ტყუპები და ქალწული

ტყუპები და ქალწული

ჩვენ შორს გავრბივართ,მაგრამ განა უგულოები ვართ?

უბრალოდ ბავშვები,ზუსტად ასეთები:

ეგოისტები,მაგრამ ისეთი საყვარლები!

და როდესაც უკან ვბრუნდებით,დარწმუნებულები ვართ,

იმის ნაცვლად რომ მოგვცხონ,ჩაგვიხუტებენ.

გონიერ და საღად მოაზროვნე ქალწულებს ტყუპები ზუსტად ასეთ უგულო ბავშვებად ეჩვენებათ. ისინი ყოველთვის რაღაც მირაჟებს მისდევენ და კალიებს გვანან:ის იყო თქვენს გვერდით ხედავდით,წამიც და უკვე შორს არიან. ტიპური მიწიერი ქალწულისთვის მსგავსი ცვალებადობა ნაკლია,რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს. რა თქმა უნდა,ტყუპებს ასე არ მიაჩნია.

ტყუპები აფასებენ ქალწულთა პრაქტიკულ ხასიათს და შეიძლება აღფრთოვანებულნიც იყვნენ მათი საიმედოობით,განსაკუთრებით მაშინ,როდესაც ნათესავ,მეგობარ,საქმიან პარტნიორ,საყვარელ თუ მეუღლე ქალწულებს ზუსტად იქ პოულობენ,სადაც რამდენიმე საათით დატოვეს და სადაც რამდენიმე დღის,თვის და შეიძლება წლის შემდეგაც დაბრუნდნენ. თუმცა თუ ტყუპებს  გაბრაზებულები დახვდებით,მყისვე ისევ გაფრინდებიან. ბავშვებს არ უყვართ,როდესაც მათ უჯავრდებიან. ყველა ტყუპები კი,თავისი არსით,პატარა ბავშვია,რასაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიტყვით სერიოზულ ქალწულზე. ქალწულებს,თავიანთი მოწიფული პასუხისმგებლობის გრძნობით,მუდამ ახსოვთ საკუთარი ცხოვრებისეული ვალდებულებები. ისინი ან ამ გრძნობის შესაბამისად ცხოვრობენ ან თავს დამნაშავედ გრძნობენ,როდესაც უპასუხისმგებლოდ იქცევიან. ტყუპები იშვიათად განიცდიან დანაშაულის გრძნობას,ყოველ შემთხვევაში,სახეზე ნამდვილად არ აწერიათ,რასაც ვერ ვიტყვით ქალწულებზე. დაკვირვებული თვალი მარტივად ამოიკითხავს შინაგან მღელვარებას მათ მშვიდ და ჩაფიქრებულ მზერაში. რადგან ქალწულის ნიშანი სწორნაწლავსა და მზის წნულს  მართავს,ეს წუხილები  გარეგნულად მოკუმული ტუჩებით და შინაგანად აბსოლუტურად რეალური დაავადებებით ვლინდება. რაც უფრო გულმოდგინედ იმალება გულისწუხილი,მით უფრო ძლიერ ვლინდება გულისრევით,მოუნელებლობით ან კუჭის შეკრულობით. ასე რომ,ქალწულებმა ხშირად უნდა ილაპარაკონ საკუთარ განცდებზე ღიად,თუ არ სურთ,რომ შინაგანი ნეგატიურ განცდები დაავადებებში გადაიზარდოს. სამაგიეროდ,ვინც არასდროს ინახავს საკუთარ აზრებს საიდუმლოდ,ეს ტყუპებია. ცხადია,იმ უბედური ტყუპების გამოკლებით,ვისი ასცედენტიც ან მთვარეც ქალწულის(ან სხვა მიწის) ნიშანშია. ასეთი ტყუპები  ხალისიანი საუბრისას მოულოდნელად დუმდებიან და დიდხანს ათვალიერებენ საკუთარ თითებსა და ხელისგულის ხაზებს.

ტყუპებთა უმეტესობა მჭევრმეტყველებისა და ეფექტური კომუნიკაციის მასტერ კლასს ჩაუტარებს ნებისმიერ ქალწულს. ქალწულმა ნადვილად იცის,რა ილაპარაკოს,მაგრამ მსმენელზე შთაბეჭდილების მოხდენა სხვა საკითხია. ქალწულის ინტელექტიც  მოქნილი და სხარტია(მერკურის წყალობით,რომელიც ორივე ნიშნის მმართველია). თუმცა არა ისეთი დინამიური,როგორც ტყუპების. ეს ქალწულის თანამმართველის,ვულკანის,დამსახურებაა.

ტყუპები მარტივად ჟონგლირებს სიტყვებითა და აზრებით,მას შეუძლია იდეა შექმნას არაფრისგან_ჰაერისგან; ქალწული ცუდი ჟონგლიორია და სიმართლე რომ ვთქვათ,ფოკუსებიც არ უყვარს. სამაგიეროდ,ის ზუსტად განასხვავებს ერთმანეთისგან ფაქტებსა და ფანტაზიებს. უფრო სერიოზულად რომ ვთქვათ,მეცნიერ-ექსპერიმენტატორი ტყუპები კანონში სულს ეძებს,სტატისტიკოსი ქალწული კი უკვე დაწერილ კანონს მისდევს.

ახლა,როდესაც მათ შორის განსხვავებას ხედავთ,ალბათ,არ გაგიჭირდებათ იმის წარმოდგენა,როგორ გამოიყურება ქალწული,ასცედენტით ან მთვარით ტყუპების ნიშანში ან ტყუპები,ასცედენტით ან მთვარით ქალწულის ნიშანში. ასეთ ადამიანთან საქმის დაჭერა არც ისე მარტივი უნდა იყოს,განსაკუთრებით თუ ყოველ დილით უყურებთ,როდესაც სარკეში იხედებით.

ტყუპებისა და ქალწულების ურთიერთობა საკმაოდ რთულად ეწყობა და არასოდეს არის მარტივი. ის სერიოზულობასა და ურთიერთპატივისცემაზე უნდა აიგოს,ერთის და მეორეს დანაკლისიც სერიოზულად შეუშლით ხელს ურთიერთგაგებაში. თუმცა ნუ ჩათვლით,რომ ერთად მათ ჰარმონიის მიღწევა არ შეუძლიათ. უბრალოდ საერთო კერაში ცეცხლი მუდმივი ურთიერთგაგებითა და მოთმინებით უნდა შეანთონ. მშვიდობიანი შეთავსება სავსებით რეალურია,მაგრამ გარკვეული ძალისხმევის შედეგად მიიღწევა. თვალსაჩინო უთანხმოებების მიღმა ხომ ერთგულება და სიყვარული იმალება.

ქალწულებს არ უყვართ უსიამოვნებების პროვოცირება და ტყუპებისგან განსხვავებით,არ რეაგირებენ მსგავს ინციდენტებზე. ტყუპების კრიტიკული შენიშვნები ქალწულებს მომაბეზრებელ შარიანობად ეჩვენებათ და ამან შეიძლება სერიოზული პროტესტი გამოიწვიოს. ცხადია,ტყუპებისთვის კამათი რეალური კამათი არ არის,უბრალოდ ინტელექტუალური შეჯიბრია,მაგრამ რადგან ქალწული მიწის ნიშანია,ის უფრო მეტად განიცდის და მისი წყენაც გაცილებით დიდხანს გრძელდება.

ქალწულები უმეტესად საკმაოდ მორცხვი და ძალიან თვითკრიტიკული ხალხია,ისინი იშვიათად დემონსტრირებენ სიამაყეს. უფრო აგრესიულ ნიშნების წამომადგენლებს არ ესმის ამ ხალხის. მაგრამ ტყუპებისთვის,რომელსაც ვერძი დამღლელად,ლომი მედიდურად,მორიელი კი ზედმეტად გაუცხოებულად ეჩვენება,სასიამოვნო და თავაზიან ქალწულთან ურთიერთობა ნამდვილი შვებაა. ქალწული,თავისი გულისამაჩუყებელი თავმდაბლობითა და თავდაჭერილობით,თითქმის არ იწვევს შურს ან აღშფოთებას. მას არ აქვს ტყუპების ფრთები და სისწრაფეზე შეჯიბრში ვერ მოუგებს პირველ პრიზს. თუმცა,პრიზის ნაცვლად,ის ხშირად იღებს ისეთ სარფიან სამსახურს,რომლითაც უკან იტოვებს ტყუპებს. სამაგიეროდ,ჭკვიან ტყუპებს ესმის,რომ ქალწული ის შეუმჩნეველია ცხენია,რომელზეც ღირს ფსონის დადება.

ტყუპებისა და ქალწულის ნებისმიერ კამათს ტყუპები იგებს მთავარში,რადგან ის უფრო სწრაფია და შეუძლია მოწინააღმდეგე კუთხეში მოიმწყვდიოს თავისი პასუხებით. მაგრამ ბრძოლის მოგება,ჯერ კიდევ არ ნიშნავს ომის მოგებას. ქალწულმა კარგად იცის,რომ ის რაც აბსოლუტურ მტკიცებულებად გამოიყურება,შეიძლება სრულიად მცდარი იყოს. ამასთან,ტყუპებს უნიკალური უნარი აქვს,იმგვარად გადახლართოს სიმართლე და სიცრუე,რომ სიცრუე სიმართლე აღმოჩნდეს და სიმართლე სიცრუე.  ტყუპების ეს ნიჭი ნებისმიერ მზის ნიშანს ასულელებს,მაგრამ არა ქალწულს!

ტყუპებს კიდევ ერთი ნიჭი აქვს,რომელიც ქალწულს აიძულებს თვალებდაჭყეტილი უყუროს ორეულებს: ყველა ტყუპები გარკვეულწილად ფოკუსნიკია. არის ერთი ფოკუსი,რომელიც ტყუპებს ყოველთვის გამოსდის_თანამოსაუბრის დაინტერესება. ქალწული ვერ დამშვიდდება,სანამ არ გაიგებს როგორ სრულდება ესა თუ ის ილეთი. ტყუპების არსებობის მთელი მარილი იმაშია,შექმნას რეალობა სუფთა ილუზიისგან და დაამტკიცოს,რომ ეს სიმართლეა.

რეალობა ეს ილუზია არ არის და ილუზიას ვერასოდეს ვუწოდებთ რეალობას,მაგრამ ტყუპებს ამის გარეშე არ შეუძლია. დაახლოებით ოცდაათი წლისთვის ტყუპებს რამდენიმე პროფესია მაინც აქვს გამოცვლილი,მაშინ როდესაც ქალწულს ისიც კი აცბუნებს,რომ რაიმე უნდა შეცვალოს სამუშაო განგრიგში.

 

 

 

ტყუპები მამაკაცი და ქალწული ქალი

ვენდიმ,რომელსაც ყველაფრის სწორად კეთება უყვარდა,

პიტერს ჰკითხა,რამდენი წლის იყოს.

ეს ნამდვილად არ იყო საუკეთესო კითხვა.

პიტერმა ისეთი გამომეტყველება მიიღო,

თითქოს გამოცდაზე ის ბილეთი აიღო,

სადაც არაწესიერი ზმნებზე ეკითხებოდნენ.

მას კი სურდა ინგლისის მეფეებზე ესაუბრა.

 

ეს არ არის ია-ვარდებით მოფენილი უდარდელი რომანი. სამოთხის ნაცვლად,მათ მიწას შესთავაზებენ,სადაც თავიანთი ბაღი უნდა გააშენონ. ისინი თავიდანვე  შეკამათდებიან,რა უფრო მნიშვნელოვანია,ვარდები თუ ბოსტნეული? სრულიად თვალსაჩინოა,რომ ბოსტნეული უფრო გონივრულია. ის ქალწული ქალია_სხვენში ტერმიტებით,პერანგზე აწყვეტილი ღილით,შიმშილისა და ინფლაციის შიშით შეწუხებული. ბოსტნეული,რა თქმა უნდა! რას უზამ ვარდს ინფლაციის დროს?

ტყუპები მამაკაცი შეიძლება ვარდის არომატის ყნოსვით იყოს გართული,როდესაც მათ სიღარიბე ეპარებათ. თითქმის ისევე,როგორც ნერონი უკრავდა ვიოლინოზე,როდესაც რომი იწვოდა. ბუნებრივია,მთელი ეს საუბარი ბაღზე,ისევე როგორც ნერონის თამაშები ხანძრის დროს,სიმბოლურია. მაგრამ ტყუპებისთვის ყველაფერი სიმბოლური და რიტორიკულია. ის ამოცანებით,მეტაფორებითა და ანაგრამებით დაიბადა,ერთ ხელში ტელეფონის ყურმილით,მეორეში_ტელეგრამით. აი,ტყუპების აზრით,ქალწული კომპიუტერისა და კბილის სახეხი ჯაგრისის შემთხვევითი კავშირის ნაყოფია…

ტყუპებმა შეიძლება საკუთარი დაბადების დღე დაივიწყოს,განსაკუთრებით მას შემდეგ,რაც 21 წელი შეუსრულდება_უკეთესია თუ ილუზორულ ქრონოლოგიურ კალენდარზე მისი ასაკი აღნიშნული არ იქნება! ქალწულს,მიუხედავად იმისა,რომ ქალია,დაბადების დღე კი არა,საათი და წუთიც კარგად ახსოვს. საერთოდაც,მიაჩნია,რომ მარადიული ახალგაზრდობა საშინლად მოსაწყენი იქნებოდა.

ტყუპები და ქალწული ერთმანეთით ცნობისმოყვარეობის გამო შეიძლება დაინტერესდნენ. ქალწულს საინტერესოდ მოეჩვენება მისი მოულოდნელი ცვლილებებით აღსავსე ცხოვრება,ტყუპები კი ქალწულის ყურადღებით,გონიერებითა და დელიკატურობით მოიხიბლება. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ქალწული დაეჭვდება,ღირს თუ არა ენდოს ადამიანს,ვისი აზრები და ქცევები ამინდივით არაპროგნოზირებადია. ტყუპებიც მალე შეამჩნევს,რომ ქალწულის ყურადღება ზედმეტად აღტაცებულია,გონება კი _ შეწუხებული. შემდეგ ისევ ვარდებისა და ბოსტნეულის დილემაზე დაიბნევიან.

ის,რის გამოც შეყვარებულები ხშირად ჩხუბობენ,თავისთავად უმნიშვნელოა,მაგრამ ამ წვრილმანი დავების მიღმა რეალური პრობლემები იმალება. მათი უთანხმოების ჭეშმარიტი მიზეზი ღრმად არის ჩაფლული და როგორც წესი,მისი ამოთხრა არავის სურს. მიუხედავად თავისი ანალიტიკური ბასრი გონებისა,ქალწული ძალიან მგრძნობიარეა. ტყუპებს,ჰაერის ნიშნებისთვის დამახასიათებელი გულრგილობით,ყოველთვის არ შეუძლია ამის გაგება. ის კამათობს,განიხილავს,კომპრომისს ეძებს,მაგრამ ხშირად ვერ ამჩნევს შეშფოთების რეალურ წყაროს. მართალია,ცოცხალი გონება და მომხიბვლელობა ეხმარება ზავის მიღწევაში,თუმცა ეს იქამდე,სანამ ქალწული კარგად გაანალიზებს მომხდარს და მის ზედაპირულ არგუმენტაციაში შეცდომებს აღმოაჩენს.

თუ ქალწულმა ტყუპები ზედმეტად სერიოზულად არ აღიქვა,მათთვის საინტერესო და სახალისოც კი იქნება ერთმანეთთან ურთიერთობა. მაგრამ ქალწული ყველაფერს სერიოზულად აღიქვამს და კარგი იქნება,თუ ტყუპებს ეს წინასწარ ეცოდინება. ქალწულ ქალს შეუძლია ყველა დაარწმუნოს,რომ პასუხისმგებლობა აიღო მთელი ცხოვრების მანძილზე. შემდეგ კი პარტნიორი გააოგნოს სწრაფი და აკურატული განქორწინებით. დიახ,ქალწული ყველაფერს სწრაფად და აკურატულად აკეთებს.

სიყვარულს,მიწიერად რეალურ სიყვარულს,ისინი სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. ქალწულს სურს,რომ საყვარელი მამაკაცი მთლიანად მასთან იყოს_გულით,გონებით,სულითა და სხეულით. ტყუპებმა შეიძლება დაასკვნას,რომ ქალწულს პოეზია არ ჰყოფნის. ბუნებრივია,ის მეტად მიწიერია,ვიდრე ჰაეროვანი ტყუპები,რომელსაც მუდმივად მრავალფეროვნება სჭირდება. როგორ ვისაუბროთ ურთიერთობის საიმედოობაზე,როდესაც ტყუპები ორი ადამიანია(ხანდახან სამი ან ოთხიც). აი,საიდან მოდის მისი განწყობის ცვლა:დღეს სურვილი,ხვალ_ცივი გაუცხოება.

ასეთ საქციელს ქალწული სასოწარკვეთილებამდე მიჰყავს,საკუთარ თავში ნაკლს ეძებს,რადგან მიაჩნია,რომ ტყუპების გაციების მიზეზი მასშია. მათ შორის ყოველთვის იქნება რაღაც,რაც საშუალებას არ მისცემს ბოლომდე გაიხსნან. როდესაც ისინი ერთად არიან,ეს არამხოლოდ გრძნობების,გონებათა კავშირიც არის.

ორივემ კარგად იცის,რა არის სიტყვა. არის ტყუპებისა და ქალწულების წყვილები,რომლებიც სიტყვებს იარაღად იყენებენ,ხანდახან სასიკვდილო შედეგებითაც. მაგრამ სიტყვების ძალით ადამიანს შეიძლება თანაუგრძნოთ,იმედი მისცეთ,სიცოცხლისკენ მოაბრუნოთ. მორიდებული ქალწულის დარწმუნება,უარი თქვას მკაცრ შეზღუდვებზე და საკუთარი თავის იწამოს,მხოლოდ ტყუპებს შეუძლია და ის ამას გონივრულად,რბილად და ბრძნულად აკეთებს. მეორეს მხრივ,მერკურიული ცვლილებებით გადაღლილი ტყუპების დამშვიდება მხოლოდ მასზე შეყვარებულ ქალწულს შეუძლია.

ეჭვი არ არის,რომ ისინი პატივს სცემენ ერთმანეთს,ეს ისეთივე სასიხარულოა,როგორც ხელის შემშლელი:გონება ორივეს ხელს უშლის გრძნობების გამოხატვაში. მათ კავშირს ხშირად აკლია ემოციურობა. ქალწული ტყუპებისთვის ყველაფერს გააკეთებს,არაფერი გამორჩება,აწყვეტილ ღილსაც მიაკერებს მის პერანგს და პრაქტიკულ რჩევასაც მისცემს კარიერასთან დაკავშირებით,ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე; წიგნებზე,ჟურნალებსა და გაზეთებზეც გაესაუბრება,რომელსაც ის კითხულობს და ყველაფერში დარწმუნებული იქნება. ტყუპებიც გამონახავს დროს,ქალწულის გამოუთქმელ პრობლემებზე სასაუბროდ,ყოველგვარი ეჭვებისა და ბასრი შენიშნვნების გარეშე. თან ისეთ ცოცხალ ცნობისმოყვარეობას გამოავლენს,შეიძლება მცირედ შეაცბუნოს კიდეც ქალწული თავისი გამოკითხვებით.

ბევრი ქალწული გაგებით და თანაგრძნობით ეკიდება ბავშვებს,შეიძლება იმიტომ,რომ თავად ძალიან ზრდასრულები არიან. ბავშვები მათ გახსნაში,სიყვარულისა და სილამაზის პოტენციალის აღმოჩენაში ეხმარებიან და პატარა არსებებთან ურთიერთობაში ქალწული საკუთარ თავში მოულოდნელად წარმოსახვის ნიჭსა და დიდ სინაზესაც აღმოაჩენს. ქალწულ ქალებს შეუძლიათ გულწრფელი ინტერესით უსმინონ ბავშვური გონების მიამიტურ აღტაცებებსა და სასოწარკვეთილებებს და  პატარების აღქმის უნარი ბრძნულად მიმართონ საჭირო კალაპოტში. რადგან ტყუპები გულში მარადი ბავშვია,ეს თვისებები დიდად დაეხმარება ქალწულს,თუმცა მას საქმე არა ერთ,არამედ ორ ბავშვთან აქვს. ქალწული მოთმინებით ასწავლის მას  საგნების,ადამიანების,პოლარობების ერთმანეთისგან გარჩევას,სანამ არ აღმოაჩენს,რომ ტყუპებს არც ისე დიდი სურვილი აქვს,ეს ისწავლოს. ტყუპები თავის მხრივ, შეეცდება გახსნილობა და თავისუფლება ასწავლოს და აჩვენოს,რა საამურია ოცნებების დევნა. მაგრამ ქალწული ისე ნელა აღებს ჭრაჭუნა კარს,ტყუპებს კი ყოველთვის ისე ეჩქარება…

ისინი უსაფრთხოებასა და თავისუფლებას სხვადასხვანაირად აფასებენ. ქალწული იმ ქალთა რიცხვიდანაა,ვისაც ყველაფერში წესრიგი უყვარს და იმავდროულად შეუძლია საყვარელ ადამიანს საუზმე ლოგინში მიართვას. თუმცა ტყუპებთა უმეტესობა ტოროლაა და დიდხანს ძილი არ უყვართ. ის  დილაადრიან წამოხტება,შხაპს მიიღებს,ველოსიპედით გაისეირნებს,სახლს რამდენიმე წრეს დაარტყამს ან თვალების გახელვისთანავე,გაზეთს სწვდება,სანამ ყავას მოუტანენ. და ტყუპები ვერაფრით მიხვდება,რა ეწყინა ქალწულს.

რადგან მერკურიმ ორივე ნიშანი ანალიზის უნარით დააჯილდოვა,ტყუპებმა,რომელსაც ქალწულის შენარჩუნება უნდა,დაკვირვებით უნდა გაანალიზოს საყვარელი ქალის ჭეშმარიტი ბუნება. ქალწულს შეუძლია წლობით კეთილგონივრულად იცხოვროს და გულგრილი დარჩეს რომანტიული სატყუარების მიმართ და უცებ მან ყველაფრით უნდა გარისკოს  ერთადერთი,მოულოდნელი და აუტანელი სიყვარულის გამო,რომელიც ყველა სიკეთესთან ერთად,არც ისე სტაბილურია და შეიძლება ხანმოკლე აღმოჩნდეს. ის არც ისეთი გულგრილი ქალია,როგორც ტყუპებს ეჩვენება. ისინი რომ მეტი ყურადღებით უყურებდნენ ერთამენთს თვალებში,მიხვდებოდნენ,რომ ორივე მშვიდ და საიმედო ურთიერთობას ეძებს,სადაც პარტნიორი მოთხოვნებით არ შეაწუხებს. მაგრამ ისინი შეგნებულად არიდებენ თავს ყურადღებიან მზერებს,რადგან ეშინიათ „ზედმეტი“ არ ამოიკითხონ.

აი,ქალწული იატაკს ხვეტს,ტყუპები კი,პატარა ბიჭივით,სტვენა-სტვენით ოთახში დაბოდიალობს და ორივეს ეშინია მათი ურთიერთობის ზარდახშა არ გაიხსნას. მათი მზის ნიშნები ზოდიაქალურ წრეში კვადრატულ ასპექტში დგანან და მათ ურთიერთობაში ყოველთვის იგრძნობა  ჭარბი დაძაბულობა ან ურთიერთგაგების უკმარისობა. ხანდახან ძაბვა იმდენად მაღალია,მოკლე ჩართვების შედეგად,სრული სიბნელე ისადგურებს. მაგრამ თუ მთვარეებმა მდგომარეობა შეამსუბუქეს,ისინი შეიძლება ერთად დარჩნენ,რადგან მათი ბედნიერება ჰაერზე დასვენებას ჰგავს,სადაც მარტოოდენ  გამჭვირვალე  და მშვიდი განთიადიც უხარიათ.

 

 

 

 

ტყუპები ქალი და ქალწული მამაკაცი

                                                                                                          

მას ფანქარი და ქაღალდი მოემარჯვა და გულმოდგინედ იწერდა.

თუ ის თავისი ვარაუდებით აწყვეტინებდა,

ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყო.

_ოღონდ არ შემაწყვეტინო!_ემუდარებოდა მას.

 

პირველი პრობლემა,რომელსაც ეს ორნი ურთიერთობაში წააწყდებიან,არის მკვეთრი კონტრასტი ტყუპების კომუნიკაბელობასა და ქალწულის განმარტოებისადმი სიყვარულს შორის. თუ ის ტიპური ქალწულია და კომუნიკაციის სურვილი ასცედენტით ან მთვარით არ არის აქცენტირებული,მას ურჩევნია საერთოდ არ შეეხონ,თუმცა ხანდახან თვითონაც ვერ აცნობიერებს ამას. აქედან გამომდინარე,როდესაც მისი ტყუპები სადმე მარტო მიდის,შეიძლება ქალწულმა ცოტა იბუზღუნოს კიდეც მის დასანახად,მაგრამ გულის სიღრმეში შვებით ამოისუნთქავს. ახლა შეუძლია მშვიდად გამოიკვლიოს რამდენი ატომია მოლეკულაში და რა ხდებოდა სავალუტო ბაზარზე გასული კვირის განმავლობაში. შეუძლია მაღვიძარა შეაკეთოს,თეთრეული გამოცვალოს,კატას ულვაშები დაუთვალოს და სამყაროს საიდუმლოებებს ჩაუფიქრდეს… და საერთოდ,მისი მეგობრის მუდმივი ყბედობისა და აქტიურობისგან დაისვენოს. რა თქმა უნდა,ქალწულს უყვარს თავისი ტყუპები,მაგრამ მის გულში არის საიდუმლო კუთხეები,სადაც ტყუპებს აკრძალული აქვს მტვრების გადაწმენდა_მას იქ უბრალოდ არ უშვებენ. მაგრამ ტყუპები ისე ახვევს თავბრუს,ქალწული იბნევა და ავიწყდება,რომელ კუთხეში რა გადამალა და რომელ თაროზე რა ულაგია. ასე რომ,ის ნამდვილად კმაყოფილი იქნება,თუ შინაგანი წესრიგის აღსადგენად თავისუფალი დრო მიეცემა.

ეს სულაც არ ნიშნავს იმას,რომ ქალწული მამაკაცი ეჭვიანი არ არის,მაგრამ დიდი შეცდომა იქნება ტყუპებს მისი ხასიათის გამო გაუბრაზდეთ და თუ ამას გაანალიზებთ,თავადაც მარტივად მიხვდებით. ქალწული ანალიზის აღიარებული დიდოსტატია. ტყუპებს სჭირდება სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობა,კაცები კი,ბოლოს და ბოლოს,კაცობრიობის ნახევარს შეადგენენ. განა ეს ღალატია? არა,ღალატი ის შემთხვევა არ არის. თუმცა „ის შემთხვევაც“ ხდება,თუ ქალწულის მუდმივი კრიტიკა და მეწვრილმანე პედანტიზმი ტყუპებს ფრთებს უკვეცავს. ამის ატანა ტყუპებს არ შეუძლია. ჩიტმა უნდა იფრინოს,ჩიტი გალიაში_ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება!

თავისი ბუნებისა და მზის ნიშნის ერთგული ქალწული მამაკაცი უპირატესობას მარტოობას ანიჭებს,მაგრამ თუ ის ქორწინდება,მის მეგობარს შეუძლია მუდმივობის იმედი ჰქონდეს. ქალწული მიწის ნიშანია,მიწა კი ყოველთვის იქ არის,სადაც ბუნებამ მიუჩინა ადგილი. მართალია ხანდახან მიწისძვრები და მტვრიანი ქარიშხლებიც ხდება,მაგრამ განა ეს მიწის ბრალია?

როდესაც ქალწულის ერთგულებაზე ვსაუბრობ,მე ვგულისხმობ საქორწინო ურთიერთობას,რადგან ქალწულთა აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია,რომ ყველაფერი კანონის დაცვით უნდა მოხდეს: ერთგულების ფიცითა და ეკლესიის კურთხევით. ტყუპებს არაფერი აქვს თავისუფალი ქორწინების ან თავისუფალი სიყვარულის საწინააღმდეგო. საერთოდ,მათ ძალიან მოსწონთ სიტყვა „თავისუფალი“. დაქორწინდნენ თუ არ დაქორწინდნენ_განა ეს საკითხავია,როდესაც მათ ერთმანეთი იზიდავთ?

სიყვარული,ქორწინება თუ საქმიანი პარტნიორობა,ქალწული ყველაფერს სერიოზულად ეკიდება,თავისი ქალწულური კეთილგონიერებით. თუმცა  ტყუპები  ისურვებდა,რომ მისი დაბადების დღე ან ქორწინების იუბილე არამხოლოდ წითელი ფანქრით აღინიშნებოდეს კალენდარზე. მართალია,თავად ტყუპები არც ისე ძლიერია ღირსშესანიშნავი თარიღებში,დროდადრო ყველაფერს ურევს და საჩუქარს ქალწულის დედის და არა მის დაბადების დღეზე ყიდულობს ან ქორწინების იუბილეს იმ დღეს ულოცავს,როდესაც სახლი შეიძინეს. ჰო,რადგან სახლი ვახსენე,ტყუპები უპირატესობას ბინას ანიჭებს,რადგან მისი გამოცვლა ყოველ თვე შეიძლება. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ,რა დამოკიდებულება აქვს ამასთან პრაქტიკულ ქალწულს?.. და საერთოდ,მისი პრაქტიკულობა ხდება ყველა კამათის ჭეშმარიტი მიზეზი.

ეს ეხება სიყვარულსაც. შეუძლია ქალწულ მამაკაცს,თანდაყოლილი თავაზიანობით,წინდახედულებითა და პუნქტუალობით,ტემპერამენტიანი ქალის შეყვარებული იყოს? თუმცა არც ტყუპები გამოირჩევა ძლიერი ტემპრამენტით,უფრო სწორად მისი ერთერთი „მე“ შეიძლება ტემპერამენტიანი იყოს,მეორე კი გულგრილი. ქალწულ მამაკაცს ხშირად აკლია ემოციურობა და ვნებები და ხანდახან ის მხოლოდ საკუთარ თავზეა კონცენტრირებული. გაგიკვირდებათ და მითიური ნარცისი ასტროლოგიაში ქალწულად ითვლება. ხომ გახსოვთ,ის ბიჭი,საკუთარი გამოსახულება რომ შეუყვარდა? აი,ზუსტად ის ნარცისი. თუმცა პირადად მე ნარცისი მაინც ლომი მგონია. ლომიც ასევე მხოლოდ საკუთარ თავზეა კონცენტრირებული,მაგრამ ის არასდროს იქნება ცივი.

თუ მიწიერი სიყვარულის საიდუმლო ის არის,რომ თავისი „მე“ პარტნიორს მიუძღვნას,რის შედეგადაც სრულყოფილ სხეულებრივ,სულიერ და გონებრივ ერთიანობას მიაღწევენ,ქალწული მამაკაცი ის უნდა იყოს,ვისაც ამ ეზოთერული საიდუმლოს გაგება შეუძლია. თუმცა კარგი იქნებოდა,თუ ვინმემ უკვე ასწავლა(მაგალითად,წინამორბედმა მორიელმა მეგობარმა გოგომ),წინააღმდეგ შემთხვევაში,მას ამ საოცრების შესაგნებად წლები დასჭირდება,შეიძლება მთელი ცხოვრებაც.

ეს მამაკაცი საკმაოდ ფრთხილია სასიყვარულო ურთიერთობაში და არც დამპრყობლური თვისებებით გამოირჩევა. ასე რომ,დიდ ენთუზიაზმს ნუ ელით. კარგია,რომ ვერძთან,ლომთან ან მორიელთან რომანზე არ ვსაუბრობთ_ის უკვე დამთავრდებოდა. ტყუპები ქალს სულ სხვაგვარი  დამოკიდებულება აქვს. ტყუპებთა უმეტესობა,აცნობიერებენ ამას თუ ვერა,სიყვარულს არათუ სერიოზულად არ აღიქვამს,დიდი სიამოვნებით თამაშობენ გრძნობებით. რადგან ქალწული მამაკაცი საკმაოდ წარმატებული მოთამაშეა(პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით),მან შეიძლება წარმატებას მიაღწიოს იქ,სადაც სხვა მამაკაცები მწარე მარცხი იწვნიეს. ტყუპები მასთან თავს მშვიდად გრძნობს და არ გაგიკვირდეთ,რომ ორივეს შეუძლია მეწყვილეს საიმედოობა შესთავაზოს. ამრიგად,მათ საკმარისი საფუძველი აქვთ იმისთვის,რომ თამაში გრძნობებად აქციონ,რაც სხვა ნიშნებს არ ხელეწიფებათ.

ტყუპებს შეიძლება შოკს ჰგვრიდეს ქალწულის ზოგიერთი თვისება,მაგალითად ჩახუტების შემდეგ შხაპის გადავლება,მაგრამ ქალწულიც არანაკლებ ნაწყენია,როდესაც ტყუპებს ყველაზე ინტიმურ მომენტში კოცნა ავიწყდება,რადგან უეცრად ახსენდება,რა არაჩვეულებრივი სიზმარა ნახა გასულ შაბათს.

თუმცა არის საკითხები,სადაც ისინი შესანიშნავად უგებენ ერთმანეთს. ტყუპებთა უმეტესებას არ უყვარს დიდხანს ძილი,განსაკუთრებით თუ წინა ღამით უძილობამ შეაწუხა. ქალწულებსაც არ ძინავთ ღამღამობით,განსაკუთრებით როდესაც რამე აწუხებთ,მაგრამ ქალწულს წითელ პერანგში უფრო ნახავთ,ვიდრე სადილამდე ჩაძინებულს. ერთიც და მეორეც ქალწულისთვის თითქმის სასიკვდილო ცოდვაა! თუ ეს ის ქალწულია,რომელიც სახლში სრულ წესრიგს და დროულად გამზადებულ საჭმელს ითხოვს,მალე აღმოაჩენს,რომ მისი მეგობარი ტყუპები სულაც არ ცდილობს ამ საკითხში სრულყოფილების მიღწევას. რა თქმა უნდა,ტყუპებს შეუძლია დახვეწილი დიასახლისი იყოს და კარგი შინაური ატმოსფეროც შექმნას,მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა,რომ იატაკები სრულყოფილ ბრწყინვალებამდე ხეხოს. თუ ტყუპები მწეველია(ილოცეთ,რომ ასე არ იყოს!),მას მუდმივად ავიწყდება საფერფლის დაცარიელება. ქალწულთა უმეტესობა ვერ იტანს,როდესაც მის გვერდით ეწევიან,საფერფლის ამაზრზენი სუნი კი პირდაპირ კლავს მათ ყნოსვით რეცეპტორებს…

თქვენ ფიქრობთ ამ ყოფით წვრილმან უთანხმოებებს სერიოზული კონფლიქტის გამოწვევა შეუძლიათ? სულაც არა. არც ერთი არ ითხოვს მათი კავშირისგან ძალიან ბევრს. ცხადია,ქალწულს სურს,რომ სადილი და ვახშამი დროულად მიართვან და არც ეჭვიანობის საბაბი მისცენ . ის საკმარისად პრაგმატულია იმ რწმენისთვის,რომ ქორწინებები ზეცაში წყდება… და მერე ჯოჯოხეთად იქცევა. მისთვის ქორწინება სადღაც უფრო შუაშია გამოკიდებული. თუ მათ ჰოროსკოპებს შორის ძალიან დაძაბული ასპექტები არ არის,ისინი არც მომთხოვნები იქნებიან ერთმანეთის მიმართ,როგორც სხვა ზოდიაქოს ნიშნები მსგავსს სიტუაციაში.

დიახ,ტყუპები მუდმივი არ არის და მისი არაპროგნოზირებადი ხასიათი აღიზიანებს ქალწულს. მაგრამ ტყუპებიც შეიძლება წყობიდან გამოვიდეს,როდესაც ქალწული ხმას არ სცემს იმის გამო,რომ ძალიან დაკავებულია საკუთარი თავით. არის პერიოდები,როდესაც ტყუპებს ქალწული ცრემლებამდე ბეზრდება,ქალწულს კი ამ დროს ტყუპები ისე სასურველად ეჩვენება,როგორც არასდროს. მათი თანაცხოვრება შეიძლება ხანგრძლივ თამაშად გადაიქცეს,სადაც ორივე თავის ჯილდოს მიიღებს:ტყუპები ქალწულს ცხოვრების ინტერესს მოაგებინებს,ქალწული ტყუპებს_სტაბილურ მიზანს,რომელიც მას ასე სჭირდება,თუმცა ყოველთვის ვერ აცნობიერებს.

ტყუპები და ქალწული ცა და დედამიწაა,უფრო სწორად ჰაერი და დედამიწა და მათ ისე ცოტა საერთო აქვთ. თუმცა ორივე ნიშანს უამრავი ღირსება აქვს. ქალწული მამაკაცი ყოველთვის მართალია,იმაზე მეტადაც,ვიდრე ყოველთვის მართალი მშვილდოსანი. ბავშვობაში მას ბებია უმღეროდა: “ოჰ,როგორ აბლაბუდას ვხლართავთ,როდესაც ვტყუით…“ და მან მტკიცედ გადაწყვიტა,რომ არასდროს გაეხვევა ტყუილების აბლაბუდაში,მით უმეტეს საკუთარ დახლართულში. ტიპური ქალწული მთელ სიმართლეს გადმოგილაგებთ,ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. მას არ სჭირდება არაფრის გამოგონება,რომ ადამიანებს თავი შეაყვაროს. მისთვის მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი,რა დამოკიდებულება აქვთ უახლოეს მეგობრებს. თუ მეგობრებს ის მართლა უყვართ  და მას რამით დახმარება შეუძლია,მისთვის საკმარისია. პოპულარობა მას არ სჭირდება. ქალწული რასაც აკეთებს(და ბევრზე უკეთესად აკეთებს),მხოლოდ სიყვარულით.

ხანდახან თავს მარტო გრძნობს. ასეთ პერიოდებში მისი გული და სული განათდება,თუ მის ახლო-მახლო ტყუპები გოგონა იქნება. ტყუპებისთვის არარსებობს სიტყვა „შეუძლებელია“,ის განუმეორებელია და…გამოუსწორებელი. მასში ყველაფერი ბევრია,რადგან ის ორი ტყუპის ცალია,ხანდახან სამიც,ოთხიც. ქალწულ მამაკაცს გაუჭირდება ჰარამხანასთან ურთიერთობა,ამიტომ ტყუპებმა ჯერ უნდა გადაწყვიტოს,ვინ არის,რომ ქალწულმა ბედნიერი ჰპოვოს თავის ერთადერთთან.

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

სტატიის ავტორი Qet Adastra


About Qet

Scroll To Top