ტყუპები და მორიელი

ტყუპები და მორიელი

ყველა მეკობრე ცრუმორწმუნეა და ქუქსონმა დაიყვირა:

_მაგრამ ხომ ამბობენ,რომ როდესაც  გემზე ერთი ადამიანით მაინც მეტია,

ვიდრე საჭიროა,ეს დანამდვილებით იმის ნიშანია,რომ გემი დაწყევლილია?!

დაბადებიდან ცრუმორწმუნე მორიელს სრული უფლება აქვს წარმოიდგინოს,რომ ტყუპები ერთი ადამიანით მეტია. რა თქმა უნდა,ტყუპები მხოლოდ ერთი ჩანს,მაგრამ მისი ორეული(სამეული ან თუნდაც ოთხეული)სადღაც იმალება და მზადაა,ყველაზე რთულ მომენტში გაქრეს.

ადამიანთა უმეტესობა ვერც კი ამჩნევს,რომ ტყუპების სახით,რამდენიმე ადამიანთან აქვს საქმე.  აი,მორიელი მყისვე ეჭვდება. საერთოდ,მორიელს ყოველთვის ყველაფერში ეჭვი შეაქვს და მისი დიდი ხნით გასულელება ძალიან რთულია,თუ საერთოდ შესაძლებელია. მას შერლოკ ჰოლმსივით კარგად ეხერხება საიდუმლოებებში შეღწევა,მაგრამ იშვიათად განიხილავს თავის აღმოჩენებს ექიმ უოთსონთან.  მორიელი ყველა ცოდნას,განცდასა და გრძნობას თავისთვის ინახავს. ყველაზე მეტად  ის ძალაუფლებისკენ ილტვის და რადგან ცოდნა ძალაა,მაშინ რატომ უნდა უწილადოს ვინმეს? რატომ უნდა ილაპარაკო ყველაფერი,რაც იცი,როგორც ტყუპები იქცევა?

განა ის,რომ მორიელებს ხანდახან ლაყბობა არ უყვართ. უბრალოდ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ურჩევნია ადამიანები მხოლოდ ხედავდნენ  და არა უსმენდნენ(და მაინც,იდეალური იქნებოდა უჩინრობის სუპერძალასაც რომ ფლობდეს). ის იშვიათი მორიელებიც კი,ვისაც ბევრი საუბარი უყვარს,ლაპარაკობენ ყველაფერზე,გარდა იმისა,რაც მართლა მნიშვნელოვანია. ისინი კრინტსაც არ დაძრავენ საკუთარ თავსა და მათზე,ვის საიდუმლოებებსაც ინახავენ.  ძალიან იშვიათად,რომ მორიელმა მიცემული პირობა დაარღვიოს_მისთვის ეს ღირსების საკითხია.  პლუტონიელები არამხოლოდ ცერად უყურებენ მათ,ვისაც ენაზე კბილის დაჭერა არ შეუძლია,ბავშვურ უშუალობასაც არ ენდობიან. მორიელი მდიდარი შემადგენლობისაა,მაგრამ უშუალობა ის სიტყვა არ არის,რომელსაც ასტროლოგი მათი დახასიათებისას გამოიყენებდა. ასე რომ,ტყუპების ბავშვური გამოხტომებიც დიდად აღიზიანებს მას_ეს ისეთი არასერიოზულია!

მორიელი შეიძლება იყოს მორიდებული,მგრძნობიარე,თანამგრძნობი და ფანატიკურად ერთგული,მაგრამ ნამდვილად გულითადი არასდროს. ტყუპებსაც ხშირად ადანაშაულებენ გულითადობის  უკმარისობაში. ჰაერისა და წყლის ნიშნები ცივად გამოიყურებიან,განსაკუთრებით ცეცხლისა და მიწის ნიშნებისთვის. რაც შეეხება ტყუპების ერთგულებას,ამითაც ვერ დაიკვეხნიან,თუ ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა ადამიანის,იდეის ან იდეალისადმი ერთგულებას გულისხმობს მთელი ცხოვრების მანძილზე. ტყუპებს  ხომ ისე უყვართ გეზიდან გადახვევა. ამ ადამიანებს ძალიან უჭირთ ინტერესის შენარჩუნება ერთ საკითხზე. მუდმივი მრავალფეროვნების გარეშე ტყუპები მოწყენილობისგან დაიხოცებოდნენ.

ტყუპები და მორიელები იშვიათად დაუკავშირებდნენ ერთამანეთს ბედს,რომ არა მისი უდიდებულოსობა შემთხვევა. თავდაპირველი ჰარმონიის არარსებობის გამო,ნაკლებად სავარაუდოა,რომ  ამ ორმა ნიშანმა ერთმანეთი მიიზიდოს. მაგრამ თუ მათ ერთმანეთს ვინმე მესამე გააცნობს,რომელსაც წარმოდგენაც არ აქვს,რა მოჰყვება ჰაერისა და წყლის აღრევას,8-6 კომბინაცია შეიძლება ისეთი მეგობრული,საქმიანი ან მგრძნობიარე ურთიერთობით შემოტრიალდეს,რომელიც ბევრ სარგებელსა და ერთგულებას შეიცავს,ერთი მხრიდან და ამოუხსნელ მაგნიტიზმს_მეორე მხრიდან. ეს ასტროლოგიურ აბსურდს ჰგავს,მაგრამ ძალისხმევა და ერთგულება მორიელისგან მოდის,მაგნიტური მიზიდულობა_ ტყუპებისგან. შეიძლება იმიტომ,რომ ტყუპები ის საიდუმლოა,რომელსაც მორიელი ვერაფრით ხსნის. მორიელს ეს აწუხებს კიდეც და იმავდროულად ხიბლავს,თუ მცირე დოზებზე ვისაუბრებთ.

ჭკვიანი და ნიჭიერი ტყუპები მოსიარულე კითხვის ნიშანია,ყოველთვის ცნობიმოყვარე და ხანდახან არაგულწრფელიც. მორიელი მოსიარულე წერტილია_დიდი დაკვირვებისა და კონცენტრაციის საბოლოო პუნქტუაცია.

მორიელი მეტად ამაყია,პატივისა და ძალაუფლებისმოყვარე,თუმცა დამალული და შენიღბული ფორმით. ის ყველაფერში უკიდურესია: უკიდურესად შეუბრალებელი,უკიდურესად ერთგული,უკიდურესად თანამგრძნობი,უკიდურესად სასტიკი,უკიდურესად ჩაკეტილი და უკიდურესად იდუმალი. ეს ადამიანები არაფერს აკეთებენ სანახევროდ,როგორი უწყინარებიც არ უნდა ჩანდნენ. თუ მორიელი დაგიმეგობრდათ,ეს კუბოს კარამდე გაგრძელდება. თუ ისინი თქვენი მტრები არიან,აქაც მხოლოდ ერთი უკიდურესი მარშრუტია.

აი,ტყუპები პირიქით,ყველაფერს სანახევროდ აკეთებენ. ისინი არავის და არაფერს უძღვნიან თავს ბოლომდე. მხოლოდ პატარა ნატეხები,ნაწილები,ნამსხვრევები,შემთხვევითი ნამცეცები… ახლა გესმით,რატომ ვერასდროს შეამჩნევდნენ ისინი ერთმანეთს ბრბოში? მაგრამ ზუსტად ამხელა სხვაობას უჭირავს ორივე ნიშანი სასიამოვნო დაძაბულობაში. მორიელი ვერასოდეს გაიგებს ტყუპებზე იმას,რისი გაგებაც უნდა და ძალიან განიცდის ამას. ვერც ტყუპები შეაღწევს მორიელის სიღრმეში,მაგრამ ტყუპებს რად უნდა  ამოცანის ამოხსნა? მას სიუჟეტი აინტერესებს და არა ფინალური  კვანძის გახსნა.

ტყუპები ქალწულივით სკეპტიკოსია და კარგად კითხულობს სტროფებს შორის. ამიტომ ესმის,რომ ადამიანები სულაც არ გულისხმობენ იმას,რასაც ამბობენ… მორიელსაც არა უშავს ამ თვალსაზრისით,თუმცა მიზეზები განსხვავებული აქვთ: ტყუპებს წინ ცოცხალი გონება,მერკურის ცნობიამოყვარეობა და ანალიზისადმი მიდრეკილება მიუძღვის,მორიელს_ეჭვი და უნდობლობა.

შეუძლებელია ამ ნიშნებისგან რამე დამალოთ. ტყუპებსა და მორიელს ეჭვი შეაქვთ ერთმანეთში. ისინი გაცილებით მეტად აანალიზებენ და იკვლევენ მოწინააღმდეგეს,ვიდრე დანარჩენი ათი ნიშანი. ორივე თავისებურ ამოუცნობ აურას ქმნის და ორივეს უყვარს საიდუმლოების ამოხსნა. ტყუპების საიდუმლო აურა პასტელური შეფერილობის,მსუბუქი და ცვალებადია.  მორიელის იდუმალების შარავანდედი_მკვეთრად დაჩრდილული ბურგუნდიული წითელი.

სხვების სიდინჯე ყოველთვის აღიზიანებს ცოცხალ,აქტიურ და სულსწრაფ ტყუპებს,რომელთა ტიპური წარმომადგენლები ხშირად ისედაც გაღიზიანებული და ნერვიულები არიან. მაგრამ ღმერთმა დაგიფაროთ,როდესმე  ამაში დაადანაშაულოთ! მეტად ფრთხილი და ეჭვიანი მორიელი გულის სიღრმეში უფრო მშვიდი და თავდაჯერებულია. როდესაც ტყუპები და მორიელი თამაშობენ(პოკერს თუ სიყვარულს,მნიშნველობა არ აქვს),მორიელს კარგად ესმის რისკის მთელი ხარისხი,ტყუპებისთვის კი ეს უბრალოდ თამაშია და თუ თამაში წაგებულია,“მერკურის ჩიტი“ ყოველთვის იპოვის ახალ გასართობს იქვე,გზის გადაღმა. მორიელმა არ იცის ასეთი მსუბუქი წაგება. მისთვის ეს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია,შეიძლება შინაგანი პანიკაც კი დაეუფლოს,თუმცა ამას ვერასდროს იხილავთ. ტყუპები ლამაზად და ძალდაუტანებლად ხსნის თავის ბანქოებს,მორიელი_ცივსისხლიანი გამჭრიახობით და მხოლოდ მას შემდეგ,რაც თავის შანსებს შეაფასებს. მართალია,ბანქოები ეს ალეგორიაა. თორემ ნამდვილ ბანქოს თამაშში ტყუპებს ყველა სვლა წინასწარ ცხრაჯერ აქვს გათვლილი.

…მაგრამ ისინი კვლავ ვერ ამჩნევენ ერთმანეთს. მოდით,დამასწარით და წარუდგინეთ,მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშ! თუ მათი მთვარის ნიშნები შეთავსებადია,შეიძლება ერთადაც იოცნებონ რაღაც ბუნდოვანზე. ბოლოს და ბოლოს,ბურუსი ხომ წყლისა და ჰაერის ნაერთია. მაგრამ თუ მათი პირადი მნათობები მტრობენ,ეს ისეთი სქელი ბურუსი იქნება,ვეღარც „მერკურის ჩიტი“ იფრენს თავისუფლად და ვეღარც მორიელი გაინძრევა ერთი წერტილიდან.

 

 

 

 

ტყუპები მამაკაცი და მორიელი ქალი

_გაითვალისწინე,მტკივნეული იქნება.

_არ ვიტირებ,_თქვა პიტერმა.

მან კბილი კბილს დააჭირა და ითმენდა.

ვენდიმ ჩრდილი მაგრად მიაკერა,

თუმცა ახლა ის ოდნავ გაცვეთილად გამოიყურებოდა.

 

ტყუპებს ერთი არაჩვეულებრივად მომხიბვლელი თვისება აქვს: ის მარად ახალგაზრდაა. მგონი ეს გასაკვირი არ უნდა იყოს მათთვის,ვინც ყოველ დღე თავიდან იბადება და მაინც,თავდაჭერილ  და წინდახედულ მორიელ  ქალს სურს გაარკვიოს,როგორ ტარდება ეს ფოკუსი. ახლა ვეღარაფერი შეაჩერებს,სანამ ცნობისმოყვარეობას არ დაიკმაყოფილებს. ამისთვის კი მორიელი სულ უფრო ახლოს და ახლოს მიდის…

მოულოდნელად ის ორ,დღე და ღამესავით განსხვავებულ,ადამიანს შორის აღმოჩნდება. რომელია მათ შორის ის მამაკაცი,რომელიც მას აინტერესებს? მორიელი ვერ ხვდება. ტყუპების სინდრომი,ხომ იცით?! ეს სრულიად გაანადგურებს მის საგულდაგულოდ დაწყობილ გეგმებს. ახლა რა ქნას?

შეუძლია მორიელს ამ სიხარულითა და დარდით აღსავსე,ნაზ და ცივ ბიჭს გაუმკლავდეს? ის  ხომ არათანმიმდევრულობის, წინააღმდეგობების, მტკიცებისა და უარყოფის ნაერთია. რა თქმა უნდა, შეუძლია! ის მორიელია და მას ნებისმიერი სულის გაგება და დაპყრობა,მასზე აღმატება და გამარჯვება შეუძლია. მართლა შეუძლია? მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ,მაგრამ მორიელი არც ისე. ტყუპებს კი ეს საერთოდ არ აღელვებს. თვით ის აზრი,რომ ეს საყვარელი,ძლიერი,მგრძნობიარე და იდუმალი არსება მისი პერსონით დაინტერესდა,მას უკვე  ამაღელვებელ განწყობას უქმნის.

და რატომ უნდა დაინტერესდეს მორიელი ქალი ამ არასერიოზული ბიჭით,რა ხდება სინამდვილეში? ტყუპებისთვის იცოდეს,ნიშნავს ცხოვრების აზრი დაკარგოს,მაშინ როდესაც მორიელისთვის ყველაფერი პირდაპირ საწინააღმდეგოდ არის. საბრალო და ტანჯული ჰამლეტის პერეფრაზირება რომ მოვახდინოთ:“ცოდნა თუ არცოდნა_საკითხავი აი,ეს არის!“ ამ ორისთვის ეს მარადიული კითხვაა და აი,დადგა დრო,როდესაც მასზე პასუხის გაცემა შეიძლება.

ტყუპებ ბიჭუნას უბრალოდ საკუთარი ბუნების გამო არ შეუძლია გაიგოს,რომ სიყვარული მარადიულია. არიან ისეთი ტყუპები,ვისაც მთელი ცხოვრება ერთი ქალი უყვართ,მაგრამ უკიდურესად  იშვიათად. ტიპური ტყუპები სიამოვნებას იღებს აღელვებისგან,როდესაც მასზე შეყვარებული ქალებიდან ერთერთს ირჩევს. წარმოიდგინეთ მისი განცვიფრება,როდესაც გარკვეული დროის შემდეგ  მისი რჩეული უწყინარი ბარტყი არწივი აღმოჩნდება. არწივი კი ბუნების მონოგამიური ქმნილებაა.

სიყვარულის პლანეტა ვენერაა,ტყუპებს კი მერკური მართავს,რომელიც,ვენერაზე ზემოქმედებით, ქარაფშუტა და  დაბნეულ გრძნობებს წარმოშობს. მორიელის მმართველი პლუტონი კი ვენერაზე იმგვარ ზეგავლენას ახდენს,რომ გრძნობები უფრო ღრმა და იდუმალი ხდება. ამჩნევთ მორიგ წინააღმდეგობას? ვენერა ამჩნევს და  შეცბუნებულია,როდესაც მერკურისა და პლუტონის ვიბრაციული ძალები მას საასპარეზო პოლიგონად აქცევენ. ტყუპები მამაკაცი და მორიელი ქალი იმდენად არიან ერთამენთით გატაცებულნი,ამას მაშინვე ვერ ამჩნევენ. ერთადერთი,რაც ყურადღებას დაყოვნებლივ მიიპყრობს,პლუტონისგან ეჭვიანობის გამოვლენაა. მორიელს ეს ვნება ხანდახან მის მშობელ სიყვარულზე ძლიერ აქვს განვითარებული.

ტყუპებს უჭირს ამის გაგება. ბუნებრივია,მასაც ახასიათებს საყვარელი ადამიანის დაკარგვასთან დაკავშირებული განცდები,მაგრამ მორიელისებური ეჭვიანობის დამანგრეველი გრიგალი მისთვის გაუგებარია. როდესაც მორიელს გულს ტკენენ ან ის უბრალოდ დაეჭვდა,რომ შეიძლება ტკივილი მიაყენონ,მის გესლს ფატალური შედეგები მოჰყვება. დამნაშავეა თუ არა კაცი,რაშიც მას ადანაშაულებენ,ამას მნიშვნელობა არ აქვს. პლუტონიელებისთვის შურისძიება ყოველთვის სასიამოვნოა,განსაკუთრებით მაშინ,თუ მისი ნათალური მზე სხვა პლანეტებთან  მტრულ ასპექტაციაში მოექცა.

ტყუპებს,რომელმაც ეს იცის,მაგრამ უბრალოდ არ შეუძლია ოდნავ მაინც თავქარიანი და კაპრიზული არ იყოს,უნდა ესმოდეს,რომ ამ ქალისთვის არ არსებობს ისეთი საკითხები,როგორიც არის ინტრიგა. მას მხოლოდ მარადიული და ყოვლიმომცველი ვნების სწამს. არავის შეუძლია(ალბათ,მხოლოდ ვერძს) ისეთი ეჭვიანი იყოს,როგორც მორიელ ქალს. კურო და კირჩხიბი? არა,მათ უფრო სიტყვა „მესაკუთრე“ შეეფერებათ. ისინიც  ხშირად ტირიან და იტანჯებიან გულის სიღრმეში,მაგრამ იშვიათად ეჭვიანობენ უმიზეზოდ. მესაკუთრე და ეჭვიანი სხვადასხვა მნიშნვენლობის სიტყვებია. ნებისმიერი მამაკაცი,რომელსაც ორივე სიტყვის მნიშვნელობა საკუთარ ტყავზე გამოუცდია,მარტივად დაგიდასტურებთ ამ განსხვავებას.

ეს მზის ნიშანთა ის ფორმულაა,სადაც მორიელი VI ასტროლოგიური სახლის ბინადარია ტყუპებისთვის,ტყუპები კი VIII ნიშანი მორიელისთვის. ამიტომ აქ უხვად იქნება სამსახურის და მსახურების თემები,უანგარო ერთგუელება,პატივისცემა და ძლიერი სექსუალური მიზიდულობა(როდესაც საქმე საყვარლებს ან მეუღლეებს ეხებათ. თუ ოჯახურ-ნათესაურ ან საქმიან ურთიერთობაზე ვისაუბრებთ,იქ სხვა საკითხები აქტიურდება და არა სექსი). საქმიან-სამსახურებრივი ვიბრაციები მორიელისგან მოდის,სექსუალური_ტყუპებისგან. შეიძლება გაგიკვირდეთ,რადგან სექსი ამ კაცის მთავარი ინტერესი ნამდვილად არ არის,თუ მას თან არ ახლავს პოეზია და რთული ექსპერიმენტული თამაშები. ტყუპებმა შეიძლება გაგაკვირვოთ სილამაზით,ხიბლით,მამაკაცურობით, გონიერებითა და რომანტიულობით,მაგრამ არა თავისი მოჭარბებული სექსუალობით. ეს ნებისმიერ ნიშანთან ასეა… მორიელის გარდა. ამიტომაც რა გასაკვირია,რომ მორიელ ქალს უჩვეულოდ იზიდავს ტყუპები  და პირიქით.

იქნებ სწორედ ეს ბავშვური მოუხელთებლობა,მისი ანარეკლების ურიცხვი ფოკუსები და ხასიათის ცვალებადობა აძლიერებს მის ლტოლვას? ტყუპები,როგორც მას ჰგონია,რაღაც საიდუმლოს ინახავს. შეიძლება სულ პატარა და უმნიშვნელოს,მაგრამ ამოუხსნელ საიდუმლოს და ეს ძლიერ იზიდავს მორიელს,როგორც ფარვანას ცეცხლის ალი. მან უნდა ამოიცნოს ეს,რომ დაიკმაყოფილოს თავისი გონება და გული. ამაზე შეიძლება წლები დახარჯოს,სანამ არ მიხვდება,რომ ვერავინ ვერასდროს შეიცნობს ტყუპების საზღვრებს ბოლომდე,თვით მორიელიც კი. დაახლოებით იმავე დროისთვის,ტყუპები მიხვდება,რომ არ ღირს ამ ქალთან თავისი საყვარელი „აბა,გამოიცანი ვინ ვარ“ თამაშის გაჩაღება. ის უბრალოდ შეშინდება,როდესაც გააცნობიერებს,რომ მას ნელა,მაგრამ მტკიცედ შეისწავლიან იმაზე მეტად,ვიდრე თვითონ ისურვებდა. და სწორედ ეს აღმოჩენის წუთი  შეიძლება გახდეს მათი რომანის გასაღები,თუ  თითოეული მათგანი მზად  იქნება თვალებში ჩახედოს რჩეულის სირთულეებს და იყოს გულწრფელი.

ტყუპები შეიძლება იმის ხმამაღალი ანალიზით და კრიტიკით დაკავდეს,რაზე სდუმს მორიელი ქალი. ის ხომ ხედავს,რომ რაღაცაზე ფიქრობს?!  ასე იმაზე დიდ უსიამოვნებაში გაჰყოფს თავის ორი თავს,ვიდრე წარმოუდგენია. მორიელისთვის პირადი ხელშეუხებლობა წმინდაა და ტყუპები ამას უნდა ხვდებოდეს. ჯობია რაღაც  თემები გაურკვეველი და ხელუხლებელი დარჩეს,თორემ მორიელის წყენა შეიძლება გაუცხოების სქელ კედლად გადაიქცეს. ტყუპები კედლის დანგრევას მთელი თავისი არსენალით შეეცდება: ხიბლით,ხუმრობით,მრავალრიცხოვანი რომანტიული ილეთებითა და მთელი თავისი წარმოსახვით სასიყვარულო აქტებში. მაშინ მორიელი ქალი თავის ყველაზე დახვეწილ მანევრებს აამოქმედებს: ცივ გაუცხოებასა და მოჩვენებით მშვიდ სინაზეს. ორივე მათგანი სახელოებში შენახულ ყველა ტუზს გამოიყენებს. მათ კი,დამიჯერეთ,უამრავი სათადარიგო ხრიკი აქვთ გადამალული.

ყველაზე სწორი გამოსავალი  შეიძლება ის ერთადერთი საშუალება გახდეს,რომელიც მათ ჯერ არ გამოუყენებიათ: დატოვონ თავისუფალი სუნთქვისთვის საკმარისი სივრცე მათ გულებს შორის. ტყუპები თანახმაა,მორიელს შეიძლება შეეშინდეს. ეს ახალი და უჩვეულო სივრცე ხომ ჰაერისგან შედგება,ტყუპების სტიქიისგან. მორიელის ელემენტი კი წყალია და სუნთქვისთვის მას ერთიანობა სჭირდება.

ყოველთვის დასანანია,როდესაც ტყუპები მამაკაცი და მორიელი ქალი ბედნიერებისკენ მიმავალ გზას კარგავენ. ტყუპებს ხომ ყოველთვის სწამდა საოცრებების,ისევე როგორც მორიელს. მორიელს უფრო უცნაური მაგიური ძალებისაც სწამს,მაგრამ მოუთვინიერებლი პლუტონი აიძულებს ჩუმად იყოს. ამ ამოუხსნელ ძალებს დამორჩილებული,მას არ ძალუძს ტყუპებივით მსუბუქად,სიტყვებით გამოხატოს თავისი ყველაზე სანუკვარი ოცნებები და  ეს ძალიან სამწუხაროა.

თუ ტყუპები ასეთი სულსწრაფი არ იქნება მისი ღრმა ვნებების მიმართ… თუ მორიელი მოახერხებს მიახვედროს,რომ მასაც სურს ყველა იმ საიდუმლოს ამოცნობა ვარსკვლავებსა და კომეტებს შორის; რომ მასაც სწადია თავისუფლად სუნთქვა,ქართან სისწრაფეში გაჯიბრება და ბავშვობის საოცრებების ძიება… ცივი ღამის ქარი დანამდვილებით უკეთ აფხიზლებს,ვიდრე შფოთის ნესტიანი მღვიმეები,სადაც  პლუტონი ბუდობს.

ტყუპები და მორიელი ხელს უწვდიან ერთმანეთს,მაგრამ ხშირად  ვერ ახერხებენ  შეხებას. ისინი რაღაცას გაჰყვირიან,მაგრამ ტყუპებს მხოლოდ ქარის მუსიკა ესმის,მორიელს_ტალღების ხმაური. თუ ისინი შეჩერებას მოახერხებენ და ერთამენთის ჩუმ ძახილს დაუგდებენ ყურს,ისე მაღლა აფრინდებიან,ყველაფერს სხვა თვალით შეხედავენ,მათ შორის საკუთარ ურთიერთობასაც.

 

 

 

 

ტყუპები ქალი და მორიელი მამაკაცი

ორნი ერთის წინააღმდეგ?

ამან ძალიან გააბრაზა.

 

თუ მათ მზე-მთვარეებს შორის დადებითი ასპექტებია,მათ შეუძლიათ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მიაღწიონ ბედნიერებას,როგორც ნებისმიერ მამაკაცსა და ქალს,ადამისა და ევას ჩამომავალს. თუმცა ისინი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ საძაგელ მაცდურ გველთან,ვიდრე დანარჩენი შეყვარებული წყვილები. ასტროლოგიური მხარდაჭერის გარეშე,ამ ნიშანთა წარმომადგენლები ჩათვლიდნენ,რომ გაცილებით მარტივი იქნებოდა უბრალოდ მეგობრებად დარჩენილიყვნენ და თავი აერიდებინათ ვნებათა ღელვისა და მარადიული სიყვარულის სარისკო ფიცისგან. ეს სულაც არ ნიშნავს იმას,რომ ისინი შეუთავსებლები არიან,უბრალოდ ორივე მზად უნდა იყოს იმისთვის,რომ მუდმივად მოუწევთ ძალისხმევის გამოჩენა.

დავიწყოთ იქიდან,რომ სიტყვა „მარადიული“ ძალიან აშინებს ტყუპებ ქალს,თითქმის ისევე ძლიერ,როგორც სიტყვა „დროებითი“ მორიელ მამაკაცს. ვერ ვიტყვით,რომ ტყუპებს ერთი კაცის სიყვარული და ერთგულება არ შეუძლია(თუმცა,ზოგადად,ზუსტად ეს არ შეუძლია),მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს შეუმჩნევლად და თანდათან,სანამ ერთ დღესაც ფაქტის წინაშე დადგება. რომანის დასაწყისშივე სიტყვა „მარადიულის“ გამოყენება ინტერესს უკარგავს მის ფინალს და შეიძლება ყველაფერი „არამდე“ მიიყვანოს. ასევე პირიქით,ვერ ვიტყვით,რომ მორიელ მამაკაცს სიტყვა „დროებითთან“ გამკლავება არ შეუძლია,მაგრამ მისი გამოყენება ეჭვს უჩენს და ძალაუფლების შეგრძნებას აცლის  სასიყვარულო ურთიერთობაში.

თავიდან მორიელს ძალიან მოხიბლავს ტყუპების მიმზიდველი ხმა და  ცოცხალი გონება,მისი ესოდენ  მსუბუქი მიდგომა ნებისმიერი სიტუაციისადმი. ბოლოს და ბოლოს,მორიელიც კაცია,მთელი თავისი ნიღბიან-მოსასხამიანი ბეტმენის სახების მიუხედავად და არც მას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ევასგან გამოწვდილ ვაშლს. მაგრამ გავა დრო და ის შეამჩნევს,რომ მისი მშვენიერი ლაქლაქას არაჩვეულებრივი ისტორიები,პატარ-პატარა შესწორებებით,უკვე მეორე წრეზე მიდის. ტყუპები ყოველთვის ასე იქცევა: ცოტას აქ დაამატებს,ცოტას ისე მოაკლებს,თხრობის ეფექტის გასაუმჯობესებლად. მაშინ(ან გამონათების სხვა ეტაპზე) მორიელი მამაკაცი თვალებიდან ვარსკვლავურ მტვერს ჩამოიფერთხავს და დაჟინებული მზერით შეათვალიერებს ქალს,რომელმაც კინაღამ გული მოჰპარა. გულის სიღრმეში ღრმად რელიგიური მორიელი წინდახედულად გადაწყვეტს,რომ კიდევ ერთხელ კარგად უნდა დაფიქრდეს,სანამ ღვთის წინაშე კუბოს კარამდე სიყვარულსა და მზურნველობას აღუთქვამს. თუ მორიელმა პირობა დადო,სიტყვის გატეხა წარმოუდგენელია. ამიტომ მან შეიძლება ტრფობა იქამდე შეწყვიტოს,სანამ არ დარწმუნდება,რომ ამ ქალს აღარ აქვს მეტი სურპრიზები,რომელსაც  ყველაზე მოულოდნელ მომენტში მიართმევს. მაგალითად,ერთი-ორი ქორწინება,რომლის ხსენებაც ტყუპებს უბრალოდ დაავიწყდა.

ტყუპებმა თუ შეამჩნია რაიმე? მასაც გვარიანად იტაცებს იმაზე ფიქრები,კიდევ რამდენ ხანს აიტანს მორიელისგან პირად ცხოვრებაში ჩარევას,ეჭვიანობას ან მის საიდუმლოებებში ცხვირის ჩაყოფას(არაფერი ცუდი ან შოკისმომგვრელი,უბრალოდ არის რაღაცეები,რასაც ტყუპები საიდუმლოდ ტოვებს). რა,გოგონას არ შეუძლია წიგნების მაღაზიის გამყიდველს გაუღიმოს ან ქუჩაში უცნობ ადამიანს გამოელაპარაკოს  ნაგაზის ჯიშის მოვლის თაობაზე? და თვითონ მორიელი? თვითონ როგორ აშტერდება სხვა ქალებს? ან ისინი მას?.. ამაში მან მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს. მან,როგორც ტყუპებმა,კარგად უნდა იცოდეს,რომ მორიელი მამაკაცი,თავისი დაბალი ხმის ტემბრითა და მაგნიტური მზერით,მაცდური გველივით მიმზიდველია. დარწმუნებისა და შთაგონების უნარი მორიელის ძალის გარეგანი გამოხატულებაა,მაგრამ არც მდუმარე მამრული საწყისი დაივიწყოთ,რომელსაც იშვიათად,რომ რომელიმე ქალმა წინააღმდეგობა გაუწიოს.

ერთერთი პირველი თვისება,რომელსაც ტყუპები მორიელში აღმოაჩენს,არანორმალური ნებისყოფაა. ეს თითქმის დაუჯერებელია. ამ მამაკაცს,თუ მიზანი დაისახა,ნებისმიერი რამის მიღწევა შეუძლია. თუ მან შიმშილი გადაწყვიტა,მთელი თვე წყალზე იქნება! თუ ფირმის,კომპანიის ან ქვეყნის პრეზიდენტობა განიზრახა,გახდება! თუ მან მოისურვა,რომ ქალი სამუდამოდ მასთან დარჩეს,ეს ქალი ომს ბრძოლის დაწყებამდე წააგებს.

რაში სჭირდება ეს ყველაფერი ტყუპებს,რომელსაც ცხოვრებისგან ცვლილებების,სასიამოვნო განცდებისა და მენტალური თამაშების მეტი არაფერი უნდა? მაგრამ თქვენ გგონიათ,ტყუპები გაიქცევა როდესაც პლუტონის ვიბრაციებს იგრძნობს? თვენ შეიძლება ასეც ფიქრობდეთ,მაგრამ მე არა,რადგან  კარგად ვიცი ის ასტროლოგიური ხრიკი,როდესაც მორიელი მამაკაცი დროდადრო უმანკო შვლის ნუკრივით იქცევა,ხავერდოვანი თვალებით. ამ დროს ის ისეთი საყვარელი,ნაზი და სათუთია,ისე საჭიროებს ალერსსა და გულწრფელ მხარდაჭერას,რომ ქალს ნამდვილად ქვის გული უნდა ჰქონდეს,რომ გაქცევით ტკივილი მიაყენოს. არის მის მანერებში  რაღაც იმდენად რბილი,რომ ტყუპები ივიწყებს ფოლადივით გამყინავ გამოხედვას,რომელიც მორიელის თვალებში გვიან ჩნდება. და  ტყუპებს კიდევ არაერთი შანსი მიეცემა ამ მზერის სანახავად.

თუმცა მოვრჩეთ იმაზე მსჯელობას,როგორ და რატომ უყვარდებათ მათ ერთმანეთი. უფრო მნიშვნელოვანია გავარკვიოთ,როგორ ინარჩუნებენ სიყვარულს. ვინაიდან მორიელი მუდმივი ნიშანია,ის ზედმიწევნით კარგად ფლობს საკუთარ თავს. ეს მას გამოადგება,როდესაც ტყუპები მის მოთმინებას გამოცდის თავისი ქამელეონის მომხიბვლელობით,ცუდი განწყობის შემოტევებით,დაბნეულობითა და ურიცხვი მიზნებით. ვინაიდან ტყუპები მუტაბელური ნიშანია,მას კარგად ეხერხება სიტუაციებზე მორგება და ეს დაეხმარება სისხლისგამყინავ სცენებს გაუმკლავდეს. თუმცა მას მთელი თავისი უნარები დასჭირდება ცივსისხლიანობის შესანარჩუნებლად,როდესაც მორიელი  გაჯიუტდება ან  ანგელოზური მოთმინების შემდეგ  მოულოდნელად გაშმაგდება(საერთოდ,ყოველთვის რთული დასადგენია,მორიელი ანგელოზია თუ დემონი).

ტყუპებმა უნდა დაიმახსოვროს ერთი რამ: ამ კაცს სურს იცოდეს,სად არის და რას აკეთებს მთელი დროის განმავლობაში. მორიელი ისურვებდა ტყუპები ერთ ადგილზე იჯდეს,ყოველთვის თუ არა,დროის უმეტესი ნაწილი მაინც. მორიელი მოიღუშება ტყუპების ნოსტალგიური  ცრემლების გამო,როდესაც ის დარდით გაიხსენებს ძველ თაყვანისმცემლებთან მხიარულად გატარებულ დროს. მას ასევე ძლიერ ადარდებს  ტყუპების თავქარიანი დამოკიდებულება  ფულის მიმართ. მორიელს ტყუპების გატაცებების ხშირი ცვლაც ძალიან აღიზიანებს,სიმღერიდან ცეკვებამდე,ცეკვებიდან ფერწერამდე,ფერწერიდან მოგზაურობამდე_ყოველ ჯერზე,როდესაც ამინდი იცვლება.

 და რას სთავაზობს სანაცვლოდ თავად ტყუპები? ერთგულების ნაკუწებს,იშვიათ კოცნებს,გაღიზიანების გაელვებებს,თითქმის დაუჯერებელ გულუბრყვილობასა და ყინულოვან სიძულვილს,აღტაცებული სიყვარულისა და ცვალებადი შეხედულებების ჭრელ ნარევს. მაგრამ საიდან მოიტანოს ტყუპებმა ის თავდაჯერება და თავდაჭერილობა,რომელიც მორიელს დაბადებიდან თან დაჰყვა?

ბუნებრივია,ტყუპები გააღიზიანებს მორიელს. მართალია,ტყუპებ ქალთა უმეტესობა ძალიან ქალური,უდარდელი, ნიჭიერი და გონიერია! მაგრამ ტყუპები მასკულინური ნიშანია,მისი მმართველი მერკური კი აბსოლუტურად მოულოდნელად იცვლის სქესს,როგორც ქარი მიმართულებას. ამიტომ იქნება პერიოდები,როდესაც ის მის მამაკაცურობას ხელჰყოფს და იქნება წუთები,როდესაც  მამრულ თავმოყვარეობას დაუამებს. ტყუპებს ყოველთვის ეყოფა ჭკუა მორიელის მოსახიბლად. მაგრამ მორიელი შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეს,როდესაც აღმოაჩენს,რომ მისი ბრწყინვალე გონება მხოლოდ ზედაპირზე დაჰქრის,იმის ნაცვლად,რომ საკითხს ჩაუღრმავდეს და მის არსს ჩაწვდეს,როგორც იქცევა თვითონ მორიელი ყველგან და ყველაფერში: რელიგიაში, გარდასახვაში, პოლიტიკაში,პოლიგამიაში,ცოდვასა და სექსშიც.

ასე მივუახლოვდით მათი სიყვარულის ფიზიკურ მხარეს. მართალია,მორიელი ძლიერ სექსუალური ნიშანია,მაგრამ მას შეუძლია თავშეკავება,თავდაჭერა და უბიწობის აღთქმაც კი(მღვდლებისა და მონაზვნების ცხოვრება). მაგრამ თუ მას ტყუპები ქალი შეუყვარდა,როგორც ჩანს,ის იმ მორიელთა რიცხვიდან არ არის,ვინც საერო ცხოვრებას ღვთის მსახურება აირჩია.  მორიელისთვის სექსი არასდროს არ არის თამაში,დროსტარება ან სპორტული ინტერესის საგანი. სექსი ცხოვრების მთავარი საიდუმლოა. ქალი,რომელსაც კარგად ესმის  მორიელი მამაკაცის ყველაზე საიდუმლო სურვილები,არ უნდა ღელავდეს მის ერთგულებაზე(თუ მის ნათალურ რუკაში უარყოფით ასპექტები არ არის). მორიელი მამაკაცი,რომელმაც იცის,რომ ის უყვართ,სხვა ქალებისკენ არ იხედება.

მორიელები ძალიან ახალგაზრდა ასაკიდანვე ავლენენ ინტერესს სექსის მიმართ,მაგრამ  ცნობისმოყვარეობის უმეტეს ნაწილს დაქორწინებამდე იკმაყოფილებენ. მისი სექსისადმი დამოკიდებულება ღრმა და ვნებიანია,უჩვეულოდ მგრძნობიარე,თუმცა რამდენადმე მკაცრი.  პრობლემა ის არის,რომ ტყუპებისთვის სექსი არავითარ საიდუმლოს არ წარმოადგენს. მისთვის მნიშვნელოვანია გამოცდილება და არა სექსის უფრო ღრმა შრეების გამოვლენა. ის სულაც არ ცდილობს სექსის არსში შეაღწიოს ნამდვილი გრძნობებითა და ძალით. სექსი ტყუპებისთვის უბრალოდ დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებაა და მეტი არაფერი. თუმცა ტყუპების ეს დამოკიდებულება შეიძლება იმის საბაბი გახდეს,რომ მორიელი მოისურვებს დაუმტკიცოს სიყვარულისა და ღვთის ურთიერთკავშირი_ყველაფერი ცოცხალი არაფერია,ქალისა და მამაკაცის ჰარმონიის გარეშე! თქვენ უკვე იცით,როგორ ვერ იტანს მორიელი დამარცხებას.  სექსუალური კავშირის ინტიმურ სფეროში ის უბრალოდ ვალდებულია გაიმარჯვოს. მათი მზე-მთვარეების ჰარმონიული კავშირის შემთხვევაში,ის კვლავ და კვლავ შეეცდება აუხსნას თავის ტყუპებს სიცოცხლისა და სიკვდილის უზენაესი საიდუმლო_სექსი. თუმცა ჰოროსკოპში ან/და სინასტრიაში ნეგატიური ასპექტებისას,მორიელმა შეიძლება თავისი ნიშნისთვის აბსოლუტურად დაუშვებელი რამ გააკეთოს_უღალატოს. თავის საქციელს კი იმით გაამართლებს,რომ  ის ვერ იტანს იმ ნახევარსიყვარულს,რომელსაც ტყუპები სთავაზობს და ეს სრული სიმართლეა.

მათ შეუძლიათ ამ სირთულის გადატანა,თუ მორიელი ტყუპებს სიყვარულის საიდუმლოს ასწავლის. სინამდვილეში ტყუპების გულგრილი დამოკიდებულება მხოლოდ ნიღაბია. ნიღბის მოხსნა კი ყოველთვის შესაძლებელია,სათანადო სურვილის შემთხვევაში.

ტიპურ ტყუპებ ქალს უჭირს პლუტონიელი მამაკაცის უმანკოების გაგება,მაგრამ თუ მას მთვარე ან ასცედენტი მორიელში ჰყავს,ეს ორი უჩვეულოდ ბედნიერი იქნება,ნათესავებისა და მეგობრების გასაკვირად,რომლებიც მხოლოდ მათ გარეგნულ სხვაობას ხედავენ. სხვა შემთხვევაში,პერიოდული ტანჯვა გარდაუვალია. ტყუპები ყოველთვის გრძნობს მორიელის უნდობლობას. მას ძლიერ აშინებს მორიელის საკუთარ თავში გამოკეტვის თვისებაც. მორიელი შეიძლება თავს არიდებდეს ტყუპებს,როგორც გრიგალს ემალებიან,რომელიც ფესვებიანად ძირკვავს ხეებს. საბედნიეროდ,ტყუპები საკმარისად ჭკვიანია,რომ ურთიერთობის აღდგენის მეთოდებს მიაგნოს. მორიელს კი საკმარისი ინტუიცია აქვს იმის მისახვედრად,როგორ ამოავსოს გაჩენილი ბზარები,რომ მათი ურთიერთობა უწინდელზე მტკიცე გახდეს.

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

ავტორი Qet Adastra


About Qet

Scroll To Top