრად სრულიად ზედაპირულად და უსარგებლოდ  გვეჩვენება. თუ წინა პერიოდებში ნატივი აქტიური სწავლით იყო დაკავებული, ამ ფაზაში მან საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, რამდენად ემთხვევა მისი შესწავლის საგანი მის ჭეშმარიტ იდეალებს. ზოგიერთი მათგანი ინტერესის სფეროს იცვლის, რადგან ქვეცნობიერად ემზადება მომდევნო ფაზისთვის, თუმცა უმეტესობა დიდ იმედგაცრუებას განიცდის ამ პერიოდში.

IX  სახლი ცეცხლოვანია და მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს იმიჯთან, შეხედულებებთან,  თავგადასავლების მოთხოვნასა და თავდაჯერებასთან. ასევე, ის ასოცირდება რწმენასთან, იმედებსა და ხედვებთან. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში სულიერი განვითარების, უმაღლესი განათლებისა და მოგზაურობების საკითხები  საკმაოდ აქტუალურია, უმთავრესი თემა მაინც თავდაჯერებულობა და თვითრწმენაა.  ბრმა რწმენა თუ ოპტიმიზმი, რამაც აქამდე მოგვიყვანა, სატურნის გამოცდის წინაშე  დგება.

რამდენად ჯანსაღია თქვენი იდეალების სისტემა? რა იდეებისთვის იბრძვით? როგორი მომავლისკენ მიდიხართ? ის სულისკვეთება, რომელიც წინ მიგვიძღვის და მოტივაციას გვაძლევს, შესამჩნევად სუსტდება ამ ფაზაში.  ტრანზიტის ძირითადი ამოცანა სწორედ ამ სულისკვეთების განმტკიცებაა, რომელიც ერთგვარ საწვავის ფუნქციას ასრულებს ჩვენი შინაგანი „ძრავისთვის“. ტრანზიტის საწყის ეტაპზე ჩვენ უამრავი კითხვა გვიჩნდება საკუთარ თავთან; დასასრულს, თუ  საკმარისად ვიმუშავებთ, შევძლებთ ჩვენი სულიერი ფასეულობებისა და უზენაესი იდეალების რეგენარაციას, ძველის ჩანაცვლებას ახლით, რაც თვითრწმენის განმტკიცებაში გვეხმარება და კიდევ ერთი ნაბიჯით გვაახლოებს ჩვენს დიად მიზნებთან.

მერყეობა, რაც აქამდე გვაბნევდა, გვამუხრუჭებდა და გვაიძულებდა, თავი აგვერიდებინა მოულოდნელობებისათვის, უფრო ზრდასრული დამოკიდებულებით შეიცვლება, რაც საშუალებას მოგვცემს მეტად უშიშრად და თავდაჯერებულად მოვეკიდოთ რისკებსა თუ შეუცნობელ თავგადასავლებს.  ტრანზიტის დასასრულს ჩვენ უნდა მოვახერხოთ და გავთავისუფლდეთ წარუმატებლობის, შეუცნობელის შიშისგან, მერყეობისგან. უნდა ვიპოვოთ რწმენისა და იმედების გამყარების ახალი გზები.

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top