ქალწული და ქალწული

ქალწული და ქალწული

როდესაც ბავშვი იღვიძებს, მისი ყველა კაპრიზი გონების ფსკერზე თვლემს,

ზემოთ კი მხოლოდ კეთილი გრძნობებია,

ღამის განმავლობაში კარგად განიავებული და გასუფთავებული.

ზუსტად ასე ხვდებიან ქალწულები ახალ დღეს, რომელიც კარგი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, არც ისე ცუდი. ასე რომ არ იყოს, საერთოდ, რატომ  წამოდგებოდნენ ლოგინიდან?

ქალწულები მხნედ წამოხტებიან, აუცილებლად მარჯვენა ფეხზე და სამზარეულოსკენ მიიჩქარიან ქლიავის ნაყენის დასალევად. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა იცის, რომ შინაური სამკურნალო საშუალებები წამლებზე უსაფრთხოა. ქალწულები კი საღი აზრის ნამდვილი საბადოები არიან. თუმცა ქალწულის  ქვეცნობიერის სიღრმეებში გადამალულ შავბნელ აზრებსა და შფოთებს  საღად აზროვნების მწვერვალს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ეს დაახლოებით ჭუჭყიანი თეთრეულის შენახვას ჰგავს კომოდში. ყველაფერ მიჩქმალულსა და დამწნილებულს კი ერთი საერთო თვისება აქვს _ ყველაზე მოულოდნელ და შეუფერებელ მომენტში იციან დღის სინათლეზე გადმოვარდნა. დამეთანხმეთ, რომ მართლა სისულელეა საკუთარი ეჭვების შენახვა და პრობლემებთან ლოლიავი. სამწუხაროდ, ქალწულები შინაგან პრობლემებს სახლის ყვავილებივით უვლიან და არასდროს ავიწყდებათ მათი მორწყვა ცრემლებით. ლოგიკურია, რომ ასეთ პირობებში ყველაფერი ძალიან სწრაფად იზრდება.

დაე, მკითხველმა მომიტევოს, მაგრამ  საუბრის ძირითად თემას  უნდა გადავუხვიო, რომ წმინდა ანტონს შევევედრო, მოთმინებითა და თანამგრძნობით აღსავსე შუამავალს შემოქმედსა და მოკვდავებს შორის.

„წმინდაო ანტონ, შენ არაერთხელ გადმოგიფარებია მფარველი კალთა, როდესაც საკუთარი ქარაფშუტობით (ვერძისგან სხვას რას უნდა ელოდო?) ვკარგავდი ფულს, სიმშვიდეს, მოთმინებასა და საყვარელ ადამიანებს. შენ ყოველ ჯერზე  პატარა სასწაულებს ახდენდი. ვშიშობ, ისევ უნდა შეგაწუხო. გთხოვ ,დამიფარე ქალწულების ღვარძლიანი კრიტიკისგან, რომელთაც თვალში არ მოუვათ ეს თავი.

რა კარგი იქნებოდა, ამ წიგნის ავტორი რომ ქალწული იყოს. მაგრამ  შენ მხოლოდ წარმოიდგინე, რომ ის ვერძია! დაეხმარებოდი მძიმეების, ინტერვალების თუ გვერდების დანომრვაში?  შენ ვერც დაიჯერებ, რამდენი ტომარა წერილი მივიღე ქალწულის ნიშნის ადამიანებისგან, რომლებმაც გააცამტვერეს წიგნის ავტორი და ტიპოგრაფია, ჩემს პირველ წიგნში, „მზის ნიშნებში“ , დაშვებული გრამატიკული თუ მექანიკური შეცდომების გამო. მგონი, კომპლექსი განმივითარდა.

მაპატიე, რომ უფრო მნიშვნელოვან საქმეებს მოგწყვიტე. ჰო, მართლა, უდიდესი მადლობა! როგორც იქნა, ვიპოვე ჩემი დაკარგული საფულე, სვიტერი და დაზღვევის პოლისი. მომიკითხე წმინდა ფრანცისკი.

ამინ!“

მაშ ასე, ძვირფასო მკითხველებო, მადლობას გიხდით მოთმინებისთვის და წინ წავიწიოთ. თუმცა მანამდე მინდა, რამდენიმე სიტყვა ვუთხრა ქალწულებს და მათ, ვისი მთვარეც ან ასცედენტი მეგერაშია: 100% პროცენტით დარწმუნებულმა შემიძლია გითხრათ, რომ ღმერთისთვის აბსოლუტურად სულ ერთია, როგორ ვწერთ მის სახელს. მას უნდა, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს და შემწყნარებლები ვიყოთ სხვების ცოდვებისა და მანკიერებების მიმართ. არ განსაჯოთ და არ განისჯებით. გესმით რას ვგულისხმობ, ქალწულებო? ცხადია, აზრების გადმოცემის სწორი ფორმა უკიდურესად მნიშვნელოვანია ზეპირ, წერილობით თუ ბეჭდვით საკითხებში, რადგან ასე თავიდან ავიცილებთ გაუგებრობებს, რაც ისედაც არ აკლია ჩვენი დროის ადამიანურ ურთიერთობებს. მაგრამ განა შეიძლება ამ წმინდად ტექნიკური საკითხის  მოთმინებასა და ტაქტზე მაღლა დაყენება?

მეგობარი, ბიზნეს პარტნიორი, ნათესავი თუ მიჯნური ქალწულები ხშირად ზედმეტად დიდ დროს კარგავენ სიტყვებზე, დახვეწილი ფრაზების აგებასა და მათ მონუმენტურ შეიარაღებაზე. ეს საშინელი მფლანგველობაა. სიტყვების მოწვნა-მორთვის მაგივრად, შეიძლება ფრანები გაუშვან, თოვლის ბაბუები გააკეთონ, ტბებისა და ოკეანეების სისუფთავისთვის იბრძოლონ, უპატრონო ცხოველები  გადაარჩინონ ან რაიმე უფრო პრაქტიკულით დაკავდნენ.

ძვირფასო ქალწულებო (და საპატიო სასწორებოც), ნუ შექმნით ლოგიკისგან კუმირს. ის ძალიან მზაკვარი ღვთაებაა, რომელიც აცხადებს, რომ ის, რაც არ ყოფილა, არ შეიძლება იყოს და ე.ი.  ვერასდროს იქნება. და პირიქით: ის რაც ყოველთვის იყო, ე.ი. ყოველთვის უნდა იყოს.  „ესე იგი“  სახიფათო სიგნალია გახსნილი გონებისთვის. თითქოს ვიღაცას სურს კარი გაიჯუხუნოს, ბოქლომით ჩაკეტოს და გასაღები მოისროლოს.

ბუნებრივია, არსებობენ ქალწულები, ვისი სულიერი თვალსაწიერიც არ ჩერდება წვრილმანებზე. მათ ისწავლეს მოვლენების ფართოდ გახსნილი გონებით შემეცნება, ყოფითი მღელვარებებისგან გამოთიშვა და მზერის მომავლისკენ მიპყრობა. ეს ის ქალწულები არიან, რომელთა ცნობიერებამდე  ვულკანის  მჭექარე  ხმამ მიაღწია. მართალია, ამ იდუმალებით მოცული პლანეტის ძლევამოსილმა ვიბრაციებმა შეიძლება რამდენადმე არიოს მუდამ დალაგებული ქალწული. ქალწულთა უმეტესობას დრო სჭირდება, რომ  ახალი ენერგიის გამოყენება და მისი კონტროლი ისწავლოს. თუმცა ზოგიერთმა უკვე დიდი წარმატებით აითვისა ეს ენერგია თავის სასარგებლოდ.

რადგან  ქალწულის ერთერთ საყვარელ გასართობს, სიტყვების თამაშს, მივადექით, ერთი მშრალი ტერმინიც გავიხსენოთ _ ვულკანიზაცია. ეს მოსაწყენი სიტყვა ეტიმოლოგიურად დაკავშირებულია ვულკანთან და აღნიშნავს იმ პროცესს, როდესაც კაუჩუკი, გოგირდის  და  სხვადასხვა ტემპერატურის ზემოქმედებით, ელასტიურ რეზინად გადაიქცევა. ქალწულის „ვულკანიზაციაც“ აკაჟებს მის ნებას და მეტ ელასტიურობას მატებს მის მსოფლმხედველობას.

ქალწულების ურთიერთობას, შექსპირის მიბაძვით, შეიძლება „აურზაური არაფრის გამო“ ვუწოდოთ. მაღვიძარამ არ დარეკა?  ხომ უნდა იყოს ვინმე დამნაშავე?!  (თუმცა აუცილებელი სულაც არ არის). ძვირფასი ფაიფურის ლამპა დაიმსხვრა, მნიშვნელოვანი წერილი არ გაიგზავნა, საბანკო ანგარიში ცარიელია, ავტომობილი დაიჭეჭყა, გასაღები დაიკარგა, კვირისტავები არ დაირგო, კატის კუდი ჩანს სათლიდან, ფილოდენდრონი დაჭკნა… ვის დაავიწყდა მორწყვა? ვინ გატეხა? ვინ დაკარგა? ვინ დახარჯა? ვინ დაარტყა? ვინ დაწვა ტოსტები?

ჰო, მათ ბევრი საერთო აქვთ, ხანდახან ზედმეტადაც. მაშინ რატომ არ უნდა ისიამოვნონ ამისგან? მცირეოდენი მოთმინება, ხალასი იუმორი და საქმეებიც აეწყობა, განსაკუთრებით თუ მათი მთვარეები და ასცედენტები ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს.

 

 

 

ქალწული მამაკაცი და ქალწული ქალი

Phil Laak & Jennifer Tilly

 

მისტერ დარლინგი საწოლის კიდეზე იჯდა და კითხულობდა.

მისის დარლინგი მუდარით აღსავსე მზერით შესცქეროდა.

 

 

ოჰ, როგორ ჰგავს ეს მათ! მამაკაცი თავით ეშვება უსასრულო გამოთვლებში, ქალი ვედრებით  სავსე მზერას არ აცილებს. მნიშვნელობა არ აქვს გადასახადებს ითვლის თუ ციური სხეულების მოძრაობას. აქ სხვა რამ არის მნიშვნელოვანი: მამაკაცი  ძალიან დიდხანს ვერ ამჩნევს ქალის მუდარას.

ერთ ქალწულ ასტროლოგს ვიცნობდი. ყოველ წუთს მთვარის ასპექტების გამოთვლას უთმობდა. საოცარი ჩაკირკიტება, რომელსაც არანაკლებ საოცარი ნაყოფი მოაქვს. ის ხშირად აკვირვებდა  მეგობარ ქალწულს თავისი ხელოვნებით. მათი ყველა პაემანი ასტრონომიული ცხრილების შესაბამისი გათვლებით  დგებოდა. ერთ მშვენიერ ზაფხულის ღამეს ბატონმა „კირკიტამ“  ზუსტად გამოთვალა ის წუთი, როდესაც დედა  დარეკავდა და ნაღვლის ბუშტის ტკივილებზე დაიჩივლებდა. როგორია, ჰა?  მან ასევე გამოთვალა გაზეთების დამტარებელი ბიჭის დაგვიანებაც, მთელი ექვსი წუთით. საბრალო ბიჭი მართლაც წაიქცა ველოსიპედზე ქუჩის კუთხეში, სადაც  წყალგაყვანილობის მილს ცვლიდნენ. ვერაფერი დაემალებოდა დიადი წინასწარმეტყველის თვალს! მან ერთი წუთით ადრე იცოდა, რომ მის ქალბატონს სლოკინი აიტანდა. მხოლოდ ერთი რამ ვერ გათვალა.  ერთი თვის თავზე ქალმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტა და მალე ლომს გაჰყვა ცოლად. მთელი ეს ლოგორითმები და ეფემერიდები… ვის სჭირდება?

ქალწული ქალი უაღრესად კეთილგონიერი და სპეტაკია, მაგრამ მასაც კი საყვარელი მამაკაცის შეხება სწადია. „შემომხედე რა, _ ევედრებიან მისი თვალები, _ ხელი მაინც ჩამკიდე!“  მამაკაცი კი მთელი ღამე საწოლის კიდეზე იჯდა, საიდანაც ყველაზე კარგად ჩანდა საათის ციფერბლატი…  და რა მერე? არც არაფერი!.. თუმცა როგორ არა, დროდადრო მეგობრულად უღიმოდა.

არ ღირს ქალწულ მამაკაცთან ვიზუალური კონტაქტის იმედად ყოფნა _ აი, რა უნდა გაითავისოს ქალწულმა ქალმა. სჯობს, პირდაპირ ჟესტების ენაზე გადახვიდეთ. მაგალითად, შეგიძლიათ ხელზე სასიყვარულო გზავნილები უკაკუნოთ თითის ბალიშებით ან  ლოყაზე მსუბუქი კოცნით გააოგნოთ. მაშინ, დროთა განმავლობაში, თუ მიზიდულობა ორმხრივია (და სავარაუდოდ, ორმხრივია, რადგან ასე რომ არ იყოს, ქალწული თქვენზე თავის ძვირფასს დროს არ დახარჯავდა და არც არანაკლები ძვირფასი თავისუფლებით გარისკავდა), ეს ჯიუტიც კი კაპიტულაციას გამოგიცხადებთ. ადრე თუ გვიან, ყოვლისმომცველი ვნება მის გონებასაც დააბნელებს. ადრე თუ გვიან… უფრო ადრე, ვიდრე ქალწულ ქალს პესიმისტური ქალწული მამაკაცისგან იმედი აქვს და უფრო გვიან, ვიდრე სხვა ნიშნის მამაკაცებისგან. ყველაფერი ხომ ფარდობითია.

ბუნებრივია, ყოველთვის შეიძლება სიტუაციის შებრუნება. ქალწულ ქალსაც შეუძლია ცხვირი წიგნში ჩარგოს, საათობით ქსოვას მიჰყოს ხელი და რჩეულის მუდარით სავსე მზერა მხედველობიდან გამორჩეს. მაშინ მამაკაცმა ნაზად უნდა აიღოს მისი ხელი და… თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ! ქალწულის გონება უჩვეულოდ გამომგონებლურია, როდესაც  გულთან თანამშრომლობს.

ეს მამაკაცი, უდავოდ საზრიანია. ისევე როგორც ეს ქალი. ისინი აღფრთოვანებულნი არიან ერთმანეთის გონიერებით, დიდხანს საუბრობენ, ერთად იცავენ სტერილურ სისუფთავეს, ერთმანეთს წიგნებს უკითხავენ და კროსვორდებსაც დიდი გატაცებით ხსნიან.

რაც შეეხება მათ სექსუალურ შეთავსებას, უკვე მერამდენედ უნდა გავიმეოროთ, რომ ეს დამოკიდებულია მათი მთვარეებისა და ასცედენტების ნიშნებზე. მათ ნამდვილად შეუძლიათ ერთმანეთს ასიამოვნონ. თუ სინასტრიაში მარსმა და ვენერამ ინტრიგები არ ჩახლართეს, ისინი არასდროს დაშოკავენ ერთმანეთს  უხამსობით, რისიც  ქალწულებს ცეცხლის ალივით ეშინიათ. სავარაუდოდ, მათი სიახლოვე უფრო ნაზი იქნება, ვიდრე ეროტიული ან  მხურვალე. ხელის შემშლელი ფაქტორი შეიძლება გახდეს ქალწულთა  თვისებრივი კონსერვატზმი, სიცივე  და მეწვრილმანეობა, რაც არაერთ  უაზრო დავას იწვევს. ისინი მიდრეკილნი არიან ყველაფრის ანალიზისკენ, სასიყვარულო თამაშების დეტალურად დაგეგმვისკენ. ეს კი მთელ სპონტანურ სილაღეს კლავს. ამ წყვილმა უნდა გაითავისოს, რომ ვნება არ აღიარებს გრაფიკებსა და რეგლამენტებს.

მერწყულის ერის დადგომასთან ერთად, ქალწულები გამოთავისუფლდებიან მერკურის მმართველობისგან, რომელმაც მათში მოუთმენლობისა და ცივი გაუცხოების წინააღმდეგობრივი შეთავსება ამოტვიფრა. მაშინ ისინი დინჯი და ბრძენი ვულკანის იმპულსებს იგრძნობენ. პლანეტის, რომლის გახსნაც და შესწავლაც ჯერ კიდევ წინაა. ეს კეთილისმყოფელი გავლენა დაეხმარება ქალწულებს გააცნობიერონ, რომ ფიზიკური შერწყმა არ არის ანალიზისა და კრიტიკის ობიექტი. ეს ის ძღვენია, რომელსაც მადლიერებითა და აღტაცებით იღებენ.

თუმცა უნდა აღვნიშნოთ,რომ ვულკანის უჩვეულოდ მგრძნობიარე იმპულსები ხშირად უბიძგებს ქალწულებს უგუნური განურჩევლობისკენ. მზის ამ ნიშნის სექსუალობის ასეთი პოლარული ცვლილება წინააღმდეგობაში მოდის მისთვის თვისებრივ კეთილგონიერებასა და სისპეტაკესთან.

ორი ქალწულის ურთიერთობის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, შეძლებენ თუ არა ისინი  ერთმანეთში საკუთარი ანარეკლი დაინახონ, მანკიერებები  გამოასწორონ და ღირსებებით იამაყონ. მათ მართლაც ბევრი აქვთ  საამაყო: ისინი დაჯილდოებულნი არიან ბუნებრივი თავაზიანობით, კეთილგონიერებითა და შუშხუნა იუმორით. სულიერი სისუფთავე  და სისპეტაკე რბილად ირეკლება მათ ნათელ  თვალებში. ქალწულები მოთმინებით უსმენენ, როდესაც სხვები საუბრობენ და მშვიდად მუშაობენ, როდესაც სხვები ერთობიან.

რადგან ქალწულები ცდილობენ ყველაფერს მკაფიო ფორმულირება მისცენ, მოდით, მათთვის სიყვარულის ფორმულა გამოვიყვანოთ. სიყვარული ეს ყველა მამაკაცისა და ქალის  ღრმა შინაგანი მოთხოვნის დასტურია, რომ ერთი პიროვნება სრულიად იღებდეს მეორეს ისეთს, როგორიც არის _ ყველა უცნაურობით, ახირებით,  შეცდომით, მანკიერებით, სისულელით, ცოდვითა და სხვა ხარა-ხურით. ასე რომ, შეწყვიტეთ ერთმანეთის  თვალში თითის ტაკება… კარგი, შეგიძლიათ ცოტა იბუზღუნოთ, ხანდახან ეს სასარგებლოც კი არის.

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.


About Qet Adastra

Не от мира сего…

Scroll To Top