ქირონის ასპექტები ვენერასთან

ქირონის ასპექტები ვენერასთან

ქირონის ასპექტების ზოგადი დახასიათება

ქირონი მუდმივად ცნობიერების ახალი საფეხურისკენ უბიძგებს პლანეტას. განსაკუთრებით  ქვეცნობიერის იმ ნაწილებში, რომელიც დაკავშირებულია წარსულ ცხოვრებაში გადატანილ ბრძოლებთან, რაც მიმდინარე ცხოვრებაში ჩვენს რეაქციებს განაპირობებს, პლანეტის მართულ სფეროებში. მაგალითად, ინდივიდი, ვენერა-ქირონის კვადრატით რადიქსში, მიდრეკილი იქნება სასიყვარულო ურთიერთობაში ჩაერთოს ისეთ ადამიანთან, ვინც რომელიმე წარსულ ცხოვრებაში ძლიერი ტრავმა მიაყენა.

ქირონი სატურნის ორბიტის მიღმა მდებარეობს. სატურნის, რომელიც დროს და რეალობას მართავს. ეს ის ადგილია, სადაც „აქ და ახლა“ სინქრონიზაციას საჭიროებს. ამის უნარს კი ჩვენი გამოცდილებით ვიღებთ, გავარჩიოთ ხილული და უხილავი განზომილებები,  ფოკუსის მარტივი გადართვით, რაც ცნობიერების ახალ დონემდე მიღწევაში დაგვეხმარება. მაგალითად, ეს ადამიანის ფსიქიკის ის ნაწილია, რომელიც  ახალგაცნობილ ადამიანთან „სულიერი ნათესაობის“ განცდას გაძლევთ. ასე რომ, ქირონთან ასპექტით დაკავშირებული პლანეტა უმაღლეს ცნობიერებაზე განეწყობა და  ადამიანის სული მარტივად უკავშირდება უნივერსალურ გონებას, სადაც დრო აღარ არსებობს.

ქირონთან ასპექტით დაკავშირებული პლანეტა თავიდან ძლიერ რყევებს განიცდის, რადგან ის იძულებულია მიიღოს ენერგია, რომელიც უნდა გამოსცადოს და რაშიც უნდა დაოსტატდეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქირონი  სატურნისა და ურანის ორბიტებს შორის მდებარეობს. ამიტომ, მისი როლი დესტაბილიზაციის შემოტანაა _ ურანის ქაოტური ენერგიის გადაცემა სატურნის მყარად კრისტალიზებულ ფორმებში.

ქირონთან ასპექტები ძალზედ  შეუმჩნეველია, რადგან ის სწორედ ასეთი ფაქიზი ვიბრაციებისკენ გვიბიძგებს. მაგრამ, იმავდროულად, სკალპელივით ნატიფი და ბასრი ქირონით შეგვიძლია „გავკვეთოთ“ ცნობიერების დონეები.  ქირონის გამოყენებით შესაძლებელი ხდება სხვა განზომილებების შეგრძნება. ქირონის ნათალური ასპექტი ახალი ყლორტის აღმოცენებას წააგავს, რომელიც უზარმაზარი ენერგიით იკვებება  ფესვთა სისტემიდან და რამდენადაც მივცემთ საკუთარ თავს ქირონული ენერგიით ავსების საშუალებას, იმდენად ახალგაზრდულ სულს და დიდ იმედებს შთაბერავს ჩვენს  სისტემას.

მენტალური რეზონაცია ასევე ძალიან ძლიერია. ქირონის ასპექტები  ცნობიერების ფართო ველის გასაღებია, რომელიც ჩვენს დროში ჯერ კიდევ  არ არის კარგად შესწავლილი.

საშუალო ადამიანის რუკაში, სანამ ადამიანი ჰოლისტიკურ ან სამკურნალო ხელოვნებაში გაერკვევა, ქირონი „ღრმა ბავშვობის პრობლემების“ სახით ვლინდება, რომელიც ზრდასრულ ადამიანზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად აისახება. ქირონი ერთგვარი „ბრმა წერტილია“, წყლული, რომელსაც ადამიანი, პირდაპირი მითითების შემთხვევაში, უარყოფს ან ვერ ხედავს, ამიტომ მასთან ტაქტი უნდა გამოიჩინოთ და თანაგრძნობით  მიუდგეთ. ქირონი ყველაზე ღრმა ჭრილობას ასახავს. ის მიგვითითებს ჩვენი ცხოვრების თუ ფსიქიკის იმ ნაწილებზე, სადაც თავდაჯერების და თუნდაც საკუთარი თავისადმი პატივისცემის უკმარისობას განვიცდით და ამის გამო, მიდრეკილნი ვართ ჰიპერკომპენსაციისკენ. ჩვენ ვცდილობთ გავცეთ და გავცეთ და გავცეთ  იქამდე, სანამ თავდაჯერებას არ ვიგრძნობთ. ამრიგად, ქირონი წარმოადგენს ჩვენს დაუცველობას, დანაშაულის გრძნობას და გარკვეულწილად პირმოთნეობას. ჩვენ დაუსრულებლად განვიცდით საჭიროებას განვიმტკიცოთ საკუთარი პოზიციები ცხოვრების იმ სფეროში, რომელთანაც დაკავშირებულია ქირონი.

განვითარებული ქირონი „შენიღბული წყალობაა“, ბედნიერება უბედურებისგან. მაგალითად, ადამიანმა შეიძლება დაკარგოს სამსახური, მაგრამ მოგვიანებით უკეთეს სამსახურში მოხვდეს ან სულაც საკუთარ ბიზნესი წამოიწყოს და ის „უბედურება“, რომელიც სამსახურის დაკარგვის გამო გადაიტანა, მის სასარგებლოდ შემოტრიალდება. ან დაკარგოს ისეთი პარტნიორი, რომელიც ამცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა, ზუსტად რამდენიმე დღით ადრე,  ახალ კანდიდატთან შეხვედრამდე, რომელიც მანამდე თავად უარყო.

განკურნების უნარი: რაც უფრო ძლიერი პოზიცია აქვს ქირონს ასპექტურად, მით უფრო ძლიერია მისი განკურნების ნიჭი. ამ უნარის უტყუარი ინდიკატორია ქირონის მდებარეობა კუთხოვანი სახლების კუსპიდთან, განსაკუთრებით ასცენდენტთან (I სახლის კუსპიდი) ან ზენიტთან (X სახლის კუსპიდი)

ვენერა-ქირონის ასპექტების ზოგადი დახასიათება

ვენერისა და ქირონის ასპექტები ძირითადად გრძნობით სფეროზე მოქმედებს. ზოგჯერ ეს ხასიათის გამოვლინებაშიც ჩანს. დამახასიათებელია: სიყვარულში და პირად ცხოვრებაში ჰარმონია, სიცოცხლის ნებისმიერ ფორმაში სილამაზის დანახვა, საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობის ადვილად დამყარება. სიყვარულის გამოვლინების შემდგომ ეტაპზე პარტნიორისა და საკუთარი თავის გადაყვანა შეუძლიათ, რომლის დროსაც მთავარი სექსუალური მადა და მიზიდულობა კი არაა, არამედ – კოსმიურ-სულიერი სიყვარული. ასპექტიდან გამომდინარე ახასიათებთ ან კეთილშობილება ან ყოყოჩობა (მატერიალური რესურსებით, შესაძლებლობებით, სიამაყის დემონსტრირებით თავი მოაქვს). ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს ადამიანი გაჩნდა, რათა საკუთარ თავსა და ღირებულებათა სისტემაზე მოეყოლა. სილამაზისა და ჰარმონიის განსაკუთრებული ხედვა აქვს. ადამიანთა ღირსებასა და ღირებულებას აფასებს, ნაკლებადაა კონფლიქტებისკენ მიდრეკილი.

ვენერას და ქირონის შეერთება

Barry Gibb “Bee Gees” ♀☌⚷_♎

ეს ადამიანი მიდრეკილია ყველას გაუზიაროს სითბო და სიყვარული, ვისაც კი ამისი საჭიროება აქვს. შესაძლოა თავად შეექმნას პრობლემები, რადგან სხვებს სიყვარულს აძლევს, სანაცვლოდ არაფერს ითხოვს და დაუცველი რჩება. ამ ასპექტის მქონე ადამიანებს ახასიათებთ ჭეშმარიტი ღირებულებების, ნამდვილი სილამაზის ძიება.

ამ სულგრძელი და მოწყალე ბუნების ადამიანებს სამკურნალო ეფექტი აქვთ მათზე, ვისთანაც კონტაქტში შედიან. ისინი არ ცნობენ დროისა და მკურნალობის სტანდარტულ კონცეფციებს. ისინი შორს არიან დოგმებისა და ტრადიციებისგან. შეიძლება ითქვას, ისინი სულიერი მაწანწალები არიან. სულიერი სიბრძნე მათთვის უმაღლესი ფასეულობაა და ბრწყინვალე უნარი აქვთ, ხელოვნების მეშვეობით, შემოქმედებითად გადმოსცენ საკუთარი რწმენა და შეხედულებები. მათ თანდაყოლილი შინაგანი გაგების უნარი აქვთ სხეულისა და გონების ერთობის. საკუთარი სამკურნალო პრაქტიკის განმავლობაში იმასაც ახერხებენ, გასაღები მოძებნონ და სხვებს გაუზიარონ.

ხშირად ღრმა სევდას განიცდიან პირად ურთიერთობებში, რადგან ვერ იღებენ საკმარის სიყვარულს ან სიახლოვეს. რამდენადაც უაღრესად თანამგრძნობი ხალხია, ურთიერთობაში უმეტესად მკურნალის როლი აქვთ. ისინი ცდილობენ გადაარჩინონ მიჯნური თავიანთი სიყვარულის მეშვეობით. მკვეთრად გამოხატული ემპათიური და მზრუნველი ენერგიის გამო, ხშირად იზიდავენ გაჭირვებულ, დეპრესიულ თუ გულნატკენ ადამიანებს. ამიტომ, უნდა ერიდონ მომწამვლელ ურთიერთობებში ჩაბმის ტენდენციას. ფრთხილად იყვნენ ისეთ ადამიანებთან, ვინც მათში მხსნელს ხედავს. ასევე თავი აარიდონ „წამებულის კომპლექსს”.

მათ ხშირად უჭირთ საკუთარი ფემინური ენერგიის მართვა, რისი მიზეზიც შეიძლება ადრეულ ასაკში მიღებული მტკივნეული გამოცდილება იყოს, ინური ენერგიის გამოვლენისას. ქალები და მათთან ურთიერთობა ტკივილის წყაროა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ კავშირში უსაფრთხოებას ეძებენ.

 

ვენერას სექსტილი ქირონთან

ამ ადამიანებს სხვებისადმი ძლიერი სიყვარულის გამოხატვა ახასიათებთ. როგორც წესი, საკმაოდ ნიჭიერები არიან. უარყოფითი კუთხით: რომანტიული მხარის გამოვლენა უჭირთ. საკუთარ შესაძლებლობებზე, მშვენიერებაზე, მგრძნობელობაზე ხაზგასმა ახასიათებთ. ხშირად მიმზიდველ ან ეფექტურ პოზას იყენებენ. ეს ასპექტი ხშირად მოდელებისა და ფოტომოდელების რუკაში გვხვდება, რომლებიც გარეგნულ მხარეს დიდ ყურადღებას აქცევენ. ასევე PR-მეჯერების, დიზაინერებისა და იმიჯის შემქნელების ასპექტია (განსაკუთრებით თუ ამავე დროს სატურნი-ვენერის ტრინი აქვთ). თუ სატურნის ნაცვლად პროზერპინაა – რესტავრატორი.

 

ვენერას ტრინი ქირონთან

შემოქმედებისა და ნიჭიერების ასპექტი. შესაძლოა სცენის ნიჭიც ჰქონდეს. თუ ეს ადამიანი დაბრკოლებებს აწყდება, ჩერდება და მათ ანალიზს იწყებს. ხელახლა ჩერდება და მეორედ აანალიზებს. ნაბიჯს მხოლოდ ამის შემდეგ დგამს. თუ რუკაში ქირონი ვენერას შემდგომ მოდის – ადამიანს ძლიერი მიდრეკილება აქვს ხელოვნების რომელიმე სფეროსკენ ან ბავშვების აღზრდის, მფარველობის სურვილი გააჩნია. თუ ვენერა ქირონზე წინა ნიშანში დგას – ადამიანს უფრო მეტად ეთიკის, კანონების, ღირებულებების სფეროები აინტერესებს და უამრავი კითხვა აქვს. უარყოფითი კუთხით გამოიხატება სიზარმაცესა და მოდუნებაში. ამ ადამიანს ადვილად გამოსდის მოდუნება, რაც მედიტაციისთვის გამოდგება. მას კარგი და რბილი ფორმები აქვს. შარმიანია და სასიამოვნო ხმა აქვს. როგორც წესი, სხვა ადამიანების სიმპათიის მოპოვებას ადვილად ახერხებს. მუდმივად სასიამოვნო ადამიანთა გარემოცვაშია. ეს ასპექტი ერთგულების უნარით აჯილდოვებს. თუ ვენერა ლომშია, მაშინ ეს ადამიანი „გაბრწყინებულ ლომს“ წარმოადგენს, რომელიც ხიბლით, დიდსულოვნებითა და დიდებული მანერებით გამოირჩევა. თუ მორიელშია – დახვეწილობა სიყვარულსა და სექსში. ჯერ კიდევ ბავშვობაში ახერხებენ საკუთარი სხეულის შესწავლას.

 


ვენერას კვადრატი ქირონთან

ეს ასპექტი განსაკუთრებით მამაკაცებზე აისახება. შესაძლოა ან ზედმეტად მამაკაცური ან ქალური სახის, ფორმების, ქცევის დემონსტრირება მოხდეს. საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვთ ხელოვნების სფეროებში, აქ ახალ გზებსა და მიმართულებებს აყალიბებენ. ღირებულებათა საკუთარი, განსხვავებული სისტემა გააჩნიათ. მათი უმეტესობა საკუთარი გზით მიდის საზოგადოებაში ან ამ უკანასკნელს ერიყება. ამ ასპექტის მქონე ადამიანი ექსტრემალურ შემთხვევებშიც (განადგურება, დაზიანება, გაფართოება)  სილამაზეს ხედავს. შესაძლოა მსგავსი ხედვა ხელოვნების ნებისმიერ სფეროში გამოიყენოს როგორც განსხვავებული მიმდინარეობა. მაგ: მუსიკაში (მძიმე მეტალის უფრო რბილი შესრულება). ამის ნათელ მაგალითს ჯგუფი „მეტალიკა“ წარმოადგენს.

 

ვენერას ოპოზიცია ქირონთან

გრძნობა და ცნობიერება განსხვავებულ პოლუსებზეა, ამ ასპექტის მქონე ადამიანს საკუტარი გრძნობების გაგება უჭირს. არ შეუძლია და/ან არ მოსწონს სიხარულის გამომჟღავნება. უმეტესად მშვიდად გამოიყურება ან სახეზე შეყინული მორჩილება და ნაღველი ახატია, დამშვიდებით კი ამბობს – „გმადობ, ღმერთო, იმისთვის რაც მიბოძე, მეტი არაფერი მინდა“. ამ ოპოზიციის თანმდევია მელანქოლიური და პესიმისტური განწყობა. სახეზე ხშირად სწორედ ეს ორი განწყობა აწერიათ. საყვარელი ფრაზა  კი დიდი ალბათობაა იყოს „ჩვენ ყველანი ადრე თუ გვიან მოვკვდებით. უკეთესია ეს ადრე მოხდეს, რათა არ ვიტანჯოთ“. შესაძლოა ორგანიზმის გართულებული პროცესები (ქრონიკული დაავადებები, დაქვეითებული იმუნური სისტემა, გამოჯანმრთელების ნელი პროცესები) ჰქონდეს. ამ ასპექტის მქონე ადამიანთა სამი ტიპი არსებობს: ა) სამართლიანობისთვის იბრვიან და ღირებულებებით ფრთხილად მანიპულირებენ. უსამართლობას რთულად იტანენ. ბ) ცვლილებებს ეძებენ. გარშემომყოფებსა (განსაკუთრებით ქალებზე) და სიტუაციებზე კონტროლი და დემონსტრირება ახასიათებთ. ქცევის უნიკალური სტილი და მსახიობური მონაცემები გააჩნიათ. სტაბილური ურთიერთობების დამყარებას რთულად ახერხებენ და  გ) ადამიანს შეუძლია სხვებს უანგაროდ დაეხმაროს (უკანასკნელ სამოსსაც გაიხდიან და მისცემენ).

 

ავესალომ პადვოდნი

ვენერას შეერთება:

საზოგადოებისთვის სარგებლის მინიჭება, მხოლოდ  მისგან წინასწარ გამიჯვნით შეიძლება

ვენერასთან შეერთება პლანეტას ძლიერ სოციალურ და ესთეტურ აქცენტებს ანიჭებს. დაბალ დონეზე, პლანეტისგან მართულ სფეროებში, ადამიანი ესთეტურად ახირებული და სოციალურად დეტერმინირებული იქნება. მაშასადამე, საზოგადოებრივი აზრი და „სხვები ასე იქცევიან“ პრინციპი მისთვის გადამწყვეტი ფაქტორები აღმოჩნდება. ამიტომ, ლოგიკურია, რომ პლანეტას ძალიან გაუჭირდება სოციალური კლიშეებისგან განთავისუფლება, რაც მას სასაცილო დოგმატიზმისა უბიძგებს, როდესაც ადამიანი სოციალური შტამპებით სარგებლობას ცდილობს ამისთვის აბსოლუტურად შესაბამო სიტუაციებში, სადაც ვლინდება კიდეც აბსოლუტის შემოქმედების ხელწერა.

ვენერასთან შეერთების კიდევ ერთი თვისებრივი გამოვლენა აქცენტირებული სიყვარულია, თუმცა არა აუცილებლად ეროტიული სიყვარული. ასპექტის დამუშავება ღვთაებრივ სინათლეს მოჰფენს პლანეტის ყოველგვარ გამოვლინებას. დაბალ დონეზე, ადამიანი პლანეტის გამოვლენას ვერ აღიქვამს, თუ მას სიყვარულის ან სოციალური ყურადღების მოზრდილი ულუფაც არ ახლავს თან, თუმცა კარმულად ის ვალდეულია არა იმდენად მიიღოს, არამედ გასცეს სიყვარული შესაბამის სფეროებში.

მაგალითად, ბავშვს, ვენერა-სატურნის შეერთებით რადიქსში, სისტემატურ მეცადინეობას მხოლოდ დაყვავებით და მოფერებით უბიძგებთ, მაგრამ არასდროს იძულებით და მუქარით. ასეთ შემთხვევაში, ის კუთხეში მიიყუჟება და შეიძლება ატირდეს კიდეც.

დაბალ დონეზე, ვენერა ადუნებს პლანეტას, რაც იმით გამოიხატება, რომ, პლანეტის შესაბამის სფეროებში, ადამიანს სოციალურ პარაზიტად და დახვეწილ ეგოისტად აქცევს. სამაგიეროდ, დამუშავების შემთხვევაში, ეგოიზმი გზას დაუთმობს ადამიანებისთვის მსახურების მოთხოვნას. მაგალითად, ვენერა-მთვარის დაუმუშავებელი შეერთება ღორმუცელა გურმანს მოგვცემს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი კუჭი ადარდებს, მაგრამ ამ ასპექტის დამუშავებით, შეიძლება მივიღოთ ბრწყინვალე კულინარი, რომელიც კერძს იმდენად ლამაზად აფორმებს, თითქოს მხატვრული გამოფენაზე გაჰქონდეს; იგივე ეხება მის სექსუალურ ცხოვრებასაც.

 

ქირონის შეერთება: სჯობს  ღმერთს  ანგარებით ემსახურო, ვიდრე ეშმაკს უანგაროდ

ქირონთან შეერთება პლანეტას განსაკუთრებულ იუმორის გრძნობას ანიჭებს, რომელსაც თავიდან გარშემომყოფები უფრო აფასებენ, ვიდრე თავად ინდივიდი, რომელიც ხუმრობების მთავარი გმირი ხდება. ეს ასპექტი ბადებს პლანეტის პრინციპების არატრადიციული მეთოდებით  დამუშავების კარმულ აუცილებლობას, რისი სტიმულიც გაურკვეველი და ქაოტური სიტუაციების ჩიხური განვითარება ხდება, სადაც, მართალია, შინაგანი აზრი იგრძნობა, მაგრამ ძალიან რთული გასაგებია, თუ ადამიანი მისთვის ჩვეულ  პოზიციებზე რჩება. მაგალითად, ქირონისა და მთვარის შეერთება უცნაურ ან თუნდაც ჩვეულებრივ დაავადებებს იძლევა, რომლის მკურნალობაც ტრადიციულ მეთოდებს არ ექვემდებარება.   დაავადება, პირდაპირი მნიშვნელობით, გააწამებს ადამიანს, სანამ ის მკურნალობის უჩვეულო მეთოდებს არ მიმართავს, რასაც ტრადიციული მედიცინა შარლატანობას უწოდებს, ყოველ შემთხვევაში, ეჭვქვეშ მაინც აყენებს.

სამაგიეროდ, ქირონთან ჰარმონიული შეერთება პრობლემის ძალიან სწრაფ, თითქმის სასწაულებრივ მოგვარების საშულებას იძლევა. როგორც წესი, ადამიანს მხოლოდ ახლებური, თავიდან ნახევრად სასწაულებრივი შეხედულებების, მეთოდების და ილეთების სერიოზული ათვისება და მატერიალიზაცია ევალება. იმავდროულად, აუცილებელია შინაგანი მუშაობა ქვეცნობიერის იმ პროგრამებთან, რომელსაც პლანეტა მართავს. მაგალითად, ქირონი-პლუტონის შეერთების დამუშავება გულისხმობს საკუთარი შეხედულებების გადახედვას ბედისწერაზე, პირადი და მსოფლიო კარმების ურთიერთკავშირზე (პიროვნების როლი ისტორიაში),  სულიერ განწმენდაზე, მონანიებაზე და ა.შ.

ქირონთან შეერთების დამუშავება, პლანეტის მართულ სფეროებში, უჩვეულო შემოქმედებით უნარებს, მეთოდებსა და ილეთებს იძლევა, რასაც, მართალია, თანამედროვეებში სასწაულის ეფექტი აქვს, მაგრამ მომდევნო თაობებისთვის მაინც „მეცნიერული“ და „რაციონალური“ გახდება.

ქირონის ძირითადი მეთოდური პრინციპი ჟღერს ასე „გაიგო_ნიშნავს მიეჩვიო“, თუმცა ქირონთან შეერთების დამუშავება არა პლანეტის პრინციპების ხარისხობრივად ახალი მეთოდების განვითარებას, არამედ ცნობიერების გაფართოებას გულისხმობს.

ძირითადად გამოყენებულია vgoroskope.ru -სა და ა. და ი. შმიდტების მასალ.

 

 


About Kate

Scroll To Top