ტყუპები და კირჩხიბი

ტყუპები და კირჩხიბი

  _იცით,დარწმუნებული არ ვარ,რომ სასტუმრო ოთახი გვაქვს,მაგრამ წარმოვიდგინოთ,რომ გვაქვს.

ჰოპლა!_და მათ ცეკვა დაიწყეს…

“ჰოპლა“ ყვიროდნენ ისინი და ერთად ცეკვავდნენ,თან ოთახს ეძებდნენ.

 არ მახსოვს იპოვეს თუ არა,მაგრამ სახლში ბევრი თავისუფალი კუთხე იყო და მშვენივრად განთავსდნენ.

დავიწყოთ იმით,რომ ორივე კარგი მთხრობელია. კირჩხიბის მთვარეული წარმოსახვითა და იუმორით თხრობის უნარი სრულიად აჯადოებს აუდიტორიას,მაგრამ თუ ოთახში ტყუპებიც იმყოფება,რომელიც მახვილგონიერებითა და მომხიბვლელობით ბრწყინავს და ბანქოთი ფოკუსებსაც აჩვენებს,დანარჩენებს გაუჭირდებათ გადაწყვიტონ,რომელ არენას დაუთმონ ყურადღება ამ სამიდან: ერთი კირჩხიბის თუ ორი ტყუპების,რომელთაც ყველაფერი ორ ეგზემპლარად სჭირდებათ. ფარდის დაშვებამდე  ტყუპებმა და კირჩხიბმა შეიძლება მოულოდნელად ფოტოაპარატებიც დააძვრინონ,რითიც საბოლოოდ დაიპყრობენ პუბლიკას. ისინი ფოტოგრაფიის სიყვარულსაც  იზიარებენ,ლომებსა და თევზებთან ერთად. გამოჩენილ პროფესიონალ ფოტოგრაფთა შორის ყველაზე ხშირად ამ ოთხი ნიშნის წარმომადგენლებს ვაწყდებით(მზით ან მთვარით).

კიდევ ერთი მსგავსება ტყუპებსა და კირჩხიბს შორის მათი მრავალფეროვანი აურებია,რადგან ორივე  მარტივად ექცევა მალცვალებადი განწყობის გავლენის ქვეშ. კირჩხიბის ნიშნის აურა მუქი ლურჯი  დეპრესიიდან ვარდისფერ სენტიმენტალობაში გადადის,შემდეგ ყავისფერი გაღიზიანებით ან ყვითელ-მწვანე შიშითა და იპოქონდრიით იცვლება და კვლავ ნელა უბრუნდება იისფერ  სევდასა და მუქ ვარდისფერ სიცილს.

ტყუპების ნიშანი მკვეთრი ყვითელი მხიარულებიდან ინდიგოსფერ მოწყენილობამდე აღწევს; შემდეგ ვერცხლისფერ ოცნებებს და ოქროსფერ იმედებს აფარებს თავს; ხანდახან  რუხ სევდაშიც იკარგება,მაგრამ იქიდანაც კი მარტივად უბრუნდება ქათქათა თეთრ ბავშვურ რწმენას.

მათ შერეულ აურებში სპექტრის ყველა ფერია წარმოდგენილი,გამჭირვალე-ეთერულიდან ულტრაიისფრამდე და კიდევ რამდენიმე ტონი და შეფერილობა,რომლისთვისაც სახელი ჯერ არ დაურქმევიათ.

ორივე მეოცნებეა,ორივე თვითრეკლამის დიდოსტატი. მიუხედავად იმისა,რომ კირჩხიბები გულგრილები ჩანან,ისინი აღმერთებენ ყურადღებას. ორივეს ცოცხალი წამოსახვა აქვს,სიამოვნებით დასცინიან სხვა ადამიანებს და გულამოსკვნილნი ტირიან მარტოობაში. მაგრამ ცალ-ცალკე რომ დავახასიათოთ,ერთი ცაში მონავარდე ჩიტია,მეორე პლაჟის კიბორჩხალა. ჩიტი თქვენს თავზე დაფრინავს,ხან მორჩილად მოჰყვება ქარის მიმართულებას,ხან ფრთებს შემოჰკრავს და მის საწინააღმდეგოდ იჭრება. კიბორჩხალა ფრთხილად დაბობღავს სანაპიროს გასწვრივ,წყალთან ახლოს,მთვარის შუქზე: უკუსვლით,გარდი-გარდმო,ნელა და წინდახედულად. მართლაც,ორივე საოცარია ქმნილებაა და ორივე სრულიად გაუფრთხილებლად იცვლის მოძრაობის ტრაექტორიას.

მიუხედავად მსგავსი ქცევებისა,ტყუპები და კირჩხიბი ისევე განსხვავდებიან,როგორც დღე და ღამე,დადებითი და უარყოფითი,ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები,ამ შემთხვევაში,როგორც ჰაერი და წყალი.

ტყუპები მუტაბელური ნიშანია: ისინი ყველგან არიან,ყველგან ასწრებენ,ყველგან საკუთარ იდეებსა და ინფორმაციებს ავრცელებენ. კირჩხიბი კი კარდინალურია და მათ დანამდვილებით არ მოსწონთ რაიმეს გავრცელება,განსაკუთრებით საკუთარი საიდუმლოებების. ისინი უპირატესობას ანიჭებენ მოვლენების მართვას. არ არის აუცილებელი პირდაპირი გაგებით,ოფიციალურად და დასანახად,მაგრამ დიდწილად ასე უნდა იყოს.

ტყუპები გრძნობენ,რომ ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ დაკვირვებული,ფრთხილი და ჩუმჩუმელა მეზობლებისგან(რადგან კარმულ ბორბალზე,რომელიც უკუმიმართულებით მოდის,კირჩხიბი წინ უსწრებს ტყუპებს). მაგალითად,ჯდომა და მოთმინებით ლოდინი,იდეის გამოზრდის ხანგრძლივი პროცესი,რომ აზრმა,გაურკვეველი აბსტრაქციის ნაცვლად,მკაფიოდ განსაზღვრული ფორმა მიიღოს.

კირჩხიბი დამწუხრებული იხსენებს სულიერ მეხსიერებიდან მერკურის მრავალრიცხოვან მისწრაფებებს,რომელსაც ძალიან არ უყვარს ერთ ადგილზე დიდხანს ჩამოჯდომა,იმის შიშით,რომ რაღაც უფრო მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი გამორჩება. და აი,თავის აწმყოში კირჩხიბს ახსოვს ეს მისწრაფება,ბუნდოვნად ახსოვს… მას ახლაც ხშირად იპრყობს მოგზაურობის დაუოკებელი სურვილი,მაგრამ ახლა ის მთვარის შვილია და შიში აჩერებს,არ დაკარგოს ის,რაც უკვე აქვს. ამიტომ ოჯახურ კერას მიჯაჭვული კირჩხიბი,ძირითადად,წარმოსახვაში მოგზაურობს.  საკუთარი ბუდიდან ფანტაზიებით გადაადგილება უფრო უსაფრთხოა,ისიც მხოლოდ ახალ და სავსე მთვარეზე. სამაგიეროდ, კირჩხიბებს ყველა  სხვა ნიშანზე უკეთ  ესმის ტყუპების მოუსვენრობა.

ტყუპები არ არის მიდრეკილი მუდმივობისკენ მეგობრობაში,საქმეებსა თუ სასიყვარულო ურთიერთობაში. ყველაფერს მარტივად და უწესრიგოდ კიდებს ხელს და ასევე მარტივად და სწრაფად ტოვებს. კირჩხიბი მშვიდობიან და მყუდრო ცხოვრებას ებღაუჭება(მათი გამოკლებით,ვის პირად ჰოროსკოპშიც მზე-მთვარის კვადრატურაა). ტიპურ კირჩხიბს ყოველთვის ეშინია იმის,რომ თუ ჩაჭიდება შეასუსტა,ღუზის გარეშე აღმოჩნდება უცხო წყლებში,ყველა იმ სიკეთეს მოკლებული,რაც მისთვის ასე კომფორტული და ნაცნობია.

ცხადია,ზოგიერთი კირჩხიბი ამას კატეგორიულად უარყოფს,განსაკუთრებით ისინი,ვისი მთვარეც ვერძშია ან ასცედენტი ტყუპებში. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ნუ ენდობით მათ ვერბალურ პროტესტს,განსაკუთრებით იმ განცხადებებს,რომ ნივთებს არ უფრთხილდებიან და არაფერს ებღაუჭებიან მარწუხებით. გამორიცხულია კირჩხიბს ჩაჭიდების თვისება არ ჰქონდეს. შეიძლება ინდივიდუალურმა ჰოროსკოპმა კარგად მიჩქმალოს,მაგრამ თუ ყურადღებით მოძებნით,აუცილებლად აღმოუჩენთ.

კირჩხიბი მამაკაცი,ქალიცა და ბავშვიც ძალიან მგრძნობიარე და შთაბეჭდილებიანები არიან. მაგრამ ტყუპებმა იციან,რა სიტყვებით გამოიტყუონ  ჯავშნიდან. ტყუპები მარტოხელა მაწანწალაა,მიჯაჭვულობებისგან თავისუფალი ემოციური  უსახლკარო,დაკარგული და მაძებარი  მარადიული ბავშვი. კირჩიხიბი_მარადიული დედა(ან მამა),საიმედო,თბილი,ნაზი და მზრუნველი. არც ისე გასაკვირია,რომ ისინი ერთად არიან… მერე შორდებიან… მერე ერთმანეთს უბრუნდებიან… მერე ისევ შორდებიან.

წყლის სტიქიას,რომელიც ჰაერს სინოტივით ავსებს,წვიმის გამოწვევა შეუძლია,რომელიც ატმოსფეროს სიბინძურისა და გაურკვევლობებისგან  წმენდს. ზუსტად ასევე,კირჩხიბსაც შეუძლია ტყუპებში ხანდახან ისეთი საჭირო ცრემლები გამოიწვიოს,რაც მერკურის რბოლას რამდენიმე  წუთით მაინც შეაჩერებს,რომ გაიხსენოს ჭეშმარიტად ღირებული ფასეულობები.

 

 

 

 

ტყუპები მამაკაცი და კირჩხიბი ქალი

მამაკაცი ზედაც აღარ უყურებდა,

მაგრამ ქალს მაინც არ უნდოდა მისი გაშვება.

მაშინ ის წამოხტა,ხტუნვას და სახის მანჭვას მოჰყვა,

მაგრამ როდესაც შეჩერდა,უცებ მოეჩვენა,

რომ ეს ქალი პირდაპირ გულის კარზე უკაკუნებდა.

 

ტყუპები ძალიან გამჭრიახები არიან და კარგად ესმით ადამიანთა ბუნება. კირჩხიბები ძლიერი ინტუიციური აღქმით არიან დაჯილდოებულნი. ასე რომ,ორივე(სასწორებსა და თევზებთან ერთად) დიდებულ დეტექტივთა გუნდში ირიცხებიან. შემთხვევითი არ არის,რომ ტყუპებიცა და კირჩხიბიც გიჟდებიან დეტექტივებზე(მორიელებიც,თუმცა მათ უფრო მისტიური მკვლელობები და მოჩვენებებზე ისტორიები იტაცებთ).

და მაინც,ტყუპების მთელი ფსიქოლოგიური სიმარჯვისა და კირჩხიბის ადამიანებისგან საიდუმლოებების ამოღერღვის უნარის მიუხედავად,ერთადერთი ამოცანა,რომელსაც თავს ვერ ართმევენ,თვითონ არიან. თითქოს ყოველთვის რაღაც აკლიათ. ჰკითხეთ ტყუპებ მამაკაცს ყველაზე მეტად რა აწუხებს კირჩხიბ ქალში და ის გიპასუხებთ:“მე არასდროს  ვიცი,რაზე ფიქრობს ის“. ჰკითხეთ კირჩხიბ ქალს,ყველაზე მეტად რა აწუხებს ტყუპებ მამაკაცში და ის გიპასუხებთ:“მე საერთოდ არ ვიცი,რა უნდა მას“.

ასე ხდება როდესაც ეს ორნი პირველად ხვდებიან ერთმანეთს; ასევე მოხდება,როდესაც ისინი დაშორდებიან,მეგობრულად თუ მტრულად,ნებისმიერი საბაბით და ასე იქნება ყოველთვის,თუ ერთად დარჩებიან. კირჩხიბის იდუმალ ქცევებს,მის ჩაკეტვისა და პირში წყლის ჩაგუბების თვისებას,როდესაც ნაწყენია,ტყუპები გაშმაგებამდე მიჰყავს,ეს კი სულაც არ არის მისი ბუნებრივი მდგომარეობა.

დროდადრო კირჩხიბი გაუმხელს თავის გულისნადებს,მაგრამ უფრო ხშირად ტყუპების კითხვებზე ნიჟარა იხურება და მას აბსოლუტურ გაუგებრობაში ტოვებს. უბრალოდ კირჩხიბი თავს უფრო დაცულად გრძნობს,როდესაც მისი საიდუმლოებები არავისთვის არ არის ცნობილი. ხანდახან ცხარე ცრემლებით ტირის და ხმამაღლა აფრქვევს თავის გულისწუხილს,მაგრამ ამ დროსაც კი,მისი ტანჯვის ნამდვილი მიზეზები ყოველთვის დამალულია.  ტყუპები მამაკაცი ვერ მოისვენებს,სანამ მის ყოველ საყვედურს და ყოველ მოტივს არ ამოიცნობს და მაინც,მისი იდუმალი ქცევა,ტყუპებში ბუნდოვან შეშფოთებას ტოვებს. ცნობისმოყვარე მერკურიელი შეიძლება ხშირად მიუბრუნდეს საიდუმლოს ამოხსნას,მაგრამ ისიც შეიძლება,ვერასოდეს გაიგოს,რეალურად რა იმალება მთვარეულის სლუკუნს,სიცილებსა და აუღელვებლობას შორის. ხანდახან კირჩხიბი თავისი გულის პატარა კუნჭულებს უხნის,თუმცა მხოლოდ იმისთვის,რომ ბავშვობის დაკარგული მოგონებების პოვნაში დაიხმაროს.

კირჩხიბი ტყუპებს მთვარეს აჩუქებდა,რომ შეეძლოს. შეყვარებულ კირჩხიბ ქალს მხოლოდ ის უნდა, თავისი მამაკაცი გაანებივროს,დაიცვას და სინაზით შეამკოს(თუმცა ეს ძღვენი მკვეთრად მცირდება,როდესაც კირჩხიბის ცხოვრებაში ბავშვები ჩნდებიან). კირჩხიბი მას საკვებითა და სინაზის მსუყე ულუფით  გამოტენის,მთვარეული იუმორითაც  შესანიშნავად გაართობს. მაგრამ როგორ შეძლებს ტყუპებისთვის სრულყოფილი ოცნების მომზადებას,რომელიც მთელ მის შიმშილს გააძღობდა,როდესაც ოცნების რეცეპტი მუდმივად იცვლება. აი,კირჩხიბს ჰგონია,რომ ეს-ესაა მიხვდა,რისკენ ისწრაფვის მისი საყვარელი ტყუპები,მაგრამ ყოველ ჯერზე ის მოუხელთებლად იცვლება,რაც კირჩხიბის ცრემლებს ან რისხვას იწვევს. დიახ,კირჩხიბიც ვერასოდეს გაიგებს,რა უნდა ტყუპებს,იმიტომ რომ ტყუპებმა თვითონაც არ იცის და თუ იცის,მხოლოდ თავის ტყუპისცალს გაუმხელს. საქმე ის კი არ არის,რომ არ ენდობა,უბრალოდ ტყუპების რთულად ჩახლართული ოცნებების გაშიფრვა და ერთადერთ მიზნამდე დაყვანა მხოლოდ მის მეორე მეს  შეუძლია.

რადგან კირჩხიბი ქალი ძალზედ ჩაფიქრებული და ემოციურად შემეცნებითი ნატურაა,ის ღრუბელივით ისრუტავს ყველაფეს ტყუპების ქცევებიდან. მას ყველაფერი ეცოდინება მისი ფსიქოლოგიური ხრიკების შესახებ,იმის გარდა,როგორ მოახერხოს ეს. ისინი ხომ სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობენ. კირჩხიბს,მისი საქმიანი აქტიურობის მიუხედავად,გამოწერილი აქვს: ნელა და ფრთხილად!  ტყუპებს უწერია: სწრაფად და დაუცხრომლად! და არაფერია,რომ ის შეიძლება ერთერთი იმ ტყუპებთაგანი იყოს,რომელიც გარეგნულად მშვიდად და ცივად გამოიყურება. მას რეაქტიული გონება აქვს,რომელიც ყოველთვის მზადაა მყისიერი სტარტისთვის.

ეს ურთიერთობის 12-2 სქემაა,სადაც კირჩხიბი კარმულ ბორბალზე წინ უსწრებს ტყუპებს,ამიტომ ის ქვეცნობიერად კარგად გრძნობს მის მგზნებარე ნატურას,რადგან „ახსოვს“ რას ნიშნავს უზრუნველობა,ცვალებადობა,ემოციური კავშირებისგან თავისუფლება. ეს „მეხსიერება“ შეიძლება უკიდურესობებითაც გამოვლინდეს: მაგალითად,საიმედოობაზე სასოწარკვეთილი ჩაბღაუჭებით (სასურველია ემოციური,ემოციური თუ არა,მაშინ ფინანსური). ტყუპების ნიშნის მამაკაცს ნახევრად გაცნობიერებულად ესმის,რომ კირჩხიბმა შეიძლება ცხოვებისადმი ისეთი დამოკიდებულება ასწავლოს,რომელიც აქამდე ჯერ არ განუცდია და რადგან ტყუპები ყველაფერს მარტივად და სწრაფად სწავლობს,მისი სიბრძნე მალე გადაასწრებს მასწავლებლისას. ეს პროცესი კი არც ისე უმტკივნეულოდ ჩაივლის.

ტიპური ტყუპები ზედმეტს არაფერს ინახავს,არც დახეულ კვიტანციებს,არც ძველ საპარსებს და არც უსარგებლო კავშირებს ადამიანებთან. ტუპებს არ ესმის კირჩხიბის  ჩაბღაუჭების თვისება. იმის შემხედვარე ტყუპებმა,როგორ იმარაგებს კირჩხიბი კონსერვებს,თუ თავს უცხოპლანეტელები დაგვესხნენ,შეიძლება იფიქროს,რომ მისმა სატრფომ საზარელი სიღარიბის პერიოდები გამოიარა. მას არ ესმის,რომ კირჩხიბისთვის გალაქტიკათაშორისი ომის საფრთხე მუდამ აქტუალურია. ყოველთვის შეიძლება მოხდეს ნებისმიერი რამ,რისთვისაც მზად უნდა იყოს. ყუთში შენახული დაკუჭული კუპიურები კირჩხიბის  შიშს ამსუბუქებს დაზიანებული სახურავის წინაშე,საიდანაც წყალი წვეთავს წვიამიან ამინდში. მართალია,ახლა არა,მაგრამ ხომ შეიძლება როდესმე,მომავალში ასე მოხდეს?!. ნაფტალინში გადახვეული ძველი კაბაც ისევ მოდაშია და თუ ზედა ნაწილს მოაჭრის,ახალი საღამოს კაბა ექნება და ამისთვის არც ერთი დაკუჭული კუპიურა არ დაუხარჯავს.  ზუსტად ასევე უფრთხილდება კირჩხიბი ძველ კავშირებსა და მეგობრებს.

კირჩხიბს ძალიან აწუხებს ტყუპების დაუდევარი დამოკიდებულება ადამიანურ  ურთიერთობებთან. ძველი ურთირთობები მას წარსულის დამამშვიდებელ  შეგრძნებას აძლევს_იმ გუშინდელი დღის,როდესაც სამყარო ახალგაზრდა,მხიარული,საიმედო და უსაფრთხო იყო. რაღაც მსგავს შეგრძნებას განიცდის უფრო ღრმა ურთიერთობაშიც,რომელსაც ადამიანები სიყვარულს ვუწოდებთ. მთვარეული ასულის სიყვარული არ არის დაფუძნებული მიზეზშედეგობრიობასა და ლოგიკაზე. მისი განადგურება კირჩხიბს უბრალოდ არ შეუძლია. ეს სხვები განდევნიან  სიყვარულს სურვილით,ნებისყოფით თუ რისხვით,გულისწუხილს გამოთქვამენ და მერე უბრალოდ აგდებენ. მისი სიყვარული წლების განმავლობაში საზრდოობს,იმ შემთხვევაშიც,თუ ამისთვის დროდადრო გაცვეთილი ადგილების დაკემსვა უწევს. ეს ერთერთი ყველაზე ფასეული გაკვეთილია,რომელსაც კირჩხიბის გული ტყუპების გონებას უტარებს.

თქვენ შეიძლება შეხვდეთ ულტრათანამედროვე შეხედულებების კირჩხიბ გოგონას,მაგრამ ნუ დაუჯერებთ ხილვადობას,ეს მხოლოდ პოზაა. სადღაც,მისი მყარი ჯავშნის ქვეშ,ძველმოდური სიყვარული იმალება,ნაზად დაკემსილი და აკურატულად შეფუთული. ის სევდიანად იმედოვნებს,რომ ასეთი სიყვარული კვლავ საჭირო გახდება ადამიანებისთვის. სენტიმენტალური მეძავის წარმოსახვითი სახება,რომელიც თავის მუშტრებს ელოლიავება ის საზარელი პორტრეტია,რომელიც მუდამ თან სდევს მთვარეულ ასულს,თუმცა ის ჯერ კიდევ ელოდება,რომ ნამდვილი,მზრუნველი  სიყვარული ისევ შემოვა მოდაში.

როდესაც ტყუპებ მამაკაცს რომანტიული არდადაგები აქვს,მას ვერ დააკავებთ ერთ ადგილზე. ტყუპებს მსუბუქად მოგზაურობა უყვარს,ძველი სიყვარულის სახით დამძიმებული ბარგი კი ანელებს სისწრაფეს. ის არც ერთ ადგილს,არც ერთ ადამიანს,თვით ნათესავებსაც კი არ ეკუთვნის. ტყუპებმა კარგად იცის,რომ ადამიანებს უყვართ ის,მაგრამ თავს მაინც აბსტრაგირებულად  გრძნობს,არამხოლოდ ადამიანების,მთელი სამყაროსგანაც. სანამ ისეთ ქალს არ იპოვის,რომელმაც იცის როგორ „მიეტკიპოს“ მის გულს. მიწებება,მიტკიპება, ჩაბღაუჭება,ჩაჭიდება_კირჩხიბთა განსაკუთრებული ნიჭია,მაგრამ მისი მესაკუთრული გრძნობა დააფრთხობს მას,თუ კირჩხიბმა ის ნაზი მოთმინებით არ შენიღბა და არ გააფართოვა,რომ ტყუპებს სივრცე და ხილული თავისუფლება მიანიჭოს. მაშინ ის მიიზიდავს და გაათბობს ტყუპების გულს,როდესაც ამ უკანასკნელს შესცივდება და თავს მარტო იგრძნობს. თუ კირჩხიბმა ტყუპების გაშვება ისწავლა,სიყვარულს მინდობილი,აღმოაჩენს,რომ ტყუპებისთვის თავისუფლება ერთგულებასაც შეიძლება ნიშნავდეს.

მათ სექსუალურ ურთიერთობაში  სულიერი ვნებები და ემოციური ეროტიზმი უფრო სჭარბობს,ვიდრე წმინდად ფიზიკური სიამოვნება. კირჩხიბის გამორჩეული სინაზე და ცოცხალი წარმოსახვა კარგი ბალანსი აღმოჩნდება ტყუპების რბილი ტაქტილური და მგრძნობიარე სექსუალური ნატურისთვის. როდესაც ისინი ფიზიკურ სიყვარულით დაკავდებიან,შეიძლება ის დანაკლისიც იპოვონ ერთმანეთში,რომელსაც ყოველთვის ეძებდნენ და გამთლიანდნენ,თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთით. რადგან კირჩხიბს უწყვეტი და ხელშესახები მტკიცებულება სჭირდება,რომ ის საყვარელი და სასურველი ქალია,ტყუპების „ჰაეროვანმა“ ჩახუტებამ შეიძლება შეაშფოთოს. მას სურს,რომ ტყუპებს ის დიდხანს და მაგრად ჰყავდეს ჩახუტებული,მხოლოდ ასე შეძლებს დარწმუნდეს,რომ… მეტნაკლებად იდეალური სექსუალური ერთობა ექნებათ სავსე მთვარეზე,როდესაც მთვარის შვილები რაღაც მაგიურ ძალაუფლებას იღებენ თავიანთი მფარველისგან. მაშინ კირჩხიბი შეძლებს ოცნებების სამყაროში მოფარფატე ტყუპები სიყვარულის საიდუმლოში ჩამოათრიოს_თავის ყველაზე საყვარელ ოცნებაში.

ტყუპებს აღიზიანებს კირჩხიბის მოძველებული ეკონომიური ჩვევები. მაშინ კირჩხიბი კითხავს:“შენ იცი რა არის სიღარიბე? ეს საშინელებაა და თუ შენ ფულის ფლანგვას გააგრძელებ,გაიგებ რას ნიშნავს ეს. შენთვის არასდროს უთქვამთ,რომ გადახარჯვებს მოთხოვნებამდე მივყავართ?“  ტყუპები უბრალოდ მხრებს აიჩეჩავს და უპასუხებს,როგორც ამ ნიშნის არქეტიპმა,მაიქ თოდმა ერთხელ თქვა:“მე ამას ვერასდროს გავიგებ. მე გავკოტრებულვარ,მაგრამ ღარიბი არასდროს ვყოფილვარ. გაკოტრება დროებითი მოვლენაა,სიღარიბე_სულიერი მდგომარეობა“.

მთვარეული ასული იმაზე უკეთესად გაუგებს ტყუპებს,ვიდრე ამ უკანასკნელს წარმოუდგენია. როგორიც არ უნდა ეჩვენებოდეს ხალხს,საკუთარი თავისთვის ის ყოველთვის პატარა ბიჭია,რომელმაც როგორღაც მოახერხა თვითმფრინავის დაძვრა. და ახლა დროდარო ჰაერში ბრუნვით ხალისობს,მთელი გონებით იხიბლება მომდევნო ლამაზი ღრუბლის,აისის ან დაისის აღმოჩენისას… ყოველ წამს აღელვებული აცნობიერებს,რა დიდებული და უკიდეგანოა ჩვენი სამყარო. რამდენი ბრწყინვალე გალაქტიკაა მის წინ,ჯერ აღმოუჩენელი და შეუსწვლელი,რომელიც ასე მაცდურად უხმობს.

თუ კირჩხიბს მართლა უყვარს ტყუპები,ის მზად იქნება ბარგი ჩაალაგოს და დაემგზავროს,როდესაც მისი თავისუფალი სული აფორიაქდება. კირჩხიბი შეძლებს ყოველი შეჩერება,თვით ყველაზე ხანმოკლეც,მყუდრო თავშესაფრად აქციოს,როგორც ეს მხოლოდ კირჩხიბ ქალს ძალუძს. მას შეუძლია ნებისმიერი ახალ ადგილას მშვენიერი ბაღი შექმნას,ტრადიციების ყვავილებით. ეს კი სწორედ ის არის,რაც ტყუპებს სჭირდება_მოგზაურობის შესაძლებლობა,მხოლოდ ისე,რომ ყოველთვის სახლში დაბრუნდეს.

ტყუპები მამაკაცი შეიძლება მორიგი დაისის ცქერისას შეყოვნდეს,სანამ ცის კაბადონზე მთვარე არ გამოჩნდება,რომ მისი საყვარელი კირჩხიბის საიდუმლოს ამოცნობაში დაეხმაროს. განა სახალისო არ იქნება,კირჩხიბის საიდუმლო რომ ასეთი აღმოჩნდეს: ცვალებად სამყაროში,ცვალებად ჭეშმარიტებებში,რომლებიც წამიერად გაიელვებენ და მყისვე  წარმავალი დროის ღრუბლებში უჩინარდებიან,ყოველმა სულმა თავისი მეორე ნახევარი უნდა იპოვოს,რომ იცოდეს,რომ ესმოდეს,რომ იცოცხლოს! ჰო,ნამდვილად სახალისო იქნებოდა,რადგან ეს ზუსტად ის საიდუმლოა,რომელსაც ტყუპები მალავს.

 

 

 

 

ტყუპები ქალი და კირჩხიბი მამაკაცი

_როგორ ფიქროთ,მე შემიძლია ტყუპები ვიყო?

_არა_უპასუხეს ორეულებმა_ტყუპებად ყოფნა საშინლად რთულია…

_არც მქონდა იმედი_თქვა მან.

 

კირჩხიბი მამაკაცი თავისი შეგრძნებებით,ემოციებითა და წარმოსახვით ცხოვრობს. მას უყვარს ისტორია,აინტერესებს ბიზანტია,შუა საუკუნეები და აღორძინების ეპოქა,მაგრამ თავის წარსულთან დამოკიდებულებაში(საკუთარი და სხვა ისტორიული პიროვნებების)უკიდურესად რომანტიულია და საშინლად არ უყვარს,როდესაც ახსენებენ,რომ მრგვალი მაგიდის რაინდები არც ისეთი სრულყოფილები იყვნენ,როგორც მას წარმოუდგენია. მაგალითად,მათ ბედაურების კუდებში ბირკავები იყო გაბურდული,ჯაჭვის პერანგების ქვეშ ოფლიან ტანსაცმელს ატარებდნენ(რაინდები და არა ცხენები),ხელებით ჭამდნენ და თუ შემთხვევას მოიხელთებდნენ,ეშხიან გლეხის გოგოსთან ჭუჭყიან ჩალაზე კოტრიალსაც არ თაკილობდნენ.

კირჩხიბის სენტიმენტალურ  მოგონებებში რაინდი უზადოდ იქცევა სუფრასთან და ქათქათა ბედაურს დააქროლებს,საგულდაგულოდ დავარცხნილი კუდით. ის დიდი ლაშქრობიდან ბრუნდება სუფთა ტანსაცმლით,რომ თავის გულის სწორს  ხელსახოცი გამოართავს. აი,მაშინ კირჩხიბი,რომელიც თავისი რაინდული გაგებით ეპყრობა ტყუპებ ქალს,წესრიგშია. მაგრამ ვინ ვინ და ტყუპებმა იცის,რომ სუნამონაპკურები ხელსახოცის დამალვის შემდეგ,რაინდები იმ გასაღებისკენ იწევდნენ,რომელსაც უმანკო  ქალწულზე რკინის უბიწობის ქამარი უნდა შეეხსნა… და მათ ხანდახან უჭირდათ სწორი გასაღების შერჩევა.

კირჩხიბი მამაკაცი ყოველთვის უფრო მეტს გულისხმობს,ვიდრე ხელსახოცის ჯიბეში დამალვაა,როგორი ნელი და გალანტურიც არ უნდა იყოს მისი თავდაპირველი მიდგომა. ტყუპების ცოცხალ წარმოსახვაში მყისვე იხატება კირჩხიბის გალანტურობის შედეგად განვითარებული სცენა. ოქროსდალალებგაშლილი ტყუპები ასული უშიშრად გადალახავს ციხესიმაგრის გარშემო თხრილს და სამყურების მდელოზე თავის რაინდთან შესახვედრად მირბის. აი,კირჩხიბმა გრაციოზულად აიტაცა ხელში და თავის წინ ბედაურზე შემოსვა. ეს ყველაფერი თითქმის რეალურია! ტყუპებს სახე შეეფაკლა და მორცხვად გაუწოდა სუნამონაპკურები ცხვირსახოცი. ამ დროს კირჩხიბი მის დახვეწილ ხელის მტევანს თავისი მარწუხით ჩაებღაუჭა და მის გაშვებას აღარ აპირებს!

როდესაც კირჩხიბის მესაკუთრეობა  და ტყუპების თავისუფლების მოთხოვნა ხმალაობას იწყებენ,ამ შერკინების ჭახა-ჭუხი უხეშად იჭრება მათ ოცნებებში. კირჩხიბი მოულოდნელად აღმოაჩენს,რომ მის წინაშე ორი ქალი დგას:ერთი,რომელიც მზადაა ბედნიერად მოწნას ბუდე ზღაპრული კოშკის ოთახში და მეორე,რომელსაც ციცაბო ფერდობებზე წანწალი,ანტილოპებთან თამაში და მწევრებით ნადირობა უნდა. ის შეიძლება გაიბუტოს,აბუზღუნდეს ან ბნელ და ნესტიან მიწისქვეშეთში განმარტოვდეს,იმის მოლოდინში,რომ ტყუპები ქვის კიბეებზე დაეშვება და ბოდიშებით კვლავ გარეთ გაიტყუებს. თუ ტყუპებს თავში სხვა აზრი აქვს,კირჩხიბს დიდხანს მოუწევს ლოდინი. იმიტომ კი არა,რომ ტყუპებს დაავიწყდა,უბრალოდ სხვა ინტერესები შეიძლება უფრო პრიორიტეტული აღმოჩნდეს,თვით სიყვარულზეც კი. ასეც იქნება,სანამ თავს მარტოდ არ იგრძნობს,მაშინ ის აუცილებლად დაბრუნდება პატიებისა და კომფორტის ძიებაში. მათ ისტორიას შეიძლება ბედნიერი დასასრული ჰქონდეს,რადგან კირჩხიბ მამაკაცთან მან იმდენად კომფორტულად იგრძნოს თავი,რამდენადაც ეს საერთოდ შესაძლებელია. არავის შეუძლია იყოს უფრო ნაზი,რბილი და გამგები,როგორც კირჩხიბ მამაკაცს! თვით საყვარელ,მომთმენ და საიმედო კუროსაც კი.

თუ მათი მნათობები ჰარმონიულ ასპექტებშია,ბედნიერ დასასრულში ასტროლოგიურად დარწმუნებულებმა,შეგვიძლია მარტონი დავტოვოთ. რადგან იმ შემთხვევაშიც თუ ტყუპები სადღაც დაბოდიალობს,კირჩხიბი კი იბუტება,ჩიტი მაინც უკან მოფრინდება,მარწუხა კი აპატიებს და გაანებივრებს.

მაგრამ თუ მათ მზე-მთვარეებს შორის არც ისე ჰარმონიული ასპექტებია,ჯერ ვერ მივატოვებთ. ჩვენი დახმარებაა საჭირო,რომ დატბორილ თხრილებში ჩაძირვის ან მთებს მიღმა,სხვადასხვა ცხენზე,სხვადასხვა მიმართულებით გაუჩინარებისგან ვიხსნათ.

მათ შეუძლიათ ბედნიერების მიღწევა ერთად,მაგრამ ეს მოითხოვს მოთმინებას,ტყუპების მხრიდან და ადაპტაციის უნარს,კირჩხიბის მხრიდან. ეს კი ძალიან რთულია,რადგან ტყუპების მმართველი მერკური სულაც არ ვიბრირებს მოთმინებას,კირჩხიბის მმართველი მთვარე კი ძალიან ხშირად იცვლება,რომ კირჩხიბი მიხვდეს,რომელ განწყობას შეინარჩუნებს საკმარისად დიდხანს. განწყობის ხშირი ცვლა,რომელსაც ორივე ერთნაირი წარმატებით ექვმდებარება,მათი ერთადერთი პრობლემა არ არის,თუმცა ეს შეიძლება ძირითადი მიზეზი გახდეს ყველა სხვა დანარჩენისთვის. ტყუპები გოგონაც და კირჩხიბი მამაკაციც ისე სწრაფად იცვლიან საკუთარ პოზიციებსა და განწყობას,ვერასდროს ხვდებიან ვინ დაიწყო ჩხუბი.

აი,კირჩხიბი მხიარული და დამჯერია და უცებ იღუშება. სანამ ტყუპები ცდილობს მის მხიარულებაზე აეწყოს,კირჩხიბს განწყობა ეცვლება. ახლა ის მთვარის მესამე ფაზას ექვემდებარება,რომელიც სიმშვიდისა და განმარტოებისკენ უხმობს. მაგრამ მთვარე ისევ შეივსება და ის კვლავ მოცინარ „მთვარეულად“ იქცევა. სამაგიეროდ,ახლა მერკური უბიძგებს ტყუპებს  სარკაზმისა და  ბასრი კრიტიკისკენ. ეს ღრმა ჭრილობებს აყენებს კირჩხიბის სათუთ გრძნობებს. ტყუპები კიდევ ერთხელ გამოიჩენს ძალისხმევას… ეს შეიძლება უსაშველოდ დიდხანს  გაგრძელდეს_ორივეს ნერვულ აშლილობამდე. როგორღაც ბოლო უნდა მოუღონ ამას და თავიანთი განწყობების გრაფიკებს გადახედონ. არსებობს რამდენიმე გამოსავალი.

ისინი შეიძლება სასტარტო ხაზს დაუბრუნდნენ (მაგალითად იმ დღეს,როდესაც მათი პლანეტები ერთ რითმში მუშაობენ) და შეეცადონ შეათანხმონ ცვალებადი განწყობები. ერთად იცინონ,ერთად იტირონ,ერთად მოიწყინონ,ერთად იმედოვნონ და ერთად გაუმკლავდნენ ამ ყველაფერს. თუ ამის გაკეთება ვერ მოახერხეს,იმ მიზეზით,რომ მათი ვარსკვლავები სხვადასხვა სიხშირეზე ვიბრირებენ, ყოველ შემთხვევაში,წინააღმდეგობას მაინც აირიდებენ. საჭიროა მხოლოდ საკუთარ თავს და ერთმანეთს აღუთქვან: თუ კირჩხიბი  კარგ განწყობაზეა და ტყუპები დათრგუნულია,კირჩხიბი მას გაახალისებს; თუ ტყუპები მშვიდად არის,კირჩხიბი კი შეშფოთებულია,ტყუპები შეეცდება შეამსუბუქოს მისი ტანჯვა. როდესაც ტყუპები ბედნიერია,კირჩხიბი კი გაღიზიანებული,რატომ უნდა მისცეს მას საკუთარი თავის განაწყენების საშულება? როდესაც კირჩხიბი მშვიდია,რატომ უნდა გააღიზიანოს  ტყუპებმა? ორივეს სჭირდება,რომ აღმერთებდნენ და არა ჩაგრავდნენ. თუ ეს პირობა შეინარჩუნეს,მათი განწყობები თანდათან ერთ ტალღაზე გაიჟღერებს,თუმცა პერიოდული ჩიხები ყოველთვის იქნება.

კირჩხიბი,ჩვეულებრივ,მომთმინებით იტანს ტყუპების ორმაგ ნაკლს_მოუსვენრობასა და დისტანციურობას. ტყუპები კი,დროთა განმავლობაში,შეეცდება კირჩხიბის ღირსებების,მოთმინებისა და მგრძნობიარობის,ზუსტად იმიტირებას. თუმცა ერთ გაკვეთილს ვერაფრით ითვისებს: იმას,რომელიც ფულს ეხება. ტყუპებთა უმეტესობა ჩიტის საკენკივით აბნევს ფულს. კირჩხიბები_მიდასივით აგროვებენ. მერკურიელის კაპრიზული დანახარჯები და მთვარეულის ხელმომჭირნეობა,ცხადია, უკიდურესობებია და ფინანსური თანხმობა სადღაც მათ შუაშია.

კირჩხიბის დაგროვებისკენ სწრაფვა განპირობებულია შიმშილის შიშითა და საიმედოობის საჭიროებით. თუ მისი შინაგანი უსაფთხოების მოთხოვნა ემოციურად დაკმაყოფილებულია,მას აღარ დასჭირდება ასეთი ფინანსური სიმყარე. ტყუპების ფულთან მარტივად გამოთხოვების ტენდენცია მოტივირებულია იმით,რომ ის დიდ სიამოვნებას განიცდის,როდესაც ხარჯავს და არა აგროვებს ფულს. თუ ტყუპებს საკმარისი ემოციური თავისუფლება და გონებრივი საკვები აქვს,ის არ ხარჯავს ამდენ ფულს მერკურიანულ მოთხოვნებზე და არც ისე ექსტრავაგანტულად იქცევა. ტყუპებს უყვარს საზოგადოება,ის ყოველთვის აქტიური უნდა იყოს გონებრივად ან ფიზიკურად,სასურველია ერთიცა და მეორეც. ტყუპები აღმერთებს რესტორნებს ორი მიზეზით: ჯერ ერთი,საჭმლის მომზადება არ უყვარს და მეორეც,მას ძალიან მოსწონს გარემოს შეცვლა. კირჩხიბი უპირატესობას სახლში ჭამას ანიჭებს,რაც მას მყუდროებასა და ბავშვობას ახსენებს. არანაკლებ სიამოვნებს დედასთან სადილობა,რაც კიდევ უფრო მეტად მოაგონებს წარსულ,ბედნიერ დროს… ამ ყველაფერმა შეიძლება რამდენადმე  გააუფერულოს მათი ურთიერთობა,თუ თავიდანვე გადამწყვეტი მოქმედებებით არ აღკვეთეს ეს უკიდურესობები.

ორივე ფანტაზიებისა და ოცნებების სამყაროში ცხოვრობს. კირჩხიბს მათ სექსუალურ ცხოვრებაში მგრძნობიარობა შეაქვს, ტყუპებს_წარმოსახვა და მრავალფეროვნება. ტყუპებისთვის დამახასიათებელია მოულოდნელი იდეები. მისი გაგება,ვნების შესახებ, შეიძლება იცვლებოდეს,მაგრამ საბედნიეროდ,კირჩხიბს საკმარისად განვითარებული აღქმადობა აქვს,რომ საკუთარი სურვილები მისას შეუსაბამოს. მათი სასიყვარულო ურთიერთობა არ იქნება ერთფეროვანი_მათი სურვილები მთვარის ფაზებთან ერთად შეიცვლება,რადგან,როგორც იცით,ღამის მნათობი არის პასუხისმგებელი ემოციათა მიქცევ-მოქცევაზე. ტყუპები შეამჩნევს კირჩხიბის თბილ და საიმედო დამოკიდებულებას მათი სექსუალური სიახლოვის მიმართ და მისი დაკარგული ბავშვის გული ნდობით აღივსება. კირჩხიბის გულს კი უთუოდ ეამება ის,რამდენად დელიკატურად ეძებს ტყუპები მის სინაზეს.

კირჩხიბი ხშირად იმდენად პატივს სცემს თავის საყვარელ ქალს,ისეთი შთაბეჭდილება იქმნება,რომ შეიძლება ბოლომდე ვერ მიეცეს ვნებას: რა იქნება უცებ რომ შემაოტყდეს ეს სათუთი ყვავილი.  მაგრამ ტყუპები,თავისი დელიკატური მანერებისა და ჰაეროვნების მიუხედავად,სულაც არ არის ასეთი თოთო.  მას უნდა რომ ზრდასრული ქალივით ეპყრობოდნენ და არა საყვარელი ბავშვივით. როდესაც ისინი სიბნელეში განმარტოვდებიან,ტყუპები ისე მიეკვრება,მის ყველა შიშს გააქრობს. ბევრ ტყუპებს არ უყვარს სრულ სიბნელეში ძილი,მაგრამ ამ მამაკაცთან  ნამდვილად შეუძლია დაივიწყოს ეს შიში. ბევრ კირჩხიბსაც არ მოსწონს სანათლის გარეშე დაძინება. მაგრამ როდესაც მის გვერდით ტყუპები იმყოფება,სიბნელე მისი მეგობარი გახდება და  ღამის კოშმარები,რაც ასე ხშირად სდევთ მთვარის შვილებს,შორეულად მოეჩვენება,სანამ ტყუპებს მის მკლავზე სძინავს. კირჩხიბი დაწყნარდება და მშვიდობას მოიპოვებს ტყუპებთან,საკუთარ თავსა და მთელ სამყაროსთან…მას შემდეგ,რაც ისინი ერთად გაიზიარებენ სარეცელს. ასე იქნება იქამდე,სანამ  ტყუპისცალი კვლავ არ დაუძახებს გოგონას და მის თვალებში ისევ გაჩნდება გაუცხოებული მზერა…აი,მაშინ კირჩხიბმა უნდა მოახერხოს და დაიჭიროს ის.

გარეგნულად მორცხვ კირჩხიბს ძალიან უყვარს წვეულებები და ადამიანები,მუსიკა და ცეკვა,თუმცა შეიძლება არც აღიაროს ეს. სწორედ ამ ქალს შეუძლია მისი განმარტოების ჯავშნიდან გამოტყუება. შეიძლება საცეკვაოდ,ფეხით სასეირნოდ,ცხენებზე საჯირითოდ,აფრებით საცურაოდ ან რომელიმე შორეულ ქვეყანაში სამოგზაუროდ. ისინი ერთად გაიხსენებენ,როგორ ცხოვრობდნენ იქ ოდესღაც წარსული ცივილიზაციის დროს. იქნებ სწორედ კირჩხიბმა აღმართა ის თასი,ტყუპებმა კი მძივი ჩამოაცვა,იქნებ სწორედ მათი წარსული განსხეულებებია გამოსახული ბრიტანეთის მუზეუმში?

ტყუპებ გოგონას ნებისმიერ რამეში შეუძლია დაარწმუნოს კირჩხიბი მამაკაცი,მაგრამ ყველაზე ადვილად მოგზაურობაზე დაიყოლიებს. განსაკუთრებით ისეთ ადგილებში,სადაც ძველი ნანგრევები და მუზეუმებია,რაც ასე იზიდავს მის მთვარეულ ბუნებას. კირჩხიბი წარსულში ცხოვრობს და მისი ყველაზე ტკბილი ოცნება,რომლისგან გამოფხიზლებაც არ უნდა,კვლავ იქ მოხვედრაა. შესაძლოა ყველაფერი ასეც  მოხდეს. ტყუპები ხომ ჰაერზე ცხოვრობს,სადაც ოცნება რეალობაა,რეალობა კი_ოცნება. სავარაუდოდ,კირჩხიბი გაიგებს ამას,სადაც არ უნდა გაემართონ. ტყუპები მუდამ მის წინ გაიელვებს ჰაერში გაშლილი თმებით,ხანდახან მოიხედავს ხოლმე,რომ შეამოწმოს,იქ არის თუ არა. თუმცა არც სჭირდება მოხედვა,მან იცის,რომ კირჩხიბი მასთანაა; იცის,რა მტკიცეა მისი სიყვარული და როგორი შეურყეველია მისი ერთგულება. ტყუპები მთელი ცხოვრება იმ თვალებს ეძებს,სადაც ამოიკითხავს “სახლში დაბრუნდი“,ისევე როგორც კირჩხიბი სულ იმ მზერას ეძებს,რომელიც აგრძნობინებს: “ვარსკვლავებს ვუახლოვდებით!“.

მაშ ასე,თითოეული ხედავს მეორეს თვალებში გამოუთქმელ სურვილს იმ პირველი ჯერიდან,როდესაც მათი მზერები პირველად და მოულოდნელად შეხვდნენ ერთმანეთს ხმაურიან ქუჩაში…ან ოთახში. მაშინ  ისიც კი არ იცოდნენ,როგორ მიემართათ ერთმნეთისთვის,მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა,რადგან მათმა გულებმა რჩეული გულით იხმეს.

ტყუპებმა შეიძლება საჩუქრებით აავსოს კირჩხიბი,ის კი,თავისი ფრთხილი ნატურის გამო, გაოგნებული იქნება ასეთი იმპულსური ექსტრავაგანტულობით,მაგრამ მის თვალებში აღტაცების წმინდა ცრემლები გაიელვებს_ის ხომ ისე უყვართ! კირჩხიბი მორცხვად,მაგრამ ამაყად აჩვენებს მის საჩუქრებს მეგობრებს. გესმით ეს ამტკიცებს,რომ ის მართლა ძალიან უყვართ. ტყუპები თავისი მყისიერი,ელვისებური ინტუიციით გრძნობს მას და სურს ყველა  შობის დილის დარდი აუნაზღაუროს,როდესაც კირჩხიბი იმედგაცრუებული იყო. საიდან იცის ტყუპებმა ეს ? კირჩხიბს ხომ არასდროს მოუყოლია.  მან იცის,რადგან უყვარს ეს კაცი. სიყვარული კი ისეთი საოცარი რამ არის,კირჩხიბის ცვალებად განწყობასთან გამკლავებაც შეუძლია. მაშინ ის მოდუნდება და რამდენიმე ლურჯ,ვერცხლისფერ და იისფერ ლენტას შეკრავს თავისი გოგოს საჩუქრებზე. როდესაც კირჩხიბი დარწმუნებულია,რომ ის მთელი გულით უყვართ,მისი საპასუხო სინაზე უსასრულოა და ათასმაგად ბრუნდება… და კირჩხიბი მოურიდებლად ტირის ბედნიერებისგან.

კირჩხიბი ყოველთვის ნამდვილი ლედივით მოეპყრობა ტყუპებს,ისიც სათანადოდ მოიქცევა. ტყუპებისთვის ის გალანტური ჯენტლმენია,საიდანაც ხანდახან პატარა ბიჭი იჭყიტება და ეს საამოდ ეხება მის გულს. მაშინ ტყუპები ტირის,რადგან კირჩიხიბი ისე მგრძნობიარედ რეაგირებს წყენაზე,მიუხედავად მისი გარეგნული აუღელვებლობის მყარი ჯავშნისა. ის პოეტია და ტყუპებმა პირველმა ამოიცნო ეს.

ტყუპები გოგონა,მიუხედავად ცვალებადი ნიღბებისა,გაცილებით უფრო რეალისტია,რაც ყოველთვის დამატყვევებლად მოქმედებს კირჩხიბ მამაკაცზე. ტყუპებს ძალიან უყვარს მისი სახის გამომეტყველების ცქერა,როდესაც ისინი კირჩხიბის მთვარეული ემოციების ფერებსა და ტონებს აკვირდებიან.

როგორიც არ უნდა იყოს,მერკურიელი ჩიტის ნამდვილი ასაკი,ის ყოველთვის ახალგაზრდაა,ჩაფიქრებული და ნაზი; მისი კანი და თვალები მუდამ სუფთაა,როგორც ბავშვის. ის სავსეა ჯადოსნური ოცნებებით,რომელიც მაინც ლოგიკურია. ზოგიერთ ოცნებას ის გზაში კარგავს,ზოგსაც ახალი ამაღელვებელი განცდის გამო ივიწყებს. ღრმა და წმინდა ოცნებებს საკუთარ თავში კეტავს. დაჟინებულმა კირჩხიბმა შეიძლება დაიყოლიოს მისი საიდუმლო ოცნებების გაზიარებაზე,თუ იჩქარა,ტყუპების ერთ ადგილზე შეჩერება ხომ ძალიან რთულია. ამას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს,მაგრამ მას შეუძლია ლოდინი.

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

სტატიის ავტორი Qet Adastra


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top