დემონური პერსონაჟები-ტყის დედოფალი (ტყაშმაფა)

დემონური პერსონაჟები-ტყის დედოფალი (ტყაშმაფა)

ავსულებს შორის ტყის ბინადარია ტყის დედოფალი (მეგრ. „ტყაშმაფა“), რომელიც ისევე იქცევა, როგორც წყლის დედა იმ განსხვავებით, რომ ეს უკანასკნელი არ ტოვებს თავის სამყოფს, ტყაშმაფას კი შეუძლია სოფელში შესვლა, მაგრამ მხოლოდ თავისი სატრფოს ბეღელში (და არა სახლში!).

ტყაშმაფა ტყეში ხვდება მამაკაცს და მოითხოვს მისგან სიყვარულს. თუ კაცმა ხმა გასცა, გაგიჟდება ან სამუდამოდ ტყაშმაფას მონად დარჩება. ამიტომ კაცი უხმოდ ევაჭრება ტყის ქალს თითების მოშველიებით. ტყის ქალი ათ თითს უჩვენებს, რაც ათი წლით ურთიერთობას გულისხმობს, მამაკაცს ვაჭრობით ერთ წლამდე დაჰყავს ეს დრო. საერთოდ უარს თუ იტყვის კაცი, მაშინ დაიღუპება ან ჭკუაზე შეიშლება (რაც იგივე დაღუპვაა). თუ დათქმული ვადის შემდეგ სატრფოები მშვიდობიანად დაცილდნენ ერთმანეთს, ტყაშმაფა სიკეთითა და სიუხვით აჯილდოებს მამაკაცს.

თვითონ ტყაშმაფას ოჩოკოჩი (ტყის ვაცკაცი) დასდევს დასამორჩილებლად, მაგრამ იგი გაურბის და, როგორც წესი, ადამიანი ეხმარება ოჩოკოჩისგან თავის დაღწევაში.

ხანდახან ტყაშმაფა წყლის პირს შიშველი ზის, ვერცხლის სავარცხლით ივარცხნის კოჭებამდე ჩამოგრძელებულ თმებს. ვაი, იმ ცნობისმოყვარეს, ვინც ამ დროს უთვალთვალებს ტყის დედოფალს. თუ მან კაცს თვალი შეასწრო, გააგიჟებს.

სავარცხელი როგორც ალისთვის, ისე ტყაშმაფასთვის ძალიან ძვირფასია. მისი დაკარგვა აცოფებთ და სამუდამოდ აკარგვინებს მათ სიმშვიდეს. როგორც ჩანს, სავარცხელი იმავე მნიშვნელობისაა ამ არსებებისთვის, როგორც ქალღმერთ დალისთვის მისი თმა (ალი და ტყაშმაფაც გამოირჩევიან გრძელი და არაჩვეულებრივად ლამაზი თმებით). თმა, მითოლოგიური სიმბოლიკით, სიცოცხლის ძალის შემცველია. არაერთი პერსონაჟია ცნობილი მსოფლიო მითოლოგიაში, რომლებიც თმის მოჭრისას კარგავენ ძალას და კვდებიან კიდეც. აქ საქმე გვაქვს სემანტიკურ გადაწევასთან, როცა თმის სასიცოცხლო ძალა სავარცხელშია განივთებული. ზოგი გადმოცემით, ალის სავარცხელი ხის ქერქისგანაა „დამზადებული“ და ისე მაგრად ისვამს თავზე, რომ კანიდან სისხლი სდის.

მთიულეთში სოფელ მაკარტასთან არის წითელი კლდე. ამბობენ, დევები იქ ამოირჩევენ ხოლმე ადამიანებს. ქალ-დევი ალქალა დაჯდება კლდეზე, გაიშლის წითურ თმებს და დიდი სავარცხლით ივარცხნის. ყვირის და მგზავრებს შლის ჭკუიდან. ტყეში ან კლდეზე ზის ასე თმებგაშლილი და ეძახის მგზავრს: „მოდი ჩემთან!“. ძველად ბევრი შეუშინებია.

ერთი მეგრული გადმოცემით, კაცმა წყლის პირას ნახა ტყაშმაფა, რომელმაც თმა დაივარცხნა და სავარცხელი ლოდის ქვეშ დამალა. კაცს მოეწონა იგი, მიეპარა, თმა ხელზე დაიხვია და მოჭრით დაემუქრა. შეშინებული ტყაშმაფა დაჰყვა მის ნებას და ცოლად გაჰყვა. ერთი ჩვევა კი ვერ მოიშალა: როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, კვირაში ორჯერ მაინც წავიდოდა იმ ხევში, თავს დაიბანდა, დაივარცხნიდა და წამოვიდოდა. სავარცხელს ისევ ლოდის ქვეშ მალავდა. ერთხელ ქმარმა მოიპარა ის სავარცხელი, რომ ცოლი ხევში აღარ წასულიყო. თავის დასაბანად მისულმა ტყაშმაფამ სავარცხელი რომ ვერ ნახა, საშინელი კივილი მორთო, მთელი ხევი გადააბრუნა. შემდეგ მივიდა სახლში, სამივე შვილს მოუყარა ერთად თავი. ერთი მამას მიუგდო, ერთი მხარზე გადაიგდო, მესამეს დააბიჯა ფეხი, შუაზე გახლიჩა, ნახევარი მამას მიუგდო, ნახევარი ზურგზე მოიკიდა. მობრუნდა, დასწყევლა: „არც ამოწყდი და არც მოშენდიო“ და ტყეს მისცა თავი.

აფხაზებს სწამდათ, რომ ტყეში ცხოვრობენ ტყის ქალები, მახინჯები, მაგრამ ლამაზებად ეჩვენებიან ხალხს. მათ აქვთ გრძელი თმები და დიდი ძუძუები. იკვებებიან ადამიანის ხორცით. ამისათვის ხახას აღებენ და ისრუტავენ ჰაერს. ამ საშუალებით ყველაფერი ცოცხალი შეფრინდება მათ ხახაში. შეხვედრისას ადამიანს ებრძვიან, მაგრამ ზოგიერთი ცხოველისა ეშინიათ.

როგორც ვხედავთ, წყლის თუ ტყის ქალის სახე ერთნაირია კავკასიურ მითოლოგიაში და ყოველ მათგანს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობის სავარცხელი, მაგრამ არც ქართველურ, არც ჩრდილოკავკასიურ გადმოცემებში არ არის დაზუსტებული ამ საგნის ფუნქცია დემონური არსებების ცხოვრებაში.

გაგრძელება: მოთვინიერებული ავსულები

ქეთევან სიხარულიძე – “კავკასიური მითოლოგია”, თავი VI

წყარო: metaphora.ge


About Tamta

Scroll To Top