ტყუპები და თევზები

ტყუპები და თევზები

როდესაც ხმები ჩაწყნარდა,ლაგუნაზე ცივი სიჩუმე გამეფდა.

შემდეგ ყვირილი გაისმა:

_გვიშველეთ,გვიშველეთ!

ორი პატარა ფიგურა კლდეს ეხეთქებოდა.

აზრი არ აქვს თავი მოვიკატუნოთ,თითქოს ტყუპები და თევზები ისევე კარგად ეწყობიან,როგორც მარწყვი და ნაღები. პირიქით,ზოგიერთი მათგანი ისეთივე შეუთავსებელია,როგორც არაბები და ებრაელები. მაგრამ როგორც ამ ძველიძველ მტრებს შორის,ტყუპებსა და თევზებს შორისაც სავსებით შესაძლებელია ბედნიერი კომპრომისი,თუ მათი მნათობები ერთმანეთთან ტრინის,სექსტილის ან კონიუქციის ასპექტს ქმნიან. მათ შეუძლიათ მორიგდნენ,თუ ტყუპები დათანხმდება ხანდახან ნეპტუნის წყლებში გასცუროს,რომ თევზებს კომპანია გაუწიოს და თუ თევზებს არ შეეშინდება დროდადრო უშიშრად გაჰყვეს ფრენაში „მერკურიელ ჩიტს“. რა თქმა უნდა,ჰაერის ნიშანი ვერასდროს  იგრძნობს თავს ბუნებრივად წყლის სტიქიაში_ყოველთვის არსებობს დახრჩობის საფრთხე. წყლის ნიშანი კი ვერ გაბედავს პარაშუტის გარეშე გაფრენას:“გთხოვთ,ვინმე ქვემოთ დადექით ბადით,რომ დამიჭიროთ,თუ ჩამოვვარდი!“ თუ მათ მნათობებს შორის ნეგატიური ასპექტებია,უნდა ახსოვდეთ,რომ წყლისა და ჰაერის გაზავებას დიდი სიფრთხილე  სჭირდება,წინააღმდეგ შემთხვევაში, რუხ,დუნე ან სრულიად გაუმჭვირვალე ბურუსს მიიღებენ.

არის საკითხები,რაშიც ისინი გვანან. მაგალითად,ორივე პირდაპირ ხელიდან სხლტება,ქამელეონზე უკეთესად ინიღბება და მათი დაჭერა ისევე რთულია,როგორც ციცინათელებისა(ტყუპები) და ლიფსიტების(თევზები). ორივეს კარგად ეხერხება სწრაფი  და მოუხელთებელი მანევრირება,როგორც ფიზიკური,ისე მენტალური გაგებით. ისინი მოულოდნელად გაილვებენ თქვენს წინაშე და შემდეგ ქრებიან. სად გაქრნენ? და თქვენ რომელს გულისხმობთ? თევზებმა საკუთარი ემოციების სიღრმეებში გასცურა,რომ შეკითხვებს თავი აარიდოს და ტკივილი არ მიგაყენებინოთ; ტყუპებიც,იმავე მიზეზებით,ღრუბლებში დაფარფატებს (გონებით,ცხადია).

თქვენ იცით,რომ თევზები ძალიან ძველი სულია. მე არაერთხელ მითქვამს ამის შესახებ და ეს ნამდვილად ასეა. მათ უამრავ განსხეულებათა დინება გაიარეს და ყველასი და ყველაფრის ესმით,საკუთარი თავის გარდა. სული ვერ განსხეულდება თევზების ნიშანში,თუ ერთხელ მაინც არ მიუღია დანარჩენი თერთმეტი ნიშნის გამოცდილება. ზოგიერთი სული არაერთი ცხოვრების განმავლობაში რჩება ერთიდაიგივე ნიშანში,სანამ ნიშნის პოზიტიურ არსს ჩაწვდება,ამიტომ სავსებით გასაგებია,რატომ არის თევზები უძველესი სული. თევზებს უმძიმესი კარმული გამოცდების გადატანა უწევთ. საქმე ის არის,რომ ნეპტუნის უცნაური გავლენით,სული შეიძლება შეცდეს და დაივიწყოს ასე ძვირად მიღებული თერთმეტი გაკვეთილი და მაშინ ის იძულებული ხდება ან რომელიმე ნიშანს დაუბრუნდეს(ეს გრამატიკის იმ ნაწილთან დაბრუნებას ჰგავს,რომელიც უკვე გავლილი გაქვთ) ან კვლავ თევზების ნიშანში განსხეულდება,სანამ გაკვეთილს ბოლომდე არ გაითავისებს.

გასაკვირი არ არის,რატომ არიან თევზები ასეთი უცნაური არსებები. თევზები წმინდანებისა და ცოდვილების ნიშანია,აქ იშვიათად შეხვდებით რიგით პილიგრიმებს. დიახ,თევზები ძალიან მოწყველადია,მათი ცხოვრება ყველაზე დიდი საცდურია ანგელოზებისთვის და… ხშირად მიდის დაცემამდე. ისინი შეიძლება მშვენივრად სწავლობდნენ ნეპტუნის სკოლაში,შემდეგ უცებ დაივიწყონ გულუხვობა,რომელიც ცეცხლის ნიშნებში განსხეულებისას ისწავლეს,გაძუნწდნენ და დაეცნენ. ან მშვიდად გაატარონ ცხოვრება,შემდეგ ერთ მშვენიერ დღეს(ან ღამეს),თითქოს მეხსიერების დაკარგვის შედეგად,დაივიწყონ სასწორის სამართლიანობა,ვინმე უსამართლოდ განსაჯონ  და დაეცნენ; ან მეხსიერებაში ძლივს შემორჩენილი კუროს მოთმინება უგულვებელჰყონ და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიიღონ,რომელსაც მწარე სინანული მოჰყვება. არც ისე სასიამოვნოა თევზებად ყოფნა,სამყარო მათგან გაცილებით მეტ ცოდნას მოითხოვს,ვიდრე დანარჩენებისგან. თევზები კარმულად უკავშირდებიან ღირსების კოდექსს,ნებისმიერი ღირსების კოდექსი კი ურთულესი გამოცდაა მორალური თვისებებისთვის.

ამგვარად,თევზები ცხოვრების უდიდეს ნაწილს  თავისი ლაბირინთული არსებობის ცურვაში ატარებს,სადაც სასოწრკვეთილად ეძებს საკუთარ ინდივიდუალობას. და როდესაც  თევზების თვალწინ მათი ნამდვილი სახება ირეკლება,თავიდან საშინელ შეგძნებას განიცდიან,შემდეგ_უნდობლობას. ისინი თავიანთ ღვთიურ „მეს“ ხედავენ,რაც დამემოწმებით,რიგითი მოკვდავებისთვის რთული დასაჯერებულია. ისინი უარყოფენ მას,ემალებიან და ბოლოს თეატრალურ  თუ მუსიკალურ სამყაროში გარბიან,ხშირად ნარკოტიკებში,ალკოჰოლსა და ილუზიებშიც იკარგებიან. თუმცა მათი უმრავლესობა(ჩვენთვის საბედნიეროდ) ხელოვნებაში,საზოგადოებრივ საქმიანობაში,მეცნიერებაში,რელიგიაში,მედიცინასა და პედაგოგიკაში ახდენს თვითრეალიზაციას ან საკუთარ თავს მეგობრებს,ნათესავებსა და მეზობლებს უძღვნიან.

თუ თევზებს საკუთარი თავის არ ესმის,ტყუპები,პირიქით,ყოველთვის ცდილობს მისი იდუმალების ბურუსი გაფანტოს. მერკურიელებს მიაჩნიათ,რომ ყველა საკითხის გადაჭრა შეუძლიათ_ისინი ყველა შესაძლო ვარიანტს თვლიან და ხშირავენ; ნაწილებად შლიან,რომ ნახონ,როგორ არის მოწყობილი და შემდეგ კვლავ ააწყონ. მაგრამ თევზების ცივი მერკურიული გონებით დაშლა-გაანალიზების შემდეგ,ყველაფერს ასევე ტოვებენ. ტყუპებისგან დანაწევრებული თევზები შეიძლება წლების განმავლობაში უმწეოდ ფართხალებდეს საკუთარი თავისადმი პატივისცემის აღდგენის მცდელობაში. ტყუპები თავდაჯერებულად იწყებენ იმ მარადიული გაუგებრობის გამორკვევას,რომელიც თევზებს აკრავს გარს. თუმცა თვითონ ხანდახან წყალმცენარეების ხაზსაც ვერ ცდებიან. ტყუპები ცდილობენ რაღაცის დაჭერას სიცარიელეში მაშინ,როდესაც ვერც ოკეანის ფსკერს ხედავენ და არც მისი სიღრმის განსაზღვრა შეუძლიათ.

განვითარებული თევზები ტოლერანტული სიმშვიდით აკვირდება ტყუპების ბავშვურ ცელქობებს. თუ ტყუპები გამოგონებათა სამყაროში ცხოვრობს,რაც ძალიან დამახასიათებელია მისთვის,თევზები სიამოვნებით ესტუმრება მას. მაგრამ ტყუპები ცდილობს ყველაფერს იარლიყი მიაწებოს,თვით მაგიურ მოვლენებსაც კი და ეს თევზებს სულს უწამლავს. ოცნება ოცნებაა… რა საჭიროა მასთან ზედმეტად მიახლოება და ყურადღებით დაკვირვება?

თევზები ვერ იტანს მის პირად საქმეებში ქექვას და ცნობისმოყვარე ტყუპების  დაჟინებულ კითხვებს. თუ მათზე ზეწოლის მეთოდს მიმართავთ,ისინი ან გასხლტებიან ან კიდევ უფრო მარტივ გზას აირჩევენ_ტყუილს,მარტივი თავის დაძვრენით დაწყებული,ღია ტყუილით დამთავრებული(რასაც ნეპტუნი  „თავდაცვას“ უწოდებს). ხანდახან თევზები უბრალოდ უარს აცხადებს აჰყვეს ტყუპების მჭევრმეტყველებას  და ეს დასასრულის დასაწყისი გახდება. ტყუპები ვერ იტანს,როდესაც მის ენთუზიაზმსა და შთაგონების აფეთქებას თევზების პესიმიზმი აგრილებს. თევზებმა შეიძლება შესთავაზონ რწმენა და მხარდაჭერა,თუ მოინდომეს. თუ არ მოინდომეს… „მერკურიელი ჩიტი“ მარტო დარჩება ხის ტოტზე.

ბევრი ჩვენთაგანი არც ისე ძალიან აფასებს სილამაზეს,მაგრამ ტყუპები და თევზები ყოველთვის მკაფიოდ გრძნობენ ცვალებადი ბუნების მშვენიერებას,ტკბებიან აისისა და დაისის ფერთა პალიტრით,სულით ეფლობიან ხელოვნებაში,პოეზიასა თუ მუსიკაში. თევზები ჩუმად თვრება სილამაზით. მოწიწებითა და ინტერესით აღსავსე ტყუპები ფართოდ იღიმის. მშვენიერება,რომელიც ტყუპებსა და თევზებს აერთიანებს,შეიძლება ის ხიდი გახდეს,რომელზეც მზის სხივებს გადებენ…და,ვინ იცის,იქნებ ერთმანეთს  მისწვდნენ კიდეც.

არის მათ შორის კიდევ ერთი მსგავსება: მათ უჭირთ დიდხანს თვალებში ყურება ან მთელი თავიანთი ყურადღების კონცენტრირება იმაზე,რასაც ეუბნებით. ტყუპებს მკვირცხლი,მოძრავი,ფრთხილი  და ხშირად დამცინავი მზერა აქვთ. თევზების მზერა,თუ თქვენზე შეაჩერა,რაც არც ისე ხშირად ხდება,რბილია,ნოტიო და გაგებით აღსავსე.

თევზები ჩვენთვის იმიტომ არიან ასეთი კარგი რეზონატორები,რომ ბევრი რამ გამოუცდიათ და გადაუტანიათ კარმული თვალსაზრისით. მათ ისწავლეს ყურადღებისა და პირფერობის გარეშე ცხოვრება. ნეპტუნის ძალა იმის ცოდნაშია,როგორ იცხოვროს მოთხოვნების გარეშე და ეს თევზების იარაღია ცხოვრებისეული იმედგაცრუებების წინააღმდეგ. ეს ადამიანები იმაზე ძლიერები არიან,ვიდრე ჩანან და იმაზე ამტანები,ვიდრე მათი გარეგნობის მიხედვით შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. თევზები ჯერ კიდევ დაბადებამდე სწავლობენ,რომ მათ ყურადღებას არავინ აქცევს,მაშინ როდესაც ტყუპები აკვნიდანვე ეჩვევიან  ყურადღებას. ტყუპებს სჭირდება კომუნიკაცია, ემპათიური თევზები კი ყოველთვის გამონახავს დროს გულწრფელი ინტერესით მოისმინოს სხვისი დარდი და სიხარული. ტყუპებს უბრალოდ ცხოვრება არ შეუძლია აუდიტორიის გარეშე,რომელიც მის მჭევრმეტყველების ნიჭს სათანადოდ დააფასებდა; ვერც თევზები იცოცხლებენ საკუთარი აუცილებლობის შეგრძნების გარეშე.

ისინი ავსებენ ერთმანეთს,უბრალოდ საჭიროა ნაკლები იფიქრონ საკუთარ თავზე და მეტი ყურადღებით უსმინონ მეორეს.

 

 

  ტყუპები მამაკაცი და თევზები ქალი                                                                                         

მის არყოფნაში კუნძული კვდებოდა.

ფერიები დილაობით იღვიძებდნენ,მხეცები მხეცობდნენ.

მაგრამ პიტერის გამოჩენასთან ერთად,

რომელიც სიმშვიდეს ვერ იტანდა,

კუნძული მოძრაობაში მოდიოდა…

ტიპური თევზები ქალი  მშვიდი და აუღელვებელი ურთიერთობის მისაღწევად  ყველაფრისთვის მზადაა. ის შეეგუება და თავის ყოფას საყვარელი მამაკაცის სიმყუდროვეს მიუსადაგებს. თუ მისი ფემინისტი მეგობრები შეიცოდებენ,ის მხოლოდ გაიღიმებს და არავითარ ყურადღებას არ მიაქცევს კეთილისმსურველებს.

სინამდვილეში თევზები სულაც არ არის ტყუპების ახირებების მონა,როგორც მის თანაგრძნობით აღსავსე ნაცნობებს და ხანდახან თავად ტყუპებსაც მიაჩნია. მაგრამ ეს ნაზი და დამთმობი გოგონა,ჩუმი ხმით,ზუსტად ასეთი შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს  ცნობისმოყვარე მეგობრებზე,მეზობლებზე,ნათესავებსა და საყვარელ მამაკაცზეც.  მან კარგად იცის,რასაც აკეთებს_ცხოვრებას იმარტივებს. თევზებს საკმარისი ინტუიცია აქვს იმის მისახვედრად,რომ ამ რისკიან კავშირში,ორი გზა არსებობს: მას შეუძლია გადაწყვიტოს,რომ სიყვარული არ ღირს იმ მოთხოვნებად,რომელსაც ტყუპები ბიჭუნა მის ფაქიზ ნატურას უყენებს და მიატოვოს ის; უბრალოდ გასხლტეს ერთ მშვენიერ დილას,როდესაც ტყუპები სახლში არ იქნება. ან გადაწყვიტოს,რომ ის ბედნიერება და სიამოვნება,რომელიც ტყუპებისადმი სიყვარულში აღმოაჩინა და მისგან საპასუხოდ მიღებული გრძნობა  ნამდვილად ღირს კომპრომისად.

პასიური წინააღმდეგობა თევზების ნეპტუნიური საიდუმლოა. მას ამის თანდაყოლილი ნიჭი აქვს,როგორც ზოგიერთ ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება აბსოლუტური სმენა ან სხვა მუსიკალური უნარები. მან იცის,როდის და რა მანძილით დაიხიოს უკან და გრძნობს,როდის გადავიდეს თავდასხმაზე. თითქოს დაბადებიდან  უხილავი,ჰიპერსენსორული ანტენით აღჭურვეს,რომელიც შეუცდომლად იჭერს ადამიანთა ქვეცნობიერ და ცნობიერ სიგნალებს.

ყველა ტყუპები ნამდვილად ძალიან საზრიანია და მათი გაცურება თითქმის შეუძლებელია. მაგრამ მთელი მისი კაშკაშა ჭკუის მიუხედავად,ის შეიძლება უძლური აღმოჩნდეს თევზები ქალის ნეპტუნიური სტრატეგიის წინაშე. თუ თევზებს რამე ისეთი უნდა,რასაც ტყუპები არ ამართლებს,ის არ გააფუჭებს მათ ურთიერთობას დაჟინებული თხოვნებითა და ცრემლიანი ვედრებით. თევზები უბრალოდ ისე მოიქცევა,როგორც ტყუპებს სურს,სანამ ორეულები მასთანაა; და ისე,როგორ თავად სურს,როდესაც მარტოა. ნუ იფიქრებთ,რომ თევზები,ტყუპების უნებართვოდ,მაინცდამაინც ბანკის გაძარცვას ან მის ღალატს აპირებს. ეს შეიძლება იყოს სულ უბრალო,ბანალური სურვილების დაკმაყოფილება. მაგალითად,ერთი საათით ზედმეტი ძილი. როგორც ყველა ფრინველი,“მერკურიელი ჩიტიც“ დილიდან წამომხტარია და მხიარულად უსტვენს ან ბუზღუნებს(გააჩნია,რომელი ტყუპისცალი გაიღვიძებს პირველი). ამიტომ ის უკიდურესად კრიტიკულად ეკიდება მათ,ვინც ძილს საკმარისზე მეტ დროს უთმობს,როდესაც სამყაროში ამდენი საინტერესო რამ არის და ყველაფერი მოსასწრებია. ეს ასევე შეიძლება იყოს რომელიმე წასაკითხი წიგნი(იმის გარდა,რაც ტყუპებისგან არის რეკომენდებული) ან სულაც მეგობრებთან თუ სილამაზის სალონში ვიზიტი. ახლა მაინც რით არის უკმაყოფილო? უბრალოდ ტყუპები თვლის,რომ ის ისედაც კარგად გამოიყურება და იმ ფულით,რომელსაც ასეთ სისულელეებზე ხარჯავს,შეეძლოთ სადმე გამგზავრებულიყვნენ. ტყუპები გიჟდება დეკორაციების შეცვლაზე და მზადაა,ნებისმიერ ადგილას გაემგზავროს,ოღონდ მოსაწყენი ყოფისგან შორს იყოს.

ტყუპების გონება მიზანშეწონილობის შეუცდომელ ინსტინქტებს შეიცავს. ის დარწმუნებულია, „დრო იმისთვის შეიქმნა,რომ ყოველი წამი გამოიყენო! (ძილის გამოკლებით_იმ ფუფუნების,რომელსაც ტყუპები საკუთარი თავისთვის მცირედ იმეტებს). ტყუპების აზრით,ცხოვრება დროის ქმნილებაა და მისი უსაქმურობაზე ფლანგვა მიუტევებელი ცოდვაა.

თევზებ ქალს საერთოდ სხვაგვარი წარმოდგენა აქვს დროზე. მას მიაჩნია,რომ დრო ულევია და სრულიად დარწმუნებულია,რომ შეუძლია ის უსაქმურობაში ატაროს. განსაკუთრებით,როდესაც ენერგო რესურსებისგან გამოფიტულია,რადგან ათასერთი სამსახური გაუწია სხვებს.  მას მოსწონს შესაძლებლობა იყოს ის,ვინც არის. უბრალო არსებობა ნეპტუნის ცივ და მშვიდ ლურჯ წყლებში,სადაც სულიერად ისვენებს,რაც განსაკუთრებულად სჭირდება ისეთ სირინოზს,რომელმაც ცხოვრება ტყუპებს დაუკავშირა. ის თვისებები,რომელმაც  ასე მიიზიდა ტყუპებისკენ რომანის დასაწყისში,სულ მცირე დროში  შეიძლება დამქანცველი აღმოჩნდეს მისი მშვიდი ბუნებისთვის.

ტყუპებს ძალიან სწრაფი გონება აქვს,ის ჰაერში იჭერს ყველაფერს,რასაც ხედავს,ესმის და კითხულობს. სრულიად მოულოდნელი იდეები ებადება და თითქმის ყოველთვის ორიგინალური და არაჩვეულებრივია. ის მუდამ ოცნებებობს,აზროვნებს,გეგმავს და მოქმედებს მაშინ,როდესაც თევზები უბრალო არსებობით არის დაკავებული. ტყუპებს ყველაფრის შეცვლა შეუძლია ერთ წამში და თევზებმა არასდროს იცის,რა ელოდება მორიგი მოსახვევის შემდეგ. ეს ამაღელვებელი და დამაინტრიგებელია. ტყუპები საიდუმლოა,თევზები კი გიჟდება საიდუმლოებებზე.

მაგრამ ტყუპების იგივე თვისებები,გარკვეული დროის შემდეგ,თევზებში განმარტოებისა და სიჩუმის,ერთფეროვნების საიმედოობის მოთხოვნას ბადებს. ქალთევზას ხშირად უჩნდება სურვილი უკან დაიხიოს თავისი სიმშვიდის,აბსტრაქტული ოცნებებისა და ნელი რითმისკენ. ამ პროცესზე შორიდან დაკვირვება ძალინ საინტერესოა,გასართობიც კი. თუმცა როგორც კი თევზები მიხვდება,რომ ტყუპების გონებრივი,ფიზიკური და ემოციური აღმაფრენებისა და დაცემების განუყოფელი ნაწილი გახდა,მის სიმშვიდეში ხარვეზები ჩნდება.

თევზები ქალი,როგორც არ უნდა ეწინაააღმდეგებოდეს,ყოველთვის ეხვევა საყვარელი მამაკაცის ცხოვრებისეულ პერიპეტიებში. ის ფსიქოლოგიური ღრუბელივით ან მგრძნობიარე ფოტოფირივით ისრუტავს გარშემომყოფთა ემოციებს(ისევე,როგორც კირჩხიბები და მორიელები). რადგან თევზები უფრო რბილ ტონალობაზეა განწყობილი,ტყუპების რითმმა შეიძლება ნერვები შეურყიოს,წონასწორობა დააკარგვინოს და დეპრესიაში ჩააგდოს. ასეთ შემთხვევაში,თევზები გადაწყვეტს  ხელიდან დაუსხლტეს ტყუპებს და ჩუმად გასცუროს გრძნობათა წყალდიდობიდან,რომელიც დახრჩობით ემუქრება,თავის შინაგანი აუღელვებლობის ჩუმ სამყაროში. ცხადია,ის დაბრუნდება მოგვიანებით,მას შემდეგ,რაც ძალებს აღიდგენს. თევზებისთვის აუცილებელი ასეთი პერიოდული ჩაყვინთვები ტყუპებ მამაკაცს დიდად აბნევს,გულს წყვეტს და ხანდახან აბრაზებს კიდეც.

ყველაზე ირონიული ის არის,რომ ტყუპებს არასდროს მოსდის თავში აზრად,რომ ეს მისივე ტაქტიკაა. ის ხომ თვითონ არის მენტალური  დისტანცირებისა და გაპარვის სპეციალისტი,განსაკუთრებით მაშინ,როდესაც თევზები მის თანამონაწილეობას საჭიროებს. გახსოვდეთ,რომ ტყუპები სიმბოლური ბავშვია,ბაშვები კი ყოველთვის ეგოისტები არიან. თუმცა მიუხედავად „ბავშვური“ ქარიზმისა,ის ხშირად განგაცვიფრებთ თავისი გამჭრიახობით. იქნება ისეთი მომენტები,როდესაც ის საოცარ გაგებას გამოავლენს და გამორჩეული სინაზით გამოხატავს თანაგრძნობას. ის ზუსტად იგრძნობს,როდის უნდა გააცინოს თევზები და როდის შესთავაზოს მოგზაურობა… ან უბრალოდ საერთო გასეირნება. ეს მათი სიყვარულის იშვიათი მომენტებია,მისი უმაღლესი ნოტები.

ამ მამაკაცისა და ქალის სექსუალური სიახლოვე  არამხოლოდ ფიზიკური ერთობაა. როგორღაც,ჰაერისა და წყლის ელემენტების შეერთებით,ასეთ მომენტებში ტყუპები თევზებს ემსგავსება და პირიქით. ასე რომ,რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს,სიახლოვის შემდეგ,თევზები მეტად დინამიური და ცოცხალი ხდება,ტყუპები კი უფრო რბილი,ნაზი და არც ისე აფორიაქებული.

როდესაც სექსუალურ ერთობაში წყალი ჰაერს ეხება,წყალი ჯადოსნურად გადაასხვაფერებს ჰაერს და ერთად ისინი მაცოცხლებელ წვიმად იქცევიან,რომლის შემდეგაც მთელი ბუნება ახალი იმედების სურნელით არის გაჟღენთილი. მათი სექსუალური საიდუმლო შეიძლება განახლების ძლიერი წყარო გახდეს. მათთვის გახსნას ის ჰარმონია,რომლისკენაც ამდენჯერ გაიწიეს,მაგრამ ვერ შესწვდნენ.

თევზები ნელია და ყოველთვის ცდილობს თავი აარიდოს ტყუპების საჩოთირო კითხვებს,რაც ძალიან აღიზიანებს ამ უკანასკნელს. მაგრამ ქალთევზა ისე მსუბუქად გადადის სხვა თემაზე,რომ ტყუპებს,მთელი თავისი საზრიანობის მიუხედავად,ისღა დარჩენია,მას დაედევნოს. ტყუპების კრიტიკულობისა და დაბნეულობის,ინტერესთა ცვალებადობის  შემოტევები ძლიერ აწუხებს თევზებს,მაგრამ ის თითქმის ყოველთვის ახერხებს კონფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილებას. ტყუპები საპირისპიროს ისურვებდა,რადგან დროდადრო საჭიროებს ცხარე კამათს,რომ მისი მახვილი გონება არ დაბლაგვდეს. თევზებს სურს მოდუნდეს და არ იღელვოს. ტყუპებს უნდა,რომ თევზები მეტად ორგანიზებული იყოს და ყველაფერი ისე აღიქვას,როგორც არის,თუმცა თავისი წარმოსახვაც ხშირად  ეხუმრება ბოროტად. მისი ცხოვრება სავსეა მოულოდნელი მოსახვევებით. მისი რთული ცნობიერება ყოველთვის ძლიერ იზიდავს და აშინებს თევზებ ქალს. ხანდახან მისი წინააღმდეგობრიობა ისეთ აღტაცებას იწვევს თევზებში,რომ ის თვითონ შეეცდება მიბაძოს ანალიტიკურ აზროვნებაში. ხანდახან თევზები სასოწარკვეთილებაშიც ვარდება იმის გამო,რომ ტყუპების ბოლომდე ამოცნობას ვერაფრით ახერხებს. მაგრამ ტყუპებიც,სხვა მიზეზებით,ხშირად დაეკითხება საკუთარ ორ თავს,შეძლებს თუ არა თევზები მის ბოლომდე გაცნობას. ეს თამაში არასოდეს დასრულდება.

ტყუპები და თევზები დუალისტური ნიშნები არიან. მეოცნებე თევზები ხანდახან უბრალოდ თვალთმაქცობს,რომ ვერ ამჩნევს უსიამოვნებებს და მაშინ პრობლემები(მისთვის) ქრებიან. თევზებმა გაარკვია,რომ თუ მოთმინებით დაიცდის,ყველა პრობლემა თავისით მოგვარდება. როდესაც ტყუპები აწყდება პრობლემას,მან ის დაუყოვნებლივ უნდა მოაგვაროს. მისთვის ესეც თამაშია,კროსვორდის ამოხსნის ან ტელევიქტორინაში კითხვებზე პასუხების გაცემის მსგავსი(რომელსაც მოთამაშეზე ადრე იცნობს). ყველა ტყუპებს სურს ამღვრეული წყალი გონებისა და ლოგიკის სინათლით გაწმინდოს,მაგრამ  მას ისევ  ხმამაღლა ოცნების ჩვეულება ღალატობს.

ტყუპები და თევზები,ჰაერისა და წყლის ნიშნები,არასდროს მოიქცევიან დემონსტრაციულად და არასდროს გამოხატავენ სითბოსა და სიმპათიას ისე ღიად,როგორც ცეცხლის ნიშნები. მაგრამ ჰაერისა და წყლის არსთა შეთავსებით,მათ შეიძლება უდიდესი ძღვენი შესთავაზონ ერთმანეთს_თავისუფლება. თევზები იშვიათად მოითხოვს ტყუპებისგან  ანგარიშების ჩაბარებას,ის არ არის მესაკუთრე. ტყუპებიც არ იქნება წინააღმდეგი,თევზებმა მისი აუზიდან გასცუროს,სანამ ტყუპები მასთან არ არის. მაგრამ როგორც კი მერკურიელი დაბრუნდება,თევზები დაუყოვლებლივ მასთან უნდა გაჩნდეს.  მას აუდიტორია სჭირდება,თევზები კი შესანიშნავი მსმენელია და ტყუპებისთვის ეს ყველაზე ძვირფასი თვისებაა. მან იცის,რომ ეს რბილი ბუნების ქალი,თავისი დახვეწილი სულითა და იდუმალებით,გულწრფელად ინტერესდება ყველაფრით,რასაც  უყვება. ტყუპებისთვის ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ქალთევზამ იცის,რომ ეს ცვალებადი ადამიანი,თავისი ცვალებადი განწყობებით,საჭიროებს მას. ეს კი მისთვის ისეთი მნიშვნელოვანია_იყოს საჭირო. ტყუპები მას მფლანგველობაში ადანაშაულებს,მაგრამ თვითონ შეუძლია მთელი ქალაქი შემოირბინოს ფულის სასესხებლად,რომ მეგობარი გასაჭირიდან დაიხსნას. ტყუპები რამდენიმე თვე სერიოზულ გეგმებს აწყობს,როგორ აიღოს ინჟინერის დიპლომი. შემდეგ საბეჭდ მანქანას შეიძენს და გამოაცხადებს,რომ მწერლობა გადაწყვიტა. ან სულაც სახლში მოსული,ვახშამზე უარს იტყვის.  თევზებს განუცხადებს,რომ ადრე დაწოლას აპირებს და გაღიზიანებული გაემართება აბაზანისკენ. ხუთი წუთიც არ გავა,ჩვეული ღიმილით დაბრუნდება და თევზებს ჰკითხავს,ქალაქში ვახშმობა და ახალი სპექტაკლის ნახვა ხომ არ უნდა? სანამ თევზები იცვლის,იმასაც წამოაძახებს,რომ  ჩასაცმელად მარადისობა სჭირდება. მაგრამ როდესაც თევზები  მანქანაში ჩაჯდება,ტყუპები მოულოდნელად ეტყვის,რომ ის ისეთი ლამაზია,როგორც არასდროს.

„არ ვიცი,უშენოდ რა მეშველებოდა…“_გამოტყდება ტყუპები. თევზები მხოლოდ გაიღიმებს,უხმოდ. მან ეს ყოველთვის იცოდა,ამიტომაც არის ჯერ კიდევ აქ.

 

 

 

 

ტყუპები ქალი და თევზები მამაკაცი

თქვენ თვალებს დახუჭავთ და თუ გაგიმართლათ,

სიბნელეში საოცარ ტონებში მოლივლივე ტბას დაინახავთ.

 

 

არც ერთი თევზები მამაკაცი არასდროს ბოლომდე დარწმუნებული არ არის საყვარელ ტყუპებ გოგონაში,რომელიც უამრავ მიზეზს აძლევს ეჭვიანობისთვის. აქ ვერაფერს გააწყობთ. ვგონებ,უკვე იცით,რომ ყველა ტყუპები ორი ქალია. რას იზამთ?.. მან ფლირტაობა ჯერ კიდევ აკვნიდან დაიწყო ან ცოტა მოგვიანებით,როდესაც  საბავშვო ეტლით ატარებდნენ და ეს კომუნიკაბელური გოგონა ყველას უღიმოდა,ვინც ყურადღებას მიაქცევდა.

ტყუპები ვერასდროს გაიზრდება ბოლომდე. ის ყოველთვის პატარა ცბიერ გოგოს ჰგავს,რომელიც ტირის,როდესაც ტუქსავენ; მხიარულად იცინის,როდესაც კმაყოფილია; გამომწვევად აჯავრებს და მოხერხებულად მლიქვნელობს,სანამ თავისას არ გაიტანს.  თევზებ მამაკაცთან კი „თავისის გატანა“ არც ისე რთული საქმეა. თევზები,თავისი არსით,კეთილი სულია_მოსიყვარულე,მომთმენი და არც ისე მომთხოვნი. რა თქმა უნდა,თევზებს აქვს გაღიზიანებისა და უცნაურობების პერიოდები,მაგრამ მთლიანობაში მზადაა ყველაფერი გააკეთოს,რაც შეუძლია,რომ ტყუპებმა მიიღოს ის,რაც მას უნდა. მართალია,თევზები მცირედ შეშფოთდება,როდესაც აღმოაჩენს,რომ ტყუპების ოცნებები და სურვილები მუდმივად იცვლება,მაგრამ მოდით,ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ,რომ არც თვითონ არის სტაბილურობის განსახიერება. ვარსკვლავებს არ დაუჯილდოებიათ მუტაბელური ნიშნები ამ სიკეთით.

როდესაც თევზები წინააღმდეგობას აწყდება,მას ნერვული კანკალი იტანს. რაც შეეხება ტყუპებს,მასაც მოთმინების სათითე აქვს და არა ფიალა. მოთმინება კი ბედნიერებისა და ჰარმონიის რეცეპტის მთავარი ინგრედიენტია. ტყუპებს ყოველთვის ისეთი გამომეტყველება აქვს,თითქოს სულ რაღაცას ეძებს და ეს-ესაა უნდა იპოვოს. თევზებს კი თვალებში აწერია,რომ ის დაკარგულია. პიროვნების ტიპს მარტივად ამოიკითხავთ ადამიანების თვალებში.

ტყუპების ცნობიერება შუშის სახლს მოგაგონებთ,საიდანაც ტყუპები ცხოვრებას ნებისმიერი მიმართულებით გახედავს,საითაც მოესურვება. ასეთი მდიდარი არჩევანი კარგად აისახება პიროვნების გარეგამოხატულებაზე,მაგრამ ძირითადად სევდას იწვევს. ტყუპების განწყობა სულაც არ ჰგავს ოკეანის სიღრმეს. ის ვერცხლის წყალივით მოძრავი და ქარივით არაპროგნოზირებადია.

თევზების ცნობიერებაც სახლს მოგაგონებთ,მხოლოდ ამ სახლის ფანჯრებს არც ჟალუზები აქვს,არც  შუშები და არც ფარდები. თევზები მამაკაცი მოწყველადი და მგრძნობიარეა,არამხოლოდ საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებაში,არამედ ახლობელი ადამიანების გრძნობებისა და ემოციების მიმართაც. ასე რომ,ცვალებადი და მარად სხვადასხვანაირი ტყუპები ხშირად იწვევს ნეპტუნიელი მამაკაცის განცვიფრებას.

ტყუპები დაბადებიდან გონებრივ  და ფიზიკურ ენერგიას ასხივებს,როგორც დამრტყმელი ტალღა.  თევზები უკვე დაღლილი იბადება. არც ისე გასაკვირია,რომ თევზები მამაკაცი სულიერად გადაქანცულია,მან ხომ იმდენი განსხეულება გაიარა,იმდენი ძალაუფლება და დიდება,უსახურება და მშვენიერება,გამოუთქმელი საშინელება და ენითაუწერელი სილამაზე ნახა… ეს ყველაფერი ქანცავს და აცარიელებს. ამასთანავე,თევზებისთვის ყოველთვის არსებობს ცდუნება,წარსულ განსხეულებებში ხილული სახებები მოცემულ რეალობას  შეადაროს,რაც ასე ნაცნობია ტყუპებისთვის. თევზების სურვილი,სამყაროს დაორთქლილი სათვალით უყუროს,ტყუპების გულში საპასუხო აკორდებს იწვევს. მასაც სურს,რომ ყველაფერი სხვანაირად,უკეთესად იყოს მოწყობილი. მაგრამ მისი მერკურიული ბუნება არ შფოთავს ცივი და ნათელი ანალიზისგან,მაშინ როდესაც თევზებს საერთოდ არ სურს ობიექტური სიმართლის მოსმენა.

ტყუპებისა და თევზების ურთიერთობაზე კვადრატურის დაძაბული ვიბრაცია მოქმედებს და მათი ქცევებისა და სიტყვების მოტივები აბსოლუტურად გაუგებარია მეორესთვის. მთვარეების დადებითი ასპექტების შემთხვევაში,მათ შორის თანაგრძნობის წვრილი ძაფები გაიბმება. ასეთი დახმარების გარეშე,შეიძლება ისეთი ღრმა ჭრილობები მიიღონ ერთმანეთისგან,რომლის მოსასუშებლად ძალიან დიდი დრო დასჭირდებათ.

ტყუპებს შეუძლია კარი ჩაუკეტოს თევზებს,თუ ის ძალიან შეჰყვა მეზობელთან ლაპარაკს. თევზები თავისთვის ჩაიბურტყუნებს: „ვის სჭირდება ეს საერთოდ?“ და გადაწყვეტს დარდი ღვინოში ჩაახრჩოს,რის გამოც ტყუპები ისევ არ შეუშვებს სახლში. მაშინ თევზები კვლავ ღმერთების სითხეს გაიხსენებს და ა.შ. დაუსრულებლად.

თევზები კატეგორიულად ვერ იტანს კრიტიკას,სარკაზმსა და ბრალდებებს. მისი საყვარელი ქალის ერთერთი ტყუპისცალი კი მშვენივრად ფლობს სატირულ-ბრალმდებელი მეტყველების ხელოვნებას. უმცირესი ნიუნსებით სავსე სიტყვათა დინებამ შეიძლება მძიმე ჭრილობები მიაყენოს თევზების სულს. თავის მხრივ, ტყუპები ვერ იტანს დუმილს(ან აუდიტორიის დეფიციტს),თევზებს კი ყველაზე კარგად უსიამოვნო სიტუაციებიდან გასხლტომა ეხერხება. ხანდახან მზად ხართ დაიფიცოთ,რომ ნეპტუნიელებს დემატერიალიზაციაც შეუძლიათ_ერთი… და ისინი არსად ჩანან. ტყუპები მარტო რჩება. ცხადია,სულ მარტო  არა. მას ყოველთვის შეუძლია კამათი თავის მეორე მესთან გააგრძელოს,რომელსაც თევზებზე უკეთ ესმის მისი. თევზები ცდილობს ინსტინქტურად მიაგნოს გამოსავალს,ტყუპებს_ლაპარაკი უნდა. იმ დროსაც კი,როცა მართლა შეყვარებულები არიან ერთმანეთზე,ისინი ხშირად უცხოებივით იქცევიან. ტყუპები ლაპარაკობს,თევზები არ უსმენს. თევზები ტირის,ტყუპები არ თანაუგრძნობს. და მაინც,ორივე სასოწარკვეთილად საჭიროებს გაგებას,რადგან არც ერთს არ ესმის საკუთარი თავის. ორივე დუალისტური ენერგიის ვიბრაციით არის დაბადებული და გამოდის,ერთჭერქვეშ ოთხი ადამიანი ცხოვრობს: ორი ხილული და ორიც უჩინარი,რომლებიც ცდილობენ თავი გაინთავისუფლონ მატერიის ჩარჩოებისგან.

სექსუალურ ურთიერთობაშიც გაუჭირდებათ ერთმანეთზე აწყობა. თუმცა პოზიტიური სინასტრიისას,თევზები არ დაიწყებს ტყუპების დათრგუნვას. ტყუპებმა კი შეიძლება თავისი სიყვარული და მიჯაჭვულობა ისეთი  მრავალფეროვნებით გამოხატოს,ისინი არ მოიწყენენ. არც ერთ მათგანს არ სჭირდება მხურვალე ტემპერამენტი ჭეშმარიტი ინტიმის მისაღწევად და ორივეს ძალუძს პარტნიორის ეფემერულ კაპრიზებსა და სურვილებს მოერგოს. თუმცა მათ კავშირს ხშირად აკლია ნამდვილი სიღრმე. იქნებ იმიტომ,რომ მარტო სიყვარული არ არის საკმარისი უსახელო მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად?  ან იმიტომ,რომ წყლისა და ჰაერის ნიშნები იშვითად გრძნობენ   ემოციური და მენტალური ერთობის სექსუალური დასასრულის ისეთ ძლიერ მოთხოვნას,როგორც ცეცხლისა და მიწის ნიშნები.

ყოველ შემთხვევაში,მათ უჭირთ ერთსულ და ერთხორც გარდაქმნა,ისევე როგორც სექსის მეშვეობით ერთმანეთის შეცნობა. ქალისა და მამაკაცის ჭეშმარიტი ერთობა შეუძლებელია ეგოიზმის თანხლებით,რომელზეც უარის თქმა აუცილებელია,როგორც სექსუალურ,ისე სასიყვარულო თუ მეგობრულ ურთირთობაში. თუ თევზები ამას ინტუიციურად ხვდება,ბავშვური ტყუპები ყოველთვის ვერ აცნობიერებს ამ ჭეშმარიტებას. იცით რა უნდა ისწავლოს ტყუპებმა თევზებისგან? უანგაროდ გაცემის უნარი,ფიზიკური,გონებრივი და ემოციური თვალსაზრისითაც. ეს სიყვარულის განახლების იმ შეგრძნებას აძლევს,რომლის შემდეგაც ადამიანები უფრო ახლოვდებიან. შინაგანი არსის ურთიერთგაცვლა,თევზებს მეტად სპონტანურს,ტყუპებს კი მეტად მშვიდს ხდის.

როგორც უკვე გითხარით,არის საკითხები,რაშიც ეს ორი ნიშანი ძალიან ჰგავს. ორივე უპირატესობას ანიჭებს თავისუფლებას და განმარტოებას,ორივეს უყვარს პოეზია,მუსიკა და ცეკვა და ვერც ერთი ვერ იტანს რუტინას. მოწყენილობა მათი საერთო მტერია. თუმცა ორივე თანაბრად მიდრეკილია სიმართლის გადაჭარბებისკენ_მცირე შელამაზებით დაწყებული,განზრახ ტყუილით დამთავრებული. მაგრამ რომ ჩაეკითხოთ,თავიანთ ამ საერთო თვისებას ათას გამართლებას მოუძებნიან. ტყუპები ხშირად ადანაშაულებს თევზებს სიმართლის დამახინჯებაში და პირიქით. ნამდვილად ძალიან სასაცილოა,როდესაც ყვავი  ყვავს სიშავის გამო დასცინის.

ტყუპებ გოგონას მიაჩნია,რომ შეუძლებელია ცხოვრებისა და სიყვარულის შეცნობა მხოლოდ გრძნობებით_მერკური აქაც ინტელექტის გამოყენებას სთხოვს. ის ყველაფერს გაარკვევდა,ვინმემ რომ მისი ყველა ეჭვი,ფანტაზია და აღტაცება მოისმინოს. თევზებ მამაკაცს შეუძლია დაეხმაროს ამაში,თუ თანაგრძნობით მოუსმენს და მოთმინებით დაელოდება,სანამ ტყუპები,ბედნიერების გადასახვევის ძიებაში, მსჯელობის ყველა კონცეფციურ წრეს გაივლის და ბოლოს იმ საჭირო შესახვევსაც მიაგნებს.

თევზები მამაკაცისთვის სიყვარული ერთერთი ოცნებაა,მოგონილი რეალობა,რომელიც მან ინტუიციური და გრძნობითი აღქმის წარმოსახვაში შექმნა,მეტად ცვალებადი და მყიფე სამყარო. ტყუპები გოგონას  მუდმივი უკმაყოფილება თევზების ოცნებებს სიმტკიცეს ართმევს და ის ცდილობს ნაპრალები ამოავსოს,რომ ყველაფერი ახალივით ხასხასა იყოს. მაგრამ დაფლეთილი ოცნებების შეკეთება არც ისე მარტივია,რადგან ისინი მეტად ეფემერული მატერიალისგან იძერწებიან.

თუ ტყუპები შეეცდება ჩუმად ისაუბროს,რბილად და დინჯად იმოძრაოს,ის შეძლებს როდესმე თევზების ოცნებების სამყაროში შეაღწიოს და მისი თვალებით დაინახოს სიყვარული,ასეთი მშვიდი და მშვენიერი. ერთადერთი,რაც ტყუპებს ამისთვის მოეთხოვება,თევზების მდგომარეობაში შესვლის უნარია.

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

სტატიის ავტორი Qet Adastra


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top