ურანის ასპექტები

ურანის ასპექტები

ურანი გამოკრთომის, განჭვრეტის, განთავისუფლების, დამოუკიდებლობის სიმბოლოა. შესაბამისად, ურანთან და მასთან ასპექტირებული პლანეტის სფეროები პიროვნების ინდივიდუალურ თავისებურებებზე მეტყველებს _ რამდენად გამოირჩევა ადამიანი საზოგადოდ მიღებული ქცევითი ნორმებისგან, პირველ რიგში, ზეწყაროებისგან მიღებული შთაგონებით.

ურანი ასევე გენიალობით  და ორიგინალობით აჯილდოებს პლანეტას, რაც ხშირად მეცნიერული ნიჭით ვლინდება. ურანთან ასპექტირებული პლანეტით მართული სფეროები მოულოდნელ და დრამატულ ცვლილებებს განიცდის. ზემგრძნობიარე აღქმაზე დაფუძნებული ინტუიცია და გამონათება კი მთავარ როლს ასრულებს როგორც ამ ცვლილებებში, ისე ცხოვრების უჩვეულო სტილის ფორმირებაშიც.

დაზიანებული ურანის შემთხვევაში, პლანეტის ნიშნისა და სახლისთვის, ისევე როგორც მისი მართვის ქვეშ მყოფი სახლისთვის, თვისებრივი იქნება ექსცენტრულობა, არასაიმედოობა, არასტაბილურობა, წინდაუხედაობა.

ურანისგან აღთქმული ჭეშმარიტი თავისუფლების მიღწევა მხოლოდ სატურნის გაკვეთილების ათვისების შემდეგ შეიძლება. თავისუფლების მთავარი პირობა მოთმინება და თვითდისციპლინაა, ურომლისოდაც  თავისუფლება  თავნებობას ემსგავსება, რაც დამანგრეველიც არის და არც დღეგრძელობით გამოირჩევა.

ჰოროსკოპში ძლიერი ურანი ხაზს უსვამს ადამიანის ჰუმანისტურ მისწრაფებებს, მიგვითითებს ნატივის ოკულტურ უნარებზე, სიმბოლოების სწორად კითხვის შესაძლებლობებზე, მათ შორის ნიჭიერ ასტროლოგზეც.

 

 

ურანის შეერთება პლანეტებთან

ურანთან შეერთებული პლანეტა ძალიან ორიგინალური და კრეატიულია, აქტიურად ინტერესდება ცოდნის ახალი სფეროებით, ეზოთერიკით. ეს ძალზედ სალმიანი და კაცთმოყვარე ხალხი უკიდურესად განვითარებული დამოუკიდებლობით, ძლიერი ნებით, რევოლუციური სულისკვეთებითა  და დინამიური ქცევებით გამოირჩევა.

ურანის ჰარმონიული ასპექტები პლანეტებთან

ურანთან ჰარმონიული ასპექტები პლანეტის კრეატიულობას აქეზებს და ადამიანს „უცნაური“ ქცევებისკენ უბიძგებს.

ურანის სექსტილი დაკავშირებულია სულიერი ზრდის და წინსვლის მოულოდნელ შესაძლებლობებთან, რაც ხშირად იწყება ჩვეულებრივი ცნობისმოყვარეობით უჩვეულო მოვლენების და საკითხების მიმართ. ნატივი, ურანით და პლანეტით მართულ სფეროებში, აქტიურად ინტერესდება ნოვატორული იდეებით, სიამოვნებით შედის ინტერაქციაში ადამიანებთან, აღმერთებს ჯგუფურ აქტივობებს, გონიერი და ინფორმირებულია, მარტივად იჩენს მეგობრებს.

ურანის ტრინი ადამიანს მოულოდნელ ბედნიერებას უქადის პლანეტით მართულ სფეროში. ამ უაღრესად კრეატიულ, გამჭრიახ და შემოქმედებით ადამიანს ყველა საკითხის მიმართ ორიგინალური მიდგომა აქვს. ის მხიარული და მეგობრული, ავანტურისტული თავგადასავლების დიდი მოყვარულია.

 

 

 

ურანის დაძაბული ასპექტები პლანეტებთან  ადამიანს უკიდურესი ინდივიდუალიზმის და დამოუკიდებლობისკენ უბიძგებს.

ურანის კვადრატი კრახის და დაცემის მომასწავებელია, რადგან ნატივი მეტად  სულწრაფი და იმპულსური იქნება პლანეტით მართულ სფეროებში. მისთვის დამახასიათებელი იქნება დაუდევარი, უგუნური ქცევები და წვრილმანებზე ჯიბრიანობა. ამასთან, ის ხშირად იცვლის შეხედულებებს და თითქმის არასდროს უსმენს კეთილ რჩევებს. მისი  სულელური და თავხედური ქცევები ხშირად უფუჭებს საქმეს არამხოლოდ ნატივს, არამედ იმ კოლექტივსაც, რომელშიც ის მოღვაწეობს. ძალიან ხშირად უშვებენ სერიოზულ შეცდომებს, რასაც ხანგრძლივვადიანი პრობლემები მოჰყვება.

ურანის ოპოზიცია ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს, რაც გამოწვეულია ადამიანის თავქარიანობით, უპასუხისმგებლობით, არასაიმედოობითა და ახირებულობით. ეს უკიდურესად თავნება და ჯიუტი ადამიანია, რომელსაც ძალიან უჭირს აბსოლუტურ თავისუფლებასთან გამომშვიდობება. ამიტომ, თავისუფლების მისეული გაგება უმეტესად დამახინჯებულია. გარდა ამისა, ნატივი ზედმეტად მომთხოვნია გარშემომყოფების მიმართ, რასაც ხშირად სრულიად მოულოდნელი, შეუქცევადი განხეთქილებები და განშორებები მოჰყვება.

 

„პლანეტით მართული სფეროები“ _ ა) იგულისხმება სახლი, რომელსაც მართავს პლანეტა. პლანეტა მართავს სახლს, რომლის კუსპიდიც (საწყისი საზღვარი) მდებარეობს მის სატახტო ნიშანზე. მაგალითად, მზე მართავს სახლს, რომელიც იწყება ლომზე. მთვარე მართავს სახლს, რომელიც იწყება კირჩხიბზე, მერკური _ ტყუპების კუსპიდს და ა.შ. ბ)  სახლი, რომელშიც ვლინდება პლანეტის ენერგია. (მაგ.: პლანეტა III სახლში).


About Qet

Scroll To Top