ქალწული და მერწყული

ქალწული და მერწყული

ხე მთელი ძალით ცდილობდა ოთახის შუაგულში ამოზრდილიყო,

მაგრამ ისინი ყოველდღე იატაკის გადასწვრივ ხერხავდნენ.

ქალწულის სტიქია წესრიგია,მერწყულის _ ქაოსი. ასე რომ,ისინი ყოველთვის გამოწვევას უცხადებენ ერთმანეთს.

მერწყული,სინოპტიკოსის თავდაჯერებით,წინასწარმეტყველებებად იღვრება,თანაც სინოპტიკოსებზე იშვიათად ცდება. ის თამამად დეკლარირებს საკუთარ ინდივიდუალიზმს და კატეგორიულ უარს აცხადებს,სერიოზულად აღიქვას საკუთარი თავი და ყველა გარშემომყოფი. ცხოვრებას და ყველა სხვა დანარჩენსაც  უზრუნველი დისტანციიდან უყურებს. ეს ძლიერ ხიბლავს მეთოდურ და კეთილგონიერ ქალწულს,რომელიც ვერც კი გაბედავს რამის წინასწარმეტყველებას,რადგან ზედმეტად დაკავებულია წარსულის ანალიზითა და აწმყოს ზონდირებით; საკუთარ თავს და ყველა დანარჩენსაც სერიოზულად აღიქვამს და მისთვის საერთოდ უცხოა უზრუნველობა.

ქალწულებს შეუძლიათ ჩინური ენა ერთ კვირაში შეისწავლონ. ისინი მარტივად ერკვევიან ავიახაზების რთულ განრიგში და კინოსეანსის ბოლომდე ინახავენ ბილეთს. ეს ყველაფერი ძლიერ ხიბლავს დაბნეულ მერწყულს,რომელიც ბორტგამცილებელს კინობილეთს აწვდის და თეატრის კონტროლიორს  ავიაბილეთს.

მათ მოსწონთ ერთმანეთის შესწავლა,თუმცა გარკვეული დისტანციიდან. არცერთი მათგანი არ მოისურვებს დაახლოებას,სანამ მეორეს თამაშის წესებში კარგად არ გაერკვევა. ეს 6-8 ფორმულაა,რაც იმას გულისხმობს,რომ ეს ნიშნები რაიმემ ან ვინმემ უნდა დააკავშიროს. მაგალითად,საერთო მეგობრის დაჟინებულობამ,სამსახურმა ან საბედისწერო გარემოებებმა და თუ ასე მოხდა,ერთად მოსაწყენად ნამდვილად  არ ეცლებათ.

მერწყული ჯიუტად აცხადებს უარს,იფიქროს,ილაპარაკოს და იმოქმედოს ისე,როგორც ყველამ,მიუხედავად იმისა,რომ ძალიან უნდა საყოველთაო სიყვარულის დამსახურება. ის ვერ ხვდება,რატომ წარმოადგენს გამოცანას გარშემომყოფებისთვის. მერწყულები გატაცებით ელოლიავებიან ყოველ ახალ კონცეფციასა და იდეას,სანამ მისგან ყველაფერს არ გამოწურავენ და მომდევნო იდეა  გაიტაცებთ. ის რაც გუშინ მის სულს სასიამოვნოდ აღელვებდა,დღეს დავიწყებულია.

ქალწულის მეხსიერება საიმედოდ ინახავს სახელებს,გვარებს,სახეებს,ციფრებსა და თარიღებს. მერწყულს ავიწყდება ხალხი და ადგილები,ხშირად კარგავს კალმებს,ქოლგებსა და შინაურ ცხოველებს. მას ზედმეტად მიაჩნია ყურადღების შეჩერება უმნიშვნელო დეტალებზე,რადგან მისი გონება მუდმივად გლობალური პრობლემებით არის დაკავებული.

ჩემი ერთი მერწყული მეგობარი გერტრუდა,მართალია,როგორღაც ახერხებს იმდენს,რომ  ჩეკის წიგნაკი არ დაკარგოს და ღამით საკუთარი საიუვილერო მაღაზიის კარი კარგად ჩარაზოს,მაგრამ ისიც კი ხშირად იკარგება მეხსიერების ლაბირინთებში. ერთხელ მის მაღაზიაში ვსაუბრობდით. მოულოდნელად ვიღაც შემოვარდა,მას მოეხვია და დაიყვირა: „გერტრუდა,ჩემო მარწყვო,როგორ ხარ?“ მან ფრთხილად დაიხსნა თავი მისი მკლავებიდან და ამოილუღლუღა: „მე კარგად… რა კარგია,რომ შემომიარე“.  მერე დაბნეული სახით ჩემსკენ შემოტრიალდა და მითხრა: „ლინდა,მინდა ჩემი ერთი ძალიან ძველი და ახლო მეგობარი გაგაცნო. ეს… მმმ… ეს… მგონი,ჯიმია. არა,არა,მე მინდოდა მეთქვა რიჩარდი… ჰმ… რა გქვია,ბოლოს და ბოლოს?“

აღსანიშნავია,რომ მერწყულის დაბნეული მეხსიერება მისი ნიჭიერების უკუმხარეა. წვრილმანების იგნორირებით,ეს უცნაური ადამიანები საკუთარ დროსა და გონებას ორიგინალურ იდეების მოფიქრებასა და ყოფიერების საიდუმლოებების ამოხსნას უძღვნიან. ასე რომ,ნუ იჩქარებთ მათ მკაცრად განსჯას,როდესაც მათი გონება სადღაც სხვაგან დაფრინავს. თუმცა,როგორც თავადაც ხვდებით,ქალწული თავს ვერ შეიკავებს მისი გაკიცხვისგან.

როგორ უნდა დაგავიწყდეს ახლო მეგობრის სახელი? აი,როგორ? გონებრივი დისციპლინის ამგვარი უგულვებელყოფა მძიმე დანაშაულია კარგი მანერების წინაშე,რაც შოკში აგდებს ქალწულს. მაგრამ იქნებ მისი რისხვა აღფრთოვანებით შეიცვალოს თუ ვეტყვი,რომ იგივე გერტრუდა მყისვე  დაასახელებს ნებისმიერი საიუვილერო ნაკეთობის ფასს,დამზადების წელსა და ოსტატის სახელს? მართლა არ ღირს მერწყულის ძლიერ ინტელექტში ეჭვის შეტანა. მიუტევეთ ეტიკეტის იგნორირება, თუნდაც მათი კეთილი გულის ხათრით.

ქალწულები თავადაც გულკეთილები და ჭკვიანები არია,მაგრამ მათთვის უცხოა მერწყულის  თავზე ხელაღებული  სიფიცხე. ეს უკანასკნელნი ხშირად  ხელმძღვანელობენ ქვეცნობიერი, ტელეპათიური იმპულსებით. წამიერი გამონათებები მათთვის ისეთ ინფორმაციას ხსნის,რასაც ქალწულები დიდი ხნის განმავლობაში ეძებენ და შემდეგ საათობით თავს იმტვრევენ. ჰო,მართლა, საათებზე…

ქალწული: ჩვიდმეტი საათი და ორმოცდაერთი წუთია.

მერწყული: რაო,რაო? უკვე შუადღეს გადაცდა… არა,საღამო უნდა იყოს. მზე ჩადის… ნეტავ რატომ ამბობენ,რომ მზე ჩადის და ამოდის? განა დედამიწა არ ბრუნავს მზის გარშემო? რატომ არავინ ამბობს, „დედამიწის ამოსვლა“ ან „დედამიწის ჩასვლა“?

მართლაც,რატომ? ქალწული ჩაფიქრდება. მას ნამდვილად მიეცემა საფიქრალი მომდევნო თხუთმეტი წუთის განმავლობაში. ესეც მერწყულის კიდევ ერთი საოცარი თვისებაა_საუბარში,სხვათა შორის, საინტერესო დაკვირვების ჩაგდება,რითაც ყველას ჩააფიქრებს,მისი გონება კი მყისვე სხვა თემაზე გადაერთვება.

ექსცენტრული მერწყული თავს არ იწუხებს ბოდიშებით. თავაზიანი ქალწული ნებისმიერი წესიდან თუ ტრადიციიდან უმცირესი გადაცდომისთვისაც პატიებას ითხოვს. მე ისიც მინახავს როგორ მოუხადა ბოდიში ქალწულმა საკუთარ იდაყვს,რომელიც შემთხვევით კედელს მიარტყა(ავტომატურ რეჟიმში,ცხადია). ეს მართლაც დასაფასებელი თვისებაა.

ქალწულები მტკივნეულად მგრძნობიარენი არიან სხვების აზრისა და შეფასებების მიმართ,მერწყულები _ გროშადაც არ აფასებენ. ისინი გულგრილად რეაგირებენ ჭორებზე. ბრძენი მერწყული არ ცდილობს ყველას აამოს. მართალია,მეგობრების კრიტიკა მცირედ აშფოთებს და ტკივილსაც კი აყენებს მას,მაგრამ მხოლოდ წამით. მის გონებას სწრაფად ბეზრდება ნებისმიერი შთაბეჭდილება.  წუთის წინ იბღვირებოდა და აი,უკვე მხიარულად უსტვენს.

მერწყული ყველაზე ცოდნისმოყვარე არსებაა ორფეხიან არსებათა შორის. ქალწულებიც ხარბად ეწაფებიან ცოდნას,მაგრამ ისინი ხშირად იხლიჩებიან სიფრთხილესა და ცნობისმოყვარეობას შორის,რაც მათ მერწყულისთვის დამახასიათებელ სპონტანურობას ართმევს.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, თავქარიანი მერწყული საკმაოდ ყაირათიანია. რა თქმა უნდა, ქალწულივით ყაირათიანი არა. და მაინც,მერწყული ვერძივით,მშვილდოსანივით და თევზებივით მფლანგველი არ არის. ეს თვისება აახლოებს ქალწულსა და მერწყულს,ისევე როგორც მუდმივი მოუსვენრობა და საზრუნავები. საერთოდ,საზრუნავი  ქალწულის მოწოდებაა_ის,რითაც ქალწული ამაყობს და ხელოვნების დონეზე ჰყავს აყვანილი. თუმცა თვითგამოხატვის მანერებში არის განმასხვავებელი ნიუანსები. კერძოდ,ქალწული უფრო კონკრეტულია და მეტად უღრმავდება დეტალებს.

მერწყული: მხოლოდ წარმოიდგინე,რამდენი ბავშვი შიმშილობს სხვა ქვეყნებში!  საშინელებაა…

ქალწული: დიახ,დიახ. ამერიკელები არც კი ფიქრობენ იმაზე,რომ ოცდაათი აფრიკელი ბავშვი იძულებულია დღეში ის იკმაროს,რასაც ერთი ამერიკელი ბავშვი ჭამს ერთ დღეში.

მერწყული: შენ იცი,რამდენ ფულს ვხარჯავთ  გოლფის მოედნების, გაზონებისა და ყვავილების სასუქით მოსამარაგებლად?  ამ ფულით ზოგიერთ სახელმწიფო საკუთარ მოსახლეობას პურით უზრუნველყოფდა.

ქალწული: აბსოლუტურად მართალია. რასაც ამერიკელები ერთ წელიწადში ხარჯავენ,ინდოეთში ორ მოსავალს ეყოფოდა,სადაც მილიონობით ადამიანი განწირულია  შიმშილით სიკვდილისთვის.

მერწყული: მე ვფიქრობ,ნაკლები მარცვლეული რომ დაგვეხარჯა საქონლის კვებაზე… ამერეკილები რომ…

ქალწული: სწორია!  ერთი ფუნტი საკვები ხორცის მისაღებად თორმეტი ფუნტი მარცვლეულია საჭირო. ბოდიში,რომ  შეგაწყვეტინე.

მერწყული: არა უშავს. ყველაფერი რიგზეა. ამერიკელები,რომ ნაკლებ ხორცს ჭამდნენ…

ქალწული: ამერიკელები რომ 10%ით მაინც ნაკლებ ხორცს ჭამდნენ,52  კვირის ანუ ერთი წლის განმავლობაში 12 000 000 ტონა მარცვლეულს გამოანთავისუფლებდა მათთვის,ვისაც შიმშილით სიკვდილი ემუქრება. როგორ შეუძლიათ ადამიანებს,ამის გაცნობიერების შემდეგ,ბიფშტექსით და ჰამბურგერებით ტკბობა? გთხოვ,მაპატიე,ისევ შეგაწყვეტინე. ბოდიში.

მერწყული: არაფერია. მისმინე,აი,ახლა წარმოვიდგინე… საერთოდ რომ არ ვჭამდეთ ხორცს?

ქალწული: ზუსტად! სამყარო უკეთესი იქნებოდა,ჩვენც უფრო ჯანმრთელები გავხდებოდით და დიდხანს ვიცხოვრებდით. ცხოველების ხორცის ჭამა თითქმის ყველა დაავადების საფუძველია. ოჰ,შენ ჭამ ხორცს? ბოდიში,ცუდად გამომივიდა.

მერწყული: ვჭამ,თუმცა…

ქალწული: სტაფილოს წვენზე რას იტყვი?  მართლა გემრიელია.

 

დიახ,ერთად მათ მოხუცი დედამიწის და მისი უგერგილო  შვილების გადარჩენაც შეუძლიათ. მერწყულის ერა ხომ ძმობის ერაა და რატომ არ უნდა შეურთდეს ქალწული ურანის კლუბს?

 

 

ქალწული მამაკაცი და მერწყული ქალი

Denise Richards & Charlie Sheen


ის ცდილობდა როგორმე დაეშოშმინებინა:

_შენ ვერ იქნები ჩემი ფერია.

მე კაცი ვარ და შენ ქალი.

_ჩერჩეტი ხარ შენ!_

უთხრა ლინმა და აბაზანისკენ გაფარფატდა.

 

 

ერთი რამ სრულიად ცხადია: სანამ მათ შორის ნამდვილი სიყვარული არ დაისადგურებს,უვადო კონტრაქტი არ დაიდება. ეს წესი მზის ნიშნების ყველა შეთავსებაზე არ ვრცელდება. ეს სხვა წყვილები შეიძლება დაკმაყოფილდნენ ურთიერთპატივისცემითა და თანაგრძნობით (და ჩუმად დიად სიყვარულზე ოცნებობდნენ),მაგრამ არა ქალწული და მერწყული.

მხოლოდ სრულიად განსაკუთრებულ  სიყვარულის გრძნობას შეუძლია აიძულოს ქალწული მამაკაცი,უარი თქვას  მარტოობაზე  და ცხოვრება ვინმეს დაუკავშიროს. ცნობილი მომღერალი მორის შევალიე ცხოვრების ბოლო წლებამდე ინარჩუნებდა სექსუალურ ხიბლს. ის მხოლოდ ერთხელ იყო დანიშნული. ნიშნობა ერთი წლის შემდეგ ჩაიშალა. ამის შემდეგ  მას არც ერთი ქალისთვის არ მიუცია  უფლება,სერიოზული ადგილი დაეკავებინა მის ცხოვრებაში.

რაც შეეხება მერწყულებს,ისინი მუდმივად სიყვარულის ძიებაში არიან,მარტივად წყვეტენ ძველ ურთიერთობებს ახალი კავშირების გასაბმელად,სანამ თავის იდეალს  იპოვიან. ძალიან ხშირად ისინი პირველი სიყვარულის განმეორებას ცდილობენ,თანაც იმდენად ჯიუტად,რომ ეს მცდელობა ხშირად  ხელს უშლის მათ მიმდინარე ურთიერთობებს.

ზოგიერთი მერწყული გოგონა საკმაოდ გამომწვევად იქცევა და არც მლაშე ხუმრობებს თაკილობს. ეს მამაკაცის შოკში ჩაგდების მცდელობაა. მოულოდნელი და უცნაური ქცევებით ის ცდილობს წყობიდან გამოიყვანოს სამიზნე. ქალწულ მამაკაცს ძლიერ  შეურაცხყოფს ქალის ვულგარული ენა და ზედმეტად თავისუფალი ქცევები. არ დაგავიწყდეთ,რომ ქალწული დაბადებიდან კეთილგონიერია.

მაგრამ ნუ იჩქარებთ დასკვნებში,რომ მერწყული გოგონა ვულგარულია. სულაც არა. უბრალოდ ის სხვა ქალებზე უფრო პირდაპირია(მშვილდოსნის გამოკლებით). მერწყულები დამოუკიდებლობით, არაპროგნოზირებადობითა და თავნებობითაც გამოირჩევიან. უფროს თაობას უნდა ახსოვდეს თალულა ბენქჰედი,რომელიც საზოგადოებაში ეწეოდა სიგარეტს და ერთხელ  ჟურნალისტების წინაშე დედიშობილაც წარსდგა,მიუხედავად იმისა,რომ მისი მამა პარლამენტის სპიკერი იყო. ელენა ბრაუნმა კი იმხანად ზარალზე წასული „კოსმოპოლიტენის“ პოპულარობა პიკამდე მიიყვანა,როდესაც პირველად ნუდისტი მამაკაცების ფოტოები გამოაქვეყნა ჟურნალში.

მერწყულ ქალებს ეზიზღებათ საზოგადოებრივი აზრი და ჭორები. თითოეულ მათგანს წესიერებისა და ღირსების საკუთარი კოდექსი აქვს და მხოლოდ მას ემორჩილება. ყველაზე მორცხვი და ჩუმი მერწყულებიც კი პერიოდულად შოკში აგდებენ გარშემომყოფებს. ასე,მაგალითად,თვინიერი და შინაყუდა მერწყული ერთ დღესაც ქმარს მიატოვებს და განუცხადებს,რომ მსახიობობა ან მხატვრობა გადაწყვიტა.

არც ქალწული და არც მერწყული ბრმად არ ემორჩილებიან ხორციელ ლტოლვას. შეყვარებულ მდგომარეობაშიც  კი არ ჩქარობენ სურვილის ობიექტთან ფიზიკურ დაახლოებას. ისინი დროებით უკან იხევენ და შინაგანი „მეს“ სიღრმეებში იმალებიან,რადგან ორივე ნიშანს ძალიან აშინებს საკუთარი წადილი. ორივე მაქსიმალურად თავს არიდებს ქორწინებას. თუმცა მერწყული,თუ არჩევანი უკვე გაკეთებულია,თავით ხტება,ქალწული_ ბოლო შესაძლებლობამდე წელავს. ამან შეიძლება წარმოშვას სერიოზული კონფლიქტები.

ამბობენ,რომ სინაზე ქალური თვისებაა,მაგრამ თუ კაცი ბუნებით ნაზია,ის ნამდვილად სჯობნის ქალს. ეს სრულიად სამართლიანია ქალწულისთვის. ამ მამაკაცის სინაზე თითქმის ხილული და ხელშესახებია. ევას არაერთი ქალიშვილისთვის ეს თვისება ძალიან ძვირად ფასობს. მაგრამ მერწყული ქალი ამჯობინებს,რომ ყველაფერი სწრაფად იცვლებოდეს,სინაზეს უხეში ვნებები ცვლიდეს,მძვინვარე დაუფლებას_დუნე რითმი.  მის საყვარელს აუცილებლად უნდა ახსოვდეს,რომ მერწყული ყველგან და ყველაფერში სიახლის მოთხოვნით არის შეპყრობილი.

ქალწულ მამაკაცს ეზიზღება  გამოქვაბულის ადამიანის სიუხეშე და და თავშეუკავებლობა. მას უჭირს საკუთარ თავზე გადაბიჯება. მერწყულს ნამდვილად იმედები გაუცრუვდება,თუ რჩეულისგან ყოველ ღამე სიყვარულის ახალ ტექნიკას ელის. მასაც არ აწყენდა იმის დამახსოვრება,რომ მორიდება, სისუფთავე და ზომიერება ქალწულში იმაზე მეტ ვნებას აღძრავს,ვიდრე უხეში ფამილიარობა.

მერწყულის გონება წარმოუდგენელ მალაყებზე გადადის. ეს ხშირად აცოფებს ქალწულს. მაგალითად,თქვენ ეუბნებით,რომ თეფში ცუდად არის გარეცხილი,ის კი რაღაც სისულელეებს ბოდიალობს უცხოპლანეტელებზე. საქმე ის არის,რომ სიტყვა „თეფშმა“ უცნაური ბიძგი მისცა მის გონებას.

ან მერწყულის კითხვები?.. ის ერთს გეკითხებათ და სინამდვილეში სულ სხვა რამის გაგება უნდა. მაგალითად,შეყვარებულები დროებით დაშორდნენ,რომ ყველაფერი მშვიდად მოიფიქრონ და არჩევანი გააკეთონ საბოლოო დაშორებასა და შერიგებას შორის. მალე მერწყული მისწერს: „იმედი მაქვს,რაც არ უნდა მოხდეს,მეგობრებად დავრჩებით. ასე არ არის,ძვირფასო?“  ცხადია,ამ დროის განმავლობაში ქალწულს  საკმარისად კარგად ჰყავს შესწავლილი,რომ მისი სიტყვები პირდაპირი მნიშნვნელობით  გაიგოს. თუ მას მერწყულის დაბრუნება უნდა,მტკიცედ და არაორაზროვნად უპასუხებს: „არა,ჩვენ ვერ ვიმეგობრებთ. ჩვენს შორის ან სიყვარული იქნება ან არაფერი. შენც ხომ იცი ეს?! უბრალოდ გინდოდა გაგეგო,მე ვიცოდი თუ არა. ასე არ არის,ძვირფასო?“

 

 

ქალწული ქალი და მერწყული მამაკაცი

ეკატერინე ხვედელიძე და ბიძინა ივანიშვილი

ვენდი ერთხელ ისე შეშინდა, დაუყვირა:

_პიტერ, ვენდი ვარ! დაგავიწყდი?

პიტერი ძლიერ შეცბა და პატიება სთხოვა:

_გთხოვ, როცა მოგეჩვენება, რომ დამავიწყდი,

დაიყვირე: „მე ვენდი ვარ!“ და მაშინვე გამახსენდები.

ეს ყველაფერი როგორღაც საგანგაშო იყო.

მერწყული მამაკაცი არ ჩქარობს საქორწინო ფიცის დადებას და არც ის არის გამორიცხულო,პირდაპირ ეკლესიიდან მოკურცხლოს,მაგრამ მისი ექსცენტრულობა ამ ზღვარს არ სცდება. დიახ,გარკვეულ საკითხებში ის ოდნავ ძველმოდურია.

ქალწული ქალი არ დაიწყებს მასთან უცნაურობაში შეჯიბრს. ის იმაზე იზრუნებს,რომ ეს თავნება ყოველთვის სუფთა პერანგით დადიოდეს,რომელსაც ყველა ღილი ადგილზე აქვს; ძველი მეგობრების სახელებს შეახსენებს და იმასაც უკარნახებს,როგორი ნათესაობა აკავშირებს პროვინციიდან ახლად ჩამოსულ სტუმართან. ის კარგი დედა იქნება მისი შვილებისთვის.  მერწყულის ინტელექტუალურ ინტერესებს გაიზიარებს და მის მეგობრებსაც მოთმინებით აიტანს. მათი კავშირი დიდი წარმატების მომასწავებელია,მაგრამ ბევრ მუშაობასაც მოითხოვს. მუშაობა კი,ძირითადად,ქალწულს მოუწევს.

ქალწული ქალი ზედმეტად ზრდილობიანია იმისთვის,რომ  გარეთ გამოუძახოს იმ უცნაურ ტიპებს,რომელთაც მერწყული ყველაზე უდროო დროს სახლში მიათრევს. მე ვიცნობ ერთ ქალწულს,რომელიც ორი კვირის განმავლობაში ართობდა გველების მომთვინიერებელს,სანამ მისი თანამეცხედრე პითონს წვრთნიდა მსოფლიო ტურნირისთვის.

რა თქმა უნდა,ქალწული სექს-სიმბოლო არ არის. თუმცა არც მერწყულმა იცის,რა უყოს რაქელ უელშს,თუ ეს უკანასკნელი შემთხვევით პაემანზე დათანხმდება.

სამაგიეროდ,ქალწული ქალი დაზღვევის პოლისია. მერწყულმა შეიძლება შეცდომების მთა დააყენოს,მაგრამ ქალწული ყველაფერს გაუგებს და თანაუგრძნობს; ავად მყოფსაც სათუთად მოუვლის. ეს საშინელი ცდუნებაა_ ყველა პრობლემა და საზრუნავი ქალწულს გადააბაროთ. მაგრამ მე არ გირჩევთ აჰყვეთ ამ ცდუნებას. წმინდანსაც კი ოდესმე მობეზრდება ყოველ საღამოს მერწყულის ლოდინი,როდის ინებებს კეთილს,შეამჩნიოს და უთხრას რამე, „კარგი ხარ,პატარავ!“-ს მსგავსი. ქალწული სიამოვნებით იცხოვრებდა მერწყულის გიჟურ ფანტაზიებში აგებულ ჰაეროვან კოშკში. ის სულაც არ არის ისეთი თავდაჭერილი,როგორც ზოგიერთ უცნაურ ასტროლოგიურ წიგნებში წერენ. მაშინ მერწყული მას წინდების გარეცხვას ანდობს,იმიტომ რომ ქალწულმა მის წარმოსახვით  კოშკს არ დასცინა. მაგრამ მოგვიანებით მერწყულს როგორღაც დაავიწყდა თან წაეყვანა ღრუბლებში.  და აი,სანამ მერწყული ცისქვეშეთში დანავარდობს,ქალწული მოწყენილი ზის ჭუჭყიანი წყლით სავსე ვარცლთან.

სიმართლე რომ გითხრათ,ბრალის ნახევარი მაინც ქალწულს მიუძღვის: არ იყო საჭირო ყველა ვალდებულების საკუთარ თავზე აღება! ის უკვე ღონემიხდილი დალასლასებს ვალდებულებების ბილიკზე და მერწყულის ახირებების უსიერ ტყეში იკარგება. მას საყვარელი მამაკაცისთვის თავდადებამ უმუხთლა. მან ერთხელ დაიფიცა,რომ ეყვარებოდა ის და მნიშვნელობა არ აქვს,სად დადო ფიცი,საკურთხეველთან თუ საკუთარ თავთან. თქვენ იცით,რომ ქალწული სიტყვის ადამიანია და არასდროს გატეხავს პირობას. თუმცა ამ ქალს მაინც ვერ ვუწოდებთ უტყვ მსხვერპლს. სავარაუდოდ,ის წუწუნებს და ბუზღუნებს კიდეც,მაგრამ  მერწყული იმდენად მაღლა დაფრინავს,მხოლოდ ყვირილით თუ გააგონებს.

ქალწულის საყვედურებს მართლა შეუძლია მერწყულის აზრზე მოყვანა,მაგრამ ჯოხის გადაღუნვაც არ ღირს. თუ ქალწული ზედმეტად დაჟინებულად ეცდება მერწყულის მისწრაფებების დამიწებას,უწყინარი თავნება შეიძლება დაუნდობელ  დიქტატორად გადაიქცეს(განსაკუთრებით,თუ მთვარე ვერძის,მორიელის ან ლომის ნიშანში ჰყავს). ყველა ხელსაყრელ მომენტში ის სახლიდან გაქცევას შეეცდება. მერწყული ჰაერის ნიშანია და უნდა გაითვალისწინოთ,რომ ყველა ჰაერის ნიშანს სჭირდება ჰაერი(არამხოლოდ პირდაპირი გაგებით),რომ  სული არ შეეხუთოს და თავისუფლად ინავარდოს.

ქალწული ქალი ძალიან მომთხოვნია. მე ვიცნობ ერთ ქალწულ ქვრივს,რომელმაც საქორწინო და გასაცნობი ბიუროებისგან  შემოთავაზებული სამასი მამაკაცის კანდიდატურა უარყო. წარმოგიდგენიათ? სამასი ყველაზე განსხვავებული გარეგნობის,ხასიათის,ჩვევებისა და გატაცებების მამაკაცი. თუმცა ვფიქრობ,მერწყული,თავისი მრავალწახნაგოვანი და კალეიდოსკოპური ნატურით,მაინც შეძლებს ამ პრეტენზიული ქალის მოხიბლვას.

არ არსებობს არავითარი მიზეზი,რომელიც ამ კავშირის ფიზიკურ მხარეს ჩრდილს მიაყენებს. დიახ,ქალწულმა შეიძლება თავიდან ვერც დააფასოს მერწყულის ფანტაზიებში ზიგზაგური აღმაფრენები. ბოლოს და ბოლოს,ჰაერი ჰაერია და მიწა მიწაა,მათ არ ესმით ერთმანეთის… თუმცა ვინ იცის… იქნებ ქალწულს მერწყულის სიგიჟე მომხიბვლელად მოეჩვენოს. ყოველ შემთხვევაში,ეს სახალისო იქნება. შესაძლოა მერწყულის ცვალებადი სექსუალური ქცევები ქალწულის სრული კმაყოფილების მიზეზად იქცეს.

მერწყული აუცილებლად დაინტერესდება ქალწულის გარშემო არსებული ბურუსით(ქალწული მერწყულისთვის VIII ასტროლოგიური სახლის მკვიდრია),მან შეიძლება წლობით აგოს თეორიები,რა იმალება ამის მიღმა. ამოცანები და თეორიები კი მერწყულის საყვარელი დროსტარებაა. თუმცა მან უნდა მოარჯულოს თავისი  ძლიერი სწრაფვა ექსპერიმენტებისკენ,რომ არ შეურაცხყოს ქალწულის წარმოდგენები წესიერებაზე: დიდი ალბათობით,ქალწული ქალი არ დათანხმდება სასიყვარულო აქტს სახლის ეზოში,როგორი მაღალი ღობეც არ უნდა აკრავდეს ეზოს.

მერწყულს უყვარს დავიდარაბის მოწყობა, მაგრამ ქალწულის ზედმეტად გაღიზიანება დიდი შეცდომა იქნება. ქალწულები არ არიან მათი რიცხვიდან,ვინც განშორებას ჭიმავს. ისინი ქირურგიული ცივსისხლიანობით ჭრიან ყველაფერ ზედმეტსა და უსარგებლოს. ორივეს სჭირდება შთაბეჭდილებათა მუდმივი ცვლა და საკმარისი საკვები აქტიური გონებისთვის. ქალწული არ დაკმაყოფილდება მორიგე ფრაზებით: „დღეს რა გვაქვს სადილად,პატარავ?“

ბუნებრივია,ქალწულს თავისი წიკები აქვს. ხანდახან ის მანიაკალურად აკურატულია და იმის ნაცვლად,რომ ვარკვლავების ცქერით დატკბეს  ზაფხულის ღამეს,შეპყრობილივით აშორებს ტანსაცმელს მიწებებულ ღინღლებს. მას შოკში აგდებს ყავისფერი წინდებისა და შავი ფეხსაცმლის შეხამება,რაც უაღრესად აკვირვებს მერწყულს,რომელიც ასეთ წვრილმანებზე მაღლა დგას.

თუ ქალწულის სახეს მოქუფრული გრიმასა  არ სცილდება,თუ ის ზედოზირებულად პუნქტუალური და აღელვებულია_ეს ავის მომასწავებელია. ტვირთს,რომელიც მან თავის თავზე აიღო,ვეღარ უმკლავდება. დაგვიანებული ვახშამი უსუფთაო სამზარეულოში და გაღიზიანებული სახე ძილისწინ, თმის დავარცხნის რიტუალისას(ორასჯერ სავარცხლით ჩამოვარცხნა)_უკვე საგანგაშოა. ეს იმას ნიშნავს,რომ ქალწული უბედურია და იტანჯება.

მათი პირველი შეხვედრისას,მერწყული თავზე იდგა,ტელევიზორს უყურებდა და თხილს ღეჭავდა. ახლა ის,ქალწულის აღზრდის წყალობით,მყარად დგას ფეხებზე,როგორც ყველა. სწორედ ის დროა,ქალწული ყოფას გამოგლიჯოს და  ეგვიპტეში გადაფრინდნენ,პირამიდების საიდუმლოებათა ამოსახსნელად.

 

მომზადებული ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top