მინერალოგია – ფირუზი

მინერალოგია – ფირუზი

ქვის სახელწოდება სპარსული სიტყვისგან მოდის, რაც „ბედნიერების ქვას“ (firuza) ან „გამარჯვებას“ (piroza) ნიშნავს. სამკაულად გამოყენება ჯერ კიდევ ჩვ. ერამდე 6000 წლის წინ დაიწყეს. მისგან დამზადებული სამკაულები ნაპოვნია ცენტრალური ამერიკის, ეგვიპტის, შუა აზიის ტერიტორიებზე.

ფირუზის ფერები მერყეობს ღია ცისფერ, ცისფრიდან მწვანე ფერში გადამავალ, ნაცრისფერ-მწვანე ფერებს შორის. მის სხვა სახელწოდებებს შორის აღსანიშნავია: აცტეკების ქვა, არაბული ქვა, ცის ქვა და ა.შ. „გაყალბებულ“ ფირუზს შორის შეხვდებით ძვალს, ფაიფურს, პლასტმასს, რომლებსაც ენერგია არ გააჩნია.

ითვლება, რომ ფირუზი „გულის საკითხებშია“ დამხმარე. ის მუდმივი ერთგულებისა და სიყვარულის სიმბოლოა, პარტნიორულ ურთიერთობებში ბედნიერება მოაქვს, კამათის რაოდენობას ამცირებს, ოჯახში სიმშვიდეს, შეძლებულობას ხელს უწყობს. ასევე დადებითად მოქმედებს უძილობის, სისხლდენის დროს, ავადმყოფებში სიყვითლეს აქრობს. უარყოფითად მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებიც მორალს, ეთიკას არ იცავენ.

აცტეკებისთვის ფირუზი ცის ღვთაების ცრემლები იყო და ჯანმრთელობას, აყვავებას, სიყვარულს უკავშირდებოდა. ზოგჯერ ფულის მნიშვნელობითაც იყენებდნენ.

ცისფერი ფირუზი „ახალგაზრდად“ ითვლება და შეფერილობას სპილენძის იონები აძლევს და ფერის გამო „ზეციურ ქვად“ მოიხსენიებდნენ. მწვანე ფერის ფირუზი „ძველ“ ქვად ითვლება, ამ შეფერილობას რკინის შერევა აძლევს.

ფირუზის მომპოვებელ ქვეყნებად ითვლებიან: კავკასია, ირანი, ა.შ.შ-ის ტერიტორიები (ნევადა, კოლორადო, კალიფორნია, ნიუ-მექსიკო), ჩილე, ეთიოპია, ავსტრალია, ჩინეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი.

სამკურნალო თვისებები

ეფექტურ და აქტიურ სამკურნალო თვისებებს ცისფერ ფირუზს მიაკუთვნებენ.  ფირუზით გაწყობილი სამკაული მეხსიერებას აუმჯობესებს, უძილობის საწინააღმდეგოდ გამოიყენება, ღამის კოშმარებისგან გვიცავს, თავის ტკივილს ამცირებს. ფირუზის ქვა დადებითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე, ხმის ტემბრზე.

 

მაგიური მახასიათებლები

სპარსეთში იღბლისა და გამარჯვების სიმბოლო იყო. შუა საუკუნეებში შხამსაწინააღმდეგო მოქმედება მიეწერებოდა – მფლობელს მოწამვლისგან იცავდა. ასევე ითვლებოდა, რომ  მონადირის ან მსროლელისთვის მიზანში მორტყმის ალბათობას ზრდიდა და იარაღზე ამაგრებდნენ.

ფირუზი ოჯახში, პარტნიორებს შორის სიმშვიდის შენარჩუნებას ხელს უწყობს, ამიტომ გერმანიასა და რუსეთში მისგან საქორწინო ბეჭედს ამზადებდნენ. თანამედროვე შეხედულებებით გაბედული ადამიანების ქვად ითვლება, რომლებიც ბნელ მხარესთან ბრძოლას არ უშინდებიან. ფირუზი მფლობელს უშიშრობას, სულის სიძლიერესა და დაჟინებულობას მატებს.

ინდოელი იოგები ფირუზს ძლიერი, დადებითი ენერგეტიკის მატარებელ ქვად თვლიან, რომელიც ადამიანებზე დადებითად მოქმედებს, მათში მრისხანებას, „ბოროტ“ აზრებს აქრობს, მფლობელს ეხმარება ცხოვრების აზრის მიხვედრაში, ორიენტირებაში, მიზნების დასახვაში, ქალური და კაცური ნაწილების დაბალანსებაში.

ფირუზის ფერის ცვლილება დაკავშირებულია საფრთხესთან, ავადმყოფობასთან ან არასწორ აზრებთან, ქცევებთან.

ფიზურით გაწყობილი სამკაულის ტარება რეკომენდებულია გამბედავი, რისკიანი, გამარჯვებისკენ მიმავალი ადამიანებისთვის; ასევე მათთვის, ვისი პროფესიაც ზუსტ მეცნიერებებს უკავშირდება.

ასტროლოგია: მეტად შეეფერება კუროსა და მშვილდოსანს; სტიქიებიდან – მიწა, წყალი; პლანეტებიდან – მარსი, ვენერა, იუპიტერი, სატურნი. (მწვანე ფერის ან „მკვდარი“ ფირუზი სატურნის მახასიათებლებს წარმოაჩენს). მისი კეთება ნაკლებადაა სასურველი ქალწულისთვის.

ჩაკრებზე გავლენა: მე-5 ჩაკრა; აკონტროლებს სუნთქვის ორგანოებს, სმენის აპარატს, კანის საფარს. ამ ჩაკრის აქტიურობა გავლენას ახდენს პროფესიულ და საზოგადოებრიც სფეროებში თვითსიმტკიცეზე, კმაყოფილებაზე, კომუნიკაბელურობაზე.

დამატებითი ინფორმაცია: რბილი ქსოვილით ფრთხილად უნდა გავწმინდოთ, რადგან სტრუქტურა შეიძლება ადვილად დაერღვეს. შენახვა რეკომენდებულია მასზე ძლიერი მინერალებისგან (მაგ: ბრილიანტი) განცალკევებით.

მომზადებულია ჯასპერ სტოუნის, ნატალია სიმონოვას, lithotherapy.ru-ს მასალებზე დაყრდნობით.


About Tamta

Scroll To Top