ტრინი

ტრინი

 

რიცხვი: 3 (360:3 =120. მთელის მესამედი)

მმართველი: მზე და იუპიტერი

ტყვეობაში: მერკური და ურანი

კულმინაცია: პლუტონი

დეკადენტი: მერკური

 

რიცხვი 3 ჰარმონიის სიმბოლოა, მთლიანის ბუნებრივი დანაწილება, მაგალითად ღვთის სამება. ამიტომ, ტრინის ასპექტი აღნიშნავს პლანეტათა პრინციპების ჰარმონიულ ურთიერთქმედებას, რაც სხვადასხვა სიტუაციაში სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. თუმცა საბოლოო ჯამში, არა ყოველთვის კარგს, რადგან ადამიანის ევოლუციის საუკეთესო ჩანაფიქრი, მის ჩართულობას მოითხოვს. ბუნებრივია, ეს პროცესი დროდადრო საკუთარ უმდაბლესს საწყისებთან დაპირისპირებას გულისხმობს. საქმე ის არის, რომ, ტრინის შემთხვევაში, ადამიანი საკუთარ უმდაბლეს საწყისს დადებით ეფექტად აღიქვამს.

 

პირველი შეგრძნება, რომელსაც ტრინი იძლევა, არა იმდენად იღბალს გულისხმობს, რამდენადაც ღვთისგან ბოძებულ დაცვას ბედისწერისგან, რომელიც ნატივს აბსოლუტური ჰგონია. მაშასადამე, ის თვლის, რომ ასეც უნდა იყოს და ეს ერთგვარი „იღბალი“ ვალდებულია, მთელი ცხოვრება თან სდევდეს. მართლაც, ტრინი ჰოროსკოპში შესამჩნევ სიმტკიცეს და ჰარმონიას ქმნის, ისევე როგორც ჰარმონიული რუკის პატრონი გამოირჩევა სხვებისგან. მაგრამ ის სფეროები, რომელსაც ტრინი უკავშირდება, დამოკიდებული ხდება ადამიანის გაკეთებულ, შინაგან თუ გარეგან, არჩევნებზე. ასე რომ, კონსტრუქციული მუშაობის შემთხვევაში, ის ძლიერ იზრდება და აქამდე დაუბალანსებელ სფეროებსაც მოიცავს. დაუმუშავებელი ტრინი პირიქით _  თავის მარაგს წურავს.

 

ტრინი მართლა იძლევა იღბალს, ღვთის წყალობას და შემწყნარებლობას, დიდ შესაძლებლობებსა და ჰარმონიას, რომელიც ადამიანის ხელში თავისთავად მიედინება. მაგრამ, სამწუხაროდ, ტრინი, პირველ რიგში,  ადამიანის უმდალეს საწყისს ააქტიურებს. მაშასადამე, ადამიანი ყველა წყალობას მოხმარების პრინციპით (მთვარის უმდაბლესი ოქტავა) უდგება და თვითდამკვიდრებას არა საკუთარი, არამედ სხვების გაკეთებული საქმეებით ცდილობს. საინტერესო ის არის, რომ ტრინი ყველაფერს აკეთილშობილებს, რასაც ეხება და მათ შორის, მისსავე გამოწვეულ ცოდვებსაც.  ყოფითი დონის მაგალითები: აშკარა ღორმუცელა დახვეწილ გურმანად აღიქმება; მექალთანე _ ქალური სილამაზის მოტრფიალედ და დამფასებლად; სიზარმაცე _ შემოქმედებით შთაგონებად; მეძავი _ კურტიზანად; ხეპრე და ნიჰილისტი _ავანგარდულ ფილოსოფოსად და ა.შ.

 

ტრინისთვის თვისებრივია შეფასება: „არის მასში რაღაც!..“, თუმცა თუ უკეთესად დააკვირდებით, ზუსტად პირიქით აღმოჩნდება: „მას აკლია ყველაზე მთავარი!“  საქმე ის არის, რომ ტრინი ბუნებრივად ბოძებული ჰარმონიაა, რისთვისაც ადამიანს არავითარი ძალისხმევა არ გამოუჩენია. ეს ჰარმონია ყურადღებას და მხარდაჭერას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლამაზი სახლი შიგნიდან ჩამოიშლება, თუმცა ფასადურ თვალისმომჭრელ სილამაზეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს პირვანდელი სახით.

 

 

________________ პლანეტების მმართველობა ტრინში ________________

 მზე, როგორც ტრინის მმართველი, მას იმპერატიულ ხასიათს ანიჭებს, ეხება ეს ადამიანის შინაგან თუ გარეგან ცხოვრებას. როდესაც ტრინი ირთვება, ნებისმიერი ქარიშხალი წყნარდება და სიმშვიდე მეფდება; უდაბნოში მის თვალწინ, სრულიად არსაიდან, ბარხანის შრეები იშლება; შინაგანი კინკლაობა ყუჩდება;  აგრესია უკვალოდ ქრება, თითქოს არასდროს ყოფილა და არც შეიძლებოდა, ყოფილიყო. თითქოს ჯადოსნური უთო იმორჩილებს დანამულ თეთრეულზე  ნაკეცებს. რეალურად ეს პროცესი საკმაოდ უხეშად მიმდინარეობას, რადგან ურთიერთობებს გაურკვეველს ტოვებს და მოუგვარებელ კონფლიქტებსა თუ წინააღმდეგობებს ქვეცნობიერში განდევნის, მაგრამ გარეგნულად ყველაფერი ძალიან მიმზიდველად გამოიყურება.

ტრინი იმპერატიულად იღებს ჰარმონიას გარესამყაროდან და თითქოს, ნაძალადევად თავს ახვევს იმ სფეროებში, რომლებსაც ტრინში ჩართული პლანეტები მართავენ; ადამიანი, რომელსაც რუკაში ბევრი ტრინი აქვს, მთლიანად ასეთი ჰარმონიით არის გარემოცული. ყოფით დონეზე, ეს შემდეგნაირად ვლინდება: ადამიანი ყოველთვის აღწევს სასურველს, რადგან მას ყოველთვის უმართლებს. თუ მან უხეში შეცდომა დაუშვა ან უსიამოვნო სიტუაციაში გაეხვია, გარემოებები თავისთავად აეწყობა ისე, რომ ყველა უსიამოვნება მის გარემოცვაზე  გადაინაცვლებს, რისთვისაც შეირჩევიან კიდეც ისეთი ადამიანები, რომელთაც ბევრის მოთმენა შეუძლიათ. ასეთია რეალური სურათი. მაგრამ თავად ადამიანი და მით უმეტეს მისი გარშემომყოფები, იშვიათად აღიქვამენ მას რეალურად. საქმე ის არის, რომ ტრინს ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი და შემარბილებელი ეფექტი აქვს, რომელსაც მშვენივრად გადააქვს ყურადღება უსიამოვნებისგან. ამიტომ, ადამიანი თვლის, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს.  გარშემომყოფები კი, პირველ რიგში, მის მომხიბვლელობას და უცოდველობას ხედავენ, იმ ჰარმონიის სხივის გამო, რომელიც, როგორც ჩანს, მას მართლა შარავანდედივით ადგას თავს.

სინამდვილეში, ტრინი ხშირად მოავლენს ლამაზად შეფუთულ ვამპირს _ მშვენიერს, მყუდროს და… დაუნდობელს. თქვენ მას იქამდე სჭირდებით, სანამ ჰარმონიას ფლობთ, რომელსაც ის აუცილებლად მიითვისებს. თუმცა როგორც კი ჰარმონიის რეზერვი ამოგეწურებათ, მასთან კონტაქტი მყის შეწყდება. უფრო ხშირად ამას ბუნებრივი ხასიათი აქვს და ურთიერთობა როგორღაც „თავისით“  წყდება, ხანაც _ პირდაპირ მისი ინიციატივით. სწორედ ეს იგულისხმება იმაში, რომ მზე ტრინის ჰარმონიზაციის პრინციპს ღვთაებრივი საწყისის იმპერატიულ ძალას აძლევს.

იუპიტერი, როგორც ტრინის მმართველი, მას დღესასწაულის შეგრძნებას, მეფურ დიდებულებასა და მედიდურებას ჰმატებს. ტრინის მანიფესტაცია კაშკაშა სინათლით არის სხივმოსილი. მაღალ დონეზე, ეს სინათლე მთელ სამყაროზე ვრცელდება. საშუალო დონეზე, თავად ადამიანზე. დაბალ დონეზე კი რეალური სინათლე არც არსებობს, თუმცა ტრინს უპრობლემოდ შეუძლია მისი ილუზიის შექმნა, როდესაც ღარიბულ ძონძებს სამეფო მანტიად წარმოაჩენს, თუმცა მხოლოდ თავად ადამიანის წარმოსახვაში. იუპიტერს დიდი წვლილი მიუძღვის ტრინის მოტყუებისა და თვითმოტყუების ასპექტად გადაქცევაში. ცხადია, ისეთი პირდაპირი ფორმით არა, როგორც  ნეპტუნს, რომელიც უშუალოდ რეალობას ამახინჯებს. მაგრამ რადგან იუპიტერი ტრინს არაბუნებრივად კაშკაშა სინათლით მოსავს, ადამიანს მის მიღმა დარჩენილი რეალობა რუხად და რაც მთავარია, უმნიშვნელოდ ეჩვენება. ეს უკანასკნელი კი ძალიან უხეში შეცდომაა, რომელიც თვალსაჩინო მხოლოდ მას შემდეგ  გახდება, რაც ტრინის აქტივობა შესუსტდება, ადამიანი კი აღმოაჩენს, რომ  დრო უკვე დაკარგულია.

იუპიტერის გავლენა ადამიანს  ტრინში ჩართული პლანეტების პრინციპების გაფართოების უზარმაზარ შესაძლებლობას აძლევს. თუმცა ნატივი რეალურად უნდა დაკავდეს ამ გაფართოებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, იუპიტერული სინათლე თანდათან გაბაცდება, შეუცნობელის სასახლოსკენ მიმავალი  ფართო გზა ციცაბო ბილიკებად იქცევა და ბოლოს შესაძლოა საერთოდაც გაქრეს.

 

მერკური, როგორც ტრინი დამატყვევებლი და დეკადენტი,  რაციონალურ წვდომის უუნარობას და გააზრებასთან დაკავშირებულ  სირთულეებს განასახიერებს, ისეთ მოვლენებთან მიმართებაში, როგორიც არის ჰარმონია და წონასწორობა. ადამიანს მით უფრო არ ესმის გონების ჩართულობა ჰარმონიის და წონასწორობის შექმნის და ანალიზის პროცესში.

ადამინს, ევოლუციური განვითარების დაბალ და საშუალო დონეზე, ჩვენს საკმაოდ სასტიკ  სამყაროში, ჰარმონის, ბედნიერებისა და იღბლის ელემენტები უსამართლოდ და დისბალანსურად ეჩვენება. გარკვეული ძალისხმევით  შესაძლებელია შეეგუო იმას, რომ ვიღაც მდიდარ ოჯახში დაიბადა, ვიღაც _ ღარიბში; ერთს თანდაყოლილი ნიჭი აქვს, მეორეს ბეჯითი შრომა უწევს… მაგრამ იმის მშვიდად მიღება, რომ ვიღაცას, მიუხედავად მისი ზნეობრივი სახისა, უსამართლოდ და უღმერთოდ, მუდმივად  უმართლებს; მეორეს კი, ათჯერ და ასჯერ უფრო ღირსეულს, მუდმივად უსიამოვნებები ატყდება თავს, ძალიან რთულია!

მიუხედავად ამისა, სამყარო ზუსტად ასეა მოწყობილი: გამორჩეული უნარები, ბედნიერება და იღბალი შეზღუდულია და ყველას არ ჰყოფნის. ამასთან, საშუალო თვალთახედვით, სრულიად უთანასწოროდ და უსამართლოდ არის გადანაწილებული. კარმული კანონების ცოდნა და  მათი ცხოვრებაში გამოვლენის ხედვა, ტრინის მოქმედებაში კონსტრუქციულად ჩართვის შესაძლებლობას იძლევა, როდესაც ადამიანი პლანეტების ქმედებებს კარმის შეზღუდვის ფარგლებში აქცევს, მაგრამ, დაბალ ვიბრაციებზე, მერკური უმეტესად დესტრუქციულად ცლინდება, როდესაც ადამიანი ჰარმონიის უხეშ რაციონალიზაციას და მის, როგორც პრიმიტიული თანასწორობის, რეალიზაციას ცდილობს.

ურანი, როგორც ტრინის დამატყვევებელი, იმის სიმბოლოა, რომ ჰარმონია  წონასწორობის და სიმტკიცის (როგორც სტატიკურ, ისე დინამიურ) პირობებში იფურჩქნება. ურანი კი, როგორც ცნობილია, მდგრადობის პირველი მტერია. გაუხედნავი, მოურჯულებელი, გაუგებარი და არაინტერპრეტირებული ურანი გამანადგურებელ დარტყმებს აყენებს ტრინს. ტრინის დამუშავების დაბალ დონეზე, რომელსაც თან ახლავს რუხი კონცენტრაცია და ჭაობის არომატი, ურანის შემარყეველი ზემოქმედება შესაძლოა კარგიც იყოს, ვიდრე, სტაბილური ლპობით, ნელი სიკვდილი. და მაინც, ურანს ტრინის ჰარმონიულ გამოვლენასთან, ე.წ. გაზულუქების ფაზაში, ვერ განვიხილავთ. მაღალ დონეზე, პირიქით,  ურანის გავლენა უმნიშვნელოვანესი და კონსტრუქციული ხდება, როდესაც მზა ჰარმონიის პრინციპში, შემოქმედებითი საწყისი შეაქვს.

პლუტონის, როგორც ტრინის კულმინატორის, გავლენა იმით გამოიხატება, რომ ნაჩუქარი ბედნიერება და ჰარმონია ძალიან მკაფიო რელიეფს აძლევს ადამიანის ბუნების უმდაბლეს საწყისებს. მაშასადამე, აქცენტირებს და ხელს უწყობს ქვეცნობიერის მდაბიო პროგრამების გამოვლენას, განსაკუთრებით _ სიზარმაცის, სიხარბის და პარაზიტობის. თუ ადამიანი, ბედისწერის გამაფრთხილებელი სიგნალების მიუხედავად, ცდილობს მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის მოიხმაროს ტრინის შესაძლებლობები, იღბალი და ბედნიერება, გარკვეული დროის შემდეგ, ის კარმის დარტყმებს იგემებს, პლუტონის ანუ ბედისწერის არომატით, რაც  აუნაზღაურებელი დანაკარგებით გამოიხატება. ის სახტადაც კი დარჩება, რომ ჩვეულებრივ კეთილგანწყობილმა ბედმა ამჯერად უმუხთლა. ტრინის უმაღლეს ოქტავას ზუსტადაც რომ საბედისწერო შეფერილობა აქვს და მართალია, მას ჰარმონია მოაქვს სამყაროში, მაგრამ ამისათვის ის მომზადებული, კერძოდ კი, საკმარისად სუფთა უნდა იყოს. გარდა ამისა, აბსოლუტისეული სამყაროს ჰარმონია, ევოლუციურად განიხილება, მაშასადამე როგორც შემოქმედებითი განვითარება, მდაბიო ფორმებიდან უმაღლესამდე. მას იშვიათად აქვს მუდმივი ხასიათი და კიდევ უფრო იშვიათად, რომ რომელიმე ცოცხალი ფორმა „ბუნებრივი სიკვდილით“ გარდაიცვალოს. საშუალო აზროვნების მქონე ადამიანისთვის კი ეს პროცესი სისასტიკეს, უაზრო და უსარგებლო მსხვერპლს წარმოადგენს. ზოგი წმინდანობისკენ ილტვის, თავს მარხვითა და ლოცვებით იფიტავს და მაინც არაფერი გამოსდის. სხვებს ძალით ერეკებიან ამ გზისკენ, მიუხედავად მათი განწირული წინააღმდეგობისა და კივილისა, რომ სულიერი ცხოვრებისთვის მზად არ არიან.

 

 

_______________  ტრინის დამუშავება  ________________

დამუშავების პირველ დონეზე, ადამიანი ტრინის გამოვლენას თავისთავად აღიქვამს და ვერც ხვდება, რომ მისი თანდაყოლილი ტალანტები და იღბალი სხვებს არ აქვთ. ტრინი ყოველთვის ძლიერ მდგრადობას იძლევა, დაძაბულ სიტუაციებშიც კი. მხოლოდ ეს მდგრადობა გარემოვლენებზე ვრცელდება და ხშირად ფასადს წარმოადგენს, რომელიც გაცილებით ნაკლებ ჰარმონიულ გარემოებებს მალავს, რასაც ადამიანი, დამუშავების ამ დონეზე, ვერც კი ამჩნევს. ისევე როგორც ვერ ამჩნევს ან უგულვებელყოფს, ბედისგან შემოთავაზებულ, შიდა თუ გარესამყაროსთან მუშაობის, საკმაოდ მარტივ და ეფექტურ,  მრავალრიცხოვან შესაძლებლობას. რისთვის უნდა გაისარჯოს, როცა ყველაფერს ისედაც ლანგრით მიართმევენ?!

განვითარების ამ ეტაპისთვის თვისებრივია ორი საკვანძო მომენტი:

1)      ადამიანი ვერ ხედავს და ვერ აფასებს იმას, რაც აქვს.

2)      ადამიანი ვერ ხვდება, რომ ეს ძღვენი მისთვის ტყუილად არ უბოძებიათ. ის კარმულად ვალდებულია აითვისოს და კონსტრუქციულად გამოიყენოს კოსმოსის საჩუქარი.

რადგან განვითარების დაბალ დონეზე ასე არ ხდება, ტრინის ზემოქმედება თანდათან იცვლის ხასიათს. ჰარმონია სტატიკურ წონასწორობაში გადაიზრდება, ანუ მყაყდება. ადამიანის ცხოვრება რუხად იფერება და მოწყენილობა მატულობს. მშვიდი ყურე ჭაობდება, შემდეგ კი ჭანჭრობად იქცევა, რომელიც მთლიანად ითრევს ადამიანს. ამ მდგომარეობისთვის თვისებრივია აბსოლუტური მდგრადობა, ე.ი. ინტერესის გაქრობა ყველაფრის მიმართ. ნატივი სრულიად უცვლელი ცხოვრებისეული ციკლის ავტომატურ ბრუნვაში აღმოჩნდება, თანდათან მზარდი ენერგო დეფიციტით, რადგან უწინდელი ენეგეტიკული მსხვეპლები ძალას კარგავს, ახალი კი სულ უფრო იშვიათად ჩნდება.  ასე შეიძლება გაგრძელდეს ძალიან დიდხანს, თუმცა ამ პერიოდს აუცილებლად მოჰყვება ურანული ან პლუტონური კრიზისი (იხ. ზემოთ,“პლანეტების მმართველობაში“), რისთვისაც ნატივი, დიდი ალბათობით, მზად არ აღმოჩნდება.

ტრინის დამუშავების მეორე დონეზე, ადამიანი უკვე გრძნობს შინაგან მოთხოვნას, გამოიყენოს ტრინისგან მოწოდებული შესაძლებლობები. ის მშვენივრად ხვდება საკუთარი მომხიბვლელობის ძალას (პლანეტებით მართულ სფეროებში) და მას ანგარებიანი მიზნებით იყენებს.  მცირედ ირჯება კიდეც, როდესაც გრძნობს, რომ მისი ძალისხმევა სწრაფ წარმატებას და მსხვილ ნაყოფს მოუტანს, და ეს ცხოვრების ნორმად მიაჩნია.

ეს დონე უხვად შობს  „შავ მასწავლებლებს“. ისინი უდაო მომხიბვლელობით და მაღალ ეგრეგორთან დამაკავშირებელ არხზე მინიშნებებით არიან აღჭურვილნი, რითაც იკვებებიან და იხდიან კიდეც მათი მოწაფეები, ხან ფულით, ხან ენთუზიაზმით, ხანაც თაყვანისცემით, პირველ სერიოზულ კონფლიქტამდე და მასწავლებლით იმედგაცრუებამდე, რომლის რეალური არხი გაცილებით სუსტია და რაც მთავარია, იმაზე დაბალი, ვიდრე ის პრეტენზიას აცხადებს.

ამ დონეზე, ადამიანი ტრინის არა შემოქმედებით-გამაფართოებელ, არამედ სტაბილიზატორ ეფექტს იყენებს, ცხადია, პირადი მიზნებისთვის. კერძოდ, მან ქვეცნობიერად (ხანდახან ცნობიერადაც) შესანიშნავად იცის, რომ უსიამოვნებები მხოლოდ მაშინ შეექმნება, თუ თვითონ მოინდომებს. მაგრამ თუ დროებით იყუჩებს და ყოველგვარ აქტივობას შეწყვეტს, სიტუაცია ჯადოსნურად მოგლუვდება, რაც მისთვის ძალზედ ხელსაყრელია. ამიტომ, ამ პერიოდისთვის თვისებრივია ეგოცენტრულად მიმართული აქტივობა, უმეტესად მკაფიოდ  დისჰარმონიული, როდესაც ადამიანი გარშემომყოფთა ჰარმონიას თავხედურად ითვისებს და თავისი პოლიტიკის გატარებას იწყებს, მათი ინტერესების უხეში უგულვებელყოფით. ამ ფაზას მოსდევს პასიური მოლოდინის რეჟიმი _ ადამიანი წყვეტს აქტივობას, რომ ტრინის შემარბილებელმა ეფექტებმა მისი აქტივობით გამოწვეული შედეგები ჩაფარცხოს.

როგორც წესი, ასეთი თამაშებით ზედმეტად გატაცებულ ნატივს ერთ მშვენიერ დღესაც საჭირო სიფრთხილე ღალატობს და აი, მაშინ ტრინი თანამესაკნეს შესანიშნავი ადამიანური თვისებებით ვლინდება. ამ ეტაპზე, ადამიანი ჰარმონიას, პირველ რიგში, წესრიგში, თანასწორობაში, არითმეტიკულ სამართლიანობასა და მდგრადობაში ხედავს. ცოდვის მაგალითი მისთვის ციხეა, თუმცა სავარაუდოდ ამას ხმამაღლა არ იტყვის. მას არ სიამოვნებს საუბარი თანდაყოლილ ნიჭსა და გამომუშავებულ უნარებს შორის განსხვავებაზე. ამიტომ, ის მიდრეკილია, უარყოს ან განდევნოს ასეთი აზრები და აქცენტები აღზრდის როლზე დასვას.

დამუშავების მესამე დონეზე, ადამიანი უკვე გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას სამყაროს ჰარმონიის და მისი განვითარების წინაშე. ის გრძნობს, რომ, გარკვეულ სიტუაციებში, მას ძალუძს დისჰარმონიის მღელვარე ტალღების დაშოშმინება, ბალანსის პოვნა და სხვების კონსტრუქციულ გზაზე დაყენება. მას თანდათან ესმის შიდა და გარე სამყაროების ჰარმონიულობას შორის უკუკავშირი. ამიტომ, ის შეეცდება, პირველ რიგში, საკუთარ უწონასწორობებსა და მერყეობაში გაერკვეს. სწორედ ამ პერიოდში იწყებს ის ტრინის, როგორც სიმტკიცის და ჰარმონიის კუნძულის, საყრდენ წერტილად გამოყენებას და მხოლოდ ამ დროს ხვდება ტრინის რეალურ ძალას და შემოქმედებით შესაძლებლობებს. შემოქმედებითი ადამიანებისთვის ეს მართლაც „დიადი“ პოტენციალის ეტაპია, მათთვის ვინც არამხოლოდ ნიჭიერია, არამედ საკუთარ ტალანტებს მუდმივად ავითარებს და მათი მატერიალიზებაც შეუძლია. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ეტაპზე კვლავ არსებობს  მოდუნების და მუშაობის შეწყვეტის საშიშროება. საქმე ის არის, რომ როდესაც შინაგანი დაძაბულობა ყუჩდება, ადამიანი მაღალ ეგრეგორს ეთიშება, მეორე დონეს უბრუნდება და ტრინის ექსპლუატირებას კვლავ პირადი მიზნებით იწყებს. თუმცა რადგან ამ რეგრესულ პროცესს ძალზედ მოუხელთებელი ხასიათი აქვს, ნატივს საკუთარ თავთანაც კი გაუჭირდება ამის აღიარება. მაგრამ, აი, ეგრეგორს სულ არ აინტერესებს მისი წარსული დამსახურებები _ ის ორიენტირებულია იმაზე, რას აკეთებს ადამიანი ახლა.

თუ განვითარება არ შეფერხდა, ამ ეტაპზე, ადამიანი ჰარმონიას უკვე ესთეტურ კატეგორიებში ხედავს, ცხოვრების აზრს კი განვითარებაში. მას აღარ აკვირვებს ის ფაქტი, რომ ადამიანები განსხვავდებიან თავიანთი უნარებითა და ტალანტებით, რადგან კარგად ხედავს განსხვავებას მათ ევოლუციურ დონეებში და უნარი შესწევს თითოეულ მათგანში, განვითარების დონის მიუხედავად, ღვთიური ნაპერწკალი აღმოაჩინოს. ის შესამჩნევად, მატერიალურ დონეზე, გამოირჩევა სხვებისგან, რადგან ჯილდოდ იღებს ჰიპნოტურ ძალას. მას შეუძლია თითქმის აიძულოს გარშემომყოფებს ჰარმონიზაცია, ისევე როგორც, კოსმიური შთაგონების პრინციპით, შეუძლია გააღვიძოს მათში შემოქმედებითი საწყისი, თუნდაც მცირე ხნით.

დამუშავების მეოთხე დონეზე, ადამიანი უზარმაზარ კარმულ პროგრამებთან მუშაობას იწყებს და ჰარმონიის მისეული გაგება მჭიდროდ იხლართება ევოლუციურ განვითარებასთან. ის შეეცდება ევოლუციის პროცესს უფრო შემოქმედებითად მიუდგეს და ნაკლებად მტკივნეული გახადოს  მონაწილეთათვის. ამ დონეზე, უმნიშვნელოვანეს როლს იძენს შინაგანი სისუფთავე, რომელიც აუცილებელია გარესამყაროს ჰარმონიზაციისთვის, რაც დაკავშირებულია პლუტონის აქტივობასთან, შინაგან და ხშირად მატერიალურ მსხვერპლებთან, რომელსაც ადამიანი კეთილი ნებით ახორციელებს და უშიშრად იღებს სამყაროს დისჰარმონიას საკუთარ თავზე, მაშასადამე, კარმულ კვანძებს, დამუშავების მეშვეობით,  „წვავს“. ამ ეტაპზე აქტიურია მერკური (ტრინის დეკადენტი) _ ადამიანს რაციონალურად ესმის, კონკრეტულად რას აკეთებს სამყაროსთვის, რომელ კარმულ პროგრამებში მონაწილეობს და ცნობიერად აკეთებს გადამწყვეტ არჩევნებს.

გარეგნულ გამოვლინებაში, ადამიანის მოქმედებები ხშირად უპირისპირდება გაცვეთილ წარმოდგენებს სიკეთეზე, სილამაზესა და ჰარმონიაზე. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მას უდიდესი რეალიზებადი ძალაუფლება აქვს და ნამდვილად შესწევს კოსმოსის ჰარმონიის დემონსტრაციის უნარი, როდესაც მხოლოდ თავისი არსებობითაც კი უმაღლესს საწყისს ააქტიურებს, რაც არამხოლოდ ძლიერ მედიტაციურ ეფექტს იძლევა, არამედ ნატივის სულიერ და შემოქმედებით განვითარებას უწყობს ხელს მთელი ცხოვრების მანძილზე.

 

ავესალომ პადვოდნი “ასპექტები”


About Qet

Scroll To Top