ქალწული და მორიელი

ქალწული და მორიელი

ისინი კვლავ უმეცრებაში რჩებოდნენ.

 იქნებ ასე უკეთესიც იყო.

ყოველ შემთხვევაში,

მათ კიდევ ერთი ბედნიერი საათი იცხოვრეს.

ქალწულს მტკიცედ სწამს, რომ ყველას თავიდან აღზრდა შეუძლია, მათი ხვეულებისა და  ნაოჭების გასწორება, კვანძების  გახსნა, ჭრილობების მოშუშება… მაგრამ აი, ის მორიელს ხვდება. ხმაური, გრგვინვა, კვამლი, ნაპერწკლები, მოკლე ჩართვა.

მორიელი არავის მისცემს არათუ  გადაკეთების, მისი ბუნების გაანალიზების უფლებასაც კი. როგორიც არ უნდა იყოს მისი მანკიერებები, ეს არ ექვემდებარება განხილვას! პლუტონი მძვინვარე და საზარელი პლანეტაა. თუ მორიელი ეწევა, გაფრთხილდით სანამ მავნე ჩვევისთვის თავის დანებებას ურჩევთ. თუ არ ეწევა, არც იფიქროთ მისი შექება. მორიელი თავდაჯერების იმხელა მარაგით იბადება, საერთოდ არ სჭირდება თქვენი ქება და გამართლება. და რაც უნდა პარადოქსული იყოს, ასეთი თავდაჯერების ფონზე, მორიელები უკიდურესად ეჭვიანები არიან და არავის რთავენ თავზე მოფერების უფლებას.

დააჯილდოვეთ მორიელი ნობელის პრემიით. გგონიათ, მადლიერებისგან აცახცახდება? ვერ მოგართვათ! მხოლოდ ჩაიბურტყუნებს, რომ როგორც იქნა მიხვდნენ მის სიდიადეს. ის ყოველთვის თავიდანვე დარწმუნებულია საკუთარ გამარჯვებაში და მნიშვნელობა არ აქვს რა შეჯიბრია ეს, ტომრებით ხტომა, პოლიტიკური კამპანია თუ ამერიკული კინოაკადემიის პრემია. მორიელის გაკვირვება შეუძლებელია. უფრო სწორად მისი გაკვირვების ამოცნობა, რადგან გაუმტარ ნიღაბს ატარებს. ის არასდროს ყვება ხუმრობას და ყოველთვის იმედს უცრუებს მათ, ვინც დაბადების დღეზე სურპრიზს უწყობს. არავითარი სპონტანურობა!

ქალწულსაც არ უყვარს სურპრიზები. ნებისმიერი მოულოდნელობა მას ნერვებს უშლის. სურპრიზი არ ჯდება უკვე გამომუშავებულ სქემაში. სქემიდან ამოვარდნა ქალწულს წონასწორობას აკარგვინებს, რამდენიმე საათით მაინც. მაგრამ ქალწულები არ არიან იჭვნეულები. მათ არ უყვართ შინაგან  შიშებთან ლოლიავი. ზუსტად ასეთი შიშები ბადებენ ეჭვსა და უნდობლობას. ქალწულებისთვის მორიელთა თავდაჯერებაც უცხოა. თავდაჯერება გულისხმობს, რომ ადამიანი ყოველთვის სრულიად ან თითქმის სრულიად დარწმუნებულია საკუთარ თავსა და ძალებში. ქალწულები კი ძალიან ცხადად აცნობიერებენ ადამიანური და მათ შორის საკუთარი ბუნების არასრულყოფილებას. ისინი შეპყრობილნი არიან თვითსრულყოფის იდეით. გამჭრიახი მორიელი სწრაფად ცნობს ამ წარმტაცი თვითკრიტიკის თვისებას  და უნებურ  კეთილგანწყობას გრძნობს  კირკიტა ქალწულის მიმართ. გაგიკვირდებათ და ვერც ქალწულის ბუზღუნი შეუშლის ხელს ამაში. ეს ორნი მოულოდნელად დაახლოვდებიან.  სიახლოვე კი მათთვის სრულიად განსაკუთრებული ცნებაა.

შეიძლება ვინმეს ეშინია კიდეც მორიელის იდუმალებით მოცულ სამყაროში ცალი თვალით შეჭყეტაც კი, მაგრამ ქალწული ასეთი ნიშნების რიცხვიდან არ არის. ის პოლარული სივრცეების კვლევისთვის საკმარისი ცნობისმოყვარეობითა და გამბედაობით არის დაჯილდოებული. არა, ის სულაც არ აპირებს  მოურიდებლად ჩამოგლიჯოს ნიღაბი. ქალწული უბრალოდ ეცდება გამოიცნოს, რა იმალება მორიელის მკაცრი მზერის მიღმა. ქალწულები პატივს სცემენ მორიელის ანალიზისა და კრიტიკის უნარებს და ცდილობენ, თავი აარიდონ  სიტუაციის გამძაფრებას, თუ უთანხმოებები უმნიშვნელოა. ჯერ ერთი, ქალწული ენდობა მორიელს, რომელიც მასსავით აკურატული და ფრთხილია, შეიძლება უფრო ბრძენი და წინდახედულიც. მეორეც, ქალწულს ესმის, რომ შეტაკებაში მას გამარჯვების არც ისე დიდი შანსი აქვს. მაშინ რატომ უნდა განარისხოს რევანშისტი მორიელი ტყუილად? ეს არაპროდუქტიული მიდგომაა. ნაყოფიერება კი ქალწულის ერთერთი უსაყვარლესი სიტყვაა.

მორიელი კეთილი გულით დასცინის პრაქტიკულ ქალწულებს. ეს საყვარელი, კეთილგონიერი და თავაზიანი ადამიანები მისთვის არ წარმოადგენენ საფრთხეს. რაღაც ამოუხსნელი მეთოდებით, ქალწულები ამშვიდებენ პლუტონის ბობოქარ სულს.  თუ ვინმე თავს უხერხულად გრძნობს კრიტიკული ქალწულის საზოგადოებაში, ეს მორიელი არ არის. ბოლომდე გულახდილად რომ გითხრათ, მორიელი უჩვეულოდ გახსნილია ქალწულთან. ეს კი დიდი ხელოვნებაა _ აიძულოთ მორიელი, თავისუფლად მოიქცეს.

მიწისა და წყლის ნიშნების კავშირი სიმშვიდითა და ურთიერთმხარდაჭერით არის სავსე და ორივე მხარეს საზოგადოებრივ წარმატებასა და ბრწყინვალე კარიერას ჰპირდება. ქალწულის თვალწინ გადაშლილი ახალი პერსპექტივები მას პროგრესულ იდეებთან აახლოვებს.

მორიელზე უკეთ (კუროს, თხის რქასა და კირჩხიბს თუ არ ჩავთლით) ვერავინ ეხმარება ქალწულს, საკუთარ შფოთებსა და მელანქოლიურ განწყობასთან გამკლავებაში. მათი ურთიერთგავლენა სხვა ადამიანების ცხოვრებაზე შეიძლება ავბედითად (მორიელი) ან შემაშფოთლებლად (ქალწული) აისახოს, მაგრამ ერთმანეთზე ნამდვილად დადებითად ზემოქმედებენ. ლოგიკურია, რომ მთვარეებისა და ასცედენტების ნიშნები, მცირედ შეცვლიან საერთო ფონს. ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი არ შორდებიან დიდი ხნით. მორიელი არ დაიწყებს მდუმარე ტანჯვას _ ის ან თამამად შესთავაზებს ურთიერთობა მოაგვარონ ან კავშირის გაწყვეტას მოითხოვს. არც ქალწულებს უყვართ ილუზიებში უაზროდ ბოდიალი.

როგორი ურთიერთობაც არ უნდა აერთიანებდეს ამ ორს, ნათესაობრივი, მეგობრული თუ სასიყვარულო, მათ ბევრი საერთო აქვთ, თანაც ისეთი, რომ მყარი ფუნდამენტი გარანტირებულია. არც ერთი მათგანი არ გაყიდის თავს იმაზე ნაკლებად ან მეტად, ვიდრე სინამდვილეში ღირს. ორივემ კარგად იცის საკუთარი ღირსებები, ნაკლოვანებები და საზღვრები, რომლის  გადასვლაც კატეგორიულად აკრძალულია. არცერთი არ გაუშვებს ხელიდან შესაძლებლობას. როგორც უკვე გითხარით, მორიელი წინასწარ დარწმუნებულია წარმატებაში და კარგად თვლის შესაძლო შემოსავლებს. მორიელი შეიძლება  შეცდეს, მაგრამ უკიდურესად იშვიათად და ამით აღაფრთოვანებს სიზუსტის მოყვარულ ქალწულს. ქალწულს არასდროს შურს მორიელის და არც არასდროს ეჯიბრება მას. ამიტომ, მორიელს არ აქვს ჩვეული თავდაცვითი სიფრთხილისა და შეჯიბრის საფუძველი. აქედან მოდის მათი ურთიერთობის ბუნებრივობა და თავისუფლებაც.

ქალწული არასდროს დაგეთანხმებათ, რომ მორიელი სახიფათო და სასტიკია. მის აღქმაში მორიელი დიდსულოვანი პროტექტორია, რომლისთვისაც კარგად ნაცნობია თანაგრძნობა. ზუსტად ასევე მორიელი არავის მისცემს იმის უფლებას, რომ ქალწულს შფოთიანი ნევროსტენიკი უწოდოს. ამ კავშირში ქალწული პლუტონის მფარველობით სარგებლობს და მხურვალე ერთგულებით ტკბება, რაც, დამეთანხმეთ, რომ ჩვენს დროში რთული მოსაპოვებელია. დაე, მისი მტრები შიშით ძრწოდნენ!

ყველას და ყველაფრის კრიტიკა, მთლიანობაში, ქალწულთა ერთადერთი ნაკლია. ქალწულები არანაკლებ კრიტიკულები არიან საკუთარი თავის მიმართაც და თვლიან, რომ ყველა შესაძლო ცოდვა და ნაკლი ახასიათებთ. დაასახელეთ ნებისმიერი  და ისინი წამსვე დამნაშავედ აღიარებენ თავს. თუმცა ასეთ თვითგვემაშიც კი არ შეტოპავენ იმდენად შორს, რომ ეგოიზმი საკუთარ ნაკლად აღიარონ. ეგოიზმზე უსამართლო ბრალდებას ქალწულს ვერ წაუყენებთ. ეს მამაკაცები და ქალები თავს ვალდებულად თვლიან, დაეხმარონ ყველას, ვისაც ცხოვრების გზაზე ხვდებიან. თავგანწირვა ღრმად არის გამჯდარი ქალწულთა გულებში. თქვენს ადგილზე, ნამდვილად ვერ გავბედავდი მათთვის ეგოისტები მეწოდებინა, მორიელის თანდასწრებით, რომელმაც სულ ახლახანს გამოსცდა საკუთარ თავზე ქალწულის ნაზი ერთგულება. ეს უკიდურესად უგუნური საქციელი იქნებოდა თქვენი მხრიდან.

 

 

ქალწული მამაკაცი და მორიელი ქალი

Jessica Lowndes&Aaron Paul

_ჯიბეში ფუნტი და ჩვიდმეტი პენსი მაქვს. შესვენებებზე ყავას აღარ დავლევ.

ამას მივუმატოთ შენი თვრამეტი პენსი, კიდევ ერთი ფუნტი, რომელიც მეზობელს ასესხე…

რატომ ტირის ბავშვი?..  მაშ ასე, ორმოცდაცხრა…  აი, ხედავ, კიდევ შემაწყვეტინე!

მოკლედ, როგორ ფიქრობ, შევძლებთ წელიწადში ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტ ფუნტზე ცხოვრებას?

_ შევძლებთ, შევძლებთ! _შეაგულიანა მისის დარლინგმა.

რა შეიძლება ასტროლოგმა ურჩიოს მორიელ ქალს, რომელიც, თავის  გასაკვირად, ქალწულმა მამაკაცმა გაიტაცა? გიყვარდეთ ის! თქვენ მას სჭირდებით და თქვენ  შეგიძლიათ მისი დახმარება!

ქალწულს ნამდვილად აქვს პრობლემები და ეს კიდევ რბილად ნათქვამია. მას ათასი პრობლემა აქვს! საკუთარი და სხვების. ის ხომ ყველა მოუწესრიგებელლი და უდარდელი ადამიანის პრობლემის მოგვარებას ცდილობს, ვინც გარს აკრავს. მორიელ ქალს სრულებით არ აინტერესებს ყველა. დაე, სხვებმა ქაოსის ხლართვა გააგრძელონ, მაგრამ ის მტკიცედ გადაწყვეტს, ჩიხიდან გამოიყვანოს თავისი დონკიხოტი.

აღსანიშნავია, რომ ქალწული მამაკაცები რამდენიმე ფსიქოლოგიურ ტიპად იყოფიან. დავუშვათ, მორიელის რჩეული ბრწყინვალე წარმოსახვის მფლობელია, ხანდახან ზედმეტად ცოცხალის. ის ველური არსებებით დასახლებულ  ფიქციურ სამყაროში ცხოვრობს. ეს არსებები მას იმდენად რეალურად ეჩვენება, შემაძრწუნებელი სიზუსტით აღწერს, თავიანთი წვერებითა და ბაკენბარდებით. სავარაუდოდ, მისი ასცედენტი ან მთვარე მორიელის ნიშანში იმყოფება. მაშ ასე, მორიელ  ქალს ფანტაზიორი ქალწული შეუყვარდა და მისი დაცვა გადაუწყვეტია. ყოველთვის სათანადოდ დააფასეთ პლუტონის ძალა. მისი გავლენა ხშირად უბიძგებს ადამიანებს წყვდიადისა და ავბედითობისკენ, მაგიის, შამანობისა თუ ჰიპნოზის შესწავლისკენ. არაერთი ქალწული მამაკაციც, თანდაყოლილი სისპეტაკის მიუხედავად, ხარბად ეწაფება მისტიურ ბოროტებას. თუმცა როდესაც მას ზებუნებრივ ტევრებში იმდენად აებნევა გზა, რომ თავისი ლანდიც აშინებს, ის მთელ სამყაროსა და საკუთარ თავსაც საგულდაგულოდ  ემალება, საბანში გახვეული. მხოლოდ მორიელმა ქალმა იცის, როგორ გამოიტყუოს დღის სინათლეზე. „ოჰ,ღმერთო! ერთი ამას დამიხედეთ! ხუთი ძაფი მორღვეულია, არა, ექვსი!“ ქალწული მყისვე თავს გამოყოფს. ის ვერ იტანს უწესრიგობას.

ქალწული მამაკაცი შეიძლება არამარტო ჭარბი წარმოსახვით, მისი დეფიციტითაც იტანჯებოდეს. მე ვიცნობ ასეთ ადამიანს. ის ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და თავაზიანია, განსაკუთრებით ბავშვებსა და ძაღლებთან. ერთხელ მას ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის „პატარა უფლისწული“ მისცეს წასაკითხად და ალბათ, ფანტაზიის გასავარჯიშებლადაც. და რა მერე? ის დიდხანს და სკრუპულოზურად უხსნიდა კეთილისმსურველს, რომ ასტეროიდზე ცხოვრება შეუძლებელია. მაშინ  მიანიშნეს, რომ მან წიგნის დედააზრი ვერ გაიგო. „ და რა გაკვეთილი უნდა გამოიტანოს ზრდასრულმა ადამიანმა საბავშვო წიგნიდან?“_ გაოგნდა ის.

ხასიათების მთელი მრავალფეროვნების გათვალისწინებით, ქალწულთა უმეტესობას დახმარება მაინც სჭირდება იმ მარტივი ჭეშმარიტების შესაგნებად, რომ  ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენები გულით და არა გონებით კეთდება. და ვინ შეძლებს ამას მორიელ ქალზე უკეთ, თავისი  გამჭრიახობით? დაე, ახლოს მიუჯდეს, რომ ქალწულმა მისი  სურნელი დაიჭიროს; კიდევ უფრო ახლოს, რომ მორიელი მის  აზრებს შეეხოს და მისი გულისცემა ააჩქაროს…

ალბათ, თავადაც მშვენივრად ხვდებით, რომ სიყვარულის ფიზიკური მხარე მორიელს უკეთ ეხერხება. ქალწულს ბავშვობიდან ჩაბეჭდილი აქვს თავში, რომ ყველაფერს იდეალურად ვერ გააკეთებს და ხშირად იწყევლის თავბედს ამის გამო. ზოგადად, ქალწულები მიდრეკილნი არიან თვითგვემისკენ. მორიელს ინსტინქტი კარნახობს, რომ მიზნისკენ ნებისმიერი მოძრაობა თავისთავად კარგია მარტო იმითაც, რომ ადგილზე არ დგახარ. ქალწული უფრო ცივი და რაციონალურია, ამიტომ, ის უფრო დიდხანს და რთულად წვდება იმ საიდუმლოებებს, რასაც მორიელი ინტუციურად ხვდება. თუმცა აქაც საბედნიერო თანხვედრა აერთიანებთ:  არც ქალწული და არც მორიელი არ ღალატებენ ერთმანეთს და საკუთარ თავს, თუნდაც სექსუალური მრავალფეროვნებისთვის.

არ ღირს ქალწულმა თავისი ენამახვილობა მორიელის თავმოყვარეობაზე ავარჯიშოს. არც ზედმეტი ცნობისმოყვარეობა და სიცივე წაადგება. მორიელი ამას არ მოითმენს! მათ ბევრი საერთო აქვთ: პირდაპირობა და სიმართლე, ცოდნის წყურვილი და მიზანდასახულობა. ისინი კარგი მეგობრები იქნებიან, ყოველთვის დაიცავენ და მხარს დაუჭერენ ერთმანეთს. ასცედენტების ან მთვარეების ნეგატიურმა გავლენამ შეიძლება მეტი გულგრილობა შემატოს ორივეს. მაშინ ქალწული ქვაზე მაგარი გახდება და საკუთარ თავში გამოიკეტება. მორიელი კი  ღრუბლებსმიღმა სამყაროში გამოეკიდება. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც, განა მეგობრები უფრო მარტივად არ რიგდებიან, ვიდრე შეყვარებულები?  კამათი კი ხანდახან ურთიერთგაგებას აღრმავებს.

ეს ქალი და ეს მამაკაცი ბევრ სასარგებლოს ასწავლიან ერთმანეთს, რადგან, როგორც გოეთემ ერთხელ თქვა, ჩვენ მხოლოდ მათგან ვსწავლობთ, ვინც გვიყვარს.

 

 

ქალწული ქალი და მორიელი მამაკაცი

Blake Lively & Ryan Reynolds

როდესაც ვენდიმ თხრობა დაასრულა,

მან ჩუმად ამოიკვნესა.

_ რა გტკივა, პიტერ? _ აღელდა ვენდი.

_ ეს სხვანაირი ტკივილია, _ თქვა პიტერმა.

ქალწული ქალის ერთ-ერთი საუკეთესი ღირსება მისი ნაზი და თავდავიწყებული ერთგულებაა საყვარელი მამაკაცის მიმართ. მორიელი მამაკაცის ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო ღირსება რჩეულისადმი ურყევი თავდადებაა.

რა იდილიაა, არა? პასტორალი ნაზ ვარდისფერ და ცისფერ ტონებში… მაგრამ მოიცადეთ! ეს რა არის? ლაქა?  ნაკაწრი? ნამდვილად ლაქაა. მხატვარს გამორჩა  თუ  ასე  ჩაიფიქრა?

დიახ, ეს ასეც არის ჩაფიქრებული, სიმართლის, მაშასადამე არასრულყოფილების სილამაზისა და პოეზიის დასამატებლად.

სრულყოფილება მოსაწყენი და დამღუპველია სულისთვის. არასრულყოფილების ხინჯებთან მოთმინებით შეგუება ერთერთი უმთავრესი სულიერი გაკვეთილია, რომელსაც ქალწული ვერაფრით ითვისებს, მორიელმა კი დაბადებიდან იცის. იქნებ ოდესმე თავის მშვენიერ რჩეულსაც შეაგნებინოს. ვის, ვის და მორიელს ქალწული ყოველთვის უსმენს, რადგან მის აზრს დიდ პატივს სცემს. დიახ, ის ენდობა ამ  მამაკაცს. მაგრამ იმსახურებს კი მორიელი ნდობას? როგორც ჩანს, კი. მორიელი შინაგანად ძალიან პატიოსანია, ის არასდროს ამტყუნებს სხვების მოლოდინს და არასდროს ატყუებს საკუთარ თავს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მორიელის სული გადაშლილი წიგნია.

როდესაც მორიელი ვინმეს სასიყვარულო ფიცით უკავშირდება, ბოლომდე რჩეულის ერთგული რჩება, თუ მის ნათალურ რუკაში მეხუთე და მეშვიდე სახლები სერიოზულად არ არის დაზიანებული. ამ შემთხვევაშიც, მორიელი ძლიერ იტანჯება დონჟუანის როლისგან. ის შეიძლება დანებდეს ცდუნებას, მაგრამ ყოველთვის ფხიზლად აფასებს საკუთარ გატაცებას. თუ ის ზედაპირული და წამიერია, მორიელი სასწრაფოდ დაუსვამს წერტილს და იმ გულს დაუბრუნდება, რომელსაც ეკუთვნის. თუ ახალმა სიყვარულმა ღრმად გაიდგა ფესვები, მორიელს არც ამის თქმა მოერიდება. მაგრამ ის არასდროს იტყვის, რომ ეს შეცდომა იყო ან შემთხვევითი შეხვედრა.

მორიელი იჭვნეულად ინახავს  საიდუმლოებებს, სანამ არ იგრძნობს, რომ ისინი არც არავის დააზარალებენ და არც არავის დაეხმარებიან. თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ  ყველა მისი საიდუმლო რომანტიული ხასიათისაა. ის სულაც არ არის განწყობილი საკუთარ განცდებსა და შეხედულებებზე ხმამაღლა სასაუბროდ. მაგრამ თუ მორიელი ოდესმე ვინმეს გულს გადაუშლის, ეს უთუოდ მისი მეგობარი ქალწული იქნება.

ქალწული ქალის კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება მისი თვითკმარობაა. ის არ ფანტაზიორობს, რომ სამყარო (ან მამაკაცი) მასთან ვალშია და მისი რამე მართებს. მორიელი მამაკაცის კიდევ ერთი  ღირსება თავდაჯერებაა. მას არ სჭირდება სამყაროსგან (ან ქალისგან) ხოტბის შესხმა და მისი ღირსებების აღნიშვნა. ის აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ, ადრე თუ გვიან, სათანადოდ დააფასებენ.

ისინი არ ცდილობენ პირველივე შეხვედრისთანავე ერთმანეთის მკლავებში აღმოჩენას. ორივე მორიდებული და თავშეკავებულია, ხანდახან მტკივნეულადაც. ადამიანური გრძნობები კი მათთვის აკრძაული თემაა. ქალწულის  თვითკმარობა და მორიელის თავდაჯერება არ არის გამოფენილი საჯაროდ, ეს დამალული განძია, უჩინარი იარაღი.

თავიდან მორიელმა შეიძლება მცირედი უნდობლობა გამოავლინოს. ეს მისი ჩვეული მანერაა. თუმცა თანდათან ის დარწმუნდება, რომ ქალწული ისეთია, როგორიც არის და ყოველთვის მის გვერდითაა, როდესაც მას სჭირდება. ამის შეგრძნება მნიშვნელოვნად ამშვიდებს მორიელის შინაგან შიშებს.

ამ მამაკაცის სიყვარული სრულიად განსაკუთრებულია (თუმცა ვერც თავად მორიელს ვუწოდებთ ჩვეულებრივს). ის საკუთარ თავში აერთინებს მისტიურ და გრძნობით საწყისებს. მორიელს ქალისა და მამაკაცის შერწყმა უდიდეს საიდუმლოდ მიაჩნია. მაგრამ მთელი მისი ტრანსცედენტალიზმისა და იდეალიზმის მიუხედავად, ის არასდროს კმაყოფილდება მხოლოდ პლატონური გრძნობებით.

ქალწულსა და მორიელში თითქოს  რაღაც თვლემს, განთავისუფლების მოლოდინში. სიყვარულოს საიდუმლოს მარცვალი… ამ წყვილმა უნდა ისწავლოს სიყვარული, მაგრამ როდესაც ისინი ერთმანეთს კარგად გაიცნობენ, მათი სიახლოვე უაღრესად ბუნებრივი იქნება. თუმცა აქაც არის წყალქვეშა ქვები. ორივეს საკმაოდ დიდხანს შეუძლია ეროტიული მოთხოვნების შეკავება. მორიელის ცნობიერების რაღაც ნაწილი ყოველთვის ეწინააღმდეგება სხეულის ყივილს, მისი სულის ნაწილი კი ყოველთვის უმანკო და ხელუხლებელი რჩება.

ისინი ერთსულოვნები იქნებიან იმაში, რაც მომავალზე ზრუნვას შეეხება. ორივე უკიდურესად ფრთხილი და თავშენახულია. ქალწული ყოველთვის ხვალინდელი დღის უზრუნველსაყოფად ირჯება და არასდროს ჰყვება იმპულსურ ახირებებს. მორიელიც ათჯერ დაფიქრდება, სანამ ჩეკს გამოწერს.

ფინანსური კეთილდღეობა მათთვის საიმედო მომავლის სინონიმია. ეს საშუალებას მისცემს დროებით ჩამოშორდნენ საქმეებს და სამოგზაუროდ წავიდნენ, რაც ორივეს ჰაერივით სჭირდება. მორიელმა უნდა აღიდგინოს ფიზიკური ენერგია, რომელსაც გულუხვად ხარჯავს. მან უნდა განტვირთოს გონება და გრძნობები. როგორც წესი, ის ზღვასთან დასვენებას ამჯობინებს, ზაფხულის გრძელი დღეებითა და ნეტარების ზარმაცი ღამეებით.

ქალწულსაც  არანაკლებ სჭირდება გარემოს  შეცვლა, რომ შფოთიანი სული დაიმშვიდოს. ერთფეროვნება და მონოტონურობა დამღუპველია მისთვის. მერკურისა და ვულკანის ერთობლივი გავლენა ნერვულ ენერგიასა და მტანჯველ დაძაბულობას  ბადებს, რომელიც გამოსავალს ეძებს. მოგზაურობას ნამდვილად გამაცოცხლებელი  გავლენა აქვს ქალწულზე, მნიშვნელობა არ აქვს მოკლე საქმიანი მივლინებით მიდის თუ ეგზოტიკური ქვეყნის დასათვალიერებლად, პარიზის ხმაურიან ქუჩებში ხეტიალობს თუ უკაცრიელ პლაჟზე… მთავარია, რომ მოგზაურობა რუტინას წყვეტს.

ვიღაცამ შეიძლება თქვას,რომ ქალწულისა და მორიელის კავშირი საქმიანი გარიგებაა, ცივი ანგარიშისა და მედიდური რევანშიზმის არომატით. არ დაიჯეროთ! ეს ნაზი თავდადება და ერთგულებაა.

ვის შეუძლია არწივის გეზი განსაზღვროს ცაში ? ან ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის საიდუმლო ამოიცნოს?

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top