ტყუპები და მერწყული

ტყუპები და მერწყული

მიზნები ცისარტყელას ორივე ბოლოშია…

იმის წყალობით,რომ ამ სქემაზე ტრიგონის იღბლიანი ენერგია ვრცელდება,ტყუპები და მერწყული,როგორც წესი,ისევე ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს,როგორც  ორი ტერმიტი ერთ ხის ბოძში.  მიუხედავად ამისა,ნათალური პლანეტების სხვა ასპექტების გამო,დროდადრო შეიძლება გაუჭირდებთ ურთიერთგაგება.

ტყუპებსა და მერწყულს შორის ძირითადი გაუგებრობის მიზეზი  ჭეშმარიტებაა. ტყუპები ყოველთვის გაურბის მას,რადგან ჭეშმარიტება მისთვის მრავალი რთული მნიშვნელობის ნაერთია და ეშინია მის აბლაბუდაში არ გაიხლართოს. მერწყული პირიქით,ყოველთვის ეძებს ჭეშმარიტებას_ნათელსა და მარტივს,ლამაზი ეპითეტებითა და პირადი შეხედულებებით შეუფერადებელს. ტყუპებისთვის ჭეშმარიტება უზარმაზარი ოკეანეა,რომელშიც თევზებივით იმალებიან ნახევარსიმართლეები,მთელი ეს „შეიძლება“,“თუ“ და „დავუშვათ“… მერწყულისთვის ჭეშმარიტება გამჭირვალე წყლის წვეთია,ფაქტის ფორმით გამოსახული. მერწყული მუდმივი ჯვრის ნიშანია და მუდმივობა სიჯიუტესაც გულისმოხბს. თუ თქვენ მოგეჩვენათ,რომ მერწყულის შენიშვნებში ქალწულისა და მშვილდოსნის სიმართლის მაძიებელი გამოძახილები გესმით,კიდევ ერთხელ მიაყურადეთ და მიხვდებით,რაზეც ვსაუბრობ.

თითქმის ყველაფერში,რასაც მერწყული აკეთებს,არსებობს თვალშისაცემი განსხვავება ჩვეულებრივი ადამიანებისგან. მერწყულები არაორდინალური კი არა,ექსტრაორდინალური ხალხია. მაგრამ ძირითად თემას მივუბრუნდეთ. სიმართლე ის სფეროა,რომელზეც ტყუპებსა და მერწყულს შორის  ხშირად წარმოიქმნება ცხარე დისკუსიები.

ყველას არ ესმის ეს ფაქტებზე დაფუძნებული ჭეშმარიტება. ქალწულისგან განსხვავებით,სიმართლის ძიებისას, მერწყული არ არის მეწვრილმანე და პედანტი,არც კუროსა და თხის რქასავით კონსერვატულია. ურანიული შემეცნება ყველა გამოცდილებისთვის გახსნილია. ყველაფერი,რისი დაინტერესებაცა და წარმოდგენაც  ადამიანის გონებას შეუძლია,მერწყულისთვის სავსებით რეალურია,რაც არ უნდა თქვან მეცნიერებმა თუ მოყვარულებმა. თუმცა,მიუხედავად იმისა,რომ მერწყული აბსოლუტურად ყველაფერს შესაძლებლად მიიჩნევს,ის მაინც ინარჩუნებს ობიექტურობას და არ აღიარებს თეორიას მანამ,სანამ საბოლოოდ არ დარწმუნდება,რომ მისი განხორციელება რეალობაში შესაძლებელია. ამისთვის კი აუცილებელია ფაქტები. ასე რომ,როგორც ხედავთ,მერწყული ფანტაზიებისა და ფაქტების,წარმოსახვისა და რეალობის ძალინ საინტერესო სინთეზია.

და მაინც,ტყუპებსა და მერწყულს უფრო უკეთ ესმით ერთმანეთის,ვიდრე დანარჩენ ნიშნებს მათი. ისინი თანაუგრძნობენ,ფილოსოფოსობენ და განიცდიან ერთ ტალღაზე ან სულაც საერთო ვიბრაციულ სიხშირეზე,რაც გინდათ, ის უწოდეთ. როგორც წესი,მათ არ აწუხებთ ერთმანეთის განწყობათა ცვალებადობა,უცნაურობები, აღმაფრენები და მკვეთრი გადახვევები. ძალინ იშვიათად,რომ ტყუპებმა და მერწყულმა პირველივე შეხედვიდან აითვალწუნონ ერთმანეთი ან ერთად ყოფნა მოსწყინდეთ. ამისთვის მათ სინასტრიულ რუკაში პლანეტათა უკიდურესად დისჰარმონიული განლაგება უნდა იყოს.

მართალია,მერწყულის ასტროლოგიური სიმბოლო წყლის მღვრელი მამაკაცია,მაგრამ ის ტყუპებივით ჰაერის ნიშანია და არა წყლის. თქვენ იკითხავთ რატომ? ვერ გეტყვით. მე ვიცი,რომ ამაში,ერთი შეხედვით,არავითარი აზრი არ დევს_ეს ალოგიკური,წინააღმდეგობრივი და უცნაურია. მაგრამ განა მერწყული თვითონ ასეთი არ არის? ყველა მერწყული გარკვეულწილად გადარეულია. ტყუპები იმ იშვიათი ადამიანების რიცხვშია,ვინც მერწყულის ამ „თავისებურებას“ მაშინვე ამჩნევს,რადგან დროდადრო თვითონაც ასეთია. როდესაც ტყუპები და მერწყული ერთ რითმში აფრენენ,მათთვის ეს ძალზედ მოსახერხებელია_არავისთვის არაფრის ახსნა აღარ უწევთ.

თუ ორივე თავისი მზის ნიშნის ტიპური წარმომადგენელია,მაშინ ისინი მიწაზე კი არა,სადღაც სხვა რეალობაში არსებობენ. ბუნებრივია,როდესაც ასეთი შესაძლებლობა წარმოიქმნება,ისინი სწრაფად პოულობენ ერთმანეთს,რომ  არაამქვეყნიურ,დაშიფრულ ენაზე ისაუბრონ. ტყუპებისა და მერწყულის ნამდვილი სამყარო ტოლკიენმა აღწერა,რომელიც შეიცავს „გაცილებით მეტს,ელფების,ფერიების,გნომების,ალქაჯების,ტროლების, გოლიათებისა და დრაკონების გარდა. ის შეიცავს მზესა და მთვარეს,ზეცასა და დედამიწას და ყველაფერს,რაც მასზეა_ხეებსა და ჩიტებს,წყალსა და ქვებს,ღვინოსა და პურს… და ჩვენც,უბრალო მოკვდავებს,თუ მოჯადოებულები ვართ“.

ყველა ადამიანი როდესმე მაინც განიცდის მოჯადოების მომენტებს,მაგრამ ტყუპები და მერწყული,როგორც ჩანს,მარად მოჯადოებულნი არიან. მათი შთაბეჭდილებიანი შემეცნება აღტაცებითა და ცნობისმოყვარეობით არის სავსე,ნამდვილი ბავშვური ცნობისმოყვარეობით! ტყუპები ბავშვი და მერწყული,რომელიც მეორედ გადის ბავშვობას.

მათ შეუძლიათ ერთიან დინებაში შეერწყან,შემდეგ დაშორდნენ და თითოეული თავისი გზით წავიდეს. შემდეგ ისევ დაახლოვდნენ. მართალია,მათ შორის კამათს მღელვარების მთელი გრიგალის გამოწვევა შეუძლია,მაგრამ  ის ზაფხულის შხაპუნა წვიმასავით  უვნებელია და ისე სწრაფად იდარებს,გარშემო არაფერი ზიანდება.

ტყუპებიცა და მერწყულიც სხვებზე უკეთესად  ხედავენ ბევრ საკითხს. ამასთან,ტყუპებს  თავისი შეგრძნებების ვირტუოზულად გადმოცემაც ეხერხება. თუმცა ორივე რებუსებისა და ტვინის არევის ნამდვილი დიდოსტატია. ტყუპები უთუოდ დააბნევს ნებისმიერ ათეისტს,ორაზროვანი განცხადებით,რომ ნებისმიერ მეცნიერს შეუძლია ვაშლში კურკები დაითვალოს,მაგრამ მხოლოდ ღმერთს ძალუძს კურკებში ვაშლების დათვლა. მერწყული,ტყუპების აფორიაქებულ ქცევებთან დაკავშირებით,მცირედი გესლით შენიშნავს,რომ ერთდღიანი პეპელა,ჩრდილსაც არ ტოვებს,ეჭვების გარდა. როგორ,როგორ?.. ყურადღებით უნდა უსმინოთ! მერწყულს არ უყვარს გამეორება. აი,ტყუპები ხალისით გაგიმეორებთ ნათქვამს,მხოლოდ ყოველ ჯერზე განსხვავებულად.

ეს ბრწყინვალე წყვილია: ერთმანეთისთვის გადაშლილი წიგნები,სხვებისთვის_თავსატეხი გამოცანები. მათთან ვერაფერს გათვლით წინასწარ. ადამიანთა უმეტესობა სიმპათიით არის განწყობილი ორივე ნიშნის მიმართ და მაინც,საშუალო დედამიწელისთვის ორივე საკმაოდ რთული ამოსახსნელია. ერთად ისინი ბევრს ხმაურობენ,მაგრამ განა შეიძლება ამისთვის გაუბრაზდეთ?

ხან ერთად გამოიმუშავებენ ფულს,ხან ერთად კარგავენ. მაგრამ,სავარაუდოდ,არასდროს აღიარებენ,რომ ეს დანაკარგია და არა შენაძენი. საერთოდ,ორივე  ხშირად ანაცვლებს ამ სიტყვებს. არა,ისინი არ იტყუებიან,უბრალოდ მათ იციან ის,რაც სხვა ადამიანებს არ ესმით: ნებისმიერი რამ საკუთარ თავში შეიცავს თავისი არსის წინააღმდეგობას.

იქნებ ამიტომ არ შეუძლიათ დიდხანს სტაბილური  მდგომარეობის შენარჩუნება. თუ საქმეები ძალიან კარგად მიდის,ისინი უკმაყოფილოები არიან. ამ ნიშნებს უჩვეულოდ მაღალი თავსებადობადობის კოეფიციენტი აქვთ. ხშირად გამომწვევად იქცევიან და ნერვებსაც უშლიან ერთმანეთს. თუმცა მათ შეუძლიათ მშვენივრად გაერთონ ერთად,ერთ ორბიტაში იმოძრაონ და ყვავილებით მორთონ ჩვენი მოხუცი,დაღლილი დედამიწა,რაც ასევე ხშირად ხდება სხვების გაღიზიანების მიზეზი.

ტყუპებმა იცის,რომ ჭეშმარიტება ყველასთვის სხვადასხვანაირია. მერწყული აცხადებს,რომ არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება,რომელიც ყველა სხვა სიმართლეზე მაღლა დგას და მისი სახელი სიყვარულია. მხოლოდ  არა უბრალო სიყვარული,ქალსა და მამაკაცს შორის,ყველა ქალისა და ყველა მამაკაცის სიყვარული ერთმანეთისა და მთელი სამყაროს მიმართ… ტყეებსა და ზღვებში,დედამიწასა და ჰაერში.

დიახ, ზეშემეცნებით ტყუპებს ბევრი რამის სწავლა შეუძლია ზეგამჭრიახი მერწყულისგან,რომელიც სიბრძნის წყალს ატარებს. მერწყულის  უძირო დოქში ხომ იმდენი არაჩვეულებრივი საიდუმლოა,რომელთაც ვერავინ აღმოაჩენს ტყუპებზე სწრაფად.

 

 

 

ტყუპები მამაკაცი და მერწყული ქალი

_მაშინ მე ქენსინგთონის ბაღში გავიქეცი და დიდხანს,

დიდხანს ვცხოვრობდი ფერიებთან.

გოგონამ გულწრფელი აღტაცებით შეხედა და მან გაიფიქრა,

რომ ის მისი გაქცევით აღფრთოვანდა.

სინამდვილეში გოგონას აღტაცება

მისი ფერიებთან ნაცნობობით იყო გამოწვეული.

 

ეს ორი აუცილებლად შეამჩნევს ერთმანეთს ხალხმრავლობაში და ამას უამრავი მიზეზი აქვს. თუმცა მთავარი მუსიკაა,რომელიც ორივეს და ხშირად  მხოლოდ მათ ესმით. მერწყული ყოველთვის გრძნობდა,რომ მას ვერ უგებენ. ადამიანები მასზე  არასწორად მსჯელობენ,როდესაც თვლიან,რომ ამ თავნება გოგონას თავი ველური გამოგონებებით აქვს გამოჭედილი და რამდენიმე საუკუნით ადრე დაიბადა. ტყუპებს ასე არ მიაჩნია. თუმცა აქამდე არც მისი ესმოდათ რიგიანად. ადამიანები არასწორად მსჯელობენ,როდესაც მას არასაიმედოდ, ენაჭარტალად და აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ თვლიან. თითქმის ყველა,მერწყულის გარდა.

ტყუპებისა და მერწყულის ნათესაობის პირველი შეგრძნება პატარა უფლისწულისა და მფრინავის შეხვედრას ჰგავს. მფრინავმა ბავშვობაში  მახრჩობელა გველი დახატა,რომელმაც სპილო გადაყლაპა. ვისთვისაც არ უნდა ეჩვენებინა ნახატი,ვერავინ ხვდებოდა,რომ მასზე მახრჩობელა გველი იყო გამოსახული,რომელმაც სპილო გადაყლაპა და მისი ნახატი ყოველთვის ქუდი ეგონათ. როდესაც შენი არ ესმით,თავს ისე მარტოსულად გრძნობ… ერთხელ,უკვე ზრდასრულმა მფრინავმა უდაბნოში უცნაური ბიჭი შეამჩნია,რომელმაც სთხოვა,მისთვის ბატკანი დაეხატა. გაღიზიანებულმა მფრინავმა ისევ ის ნახატი დახატა,თავისი ბავშვობიდან,რომელიც ყველას ქუდი  ეგონა,მაგრამ პატარა უფლისწულმა თავი გააქნია და თქვა:“არა,არა! მე არ მინდა მახრჩობელი გველი,რომელმაც სპილო გადაყლაპა. მე მხოლოდ ბატკანი მჭირდება. დამიხატე ბატკანი“.

აი,ის მუსიკა,რომელიც ვიგულისხმე. თქვენ არაფრის ახსნა არ გჭირდებათ,თქვენი ისედაც ესმით! მხოლოდ მუსიკას და არა გაცვეთილ სიტყვებს შეუძლია გადმოსცეს ის სიხარული,რომელიც თქვენს სულში წამოდუღდება,როდესაც მარტოობაში გატარებული წლების შემდეგ ისეთ მონათესავე სულს იპოვით,რომელსაც  სრულიად(და არა თითქმის) ესმის ყველა თქვენი საიდუმლო მისწრაფება,რასაც ამდენი ხანი დასცინოდნენ სხვები.

მოგვიანებით აღმოჩნდება,რომ ეს მუსიკა,სადღაც სასიყვარულო სიმფონიის შუაში,რამდენიმე უსიამოვნო ნოტსაც შეიცავს. მაგრამ ეს ნამდვილად წვრილმანია,იმ დისჰარმონიული და წყვეტილი რითმების ფონზე,რასაც ორივე ითმენდა ცხოვრების განმავლობაში,სანამ ერთმანეთს შეხვდებოდნენ. მართალია,იდეალური ურთიერთობა არ არსებობს,მაგრამ ეს კავშირი ყველაზე მეტად უახლოვდება სრულყოფილებას. თუ მათი მნათობები ტრინის ან სექსტილის დადებით ასპექტში იმყოფებიან,მათ საოცარი ჰარმონიის მიღწევა შეუძლიათ ცხოვრებასა და სიყვარულში. ასეთი დახმარების გარეშეც,ისინი უფრო შესაფერისები არიან,ვიდრე ბევრი სხვა ზოდიაქალური კომბინაცია. თუ დაშორება მაინც ვერ აიცილეს,როგორც წესი,ყოველთვის ახერხებენ ახლო მეგობრობის შენარჩუნებას.

თუმცა ერთერთი მათგანი  მაინც უსწრებს მეორეს ზოდიაქოში,სულიერი განვითარებისა  და კარმული გამოცდილების თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში ეს მერწყულია,რომელიც  ზეცნობიერებით თავის საყვარელ ტყუპებზე ბრძენია. ამიტომ სწორედ მას მოუწევს მეტის გაღება და მეტის მოთმენა. მერწყულთა უმეტესობას კარგად ესმის,რა არის მოთმინება. ურანი,რომელიც მას ჰუმანიზმს ასწავლის,თავის შვილებში ძლიერ ავითარებს მეგობრობის,გაგებისა და ძმობის სულს. როგორც წესი,მერწყულ გოგონას უამრავი მეგობარი ჰყავს. ყოველ შემთხვევაში,სხვა ნიშნის მამაკაცების აზრით,ნამდვილად ასეა. მაგრამ ტყუპები ბიჭუნა თვითონაც იმდენად არის გართული სოციალური ურთიერთობებით,დროც კი არ აქვს ამის შესამჩნევად. თუ ისინი თავიანთი ნიშნის ტიპური წარმომადგენლები არიან,მათი სახლი ყოველთვის ახლობელი თუ სრულიად უცნობი ადამიანებით იქნება სავსე.

მათ ბევრი შეცდომის დაშვება შეუძლიათ,მაგრამ ეს ყოველთვის საინტერესო შეცდომები იქნება და ძალიან იშვიათად მოსაწყენი. ტყუპების შეცდომა ის მოლოდინია,რომ მერწყული ოდესმე მის წვრილმან ტყუილებს შეეგუება. მერწყული ქალები ყველანაირი ტიპის კავშირში სრულიად მართალ და გახსნილ ურთიერთობაზე აცხადებენ პრეტენზიას. ისინი ყოველთვის იმას აკეთებენ,რაც უნდათ და ამას არასდროს მალავენ,მიუხედავად იმისა,საზოგადოებრივად გამართლებულია თუ არა. მაგრამ ტყუპები მამაკაცი საკმარისად გამჭრიახი და ჭკვიანია,რომ მერწყულის არაგულწრფელობის ერთერთი საინტერესო ნაირსახეობა შენიშნოს,რაც გულისხმობს დეტალების  გამოტოვებას. დიახ,მერწყული სიმართლეს ამბობს,მხოლოდ მის ნაწილს. ის არასდროს ხსნის ყველა ბანქოს. როდესაც ტყუპები ამაში დაადანაშაულებს,მერწყული გაკვირვებასა და წყენას გამოხატავს. ტყუპები არაგულწრფელობის სხვა ნაირსახეობასაც ამჩნევს: ხანდახან მერწყული ისეთი მეთოდებით გამოხატავს თავის განცდებს,მისი სწორად გაგება მხოლოდ მასსავით არანორმალურს შეუძლია.

ტყუპებისა და მერწყულის სიმართლესთან თამაში ძალიან რთულია და მხოლოდ მათ შეუძლიათ ყველა კვანძის გახსნა. ამას ხან აკეთებენ,ხან არა,თუმცა ცდას არ აკლებენ_მოგეხსენებათ,ორივეს ძალინ უყვარს ინტელექტუალური თამაშები,ორივე მოყვარული მაძებარია და ინსტინქტურად ამჩნევენ ყველა დეტალს. ტყუპებში კარგად შეამჩნევთ ამ ნიჭს; მერწყულში_ყოველთვის ვერა,რადგან ის უმანკოებითა და გულგრილობით არის შენიღბული.

მერწყული ცდება,როდესაც თვლის,რომ ტყუპები იმას გულისხმობს,რასაც ამბობს. ტყუპები საერთოდ არადროს ამბობს იმას,რასაც სინამდვილეში გულისხმობს. სიტყვებს ის სატყუარად იყენებს იმისთვის,რომ მოხიბლოს,დაარწმუნოს,გადააფიქრებინოს ან მოთაფლოს; ხანაც იარაღად იმისთვის,რომ დამცინავად გააღიზიანოს და გული ატკინოს.

ქალების ერთერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული შეცდომა,ტყუპებ მამაკაცთან,არის მისი თანდასწრებით ტირილი. ზედმეტად ემოციური სცენები მას პატარა ბავშვივით აშინებს და საპასუხოდ ისეთ სიტყვებს წარმოთქვამს,სრულიად ცივი და გულგრილი მოგეჩვენებათ. ეს უბრალოდ იარაღია,რომლითაც ის თავს იცავს იმ ტკივილისგან,რაც თანაგრძნობას ახლავს თან. ტყუპებს არ უნდა ტკივილის მიღება,თუ მისი თავიდან აცილება შეუძლია.

ტყუპები მამაკაცი ისევე დახელოვნებულად ხლართავს სიტყვებსა და წინადადებებს,როგორც ილუზიონისტი ახერხებს თავისი ჯადოსნური ცილინდრიდან ფერადი მძივების,ყვავილებისა და თეთრი ბაჭიების ამოყვანას და მაყურებლის აღტაცებას. დღეს ის ბედნიერია,ხვალ_უბედური,ზეგ_მხიარული და ენერგიით სავსე. მისი ემოციები ნამდვილი და გულწრფელია,უბრალოდ დიდხანს არ გრძელდება. მერწყულ გოგონას სხვა ქალებზე ბევრად უკეთესად გადააქვს მისი ცვალებადობა და იცით რატომ? უმეტესად ის ვერაფერს ამჩნევს,საერთოდ ვერაფერს! ხედავთ ამ შორეულ,ბუნდოვან მზერას მის თვალებში? ის სადღაც ღრუბლებში გაფრინდა  ან მომავალში… და წამსვე გაწყვიტა კონტაქტი დედამიწასთან და ყველაფერთან,რაც მასზეა,ტყუპების ნაირფეროვანი განწყობების ჩათვლით.

ახალგაზრდობაში მერწყული გოგონა თავის შეყვარებულს(ხანდახან წარმოსახვითს) ისეთი აურით მოსავს,რომელსაც საშუალო სტატისტიკური მამაკაცი,სტანდარტული მანკიერებებით,დიდხანს ვერაფრით  მოერგება. დროთა განმავლობაში მერწყული ქალი თავის მოწყველადობას „მეგობრებად დავრჩეთს“ ნიღბის ქვეშ მალავს და თუ ნაკლებს დათანხმდა,გულში მაინც ახალგაზრდობის სენტიმენტალურ ილუზიებს ელოლიავება. ამიტომ,რაც უფრო გვიან ასაკში შეხვდება ის ტყუპებ ბიჭუნას,მით უფრო ნაკლებად ეტკინება გული,რჩეულის თავქარიანი დამოკიდებულების გამო. სავარაუდოდ,ამ დროისთვის მას უკვე კარგად უნდა ჰქონდეს ათვისებული რეალობისგან „გაფრენის“ ილეთი. ეს უცნაური „გაქცევა“ თითქმის ყველა მერწყულს ახასიათებს.

თუ მერწყული ცხოვრებაში არაერთხელ გათხოვდა,ბოლოს საკმაოდ ხანშიშესულ ასაკში ქორწინდება,როდესაც ისეთ ადამიანს აღმოაჩენს,ვინც ურანის სიბრძნეს საჭიროებს. მაშინ ის ცდილობს,რჩეული თავისი ახალგაზრდობის ვარსკვლავურ ოცნებად გადააქციოს,მეგობრობა-სიყვარულის იდეალური მოდელით. სავსებით დასაშვებია,რომ მისი ბოლო სიყვარული ტყუპები იყოს,რომელიც ასევე ეძებს სიყვარულისა და მეგობრობის ნაერთს და რომელიც მერწყულივით ხშირად ურევს ამ ორ გრძნობას.

მერწყულ გოგონასაც და ტყუპებ ბიჭუნასაც შინაგანი თავდაუჯერებლობა სტანჯავთ საკუთარ სექსუალობასთან დაკავშირებით. როდესღაც,წარსულში,ორივეს დანამდვილებით შეექმნებოდა სექსუალობასთან დაკავშირებული პრობლემები. სავარაუდოდ,ამაზე ვიღაცეებმა იზრუნეს,როდესაც მათ არასრულფასოვნებაზე მიუთითეს და სავარაუდოდ,ეს „ვიღაცეები“ ცეცხლის,მიწისა და წყლის ნიშნების წარმომადგენლები იყვნენ. მათ ერთად შეუძლიათ დაამტკიცონ,რომ მათი მისამართით გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლო იყო. ტყუპები და მერწყული იმდენს გასცემენ,რამდენსაც მათგან ელოდებიან და იშვიათად ითხოვენ იმაზე მეტს,რასაც იღებენ_განა ასე არ შეიძლება ბედნიერი წონასწორობის მიღწევა სექსუალურ კავშირში? თუ მათ ნათალურ რუკაში დისჰარმონიული ვენერა და მარსი არ არის,ფიზიკური სიახლოვისგან იმაზე მეტ სექსუალურ სიამოვნებას მიიღებენ,რაც აქამდე ჰქონიათ ან ექნებათ.

ტყუპებ ბიჭუნას და მერწყულ ქალს ხანდახან დაშორებაც უწევთ,მაგრამ  ერთმანეთისთვის ყოველთვის ახლობელ ადამიანებად რჩებიან. როდესაც ტყუპებსა და მერწყულს ტკივათ,ისინი ყოველთვის უკან იხევენ,ემოციურად უსაფრთხო და მშვიდი მეგობრობისკენ. მეგობრობა მშვენიერი რამ არის,მაგრამ ტყუპები და მერწყული ხანდახან მსხვერპლად სწირავენ მას სიყვარულს. სიყვარულს ხომ გაცილებით მეტი რწმენა და სიმამაცე სჭირდება,ვიდრე სასიამოვნო მეგობრობას.

თუ ტყუპები მოახერხებს მიხვდეს,რომ როდესაც მერწყული იცინის,შინაგანად  გულამოსკვნილი ქვითინებს და  როდესაც ტირის,შინაგანად უხარია… თუ მერწყული მიხვდება,რომ ტყუპები დღეს გაფრინდება,მაგრამ ხვალვე უკან დაბრუნდება(ან მომავალ კვირას,მომავალ თვეს,მომავალ წელს,მაგრამ,ადრე გვიან,აუცილებლად!),მათ სიყვარულში ტკივილზე მეტი სიამოვნება იქნება. ერთად მათ სასწაულების მოხდენა შეუძლიათ. მაგალითად, რამდენიმე რეალობის  შერევა ერთ მოჯადოებულ სინამდვილეში.

და დარწმუნებული იყავით,არც ტყუპები და არც მერწყული არასდროს აღიქვამდნენ მახრჩობელა გველს,რომელმაც სპილო გადაყლაპა,ჩვეულებრივ  ქუდად.

 

 

ტყუპები ქალი და მერწყული მამაკაცი

ახლა ყველაფერს უნდა მიხვდეს…

მაგრამ თითქოს არაფერი მომხდარა.

_პიტერ,შენ გინდა,რომ შენთან ერთად ვიფრინო?_ენის ბორძკით ჰკითხა მან.

_რა თქმა უნდა,ამიტომაც მოვფრინდი._ და მსუბუქად დაამატა_

დაგავიწყდა,რომ ახლა გაზაფხულის დალაგების დროა?

მან იცოდა,რომ აზრი არ ჰქონდა იმის თქმას,

უკვე რამდენიმე გაზაფხული გამოტოვა.

გაზაფხული ყველას უყვარს,მაგრამ ვერძები,მერწყულები და ტყუპები მასში რაღაც განსაკუთრებულს, ამოუხნელსა და ჯადოსნურს ხედავენ. ტყუპებმა გოგონამ შეიძლება თავად მოიწყოს გაზაფხული,თუ ჩათვალა,რომ ის მოსვლას აგვიანებს. ამისთვის ის ფლორიდაში ან კალიფორნიაში გადაფრინდება,მზესთან ახლოს,რომ გაზაფხულის მოსვლა დააჩქაროს. მან ჯერ კიდევ ბავშვობაში აღმოაჩინა,რომ როდესაც ბედნიერება აგვიანებს,უამრავი საოცარი რამ არსებობს,რასაც მისი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. და  ამ თერაპიულ საოცრებათა მთავარი საიდუმლო ტყუპებისთვის,რაღა თქმა უნდა,ცვლილებებშია.

ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაიგებს მის ამ მიდრეკილებს ისე,როგორც მერწყული. ჰო,ხანდახან კურო,სასწორი და ტყუპები მამაკაცებიც უგებენ,მაგრამ ბოლომდე მაინც ვერა. მერწყული ზუსტად იმისთვის დაიბადა,რომ სამყაროში ცვლილებები შეიტანოს. თუმცა ერთი პირობით! მას სურს,მის გარშემო მთელი სამყარო და ყველა ადამიანი შეიცვალოს,მაგრამ არა მისი საკუთარი არსი. მერწყულმა შეიძლება შეიცვალოს განწყობა და მანერები,ჩვევები და თვისებები,მაგრამ არა მისი პიროვნება. ყოველთვის გახსოვდეთ,რომ მერწყული მუდმივი ნიშანია.

რომანის დასაწყისში მერწყული ბიჭუნა ხალისით იფრენს ტყუპებ გოგონასთან ერთად,მაგრამ ის არ გადაუხვევს  თავისი კურსიდან. ცხადზე ცხადია,რომ მერწყულის კურსი ყოველთვის ყველაზე საინტერესოა, იდეებითა და შესაძლებლობებით აღსავსე. ეს ყველასთვის ასეა,ტყუპები გოგონას გარდა,რომლისთვისაც კურსი უბრალოდ ბილიკია. მისთვის არაფერია იმაზე დამთრგუნველი,ვიდრე საკუთარ კურსში გაჭედილი მერწყულის ყურება. მეორეს მხრივ,მერწყულის მხრიდან მუდმივობის გამოვლინებები(მაგალითად, საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირდებით) არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას,რომ ეს ადამიანი პროგნოზირებადია. ასე რომ,პოეტური და რომანტიული თვალსაზრისითაც,სავსებით სამართლიანია,რომ ტყუპები მოხიბლულია მერწყული მამაკაცით. ეს გოგონა მთელი თავისი ცხოვრება ციცინათელასავით დაფრინავდა,თავის ორივე ტყუპისცალთან ერთად და მეგობრებიც ხშირად მიჰყვადა სასოწარკვეთამდე, თავისი მერკურიული არაპროგნოზირებადობით. მაგრამ როდესაც ტყუპები ურთიერთობას ურანიელ მამაკაცთან გააბამს,ეს მას მოუწევს საკმაოდ დიდი ულუფა მიირთვას იმის,რითაც წლების განმავლობაში თავად უმასპინძლდებოდა სხვებს.

ასე მაგალითად,მერწყული მას სადილად დაპატიჟებს,შემდეგ კი შესთავაზებს ახალი ფილმი ნახონ,სთივ მაქქუინისა და პოლ ნიუმანის მონაწილეობით(ჩვეულებრივ,მერწყულების ფავორიტები). როგორც კი ტყუპები ვარცხნილობას გაიკეთებს და ყვითელ ბაფრთასაც შეიბამს,კარში  მყვინთავის აღჭურვილობაში გამოწყობილი არსება გამოჩნდება. ის არის! მან გადაიფიქრა რესტორანში სადილობა. გადაწყვიტა,რომ ჯობია ტყუპებთან ისადილონ და სანამ ის სადილს მოამზადებს,ნიჟარებისთვის ჩაყვინთავს,რომ მოგვიანებით მძივი გაუკეთოს. ისინი კინოშიც მიასწრებენ,თუ ტყუპებმა იჩქარა და სწრაფად წაიხემსეს,როდესაც წყალქვეშა მოგზაურობიდან დაბრუნდება. დიახ,ამ მერწყულთან ცხოვრება(და სიყვარულიც) სრული სიგიჟეა,მაგრამ განა ეს არაჩვეულებრივი არ არის?

უბრალოდ დაუჯერებელია,რამდენად ხშირად გრძნობენ ეს ადამიანები ერთიდაიგივეს ერთდროულად. მერწყულს,რომელიც გიჟდება ადამიანთა შოკირებაზე,თავიდან ეს აკვირვებს. ხოლო ის ფაქტი,რომ ისეთ ქალს მიაგნო,ვისაც მისი გამოხტომები არ ახალისებს,მასში არანორმალურ აზარტს აღვიძებს. ის პატარა ბიჭივით ხელებზე დადის,რჩეულზე შთაბეჭდილების მოსახდენად. ტყუპები ამთქნარებს და…ჰოპ,მერწყული იდაყვებზე მოცოცავს! დიახ,ტყუპებ გოგონასთან ყოველთვის მოგიწევთ ყოველ ჯერზე საკუთარ თავს გადააჭარბოთ.

ერთ მშვენიერ დილასაც მერწყული ყვითელი „ხოჭოთი“ მიაკითხავს ტყუპებს,ბამპერზე გაკრული წარწერით „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება,უფო!“  მაგრამ მისი მანქანა გუშინ  ნაცრისფერი არ იყო? დიახ,იყო,მაგრამ დღეს ნათელი,ცისფერი დღეა და ზუსტად ფერის შეცვლის დროა! მან შეიძლება სრულიად გაუფრთხილებლად მოუშვას წვერი ან ულვაშები და პირიქით,თუ წვერს ატარებდა,მოულოდნელად გაიპარსოს,შალის ქუდი ყურებამდე ჩამოიფხატოს და ტყუპებს გული გაუხეთქოს,როდესაც ქუჩაში მოულოდნელად სწვდება,სიტყვებით:“ვერ მიცანი,ძვირფასო?“

ბოლოს და ბოლოს,ტყუპები მიხვდება,როგორ გრძნობს თავს ადამიანი,რომელიც შემთხვევით ემოციებისა და განწყობების „ამერიკული მთების“ მგზავრი აღმოჩნდება. ამან შეიძლება საკუთარი მენტალური აკრობატიკის მოთვინიერებისკენაც უბიძგოს და ვინ იცის,იქნებ ოდესმე პაემანზეც აღარ დააგვიანოს.ზოგადად,ორივეს არ აწყენდა საკუთარ ხასიათში სიმტკიცისა და საიმედოობის განვითარება. მაგრამ მეორეს მხრივ,ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა,რომ პირიქით,ერთმანეთი ახალ,„მკვდარ მარყუჟებზე“ გამოიწვიონ. ნებისმიერ შემთხვევაში,ეს ძალიან სახალისო იქნება.

ისინი ყოველთვის სიამოვნებით ხვდებიან იმ აღმოჩენას,რომ  მონათესავე სულები არიან,განსაკუთრებით თუ მათ მნათობებს შორის ჰარმონიული ასპექტებია.  ნეგატიური ასპექტებითაც კი,ერთმანეთში იმაზე მეტ საერთოს იპოვიან,ვიდრე სხვა ადამიანებში.

ცხადია,ტყუპები მას ხშირად გააღიზიანებს,თავისი ცვალებადი ბუნებით,მაგრამ ორეულებზე დიდხანს გაბრაზება ძალიან რთულია,თითქმის შეუძლებელი. დედამიწის ზურგზე არავის შეუძლია ისე მომხიბვლელად მოიხადოს ბოდიში,როგორც ტყუპებს. შეგიძლიათ უბრალოდ შეცდომა დააშვებინოთ,რომ ნახოთ როგორ ითხოვს პატიებას. აი,მერწყულს მობოდიშება ძალიან უჭირს. საერთოდ,არც ერთ მუდმივ ნიშანს არ გამოსდის ეს მარტივად. მათთვის ეს ისეთივე სასიამოვნოა,როგორც ფეხშიშველი გავარვარებულ ნაკვერჩხალზე სიარული. ასე რომ,ტყუპებს ტყუილად აქვს იმედი,თუ ჰგონია,რომ მერწყული „თავს დაიმცირებს“. მას ეს ძლიერ აშინებს. ამასთანავე,მერწყულს მიაჩნია,რომ თუ ახლავე გაანებივრა თავისი გოგო  ბოდიშებით, გარკვეული დროის შემდეგ ტყუპები გადაწყვეტს,რომ  ყოველთვის ასე უნდა იყოს. მერწყულ მამაკაცს არ უყვარს,როდესაც მისგან რაღაცეებს წინასწარ ელოდებიან,მე უკვე არაერთხელ გაგაფრთხილეთ  და არასდროს დაივიწყოთ ეს!

ზოგადად,ადამიანებს ძალინ ბეზრდებათ ერთად,როდესაც ერთმანეთში სექსის გარდა არაფერი აინტერესებთ,მაგრამ ამ წყვილს ეს არ ემუქრება. ტყუპები და მერწყული ყოველთვის მოძებნიან სალაპარაკო თემას თუ ერთმანეთისთვის ჩასატარებელ გაკვეთილებს,თანაც ისე,რომ თვითონაც ვერ ხვდებიან,როგორ სწავლობენ და ასწავლიან. სექსი ამ წყვილისთვის არც ისე მნიშვნელოვანია. ბუნებრივია,გულგრილები არ არინ,მაგრამ ხორციელი სიყვარული პირველ ადგილს ნამდვილად არ იკავებს მათ ურთიერთობაში. სექსი უბრალოდ არსებობს და მორჩა. ტყუპებთა დ მერწყულთა უმრავლესობა ფიზიკური სიყვარულით ისევე ერთობა,როგორც ბავშვები გუბეებში ხტომით,ფრანების გაშვებით თუ პეპლების დევნით. ეს სახალისო და ამაღელვებელია,გართულებებისა და ბნელი კუთხეების გარეშე. სრულიად დასაშვებია,რომ ის ერთერთი იმ მერწყულთაგანი იყოს,რომელსაც სექსუალური თამაშის წესების შეხსენებაც სჭირდება,რადგან მისი აზრები ფუტკრებივით ირევიან და ის ზედმეტად გატაცებულია სხვა განზომილებებში ფრენით,რომ ფიზიკური სიახლოვის ბედნიერებით დატკბეს. ტყუპებიც ასევე ხშირად  აღწევს სრულ კმაყოფილებას საუბრების მეშვეობით და არა გრძნობით ვნებებში. მიუხედავად ამისა,როდესაც მათ ფიზიკური სიახლოვე ორივესთვის სასიხარულოა,რაც არ უნდა ხშირად თუ იშვიათად ხდებოდეს ეს.

მათ რაღაც უცნაური საშუალებებით შეუძლიათ ერთმანეთის სურვილების გამოცნობა. მერწყულ მამაკაცს,დაზიანებული ვენერით,შეიძლება უამრავი,ყველაზე განსხვავებული იდეა ჰქონდეს სექსთან დაკავშირებით,ან საერთოდ პლატონური სიყვარულისკენ იყოს მიდრეკილი,რომელიც რეალობაში არასდროს განხორცილდება ბოლომდე. მაგრამ თუ ის საშუალო,ნორმალური,ტიპური ურანიელია,ის შესანიშნავად ფლობს სიყვარულის ენას და ისიც მშვენივრად შეუძლია,საკუთარი სურვილების ძალა დაჟინებული მზერით,წარბის აწევით ან…მარცხენა ყურის შეთამაშებით გადმოსცეს. რაც შეეხება ტყუპებს,მისი დუალიზმი ამ შემთხვევაში ყველაზე გამაოგნებელად ვლინდება,როდესაც  ღამით  ერთი ქალია,დღისით კი სრულიად სხვა პიროვნება. მას შეიძლება რამდენიმე სახელიც ჰქონდეს(გამოგონილი ან ზედმეტსახელი) და სულ ახლო წარსულში რამდენიმე ქმარიც ჰყავდეს გამოცვლილი. ტყუპებს ყოველთვის ყველაფერი ორი ან მეტი უნდა. მერწყულიც ხშირად ქორწინდება  არაერთხელ,ხანდახან მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამოც. მაგრამ ქორწინებათა რიცხვობრივ მაჩვენებლებში მაინც ტყუპები ლიდერობს.

და მაინც,მერწყული მამაკაცი ყველაზე მეტად ერთგულობს ერთ ქალს. მისი პრობლემა ტყუპებთან ის არის,რომ საქმე ორ ქალთან აქვს. ვიმედოვნებ,მისი ერთგულება ორივეს ეყოფა. ტყუპები ქალი ძალიან ბევრს ფლირტაობს. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ თავის შეკავება. მაგრამ მერწყულს არ ახასიათებს ბუზის სპილოდ გარდაქმნა,როდესაც საქმე ეჭვიანობას ეხება. მსუბუქ,მეგობრულ ფლირტს,ის საერთოდ ვერ შეამჩნევს. მან კარგად იცის,რა არის მეგობრობა. სინამდვილეში,ტყუპები ისურვებდა ცოტა ნაკლებად „იცოდეს“,რადგან მერწყულის მეგობრულ კონტაქტებს ნამდვილად შეუძლია მასში ეჭვიანობის გამოწვევა. ტყუპებს უბრალოდ უნდა ახსოვდეს,რომ მერწყული ძლივს არჩევს სიყვარულს მეგობრობისგან,მაგრამ მისთვის,თუ ტიპური მერწყულია,სექსუალური ასპექტი მაინც უფრო პირველს უკავშირდება,ვიდრე მეორეს… თუმცა ხანდახან მისთვის ყველაფერი  სავსებით შეთავსებადია.

აქვს მერწყულს კიდევ ერთი სუსტი ადგილი_პირველი სიყვარული,რომელსაც არადროს დაივიწყებს,არასდროს! ის ყოველთვის იცოცხლებს მისი მეხსიერების სიღრმეში. და მნიშნველობა არ აქვს ის მისი პირველი კლასის მასწავლებელი იყო თუ მომხიბვლელი ბეჰემოტი ზოოპარკში,რომელმაც თვალი ჩაუკრა,როდესაც სამი წლის იყო. მართალია,ისიც დასაშვებია,რომ ყველაფერს გაცილებით სერიოზული ფორმა ჰქონდა და მისი პირველი სიყვარული სრულიად რეალური ქალი იყო,რომელიც ერთხელაც არსაიდან კვლავ გამოჩნდება მის ცხოვრებაში. მაგრამ ამ შემთხვევაშიც,ძალიან იშვიათი სიტუაციების გამოკლებით,მერწყული უპირატესობას ბურუსით მოცულ მოგონებებს ანიჭებს,ვიდრე იქიდან გაგრძელებას,სადაც ერთ დროს შეჩერდა.

ყველაზე მთავარი,რასაც მერწყული ტყუპებისგან  მოითხოვს,არის სიმართლე. მაგრამ სწორედ ამას ვერ ეღირსება ვერასდროს: ტყუპები სიმართლეს თავისი ოცნებებითა და სურვილებით გაფერადებული წარმოსახვის შუშის მიღმა ხედავს.  ყველა დანარჩენში ისინი ერთიდაიგივე ვიბრაციას იზიარებენ. მათი აურები  ერთსა და იმავე სიხშირეზე ირწყმებიან. განსხვავებები ძალზედ მოუხელთებელი და რთულია. მერწყულს აფიქრებს ტყუპების ცრემლების ჩანჩქერი და სიცილის მზიური გამონათებები. მაშინ მერწყული მის წარმოსახვას გადაფურცლავს და სიცილის ჩანჩქერებსა და ტირილის მზიურ გამობრწყინებებს წააწყდება… შეიძლება იმიტომაც აკვირვებს,რომ მერწყულმა უკვე იცის ის,რაც ტყუპებმა უნდა ისწავლოს. ტყუპები ხომ ჯერ ვერ ხვდება,რომ სიხარულისა და სევდის საიდუმლო იმაშია,რომ ისინი განუყოფელი ტყუპები არიან,რომლებიც მუდამ მზად არიან,ადგილები გაცვალონ.

 

 

მომზადებული ლინდა გუდმანის „სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს“ მიხედვით.

სტატიის ავტორი Qet Adastra


About Qet

Scroll To Top