მთელი უბედურება ის იყო, რომ მათ არ ესმოდათ ერთმანეთის ენა.
კირჩხიბი, რომელმაც თავისი ცხოვრება ვერძს დაუკავშირა, მალე შეიძლება ნერვიული და გაღიზიანებული გახდეს, რადგან ვერძი ნაზ და ცვალებად კიბორჩხალას მარსის უზომო ენთუზიაზმით სწრაფად ფიტავს, როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. სწორხაზოვან და რამდენადმე უგუნურ ვერძს შეიძლება მოეჩვენოს, რომ კირჩხიბი ფარულად არ ამართლებს მის იმპულსურ ქცევებსა და უცაბედ გადაწყვეტილებებს. “რა უნდათ ამ კირჩხიბებს ჩემგან? -უკვირს ვერძს, -მაინცდამაინც არასრულფასოვნების კომპლექსი უნდა განვივითარო, რომ ვასიამოვნო?“ არ არის აუცილებელი. თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ, კირჩხიბები თავს მართლაც უკეთ იგრძნობდნენ, მარსის იმპულსური რითმი ოდნავ მაინც რომ შენელებულიყო. მაგრამ ვერც ეს შეამცირებს კირჩხიბის სერიოზულ შიშებს. ვერძი არასოდეს აჰყვება მას ერთ ხმაში: “არავის ვუყვარვარ. ვერავინ ვერ მიტანს“. სხვა რომ არაფერი, ორი ასეთი წუწუნა ერთი წყვილისთვის მეტისმეტია.
ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რა გულმხურვალედ ეძებენ ორივე სქესის და ყველა ასაკის ვერძები კეთილგანწყობას და გამართლებას. ამ ცოტაში კირჩხიბებიც შედიან, რომელებიც თავადაც ზემტკივნეულად რეაგირებენ წყენასა და კრიტიკაზე. დაჯილდოებულნი არიან რა ზეშემეცნებითი ნატურით, მათ კარგად ესმით, რომ ვერძი ყოველთვის ისეთი არ არის, როგორიც ჩანს. ამის წყალობით, მათ შორის შეიძლება სასიამოვნო და მტკიცე ურთიერთობები ჩამოყალიბდეს. თუმცა რადგან აქ 10-4 მოდელის ენერგია ვიბრირებს, ასეთ კავშირებს უფრო ნათესაურ და საქმიან ურთიერთობებში ვაწყდებით, ვიდრე რომანტიულ ისტორიებში. ბუნებრივია, ეს არ გულისხმობს, რომ მათ შორის საქორწინო და სასიყვარულო ურთიერთობები გამორიცხულია, უბრალოდ ვერძი-კირჩხიბის გუნდი უფრო ოჯახურ და საქმიან სიტუაციებში გვხვდება. ისინიც კი, ვის შორისაც რომანტიული ურთიერთობები წარმოიქმნება, უმეტესად სამსახურებრივ გარემოში ეცნობიან ერთმანეთს და მათი ურთიერთობა კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ფინანსურ და ემოციურ მხარეებზე.
ვერძს უყვარს გამარჯვება, მისთვის აუცილებელია წამყვანის როლით ტკბობა. კირჩხიბსაც არაფერი აქვს გამარჯვებების ან მეთაურობის საწინააღმდეგო. ორივე კარდინალური ჯვრის ნიშანია. აი, აქ წარმოიქმნება სერიოზული პრობლემა, როდესაც ორი ლიდერია, რომელი უნდა წავიდეს წინ და რომელი გაჰყვეს უკან? განსაკუთრებით როდესაც არც ერთს არ სურს დათმობა. მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, მთავარია სურვილი და გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. შეუძლიათ სულაც გვერდიგვერდ იარონ და არც ერთი იქნება არც პირველი და არც ბოლო. კირჩხიბი ვერძზე მარტივად მიდის კომპრომისზე, ამიტომ უფრო ხშირად ის სთავაზობს შერიგებას. ვერძსაც შეუძლია ასე მოქცევა, მაგრამ მან ყურადღებით უნდა აკონტროლოს საკუთარი თავი, რადგან საკმარისია ერთი არასწორი სიტყვა ან ინტონაცია და კირჩხიბისგან რისხვის შემოტევები ან მლაშე ცრემლები იფეთქებს.
მაშ ასე, ვიმედოვნოთ, რომ ორივე გვერდიგვერდ გაემართა დიდების კვარცხლბეკისკენ. ჯერ სრული სიმშვიდე სუფევს, მაგრამ… კიბო ზიგზაგებით მიბობღავს, ვერძი-პირდაპირ მიხტის. კირჩხიბი დიდხანს ფიქრობს, შენიღბულად და ფრთხილად მოქმედებს. ვერძი არ ხარჯავს დროს წინასწარ ანალიზზე, არასოდეს ეშმაკობს, ასე რომ მის სიფრთხილეზე ლაპარაკიც ზედმეტია. ვერძისთვის ცხოვრება ერთი უზარმაზარი ცვალებადი მდგომარეობაა, ის მზადაა შუბლით გაანგრიოს წინააღმდეგობები, იმ შემთხვევაშიც თუ მათ საპოვნელად გზიდან გადახვევა მოუწია. თუ აქაც ვერ მიაგნო, მაშინ თვითონ წარმოშობს.. აბა, ვის სჭირდება შეჯიბრი დაბრკოლებების გარეშე?
სინამდვილეში ვერძს მაგნიტივით იზიდავს წინააღმდეგობები. როდესაც მას მუდმივად ეთანხმებიან, სწრაფად ბეზრდება და აღიზიანებს. როდესაც „საწინააღმდეგო მხარე“ უარს ამბობს შებრძოლებაზე და შეკამათებაზე, ვერძს ეს ან აშინებს ან აცოფებს. მას არ აინტერესებს სიმშვიდე და სიწყნარე. ვერძი ენერგიით უკუქმედებისგან იმუხტება. საკმარისია კონფლიქტის უმცირესი სიმპტომები გაჩნდეს და ვერძიც დაუყოვნებლივ იქ ჩნდება, თამამად აცხადებს და იღებს გამოწვევას, მოსალოდნელი გამარჯვების მოლოდინში. ეს ყველაფერი კარგია, თუ ის დროდადრო ამუხრუჭებს და ამჩნევს, რომ მის გარდა სხვა ადამიანებიც არსებობენ, რომელთაც ასევე აქვთ გრძნობები. ისე არ გაიგოთ, თითქოს ვერძს ვინმეს წყენა უნდა, უბრალოდ ის იმდენად მიილტვის თავისი მიზნისკენ, ხშირად წინდაუხედავი და დაუფიქრებელია. ტიპური ვერძი არასოდეს არავის ატკენს გულს განზრახ. და მიუხედავად ამისა,ის ხშირად აყენებს ტკივილს სხვა ადამიანებს,განსაკუთრებით ზემგრძნობიარე კირჩხიბს.
ამრიგად, მათი ურთიერთობის ერთერთი ურთულესი მომენტი ორივეს მოწყველადობაა. ხანდახან ვერძები ვერც კი ამჩნევენ თავის ამ სისუსტეს, რადგან თავს ძლიერ პიროვნებებად თვლიან, ამიტომ თუ ვინმემ აწყენინა, ან ვერ შეამჩნევს ან საშინლად განრისხდება და აქტიურ თავდაცვით რეჟიმზე გადავა. კირჩხიბი გულმოდგინედ მალავს თავის მგრძნობიარობას წყენის მიმართ და ამიტომ, როდესაც მას ტკენენ გულს, თავის ჯავშანში იმალება და ჩუმად იტანჯება, საშინლად გაღიზიანებულიც ხდება. თუ ჭრილობა საკმარისად ღრმაა, შეიძლება იტიროს კიდეც.
მოდით, ცოტა ხნით ასტროლოგიურ სიმბოლიზმს დავუბრუნდეთ და წარმოვიდგინოთ როგორ უბაკუნებს გაცეცეხლებული ცხვარი ჩლიქებს განაწყენებული კიბორჩახალას ჯავშანს, რომელიც ნერვიული ციებ-ცხელებით სულ უფრო ღრმად ეფლობა პლაჟის ქვიშაში. პლაჟზე? რა უნდა ვაცს პლაჟზე, უკიდეგანო ოკეანესთან? ეს მისი სტიქია არ არის. კირჩხიბიც ასევე დაიბნნევა მთის ჭიუხებში, სადაც ყოჩი მშვენივრად გრძნობს თავს. აუცილებელია სინატრიულ ჰოროსკოპში კონიუქციები ან ტრინები აღმოჩნდეს, რომ ამ ორ რადიკალურად განსხვავებულ ასტროლოგიურ ქმნილებას, ორივესთვის მისაღები ემოციური ნიადაგი შეექმნას. მაშინაც კი, თუ ისინი ისწავლიან მეტი მოთმინებით მოეკიდონ და დაეხმარონ ერთმაენთს, მათ შორის განსხვავება მაინც არ დაიმალება.
ეს მართალია, რომ კირჩხიბები სადღაც საკუჭნაოში იმალებიან, როდესაც მათ გრძნობებს ვინმე ცუდად ეხება, მაგრამ ჩვეულებრივ, ისინი წყნარები და დაფიქრებულები არიან (იმ მომენტების გამოკლებით, როდესაც თავისი ხუმრობებით გახარხარებენ). თუმცა ვერძი შეცდება თუ იფიქრებს, რომ კირჩხიბს უღრუბლო და მორჩილი ხასიათი აქვს და წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია. თუ ვერძს კირჩხიბი შიშისგან აცახცახებული ჟელატინის მასა ჰგონია, კარგი იქნება ჯავშნის არსებობა გაიხსენოს. მასზე ფეხების ბაკუნი არ არის რეკომენდებული. როდესაც საფრთხე წარმოიქმნება, ვერძი დაუყოვნებლივ ღია შეტევაზე გადადის; კირჩხიბი ცდილობს გაარკვიოს, რაშია საქმე, გამოიმუშავებს ფარულ სტრატეგიას და მხოლოდ შემდეგ დაუჯერებელი შეუპოვრობით გადადის მოქმედებებზე. არასოდეს უგულვებელჰყოთ კირჩხიბის თქვენს ცხვირზე, ყურზე, შეხედულებასა და აზრზე ჩაბღაუჭების თვისება, იქამდე სანამ თავისას არ გაიტანს!
ვერძს და კირჩხიბს განსხვავებული მოტივაციები, განსხვავებული მიდგომები და განსხვავებული მიზნები აქვთ. მაგრამ თუ ორივე მათგანი თავის ღირსებებს გაუზიარეს მეწყვილეს, ორივეს ცხოვრება მეტად მდიდარი გახდება. ეს ცეცხლის და წყლის ელემენტების ურთიერთობაა, ამიტომ ორივე ქვეცნობიერად გრძნობს, რომ მეორეს მისი განადგურება შეუძლია. ვერძის ზედმეტმა ცეცხლმა შეიძლება კირჩხიბის ნაზი გრძნობები ააორთქლოს. კირჩხიბის ზედმეტმა წყალმა შეიძლება ვერძის იმედები ჩააქროს. ასტროლოგიაში ცეცხლის სტიქია ოპტიმიზმს წარმოადგენს, წყალი-პესიმიზმს. ეს ორი ელემენტი შეუთავსებელია, მაგრამ თუ პესიმიზმს სიფრთხილეს ვუწოდებთ, იმას მივიღებთ, რაც ასე აკლია ვერძს და თუ ოპტიმიზმს-რწმენას, იმას, რასაც ასე საჭიროებს კირჩხიბი.
ვერძი მამაკაცი და კირჩიხიბი ქალი
ეს პატარა ბიჭი იყო. ის ზრდასრული ქალი.
მაგრამ მან ვერაფერი შეამჩნია,
რადგან საკუთარი თავით იყო გართული.
-გამარჯობა ვენდი!
-გამარჯობა პიტერ! -უპასუხა მან და მოიკუნტა,
რომ რაც შეიძლება პატარა გამოჩენილიყო.
ქალი კირჩხიბი თავიდან ძლიერ იზიდავს მამაკაც ვერძს, რადგან საოცრად უმწეოდ და ქალურად გამოიყურება (მე ვთქვი, უმწეოდ გამოიყურება-თქო! ამას მოგვიანებით მივუბრუნდებით. მის მომხიბვლელობასა და ქალურობაზე, ცხადია, არავინ დავობს), თითქოს იმისთვის შეიქმნა, ვერძის ძლიერ მხარს დააყრდნოს თავი და აქვითინდეს.
როდესაც მთვარეული ქმნილება მას თავის ყურადღებას ჩუქნის, ვერძი სულ უფრო რწმუნდება იმაში, რასაც დიდი ხანია ეჭვობდა: მის წინაშე ყველა ქალი უძლურია! კირჩხიბი მას უმზადებს, ელოლიავება, მის ხუმრობებზე იცინის, ხანდახან თვითონაც ახერხებს სასაცილო ხუმრობები როგორღაც ჩააკვეხოს ვერძის მონოლოგებში და საერთოდ, მის ცხოვრებას ტკბილ სიმღერად აქცევს. მაგრამ ეს მელოდია, რომელიც ვერძს ესმის, შეიძლება ნელ ტემპში მზარდი შეგრძნების პრელუდია აღმოჩნდეს, რომ მას ახრჩობენ. როგორც თქვენ კარგად იცით, თუ ოდნავ მაინც ერკვევით ასტროლოგიაში, ვერძი ვერ იტანს როდესაც მას გუდავენ-ზედმეტად თბილი და ტკბილი იდეალებით, ძალაუფლებით, შეზღუდვებით, სიყვარულითაც კი. მზრუნველი ყურადღება კი კარგია, მაგრამ ვერძი მამაკაცი მყისიერად ფრთხება თუ გრძნობს, რომ მის თავისუფლებას ხელყოფენ. არავის შეუძლია ისე შეუმჩნევლად და უმტკივნეულოდ ხელჰყოს კაცის თავისუფლება, როგორც კირჩხიბს. თუ ის კარგად დახელოვნებულია ამ საკითხში, ვერძმა მთვარის ასულის თვითმფრინავი-ხალიჩით რომანტიული მოგზაურობა შეიძლება ამაღელვებელ განცდებადაც ჩათვალოს, (იცით რა არის, კირჩხიბში დიასახლისის ოსტატობაში ღრმად ჩაფლული ხეტიალის დაუოკებელი სურვილი ცხოვრობს). მაგრამ თუ ის ზედმეტად მიეტმასნა ვერძს, ის ხალიჩიდან გადახტება, აუცილებლობის შემთხვევაში, პარაშუტის გარეშეც.
აი, რაც შეეხება უმწეოდ რომ გამოიყურება, იმას, ადრე თუ გვიან ვერძი მიხვდება, რომ ეს სრული ილუზიაა. შეიძლება იმ დღეს, როდესაც კირჩხიბი თავის ბანკს დაარეგისტრირებს, ან საერთო მეგობრების სახლის გარემონტებას მიჰყოფს ხელს, ან თავის კანდიდატურას წამოაყენებს კონგრესში, ან ოკეანეში მაშველების ჩამოტოვებით ბავშვს გადაარჩენს. კირჩხიბი კარდინალური ნიშანია და ეს ქალი, მთელი თავისი მოჩვენებით სისათუთის მიუხედავად, გასაოცარი ამტანობითა და სიმჭიდით გამოირჩევა. მას შემდეგ, რაც თვალებახელილ ვერძს პირველი შოკი გადაუვლის, აღტაცების გრძნობა გაუჩნდება. ვერძს ნებისმიერი ძალა აღაფრთოვანებს, კირჩხიბი კი იმაზე გაცილებით ძლიერია, ვიდრე გამოიყურება, როდესაც ვერძის უხეშობით გულნატკენი ცრემლებს ღვრის. შეიძლება ვერძს უფრო მეტადაც შეუყვარდეს, როდესაც აღმოაჩენს, რომ კირჩხიბი თურმე სულაც არ ყოფილა უმწეო ქალიშვილი, რადგან ვერძს არსებითად ისეთი ქალი სჭირდება, ვინც დროდარო ღირსეულ მეტოქეობას უწევს.
თუმცა ამ ორი მზის ნიშნის სასიყვარულო კონცერტის გაფუჭება კიდევ ერთ ყალბ ნოტას შეუძლია-ფული. ქალი კირჩხიბი აშკარად მიდრეკილია მათი დაგროვებისკენ. შეიძლება სამზარეულოს, საძინებლისა და საბავშვო ოთახის კედლებზეც გააკრას (სამი მისი უსაყვარლესი ადგილი საყვარელ სახლში). ფინანსური სტაბილურობა მისთვის იგივეა, რაც ემოციური საიმედოობა. პრინციპში, კირჩხიბისთვის, ეს ორი განუყრელი ცნებებია. ვერძსაც უყვარს ფული და ხშირად ფიქრობს მათი გამოყენების სხვადასხვა ამაღელვებელ მეთოდზე, მაგრამ ფულის დაზოგვა შავი დღისთვის და მათი შენახვა ბნელ ადგილებში მისთვის მიღებელია. ვერძისთვის ფული დასახარჯად (ან გასაფლანგად) არის შექმნილი. მისი დევიზია: “ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი“. თუ ორივე შეყვარებული და ბედნიერია, ვის აინტერესებს ფული? კირჩხიბს, რომლის დევიზიც არის: “ბედნიერებას ფული არ მოაქვს“. სანამ ვერძი კირჩხიბზე დაქორწინდება, უნდა დაფიქრდეს ამ საკითხზე… კარგად უნდა დაფიქრდეს!
ვერძი მალე შეამჩნევს კირჩხიბს სწრაფად ცვალებად განწყობას. რა თქმა უნდა ის თავადაც ასეთია, მაგრამ ვერძის შემთხვევაში მისი განწყობის შეცვლა გასაგებია, დასაშვებია და მისაღებია (გაიხსენეთ ვერძი ზოდიაქოს უსაყვარლესი, მაგრამ აბსოლუტურად ეგოცენტრული ჩვილია). კირჩხიბის დეპრესიებს ის მძიმე დარდის ყოვლად გაუმართლებელ შემოტევებად აღიქვამს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი ჩავარდნები მართლაც უფრო ღრმა და ხანგრძლივია, ვიდრე ვერძის. ხანდახან ვერძი ახერხებს მის მთვარეული მელანქოლიიდან გამოთრევას, რის შემდეგაც თავს კიდევ უფრო ძლიერად და მამაკაცურად გრძნობს, კირჩხიბს კი ემოციური სტაბილურობის განცდა უბრუნდება. მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ ვერძი ერთხელაც აბუნტდება, თუ კირჩხიბმა ეჭვი აღუძრა, რომ მისი მარსიანული საოცრებები, რომლისაც ვერძი მხოლოდ საკუთარ თავს უნდა უმადლოდეს, საკმარისად ძლიერი არ არის,რომ სამყარო შეძრას. მოკვდება და ასეთ აზრს არ დაუშვებს.
მთვარეული წარმოსახვა მარტივად გააჩაღებს მარსიანული სექსუალობის კოცონს. მამაკაცი ვერძის სიყვარულით დაკავების იდეალისტური მანერა ბუნებრივად გამოიტყუებს კიბორჩხალას მორცხვობის ჯავშნიდან. ვერძი სექსს ნაზად უდგება, რაც მის რჩეულს გახსნაში დაეხმარება. თუმცა კირჩხიბის პრაქტიკულობა მალე უკარნახებს მას რომ: “კაცი დიდხანს ვერ იცხოვრებს ჰიაცინტებით, მას პური სჭირდება“. საერთოდ, კირჩხიბს ახასიათებს ტრუიზმების გადაკეთება და დამახინჯება, რომ ხაზი გაუსვას ურყოფითს და მოაშოროს დადებითი. და გაჩაღდება ყველაზე დიდი კონფლიქტიც ფულის გამო, როდესაც რომელიმე რომანტიული აქტის მიმდინარეობისას, კიბო „ხელის ჭუჭყს“ გაიხსენებს. სექსუალური სიახლოვე მკვეთრად შეიცვლება კამათით.
ვერძსა კირჩხიბს შორის ნებისმიერი ურთიერთობას ფინანსებთან დაკავშირებული კონფლიქტები ახლავს: როგორ იშოვონ და როგორ დახარჯონ. ვერძი ექსტრავაგანტული მხარჯველია, კირჩხიბი- ხემომჭირნე. ის ეკონომიურია, სანამ მთვარის გავლენით, გამაყრუებელ მოწყენილობაში თავს მცირედ გადახარჯვის უფლებას დართავს, რომ საკუთარ დათრგუნულ „ეგოს“ თანაუგრძნოს. დანარჩენ დროს, ის უხალისოდ ემშვიდობება ფულს.
თუ მათ ურთერთდათმობებითა და შეღავათებით საჩოთირო ფინანსური საკითხების მოგვარება მოახერხეს,არის იმედი, მყარი სახლი ააშენონ. განსაკუთრებით თუ მათ მზე-მთვარეებს შორის ჰარმონიული ასპექტებია-ტრინი, სექსტილი ან კონიუქცია.
კირჩხიბის ფანტაზიებში შემოქმედებითი ფრენისა და ფულთან საღი დამოკიდებულება ვერძის მარსიანულ გამბედაობასა და განსაზღვრულობასთან კომბინაციაში დაეხმარება ამ წყვილს მატერიალური პრობლემების მოგვარებაში. მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის.
მისი დეპრესიები არსად ქრება და ვერძს ოპტიმისტ სულს უწამლავს. მას ვერაფრით ესმის კირჩხიბის ემოციური მოთხოვნების დელიკატურობა და მისი ცვალებადი განწყობაც სრულიად ურევს თავგზას. აღქმადობა-ვერძის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. ასეთი რა გააკეთა? (არაფერი. გიმეორებთ-ეს მთვარეა). სულ რამდენიმე წუთის წინ მის გარშემო დაბობღავდა, საუბრობდა და რაღაცას ღიღინებდა, კნუტს აჭამა, იღიმოდა… და უცებ ცრემლები, რა მოხდა? სავარაუდოდ, სავსე მთვარეა ან სავარაუდოდ, ვერძმა შებღალა მისი გრძნობები, როდესაც დაუფიქრებლად რაღაც დააბრეხვა ისე, რომ თავადაც ვერ მიხვდა; ან ახალი კაბა ვერ შეამჩნია; ან იმის თქმა დაავიწყდა, რომ სადილი გემრიელი იყო.
ამ გოგონას ბავშვობიდან ეშინოდა, რომ არავის უყვარდა. ვერძმა რბილად უნდა ასწავლოს, რომ სიყვარულის მიღების საუკეთესო საშუალება მისი გაცემაა (რაც რეალურად ძალიან რთული გასაკეთებელი იქნება მისთვის, რადგან ვერძს ჯერ თავად სჭირდება ამ გაკვეთილის კარგად გათავისება). მამაკაც ვერძს უნდა ახსოვდეს, რომ მთვარის ასულის ბედნიერების შენარჩუნების ერთადერთი გზა მისთვის იმ რწმენის შენარჩუნებაა, რომ ცხოვრებაში ბევრი სიყვარული, საჭმელი და ფული ერგება. ის არ არის ძუნწი, უბრალოდ მისთვის აუცილებელია სტაბილურობა, ეს კი ორი განსხვავებული სიტყვაა… რაღაც გამომრჩა, თუ ის თავისი ნიშნის ტიპური წარმომადგენელია, სიას ბევრი ბავშვი დაამატეთ. მინიმუმ რამდენიმე.
ვერძი ყოველთვის სიხარულით იღებს მამობას და კირჩხიბს ეს, ბუნებრივია, ძალიან მოსწონს. მაგრამ როდესაც ბავშვები წამოიზრდებიან, ბედნიერი მამიკო ძალებს არ იშურებს, საკუთარი შემოქმედების ნაყოფები ხატად და მსგავსად თვისად გარდასაქმნელად. მას მიაჩნია, რომ ბავშვი დამოუკიდებლობას უნდა მიაჩვიო. შეიძლება ხანდახან იმპერატიული და მომთხოვნიც იყოს, მაგრამ უმეტესად დიდ თავისუფლებას ანიჭებს შვილებს.
ქალი კირჩხიბი ყოველთვის სერიოზულად იღებს დედობას. (ჩემი აზრით, ზედმეტად სერიოზულადაც). ის დაჟინებულად დააკვირდება მათ საკვებს, სამოსს, რომანებს, კარიერასა და ჯანმრთელობას. დედამ უკეთ იცის, რა უნდა ჭამონ და ჩაიცვან, ვინ არ უნდა შეიყვარონ და ვისზე არ უნდა დაქორწინდნენ. ამის შემხედვარე ვერძი ქმარი მას ინდივიდთა განადგურებაში დაადანაშაულებს, კირჩხიბი კი, თავის მხრივ, სისასტიკესა და გულგრილობაში დასდებს ბრალს. მათ შვილებს ხშირად უჩნდებათ ისეთი განცდა, თითქოს ორ ბეტონის კედელს შორის იჭყლიტებიან. კომპრომისი, ბავშების აღზრდასთან დაკავშირებით, აუცილებელია. ან ურთიერთობა შეუქცევადად გაფუჭდება.
ვერძის სიყვარულის გაცემისა და მიღების უნარი დიდად არის დამოკიდებლი საკუთარ სახებაზე. მას სჭირდება თვითგამოხატვისა და მოქმედების მუდმივი თავისუფლება. მისი ქალი აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას მთების გადადგმა შეუძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერძი ნევროსტენიკად გადაიქცევა. კირჩხიბმა არასოდეს არ უნდა უთხრას, რომ რამეს მასზე უკეთესად აკეთებს (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ასეა). თუ კირჩხიბი მას აღლუმის გაძღოლის საშუალებას მისცემს, ვერძი შეძლებს სამუდამოდ გააქროს მისი ფარული განცდები და შიშები. მაგრამ ყოველთვის არის იმის საფრთხე, რომ მისი მოულოდნელი სიჩუმე, დაღვრემილი განწყობა და ისტერიკის შემოტევები დროდადრო ვერძს აიძულებს, სახლიდან წავიდეს. ვერძის დაუფიქრებელი სიტყვები და იმპულსური ქცევებს კი კირჩხიბის დუღილის ტემპერატურას ას გრადუს ცელსიუსამდე ზრდის.
როდესაც კირჩხიბი ტირის და ვერძმა არ იცის, რატომ, არ არის საჭირო ოთახიდან თუ სახლიდან გაქცევა. აჯობებს ჩაეხუტოს და ნაზად ანუგეშოს: “გთხოვ, არ იტირო. ყველას ძალიანაც უყვარხარ, შენ ხომ ისეთი საყვარელი და ლამაზი ხარ, ისეთ ხალისიან ისტორიებს ყვები. და კიდევ, ჩვენ აუცილებლად გავმდიდრდებით. მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ, არასდროს დაეჭვდე ამაში. არც ის გჭირდება, მეზობლებს ტანსაცმლის ზედ გარეცხვა შესთავაზო. ჩვენ არც ისეთი ღარიბები ვართ და ასეთი რამ არასდროს მოხდება. ახლა კი წადი, პირი დაიბანე, დაივარცხნე და რამე ლამაზი ჩაიცვი, რადგან მე და შენ დღეს რესტორანში მივდივართ“. და მან უნდა დაასახელოს ყველაზე მოდური და ყველაზე ძვირიანი რესტორანი ქალაქი. კირჩხიბი მყისვე შეწყვეტს სლუკუნს.
ვერძი ქალი და კირჩხიბი მამაკაცი
ვერძს სურდა გაერისკა -იყოს, რაც იქნება!
მაგრამ ასეთი გზა კირჩხიბისთვის არ იყო…
ისევე, როგორც მასკულინური მზის ნიშნის ქვეშ დაბადებული ყველა სხვა ქალი, ვერძიც ხშირად ეჭვდება საკუთარ ქალურობაში. ჯერ კიდევ სკოლაში, ცეკვის გაკვეთილებზე ის უხალისოდ უთმობდა პარტნიორს წამყვან როლს. ახალგაზრდა ყმაწვილთა უმეტესობა ჯერ პანიკაში ვარდებოდა, შემდეგ კი ამაყად გაეცლებოდნენ, ისეთი გოგონას ძიებაში, რომელიც უკეთესად გამოკვებავდა მათ ფანტაზიებს, მამაკაცის ქალზე აღმატებულობის შესახებ. ვერძი გოგონა ზედმეტად გულწრფელია იმისთვის, რომ თავის თვინიერ მეგობრებს მიბაძოს და ითვალთმაქცოს, თითქოს კაცს საკუთარ ცხოვრებაში ჩარევის საშუალებას მისცემს. რამდენიმე გულის ტკვენის შემდეგ, ის როგორც იქნა მიხვდება, რომ თუ უნდა სიყვარულში რამეს მიაღწიოს, გულწრფელობა არ გამოადგება. ზუსტად ამ პერიოდისთვის, მასში საკუთარი არაქალურობის კომპლექსიც საგრძნობლად განვითარებულია.
და ამ დროს მის ცხოვრებაში ჩნდება მამაკაცი კირჩხიბი, რომელიც რესპექტაბელური და გალანტური თავაზიანობით ეტრფის, როგორც ნამდვილი უფლისწული ზღაპრიდან. თანაც ბევრს აცინებს, მხიარულება კი ვერძს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. კირჩხიბი თავიდანვე აგრძნობინებს ვერძს, რომ ის მას აღაგზნებს და აღელვებს და მისთვის სულ ერთია, ვინ გაივლის კარში პირველი, ვინ დაიწყებს საუბარს ან დარეკავს. როგორც იქნა! როგორც იქნა, ბუნებრივად მოქცევა შეუძლია და ამ მამაკაცს მაინც ეყვარება. გასაკვირი არ არის, რომ ვერძს ეს ათრობს და შეიძლება ცხოვრებაში პირველად გრძნობს თავს ნამდვილ ქალად.
როდესაც კირჩხიბი არწმუნებს, რომ ის ალქაჯი კი არა, სასურველი ფიფქიაა (რასაც ვერძი ყოველთვის ეჭვობდა), ეს უდაოდ ახარებს მას… თუმცა გარკვეული დროით. თუ მათ მზე-მთვარეებს შორის ჰარონიული ასპექტებია, მისი ოცნებებიც მალე ასრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიფქია მალე აღმოაჩენს, რომ ტყეში ერთერთი ჯუჯასთან ერთად ცხოვრობს და კვლავ უფლისწულს ელოდება უშედეგოდ.
ქალი ვერძი ვერასოდეს მიაღწევს მტკიცე მშვიდობას, სანამ ისეთ მამაკაცს არ იპოვის, რომელიც თანახმა იქნება, ვერძს ის თავისუფლად და გახსნილად უყვარდეს, არ მოუწიოს დაფიქრდება ვინ აკოცებს პირველი მეორეს ღამით და არ გაიბუტება, თუ ის მოულოდნელად წამოსროლილი ფრაზებით შეაწყვეტინებს საუბარს. მას ისეთი მამაკაცი სჭირდება, რომელიც შეიგნებს, რომ თუ ის ვერძის ბუნებრიობის დამახინჯებას არ შეეცდება, ის მთლიანად მიუძღვნის საკუთარ თავს, სიყვარულს და იმ გაღმეთებას, რომელიც ასე სჭირდება ნებისმიერ კაცს, რომ თავი ძლიერად და მამაკაცურად იგრძნოს.
ფარული ღიმილით შემკული, ავტომატური რეჟიმის ქალური ფრაზები: „როგორც იტყვი“ ან „შენ როგორც გადაწყვეტ, საყვარელო“, რომანტიული თვალთმაქცობაა, მორჩილების პაროდია. ვერძის სიყვარული კი გახსნილია. ის ნერვიულობას იწყებს, როდესაც სულს უხუთავენ წვრილმანი დავებით იმის შესახებ, რა განსხვავებაა მამაკაცურობასა და ქალურობას შორის. მას მთელი გულით, სულით, გონებით და არსებით უყვარს. განა ეს საკმარისი არ არის? დიახ, საკმარისი უნდა იყოს, განსაკუთრებით კირჩხიბისთვის.
ორივე ძალიან ეჭვიანია. მთავარი განსხვავება ის არის, რომ კირჩხიბს მოსწონს, როდესაც მასზე ეჭვიანობენ, ვერძს-არა. კირჩხიბისთვის ეჭვიანობა იმის დასტურია, როგორ უყვარს და სჭირდება ის საყვარელ ქალს და ვერძისგან ის უამრავ ასეთ დასტურს მიიღებს. ეჭვიანობა დროდადრო ვერძსაც უქმნის ურთიერთობის საიმედოობის განცდას, მაგრამ როდესაც ეჭვიანობა ზღვარს ცდება, ეს მის თავისუფალ და კომუნიკაბელურ ცხოვრების სტილს ხელს უშლის. საქმე ის არის, რომ გალანტური მიჯნურობის ეტაპის დასასრულის შემდეგ, კირჩხიბი ვერძს თავის საკუთრებად თვლის და ცდილობს რკინის ხელით დაიჭიროს. მართალია, საყვარელ ქალზე მარწუხებით ჩაბღაუჭება მისი ერთგულების მაჩვენებელია, მაგრამ ვერძ ქალს ყველაზე ნაკლებად სურს, რომ საყვარელი კაცის ერთგულება ნელა, მაგრამ მტკიცედ გადაიზარდოს სამკვდრო ჩაჭიდებაში. გალიაში ცხოვრების პერსპექტივით აღშფოთებული, ის სასოწარკვეთილად დაიწყებს წინააღდეგობის გაწევას.
ორივე კარდინალური ნიშანი აღმერთებს ფულს და აღიარებას, თუმცა კირჩხიბი უკეთ მალავს თავის ამბიციებს. მართალია, მათ საერთო მისწრაფება აქვთ ემოციური საიმედოობისა და ფინანსური წარმატებისკენ, მაგრამ მეთოდებსა და გეგმებში მათი გზები მკვეთრად იყოფა. ამას გარდა, ფულსაც სხვადასგვარად ეპყრობიან. ვერძი ინვესტიციებზე ფიქრობს, რომ ფულმა ფული მოიგოს და რაც შეიძლება სწრაფად, კირჩხიბი-დანაზოგზე, რომ დიდი კაპიტალი დააგროვოს. იქამდეც კი, ვიდრე ნებისმიერი მათგანი მატერიალური წარმატების გარკვეულ დონეს მიაღწევს, მათ შორის ხშირად წარმოიქმნება უთანხმოებები. ვერძი ოპტიმისტია და ყოველთვის დარწმუნებულია გამარჯვებაში. კირჩიხიბი პესიმისტია და ხშირად აშინებს მომავალი (რასაც თავად გონივრულ წინდახედულებას უწოდებენ) და აქ მათ შეიძლება შუამავალი დასჭირდეთ ერთამენთის გასაგებად.
ვერძს უბრალოდ არ შეუძლია გაიგოს, როგორ იმედოვნებს კირჩხიბი გამარჯვებას, როდესაც იმავდროულად მარცხს ელოდება. ვერძისთვის ეს ამოუხსნელი ამოცანა სრულყოფილად გადმოსცა ფილოსოფოსმა ჟან ბატისტ ბოდენმა, როდესაც დაწერა:“ პრეტენზიის გამოთქმა კეთილდღეობაზე, როდესაც ყოველთვის სიღარიბეს ელით-ეს იგივეა, ეცადოთ მოხვდეთ აღმოსავლეთში, როდესაც დასავლეთით მოძრაობთ. ვერანაირი ფილოსოფია ვერ დაეხმარება ადამიანს, როდესაც ის მუდმივად ეჭვდება საკუთარ უნარებში და ამით იზიდავს უიღბლობას“. და მაინც, კირჩხიბი უმეტესად აღწევს მიზნებს, თავისი დაუჯერებელი შეუპოვრობისა და დაჟინებულობის წყალობით.
არ ღირს ვერძს ამ სიტყვით მნიშვნელობა შეაგნებინოთ. მას კარგად ესმის რას ნიშნავს სიცხადე, განსაზღვულობა, მაგრამ მას არ ესმის სიტყვა „შეუპოვრობის“ მნიშვნელობა, რადგან ეს სიტყვა დიამეტრალურად განსხვავდება მისი ყველაზე თვალსაჩინო შტრიხის-სულსწრაფობისგან. შეუპოვრობა მოიაზრებს მოთმინების უნარს, ეს ქალი კი საერთოდ ვერ იტანს ლოდინს. ის არ ელოდება ავტობუსს; არ ელოდება როდის აინთება მწვანე გადასასვლელზე; არ ელოდება როდის მოუშუშდება იარები, რომ მომდევნო სასიყვარულო ურთიერთობა წამოიწყოს. თუ ის გათხოვილია და ქმარი ხუთი წუთით მაინც აგვიანებს სამსახურიდან მოსვლას, მყისვე პოლიციაში ან საავადმყოფოში რეკავს… ან ოთახის ტერიტორიას ზომავს ნაბიჯებით, რომ ზღუბლზე გადმოაბიჯებისთანავე, თავს დაესხას საყვედურებით.
არსებობს რამდენიმე გამოსავალი. ვერძი შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს და მის დეპრესიულ შემოტევებს გაქცევით დააღწიოს თავი. მას არ შეუძლია იმის ყურება, როგორ იძირება მისი ყოველი მხურვალე მისწრაფება კირჩხიბის პესიმიზმში. ან შეიძლება მის გამხიარულებას შეეცადოს და მაშინ პერიოდული მელანქოლიებიდან საკუთარი თავდაჯერებით გამოათრევს. კირჩხიბი კი მისი იმპულსური ემოციურობისა და ექსტრავაგანტულობის წინაშე ან ხელებს აღმართავს, მარცხის ნიშნად და თავის მარკების კოლექციასთან დარჩება ან რბილად და მოთმინებით შეეცდება ასწავლოს ვერძს, რომ ხანდახან სიფრთხილეც აუცილებელია.
სხვა შებრკოლების ლოდი შეიძლება გახდეს მამაკაცი კირჩხიბის მიდრეკილება საიდუმლოებების მიმართ. მისგან განსხვავებით, ქალი ვერძი ძალიან შორს არის სფინქსის სახებისგან. როდესაც კირჩიხიბი უარს ამბობს გაუზიაროს, რა უდევს გულში(თუ ტვინში), ვერძს შეუძლია ყველაფერი და იმდენი იფიქროს,საკუთარი თავი მარსიანული ისტერიკის დონემდე მიიყვანოს. ვიმედოვნებთ, კირჩხიბი მალე მიხვდება, რომ ვერძთან სჯობს გახსნილი იყოს. გარკვეულ დონემდე. თუ კირჩხიბი დადუმდა, ვერძი იქამდე ჩააჯინდება, სანამ არ დარწმუნდება, რომ ამას აზრი არ აქვს. შემდეგ გადაწყვეტს, რომ ეს ყველაფერი არ ღირს დახარჯულ ენერგიად და გულის ტკივილად და შეიძლება, თავი დაანებოს. მოულოდნელად, გაუფრთხილებლად. გახსოვდეთ, ვერძი არ დაიწყებს დროის ხარჯვას ისეთ სიტუაციაზე, რომლის შეცვლაც, მისი აზრით, შეუძლებელია.
მაგრამ მთავარი დაბრკოლება დედაა. თუ კირჩხიბის დედა ცოცხალია, მასზე შეყვარებულ ვერძს რთული ბრძოლა მოუწევს საყვარელი მამაკაცის ერთგულებისა და ყურადღებისთვის. თუ წმინდანმა დედამ უკვე დაიმკვიდრა ცათა სასუფეველი, მისმა თვისებებმა შეიძლება კიდევ უფრო მეტი ბრწყინვალება შეიძინოს მეხსიერების პრიზმაში. მის დედიკოს არასდროს ამოუწვავს პერანგი უთოთი, არასდროს ჩავარდნია ბისკვიტი, არასდროს უმღერია ყალბი ნოტა, არასდროს გაუფლანგავს ფული და არასდროს გამოსულა წყობიდან? დიახ! არასდროს! არც ერთხელ! დედამისი ყოველთვის ყაირათიანად ხარჯავდა ფულს, რადგან თვითონ კერავდა ტანსაცმელს და ასხამდა მძივებს, ყოველთვის იმდენ კოსმეტიკას იყენებდა, რამდენიც საჭიროა და ყოველთვის იცოდა, როდის რა ეთქვა? დიახ! ყოველთვის! რაღაც უცნაური საშუალებით, ამან შეიძლება სასიკეთოდ შემოატრიალოს მოვლენები. როგორ? როგორ და ასეთი ბრწყინვალე მაგალითი ვერძისთვის ნამდვილი გამოწვევაა. მას კი უბრალოდ არ შეუძლია ზურგი აქციოს გამოწვევას და ყველანაირად ეცდება მიაღწიოს იდეალს, რათა კირჩხიბს დაუმტკიცოს, რომ მას ვერავინ შეედრება.
ინტიმურ ცხოვრებაში მათ ასევე მოუწევთ ერთმანეთის თავისებურებებზე მორგება. სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყისში მამაკაცი კირჩხიბი ძალზედ ყურადღებიანი იქნება თავისი რჩეულის სურვილებისა და მოთხოვნების მიმართ, რითაც ემოციურ სიმშვიდეს მიანიჭებს (ორივეს არანორმალურად სჭირდება ემოციური სიმშვიდე). მამაკაცი კირჩხიბი დასაწყისში ზღაპრული საყვარელი იქნება, რადგან ის კარგად ახერხებს საძინებელში წარმოსახვის, დელიკატურობისა და გონიერების შეთავსებას. ვერძის გულწრფელობა და უეშმაკობა სექსში, მისი გაუცნობიერებელი მოწყველადობა ღრმად ეხება კირჩხიბის გულის სიმებს. წარსული გამოცდილების მიუხედავად, ქალი ვერძს ყოველთვის რაღაც ხალასი უმანკოება შეაქვს სექსუალურ აქტში. ამასთან, როდესაც მას უყვარს, უყვარს მხურვალედ და ვნებიანად, მთელი თავისი არსებით. მაგრამ კირჩხიბის მხურვალება შეიძლება დაღვრემილობითა და ყველაფრისადმი უკმაყოფილებით შეიცვალოს და მოულოდნელად უარი თქვას ხორცილე სიამეებზე. როგორც გამოიყურება (და არა სინამდვილეში არის) მისი უარი, გაყინულ წყალს გადაასხამს ვერძის ეროტიულ ენთუზიაზმს. ყველაფერში კი, რა თქმა უნდა, მთვარეა დამნაშავე. საჭიროა უბრალოდ შეეშვათ დროებით და დაელოდოთ მთვარის ფაზის ცვლილებას. ვერძებს ვურჩევდი, არავითარ შემთხვევაში არ გაუბრაზდეთ და არ წამოგცდეთ ის სიტყვები, რომელიც მას გულს ატკენს და მოგვიანებით სანანებლად გაგიხდებათ. ის თავის ჯავშანში შეიყუჟება და კარგა ხანს არ გამოძვრება, რადგან ეს მამაკაცი არანორმალურად მგრძნობიარეა. რამდენსაც არ უნდა ხუმრობდეს კირჩხიბი ამ თემაზე, თითქოს არ ადარდებს და სასცილოდ არ ჰყოფნის, ეს ასეა და წყენა დიდი ხნით ჩააგდებს მძიმე პასიურობაში ან კიდევ უარესი, შვებას ალკოჰოლში იპოვის.
რაც შეეხება ამ კავშირის ბედნიერ მხარეს, კირჩხიბი შეიძლება ძალიან საყვარელი და მხიარული იყოს, ყველა თავისი საქმე მხიარულად მომღიმარმა აკეთოს. მისი მშვენიერი მგრძნობიარობა და ჯენტლმენის საიმედოობა მისი ქალბატონის მთელ ქალურობას გამოავლენს. ის ფარულად ამაყობს მისი გაბედული გონებით და ნათელი გულით და მიუხედავად იმისა, რომ ვერძის უმწიფრობაზე ბუზღუნს არ შეწყვეტს, ისწავლის მისი მხრიდან ემოციური მხარდაჭერის მიღებას, როდესაც მთვარე ძველ, ბავშვობის შიშებს უგზავნის.
მთავარი სირთულე იმაში იმალება, რომ ვერძს ის ხანდახან ზედმეტად მკაცრად, ზედმეტად ძუნწად და ნერვულად მიაჩნია, კირჩხიბი კი შეიძლება გრძნობდეს, რომ ვერძს არ შეუძლია საკუთარ თავზე იზრუნოს. სავსებით რეალურ საფრთხეს წყლის ნიშნებისთვის თვისება-საკუთარი იმედგაცრუებები სასმელსა და ნარკოტიკებში ჩაახრჩონ. ასევე ვერძის თვისება ხშირად დაკარგოს, ვარსკვლავებისგან ისედაც სეკვესტრირებულად ბოძებული მოთმინება ისე, რომ შემდეგ დიდი დრო დასჭირდება ჭრილობების მოშუშებას.
კირჩხიბ მამაკაცს არ რცხვენია თავისი მგრძნობიარობის. მას ძალიან უყვარს მუსიკა და პოეზია, ხოლო როდესაც ამ ხელოვნებათა შედევრები მის გულს ეხებიან, თვალები ცრემლებით ევსება. ასეთივეა ეს ქალიც, რომლის გულსაც ბევრი ნაზი და მთრთოლვარე მზრუნველობა სჭირდება, რადგან რა ასაკისაც არ უნდა იყოს, ემოციურად ის ყოველთვის ბავშვია. თუ ისინი კირჩიხიბის სიმჭიდესა და ვერძის ინიციატივას გააერთიანებენ, მათ სასწაულების მოხდენა შეუძლიათ. მათ მზის ნიშნებს შორის კვადრატის ასპექტია, რაც დიდ მოთმინებას, სამაგიეროდ, დიდ სიყვარულსაც გულისხმობს.
მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.
სტატიის ავტორი: Qet Adastra