_იცი, როდესაც სამყაროში პირველი ბავშვი დაიბადა და გაიცინა,
მისი სიცილი ათას პატარა ნაწილაკად დაიშალა და ასე გაჩნდნენ ფერიები…
სასწორებს შორის ყველაზე ხშირად ვხვდებით მათ, ვისაც საზოგადოების გულს ვუწოდებთ. ისინი არათავმომწონედ ჭკვიანები და მანჭვა-გრეხვის გარეშეც მხიარულები არიან. მათი მხოლოდ გამოჩენაც კი ყველაზე ყუმი და წუწუნა საზოგადოების თავშეყრასაც აცოცხლებს. ისინი თითქოს მარილს ამატებენ მტკნარ საუბარს. თავიანთი ლოგიკის ტალღების წყალობით, განსაკუთრებულ ბრწყინვალებას ანიჭებენ და ხალისიანად ავითარებენ ყველაზე უსისცოცხლო იდეებს. ისინი ბრილიანტებად აქცევენ წვიმის წვეთებს და მფრინავი ბუშტებივით უშვებენ ოცნებებს… ჰო, მართლა, მფრინავ ბუშტებზე, როდესმე გიცდიათ მისი გახვრეტა? არც ეცადოთ, არაფერი გამოგივათ! ის სხლტება და მიფრინავს, კაშკაშა და უწონადი. მასთან გამკლავების ერთადერთი საშუალება ნემსით ჩხვლეტაა.
ბუნებრივი თავაზიანობის მიუხედავად, ქალწულები უამრავი ასეთი ნემსითა და ქინძისთავით არიან შეიარაღებულნი. არაფერი ისე არ ემუქრება სასწორის ჰაეროვან-ცისატყელისებრ მსოფლმხედველობას, როგორც ქალწულის არსენალი. ტკაც! და ბედნიერებით გაბერილი ფერადი სფერო საცოდავად დაქიშმიშდება. მართალია, ქალწული თავიდანვე ქინძისთავებს არ ჩართავს საქმეში. ის დიდხანს იქნება აღფრთოვანებული სასწორის ლოგიკით, ენაწყლიანობითა და ოპტიმიზმით. ტიპური ქალწული წყნარი და მშვიდი სულია და მშვენივრად იფურჩქნება ვენერას რბილი ციალის ქვეშ. გარკვეული დროით მათ შორის სრული სიმშვიდე გამეფდება. თანაბარი და სტაბილური ურთიერთობა, ვნებათა ღელვისა და სცენების გარეშე. გაწონასწორებული ინდივიდების საერთო მიზნების აკურატული ჰარმონია. ქალწულებსაც და სასწორებსაც დიდად ახარებთ, როდესაც მათ გარშემო სამართლიანობა და ჰარმონია სუფევს.
ისინი ნეტარებით იხეტიალებენ ორნი, ყველა უხეში და ვულგარული ადამიანისგან შორს. ერთმანეთს თმას შეუსწორებენ, საჩუქრებს გაცვლიან _ კბილის ჯაგრისებს ან პასტებს, ან სულაც წიგნებს. სურათებს აბსოლუტური სიმეტრიით ჩამოკიდებენ და არც ხმას აუწევენ ყვირილამდე. ერთი სიტყვით, ყველაფერი კეთილგონივრულად და მელოდიურად იქნება.
თუმცა თანდათან გამოირკვევა, რომ ქალწულს არ უყვარს ხმაურიანი წვეულებები. მას არც ავტომატური რეჟიმის ღიმილი და ელიტურ-სნობური საუბრები მოსწონს, სოციალურად აქტიური სასწორისგან განსხვავებით. სამაგიეროდ, ის სიამოვნებით ეგუება მოსაწყენ სამუშაოს და ერთფეროვან ვალდებულებებს, ჭურჭლის რეცხვასაც კი. ეს ისეთი მოსახერხებელია! და აი, სასწორის თხოვნები თავსხმა სეტყვად იღვრება: საყვარელო, გაართე დეიდა მილდრედი და ბიძია კასპერი; ბავშვი დაიტოვე; ეზოში ბალახი გაკრიჭე… განა ამქვეყნად ცოტა რამ არის, რაც სასწორის დახვეწილ გემოვნებას არ ეპიტნავება?
მაგრამ მოულოდნელად სასწორის ფეხქვეშ მიწა რყევას იწყებს. ისმის გუგუნი (ქალწული მიწის ნიშანია). ეს ჯერ კიდევ არ არის მიწისძვრა, უბრალოდ რამდენიმე გამაფრთხილებელი ბიძგია. ქალწული თავაზიანი მოთმინებით უხსნის სასწორს, რომ ფეხებს არ შეაწმენდინებს. შეიძლება ვიღაცას ჰგონია, რომ მისი სახით შინამოსამსახურე, მძღოლი, ძიძა, კარისკაცი და გამრთობი იპოვა, მაგრამ ეს „ვიღაც“ ძალიან ცდება.
სასწორი მშვიდად მოისმენს ქალწულის თავისუფლების ქარტიას, ყველა არგუმენტს აწონ-დაწონის და აღიარებს, რომ საყვედურები სამართლიანია. ის სულგრძელად დათანხმდება, პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების ნახევარი მაინც იტვირთოს, რომ ქალწულს თავისუფალი დრო მიანიჭოს. დაე, დაკავდეს იმით, რაც უნდა! წონასწორობა აღდგება, თუმცა არც ისე დიდი ხნით.
ქალწულს ოქროს ხელები აქვს. ყველა საშინაო საქმეს ის დეტალურად უკირკიტებს და საფუძვლიანად აკეთებს. რასაც ვერ ვიტყვით სასწორზე. მაშინ ქალწულის საყვედურები თავსხმა სეტყვად მოდის: ყველა მეზობელმა იცის, რომ ძაღლს უკან არ ვარცხნი, მხოლოდ დასანახად ალამაზებ!.. ამდენს ნუ რწყავ, ბალახი დალპება!.. ისევ დაგავიწყდა გაზონის მორწყვა, ბალახი გახმება!.. როდესაც მანქანას რეცხავ, ნუ ტოვებ ლაქებს სახურავზე!.. და საერთოდ, შენმა წყეულმა ბეჭდებმა მინები დაკაწრეს! (სასწორთა უმრავლესობა გიჟდება საიუვილერო ნაკეთობებზე).
ღამდება და ქალწული სამზარეულოში კუჭის ამშლელი საშუალების მოსაძებნად გამოდის. შიშველი ფეხი ახლად დაგებულ ლინოლიუმს ეხება. აააჰ! უუუჰ! და რამდენიმე ლურსმანი ფეხში. გაფრთხილდით სასწორებო! დანდობა არ იქნება! შეკრულობა, რისხვა და უძილობა საზარელი ნაერთია. ბუნებრივია, სიტუაცია გავაბუქე. როგორც წესი, ამ ორ ნიშანს შორის სტაბილური და მშვიდი ურთიერთობაა. ქალწული სასწორში უფრო მეტ ღირსებას ითვლის, ვიდრე ნაკლს. მას ბუნდოვანი ეჭვიც აქვს, რომ სასწორს ქაოსის გალამაზებაც ხელეწიფება. სასწორს შეუძლია ქალწულს ასწავლის ცხოვრების მიმართ უფრო მარტივი დამოკიდებულება, „სრულყოფილისა“ და „მიღწევადის“ რეგულირება და ჰარმონიული შეფარდება. იქნებ ოდესმე ისიც შეაგნებინოს, რომ ცხოვრებით უნდა დატკბე და არა წარუმატებლობების ანგარიში აწარმოო.
სასწორი ამართლებს ქალწულის შრომისუნარიანობას და ცოტა შურს კიდეც მისი ამ ნიჭის. ქალწულს მოსწონს სასწორის სამართლიანობა, თუმცა მისი მერყეობა და გაუბედაობა მცირედ აღიაზიანებს. მომხრე და საწინააღმდეგო არგუმენტების დაუსრულებელი აიწონა-დაიწონა ქალწულებს ძვირფასი დროის უსარგებლო ფლანგვად მიაჩნიათ. ხანდახან ქალწული სასწორს სიზარმაცეს წამოაძახებს, რაც სრულიად უსამართლოა, რადგან ლეთარგიის პერიოდს ყოველთვის ენთუზიაზმისა და ენერგიის მოზღვავება მოჰყვება. ბოლოს და ბოლოს, ადამიანს კარგი დასვენება სჭირდება, როდესაც ასე ენერგიულად შრომობს და ისვენებს. თან მუდმივად ცდილობს, ზუსტი ბალანსი შეინარჩუნოს სამუშაოსა და გართობას, სამსახურსა და თავისუფალ დროს შორის.
საერთოდ, სასწორისა და ქალწულის ბუნებაში იმდენი საერთოა, რთულია ზუსტი გამყოფი ხაზის გავლება. მაგალითად, ქალწულის იდეალური წესრიგისკენ და სასწორის იდეალური ჰარმონიისკენ სწრაფვა ხომ ასე ჰგავს ერთმანეთს.
ერთხელ ჩემი მეგობარი თევზების რუკა შევასწორე. ასცედენტმა სასწორიდან მორიელში გადაინაცვლა. წლების განმავლობაში ის დარწმუნებული იყო, რომ აღმავალი სასწორი იყო. საქმე ის არის, რომ მას ერთი უცნაური მანია ჰქონდა, მუდმივად შეემოწმებინა თავისი საფულე და თან ამას სპონტანურად, გამვლელებით სავსე ქუჩაში აკეთებდა. თუ კუპიურები ზრდადი თანმიმდევრობით არ ელაგა, შეეძლო გაჩერებულიყო და პირდაპირ ქუჩაში დაეწყო გადალაგება. ის დარწმუნებული იყო, რომ ეს სასწორის თვისებაა. სინამდვილეში, ეს ქალწულის კლასიკური სინდრომია. მაგრამ მისი ასცედენტი შორს იყო ქალწულის ნიშნისგან. მაშინ საიდან გაჩნდა ეს უცნაურობა?
ვულკანი, რომელიც ქალწულის ნამდვილი მმართველია, დაკავშირებული იყო მის ნათალურ მზესთან. აღმავალი (ასცედენტით) სასწორი არავითარ შემთხვევაში არ შეჩერდება ქუჩაში ნომინალების გადასალაგებლად, თუმცა შეიძლება მერყეობისგან გაშეშდეს კიდეც. რა აირჩიოს? ქუჩა გადაჭრას თუ რესტორანში შებრუნდეს, კიდევ ერთი ნაჭერი ნამცხვრის შესაჭმელად? მოკლედ, სასწორი ბურიდანის ვირის კომპლექსის* განსახიერებაა.
სახლსა თუ ოფისში, სადაც ქალწულისა და სასწორის აურები იკვეთება, როგორც წესი, ბედნიერი და ჰარმონიული ატმოსფერო სუფევს. ეს პასტელური ტონების სიმშვიდეა. ლამაზი სურათები და რბილი მუსიკა, ყველაფერი სისუფთავით ბრწყინავს…და იატაკზე რამდენიმე ლურსმანი გდია.
ქალწული მამაკაცი და სასწორი ქალი
ეს ის დრო იყო, როდესაც ვენდი ზღაპარს ყვებოდა…
იმ ზღაპარს, რომელსაც პიტერი ვერ იტანდა.
როდესაც ვენდი მის მოყოლას იწყებდა,
პიტერი სახლიდან მიდიოდა.
არის ამ ქალში რაღაც მიმზიდველი და მაცდური. თითქოს ნეტარებას გპირდებათ. ასეთ ქალებს დავინჩი და რემბრანდტი ხატავდნენ. ფაფუკი და ფუშფუშა, როგორც ხავერდის შალითაში გახვეული ბუმბულის ბალიში, აბრეშუმის ფოჩებით, მომრგვალებული ფორმებითა და მელოდიური ხმით, რომელიც ოქროსფერი არფის ჟღერადობას მოგაგონებთ. ის ყოველთვის არომატული ღრუბლებით არის გარემოცული. თითქმის ყველა სასწორი განუზომელ თანხებს ხარჯავს არომატიზებულ საპნებზე, სუნამოებზე, სურნელოვან სანთლებსა და ეგზოტიკურ საკმევლებზე.
თუმცა არ არის გამორიცხული, სასწორის შემხედვარე ქალწულ მამაკაცს ნაკლებ სასიამოვნო ასოციაციები გაუჩნდეს. მაგალითად, სრულიად მოულოდნელად მას გალეული ოფიცერი ახსენდება, რომელიც ჯარში მარშირებდა. უცნაურია, არა? რა საერთო უნდა იყოს, ამ ცდუნების განსახიერებასა და ჩლუნგ ოფიცერს შორის?.. ძალაუფლების სურვილი!
სასწორი ქალი გაბედულად მიიწევს თავისი მიზნებისკენ და იმისთვის, რომ ყველაფერი მისი სურვილისამებრ მოხდეს, ცდილობს დაიმორჩილოს სუსტები. ცხადია, ის არასდროს ჩხუბობს და ყვირის. ვენერა ხშირად სჯის სასწორებს სინანულის შემოტევებით, როდესაც ისინი საკუთარი ნიშნის არსს ღალატობენ და ხმაურიან სცენებს აწყობენ. თუმცა, როგორც წესი, სასწორს არ უწევს ყვირილი _ მისი შემპარავი ხიბლი დაუმარცხებელია. ქალწული მამაკაცი გამონაკლისს არ წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ მისი გონება ამას აპროტესტებს.
გარდა ამისა, ამ ორის აზროვნების სტილი აბსოლუტურად განსხვავებულია. ნებისმიერ ცნობიერებაში შეიძლება თანაარსებობდნენ ურთიერთგამომრიცხავი იდეები. სასწორი მათ იქამდე წონის, სანამ ერთი რომელიმე იდეა გადაწონის. ასეთი რეფლექსია მიუღებელია ქალწულისთვის. როგორ შეიძლება ასე გაჭიმო გადაწყვეტილების მიღების პროცესი? კონცეტრირდი და აირჩიე ორიდან ერთი. ზედმეტი მოიშორე! რა საჭიროა ამდენი ჭოჭმანი? მოუწესრიგებელი აზრები ისეთივე უსახურია, როგორც აულაგებელი ლოგინი. იშვიათი ფეთხუმი ქალწულებიც კი მიდრეკილნი არიან თვითგვემისკენ და ხანდახან თავიც სძულთ, როდესაც წესრიგს ღალატობენ.
დიახ,ამ მამაკაცს შეუძლია არანორმალურად მეწვრილმანე პედანტი იყოს. მაგრამ მისი გონების ცივი სიცხადე სუფთა ჰაერივით გამამხნევებელია _ არაჩვეულებრივად ფანტავს სასოწარკვეთილებისა და თავდაუჯერებლობის ბურუსს.
არავისზე მოქმედებს დეპრესია ისე დამთრგუნველად, როგორც სასწორებზე. ასეთ იშვიათ პერიოდებში სამყაროში ყველაფერი უფერულდება და წარმოსახვა რუხი დღეების მწკრივებს ხატავს. მძიმე მელანქოლიაში ჩაძირული სასწორები ლოგინზე წვანან, შუშის თვალებით ერთ წერტილს აშტერდებიან და სიცარიელეზე ფიქრობენ. ეჟვნების ჟღარუნი ყურს ჭრის, სურნელოვან საკმევლებს კი დამწვარი რეზინის სუნი აქვთ. ასეთ დღეებში ქალწულთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად ამსუბუქებს მის დარდს, როგორც ცივი ხელი აგრილებს სიცხისგან გახურებულ შუბლს. ქალწულები შესანიშნავი მკურნალები არიან და არამხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით. მათი მიწიერი სიმშვიდე ფიჭვების ტყეში წყნარად გარინდულ ტბას მოგაგონებთ.
ქალწულისა და სასწორის სიახლოვე სავსეა ადრიანი შემოდგომის მომხიბვლელობით. ეს მშვიდი შერწყმაა, მელანქოლიის არომატით. თუმცა თუ რომელიმეს ან ორივეს მთვარე ცეცხლის ნიშანში ჰყავს, ვნება უფრო ძლიერი იქნება. თუმცა ქალწულს ვურჩევ შორს მოისროლოს ლუპა, რომლითაც სხვის ხინჯებს უყურებს. უადგილო გესლიანობა და ირონიული შენიშვნები სასწორს ყინულის დედოფლად აქცევს. სასწორს სურს, რომ ის გააღმერთონ და ყოველგვარ კრიტიკას მკრეხელობად აღიქვამს. მეორეს მხრივ, ქალწულ მამაკაცს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ მხურვალეს. ასე რომ, მალე მათ შორის ყინულის ლოლოები აღიმართება, რისი გალღვობაც საკმაოდ რთულია.
ქალწულ მამაკაცზე შეყვარებული სასწორი ქალი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ მისი რჩეული არ შეიცვლის საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის მისიას, თუნდაც სასწორის გულისთვის. ის ყოველთვის დაეხმარება სხვებს, თუნდაც საკუთარი ინტერესების საზიანოდ. ის გულწრფელად იმედოვნებს, რომ ქაოსის წესრიგად გარდაქმნა, სხვისი შეცდომების და საერთოდ, მთელი სამყაროს გამოსწორება შეუძლია.
სასწორმა უნდა გაუგოს და აპატიოს მას, თუნდაც მათი სიყვარულის მელანქოლიური შარმისა და ოქროსფერი შემოდგომის ფოთლების ხათრით.
ქალწული ქალი და სასწორი მამაკაცი
ვენდის საუბარი უმძიმდა.
თან მან ხომ არ იცოდა,
როგორ დასრულდებოდა ეს ღამე.
მართალია ქალწულს ყოველთვის შეუძლია ყველას და ყველაფერს წუნი მოუძებნოს, მაგრამ ამ ნიშნით დაბადებული ქალები არ არიან მიდრეკილნი თმების ყოველ წუთას შესწორებისა და სარკეში ჩახედვისკენ.
ეს ღირსეული ქალბატონია, რომელიც კეთილი ღიმილითა და თვალების ბრწყინვალებით გხიბლავთ (ქალწულისა და ტყუპების თვალები მუდამ ბრწყინავენ, რადგან მათ მზის ნიშნებს მერკურის მაგიური კვალი ატყვია). არის რაღაც გამაგრილებელი და ბალახივით ხასხასა მწვანე, რაღაც სუფთა და თეთრი ამ ქალის აურაში და ეს „რაღაც“ საუკეთესოდ კურნავს აფორიაქებულ სულებს.
პრაქტიკულ ქალწულს პათოლოგიურად ეშინია შეცდომების, რადგან „ფრთხილს ღმერთი უფრთხილდება“ პრინციპის აღმსარებელია. ნუ დაუშვებთ შეცდომებს და მაშინ არც მათი გამოსწორება მოგიწევთ. ვერაფერს იტყვი, რკინის ლოგიკაა!
ქალწული წლების განმავლობაში ემალება იმედგაცრუებებსა და უბედურებებს, როდესაც საკუთარ თავში სიყვარულის ძახილს ახშობს. ყველაზე მაღლა ის თავის მიზნებსა და თავისუფლებას აყენებს. თუმცა ამ კეთილგონიერ არსებასაც კი არ ძალუძს წინ აღუდგეს ვენერიელი მამაკაცის შარმს, რომელიც მისი გული მოგებას შეუპოვრად ცდილობს. სასწორი მამაკაცისთვის სიყვარული ნამდვილი განძია, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს და რომელიც ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნო. ის გულუხვად აფრქვევს სინაზესა და აღტაცებას რჩეული ქალბატონის მიმართ, იმ იშვიათი სამშაბათებისა და პარასკევების გამოკლებით, როდესაც ვიღაც (აუცილებლად ქალწული არა) მის წონასწორობას არღვევს და ის თავს დამარცხებულად გრძნობს. ასეთ ტრაგიკულ დღეებში გაუბედურებული სასწორი წინდებს იატაკზე ყრის, რომ ქალწულმა აკრიფოს; ჭუჭყიან ჭიქას მაგიდაზე ტოვებს, რომ ქალწულმა სამზარეულოში გაიტანოს და გარეცხოს; წვეულებებზე ფლირტაობს… მაგრამ ოჰ, ეს ვენერას ხიბლი, ეს ღიმილი, ეს დახვეწილი მანერები და ბრწყინვალე გონება_თვით მეწვრილმანე და კრიტიკულ ქალწულსაც განაირაღებს.
* ბურიდანის ვირი ( ლათ. Asinus Buridani inter duo prata – ბურიდანის ვირი თივის ორ ზვინს შორის) – ფილოსოფიური პარადოქსი, რომელმაც სახელწოდება ფრანგი ფილოსოფოსის, ჟან ბურიდანის მიხედვით მიიღო. ამ პარადოქსით, ვირს ორ ერთნაირ თივის ბულულს შორის ვერ აურჩევია, რომელი შეჭამოს და ამის გამო შიმშილით სიკვდილი ელის.
მომზადებულია ლინდა გუდმანის „სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს“ მიხედვით.