ტყუპები და ლომი

ტყუპები და ლომი

_გზა,ტყუპებო!..

„ეს დიდი კატა ისეთი თავდაჯერებულია. შეიძლება ეს მხოლოდ იმის მცდელობაა,რომ ყველას და საკუთარ თავსაც რაღაც დაუმტკიცოს?“_ეს არის ტყუპების ტიპური მსჯელობა.

როდესაც ლომი ზანტად ათვალიერებს და შეისწავლის ტყუპებს,მასაც მსგავსი აზრი უჩნდება: “მთელი ეს გონებრივი და ფიზიკური აქტიურობა რაღაცას უნდა აკომპენსირებდეს.  მგონი ამ აღმოსავლეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ-სამხრეთის ერთდროულად ათვისების მცდელობით იმის დამალვა უნდა,რომ გაფუჭებული კომპასით დაიკარგა ტყეში.“

ორივე მართალია. დიახ,ლომი ცდილობს საკუთარ თავს და ყველას დაუმტკიცოს ქედმაღალი ყოყოჩობის რეალობა,რომ შინაგანადაც ისეთივე მამაცია,როგორც ჩანს. დიახ,ტყუპებიც ცდილობს თავის მეორე „მეს“ და ყველა დანარჩენს დაუმტკიცოს,რომ წინ მოძრაობს და არა წრეზე.

რადგან მათი ნიშნები სექსტილის დადებითი ასპექტით არიან განლაგებულნი,ისინი ინტუიციურად გრძნობენ ერთმანეთს და განწყობილნი არიან მეგობრობისთვის,მიუხედავად დროდადრო წარმოქმნილი განსხვავებებისა. როდესაც ისინი ერთად უსტვენენ მელოდიას,უფრო მარტივად არწმუნებენ თავს,რომ ყველაფერი კარგადაა. მორიელებისგან განსხვავებით,რომლებიც ღრმად და შეურყვევლად არიან დარწმუნებულნი საკუთარ აღმატებულებაში,ლომები თვლიან,რომ თუ საკმარისად ხმამაღლა იღრიალებენ,ვერავინ დაეჭვდება,რომ რამის ეშინიათ. ამასთან,ეს შიშები ხანდახან  სულაც არ შეესაბამება იმას,რაც შეიძლება სინამდვილეში მოხდეს. ჯუნგლების(ასევე ნებისმიერი სამეფოს_საკლასო ოთახის,ოფისის,სახლის) მეფემ არადროს უნდა დაკარგოს სახე თავის ქვეშევრდომებთან,რომლებიც პატივს სცემენ და ეთაყვანებიან მონარქიას მხოლოდ იმიტომ,რომ მათი ბელადს ნებისმიერი საფრთხის დროს დიდებული დახვეწილობით,სამეფო ღირსებითა და სიბრძნით მოქმედება შეუძლია. მონარქიის კვიტესენცია ეს არის კეთილშობილი სულისა და ხასიათის ძალის გადატანა მასებზე. უცნაური და გასაკვირია,მაგრამ ლომი,რომელიც ამ როლს თამაშობს,ხშირად რეალურადაც ასეთი ხდება და თავის გასაკვირად და აღსაფრთოვანებლად აღმოაჩენს,რომ თურმე ყველაფერი ზუსტად ისეა,როგორც აქამდე  არწმუნებდა სხვებს თავისი ღრიალით.

ტყუპებიც ასეთივე ბედნიერად გრძნობენ თავს თვითმოტყუებაში. როდესაც ტყუპები სხვის თვალში საკუთარი ოცნებების ღირებულებას ზრდის,ის მისთვისაც უფრო ფასეული ხდება. ისინი ამაღელვებელ ისტორიებს ყვებიან ო ჰენრის სტილში,რომელიც უშრეტი ენთუზიაზმითა და შთაგონებით არის გაჯერებული. წარმოსახვითი მტევნით ტყუპები მშვენიერ არარსებულ სამყაროს ხატავს და როგორღაც იმასაც ახერხებს,რომ საღად მოაზროვნე ადამიანებსაც ისევე სჯერათ ამ სამყაროს რეალობისა და ლოგიკურობის,როგორც თავად მას. და სამყაროს კანონების თანახმად,ასეთი კოლექტიური რწმენის ძალით,ადრე თუ გვიან,მერკურის ოცნებები მატერიალიზდება.

ლომი გრძნობს,რომ ტყუპები სიმართლეს ყვება,რადგან ის ყველაფერს ზუსტად „ასე“ ხედავს და მისი უდიდებულესობის  უზარმაზარი გულის კარიც სიხარულით იღება მონათესავე სულისთვის. მათი ურთირთობა იმ სიმღერას ჰგავს,კინოფილმიდან „მეფე და მე“:“ყველა დააჯერე რა გულადი ხარ და ყველაფერი გამოგივა. შენ იმდენად გულადი შეგიძლია იყო,რამდენადაც ყველა დაიჯერებს ამას!“

„მერკურიელ ჩიტებს“ სწყინთ,როდესაც მათი ჯადოსნური სახებების წარმოქმნის ნიჭი არაერთგვაროვნად აღიქმება. მათ ვერაფრით გაუგიათ რატომ უწოდებენ სხვებს შემოქმედებით პიროვნებებს,გამჭრიახ ვაჭრებსა და მოხერხებულ ბიზნესმენებს; ტყუპებს კი,იგივე თვისებების გამო,თაღლითებად,აფერისტებად და მატყუარებად ნათლავენ; უკეთეს შემთხვევაში,გაიძვერობასა და ფაქტებით მანიპულირებაში ადანაშაულებენ.

ტყუპები ჯერ კიდევ ბავშვობაში  აცნობიერებდნენ,რომ ილუზიები ყველაზე საიმედო სიმდიდრეა. ბროდვეის ვერც ერთ სცენაზე ვერ ნახავთ ამდენ მოქმედებასა და ფერს,რამდენსაც „გონების თეატრში“. ტყუპები ყველა როლში მოსინჯავს საკუთარ თავს_ვარსკვლავების,სახასიათო და სტატისტი მსახიობების,დირექტორისა და  მუსიკოსის. რატომაც არა?  და მაინც ვარსკვლავობასთან,დირექტორობასა და პროდუსერობასთან ფრთხილად უნდა იყოს. თუ სადმე,ოდესმე რაღაც წარმოდგენა ინიშნება,ნამდვილი თუ წარმოსახვითი,შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ,რომ დირექტორობას,პროდუსერობას და მთავარ როლში ვარსკვლავურ გაბრწყინებასაც ლომი შეეცდება.

სიმართლე რომ ვთქვათ,ტყუპებს დეკორატორობა უფრო მოსწონს,ვიდრე „ბისზე“ გასვლა. პატივმოყვარე ლომს ძალიან სჭირდება აპლოდისმენტები. ლომების მსგავასად,ტყუპებიც აფასებენ პრესის ყურადღებას და ისიც შეუძლიათ მეოთხე ხელისუფლება საკუთარ თავზე ალაპარაკონ. მაგრამ თუ ის ტიპური ტყუპებია,მოხერხებულად გადგება განზე,სანამ პროცესი შეუქცევად ხასიათს მიიღებს.  ამ შემთხვევაში,საქმე ის არ არის,რომ ტყუპები ცვალებადია. უბრალოდ როდესაც თქვენ ჩანხართ,მოწყველადი ხდებით დაკვირვებული და ცნობისმოყვარე მზერებისთვის. ზუსტად ამიტომ ტყუპებთა უმეტესობა უხერხულად გრძნობს თავს მიღებებზე,თუ სხვა სახებით არ არიან შენიღბულნი და მოხერხებულად მალავენ თავიანთ ორმაგ თუ სამმაგ პიროვნებას. ტყუპების წიაღში,მატრონა ბებიასავით,კიდევ ერთი მთლიანი ადამიანია,რომელსაც გარეთ გამოხტომა სწადია. მაგალითად,მრგვალსახიანი ტყუპების შიგნით,რომელმაც სიმსუბუქე და სიმკვირცხლე დაკარგა,რადგან რაღაც ფარული დანაშაულის გრძნობის გამო ბევრი ჭამა დაიწყო,მაინც ცოცხლობს მისი გამხდარი და სწრაფი ტყუპისცალი. მსუქან ტყუპებს უკიდურესად იშვიათად შეხვდებით და თუ შეხვდით,მათ არ აწუხებთ წმინდად გარეგნობასთან დაკავშირებული  კომპლექსები,მაგრამ… ასე ადვილად გამოირჩევიან ხალხში,ეს კი მთელ თამაშს აფუჭებს.

პიროვნული მომხიბვლელობისა და სიკოხტავის,ამ ორმხრივი ნიჭის წყალობით,ტყუპებს შეუძლია ლომების ბრწყინვალე მომთვინიერებელი გახდეს. სხვა ვინ შეძლებს ლომის დარწმუნებას ორმაგ ცეცხლოვან სალტეში გადახტეს? ცხოვრებაში ეს დაახლოებით ასე გამოიყურება:

ლომი: “როგორ გამოვიყურები? მე ვგულისხმობ,როგორ ვჩანვარ ხალხში?“

ტყუპები: “ნუ,შენ უაზროდ ეგოისტური და მედიდური ხარ,მაგრამ ასევე გახსნილი,მეგობრული და დიდსულოვანი“. მწარე სიმართლე ლომს დასაწყისშივე უნდა უთხრათ,შემდეგ კი სწრაფად დაასრულოთ წინადადება ქათინაურით.

ლომმა შეიძლება პატივმოყვარეობის გამო დაიჟინოს: “სხვებიც შენსავით კარგად ხედავენ ჩემს ღირსებებს? თუ ასეა,რატომ არ მაფასებენ სათანადოდ?“

ტყუპები: “რა თქმა უნდა,ხედავენ. ყველამ იცის,რომ ფანტასტიური პიროვნება ხარ. მართალია,მხოლოდ საკუთარი თავით შეპყრობილი და დაკავებული ეგოცენტრიკი… სამაგიეროდ,გამოსათაყვანებელი ორგანიზატორი. ნებისმიერს,ვისაც ამაში ეჭვი ეპარება,უბრალოდ შურს შენი“.

გესმით ეს როგორ მუშაობს? ლომთან საუბარში ცივი ფაქტები თბილი მლიქვნელობის ლუკმებს შორის უნდა ჩაალაგოთ,მაგრამ როდესაც ამ ბუტერბროდს ტყუპები აიარაღებს,თქვენ ისღა დაგრჩენიათ,განზე  გადგეთ,უცქიროთ და ისწავლოთ.

ლომები მართლაც შესანიშნავი ორგანიზატორები არიან და საკმარისად მუდმივები,რომ მოთმინებით ელოდონ წარმატებულ შედეგებს. მაგრამ მათ შეიძლება ნერვებმა უმტყუნოთ,როდესაც  ტყუპების ცვალებადობას გადააწყდებიან. ლომები განცვიფრებლები უცქერენ,როგორ აგდებენ ტყუპები ძველ შეხედულებებს,მეგობრებს,სამსახურს; ისე,რომ უკან არც კი იხედებიან,რომ გაანალიზონ ან დაინტერესდნენ მაინც. უფრო მშვიდი ლომისთვის,სისწრაფე ყოველთვის ღირსებას არ წარმოადგენს,ამიტომ ის სულ მალე იგრძნობს აუცილებლობას,ტყუპებს რამდენიმე გაკვეთილი ჩაუტაროს:

„შენ ისე გიყვარს ქაფის მოხდა,მაგრამ ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება! შენმა საამაყო გონებამახვილობამ შეიძლება უამრავი ხვრელი გააჩინოს  საღ აზრში და ის მაშინ გიმუხთლებს,როდესაც ყველაზე ნაკლებად ელოდები. დამიჯერე,ოდესმე მადლობას მეტყვი ამ გაფრთხილებისთვის“.

ლომები გიჟდებიან ადამიანების ჭეშმარიტების გზაზე დაყენებაზე და დარწმუნებულები არიან,რომ ერთხელაც ისინი,რომელთაც ასე კეთილგანწყობილნი ხელმძღვანელობდნენ,მოძებნიან და მადლობას გადაუხდებიან სიბრძნის მარგალიტებისთვის. თითქოს ტყუპებს ამის დრო აქვს რა! რაც შეეხება იმ ხვრელებს,რომელზეც ლომი აფრთხილებს,ტყუპები უბრალოდ გახტება მათში და ისევ თხელ ყინულზე გავა. იდგეს მერე ლომი და იბუზღუნოს:“ნუთუ არადროს ჩავარდნილხარ?“

კარგი,ჰო!.. დიახაც,რამდენჯერმე გამოუჭერიათ საკუთარი გონების წყალობით,მაგრამ რაზე უნდა იღელვოს,როდესაც კეთილშობილი ლომი ბოლო წუთას გადაარჩენს? მაშინ ლომი გაწითლდება და  გაკეკლუცება(მორიდებულად),სანამ მას მლიქვნელობის საყვარელ  დითირამბებს უმღერებენ: “შენ აბსოლუტურად მართალი იყავი! მადლობა,რომ დროულად გამაფრთხილე. არ ვიცი,უშენოდ რა მეშველებოდა!“_ყვირის ტყუპები და შეიძლება გულწრფელადაც უხარია ორმაგი იღბალი: თავისუფლებას პლუს სამეფო პროტექცია.

„ოჰ,დიდი არაფერია_მორცხვად პასუხობს ბედნიერებისგან აკრუტუნებული ლომი_ბრძენისა და ძლიერის ვალია,სულელები და სუსტები დაიცვას. მაგრამ სამომავლოდ გაითვალისწინე,ისე მოიქეცი,როგორც მე გეუბნები და პრობლემები აღარ შეგექმნება“.

„ოქეი,გპირდები!“_მხიარულად ყვირის ტყუპები და ისინი იყრებიან. მაგრამ გულის სიღრმეში ტყუპებმა იცის,რომ ლომმა სიმართლე უთხრა. საგანგაშო,გამაღიზიანებელი,გასაცოფებელი… მაგრამ სიმართლე.

 

 

 

 

ტყუპები მამაკაცი და ლომი ქალი

  

_მე ვფიქრობ ეს ქალი უნდა იყოს…

ქალი,რომელიც,ბოლოს და ბოლოს,ყველას მოგვივლის_

თქვა ერთერთმა ტყუპისცალმა.

ყოველი ძუ ლომი თვლის,და თქვენც უნდა აღიაროთ,რომ მამაკაცი,რომელიც მას უყვარს,მის უნიკალურ საკუთრებას უნდა წარმოადგენდეს. ის უნდა იყოს საიმედო მეგობარი და არანკლებ საიმედო და ძლიერი მამაკაცი,რომელიც იმავდროულად გააღმერთებს. ეს გადაჭარბებულად მაღალი მოთხოვნებია. განსაკუთრებით მაშინ,თუ მას ტყუპების მოთვინიერება გადაუწყვეტია.

ისევე როგორც ზოგადად ცხოვრებაში,სასიყვარულო თამაშებშიც ტყუპებს უყვარს რჩევების დარიგება და მას ყოველთვის რამდენიმე ტუზი აქვს გადამალული სახელოებში. ტყუპებმა ყველაფერი იცის,მაგრამ დაუზუსტებლად. მას ურჩევნია ყველაფრის ოსტატი იყოს,ვიდრე ერთი საქმის პროფესიონალი.

ტყუპები ჰაერის ნიშნით არის დაბადებული და ყოველთვის ცვლილებები სწადია. ორი დიდი ასტროლოგიური მოთამაშის,ლომისა და მშვილდოსნისგან განსხვავებით,ტყუპებს სწრაფი მოგება და დამარცხება უნდა,შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება. მსხვილი ფსონების გაკეთება  კარიერაზე,ოჯახურ კავშირებზე,მეგობრობასა თუ სიყვარულზე_ტიპური ტყუპები მამაკაცისთვის არ არის. ყოველ შემთხვევაში,სანამ ახალგაზრდაა იქამდე მაინც(თქვენ უნდა გაითვალისწინოთ,რომ მისი სიჭაბუკე უსაშველოდ დიდხანს შეიძლება გაიჭიმოს და იმისთვისაც მზად იყავით,რომ ხანდახან  ტყუპები საერთოდ არ იზრდებიან). ტიპური მერკურიელი მამაკაცისთვის ცხოვრება ერთგვარი თამაშია,სადაც ყოველთვის ჩნდები ახალი მიზნები. ამ თამაშში კი,ტყუპების აზრით,ის იმარჯვებს,ვინც მოქნილი და სწრაფია,ვინც ყველაფერს ასწრებს. სულაც არ არის მნიშვნელოვანი იმის დადგენა,საიდან ჩნდება ყველაფერი. მთავარია მიზანში გაარტყათ,ეს ისეთი სასიამოვნოა!

მაგალითად,ავიღოთ ქალი. ტყუპებმა მამაკაცმა ძალიან კარგად იცის (ყოველ შემთხვევაში,ფიქრობს,რომ იცის),ვისთან იქნება კარგად_ვინც ხელს არ შეუშლის. ასევე კარგად იცის,ვისგან დაიჭიროს თავი შორს_ვისაც ჰგონია,რომ ფრენა მხოლოდ ჩიტებს შეუძლიათ. ტყუპებმა შეიძლება გადაწყვიტოს,რომ ლომი ქალი პირველ კატეგორიას ეკუთვნის,რადგან ის დანამდვილებით არ მოქაჩავს სახელოებზე. მართლაც,რა საჭიროა ასეთი სიხისტე,როდესაც ლომს სხვა,უფრო დახვეწილი მეთოდები აქვს მის დასამუხრუჭებლად?

ეს,როგორც უკვე გითხარით,ერთერთი საბედისწერო ფორმულაა,დიდი ხნის წინათ დაგეგმილი და ზეცად გადაწყვეტილი. იმ შემთხვევაშიც,თუ მეგობრობით ან სიყვარულით არ დასრულდა,ეს ურთიერთობა კარმული ვალდებულებებით არის  დატვირთული  და ბედისწერისგან ხელდასმული. თავის მიჯაჭვულობებში მუდმივი ლომი ქალისთვის არც ისე მარტივი იქნება ტყუპების მორჯულება. ეს პროცესი სულაც არ ჰგავს სხვა მამრობითი სქესის ასტროლოგიური ცხოველების მოთვინიერებას. ეს გაცილებით რთული შემთხვევაა. ტყუპების ნიშნის ბიჭუნა მოუხელთებელია,ამასთან დუალისტურიც. მას ყოველთვის მზად აქვს მომხიბვლელობით შენიღბული სათადარიგო საიდუმლო გასასვლელი  და თქვენ ვერც შეამჩნევთ,როგორ წავა თქვენგან. მაგრამ ძუ ლომს სულაც არ აშინებს მერკურიანული ხრიკები,რადგან ის არასდროს კარგავს თავს მამაკაცისთვის. ეს მამაკაცები კარგავენ თავს მისთვის! ყოველთვის გახსოვდეთ!

მოთვინიერების პროცესს ხელს უშლის მომხიბვლელობის ბურუსი,რომელიც ჭეშმარიტებას მალავს. მაგრამ არსებობს უფრო სერიოზული დაბრკოლებებიც. მაგალითად ,ის,რომ ტყუპებისთვის ყველა ქალი ერთამენთს ჰგავს_ისინი ემუქრებიან მის თავისუფლებას,ბრალს სდებენ უღირს ქცევებში და მისგან მოითხოვენ,რომ დღესაც ისევე უყვარდეს,როგორც გუშინ. განა ეს შესაძლებელია? ამიტომ ლომ გოგონას მოუწევს დაარწმუნოს,რომ ის არ ჰგავს სხვა ქალებს. მაშ ასე,ლომი მის მოთვინიერებას დაიწყებს; ტყუპები კი ყურს დაუგდებს მის ნაბიჯებსა და ხმას; შეიგრძნობს,რომ მისი აურა განსხვავდება ყველა სხვა ქალის აურებისგან დედამიწის ზურგზე. შეიძლება ლომმა იმის შემჩნევაც ასწავლოს,რომ ოქროს ბრწყინვალება მის თვალებში ძალიან ჰგავს ქარვას. ამიტომ ყოველთვის,როდესაც სახლიდან შორს სახეტიალოდ წასული ტყუპები ქარვის ბეჭედს დაინახავს,მას აუცილებლად გაახსენდება მისი თბილი ღიმილი,ამაყი სული,გასხივოსნებული თვალები და…სახლში დაბრუნდება.

ლომმა უნდა დაარწმინოს ტყუპები,რომ ის უნიკალური ქალია,რადგან ეს მართლაც ასეა. ის დაბადებიდან კეთილშობილი ქალბატონია და ასეთები მეტნი არ არიან. ის შეიძლება ბალახში გორიალობდეს,ხეებზე დაცოცავდეს,თვითონ აკეთებდეს გაფუჭებულ ნიჟარას და საერთოდ,ნებისმიერ რამეს,მაგრამ მას არასდროს ტოვებს სამეფო დიდებულების აურა. თხის რქა ქალის მსგავსად,ლომიც ბრწყინვალედ აღზრდილი ადამიანის გარეგნობას ფლობს და მოიხედავად იმისა მისი დიდებულება რეალურია თუ მოჩვენებითი,ის ყოველთვის ასე ჩანს. თუმცა,აქვს ლომს დიდების აბჯარში ერთი მოშიშვლებული ადგილი_პირმოთნებისადმი ღიად მორჩილების ტენდენცია. რაც შეეხება,ყველაფერ დანარჩენს… ტყუპები მამაკაცი,რომელმაც გადაწყვიტა,რომ ამ ქალს შეიძლება მედიდურად უწოდოს „პატარავ“,მალე გაიგებს სიტყვა „ქალბატონის“ მნიშვნელობას.

ტყუპები იმასაც მალე მიეჩვევა(უსიამოვნოდ),რომ ყველა აპლოდისმენტი ლომს ერგება. მნიშნველობა არ აქვს,რამდენად ალერსიანად ლაპარაკობს ის ან რამდენად აღფრთოვანებული შესცქერის მას,თითქოს ტყუპებია ამ წარმოდგენის ვარსკვლავი. როგორი ლამაზი,უდარდელი, გონებამახვილი და ინტელიგენტურიც არ უნდა იყოს ტყუპები,ლომის მხარეს ყოველთვის უფრო მეტი თავი ტრიალდება. არის მასში რაღაც, კეთილშობილი თავდაჭერილობა; ზანტი არიტოკრატული მანერები; ის უბრალოდ ჟესტიც კი,რა უდარდელად იწევს ფაფარს თვალებიდან,სამეფო ქარიზმის მაჩვენებელია.

ლომს სულაც არ უნდა ტყუპებს აწყენინოს,უბრალოდ ის ვერაფერს უზამს იმ ფაქტს,რომ ყველა თვალი მას აშტერდება. საბედნიეროდ,ტყუპები მესაკუთრე არ არის და სრულიად დასაშვებია,ლომის პოპულარობა მისი უნიკალურობის კიდევ ერთ დამადასტურებელ ფაქტად ჩათვალოს.  რისი თქმა შეიძლება რიგით მოკვდავ ტყუპებზე,თუ თვით პრეზიდენტი ჯონ კენედიც(ტყუპები),საფრანგეთში წარმოდგენილი იყო,როგორც:“მამაკაცი,რომელიც ჟაკლინ ბუვიეს პარიზში ვიზიტისას ახლდა თან“. ჟაკლინ კენედი,როგორც ცნობილია,ერთერთი თვალსაჩინო ძუ ლომი იყო…

აქაც დროდადრო საჭიროა ურთიერთდათმობა. არაფერი აცივებს ლომს ისე,როგორც ტყუილი ან ორგულობა მეუღლის მხრიდან და აქ არ იგულისხმება მხოლოდ ნამდვილი ღალატი. უწყინარი ფლირტიც გააგრილებს ლომის მხურვალებას. ტყუპებ მამაკაცს უფრო მარტივად გადააქვს მისი ეჭვიანობის შემოტევები,ვიდრე ლომი ვერ ამჩნევს,ტყუპების სხვადასხვა ფერის წინდებს,რადგან ზუსტად იმ დროს კატეგორიულად „ვერ ხედავს“.  ამიტომ ამ შემთვევაში ნამდვილად კარგია,რომ ტყუპები ყველაფერს გაცილებით მარტივად აღიქვამს,ვიდრე  უმრავლესობა და დანამდვილებით იმაზე მსუბუქად,ვიდრე ცეცხლის ძლიერი ნიშანი,ლომი.

თუმცა თუ ლომმა შეძლო და მართლა მოათვინიერა ტყუპები,ეჭვიანობა ამ წყვილის მთავარი პრობლემა ნამდვილად არ არის. სამაგიეროდ,პრობლემა შეიძლება გახდეს…სიყვარულის ტექნიკა. ლომი,რომელიც უყვართ,გამორჩეულად ნაზი და მოსიყვარულე ქალია,ბობოქარი ვნებებითა და  მგრძნობიარობით. მაგრამ როდესაც მას უგულვებელჰყოფენ,ის,ისე როგორც არც ერთი სხვა ზოდიაქოს ნიშნის ქალი,მიდრეკილია ფრიგიდულობისკენ. ლომი იმ ქალებს არ მიეკუთვნება,ვინც შემწყნარებელი სახით გაიღიმებს მორცხვი სტუდენტის მოუხერხებელ ქცევებზე. ის ელის მამაკაცს,რომელმაც კარგად იცის,რომ სიყვარული  მთელი ხელოვნებაა. ტყუპები მამაკაცი თავად არის ხელოვნების,მომხიბვლელობისა და სინაზის განსახიერება. მაგრამ მისი შეხება იმდენად მსუბუქია,წინასარიტუალო საცდუნებელი უვერტურები კი_იმდენად ჰაეროვანი,ლომს ხშირად ეჩვენება,რომ ტყუპები შეიძლება პირდაპირ მის თვალწინ აორთქლდეს მატერიიდან. ასე რომ,ტყუპებმა უნდა გააორმაგოს თავისი სურვილები. მისი წარმოსახვითი უნარების გათვალისწინებით,ეს არც ისე რთულია.

თუ ტყუპებმა ლომ ქალს ისიც აგრძნობინა,რომ მისი სექსუალური მაგნიტიზმის წინაშე სრულიად უმწეოა… ლომს სჭირდება იმის მოსმენა,რა მშვენიერი და სასურველია,რომ ბოლომდე გახსნა შეძლოს. ქალი მშვენიერია,როდესაც ის უყვართ და განსაკუთრებით ეს ქალი ლომია.

ორივე ნიშანში არის ექსტრავაგანტულობა; იმაში,როგორ საუბრობენ ან როგორ ხარჯავენ ფულს. ორივეს დახვეწილი გემოვნება აქვს და ორივეს ძალიან უყვარს მოგზაურობა,ლიტერატურა და ხელოვნება. ისინი შესანიშნავად ფლობენ ადამიანთა გულების დაპყრობის ხელოვნებას: ლომი თავდაჯერებულობით,ტყუპები პირადი მომხიბვლელობით.

თქვენ უკვე გაიგეთ,რომ ლომის ნიშნის ქალს შეუძლია მარტივად მოათვინიეროს ტყუპები თუ ყოველთვის ეხსომება,როგორ უნდა დაიჭიროს ეს დაუდგრომელი,აქტიური და ცნობისმოყვარე „ჩიტი“. გინდათ თქვენც სცადოთ? რა თქმა უნდა,ეს გარკვეულ მოთმინებას მოითხოვს. ჯერ თვალებით გაუღიმეთ,მაგრამ არ იმოძრაოთ ზედმეტად სწრაფად,ამან შეიძლება დააფრთხოს. ჩუმი კონტაქტი დასაწყისში საუკეთესო ვარიანტია,რადგან სიტყვები,განსაკუთრებით ამ ორ ნიშანს შორის,ხშირად ხდება  გაუგებრობების საბაბი მომავალში. შემდეგ ყოველდღიურად,თანდათან, ძალიან პატარა მანძილებით შეამცირეთ დისტანცია… დაე,მან ვერასდროს იგრძნოს,რომ მის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება.

 

 

 

 ტყუპები ქალი და ლომი მამაკაცი

ტყუპები ლომს მასზევე შეთხზულ  ისტორიებს უყვება,

რომელსაც ის ხალისით უსმენს…

 

ლომმა შეიძლება ნებისმიერი დაარწმუნოს,რომ ნაპოლეონის კომპლექსი არ აწუხებს და არც საყოველთაო ყურადღებას საჭიროებს,მაგრამ არა ის ქალი,რომელსაც უყვარს,მით უმეტეს თუ ეს ქალი ტყუპებია. ერთხელ ჩემი კარგი ნაცნობი ტყუპები ქალი თავის მეგობრებს უმტკიცებდა,რომ მის ქმარს არ ახასიათებს მისი მზის ნიშნის ნეგატიური თვისებები:“ის სრულიად არ არის კადნიერი. თავმდაბალი ადამიანია და არც საკუთარ თავს აყენებს სხვებზე მაღლა“.

მორცხვი ლომი დაეთანხმა. „მე არ მაქვს სურვილი ადამიანებზე ვიბატონო_მშვიდად ჩაიბურტყუნა მან,_ჩვეულებრივი ბიჭი ვარ“. მისმა ცოლმა სწრაფად დაამატა:“ის ჩვეულებრივ ბიჭზე მეტია,სრულიად განსაკუთრებული. მე იმას ვგულისხმობ,რომ მასში არ არის ძალაუფლების სიყვარული და ეგოიზმი“.

ამ სცენამ ყველა დამსწრე გააცურა. ცხადია,შემეძლო განმენათლებინა სტუმრები,მაგრამ ჩემმა მეგობარმა ტყუპებმა ისე მოხერხებულად შეიყვანა ლომი კმაყოფილი კრუტუნის მდგომარეობაში,უბრალოდ ხელი ვერ აღვმართე ამ პატარა მერკურიანული თამაშის ჩასაშლელად.

როგორ ფიქრობთ,რას საქმიანობს ეს „ჩვეულებრივი ბიჭი“,როდესაც მოდუნებული არ ზის და ცოლისგან ქათინაურების მსუყე ულუფებს არ იღებს? ის კანონის განსაკუთრებული,ცბიერი ნაწილით არის დაკავებული,რომელიც საზღვარგარეთ ნავთობის გადამუშავების წესებს არეგულირებს.  ის ძალიან დიდ ფულს გამოიმუშავებს იმით,რომ მსხვილ სანავთობო ფირმებს ეუბნება,რისი გაკეთება შეუძლიათ და რისი არა. როდესაც თქვენ რჩევებს აძლევთ მილიარდერებს და ნავთობის მეფეებს ხანდახან ცხვირწინ თითებსაც უწკაპუნებთ,სადღა უნდა დაიამოთ თავმოყვარეობა უფრო მეტად?

ლომი,რომელსაც აქვს პატივმოყვარეობის გასავარჯიშებელი და სიბრძნის სადემონსტრაციო არეალი,თავს უფლებას აძლევს საზოგადოებაში მორცხვი და თავმდაბალი იყოს. განსაკუთრებით თუ ისეთი ცოლიც ჰყავს,რომელმაც ზუსტად იცის,როდის რა თქვას და მას არ უწევს ვულგარულ ტრაბახამდე დაშვება.

ეს კარმული კავშირია,რომელსაც განგება განაპირობებს და წინა განსხეულებების  „მეხსიერების“ ფრაგმენტებს ინახავს,არამარტო სიყვარულსა და მეგობრობაში,საქმიან და ოჯახურ კავშირებშიც. ლომი მამაკაცი ხშირად გრძნობს ვალდებულებას ასწავლოს ტყუპებ გოგონას ყველაფერი,რაც მის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა. ლომს ისედაც უყვარს ინსტრუქტორობა და ახლა,როდესაც   ვალდებულადაც თვლის თავს,ტყუპები ზედოზირებულ ლომურ ლექციებზე გაცილებით მეტს უნდა ელოდოს. მაგრამ ზუსტად ის მეხსიერება,რომელიც ლომს დამრიგებლობისკენ უბიძგებს,მასში გაუცნობიერებლად წარმოშობს პროტექციის სურვილსა და მადლიერების გრძნობას,წარსულ განსხეულებებში მიღებული დამხარებისთვის.

ტყუპებსაც სურს დაიცვას ლომი ყველა წყენისგან,რაც მის თავმოყვარეობაზე ღრმა ჭრილობებს ტოვებს. მისი შემეცნებითი გული  დროულად კარნახობს,როდის რა თქვას,რომ ლომში სინაზე და გულუხვობა გააღვიძოს. ბუნებრივია,ლომს ეს ეამება,რაც ორივეს სიამოვნებას მიანიჭებს და შეიძლება ურთიერთაღტაცებადაც გადაიქცეს.

ძირითადად,ისინი შეთავსებადები არიან,მაგრამ ეს სულაც არ გამორიცხავს ბუნტს ორივე მხრიდან. ტყუპების ჰაეროვანმა განურჩევლობამ შეიძლება რისხვა გააღვიძოს ლომის გულში. ეს ალი ნელა ღვივდება,მაგრამ მისი ჩაქრობა ძალიან ძნელდება. მაშინ ტყუპებმა შეიძლება კამათი წამოიწყოს თავისი სარკაზმის გასავარჯიშებლად,რაც მტკივნეულად შეეხება ლომის თავმოყვარეობას. თუ ტყუპებს მისი  გატაცებები და ინტერესები,სახლის გარეთ,ლომის ყოველდღიურ თაყვანისცემაში ხელს უშლის,ნებისმიერი მონარქივით,ყურადღება მოკლებული ლომი მყისვე ღალატზე აიღებს ეჭვს. საბრალო ქალი ვერც კი ხვდება,რა შარში გაჰყო თავისი ორი თავი!

რადგან ლომი ცვალებად ტყუპებზე  მუდმივი და შესაბამისად,პრაქტიკულია,მას ბევრი რამ აღიზიანებს. მაგალითად,ის,რომ ახალი წიგნით გართულ ტყუპებს შეიძლება ვახშამი დაავიწდეს;  ან როდესაც ტელეფონზეა ჩამოკიდებული მაშინ,როცა ლომს სადმე აქვს დასარეკი; ან როდესაც თეატრში წასვლას გადაიფიქრებს,ლომმა კი ბილეთები უკვე შეიძინა; ან როდესაც გასაღებს კარგავს… თავად ლომი არასდროს დაუშვებდა ასეთ დაუდევრობას. მაგრამ ის ნამდვილი მამაკაცია და ვის,თუ არა მას,შეუძლია ყველაფერს ჭეშმარიტად სამეფო სულგრძელობით მოეკიდოს?!

მართალია,ტყუპები გოგონა აღფრთოვანებულია რჩეულის სიმტკიცით,პატიოსნებითა და გონებით,მაგრამ ერთხელაც შეიძლება მოსწყინდეს,მაშინ ის ლომის გაღიზიანებას დაიწყებს ან თავს არასრულფასოვნად აგრძნობინებს. მაგალითად,ტყუპებმა შეიძლება ფრიად ძვირიანი გასართობ ღონისძიებებზე სიარული დაიჟინოს მაშინ,როდესაც ლომს ამის საშუალება არ აქვს,მაგრამ ძალიან ამაყია,რომ ამაში გამოტყდეს. ლომი ღრიალს მოჰყვება,მაგრამ ყველაფერი ამით შემოიფარგლება,რადგან ტყუპები დროულად გაიხსენებს მაშველ პირმოთნეობას და სწრაფად გადაერთვება ახირებული,ჭირვეული ტყუპებიდან მგრძნობიარე,ერთგულ და ქალურ ტყუპებზე. რაც შეეხება ტყუპების ინტერესებს,ლომი არ იქნება წინააღმდეგი,კარიერა გაიკეთოს_ბალეტით დაკავდეს,მუმიების კოლექციონირებას მიჰყოს ხელი ან პეპლები გაახმოს. მთავარია,ლომს არ აჯობოს არაფერში!  ტყუპებმა გოგონამ არ უნდა გააღიზიანოს თავისი ამაყი ლომი,იმაზე მინიშნებით,რომ ნამდვილი მეფეები თავიანთ დედოფლებს ჯუნგლებში ნადირობის ნებას რთავენ,სანამ თავად მზეზე თბებიან. მაშინ დედოფალი შეიძლება სამუდამოდ გამოითხოვონ ნადირობიდან პრაიდში,ანუ სახლში და რომელ ტყუპებს შეუძლია მხოლოდ ამით შემოიფარგლოს? მაგრამ ისინი,მადლობა ღმერთს,ჯუნგლებში არ არიან და ლომში ნამდვილად არის ჭეშმარიტი კეთილშობილება.

ტყუპებსაც უნდა ჰქონდეს ჭეშმარიტად დიადი მიზანი ცხოვრებაში. მაგალითად,ყოველთვის იზრუნოს,რომ ლომი ბედნიერი და კმაყოფილი იყოს.  ქალს,რომელსაც მეფე უყვარს,მაინც  უზარმაზარი პრივილეგიები აქვს. ლომი გულუხვი და ძლიერია,კეთილშობილი და დიდსულოვანი,მისი „ეგოც“ ასეთია,თუ საჭირო მიმართულებას მისცემთ. ამასთან,ის ბრწყინვალე საყვარელია და სულაც არ აპირებს სექსუალური დამპყრობელი იყოს. ის მოსიყვარულე მონოგამიური მონარქია. ტყუპებ ქალს მსუბუქი შეხებები და სექსისადმი „ჰაეროვანი“ მიდგომა აქვს და ამას შეუძლია ლომში მხურვალე ალი გააჩაღოს. ყოველ შემთხვევაში თავიდან. თუმცა დროთა განმავლობაში ლომმა შეიძლება იგრძნოს,რომ მას რაღაც აკლია. სანამ სიყვარულით არის დაკავებული ერთერთ ტყუპისცალთან,მეორე მშვიდად ადევნებს თვალყურს ამ პროცესს. ასეთ „სეპარატიზმს“ ლომი ღრმა ტრავმებამდე მიჰყავს!

ლომისთვის,მისი მხურვალე გულით,სექსი სინაზისა და ვნების სინონიმია. ტყუპების სიყვარულში კი არსებობს რაღაც გაურკვეველი,გაუცხოებული და დისტანციური. ლომი შეიძლება ფიზიკურად დაეუფლოს კიდეც ტყუპებს,მაგრამ მერკურიელი გონება მის ბოლომდე დაპყრობის საშუალებას არ მისცემს. ამან შეიძლება ლომი საკუთარ მამაკაცურობაში დააეჭვოს. მაშინ ტყუპები ჩივილს დაიწყებს,რომ ლომმა სიყვარულის მიმართ ინტერესი დაკარგა,თუმცა სიმართლე ის არის,რომ ლომს  მისი სიცივე და დუალიზმი უშლის ხელს. ლომს ძალიან ეშინია არასრულფასოვნების,მაგრამ არ უნდა ამის ჩვენება. ვერაფერი ტკენს ლომის გულს ისე,ვიდრე იმაზე ოდნავი მინიშნებაც კი,რომ იდეალური საყვარელი არ არის. ტყუპებს უნდა ახსოვდეს,რომ ეს მამაკაცი სიყვარულში იდეალისტია და მთელი თავისი მერკურიული წარმოსახვით აჰყვეს თამაშში. მათ სიყვარულს რომანტიკა და სენტიმენტალიზმი სჭირდება. მაგალითად,ჩუმი მუსიკა ფიზიკური სიყვარულის დროს. თუ ლომი ხანდახან ძალაუფლებისმოყვარე და  მედიდურია,ტყუპებმა თავისი ლინგვისტური უნარები უნდა გაიხსენოს და ლომის ბრძანებები ვნებისა და სიყვარულის ენაზე უნდა გადათარგმნოს.

„შენ ძალიან ბევრს ლაყბობ. არ შეგიძლია ხანდახან გაჩუმდე?“_ყველაფერში ლომის დაჭრილი პატისმოყვარეობაა დამნაშავე,რადგან მისმა მეგობარმა ტყუპებმა,თავისი მკვირცხლი და მახვილი გონების წყალობით,ისევ მასზე ეფექტურად გაიბრწყინა საზოგადოებაში.

„არ არის საჭირო,სადმე წავალ და იქ შევჭამ“_ლომს ყურადღება აკლია და მის სიამაყეს დაამება სჭირდება.

„უარი თქვი შაბათს მიწვევაზე. უთხარი,რომ არ შეგვიძლია მისვლა. მოუბოდიშე როგორღაც და სახლში დავრჩეთ“_ეს კი იმას ნიშნავს,რომ მას სახლში დარჩენა უნდა თავის ტყუპებთან,ორივესთან. ლომისთვის კი ეს სიყვარულია!

მომზადებული ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

სტატიის ავტორი Qet Adastra


About Qet

Scroll To Top