ტრანზიტული სატურნი XII სახლში

ტრანზიტული სატურნი XII სახლში

ტრადიციულად, ეს არის შეჯამების პერიოდი, როდესაც თქვენ პირისპირ დგებით საკუთარი აზრების, მოქმედებების, სურვილებისა და აქტივობის შედეგებთან. პლანეტა სატურნიცა და XII სახლიც ასტროლოგიაში კარმის მაჩვენებლებია, ამდენად, ელოდეთ წარსული მოღვაწეობის შედეგებს. თუ ეს სატურნის პირველი ტრანზიტია XII სახლში, ამ ცხოვრებაში, ცხოვრების ეს ფაზა იმ პერიოდის დასასრული იქნება, რომელიც წინა ცხოვრებაში დაიწყო (*კარმული ასტროლოგიის თანახმად, ახალი ინდივიდის დაბადება ხდება 29-30 წლის ასაკში, როდესაც სატურნი თავის ციკლს ასრულებს. ამ პერიოდამდე, ინდივიდი წინა ინკარნაციის გავლენის ქვეშ არის და კარმულ „კუდებს“ იშორებს. ამ პერიოდს წინ უსწრებს ლილიტის, რომელიც ასევე კარმის მაჩვენებელია, დაბრუნება თავის ნათალურ მდგომარეობასთან დაახლოებით 27 წლის ასაკში).

ასეა თუ ისე, ეს ძველი ციკლის დასასრულია და ნატივი ხშირად განიცდის დაუკმაყოფილებლობას, მღელვარებას, შიშებს, დეზორიანტაციას, ემოციურ-მენტალურ შეზღუდვებს, როდესაც ძველი სტრუქტურები იშლება. სხვა სიტყვებით, ის ფასეულობები, მისწრაფებები, პრიორიტეტები და რწმენა, რომლითაც ადამიანი თავის ცხოვრებაში აქამდე ხელმძღვანელობდა, ნადგურდება. „დაკარგულობის“ განცდა განსაკუთრებით ინტენსიური და მძიმეა პირველი წლის პერიოდში, როდესაც ადამიანი ნანგრევების პირას დგას და წარმოდგენაც არ აქვს, როგორ და რა მეთოდებით ააშენოს ახალი სტრუქტურები.

ამისათვის კი საჭიროა ახალი ფასეულობებისა და უფრო სრულყოფილი ცხოვრებისეული პოზიციების ფორმირება. ამიტომ ადამიანთა უმეტესობა ცხოვრების ამ ფაზას ახალი სულიერი ორიენტირების ძიებაში ატარებს, უამრვი ექსპერიმენტისა და ძველ მიჯაჭვულობებთან განშორების მეშვეობით. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის პერიოდი, როდესაც ინდივიდი მუშაობს იმ ტრანსცენდენტალური და უხილავი განზომილებების ცხადყოფაში,რომლის სიტყვებით გამოხატვა რთულია, მაგრამ შინაგანი ძალების მთავარი წყაროა, რომელიც გვეხმარება ცხოვრებისეულ სირთულეებსა და წინააღდეგობებს გავუმკლავდეთ.

XII სახლს იზოლაციის სახლს უწოდებენ და ფიზიკური იზოლაციის გარკვეული ფორმებიც დამახასიათებელია ამ პერიოდისთვის. ფაზის პირველ ეტაპზე ადამიანი თავს ემოციურ ტუსაღად აღიქვამს; ის გრძნობს, რომ მოწყვეტილია გარესამყაროს, რომელიც ძალიან შორეულად და ირეალურად ეჩვენება. ეს ის დროა, როდესაც ადამიანმა მთელი კონცენტრაცია შიგნით უნდა მიმართოს, შინაგან ხმას უსმინოს, რომ ემოციური და სულიერი ძალების წყაროს მიაგნოს. თუ ადამიანი ამას საკუთარი ნებით არ გააკეთებს, მას შეექმნება ისეთი გარემოებები, რაც ფაზის მისიის აღსრულებას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, ამ პერიოდში გარემოებები ისე ემთხვევა ერთმანეთს, რომ ადამიანი იზოლირდება. სატურნი მას არჩევნის უფლებას ართმევს, იმ ერთის გამოკლებით, რომელიც  საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე დააფიქრებს.

თუმცა უმეტესად ადამიანებს თავად უჩნდებათ გარესამყაროსა და მიწიერი საზრუნავისგან გარიდების სურვილი. ეს შეიძლება გამოიხატოს მონასტერში წასვლით ან უბრალოდ პასიურ მდგომარეობაში გადასვლით, როდესაც ადამიანი წყვეტს ყველანაირი ტიპის აქტივობას და მხოლოდ საკუთარი შინაგანი სამყაროთი ინტერესდება. ეს ბრწყინვალე პერიოდია სულიერი, მისტიური და ოკულტური საგნების შესწავლისათვის. ბევრსაც მუსიკალური და პოეტური თვითგამოხატვის დრო უდგება, რაგან მძაფრად გრძნობენ, რომ საკუთარი განცდების გადმოცემა მხოლოდ სახებების, ვიბრაციებისა და ინტუიციის მეშვეობით შეუძლიათ და არა ლოგიკური და რაციონალური აზრებით. გავრცელებულია მიდრეკილება ჰუმანიტარული და საქველმოქმედო აქტივობისკენ, რაც ადამიანს საკუთარი ცხოვრების მნიშვნელობის შეგრძნებაში ეხმარება.

არც ისე იშვიათია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ძირითადად ფსიქოსომატური ხასიათისაა. აქტუალურია რთულად დიაგნოსტირებადი ავადმყოფობები, რომელთან გამკლავებაც მხოლოდ ფსიქოლოგიურ და სულიერ თერაპიას შეუძლია. ფიზიკური ენერგიის უკმარისობა დაკავშირებულია ემოციურ გამოფიტვასთან, რაც, თავის მხრივ, გამოწვეულია ძველი ინდივიდუალური სისტემების სრული ლიკვიდაციით. ახალი სტრუქტურებისა და ცხოვრებისეული ორიენტაციისთვის გამოთავისუფლებული ცარიელი ადგილი უმეტესად აფრთხობს და სასოწარკვეთაში აგდებს ადამიანს. დეზორიენტაციის მთავარი მიზეზი კი არის მოლოდინის, ოცნებისა და შინაგანი კვლევების მდგომარეობა, როდესაც ადამიანს არ აქვს არავითარი საზღვრები ან ჩაშვებული ღუზა, რომელიც მისი ათვლის წერტილი გახდებოდა. ის ელოდება და ემზადება ახალი სტრუქტურის დაბადებისთვის, მაგრამ ეს არ მოხდება იქამდე, სანამ სატურნი ასცედენტის გავლით I სახლში არ შევა. მაგრამ თუ ნატივი შეძლებს შინაგანი ძალის გამომუშავებას, იმის გააზრებით, რომ უამრავი უსარგებლო ტვირთისგან თავისუფალი, სრულიად ახალი „მე“ ყალიბდება, მისი შინაგანი მდგომარეობა მნიშვნელოვნად შემსუბუქდება.

საკუთარი მნიშვნელობისა და მიღწევების, წარმატებებისა და წარუმატებლობების გაანალიზება ამ ტრანზიტის ყველაზე აქტუალური თემებია. სატურნის კრიტიკული თვალი ობიექტურად ასკანარებს ყველაფერს, რაც ზედაპირის ქვეშაა და პიროვნებას აიძულებს, „გენერალური წმენდა“ ჩაატაროს საკუთარ ფსიქიკაში. ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენს დემონებსა და გაუცნობიერებელ შიშებს უნდა ჩახედოთ თვალებში. ყველა ჩვენგანს ჰყავს ჩონჩხები კარადაში, მაგრამ ყველა ვერ აცნობიერებს, რომ მათ სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლიათ ჩვენი მომავალი ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის. სწორედ სატურნი ალაგებს კარადას ( XII სახლს) და გვაიძულებს მიჩქმალული შიშები გადმოვალაგოთ, თვალი გავუსწოროთ და გავუმკლავდეთ.

არაკომფორტული პროცესია? უმეტესობისთვის შეიძლება ასეა. მაგრამ უსარგებლო ინვესტიციებისა და ირაციონალური შიშებისგან გათავისუფლება აუცილებელია მომავალი ზრდისა და განვითარებისათვის. სხვა რომ არაფერი, უზარმაზარი შვებაა ჩვენი სულისთვის. XII სახლი გარკვეულწილად იმ საკუჭნაოს როლს ასრულებს, სადაც დაუმთავრებელ საქმეებს ვინახავთ. სატურნი მოითხოვს, გადავარჩიოთ ეს „ხარახურა“ და მხოლოდ ის ნივთები, უნარები, ემოციები თუ მიჯაჭვულობები დავიტოვოთ, რომელიც მართლა გვჭირდება შემდგომი ევოლუციისთვის. მოცემული ამოცანებიდან გამომდინარე, ეს ტრანზიტი შეიძლება ყველაზე ხანგრძლივად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ ფაზის გეგმას სათანადოდ შეასრულებთ, ის ყველაზე მეტი ჯილდოს მომტანი იქნება.

არ დაივიწყოთ,რომ ამ პერიოდში ჩვენ საქმე გვაქვს ციკლის დასასრულთან და არა ახალ წამოწყებებთან. ამიტომ, ჩვენ საფუძვლიანად უნდა მოვემზადოთ ტრანზიტის გაგრძელებისთვის I სახლში, როდესაც მოგვიწევს, გულმოდგინედ ვიშრომოთ საკუთარ ინდივიდუალობასა და პიროვნულ იდენტობაზე.

გახსოვდეთ, სატურნი გულუხვად, მაგრამ მხოლოდ დამსახურების მიხედვით იძლევა ჯილდოებს.

 

ავტორი:Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top