უასპექტო პლანეტა ანუ პლანეტა მაღაროში

უასპექტო პლანეტა ანუ პლანეტა მაღაროში

პლანეტა უასპექტოდ ითვლება, თუ არ აქვს მაჟორული ასპექტი (შეერთება, სექსტილი, ტრინი, კვადრატურა, ოპოზიცია) სხვა პლანეტასთან. ზოგჯერ მას ტერმინით „პლანეტა მაღაროში“ მოიხსენიებენ. ბ. იზრაიტელის მიხედვით, მაჟორული ასპექტები (შეერთება, ტრინი, სექსტილი, კვადრატი, ოპოზიცია) სახლებთან, მთვარის კვანძებთან ან არაბულ წერტილებთან არ უნდა განვიხილოთ როგორც ასპექტები.

ითვლება, რომ სფერო, რომელსაც პლანეტა განაგებს ცხოვრების სხვა სფეროებისგან განსხვავებით, განცალკევებით ვლინდება; საკუთარ ენერგიას, მახასიათებლებს სხვა პლანეტებთან არ „ცვლის“, მასში მომხდარი მოვლენები ნაკლებად ეხება სხვა სფეროებს.

ხშირად ასეთ პლანეტებს უარყოფით ფუნქციებსა და როლებს მიაწერენ ხოლმე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მედალს ორი მხარე აქვს. პირველ რიგში, რას ნიშნავს უასპექტობა? – სხვა პლანეტებთან ძლიერი კავშირის ნაკლებობას. თუ პლანეტას სხვა (მინორული) ასპექტებიც არ გააჩნია, მაშინ მცირე კავშირებიც არაა. ასეთი მდებარეობა პლანეტის იზოლაციას, განცალკევებას იწვევს რუკის საერთო კონტექსტიდან.

ერთის მხრივ, ასეთი პლანეტა სხვა პლანეტებისგან ენერგეტიკულ დახმარებას არ იღებს, რაც მხოლოდ საკუთარ ენერგიაზე, ძალაზე დაყრდნობას აიძულებს. მეორეს მხრივ, იზოლაციაში მოქცეული პლანეტა იძულებულია სრული დატვირთვით გააქტიუროს საკუთარი პოტენციალი, რამაც შესაძლოა ძლიერი იმპულსი მისცეს განვითარებისთვის. უასპექტო პლანეტა საკუთარ ენერგიას არ ხარჯავს სხვებთან დაკავშირებისთვის, მას საკუთარი ამოცანების შესრულებისთვის ინახავს.

გარდა ასპექტებისა, პლანეტას სხვა ტიპის კავშირის დამყარებაც შეუძლია – მმართველობის მხრივ. ის რომელიმე სახლის მმართველი აუცილებლად იქნება. ამიტომ სრულიად იზოლირებულად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ საკუთარ ნიშანსა და სახლში მყოფი პლანეტა. თუ პლანეტა მისი გამოვლენისთვის რთულ ნიშანსა და სახლში დგას, რომელიც არ „შეეფერება“ გამოვლენის ფორმას (მაგ: დაცემული ან დატყვევებულია), მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება შექმნას პრობლემა.

ასტროლოგთა უმეტესობის აზრით, ა) ასპექტების ნაკლებობა პლანეტის გამოვლენას არ უშლის ხელს (უმოქმედოს არ ხდის), უბრალოდ მას უკონტროლოს ხდის. ასეთი პლანეტა რთულადაა ასახსნელი მთლიანი რუკიდან გამომდინარე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ „თავისთვის მოქმედებს“. ბ) მის დევიზად შეგვიძლია განვიხილოთ „ან ყველაფერი, ან არაფერი“, რადგან გამოვლენის მხრივ ან სრულიად ითიშება, ან მაქსიმალურად აქტიურია, საშუალო დონე არ არსებობს. გ) უასპექტო პლანეტის გამოვლენის პროგნოზირება რთულია.

ყველაზე მეტად ასპექტირებული პლანეტა საკუთარ გავლენას ცხოვრების უამრავ სფეროზე ავრცელებს, მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული, მაგრამ, ამავე დროს მისი ენერგეტიკული რესურსების დიდი ნაწილი სხვა პლანეტებთან მოქმედებაში იხარჯება. ნაკლებად ასპექტირებულ პლანეტას შეუძლია საკუთარი ენერგიის კონცენტრირება რომელიმე მიმართულებით და ამოცანების (მისი სფეროების შესაბამისი) შესრულება. – აქედან უკვე ნათლად ჩანს, რომ პლანეტის უასპექტობა შეგვიძლია განვიხილოთ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხით.

უასპექტობის შემთხვევაში შესაძლოა ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ პლანეტის შესაბამისი სფეროებში თავს ნაკლებად სცნობს, ან ნაკლებად ვლინდება (თავად კი მეტი შეუძლია). მიუხედავად უასპექტობისა, თუ რუკაში ძლიერი მდებარეობა გააჩნია, მისი ენერგიის გამოვლენა მაინც მოხდება, რეზერვუარის სახით ინახება და გამოვლინდება, როდესაც ყველა სხვა ძალა და ენერგია დახარჯულია.

კიდევ ერთი ფსიქოლოგიური მახასიათებელი, რაც შეიძლება გამოავლინდეს, ეს – საკუთარ თავში, ძალებში დაურწმუნებლობაა პლანეტით მართულ სფეროებში. ადამიანი მუდმივად ეძებს როგორ გამოავლინოს საკუთარი სურვილები, აზრები, შინაგანი პოტენციალი.

კარმული ასტროლოგიის მიხედვით, წინა განსხეულებებში ადამიანი ნაკლებად იყენებდა პლანეტის ფუნქციებს, ან ავითარებდა, მაგრამ არ იღებდა, ვერ ნახა მისი გამოვლენის (მიღების) საშუალებები. თუ რუკაში სუსტი სტატუსისაა ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე – ნიშნავს, რომ მის გამოყენებას უგულვებელყოფდნენ, ხოლო თუ ძლიერია – წარსული გამოცდილება გააჩნია, რომელიც უსარგებლო ან გამოუყენებელია. კიდევ ერთი ვერსიით, ძლიერი, მაგრამ უასპექტო პლანეტა მიანიშნებს კარმულად „შეუსაბამო“ მახასიათებლებზე, რომელიც აქ და ახლა ნაკლებად შეესაბამება ჩვენს გამოცდილებას – თითქოს ამ ცხოვრებაში პლანეტის ენერგია და ფუნქციები გამოსავლენად საკმარისად არ მოგვეთხოვება.

როგორც ზემოთ ითქვა, უასპექტო პლანეტა შეიძლება ორიგინალურად გამოვლინდეს. მაგალითად არაასპექტირებული მერკური ჰქონდა მარქსს,  მარია კიურის, განდის, ჭადრაკის 11 ჩემპიონიდან შვიდს არაასპექტირებული (ან სუსტად ასპექტირებული) სატურნი ჰქონდა და ა.შ.

მზე

უასპექტო მზე მიანიშნებს ამბიციებისა და ნებისყოფის სისუსტეზე.  „მე“-ს განცდა განსხვავებულად ვლინდება, დადებითი კუთხით, სხვა ადამიანთა აზრისგან თავისუფლებას ანიჭებს; უარყოფითი კუთხით – გარშემომყოფთა თვალში პატივისცემას, აღიარებას რთულად აღწევს. საუკეთესო შემთხვევაში მიანიშნებს სრულ თვითკმაყოფილებაზე და სხვების გამო შეცვლის სურვილის უქონლობაზე (არ სურს სხვების გამო შეცვლა). უარეს შემთხვევაში, თვითგამოხატვასთან დაკავშირებული პრობლემებია, საკუთარ თავს როგორც ჩამოყალიბებულ პიროვნებას ვერ აღიქვამს. შესაძლოა განიცდიდეს ენერგიის, სიცოცხლისუნარიანობის ნაკლებობას.

უმაღლეს დონეზე: სულიერება, სიწმინდე, სამართლიანობა. ქმედებები და აზრები სუფთა და ცოცხალია. ადამიანი განიცდის სიმშვიდესა და ოპტიმიზმს, მასთან ახლოს ყველა კარგად ხდება, ყველაფერი ანათებს. საკუთარი აზრის სხვებისთვის თავსმოხვევისკენ მიდრეკილი არაა, რაც განუმეორებელსა და კარგ საკონტაქტო ადამიანად აყალიბებს.

საშუალო დონეზე: ინდივიდუალური საწყისები სუსტად ვლინდება. ეს ადამიანი ძნელად ახერხებს იყოს განუმეორებელი, მტკიცე, შემოქმედებითი პოტენციალი დაბალია. საკუთარის ნაკლებობას განიცდის, საკუთარი ადგილის პოვნას ძნელად ახერხებს.

დაბალ დონეზე: პიროვნულად გაუცნობიერებლობა, საკუთარ თავში გაურკვევლობა. სულიერების ნაკლებობა, პარაზიტობა, ენერგეტიკული ვამპირიზმი, სასიცოცხლო პოტენციალს სხვებზე დაყრდნობით ივსებს.

მთვარე

ხშირად მივყავართ შინაგან სიცივემდე, რომელიც პერიოდულად აღმოცენდება ძლიერი და უკონტროლო ემოციების შემდგომ. არასტაბილურ ემოციურ მდგომარეობაზე მიანიშნებს. ქვეცნობიერად მისწრაფებაა თავისუფლებისკენ, მატერიალურისგან, მატერიალური სამყაროსგან განცალკევებისკენ. ემოციების გამოხატვის კუთხით პრობლემებს წარმოშობს, საკუთარ თავში ჩაკეტილია ან სხვა ადამიანებტან ემოციური სიახლოვის განცდის ნაკლებობა აქვს. შესაძლოა ეს ადამიანი გარეგნულად ცივი და თავშეკავებული ჩანდეს იმ დროსაც კი, როდესაც ძლიერ ემოციებს განიცდის; ახალი კონტაქტების დამყარებას რთულად ახერხებდეს; ასევე შესაძოა ქვეცნობიერ დონეზე თავს უცხოდ გრძნობდეს. თუ მთვარის მდებარეობის მიხედვითაც სუსტია, შესაძლოა მიანიშნებდეს მშობლის როლის გაუთვითცნობიერებაზე, ნაკლებობაზე, სხვა ადამიანებთან თბილი ურთიერთობის უქონლობაზე. შესაძლოა ოჯახური ცხოვრების, მშობლების მიმართ დამოკიდებულება არ ჰქონდეს.

უმაღლეს დონეზე: შინაგანი სიწმინდე, აუმღვრევლობა. ადამიანზე მისი ემოციები არ „მბრძანებლობს“, მას ბინძურს ვერაფერს აბრალებენ; ტრადიციების საუკეთესო დამცველია, სულიერ ცოდნას ფლობს. იდუმალი სული.

საშუალო დონეზე: ემოციური გაუწონასწორებლობა, მგრძნობელობის დაქვეითება, სირბილე. დედობის (მშობლის) ინსტინქტების უქონლობა, ახლობლების მიმართ სინაზეს ნაკლებად განიცდის, დამოკიდებულება რამის მიმართ ნაკლებად აქვს. შესაძლოა წარმოსახვის ნაკლებობა იყოს.

დაბალ დონეზე: ემოციების ნაკლებობა, სიცივე, შინაგანად სიცარიელეა დამახასიათებელი. შესაძლოა გამოვლინდეს ბავშვების, ოჯახის, სამშობლოს გაწირვა.

მერკური 

დამახასიათებელია უკონტროლო კონტაქტები და აზრები. საუბრის დაწყების შემდეგ ადამიანი იშვიათად ახერხებს გაჩერებას. რთულად ხვდება სად გაჩუმდეს და სად ისაუბროს. სიახლეებისა და სენსაციების მიმართ ძლიერ ინტერეს ამჟღავნებს. შესაძლოა არასწორ დროს, არასწორ ადგილზე შეუსაბამო ინფორმაცია გაავრცელოს, ისაუბროს. საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, იდეებს ნაკლებად აფასებს.  შესაძლოა მიანიშნებდეს სწავლის სირთულეზე. ძლიერი მერკურის შემთხვევაში პირიქით – საკუთარ შეხედულებებსა და აზრებში დარწმუნებულობას, ინტელექტუალურ აღმატებულობას ხაზს უსვამს.

უმაღლეს დონეზე: აზროვნების სიცხადე, ობიექტური შეფასება, განკიცხვაზე დამოუკიდებლობა, ნებისმიერ სიტუაციაში სწორად ორიენტირება შეუძლია. ძლიერი გონება და გონებრივი შესაძლებლობები.

საშუალო დონეზე:  დამოუკიდებლად აზროვნების, ფიქრის, ანალიზის უნარი ნაკლებადაა განვითარებული. სწავლას, დასწავლას რთულად ახერხებს. აზრების გამოხატვის, სხვა ადამიანებთან კონტაქტის დროს სირთულეს აწყდება. არ მოსწონს ცვლილებებისაკუთარ კეთილდღეობაზე ვერ ზრუნავს.

დაბალ დონეზე: „სულელი“, ინტელექტუალური დონე დაბალია. მუდმივად საჭიროებს ვინმეს დახმარებას ორიენტირების, საქმის შესრულების დროს. ინფორმაციის აღქმის კუთხით სირთულეა.

ვენერა

უჩვეულო სასიყვარულო ურთიერთობები. გონება და მოქმედება რომანტიულ წარმოდგენებსა და ურთიერთობის სტილს ვერ უკავშირდება, განსხვავებულია. მოწონებისა და სიყვარულის გამოხატვის კუთხით სირთულეებია როგორც მისი მხრიდან, ასევე სხვებისგან (რთულად იგებს როდის გამოხატავენ მის მიმართ სიყვარულს, მოწონებას ან გამოხატავენ თუ არა საერთოდ). შესაძლოა ფიქრობდეს, რომ პარტნიორს არ უყვარს, მაშინაც კი, როდესაც ამ სიტყვებს ხშირად ეუბნებიან; სიყვარულში უნდობლობა, ეჭვიანობა მეტად ვლინდება. ასეთი ვენერის კომპენსირება ხშირად ხდება მთვარის მიერ. შემოქმედებითი კუთხით უჩვეულო ხედვა, გემოვნება ვლინდება. განსხვავებული ღირებულებათა სისტემა აქვს. შესაძლოა ფინანსური საკითხები მოუწესრიგებელი ჰქონდეს. კაცის შემთხვევაში – საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში ხშირად აქვს პრობლემები.

უმაღლეს დონეზე: გრძნობების სიფაქიზე, სიწმინდე, სურვილების სწორად აღმოცენება. ჭეშმარიტი სილამაზისა და ჰარმონიის დაფასების/დანახვის უნარი აქვს. ეთიკური კანონებისა და ესთეტიკის დამცველია. მოდას არ მიყვება, თავისი სტილი გააჩნია. სამყაროს, ადამიანების მიმართ მსხვერპლშეწირვად სიყვარულს განიცდის და სანაცვლოდ არაფერს ითხოვს.

საშუალო დონეზე: გძნობები და მგრძნობელობითი სამყარო სუსტად ვლინდება. ნაკლებად ახერხებს ხელოვნებით, სილამაზით ტკბობას, ლამაზი, კომფორტული საგნებისა და საკვებისგან სიამოვნების მიღებას. ვლინდება ვულგარულობა, ასექსუალურობა, პრიმიტიული სურვილები და მიდრეკილებები.

დაბალ დონეზე: უგრძნობობა, უგულობა, ჩამოუყალიბებელი გემოვნება, ამორალურობა. გამომყენებლური დამოკიდებულება სილამაზისა და ხელოვნების მიმართ.

მარსი

შესაძლოა გამოვლინდეს მუდმივად ახალი საქმეების დაწყება ძველის დასრულების გარეშე (თუ რუკაში ძლიერი სატურნია, დასრულება მაინც უწევს). დამახასიათებელია პარადოქსული, მოუგვარებელი სექსუალური ცხოვრება, ენერგიის უკონტროლო ხარჯვა (ძლიერ აქტიურობას სრული პასიურობა ცვლის). შესაძლოა ხშირად არ ესმოდეს რას აკეთებს ან რისთვის, რა მიზნით. თუ მარსი ძლიერია, ადამიანს ენერგიის კონტროლი უჭირს, სასურველი მიმართულებით გაშვებას რთულად ახერხებს, არასწორად ფლანგავს. შესაძლოა პასიური იყოს, როდესაც აქტიურობა უნდა გამოავლინოს და პირიქით – აქტიურია, როცა პასიურობა უმჯობესია. თუ მარსი მდებარეობითაც სუსტია – აქტიურობისა და ინიციატივის გამოვლენა ნაკლებადაა დამახასიათებელი. ქალის შემთხვევაში – სირთულე ვლინდება საპირისპირო სქესთან ურთიერთობის კუთხით.

უმაღლეს დონეზე: მიზანდასახულობა, ქმედებების სიცხადე, გააზრებული მოქმედება. დაბალი გამოვლენის გრძნობების, ვნების უარყოფა. სუფთა ენერგიის დამცველი, ტანტრა-იოგის მიმდევარი. მიდრეკილია თანამშრომლობის ძიებისკენ, გარშემომყოფთა ინტერესებისთვის საკუთარის შეწირვისკენ, მასზე სუსტების ან დაჩაგრულების მფარველობისკენ.

საშუალო დონეზე: სუსტი ხასიათი, ნაკლებად ავლენს ინიციატივას, ბრძოლისუნარიანობას, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, საკუთარ აზრზე დარჩენა უჭირს. ზედმეტად ავლენს სიფრთხილეს. ადვილად ემორჩილება მასზე ძლიერ ძალას, ადამიანს.

დაბალ დონეზე:  ბრძოლის სურვილი არაა, პასიურია, ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლია სხვების მითითების გარეშე. ცხოვრების მიმართ ინტერესს ნაკლებად ავლენს, დაბალი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს, სტრესთან გამკლავების უნარი ნაკლებია. ზოგჯერ შინაგანი აგრესიის გამოვლენა ხდება.

იუპიტერი

დამახასიათებელია დიდების, პატივის, დაფასების უკონტროლო მისწრაფებები, უჩვეულო ცხოვრებისეული ფილოსოფია. ძლიერი ქვეცნობიერი სურვილია ავტორიტეტულობის, ძალაუფლების, ფართო მასებთან კონტაქტის. შესაძლოა ხშირად იცვლიდეს ცხოვრებისეულ შეხედულებებს, რწმენას. საკუთარ მორალს წინა პლანზე აყენებს. სხვა კულტურების მიმართ ძლიერი ინტერესით გამოირჩევა. საუკეთესო შემთხვევაში ნიშნავს დამოუკიდებლად საკუთარი ღირებულებათა სისტემის, მორალის ჩამოყალიბებას. უარეს შემთხვევაში საზოგადოებასთან გამოსვლის, ფართო აუდიტორიასთან კონტაქტის უუნარობა ან მორალური სისტემის ჩამოყალიბებაში სირთულეები ვლინდება. ჰარმონიულ რუკაში შესაძლოა ნიშნავდეს ახალი იდეების გენერირებას, გამოხატულ ინდივიდუალურობას, ხოლო დისჰარმონიულ რუკაში – ყოვლისშემძლეობის, შეუმცდარობის იდეა აქვს.

უმაღლეს დონეზე: სულიერი ძალაუფლება, ავტორიტეტი. სულიერი სიბრძნის მფარველია. საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია ყურადღების მიქცევის გარეშე. ადამიანებში მაღალი პრიორიტეტებისა და მორალის გამომუშავებას ახერხებს. მისი ქმედებები ნაკარნახევია (ხელმძღვანელობს) არა პირადი ან სოციალური ხედვით, არამედ – უმაღლესი.

საშუალო დონეზე: საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში რთულად ახერხებს ორიენტირებას. არ შეუძლია დიდი საქმეების ბოლომდე მიყვანა, ამიტომ ხშირად ცდილობს მცირე მასშტაბის საქმეებით დაკავებას. ავტორიტეტის გამყარებას დიდხანს უნდება. ბედის საჩუქრებით განებივრებული ნაკლებადაა.

დაბალ დონეზე: ასოციალურია, მცირე ქმედებებითაც კი პრობლემებს აწყდება საზოგადოებრივ ცხოვრებაში (ან საზოგადოებას უქმნის პრობლემებს). კანონებს, მორალს, ღირებულებებს არ ცნობს. შემოქმედებითი შესაძლებლობები და უნარების ნაკლებობაა.

სატურნი 

თვითდისციპლინის უკმარისობაა, თვითკონტროლის უჩვეულო მეთოდები ახასიათებს. ძლიერი თვითშეკავება თავაშვებულობით იცვლება. მისთვის სიტყვა „აუცილებელია, საჭიროა“ გაღიზიანებას იწვევს. საბოლოო სახით შესაძლოა იზოლირებული, განცალკევებული გახდეს.

უარყოფითი კუთხით – რა არის მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი დამოუკიდებლად გარკვევა უჭირს. ძლიერი სატურნის შემთხვევაში შესაძლოა ასკეტი იყოს, განმარტოებისკენ ისწრაფვოდეს, თავს საკუთარი ნებით იზღუდავდეს; გარშემომყოფებს ზედმეტად მკაცრი ეჩვენებათ. შესაძლოა დაგეგმვას, გეგმის მიხედვით ცხოვრებას  ვერ ახერხებდეს.

უმაღლეს დონეზე: დამახასიათებელია მიზანდასახულობა, წმინდა სულიერი თავშეკავება, ღირებულებათა სისტემა მყარია და გარე ან შიდა გავლენას არ ექვემდებარება. დამახასიათებელია სამართლიანობა, პატიოსნება, ასკეტურობა, მზადყოფნა, დაბალი  მონაგების, გამოვლინების სურვილების უფრო მაღალი ღირებულებებისადმი შეწირვა.

საშუალო დონეზე: ცხოვრებაში უამრავ სირთულეს აწყდება, ორიენტირება ნაკლებად გამოსდის, მუდმივად უწევს რამდენიმე არჩევანიდან უფრო მნიშვნელოვანის ამორჩევა და დანარჩენზე უარის თქმა. სამყაროს ობიექტური აღქმისთვის კრიტერიუმები ჩამოუყალიბებელია. დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა არ შეუძლია. უკვე მიღწეულის გამოყენებაც რთულად გამოსდის. უსიამოვნებების მიღება არ შეუძლია.

დაბალ დონეზე: სულიერების, პრინციპების ნაკლებობა. მზადაა ნებისმიერს დაემორჩილოს, ვიდრე დამოუკიდებლად იფიქროს, პასუხისმგებლობა აიღოს. სინდისს ნაკლებად უსმენს. მის ქმედებებში ლოგიკური ნაბიჯები ნაკლებადაა.

ურანი 

შესაძლოა ხშირად იკავებდეს უსაფუძვლო პოზიციებსა და დაუღალავი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდეს. ყველაფრის გადალახისება, განახლება, წესრიგის დარღვევა მოსწონს. ნებისმიერ ფასად ცდილობს თავისუფლების მოპოვებასა და დამტკიცებას. სამყაროს მიმართ განიცდის სულიერი კავშირის ნაკლებობას. სამყაროს იერარქის, კოსმიური კანონების გაცნობიერება უბიძგებს მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროებში ორიგინალური იდეების განხორციელებას. ზოგჯერ შესაძლოა მისგან შორს მომხდარ მოვლენას ხედავდეს ისე, როგორც ეკრანზე ან ფიზიკურ სხეულს გარეთ მოგზაურობა ახასიათებდეს. შესაძლოა ახასიათებდეს მეგობრებთან კონფლიქტები ან განსხვავებულ სიტუაციებში იბნეოდეს.

უმაღლეს დონეზე: შინაგანი თავისუფლება, დამოუკიდებლობა. ყოველივე ორიგინალურის, განსხვავებულის, უცნაურის მოვლენის, სფეროს, უმაღლესი სამყაროების ინფორმაციის მცველია; ასევე იცავს მომავლისთვის მნიშვნელოვან მოვლენებსა და ინფორმაციას, რაც მთელი კაცობრიობისთვისაა გადამწყვეტი მნიშვნელობის. პარანორმალური შესაძლებლობები გააჩნია, რომელიც დაფარულია სასურველ მომენტამდე.

საშუალო დონეზე: უასპექტო უმაღლესი პლანეტა (როგორიცაა ურანი) ნაკლებად შესამჩნევია ადამიანების ცხოვრებაში. ამ შემთხვევაში ადამიანი რთულად ახერხებს იყოს ბოლომდე თავისუფალი, გულგახსნილი. მეგობრების პოვნა, დახმარების ძიება, იდეების გამოხატვა მისთვის პრობლემური სფეროებია. შესაძლოა მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობდეს.

დაბალ დონეზე: არაა მზად დიდი ქმედებებისა და ცვლილებებისთვის, სამყაროსეული ჭეშარიტებების გაგება ნაადრევია, რადგან შესაძლოა სათავისოდ გამოიყენოს. ასევე დამანგრეველი და მოუფიქრებელი ქმედებების რისკია.

ნეპტუნი

ძლიერი პარაფსიქოლოგიური უნარები, სულიერი განვითარებისკენ მიმართულია ან ამ ყველაფერს ფულის გამოსამუშავებლად იყენებს. შემოქმედებითი ბუნებისაა განვითარებული ინტუიციითა და ფანტაზიით (თუ სუსტი მდებარეობის ნეპტუნია – პირიქით ვლინდება). ლიტერატურასა და მუსიკაში შეუძლია გადმოსცეს კოსმიური ჰარმონია, მაგრამ ადამიანებთან იგივეს რთულად ახერხებს. შესაძლოა რთულად ამჩნევდეს მის მიმართ გამოხატულ სიყვარულს, თანაგრძნობას (ამ უკანასკნელის გამოხატვა თავადაც უჭირს). ურთიერთობებში გრძნობების გამოხატვის კუთხით სირთულე ვლინდება. შესაძლოა მიდრეკილი იყოს მსხვერპლად შეწირვისკენ მაშინ, როდესაც ეს არავის უნდა (არაა ამის აუცილებლობა). იტაცებს მისტიციზმი, ოკულტიზმი, მაგია. უასპექტო ნეპტუნი შემოქმედებით უნარეს აძლიერებს, მაგრამ უარყოფითი კუთხით რეალობასთან მოწყვეტაზეც მიანიშნებს. საიდუმლოებების დაცვის მხრივ სისუსტეა (ვერ ახერხებს).

უმაღლეს დონეზე: ძლიერი ინტუიცია, ფაქიზი აღქმა, წარმოსახვა; ფარული ცოდნის, სულიერი საგანძურის მფარველი. შინაგანი კავშირი კოსმიურ, ოკულტურ ძალებთან.

საშუალო დონეზე: არ ჰყოფნის ფანტაზია და წარმოსახვა, რთულად ახერხებს ფანტაზიისა და რეალური სამყაროს გარჩებას. ინტუიცია განვითარებული ნაკლებადაა ან არასწორად. შინაგანი ხმა ხშირად „ატყუებს“. ცხოვრებაში უამრავი გაუგებარი მოვლენაა.

დაბალ დონეზე: სულიერ სამყაროს, სულიერ მხარეს არ აღიარებს, მეტად ინტერესდება ცხოვრების პრაქტიკული სფეროებით. არარელიგიურია, უმაღლესი სიყვარულის არ სჯერა; უმაღლესი იდეალების ნაკლებობას განიცდის.

პლუტონი 

ამ ადამიანს ძლიერი მოტივები და მიდრეკილებები აქვს, რომლებსაც რთულად უქვემდებარებს შინაგან კონტროლს. უასპექტო პლუტონის მოქმედებისას კოლექტივისგან გამოყოფის ძალას აცნობიერებს. სამყაროს არასრულყოფილებას ხშირად გრძნობს და მისი რეორგანიზაციის სურვილი უჩნდება. შესაძლოა ოცნებობდეს სხვა ეპოქაში ან პლანეტაზე ცხოვრებაზე, კოლექტივს, საზოგადოებას გაურბოდეს.

უმაღლეს დონეზე: უჩვეულო მგრძნობელობა კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების მიმართ. კოსმიურ ენერგიებთან, ეგრეგორებთან მუშაობა შეუძლია. ამავე დროს, უმაღლესი ძალების, საწყისის ბრმა შემსრულებელი არაა. ძალა, შეუზღუდავი ძალაუფლება რასაც ვერ გამოიყენებს პირდაპირ (სულიერ დონეზე შეუძლია).

საშუალო დონეზე: ინდივიდსა და საზოგადოებას (კოლექტივს) შორის ენერგეტიკული მიმოცვლის დარღვევაა. ნაკლებად შეუძლია საზოგადოებრივ საქმეებში მნიშნელოვანი როლის შესრულება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სულიერ ცხოვრებაში, ეგრეგორებთან ურთიერთობა არ გამოსდის. ინდივიდუალური საწყისი კოლექტიურს ემორჩილება. სექსუალური მისწრაფებები დაბალია.

დაბალ დონეზე: ადამიანი სხვებისგან ენერგეტიკულად განცალკევებულია. ყველა სამუშაოს საკუთარი ენერგიით ასრულებს, ამიტომ დიდი საქმეების გაკეთება არ შეუძლია. პანიკური განწყობა, შიში, უარყოფითზე ორიენტირება ახასიათებს. სხვების ხელმძღვანელობის დროს დაუფიქრებელი ქმედებებისკენაა მიდრეკილი.

ქირონი 

უასპექტო ქირონზე ჯერ კვლევა არ ჩატარებულა. ვარაუდის დონეზე, ის უნდა იწვევდეს არაკომპეტენტურობის, დაუფასებლობის განცდას, ქირონის სახლისა და ნიშნის სფეროებში თავისებურ ინდივიდუალურ გამოვლინებას. შესაძლოა ახასიათებდეს დიპლომატიურობის ნაკლებობა, პარტნიორულ ურთიერთობებში უკმაყოფილება, შეთანხმებების დარღვევა.

უმაღლეს დონეზე: სამართლიანობისა და ბალანსის დამცველი. შეუძლია ობიექტურად, მიუკერძოებლად მიიღოს საზოგადოებრივი პროცესები. საკუთარი ინდივიდუალური საწყისის აბსტრაქცია, ნებისმიერ სიტუაციაში აზრის შენარჩუნება შეუძლია.

საშუალო დონეზე: ორიენტირება უჭირს რთულ და პრობლემურ სიტუაციებში, ურთერთობებში (პირადი და საქმიანი) დაბალანსება არ გამოსდის. დიპლომატიური ნაკლებადაა და სისხარტე აკლია.

დაბალ დონეზე: საზოგადოებრივ კავშირებში დეზორიენტაცია, თუ თამაშს წამოიწყებს კონფლიქტებს აწყდება. ცვალებად გარემოსთან მორგების პრობლემაა.

პროზერპინა 

რეგენერაცია, ადაპტაცია რთულად ხერხდება. შესაძლოა ნაკლებად ჰქონდეს განვითარებული ვალდებულების გრძნობა.

უმაღლეს დონეზე: ადამიანს გააჩნია უნიკალური ძალები, რომელთა დახმარებითაც გარემოსა და საკუთარი თავის გარდაქმნა შეუძლია. ამ ძალების გამოყენება არც საკუთარი თავისთვის და არც სამყაროსეული მიზნებისთვის შეუძლია, მხოლოდ – სულიერი გარდაქმნისთვის. მსოფლიო ღირებულებათ მფარველია.

საშუალო დონეზე: განიცდის ანალიტიკური უნარებისა და შესაძლებლობების ნაკლებობას, ფაქტების გაერთიანება, მთლიანი სურათს დანახვა უძლებდება, ამიტომ ხშირად მიმართავს „ცდისა და შეცდომის“ მეთოდს. მისი ცხოვრება ნაკლებადაა მოწესრიგებული.

დაბალ დონეზე: უსისტემო ცხოვრება, მოუთმენლობა, პრობლემებს ხშირად ქმნის და აწყდება. ადვილად შეიძლება მისი მოტყუება, არასწორად დაჯერება.

მთვარის კვანძები

უმაღლეს დონეზე: წინა ცხოვრებათა განმავლობაში საკუთარი კარმა მეტწილად გამოისყიდა, დაამუშავა. ახლა შეუძლია საკუთარი ევოლუციური განვითარება თავისუფლად მართოს და ადამიანებთან/სამყაროსთან ნებისმიერი ფორმის ურთიერთობა ჰქონდეს. არაა რთული პროგრამები, შეზღუდვები. ადამიანი საკუთარ ბედს თავად ქმნის.

საშუალო დონეზე: ამ ცხოვრებაში თავისუფალი არჩევანი აქვს. არავის მიმართაა ვალდებული, ყველა მშვიდად ტოვებს (არაფერს აუძილებენ და სთხოვენ). ამავე დროს, ის არავის სჭირდება, არაფერს ავალებენ, არავინ ეხმარება განვითარებაში. ცხოვრება შესაძლოა მოსაწყენად, უინტერესოდ მოეჩვენოს, რადგან რამის მიღწევის სტიმული არ გააჩნია.

დაბალ დონეზე: ცხოვრება და ინტერესები დგას სხვათა ცხოვრებისა და ინტერესებისგან განცალკევებით. არ გააჩნია ვალდებულებები საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ. მას არ ეხება გარე სამყაროს სიხარული და მწუხარება. უსარგებლო არსებობა (არსებობაზე ხშირად ფიქრობს, რადგან შესაძლოა სუარგებლოდ ეჩვენებოდეს).

შავი მთვარე

უმაღლეს დონეზე: წინა ცხოვრებათა განმავლობაში საკუთარ თავზე ბევრს მუშაობდა, იწმინდებოდა, უარყოფით კარმას იშორებდა, ცხოვრებას სწორი მიმართლებით ატარებდა. ახლა შავი ძალების თავდასხმისგან თავისუფალია. იმუნიტეტი გამომუშავებულია ბოროტი ძალების მიმართ და უარყოფითი ნაკლებად ეხება.

საშუალო დონეზე: ადამიანი ცხოვრობს ხელოვნურ სამყაროში, არ ეჭვობს რომ გარშემო ტალახი, უსამართლობა და ჭუჭყია. თავად არ შეუძლია გააცნობიეროს უარყოფითი ქცევები და არც სხვებში ეჭვობს ცუდს. ბოროტებას, უარყოფითს პასიურად ეწინააღმდეგება.

დაბალ დონეზე: ადამიანი საერთოდ არაა დაკავშირებული უარყოფითთან, ცუდ ქმედებებთან, მაგრამ მოულოდნელად თავისუფლად შეუძლია უარყოფითის, სიბოროტის ჩადენა. არავის შეუძლია დაადანაშაულოს ან ეჭვი აიღოს მის უარყოფით მხარეებზე. საკუთარ უარყოფით მახასიათებლებს სიღრმისეულად მალავს (ატარებს).

თეთრი მთვარე

უმაღლეს დონეზე: წარსულში ადამიანმა გამოიმუშავა ძლიერი, სიღრმისეული დადებითი კარმა. ამჟამად მას უნიკალური შესაძლებლობები აქვს ყურადღების მიქცევის გარეშე, ფარულად აკეთოს სიკეთე. ეს ადამიანი სრულიად თავისუფალია არჩევანში, ხელმძღვანელობს მხოლოდ საკუთარი სინდისით.

საშუალო დონეზე: უკეთესის იმედის, უმაღლესი ძალების რწმენის ნაკლებობას განიცდის; ქვეყნად სამართლიანობის არსებობაში, ადრე თუ გვიან დადებითი საქციელისთვის „საჩუქრის“ მიღებაში მისი დარწმუნება რთულია. ძალიან ხშირად საუკეთესო შესაძლებლობებს ტოვებს, არ იყენებს კეთილი ძალების დახმარებას, არ სჯერა სხვების უანგარობის.

დაბალ დონეზე: სრულიად თავისუფალია ზნეობრვი პრინციპებისგან, არ ხელმძღვანელობს მორალით; არ იცის რას ნიშნავს სინდისის ხმა, უმაღლესი სულიერებისკენ ორიენტირება არ (ნაკლებად) აქვს. მისი ცხოვრება სავსეა შეცდომებით. შესაძლოა მიხვდეს რომ ცუდად იქცევა, მაგრამ სხვა ალტერნატივას ვერ ხედავდეს.

წყარო: ბ. იზრაიტელი, ფ. ველიჩკო, პ. გლობა, ბ. შჩიტოვი

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top