ქალწული და თხის რქა

ქალწული და თხის რქა

_შეეცადეთ კარგად გამოიყურებოდეთ _ თქვა პიტერმა. _

პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

პიტერს უხაროდა, რომ არავინ ჰკითხა, რას ნიშნავდა „პირველი შთაბეჭდილება“.

ისინი ზედმეტად დაკავებულნი იყვნენ იმით, რომ რაც შეიძლება კარგად წარმოჩენილიყვნენ.

ქალწულები და თხის რქები მხოლოდ წესების მიხედვით თამაშობენ. მათ ძალიან არ სურთ, რომ მეგობრებმა, ნათესავებმა თუ მეზობლებმა განსაჯონ ან დასცინონ. ადამიანმა თავი სასაცილოდ არ უნდა აიგდოს და თუ  სურს, რომ პატივი სცენ, რესპექტაბელური უნდა იყოს. რა არის ამაზე ცხადი და თვალსაჩინო?

ქალწულიცა და თხის რქაც სერიოზულად ეპყრობიან ფულს. ფული   ის არის, რასაც ისინი გამოიმუშავებენ, ზოგავენ, გონივრულად ანაწილებენ, არასდროს ისვრიან უდარდელად და არასდროს ხარჯავენ უსარგებლო სისულელეებზე.

ქალწულები და თხის რქები უაღრესად პასუხიმგებლობიანი ხალხია. პასუხისმგებლობა და ვალდებულება  მათი ცხოვრების აზრიც არის და მიზანიც. მიეცით მათ წმინდა რწმენა, მოქმედების აუცილებლობა, პასუხიმგებლობა მოქმედებაზე და ისინი ბედნიერებისგან მეშვიდე ცას ეწევიან. ეს „მეშვიდე ცა“ მართლაც საინტერესო ადგილია, განსაკუთრებით თხის რქისთვის, რადგან მისი მმართველი სატურნი  მისტიკოსების განსაკუთრებული ინტერესის საგანია. ძველად ვარაუდობდნენ, რომ ჩვენი სამყარო შვიდგანზომილებიანია. აქ, დედამიწაზე, სამ განზომილებაში ვცხოვრობთ. ვიცით მეოთხეც _ დრო. მეხუთე განზომილება ქალწულის მმართველ ვულკანს უნდა უკავშირდებოდეს. რას წარმოდგენს ეს მეხუთე განზომილება? ან მეექვსე და მეშვიდე? არ ვიცი. ალბათ, თქვენ იტყვით, რომ ეს რაღაც სისულელეა, სადაც  იოტისოდენა საღი აზრიც არ დევს.

საღი აზრი ის არის, რაც ქალწულსა და თხის რქას ჭარბად აქვთ. ისინი საოცრად საღად მოაზროვნე ხალხია!.. თუმცა ჩვენ განზომილებებზე  ვმსჯელობდით.  ადამიანმა სიკვდილი უნდა გადაიტანოს, რომ მაღალ განზომილებებში გადავიდეს. თხის რქის მმართველი სატურნი კი დროის მბრძანებელი  პლანეტაა (სიკვდილი მარსსა და პლუტონს შორის არის მოთავსებული, თავისი ყველა  ფორმით).

მაგალითად ავიღოთ ჩრდილი. ეს ორგანზომილებიანი ობიექტია, რომელსაც მხოლოდ სიგრძე და სიგანე აქვს, ასე არ არის? ქალწულმა, თანხმობის  ნიშნად, თავი დააქნია. მან ყოველთვის იცის  ვის მხარეზეა ჭეშმარიტება. თხის რქა დუმს. ის არასდროს ჩქარობს დასკვნებში.

ქალწულსა და თხის რქას რაღაც საერთო ჩვენთანაც აქვთ, რადგან აქ, ამ სამგანზომილებიან პლანეტაზე, დედამიწის სახელწოდებით, ჩვენ ყველა სამგანზომილებიანი არსებები ვართ. ჩვენ ყველას გვაქვს სიგრძე, სიგანე და სისქე. და რა მერე ამით?

ნებისმიერი შენობაც ასევე სამგანზომილებიანია. ჩვენც და ნიუ-იორქის საჯარო ბიბლიოთეკაც სამგანზომილებიანი ობიექტის არსს განვასახიერებთ.  როდესაც თავზე მზე დაგვნათის, მიწაზე ორგანზომილებიან ჩრდილს ვტოვებთ, ხომ ასეა? ქალწული ისევ თავს აქნევს. თხის რქა ჯერ ისევ დუმს.

მაშ ასე, თუ ჩვენ, სამგანზომილებიანი არსებები, ორგანზომილებიან ჩრდილებს ვტოვებთ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენ თვითონ ოთხგანზომილებიანი არსებების „ჩრდილები“ ვართ? ქალწული დუმს. თავისთავად გასაგებია, რომ დუმს თხის რქაც.

კარგი, მათი დათანხმების გარეშე განვაგრძნობ. ძალიან ლოგიკურია, რომ ასეა. ჩვენ დანამდვილებით უზენაესი ცნობიერების, უზენაესი არსებების (როგორც გენებოთ, ისე უწოდეთ) სამგანზომილებიანი ჩრდილები ვართ.

_და შენობები? _ დაინტერესდება თხის რქა.

_ჰო, ჰო, რას ამბობდით ნიუ-იორქის საჯარო ბიბლიოთეკაზე? _ აჰყვება ქალწული.

ვპასუხობ: შენობებს არ აქვთ კავშირი უზენაეს არსებებთან. მათ ჩრდილებს, ჩვენი ჩრდილებისგან განსხვავებით, არ შეუძლიათ მოძრაობა. მათ არ აქვთ ნების თავისუფლება და იმით უნდა დაკმაყოფილდნენ, რომ ჩრდილების ყოლის საშუალებას ვაძლევთ. ჩვენ  ვქმნით უსულო ობიექტებს ჩვენს სამგანზმილებიან წარმოსახვაში. როგორც თოჯინებს, სათამაშო მატარებლებს და ა.შ. გასართობად ან რაიმე სარგებლის მისაღებად.

და ჩვენს ჩრდილებს თუ აქვთ ნების თავისუფლება? არა. მათ არ შეუძლიათ მოძრაობა ჩვენს უნებართვოდ. ჩვენ ვაკონტროლებთ მათ, როგორც უზენაესი არსებები გვაკონტროლებენ ჩვენ. თავისუფალი ნების მოპოვების ერთადერთი საშუალება მათთან კონტაქტში შესვლა, საერთო ენის გამონახვა და თანამშრომლობაა. პიტერ პენისა და მისი ჩრდილის შემქმნელმა მეთიუ ჯეიმს ბერიმ თავის შედევრში გაცილებით ღრმა აზრი ჩადო, ვიდრე, ჩვეულებრივ, მხედველობაში მიიღება.

ყველა მრავალგანზომილებიანი არსება უძლურია მზის წინაშე. დიადი სინათლის გარეშე ისინი უმწეო ლეკვებად იქცეოდნენ. დიდება მზეს! წყვდიადში ვერ იბრდღვიალებს კრისტალი. წყვდიადში ვერ იქნება ცისარტყელა. წყვდიადში ვიტრაჟები უსიცოცხლო შუშებია.  წყვდიადში არ არის ჩრდილები. ახლა გესმით, რატომ განაწყდენდა პიტერ პენი ასე ძალიან, როდესაც თავისი ჩრდილი დაკარგა?

გინდათ გაიგოთ, რას ჰგავს შვიდგანზომილებიანი არსება? აიღეთ მაგალითად თხის რქა. მკაცრი, მაგრამ მოსიყვარულე. ბრძენი, მომთმენი და მშვიდი, მტკიცე და საიმედო, თუმცა მცირედ  ჯიუტი. ხუთგანზომილებიანი არსების წარმოსადგენად ქალწული დაგეხმარებათ. ღირსებათა იგივე თაიგული, პლუს ბრტყელეკალას ტოტიც _ ბუზღუნი, წუწუნი, ახირებები,  ნერვოზულობა,  მოუსვენრობა.  ახლა უკვე იცით, როგორ გამოიყურებიან მრავაგანზომილებიანი „ანგელოზები“ მთლიანობაში…

 

ქალწულებს ძალიან არ უყვართ განზოგადება. მათ სკალპელივით ბასრი და ბრწყინვალე გონება აქვთ. ისინი ყველაფერს დეტალებად  შლიან, თაროებზე აწყობენ. ყოველ შეგრძნებასა და განცდას ანატომიურად აანალიზებენ.

თხის რქას ყველაფერი სწორად ეჩვენება ქალწულში. მას ატყვევებს ქალწულის გონივრული სიფრთხილე, თავშეკავება და თავაზიანობა. თუმცა ხანდახან თხის რქას მისი აბეზარი ენაწყლიანობა აღიზიანებს. სამაგიეროდ, ქალწულს  თხის რქის სიჯიუტე აცოფებს. მაგრამ ეს ისეთი უმნიშვნელო წვრილმანებია ამ წყვილისთვის, ნამდვილად არ ღირს ყურადღებად.

მიზანდასახული და  დაჟინებული თხის რქები ბევრს არ უყვარს  თვისებრივი სიცივის გამო. თუმცა ნამდვილად შეცდომა იქნება, მათ უგრძნობები უწოდოთ. უბრალოდ მათ სისულელედ მიაჩნიათ ემოციებისა და დროის ფუჭად ხარჯვა. ქალწულები ინსტინქტურად ხვდებიან, რომ თხის რქების ცივსისხლიანობის მიღმა, გამოუთქმელი ტანჯვა იმალება. ისევე როგორც თხის რქა ხვდება, რამხელა ტკივილს აყენებენ ქალწულს, როდესაც ხელოვნურობასა  და  მეწვრილმანეობაში ადანაშაულებენ.

ორივე გულმოდგინედ  მალავს ოცნებებსა და სანუკვარ სურვილებს. ორივე განმარტოებაში ეძებს თავშესაფარს და მარტოობასვე იყენებს  დამცველ ფარად, იმედგაცრუებებისა და მათი დაცინვებისგან, ვისაც ისინი ზედმეტად სერიოზულ და მოსაწყენ  ადამიანებად  მიაჩნიათ.

თუმცა ორივეს გული მსუბუქდება, როდესაც  ერთად არიან, რადგან ერთმანეთის საიდუმლოებები იციან. ისინი ყველაფერს ანდობენ ერთმანეთს, ერთად იცინიან და ტირიან, ერთმანეთის დარდს, ოცნებებსა და მდიდარ გამოცდილებას იზიარებენ. მხოლოდ მიწის ნიშნებს შეუძლიათ  ჭეშმარიტი ტკბობა ყოფიერებით. დედამიწის სიღრმე სუფთა ოქროს ზოდებს ინახავს  აღმოჩენის მოლოდინში. ზუსტად ასევე, ქალწულისა და თხის რქის ეულ გულებშიც  სიბრძნის ოქროს ზოდები ინახება, რომელიც მხოლოდ მომთმენებს ერგებათ.

 

 

 

ქალწული მამაკაცი და თხის რქა ქალი

Tom Hardy & Charlotte Riley

 

 

პიტერი ისე გულმოდგინედ გაგზომავთ ხისთვის,

როგორც პიჯაკისთვის.

მხოლოდ პიჯაკს თქვენ გარგებენ,

აქ კი თქვენ უნდა მოერგოთ ხეს.

 

თხის რქა ქალები პირდაპირ თვალებში უყურებენ სიმართლეს. ამიტომ, საკუთარ თავს ერთი რჩევის უფლებას მივცემ: ნუ იმედოვნებთ, რომ ქალწულ მამაკაცს თქვენს გამოგონილ მიჯნურის იდეალს მოარგებთ. მე, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ საშინლად დაჟინებული, მაგრამ გაფრთხილებთ, რომ არც ქალწულია პლასტელინის.

მაღალი ალბათობით, ქორწინება არ შედის ქალწული მამაკაცის გეგმებში. ყოველ შემთხვევაში, თავიდან მაინც. ქორწინება ზღუდავს თავისუფლებას. ოჰ, ეს ქალები… მამაკაცის ცხოვრებაში დაუკითხავად  რომ იჭრებიან და ყველაფერს ყირაზე აყენებენ, ავეჯს და ნივთებს გადაადგილებენ. თვალის დახამხამებასაც  ვერ მოასწრებს და მისი სააბაზანოს შკაფი სავსეა ქილებითა და ფლაკონებით, ის კი უკვე მთელი ერთი საათია თავის საპარსს ეძებს.

საბედნიეროდ, ქალწულს შეუძლია ამაზე საერთოდ არ იღელვოს. თხის რქები არ არიან კოსმეტიკის დიდი მოყვარულები. სატურნმა მათ აბსოლუტურ უმეტესობას შესანიშნავი კანი უწყალობა, რომელიც ღრმა მოხუცებულობამდე ინარჩუნებს ფორმას. პარფიუმერები თხის რქა ქალებზე ნამდვილად ვერ გამდიდრდებიან.

სამაგიეროდ, პრობლემებმა შეიძლება სხვაგან იჩინოს თავი. მაგალითად, ქალწულს ადუღებულ წყალში უქერქოდ მოხარშული კვერცხი უყვარს. მას მთელი წელი დასჭირდა, რომ თავის საყვარელ რესტორანში ყველა მიმტანისთვის აეხსნა, რა სურდა. ახლა კიდევ რამდენი დრო გავა, სანამ ეს ქალი მისი საყვარელი საუზმის მომზადებას ისწავლის? ან იქნებ მას ტელეფონზე დიდხანს ლაყბობაც უყვარს? ან უარესი, ლოგინში? ასეთი ცხოვრების პერსპექტივისგან ქალწულს შეიძლება კუჭის წყლული დაემართოს. მან კი ეს-ესაა ექიმს სამგვერდიანი საჩივარი დაუტოვა. შესაძლოა, მთელი ეს მღელვარება უსაფუძვლოა. თხის რქა ბეჯითი მოწაფეა და როგორმე მოახერხებს კვერცხის უქერქოდ მოხარშვას. თავისთავად გასაგებია, რომ არც ტელეფონზე, არც ლოგინში და არც სადმე სხვაგან ბევრი ლაქლაქი  არ უყვარს.

თუ ქალწულს ნამდვილად უყვარს ის, თავს ხელში აიყვანს და მიხვდება, რამდენად მნიშვნელოვანია თხის რქისთვის, მათ სასიყვარულო კავშირს კანონიერი სტატუსი მიენიჭოს. თხის რქა არ არის დაბადებული ურიცხვი რომანებისთვის და ძალიან  განიცდის გაურკვეველ მდგომარეობებს. ის იტანჯება ოჯახის განსჯისგან და ძალიან აშინებს ბუნდოვანი მომავალი. თხის რქისთვის ცხოვრებასაც და სიყვარულსაც ცხადი მიზნები, მიმართულება და დანიშნულება უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, მას ძალიან უნდა, რომ დედა გახდეს. არა, განა ის, რომ ბავშვების ინკუბატორზე ოცნებობს, ერთი ან მაქსიმუმ ორი ბავშვი, რომლებიც მამის გვარს ატარებენ  კანონიერად!

უსიამოვნო განცდების ტვირთი ძლიერ თრგუნავს თხის რქას, რომელიც, სატურნის გავლენით, ისედაც მიდრეკილია მელანქოლიური განწყობისა და დეპრესიისკენ. როდესაც თხის რქის გული ასეთ ამოუხსნელ კაეშანში ეხვევა, ვერაფერი აიძულებს გაღიმებას. ქალწული მამაკაცი კარგად უნდა დაფიქრდეს ამაზე.

როგორც არ უნდა იყოს, მათი ურთიერთობა ორმხრივ გრძნობებზეა  დაფუძნებული. ეს 9-5 მოდელის ჰარმონიული ენერგოვიბრაციაა, რაც მათ სიყვარულს დღეგრძელობასა და სიმტკიცეს უქადის. თუმცა ქალწულის ემოციური არასტაბილურობა და თხის რქის სიჯიუტე ხშირად ხდება ამა თუ იმ უთანხმოების მიზეზი.

ლოგიკურია, რომ ფულის გამო არასდროს იკამათებენ. პირდაპირ აღვნიშნოთ: ქალწულიცა და თხის რქაც ძალიან აფასებენ ფულს. ნაწილობრივ, ეს კარგია. ქალწული არ იქნება წინააღმდეგი, თხის რქამ იმუშავოს, თავის კარიერულ წინსვლასა და შემოსავლების გაზრდაზე იფიქროს. ორმაგი შემოსავალი, ორმაგი ინვესტიცია, ორმაგი ინტერესი და  ორმაგად ნაკლები დრო იმისთვის, რომ ქალაქგარეთ სახლი იყიდონ, სადაც ორივე ამჯობინებს ცხოვრებას.

მიწის ნიშნების ბუნების წიაღისკენ  სწრაფვა ასაკთან ერთად ვლინდება. თავიდან თხის რქა უფრო საკუთარი პოზიციების გამყარებით იქნება დაკავებული სამსახურსა და საზოგადოებაში; ქალწული _  საკუთარი თავის ძიებით: ცოცხალი გონება და  კრიტიკის თანდაყოლილი ნიჭი ხშირად უბიძგებს მას, სხვადასხვა სფეროში გამოსცადოს თავი.

ისინი ღამით უფრო მარტივად გაუგებენ ერთმანეთს, ვიდრე დღისით, სხვა პლანეტების მტრული კონფიგურაციების შემთხვევაშიც. თუმცა თუ დანარჩენმა ვარსკვლავებმაც უწყალობეს, მათი ვნება ძლიერ მდინარეს დაემსგავება, გარეგნულად მშვიდს, სიღრმეში ძლიერი დინებებით.

მიწის ნიშნების ნებისმიერი კომბინაციის ურთიერთკავშირი, დროსთან ერთად, სულ უფრო მტკიცე ხდება. ის სავსეა  დინჯი მგრძნობიარობით, რომელიც შეყვარებულთა ბაგეებს ადუმებს. მიწის ნიშნები, სიტყვების ნაცვლად, სხეულებით მეტყველებენ. მათ არ სჭირდებათ ერთმანეთისთვის რამის ახსნა. პირველივე შეხვედრისას, მათ შორის ურთიერთგაგების ნაპერწკალი კრთება.

ისინი მტკივნეულად განიცდიან განშორებას, თუმცა სასოწარკვეთას გაუცხოებული დუმილით ნიღბავენ. ჭრილობებსაც საკმაოდ დიდხანს იშუშებენ. თუმცა ისე არ იფიქროთ, რომ მათ განშორებას ყველაზე ხშირად გაციებული გრძნობები ან მესამე პირის შემოჭრა განაპირობებს. განხეთქილების მიზეზი თითქმის ყოველთვის კარიერა და ხელყოფილი თავმოყვარეობაა, მაგალითად, როდესაც ერთერთის წინსვლა მეორეს უკან მოიტოვებს.

ქალწულსა და თხის რქას არ ეხერხებათ შერიგება. ორივე უკომპრომისოა  და დარტყმას დარტყმით პასუხობენ. თუმცა არც ერთი მათგანი არ  შეეცდება  მეორეს დამცირებას. მათი დამაკავშირებელი ძაფები გაცილებით მტკიცეა, ვიდრე თავად წარმოუდგენიათ. და რაც მათ ფინალად მიაჩნიათ, სავსებით დასაშვებია, მშვენიერი პრელუდია აღმოჩნდეს.

 

 

 

ქალწული ქალი და თხის რქა მამაკაცი

გურანდა გაბუნია და ოთარ მეღვინეთუხუცესი

 

გახსოვთ, მე გითხარით,

რომ ვენდის მოშინაურებული მგელი ჰყავდა.

მან სწრაფად იყნოსა,რომ ვენდი კუნძულს ესტუმრა.

მისი მოძებნაც არ გასჭირვებია და ისინი

ძველი მეგობრებივით შეხვდნენ ერთმანეთს.

 

 

ქალწულები მიდრეკილნი არიან მარტოობისკენ. ამ ნიშნის დასახელება მართლაც სიმბოლურია. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ორივე სქესის ქალწულები უმანკოების ფიცს დებენ და ცხოვრების განმავლობაში არავის იკარებენ, არა. თუმცა არც საკუთარი ცხოვრების ვინმესთან დაკავშირებას ჩქარობენ. სხვისი  ცხოვრების სტილზე მორგება, სხვის ჩვევებთან შეგუება, უწესრიგობის ატანა _ საეჭვო სიამოვნებაა. ასე რომ, როდესაც ქალწულს ვინმე უყვარდება (დიახ, ისიც ჩვეულებრივი მოკვდავია და სრულიად უძლურია სიყვარულთან), ის საშინელი დილემის წინაშე დგება.

ქალწული პატივს სცემს კანონებსა და ტრადიციებს, მათ შორის ქორწინების ინსტიტუტსაც. და კიდევ, თუ მას მართლა უყვარს ვინმე, გრძნობს, რომ უბრალოდ ვალდებულია ცოლად გაჰყვეს საყვარელ მამაკაცს, შვილები გაუჩინოს, წინდები ამოუკემსოს, სტაფილო გაუხეხოს და მისი პერანგების  სისუფთავეზეც იზრუნოს. ქალწულის ლამაზი, ნათელი თვალები ხუნდება, სუფთა შუბლზე ნაოჭები უჩნდება. რაც უფრო მეტს ფიქრობს ამაზე, მით უფრო ძლიერი შფოთი იპყრობს. საბედნიეროდ, მისთვის უცხოა სასწორის მერყეობა.

აი, თხის რქისთვის ქორწინება აბსოლუტური აუცილებლობაა. ის არ ცნობს ცოდვაში ცხოვრებას. მას იმაზე გაფიქრებაც კი ზარავს, რომ მისი შვილები ცოდვაში ჩაისახებიან. მისი შთამომვალობა კანონიერად უნდა იყოს აღიარებული და მის გვარს უნდა ატარებდეს!

ქალწული თავს ვერ აარიდებს თხის რქაზე დაქორწინებას. მათ სიყვარულს თვით ვარსკვლავები წყალობენ და მათი კავშირი ზეცაში წყდება. ეს კავშირი ჰარმონიის მომასწავებელია, მაგრამ აბსოლუტური ბედნიერების გარანტიებს ვერ იძლევა. ამასთან, ყოველთვის არსებობენ წყვილები, რომელთა მთვარეებიც ნეგატიურად არიან ასპექტირებული სინასტიურ რუკაში. და მაინც, ეს წყვილი ერთად უფრო ბედნიერია, ვიდრე ცალ-ცალკე.

ძვირფასო ქალწულო, ნუ ეჭვობთ! თხის რქა ზუსტად ის ადამიანია, რომელიც გჭირდებათ. ნუთუ ამას პირველივე შეხედვით ვერ მიხვდით?  საქმე ის არის, რომ ქალწულისა და თხის რქის აურები თავიდანვე იმდენად ჰარმონიულად იხლართება ერთმანეთში და ისეთ ძლიერ კვანძს ქმნიან, რომლის გახსნაც შემდეგ საკმაოდ რთულია. ისინი მარტივად ერგებიან ერთმანეთს საუბარში, სამომავლო გეგმების დაწყობაში, სასიყვარულო აქტსა თუ ცეკვაში. თუმცა ეს უკანასკნელი საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. რომელ ცეკვებზეა საუბარი, როდესაც ყოველ დილით სამსახურში მიეჩქარებათ?

სექსიც არანაკლებ რთული საგანია მათთვის. ორივეს ფარული შიშები და თავდაუჯერებლობა აწუხებს. მაგრამ როდესაც ისინი მტრული სამყაროსგან  შორს, სიყვარულის აბრეშუმის ჭუპრში განცალკევდებიან, ყველა ეჭვი ქრება, გაუცხოება დნება და აკრძალვები იშლება. მათი სურვილი ნელა იზრდება, სანამ განუზომელ სიღრმეს არ შეიძენს და გადაულახავი გახდება. ქალები, რომლებსაც თხის რქა ცივი  ეგონათ და მამაკაცები, რომლებიც ქალწულს ყინულის დედოფალს უწოდებდნენ, ნამდვილად გაოგნდებოდნენ. საერთოდ, როდესაც  მიწის ორი ნიშანი კავშირს ამყარებს, მათი გრძნობები ძალიან ძლიერია, ხანდახან მიწისძვრასაც მოგაგონებთ.

თუმცა ეს იდეალური წყვილიც კი ვერ აცდება პერიოდულ  შეტაკებებს. რაც არ უნდა უცნაური იყოს, კამათის მიზეზი საშინაო მეურნების გაძღოლას უკავშირდება.

უკლებლივ ყველა ქალწულს ნამდვილად ვერ მოვიხსენიებთ მშვენიერ დიასახლისად. ადამიანი, რომელიც უწესრიგობას ვერ იტანს, აუცილებლად უწესრიგობასთან დიდი მებრძოლი არ არის. აი, მაგალითად, ქალწული ლოგინს ალაგებს და უკვე გასაშლელია; ჭურჭლის მთას რეცხავს და ნიჟარაში ახალი მთა დგება; ორ კალათ სარეცხს  აშრობს, აუთოვებს  და კალათები ისევ სავსეა; ნახევარი საათის წინ გაპრიალებულ  იატაკს ფეხსაცმლის  კვალი ატყვია. რა სისულელეა!   როგორ დააღწიოს თავი ამ შეკრულ წრეს? უფრო მარტივი არ იქნება, ხელი ჩაიქნიოს არეულ ლოგინზეც, გასარეცხ ჭურჭელსა და ტანსაცმელზეც? საბრალო ქალწული! დიახ, მას ძალიან უყვარს წესრიგიცა და სისუფთავეც, მაგრამ სრულყოფილებისკენ სწრაფვა ღუპავს. ის იღლება ქაოსთან ბრძოლით და თავის ნიჭსა და უნარებს იქით მიმართავს, საიდანაც უფრო მეტი სარგებელი აქვს. ყოფიერებასთან ბრძოლა დიდი უმადური და არაპროდუქტიული საქმეა.

შეტაკებები გარდაუვალია მაშინაც, როდესაც ქალწული წინდაუხედავად აკრიტიკებს თხის რქის ნათესაობას, რომელსაც მისი რჩეული მთელი თავისი არსით ერთგულობს. ან, ვთქვათ, დუმილისთვის საყვედურობს. ქალწული ვერასდროს ასვენებს  თავის აქტიურ გონებასა და  მარჯვე ხელებს. ქალწული უსაქმურობისგან იღლება. პრობლემათა სიიდან ვერ ამოვაგდებთ თხის რქის გაუცნობიერებელ ეგოიზმსაც. თავგანწირული ქალწული ყოველთვის ხალისით ემსახურება სხვებს, მაგრამ არ ღირს გადაჭარბება და მისი კეთილგანწყობით ბოროტად სარგებლობა!

და მაინც, სწორედ თხის რქამ  წამოადუღა ქალწული. ეს ქორწინება შეცდომა იყო! რატომ არ დაუჯერა  გონების კარნახს? მორჩა, საკმარისია! ქალწული თავის ვიტამინებს, ლექსიკონს, ჯიბის კალკულატორს, კბილის ჯაგრისს მოკრეფს და  სახლიდან მიდის!

მაგრამ მარტოხელა ადამიანის ერთთვიანი მშვიდობიანი საღამოების შემდეგ ქალწული სიჩუმეში  ატირდება, როდესაც თავისი თხის რქის რბილი მზერა და მორცხვი იუმორი გაახსენდება. მის სიუხეშეს, გაღიზინებულ აფეთქებებსა და ეგოიზმსაც კი მონატრებით მოიგონებს. ეს რა არის? კარებზე ზარია? ჰო, საოცარია!

_შენი კბილის ჯაგრისის ნაცვლად, ჩემი წაგიღია. _ მშვიდად ამბობს თხის რქა.

_ჰო? მე კი ვერც შევამჩნიე.

აქ ისინი აუცილებლად ერთმანეთს ჩაუვარდებიან მკლავებში, რადგან არც თხის რქა და მით უმეტეს არც ქალწული,  სრულიად განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, სხვისი ჯაგრისით არ გაიხეხავდნენ კბილებს. ეს ხომ იმ წესის დარღვევაა, რომლითაც ისინი აღზარდეს. მაგრამ მათ შეუძლიათ გამონაკლისის დაშვება, მხოლოდ საყვარელი ადამიანისთვის.

ვიტამინები, ლექსიკონი და ჯიბის კალკულატორი კვლავ ჩემოდანში ჩაბარგდება. გამარჯვებულ  თხის რქას გაქცეული რჩეული უკან, სახლში მიჰყავს. მაგრამ ისინი რატომღაც სულაც არ ჩქარობენ  შიგნით შესვლას. თხის რქა ჰალსტუხს იხსნის და ხეზე კიდებს. ქალწული სანდლებს იხდის.  ისინი მთვარის შუქისა და გაოცებული ვარკვლავების ქვეშ ცეკვავენ. ბალახები ფეხებზე უღუტუნებენ, წერწა  მძიმე არომატით აბრუებს. ისინი მიწაზე ეშვებიან, სიცილითა და ცრემლებით.  ბოლოს და ბოლოს, ეს მათი საკუთარი ეზოა. მაღალი ნაძვების გალავნით გარშემორტყმული.  მეზობლებს ძინავთ. წვიმა ჟინჟვლას იწყებს. ეჰ, ჰალსტუხს უნდა დაემშვიდობოს! მაგრამ ვის სცალია ჰალსტუხისთვის? ამ ღამეს, რა თქმა უნდა, მიწისძვრა მოხდება, თუმცა ის მიწისძვრა არა, რიხტერის  შკალით რომ ზომავენ.

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top