ქალწული და მშვილდოსანი

ქალწული და მშვილდოსანი

_ეს რა არის ბუჩქებში?

_ ძუ მგელია, თავისი ლეკვებით. იგივე იდეა მოუვიდოდა თავში ძაღლსაც.

თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რომ ყოვლისმცოდნე ქალწულმა ყველაფერი ყველაზე უკეთ იცის მიწაზე, რადგან მიწის ნიშანია? სულაც არა.  მართალია, მშვილდოსანი ცეცხლის სტიქიას მიეკუთვნება, მაგრამ  ის, რობინ ჰუდთან ნათესაობის წყალობით, შესანიშნავ ურთიერთობაშია შერვუდის ტყესთან და სხვა უდაბურ ადგილებსა თუ ბუჩქნარებთან.  მშვილდოსანი კარგად ფლობს მიწიურ მაგიას, რადგან ძალიან უყვარს  და კარგად ესმის ცხოველების, რომელთა გულიც ბუნებისა და მიწის რითმში სცემს.

ორივე მუტაბელური ნიშანია და ჩვეულებრივ, მარტივად პოულობენ საერთო ენას, სიამოვნებით საუბრობენ და მოგზაურობენ. მართალია, ქალწული უფრო მეტად მიჯაჭვულია სახლზე, ვიდრე მშვილდოსანი. თუმცა მიუხედავად ამისა, გულჩათხრობილი ვულკანის გავლენა მასში უკმაყოფილებას აღძრავს და ჯერ შეუცნობელი აღმოჩენებისკენ უბიძგებს. რა თქმა უნდა, მეგობრული მშვილდოსანი  სიამოვნებით დაემგზავრება.

ქალწულისა და მშვილდოსნის ალიანსი ორივეს ბევრს ჰპირდება. ქალწული მშვილდოსანს მოთმინებისა და თავაზიანობის გაკვეთილებს ჩაუტარებს, მშვილდოსანი ქალწულს _ თავისუფლების სიყვარულის. გარშემომყოფებს ისინი უცნაურ წყვილად ეჩვენებათ, მაგრამ მშვილდოსანი იმასაც მოახერხებს, ქალწულს საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრება და გარშემომყოფთა აზრის უგულვებელყოფა ასწავლოს. იყავი საკუთარი თავის ერთგული და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. და საერთოდ, განა შეიძლება, ყველას მოსწონდე?

 

 

 

ქალწული მამაკაცი და მშვილდოსანი ქალი 

გურამ ბაბლიშვილი და ანფისა ჩეხოვა

 

_შენ სად ცხოვრობ?

_მეორე ვარსკვლავი მარჯვნივ და

 შემდეგ სულ პირდაპირ გათენებამდე.

_რა სასაცილო მისამართია.

_სულაც არ არის სასაცილო!

 

აბა, წარმატება ვუსურვოთ  ქალწულ მამაკაცს, რომელმაც ჩვეული სიფრთხილე დაივიწყა და ფსონი დაუდეგარ ფაშატზე გააკეთა. ფსონი კი მართლაც დიდია _ მისი ძვირფასი დამოუკიდებლობა და მარტოხელა კაცის მშვიდი საღამოები. ამას კიდევ შეელევა, მაგრამ ეს თავაზიანი მამაკაცი არც მშვილდოსანს და არც  სხვა ვინმეს  საკუთარ  ღირსებასა და თავმოყვარეობას არ შესწირავს.

ქალწული გაოგნებულია მშვილდოსნის გულღია გამოთქმებით. მშვილდოსანი ისეთივე მხიარული ენთუზიაზმით უბრაგუნებს მის თავმოყვარეობას, როგორც ბოქსიორი მსხალს. აი, ქალწულს ტკივილისგან სახე ეღრიცება. გასაგებია, რომ შეკრულობას ვერ აიცილებს.  მაგრამ ჩვენი გმირი სწრაფად გადალახავს დაბნეულობას და ხურდას დაუბრუნებს. მას არ აინტერესებს, რას ფიქრობს მშვილდოსანი მის ბინაზე, წინდებზე, ყურებზე, თმაზე, მის რეალისტურ და მოკრძალებულ ოცნებებზე, მანქანაზე, სპილოსძვლისფერი ნივთების შეძენის ჩვევაზე, კუჭის ამშლელი საშუალებებით სავსე მინი-აფთიაქზე. აჰ, მშვილდოსანს მისი მისამართი სასაცილოდ ეჩვენება? ქალწული საკადრის პასუხს გასცემს. ის მტკიცედ და მკაცრად ამბობს: „სულაც არ არის სასაცილო!“  იქნებ მშვილდოსანმა კეთილი ინებოს და ენა გააჩეროს… და საერთოდ, სანამ რამეს იტყვის, ჯობია ცოტა დაფიქრდეს და ტვინი დააყოლოს! თუ მშვილდოსანს იოტისოდენა საღი აზრი მაინც მოეპოვება, ის პირს არ გააღებს იქამდე, სანამ ენაზე რაიმე სასიამოვნო არ მოადგება. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მას ეს თავადაც მოეწონება. მშვილდოსანი მტკიცე და იმავდროულად ნაზ ადამიანს ეძებს, რომელიც საჭირო დროს თავის ადგილს მიუჩენს ამ თავნება გოგონას, თანაც ისე, რომ მისი ენთუზიაზმი და მხურვალე იდეალები არ დათრგუნოს. ეს ფრიად დელიკატური ამოცანაა, მაგრამ თავაზიანობით გამორჩეულ ქალწულს ნამდვილად გამოუვა.

საბედნიეროდ, მან უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი სწორი მიმართულებით და მშვილდოსანი მიახვედრა, რომ იუპიტერის ისრებს წვერების დაბლაგვება არ აწყენდა. თანაც ეს სახიფათო მანევრი მისთვის დამახასიათებელი სიმშვიდით განახორციელა. ქალწული ყოველთვის ძალიან თავაზიანია, მაშინაც კი, როდესაც ვინმეს საყვედურობს.

ცხადია, მშვილდოსანი გოგონა მოგვიანებით ინანებს. მას აზრადაც არ მოსვლია მის თავმოყვარეობას უშნოდ შეხებოდა. უბრალოდ მოსახვევებში ცოტა უჭირს თავის შეკავება. ალბათ, აცრემლდება კიდეც. საერთოდ, მშვილდოსნის ატირება საკმაოდ მარტივია. მას ისეთი ვინმე სჭირდება, ვინც კარგად ხედავს მის ჭეშმარიტ „მეს“ და იმავდროულად, არც  გადაჭარბებული პირდაპირობისა და უშუალობისთვის განსჯის. ამიტომ, ქალწულის მკაცრი და თავაზიანი ნოტაციები კი არ აჩხუბებს, პირიქით, შეარიგებს მათ. ბრავო, ქალწულო! მიიღეთ ჩვენი გულწრფელი მილოცვა!.. მაგრამ ნუ იჩქარებთ გამარჯვების აღნიშვნას.

მშვილდოსნები გიჟდებიან ადამიანების გაშაყირებასა და კალამბურებზე. მაგრამ მოდი, სათანადოდ დავაფასოთ. ისინი მხოლოდ სხვებს კი არა, საკუთარ თავსაც გულიანად დასცინიან. მშვილდოსნის ზოგიერთი მაიმუნობა უბოროტო და სახალისოა, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ იუპიტერთან ხუმრობა ცოტა სახიფათო საქმეა.

ვინმე სთივენ მაზოვერი, ბერქლის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი, მეტად შეწუხებული იყო  დედამიწის დაბინძურებითა და კაცობრიობის მომავლით. გულანთებული ახალგაზრდა კენტავრი სხვა პლანეტებზე გადასახლების იდეამ შეიპყრო. შექმნილი სიტუაციიდან ის ერთადერთ სწორ გამოსავალს ხედავდა _ შეექმნა კოლონიები კოსმოსში. მაგრამ სად ეშოვა პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფული?  და აი, ახლადგამომცხვარი რობინ ჰუდი ბანკის გასაძარცვად გაემართა, ცარიელი იარაღითა და ხელყუმბარის მულაჟით. მან  80 000 დოლარამდე თანხა გაიტაცა. არა, განა მოიპარა, ისესხა! მას გადაწყვეტილი ჰქონდა ყველაფერი უკანასკნელ ცენტამდე დაებრუნებინა… დაახლოებით ოც წელიწადში. სასამართლომ მაზოვერი გაამართლა (წმინდად იუპიტერული იღბლიანობა), რადგან პროკურორმა ვერაფრით დაამტკიცა ფულის მითვისების მოტივი, თუმცა ბრალდების ხაზი იმ კუთხით მიჰყავდა, რომ კოსმიურ პროექტზე დახარჯული ფული ბანკისთვის ზარალი იყო (ალბათ, ის პროკურორი ქალწულის ნიშნით დაიბადა). ღმერთო, დაგვიფარე მასხარა მშვილდოსნებისგან!

თქვენ, ალბათ, გაკვირვებული ხართ, რატომ მოვიყვანე მშვილდოსანი მამაკაცის ქცევა მაგალითად, როდესაც აქ მშვილდოსან ქალზე ვსაუბრობთ. ქალწული მამაკაცი ფემინური ენერგიის გავლენას ექვემდებარება (თუმცა ეს იმას არ გულისხმობს, რომ ის ქალაჩუნაა. უბრალოდ ის კეთილგონიერი და შემეცნებითია). მშვილდოსანი კი ორმაგად მასკულინური ნიშანია. იმედია, მინიშნება გასაგებია?

ქალწულს მყარად უნდა ეჭიროს აღვირი, რომ თავნება ფაშატი ყალყზე არ დაუდგეს. დამიჯერეთ, მშვილდოსანი გოგონა თავადაც ამის მოლოდინშია და მზადაა, დაემორჩილოს მოსიყვარულე და კეთილ ხელებს. ქალწულს თავისი ნიშნის საზრიანობა  მიახვედრებს, რომ კენტავრი ქალი ფრიად მიმნდობი და მოწყვლადი არსებაა.  მას თავადაც ქანცს წყვეტს შეშლილი ჭენება. რამდენჯერ ეცემა, თავისი მიამიტობისა და მოუქნელობის გამო, ამაზე აღარაფერს ვამბობ.

მშვილდოსანი ნამდვილად არ ინანებს, რომ ქალწულს მიენდო. ქალწული სიტყვის ადამიანია და ყოველთვის ასრულებს დანაპირებს, რაც სასიამოვნოდ ეხმაურება მშვილდოსნის ღირსეულ ნატურას, რომელსაც თაღლითებისა და თვალთმაქცების ატანა არ აქვს.

ეს ქალი ბავშვივით სულელურად ხუმრობს  და გულამომჯდარი სლუკუნებს, როდესაც ტირის. ჰო, აი, კიდევ რა, ეს გოგონა ფენომენალურად იღბლიანია. შეცდომებიც კი, საბოლოო ჯამში, მის სასარგებლოდ ტრიალდება. ამიტომ, ქალწული დიდად ნუ იღელვებს იმ წარმოუდგენელ სისულელეებზე, რომლისკენაც მშვილდოსანს უსაშველო ოპტიმზი და ბობოქარი ენთუზიაზმი უბიძგებს.

აქვთ თუ არა შანსი ფიზიკური ჰარმონიის მისაღწევად? უდავოდ!.. თუ ქალწული აღვირს არ მიუშვებს, მშვილდოსანს კი საიდანღაც საკმარისი ტაქტი აღმოაჩნდება, რომ რჩეულის უმანკოება არ შებღალოს, ყველაფერი მშვენივრად იქნება. განა მშვილდოსნის მხურვალება და ქალწულის გრძნობათა სიღრმე საკმარისი მიზეზები არ არის ბედნიერებისთვის? შეიძლება მშვილდოსანმა დაიჩივლოს, რომ ქალწული ზედმეტად თავშეკავებული და აუღელვებელია. ქალწულს კი მიაჩნია, რომ მშვილდოსნის ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებისკენ მიდრეკილება დამღლელია და დროა ბოლო მოეღოს. მაგრამ მერე ვინ გააღვიძებს შობის დილას იმისთვის, რომ სურპრიზით გააოგნოს?

ის პატარა გოგონას ჰგავდა, ყინვისგან  შეფაკლული ლოყებითა და ცირცელით თმებში. ხელებში პლედი ეჭირა, საიდანაც ექვსი გაბრწყინებული შავი ცხვირი იჭყიტებოდა. ოჰ, ღმერთებო! იქ  ლეკვები იყვნენ! მშვილდოსანს თავადაც ბავშვური აღტაცებით უბრწყინავდა თვალები. დიახ, ქალწულს არასდროს დაავიწყდება  ზამთრის ის ცივი დღე, როდესაც მისი აღფთოვანებული რჩეული ეზოში უდარდელად დახტოდა და თოვლის გუნდები სახესთან მიჰქონდა. რა გემრიელი სუნი ჰქონდა მაშინ, სისუფთავის. რა საყვარლად  უშლიდა ნერვებს  ნახევრად მძინარე ქალწულს, როდესაც  ცდილობდა დაეყოლიებინა, ამდგარიყო, ჩაეცვა და ქვემოთ ჩასულიყო  ბუხართან… და აი, ჩვეულებრივ,  ცივი და რაციონალური ქალწული მამაკაცი გრძნობს, რომ  ყელში ბურთი ეჩხირება. არა, მას ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ამ ქალის გარეშე! ბოლოს და ბოლოს, ვინ დაიცავს ამ მიამიტ ოპტიმისტს მთელი საყაროსა და საკუთარი თავისგან?

მაშინ მშვილდოსანს ეჩხირება ყელში ბურთი, როდესაც იხსენებს, როგორ აკითხავდა ეს ყურადღებიანი და გულისხმიერი კავალერი საავადმყოფოში, როდესაც ავად იყო. როგორ მოჰქონდა იების ციცქნა თაიგული; როგორ წითლდებოდა უხერხულობისგან, როგორ არ იცოდა, სად წაეღო ხელები და როგორ მდუმარედ  ჩაფიქრებული მიშტერებოდა იატაკს.

დიახ,  ქალწული ხშირად ადანაშაულებს მას მფლანგველობაში. დიახ, მას არ უყვარს ხმაურიანი კომპანიები, უაზრო და ზედაპირული ყბედობა, მაგრამ მშვილდოსანთან  ხომ ყოველთვის გულახდილია?! ცუდია, რომ კენტავრმა თავის მეგობართან  ენა წაატლიკინა და მისი საიდუმლო გათქვა. ქალწული საშინლად განრისხდა, მთელი  დღე ხმა არ ამოუღია. მაგრამ  არა უშავს, მეტს აღარ იზამს. მართლა აღარ იზამს, მშვილდოსნები ძალიან საზრიანები არიან.

 

 

 

ქალწული ქალი და მშვილდოსანი მამაკაცი

Sophia Loren & Carlo Ponti

იმის საჩვენებლად, 

რომ მისი წასვლა არ ადარდებდა,

ის მხიარულად დახტოდა ოთახში და

საძაგელ სალამურზე უკრავდა.

 

ქალწულისა და მშვილდოსნის კავშირს ვერაფრით ვუწოდებთ ჰარმონიულს, მაგრამ თუ მოინდომეს ნადვილად შეძლებენ დუეტში შეხმატკბილებულ  სიმღერას. ცხადია, ამას ძალისხმევა და ხშირი ვარჯიში დასჭირდება, როგორც  ნიუ-იორკის ერთერთმა მკვიდრმა ერთერთი  ტურისტის კითხვას, როგორ მისულიყო კარნეგი-ჰოლთან, უპასუხა : „პრაქტიკა, პრაქტიკა და კიდევ ერთხელ პრაქტიკა!“

ჰო, მართლა, იმაზედ, ვინ  რა მეთოდებით აღწევს კარნეგი-ჰოლთან  ან  ნებისმიერ სხვა ადგილთან… ქალწული მიწისქვეშა გადასასვლელებსა და ავტობუსებს ამჯობინებს, ან სულაც ფეხით გაისეირნებს. მშვილდოსნის პირველი განზრახვა ტაქსის დაჭერა, მანქანის დაქირავება ან სულაც შეძენა იქნება. მაგალითად, რომელიმე სპორტული მოდელის. აი, თქვენ პირველი საბაბიც ჩხუბისთვის. მშვილდოსანი მიდრეკილია ფულის ფლანგვისკენ, ქალწული კი ყოველ ცენტს ითვლის. არა, იმას კი არ ვამბობ, რომ ძუნწია. თუმცა თუ მას ასცედენტი ან მთვარე ცეცხლის ნიშანში არ ჰყავს, შეიძლება ზედმეტად ხელმომჭირნე იყოს. ქალწულები ამას გონივრულ ხარჯვას უწოდებენ. სამაგიეროდ, მშვილდოსანს ნამდვილად შეუძლია წუწურაქი უწოდოს. მეტიც! უწოდოს კი არა, პირდაპირ სახეში მიახალოს. რომელ სიყვარულზეა საუბარი?

ვთქვათ, მშვილდოსანი მოგვიანებით მიხვდა, რომ უტაქტოდ მოიქცა. როგორ შეიძლება ქალწულის კეთილგანწყობის დაბრუნება? ყველაზე უტყუარი მეთოდი_ სთხოვეთ რჩევა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. ჰო, სიტყვამ მოიტანა და, როდესაც ქალწულს ელაპარაკებით, ყოველთვის თვალებში უყურეთ. ისინი არ ენდობიან ისეთ ადამიანებს, ვინც მათ ნათელ და მშვიდ თვალებს მზერას არიდებს. აი, მაგალითად, მშვილდოსანს წარმოდგენაც არ აქვს, სად დააბანდოს შემოსავლის ნაწილი. რამდენი უნდა გადადოს შავი დღისთვის? რა ფორმით შეინახოს? სახელმწიფო ობლიგაციების, აქციების, ინვესტიციების, ანაბრების სახით თუ გვარიანად მოსუქებულ გოჭ-ყულაბაში?

ქალწულს ძალიან უყვარს, როდესაც რჩევას ეკითხებიან და ის მართლა ღირებულ საქმიან რჩევებს იძლევა. თუმცა თუ მან მშვილდოსნის გაცნობა კარგად მოახერხა, ყულაბის იდეა მყისვე ჩამოიწერება, თუ, რა თქმა უნდა, ყულაბას მას არ დაუტოვებს.

ადამიანთა უმეტესობა თავისთვის ირჩევს სარბიელს, იკეთებს კარიერას, აგროვებს ფულს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომავალ სიბერეს უზრუნველყოფენ, იწყებენ იმ სისულელეების კეთებას, რაც მათ უბრალოდ მოსწონთ. მშვილდოსნები თავიდანვე და ყოველთვის მხოლოდ იმას აკეთებენ, რაც მოსწონთ. თუ სამსახური მათ თავისუფლებას ბოჭავს, დაუნანებლად მიატოვებენ ისე, რომ ხვალინდელ დღეზე არც დაფიქრდებიან. ასეთი დამოკიდებულება ნამდვილი კოშმარია შრომისმოყვარე, რაციონალური და პასუხისმგებლობიანი ქალწულისთვის. თავიდან ის რბილად უსაყვედურებს უდარდელ მშვილდოსანს, მოგვიანებით კი დაუსრულებელ მეთოდურ კრიტიკაზე გადავა.

შენიშვნებით შეწუხებული კენტავრი მაგრად მოჭიმავს მშვილდს და საპასუხოდ რამდენიმე ისარს გაუშვებს. და ეს ყველაფერი  ფულის გამო. შეიძლება ქალწულს ძალიან არ მოსწონდეს, მაგრამ მშვილდოსანი დარწმუნებულია, რომ ადამიანს თავისი სამსახური უნდა უყვარდეს. მას საერთოდ ანაზღაურების გარეშე მუშაობაც შეუძლია, თუ საქმე იზიდავს. უბრალოდ თვითგამოხატვისთვის, რომ შინაგან სიცარიელეს არ გრძნობდეს.

მე არ მიყვარს შეყვარებულთა კამათში ვინმესკენ მიმხრობა, მაგრამ, გულახდილად რომ გითხრათ,  კენტავრის ფილოსოფიისკენ უფრო ვიხრები. დიახ, ოქროს წვიმა ყოველთვის არ ასველებს მათ, ვინც გულის ძახილს მიჰყვება და არა ანგარიშიან გათვლებს. თუმცა, როგორც ამბობენ, იღბალი  ერთობ ჭირვეული ქალბატონია. მან შეიძლება ფეხი დაუდოს მას, ვინც სიმდიდრეს მისდევს.  ბედისწერა ხშირად მწარედ  ეხუმრება  მხოლოდ სამსახურით  შეპყრობილ ადამიანებს.  მე ვიცნობ ერთ მშვილდოსან მღებავს, რომელიც თავის სამუშაოს პრეზიდენტის სკამზეც არ გაცვლის. გესმით, მათთვის ძალიან რთულია, საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლა.

რადგან ქალწულის ზრახვები საოცარი სისუფთავით  გამოირჩევა, მას გულს უჩუყებს მშვილდოსნის უანგარობა. არც ის არის გამორიცხული, რომ მალე სამყაროს მისი თვალებით შეხედოს. სავსებით დასაშვებია, რომ მშვილდოსანმა ჯეროვნად დააფასოს რჩეულის მოთმინება, პასუხისმგებლობა და აკურატულობა. თუ მოვლენები ასე განვითარდა, ქალწული და კენტავრი აუცილებლად გააპროტესტებენ იმ განაჩენს, რომელიც ასტროლოგებმა მათ კავშირს გამოუტანეს.

ცხადია, ისინი ძალიან განსხვავდებიან, რომ მათი თანაცხოვრება სრულიად უღრუბლო იყოს. მაგრამ არასდროს დაივიწყოთ სიყვარულის ალქიმიის მაგიური ძალა, რომელსაც ყველა ჭრილობის განკურნება შეუძლია.

მშვილდოსნის მკლავებში ქალწულს ყველა მისი გამოხდომა ავიწყდება, მშვილდოსანიც მარტივად პატიობს შენიშვნებსა და ეჭვებს. მისი ცეცხლოვანი ბუნების გაელვებას და ქალწულის მშვიდ იმპულსებს დაუვიწყარი შეგრძნებების ჩუქება შეუძლიათ. მაგრამ ქალწულმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სიყვარულის გამოხატვისას თავშეკავება და დისტანციურობა სულაც არ არის ის, რასაც მხურვალე მშვილდოსანი მისგან ელოდება.

სავარაუდოდ, თავიდან კენტავრს ვიქტორიანული ეპოქის ანეკდოტი გაახსენდება: პატარძალი მორცხვად ეკითხება დედას, როგორ მოიქცეს პირველ ღამეს, რაზეც დედა უპასუხებს: „უბრალოდ იწექი და ინგლისზე იფიქრე“.

როგორ მოიქცეს? სიცივისთვის უსაყვედუროს? ეს უტაქტობაა, რომელიც ვერასდროს ვერაფერში დაეხმარება. მშვილდოსანი მოთმინებითა და სინაზით უნდა აღიჭურვოს, თუ უნდა თავისი სპეტაკი რჩეულის შებოჭილობა და სიმორცხვე დაამარცხოს. დამიჯერეთ, დადგება დღე, როდესაც ქალწული უბრალოდ  ვეღარ  იფიქრებს ინგლისზე. უეცრად მშვილდოსანსაც ზუსტად ეს აზრი გაუელვებს თავში. ერთხელაც, შუაღამეს, სიყვარულით გათანგული კენტავრი მოულოდნელად კითხავს, რა იქნება სიფრთხილე და პრაქტიკულობა ცოტა ხნით დაივიწყონ, ჩემოდნები ჩაალაგონ და ლონდონში გაფრინდნენ? ისინი დროულად ჩაუსწრებენ  ბიგ-ბენის ზარების რეკვას. და თუ ეს ქალი ჭკვიანია, როგორც  ქალწულს შეეფერება, ის არ დაიწყებს მსჯელობას. დაგეგმვა-ანალიზის ნაცვლად, ცხვირზე აკოცებს, შუქს აანთებს, გაიღიმებს და ეტყვის: „მერე რას ელოდები? ჩემოდანი ჩაალაგე და აეროპორტში დარეკე, სანამ შხაპს გადავივლებ“.

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის „სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს“ მიხედვით.


About Qet

Scroll To Top