ვერძი და კურო

ვერძი და კურო

ზემოთ,სადაც სულ რაღაც წუთის წინ სიმშვიდე სუფევდა,

ჰაერში ყვირილისა და იარაღის ხმამ გაიჟღერა.

ქვემოთ სიჩუმე გამეფდა.

რადგან ცხვრებიცა და ხარებიც რქებით არიან დაჯილდოებულნი, მავანს ვერძის გვაროვნული შუბლით მიწოლა და კუროს საფირმო სიჯიუტე შეიძლება, ერთი შეხედვით, მსგავს თვისებებად მოეჩვენოს. მაგრამ ეს ასე არ არის და მათ ურთიერთობაში გარდაუვალი არაერთი შეჯახება, სულ მალე ცხადჰყოფს ამ განსხვავებას.

მაგალითად, ვერძი მშობელი, რომელიც თავის კურო შვილს აჭმევს, მარსიანული ენერგიის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანის ტონით განუცხადებს: “ყველაფერს შეჭამ ბოლო ნამცეცამდე და მხოლოდ შემდეგ ადგები მაგიდიდან!” აი, რას ნიშნავს შუბლით მიწოლა. პატარა კურო უშფოთველი და ნათელი თვალებით შესცქერის მშობელს და მშვიდად პასუხობს:”არა!” ზუსტად ეს არის სიჯიუტე.

ვერძ ხელმძღვანელს სურს, რომ მისმა ხელქვეითმა კურომ უქმეებზეც იმუშაოს და მკაცრი ტონით განუცხადებს: “თქვენ მე შაბათს დამჭირდებით, შეიძლება მთელი დღით, ამიტომ გადადეთ სხვა საქმეები”-შუბლით აწვება. ხელქვეითი კურო ხმის აუმაღლებლად ეწინააღმდეგება: “მე შაბათს დაკავებული ვარ, ვინმე სხვას სთხოვეთ”- ეს სიჯიუტეა.

რამდენიმე მსგავსი შეტაკების შემდეგ სრულიად თვალნათლივ წარმოჩინდება მათ შორის განსხვავება. “მიმწოლი” ყოველთვის ინიციატორია,”ჯიუტი” მხოლოდ რეაგირებს. პირველი პოზიტიურ მოქმედებას ახორციელებს, მეორე ნეგატიურ რეაქციას აძლევს. ამიტომ ვერძი-კუროს ნებისმიერ შეჯახებას ვერძი იწყებს, კურო ამთავრებს, რაც კარგად უნდა ახსოვდეს ვერძს, რადგან კუროს ეს არასოდეს ავიწყდება. მას საერთოდ არაფერი ავიწყდება!

მართალია, ვერძებს ხშირად ადანაშაულებენ, რომ ისინი ხიდებს წვავენ და მსუბუქი უდარდელობით ფლანგავენ ნაპერწკლებს, მაგრამ მათ კარგი თვისებებიც არანაკლები აქვთ. კურო, როგორც მიღებულია, ყოველთვის გაბუსხულია, სულ რაღაცის მოლოდინშია და მზადაა, ვერძის ნებისმიერი ენთუზიაზმი თავისი ჩუმი სიჯიუტით ჩაახშოს. თუმცა დროდადრო, თუ მოინდომეს, ხარებსაც უმუშავებთ წარმოსახვა. ამის გარდა, კუროები ფლობენ ღრმა სიბრძნეს და პრაგმატული გარეგნობის მიღმა დამალულ, საოცრად თბილ იუმორის გრძნობას. მიუხედავად ამისა, ამ ორ ნიშანს შორის განსხვავება მკაფიოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ.

ცხვრები მიდრეკილნი არიან აგრესიული, იმპულსური და ექსტრავაგანტული ქცევებისკენ. ისინი ყოველთვის პოზიტიურად არიან განწყობილნი და სასწაულებისაც მთელი გულწრფელობით სწამთ. უყვართ საუბარი, საკუთარი ნებისა და ენერგიის გამოვლენა. სწრაფ შედეგებზე ორიენტირდებიან. სხვანაირად ცხოვრება ვერძისთვის საშინლად მოსაწყენია.

ხარები უმეტესად თავშეკავებული, პრაქტიკული და თვითკმაყოფილნი არიან. სიტყვაძუნწი კუროები ეკონომიურად ხარჯავენ სიტყვებს. პერიოდულად პესიმიზმიც იპყრობთ. ისინი ეძებენ სტაბილურობასა და საიმედოობას, მოსწონთ მარტოობა, მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია დასვენება და სიმშვიდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთვის ცხოვრება აუტანელი ხდება.

ჰო, ამ ადამიანებს ტყუპებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. მათი შინაგანი მოტივაცია, გარეგნულ გამოხატულებაზე რომ არაფერი ვთქვათ, მკვეთრად განსხვავებულია. მაგრამ ხშირად ბედნიერებაა ისეთ ადამიანთან შეხვედრა, რომელიც იმ თვისებებს ფლობს, რაც ჩვენ გვაკლია. რადგან ეს კავშირი 12-2 სქემით მუშაობს, კუროს უფრო მომთმენი და თანამგრძნობი როლი შეესაბამება ვერძთან მიმართებაში. ვერძი კი უნდა ეცადოს კუროს აუღელვებელ სიმშვიდეში მიბაძოს. ბოლოსდაბოლოს „აუღელვებელი სიმშვიდე“, ასე თუ ისე, ძალის სინონიმია. სიტყვა „სისუსტე“ კი არც ვერძის და არც კუროს ლექსიკონში არ ფიგურირებს. მართალია, კუროსაც უყვარს ძალის გამოყენება, მაგრამ მას ვენერა მართავს, რაც მნიშვნელოვნად არბილებს სიტუაციას, ამიტომაც არ ცდილობენ კუროები მეთაურობას. ისინი გაგებით ეკიდებიან უმეტესად იძულებით აგრესიას, რომელიც გარეგნული სიმამაცისა და დემონსტრაციული დამოუკიდებლობის მიღმა იმალება, რადგან ყოველი მზის ნიშანი კარმული მეხსიერების ფრაგმენტებს ინახავს მის წინამორბედ ნიშანზე. ეს წესი თანაბრად ვრცელდება ყველა 12-2 სქემის ურთიერთობაზე.

კუროს შესანიშნავად შეუძლია გათვალოს ისეთი სიტუაციის შედეგები, როდესაც ადამიანი სიფრთხილეს ივიწყებს. თუმცა მას ყველაზე მეტად ფინანსური დამოუკიდებლობა აღელვებს, ამ მიზნის მიღწევა კი უმეტესად ენერგიულ და დაუღლელ ადამიანთან თანამშრომლობით შეუძლია. კურო ინტუიციურად ხვდება ამას, რის გამოც ყველაზე მეტად ვერძი იზიდავს. რაც შეეხება ვერძებს, ქალი იქნება თუ მამაკაცი, ისინი ფარულად ვერ იტანენ კუროს თავდაჭერილობასა და სიფრთხილეს, მაგრამ იციან, რომ ბევრის მიღება შეუძლიათ კუროსთვის თვისებრივი ფხიზელი და გონივრული ცხოვრებისეული დამოკიდებულებისგან. ყოველი მზის ნიშანი გაუცნობიერებლად გრნობს, რომ ბევრის სწავლა შეუძლია მეზობელი ნიშნისგან. სწორედ ამიტომ განიცდის ვერძი რეალურ და ხელშესახებ კუროზე დამოკიდებულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მარსის სულსწრაფობა უამრავ სირთულეს უქმნის.

ვერძისა და კუროს ბუნებრივი თვისებები ისე შეიძლება შეერწყას ერთმანეთს, რომ თითოეული გაცილებით მეტს მიიღებს ურთიერთდახმარებით, ვიდრე დამოუკიდებლად შესძლებდა. მაგრამ მათ ურთიერთობაში ყოველთვის არსებობს იმის საფრთხე, რომ მუდმივი გაღიზიანებით ვერძმა კუროს განსხვავებული მოთმინების ფიალა აავსოს და ერთხელაც კურო დაასკვნის, რომ ტყუილად კარგავს დროსა და ძალებს. და პირიქით, ხარმა შეიძლება უარი თქვას ცხვრის ყველაზე ცხელი იდეების, მგზნებარე იდეალებისა და ოცნებების განხორციელებაზე და ეს უკანასკნელი იძულებული იქნება წავიდეს, რათა თავიდან აიცილოს დეპრესია, რომლის ატანაც დიდხანს არ შეუძლია.

ვერძი შეიძლება განცვიფრებული და იმედგაცრუებულიც დარჩეს, როდესაც კუროსთვის დამახასიათებელ პერიოდულ მელანქოლიურ შემოტევებს აღმოაჩენს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საკუთარ თავში გამოკეტვისა და თვითჩაღრმავების სეანსები იუმორითა და მცირე ცელქობებით არის შერბილებული. დროდადრო ვერძი კუროს ელაქუცება და მის წვეულებაზე წაყვანას ან სხვა სოციალური აქტივობის გამოვლენაზე დაყოლიებას ცდილობს, რაც დადებითად აწონასწორებს კუროს განმარტოების სურვილს(მშვენიერი თვისებაა, თუ ხასიათში ყველა სხვა თვისებას არ სჭარბობს). იმისათვის რომ კუროს აუღელვებლობა და სიმშვიდე არ დაურღვიოს, ვერძმა პერიოდულად უნდა წაახალისოს მისი თანდაყოლილი სიყვარული მუსიკის, ფერწერისა და ბუნების მიმართ.

ყველაზე სერიოზული შეცდომა, რომელსაც ვერძები მეგობარი, ნათესავი, საქმიანი პარტნიორი, საყვარელი თუ მეუღლე კუროების მიმართ უშვებენ-არის კონკრეტული გადაწყვეტილებისკენ ბიძგის მცდელობა. კურომ ყველაფერი კარგად და დიდხანს უნდა გაანალიზოს და თავად მიიღოს გადაწყვეტილება. მოთხოვნა, ბიძგი, იძულება, დაჟინება(მარსის ძირითადი სტრატეგიული ელემენტები, როდესაც ვერძის სურვილებს წინ რამე ან ვინმე ეღობება) მხოლოდ უარყოფით რეაქციას გამოიწვევს და კურო შეიძლება საერთოდ გამოიკეტოს საკუთარ თავში. თუ კურო თვლის, რომ ღირსეული და სარფიანი შეთავაზება მიიღო, ის კარგად გაანალიზებს და ადრე თუ გვიან თავის სიტყვას იტყვის. ამ მომენტამდე ვერავითარი ძალა, ვერანაირი საშუალებით ვერ დაძრავს ადგილიდან. და არც არის საჭირო რაიმეს შეცვლა. თუ კურო დარწმუნდება, რომ ვერძთან ერთ ნავში ზის და თავიდანვე გაითვალისწინებს რომ ვერძს პრაქტიკულობა არ ახასიათებს, მათი კავშირი მეტად გლუვი იქნება. ვერძი კი…დაე, საკუთარ ნატურას ნუ უღალატებს, რის შედეგადაც უხვად დაისვამს თავზე კოპებს და უკეთესად გაითავისებს, რომ გაუაზრებელ ქმედებებს მწარე ნაყოფი მოაქვს.

ვერძისთვის უდაოდ სასარგებლო იქნება მეტად გაწონასწორებულ კუროსთან სიახლოვე და მის რჩევებსაც საოცარი მორჩილებით გაითვალისწინებს. კუროს შეუძლია ვერძისთვის მიმართულების მიცემა, როცა ყველაფერი ირევა და საქმეები ცუდად მიდის. მხოლოდ არა უწყვეტი და ღია ბრძანებების მეშვეობით, რომ ყოჩმა თავი კუთხეში მიმწყვდეულად არ იგრძნოს. მიეცით ორივე სქესის ვერძს შუბლით მიწოლის საშუალება, არ შეზღუდოთ და არ გამოხატოთ ჩუმი უნდობლობა. ეს უფრო მეტად ტკენს გულს იმედიან და გახსნილ ვაცებს, ვიდრე ხმამაღალი პრეტენზიები. ფარული ეჭვებს ისინი ვერაგობად აღიქვამენ და ძლიერ აშინებთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ვერძი სიმბოლურად ახალდაბადებული ჩვილია, კურო მასზე ოდნავ მოზრდილი ბავშვი. თუ ვერძის მოულოდნელი აღტყინებები მუდმივად დაიხშობა კუროს რკინის უარით, ის შეიძლება დევნის მანიით გაუბედურებულ ნევროსტენიკად გადაიქცეს. რა თქმა უნდა, ვერძის ველური ტემპერამენტი კონტროლს საჭიროებს, მაგრამ საკმაოდ დელიკატური და ფრთხილი მეთოდებით.

მარსით მართული ვერძი პირველაღმომჩენია, იდეების გენერატორი, ნამდვილი ლიდერი. ეს სწორედ მის ბუნებრივ აღმშენებლობით საქმიანობაში, მის აღმოჩენილ ქვეყანაში, მის განვითარებულ საზოგადოებაში, სასარგებლო და საჭირო კონცეფციებით შედის კურო.

კუროსთვის ყოველ ადამიანურ ურთიერთობას და თვით ცხოვრებას საკუთარ მუდმივი ადგილი აქვს, სადაც უნდა დარჩეს, თავისი ფუნქცია შეასრულოს, არ ითვალთმაქცოს და იყოს ის, ვინც და რაც არის. როდესაც თვალსაჩინო მიზეზი და სარგებლობა არ ჩანს, აზრები მიმოფანტულია, მოქმედებებიკი ქაოტური, კურო იბნევა და ტოვებს ასეთ ადგილებს. მას წინ მხოლოდ საღი აზრი და გამოცდილება მიუძღვის. მხოლოდ თავისი შეხედულებებისა და სწრაფვის მართებულობის რწმენით ახერხებს ეს მუდმივი ნიშანი საკუთარი თავის ერთგული დარჩეს.

ვერძი სწორხაზოვნად იქცევა და ყურადღებას არ აქცევს იმას, რომ ამ სწორი ხაზის ორივე ბოლო უსასრულობაში მიდის. კურო წარსულის გაკვეთილებითა და ფრთხილი სამომავლო გეგმებით არის გარემოცული. მის ცხოვრებაში უბრალოდ არ მოიძებნება უპასუხისმგებლო ქმედებების შედეგად გამოწვეული წარუმატებლობები. ვერძს შეუძლია ამ წრის გარღვევა, კუროს ოპტიმიზმითა და ახალი იდეებით დამუხტვა. კურო შეეცდება მეტი მოქნილობა შემატოს სწორხაზოვანს, რომ დაიცვას, ყველასგან თუ არა, არაერთი იმედგაცრუებისგან მაინც, რაც ვერძს უხვად ელის მისი ცხოვრების უამრავი საინტერესო მოვლენითა და ფათერაკით დატვირთულ გზაზე.

რადგან მზე ვერძის ნიშანში ეგზალტირდება, ეს ადამიანები ხშირად შეჯიბრების დაწყებამდე თავს უკვე გამარჯვებულად თვლიან. ყველა ვერძი გრძნობს კავშირს გაზაფხულთან, დაბადებასთან, სიცოცხლის საწყისთან. ამაშია მათი არსებობის აზრი-გულწრფელად უძღვნან სხვა ნიშნებს ის სასწაული, რომელსაც ფლობენ. ასე ემსახურებიან ვერძები მთელ კაცობრიობასა და საკუთარ არსს. ვერძს სწამს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, იმედითა და რწმენით ეჭვების დამარცხების. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ მისი სულიერი მხნეობის მიღმა უცნაური ემოციური სიმყიფე იმალება. საქმე ის არის, რომ ვერძს კარმული მეხსიერება თევზებისგან მოჰყვება და მიწიერი ნიშნის ყველა მცდელობა, გადააცდინოს ვერძი გეზიდან, ზრდის მის ემოციურ ტრავმებს. მაშინ ვერძი ან უეცრად გაწყვეტს კავშირს კუროსთან ან მარსიანელი ნიშნისთვის სრულიად უჩვეულო ცხოვრებისეულ პოზიციას დაიჭერს, რისთვისაც მოგვიანებით ნერვოზით აგებს პასუხს.

მიმწოლი ვერძის და ამტანი კუროს ურთიერთკავშირი უზარმაზარი ძალაა. ძველად ასტროლოგები აფრთხილებდნენ ადამიანებს, რომ ვერძისა და კუროს შერეული თვისებები, დაუმუშავებლობისა და გაუწონასწორებლობის შემთხვევაში, ულმობელ სისასტიკეს ბადებს. ეს შეიძლება მოხდეს პიროვნების განვითარების პროცესში, ბავშვობაში ან გამოვლინდეს ვერძისა და კუროს კავშირში, მათი პირადი ჰოროსკოპების გათვალისწინებით. თუ მათი ინდივიდუალურ რუკებში მზე და მთვარე ნეგატიურ მდგომარეობაში იმყოფებიან, სისასტიკის გამოვლენის საფრთხე განსაკუთრებით ძლიერია. თუმცა თუ მათ სინატრიაში მზეებისა და მთვარეების დადებითი კომბინაცია ან ასცედენტთა ჰარმონიული შეთავსებაა, კუროს შეუძლია დაეხმაროს ვერძს ბედნიერების მწვერვალებზე აღზევებაში და დიდხანს შეინარჩუნოს მისი ემოციური აღმაფრენა სითბოთი და კეთილი თანამონაწილეობით. ვერძსაც შეუძლია კურო წარმოსახვის მწვერვალებზე ააფრინოს, საიდანაც ისეთივე გრანდიოზული და დიდებული მომავლის ხედები იშლება, როგორიც კუროს ყველაზე თამამ ოცნებებშია.

 

ვერძი მამაკაცი და კურო ქალი

გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი

_გაფრთხილებ,თუ ამ ჰალსტუხს ადამიანურად ვერ შევიკრავ კისრის გარშემო,სახლიდან არ გავალ!.. 

თუ სახლიდან არ გავალ,იმ წვეულებაზე ვერ მოვხვდებით!..

და თუ იმ ვახშამზე ვერ მოვხვდით,სამსახურში თავი აღარ გამომეყოფა!..

სამსახურში თუ არ ვივლი, შიმშილით დავიხოცებით და ჩვენი შვილები ღია ცის ქვეშ,ბედის ანაბარად დარჩებიან!!!

ამ ემოციურ-ენერგიული ქოთქოთის შემდეგაც კი,მისის დარლინგის სახეზე სრული სიმშვიდე სუფევდა.

– მოდი მე შეგიკრავ,ძვირფასო.

 

ამ წყვილის სასიყვარულო კავშირსა თუ ქორწინებას წარმატების გაცილებით დიდი შანსი აქვს, ვიდრე პირიქით, როდესაც ქალი ვერძია და მამაკაცი კურო. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი კავშირი უშფოთველი და მყარია, მაგრამ იმედი არის! კუროსეული პასიურობა, სიჯიუტე და სიმშვიდე უფრო ბუნებრივად აღიქმება ქალის შემთხვევაში. ვერძისეული ენერგია, აგრესია, დამოუკიდებლობა და ძალისმიერი ზეწოლაც უფრო მამაკაცური თვისებებია. ნუ ვისაუბრებთ ემანსიპაციაზე, დედაბუნებამ იცის, რასაც აკეთებს  ვენერა-მარსის შვილების კლასიკა ამ შემთხვევაში უფრო ამართლებს და კონფლიქტებიც ნაკლებია. თუმცა სასიყვარულო კავშირს კონფლიქტების ინტენსივობა და არა რაოდენობა ანგრევს, ამიტომ ისინი არ უნდა მოდუნდნენ. დიდწილად ამ კავშირის სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია მთვარეებსა და ასცედენტებზე.

კურო ქალი, თუ მის ნათალურ რუქაში IV სახლი ძლიერ დაზიანებული არ არის, დაბადებით კარგი დიასახლისია(მადლობა ღმერთს, რომ ეს ვიღაცეებს მოსწონთ). კოსმოგრამაში ოპოზიციების შემთხვევაშიც, ის შეიძლება თავგადასავლების მაძიებელი იყოს ახალგაზრდობაში, მაგრამ კუროს მთავარი სურვილი ყოველთვის არის მყუდრო და მყარი ოჯახის შექმნა, პროდუქტებით სავსე მაცივარი, შვილებითა და მუსიკის ჰანგებით სავსე სახლი; სპეციალური უჯრა, სადაც დროულად გადახდილ ქვითრებს ინახავს… მართალია, კურო ეჭვიანია, მაგრამ არა უმიზეზოდ. მომთმენია და იშვიათად ეწინააღმდეგება მეორე ნახევარს.

ვერძ მამაკაცს ყოველთვის სჭირება ფართო აუდიტორია და ხშირად ეპატიჟება სახლში კოლეგებსა თუ მეგობრებს, რათა თავის ოცნებებში ჩასახული გრანდიოზულიპროექტებით დააინტერესოს. სტუმრები ძალზედ კომფორტულად და მყუდროდ გრძნობენ თავს კეთილგანწყობილ დიასახლისთან, რადგან კურო თავაზიანი მასპინძელი და საოცრად ყურადღებიანი მსმენელია.

ტიპურ ვერძს სპორტი უყვარს, ტიპურ კუროს-ბუნება. თუ ვერძის საყვარელი სპორტი ლაშქრობა ან ტურიზმი აღმოჩნდა, ეს კიდევ ერთი პლიუსია მათ ურთიერთობაში. ცხადია, თუ მას ფეხბურთი უყვარს, ყველაფერი გაცილებით რთულად იქნება. სირთულეები წარმოიქმნება ასევე იქ, სადაც პარტნიორებს ჯერ არ განუცდიათ უთანხმოება. მაგალითად, კურომ შეიძლება მოისურვოს ქალაქგარეთ გადასახლება. ვერძს კი ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ქალაქური ქაოსის გარეშე. ქალაქის დათმობის მსურველ ვერძთა რაოდენობა ძალიან მცირეა, ისიც იმ პირობით, თუ უქმეებს კვლავ გიჟურ რიტმში გაატარებენ. ლაშქრობისას, ტყეში ხეტიალის დროს, ვერძი მაინც ვერ აღიქვამს საკუთარ თავს ბუნების შვილ ფერმერად. თუ მისი მთვარე ან ასცედენტი კუროშია, შესაძლოა ის გატაცებით თესავდეს კარტოფილს ან წველიდეს ძროხებს, მაგრამ მიწის ჩიჩქნა ვერასოდეს შეუცვლის სპორტული ავტომობილის ქროლვით მიღებულ სიამოვნებას.

ნაპერწკლები ცვივა ფინანასური საკითხების განხილვის დროსაც, რადგან ეს ორი ნიშანი ფულთან სხვადასხვაგვარ მოპყრობასაა ჩვეული: ვერძს ახალი სპორტული მანქანა უნდა, კუროს-ახალი მაცივარი; ვერძის საყვარელი საბანკო განყოფილება სესხის განყოფილებაა, კუროსი-ანაბრის. თუმცა თუ ვერძი რჩეულის ძვირფასეულობასა და ოჯახისთვის ახალ ავეჯზე დაიხარჯება, კურო ნაკლებად ეკონომიური იქნება საერთო ბიუჯეტის განკარგვისას. კურო ქალებს ძალიან უყვართ ძვირფასი საიუვილერო ნაკეთობები, მდიდრული გარემოს შექმნა. როდესაც კურო ნივთს იძენს, ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეს ნივთი, როგორც მინიმუმ, რამდენიმე ათწლეული შეინარჩუნებს თავის ფასს. ვერძი რამდენადმე უდარდელია, როდესაც საქმე ბიუჯეტს ეხება, რადგან თავის დროზე სკოლაში ვერაფრით ვერ ისწავლა სიტყვა “ყაირათიანობის” მნიშვნელობა და ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტად მას კურო შეეფერება, რომელმაც საუკეთესოდ იცის ფულის დაზოგვა და მოფრთხილება, რაც მფლანგველ ვერძს ფინანსური კრახისგან დაიცავს.

კუროს სიმშვიდე მყისიერი რისხვით იცვლება თუ, ვთქვათ, ვერძი სავარძელს ამოწვავს ან ხალიჩაზე ღვინოს დაღვრის. ვერძს საერთოდ არ ესმის, რატომ განიცდის მისი რჩეული ასეთ წვრილმანებს. ის არასოდეს მისტირის წარსულს, თუ რამე დაიკარგა, დაიმსხვრა, გაფუჭდა, მისი შეცვლა ყოველთვის შეიძლება ახლით. კურო ამ აზრს კატეგორიულად არ ეთანხმება.

საბედნიეროდ, უთანხმოებათა უმრავლესობა საძინებელში გადანაცვლებისთანავე ორთქლდება. ფიზიკური კავშირი ორივეს უზარმაზარ სიამოვნებას ანიჭებს. ვერძს არ გაუცრუვდება იმედები კუროს მგრძნობიარობით ეროტიული სიყვარულის მიმართ. თუმცა ის შესაძლოა, განცვიფრებული დარჩეს იმით, რომ კურო არ აფარებს სექსს მაგიური საიდუმლოების ფარდას. კურო ქალი სექსს უყურებს, როგორც საკუთარი გრძნობების დაჯილდოების პრაქტიკულ და სასიხარულო საშუალებას, ასევე შთამომავლობის შექმნის ფრიად სასიამოვნო მეთოდს. ამდენად, მას არც ისე კარგად ესმის, რატომ უნდა აიტაცოს სექსმა მაგიურ ფრთებზე და ტიბეტის მწვერვალებზე გააქანოს. კუროსთვის სექსი სექსია, სიყვარული სიყვარული. ეს ქალი მსუბუქი ირონიით უყურებს ამ საკითხს. საერთოდ, იუმორის გრძნობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ყველა სფეროზე თანაბრად ვრცელდება და თავისი მასშტაბებით გამოირჩევა. მაგალითად, თაფლობისთვეში ვერძმა ლურსმანს დააბიჯა ფეხი და სახემოღრეცილი ლოგინისკენ მიემართება. კურო ამ დროს გულიანად ხარხარებს. შეურაცხყოფილი ვაცი რამდენიმე ღამეს მეზობელ საძინებელში გაატარებს, სანამ მისი მამაკაცური თავმოყვარეობა არ განიკურნება.

*გაფრთხილება: ის, რომ კურო ვერძის სექსუალობის ყოველგვარ გამოვლინებაზე არ რეაგირებს, იმას არ ნიშნავს, რომ ის არარომანტიული ან უგრძნობია, ერთიც და მეორეც კუროს საკმარისზე მეტი აქვს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კუროს რამდენადმე აბნევს რჩეულის რომანტიული იდეალიზმი, ეს სულაც არ მეტყველებს მათ სექსუალურ შეუთავსებლობაზე. კუროს ღრმა ემოციურობა, ქალურობა და ყოფითი ურთიერთობისგან სიამოვნების მიღების უნარი მალე მიახვედრებს ვერძს, რომ სულაც არ არის აუცილებელი ბედნიერება ღრუბლებში ეძებო და რომ ხორციელი სიამოვნებაც სავსებით შესაძლებელია ბედნიერებისა და აღტაცების მომტანი იყოს.

კურო ქალს ბრწყინვალე მახსოვრობა აქვს, როდესაც საქმე მის პირად ცხოვრებას ეხება. ამიტომ თუ ვერძს გაცნობის ან ქორწინების თარიღი დაავიწყდა, უყურადღებო და გულმავიწყი ცხვარი მრისხანე საყვედურებს ვერ ასცდება.

ზოგიერთი ასტროლოგიური დახასიათებები კუროს ხშირად ინდეფერენტულ არსებად წარმოაჩენენ, რაც სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს. რა მოხდა ახლა, თუ ის ღიად არ გამოხატავს ძლიერ გრძნობებს და წვეულებებზე ყურადღების ცენტრში ყოფნა არ სურს? მისი მშვიდი სილამაზე ნაძვნარის შუაგულში მდებარე ღრმა ტბას ჰგავს, რაც აფორიაქებულ სულებს სიმშვიდესა და წონასწორობას უქადის. კუროს მაგნიტიზმი მძლავრად ეხება მამაკაცთა გულის სიმებს, ვერძისას განსაკუთრებით. მუდამ შფოთიანი და მოუსვენარი ბუნების ვერძი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ ამ მშვიდ და დაბალანსებულ ქალს(საიდუმლოდ სწორედ ამ თვისებათა მიღწევა უნდა ვერძს საკუთარ ხასიათში) შეუძლია აავსოს მისი სული გაზაფხულის სურნელით, სახლი კი სიყვარულით, რომ არაფერი ვთქვათ კუროთა კულინარულ უნარებზე. ამას გარდა, კურო მთელი ცხოვრება ღიად აღმერთებს ვერძს.

ეს გოგონა არასოდეს დაეშვება წვრილმან შენიშვნებამდე. ის არ წუწუნებს კოღოს ნაკბენსა თუ მოტეხილ ფრჩხილზე. კურო გამორჩეულად სულიერი ქალია და სულაც არ სჭირდება მასკარადის მოწყობა ამის დასამტკიცებლად. სიყვარული, პატივმოყვარეობა, გულწრფელობა და ფინანსური სტაბილურობის გარანტია-ოთხი ძირითადი გზა, რომელიც მისი გულისკენ მიდის. პირველ სამს ვერძი უპრობლემოდ უზრუნველყოფს, მაგრამ მეოთხე პუნქტის დასაკმაყოფილებლად და რჩეულის იმედების გასამართლებლად, მოუწევს ცხოვრების სტილის შეცვლა.

ვერძის შემოსავლები ხშირად არასტაბილურია, რასაც კურო წყობიდან გამოჰყავს. მოთმინებითა და მტკიცე ხასიათით ცნობილი კურო ნერვიულობას იწყებს, როდესაც მის ფინანასურ და ემოციურ სტაბილურობას საფრთხე ემუქრება. ყველა სხვა შემთხვევაში, კურო შესაშურ სიმშვიდეს ასხივებს. ეს შესანიშნავი განმტვირთავია ცხვრისთვის,რომელსაც ხშირად ემართება ნერვული თუ ემოციური აშლილობები.

თუმცა როდესაც კურო ქალს ერთერთი იშვიათი ცოფიანი შემოტევა აქვს, მის სიმშვიდეს ვულკანური მასშტაბის რისხვა ცვლის და სრულიად ივიწყებს ყოველგვარ სიფრთხილეს. ეს იმდენად იშვიათად ხდება, სერიოზულ პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს,თუ, რა თქმა უნდა, ვერძი იმდენად უგუნური არ არის, რომ ასეთ იშვიათ, მაგრამ სახიფათო მომენტებში გამარჯვებისთვის იბრძოლოს. ამ შერკინების დროს ჯობია ვერძმა დათმოს, რადგან გაშმაგებული კუროს შეჩერება მიწისძვრის აღკვეთის მცდელობის ტოლფასია.

ვერძი ქალი და კურო მამაკაცი

Ali Hewson & Bono

 

_მოემზადე, პიტერ!

ის უცნაური გამომეტყველებით იყურებოდა.

_მე ვრჩები,ვენდი.

_არა!

_კი!

კურო მამაკაცით რომანტიული გატაცება, ალბათ, ჭკუის სასწავლებელი გამოცდილება იქნება ვერძი ქალისთვის, რომელსაც მიაჩნია, რომ უძრავი წინააღმდეგობა გვერდზე უნდა მოისროლო, გადააბიჯო ან დაუმარცხებელი მარსიანული ცეცხლის ძალით გაანადგურო. თუმცა კურო სულ სხვა შემთხვევაა.

ვერძი აწვება, კურო ზის; ვერძი ექაჩება, კურო ჯიუტობს; ვერძი ითხოვს, კურო თავის თავში იკეტება. თუმცა შემდეგ ფრთხილად იჭყიტება. ურთიერთობის შენარჩუნებისათვის, მათ ხშირად უწევთ დროებით დაშორება. თუმცა შეიძლება, ყველაფერი სხვა სცენარითაც წარიმართოს:თუ ვერძი გაუღიმებს, კურო შერბილდება; თუ ვერძი დატკბება და ჩაიხუტებს, კურო გაიბადრება. ალბათ, საკმაოდ ნათლად ჩანს, რომ ამ ურთიერთობაში, პირველ ნაბიჯს, ნებისმიერი მიმართულებით, ვერძი დგამს. კურო მოპასუხეა.

ვერძის ექსტრავაგანტული ხარჯები და კუროს ეკონომიური ფინანასური პოლიტიკა ხშირად ხდება კამათის მიზეზი. კონფლიქტის წყაროა ასევე ვერძის მოთხოვნილება მძაფრი შეგრძნებებისადმი და კუროს სიყვარული სიმშვიდისა და სიმყუდროვისადმი. თუმცა გარკვეული ძალისხმევის შედეგად, თუ ისინი შეეცდებიან მოერგონ და შეეგუონ ერთმანეთის ნაკლოვანებებს, მათ შეუძლიათ ურთიერთგაგების მიღწევა.

რადგან ვერძისთვის თავისუფლება და დამოუკიდებლობა უმაღლესი კატეგორიის ფასეულობებია, კარგი იქნება თუ კურო ნაკლებად გამოავლენს ეჭვიანობას. “გამოავლენს” იმიტომ, რომ ნაკლებ ეჭვიანი ის უბრალოდ ვერ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა კუროს მძაფრად განვითარებული მესაკუთრული ინსტინქტი აქვს.

კურო საშინლად ჯიუტია და ვერავინ უარყოფს ამას. მისი ვირზე შეჯდომის საყვარელი ჩვევა, მთელი თავისი მომხიბვლელობით წარმოაჩენს თავს, თუ ვერძი ეცდება გვირილების დასაკრეფად წაათრიოს მაშინ, როდესაც კუროს ეძინება. ან ვერძი იმაზე მეტი ფინანსების ხარჯვას მოითხოვს მისგან, ვიდრე გამოიმუშავებს. ან მეგობრების გასაცნობ საღამოს უწყობს, როდესაც კურომ გადაწყვიტა, წიგნი წაიკითხოს. სხვა დროს ის, რა თქმა უნდა, სიამოვნებით გაართობს რჩეულის მეგობრებს არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით, მაგრამ სხვა დროს და არა “ახლა”,როცა უკვე სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

და მაინც კურო, რომელიც დარწმუნებულია, რომ ის უყვართ, ბევრს მოითმენს. ის მშვიდად ხვდება ვერძის შეხლა-შემოხლას მეგობრებთან, ხელმძღვანელობასთან, ნათესავებთან. იმ შემთხვევაშიც არ ეჩხუბება, თუ ვერძს ნიშნობის ბეჭედი რესტორანში, კარტოფილის პიურეში ჩაუვარდება და დანაკარგს გვიან, სახლში დაბრუნებული შენიშნავს, როცა რესტორანი უკვე დაკეტილია და ბეჭდის დაბრუნება შეუძლებელი.

გაფრთხილება: მშვიდი კურო მოთმინებით იტანს ვერძის ყოველ ენთუზიასტურ გამოხტომას, თუ ეს უკანასკნელი ხშირად და დაჟინებით არ უბიძგებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერძი კუროს რისხვას ვერ აცდება. ცხვარი, რომელსაც გამძვინვარებული ხარი არ უნახავს, არ უნდა ცდიდეს მის მოთმინებას. ეს ყველაზე სერიოზული გაფრთხილებაა, რომელსაც ვერძები არ უნდა მოეკიდონ ჩვეული ირონიით.

თუ კუროს თავაზიანად და სიყვარულით ეპყრობიან, თანაგრძნობით ეკიდებიან მის განცდებს, ის მშვიდად გადაიტანს ყველაზე შავ დღეებს თავის საყვარელ ბეკეკოსთან ერთად. მხარს დაუჭერს ყველა უბედობის ჟამს, რაც ვერძს ხშირად უდგას საკუთარი შეცდომების გამო. ვერძი მშვიდად ისვენებს კუროს ძლიერ მკლავებში, სადაც სიყვარულითა და მზრუნველობით არის გარემოცული. მართალია, კუროს კარგად არ ესმის მისი ემოციური ტრავმები, მაგრამ ყოველთვის გულწრფელად ზრუნავს საყვარელ მეორე ნახევარზე. უზრუნველყოფს საიმედო საბანკო ანგარიშებითა და მტკიცე ჭერით, არაფერს ვამბობთ საკვებით გამოტენილ მაცივარზე, რაც კუროების შემთხვევაში ყოველთვის ავტომატურად იგულისხმება. მოკლედ, კურო ძალებს არ ზოგავს, მყარი ფუნდამენტის ჩასაყრელად, რათა უღრუბლო მომავალი ააშენოს.

ვერძს ამ კავშირში იდეები და ენერგია შეაქვს. კუროს-სტაბილურობა და უსაფრთხოება. ეს ფორმულა თანაბრად ვრცელდება მათი არც ისე ურისკო ურთიერთობების როგორც ფინანასურ, ისე სექსუალურ მხარეზე. მიუხედავად იმისა, რომ კურო სიყვარულის საკითხშიც პრაქტიკულია, ის საკმაოდ მგრძნობიარე, რომანტიული და სენტიმენტალური ნატურაა. ვერძი, რომელსაც მცდარად მიაჩნია, რომ მის ხარს არც ისე ცეცხლოვნად უყვარს, როგორც თავად ისურვებდა, ფრიად განცვიფრებული დარჩება, როდესაც კუროსგან ყურადღების მოულოდნელ გამომჟავნებას წააწყდება. კურო მამაკაცები თავიანთ გრძნობებს ასე მორცხვად, მაგრამ საოცრად გულის ამაჩუყებლად ავლენენ.

მიუხედავად ამისა, ამ წყვილს წარმოექმნება პრობლემები სიყვარულის ფიზიოლოგიურ მხარესთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც პირველი მაგნიტური მიზიდულობა გადაივლის და სიახლის განცდა გაქრება. ქალი ვერძისთვის სექსი არის გონებრივი, ემოციური, ფიზიკური და სულიერი განტვირთვის საშუალება. მისთვის სექსუალური აქტივობა განისაზღვრება, როგორც მთრთოლვარე ფანტაზია,რომელსაც ძალუძს მისტიური მეთოდებით(რომელიც მხოლოდ მას ესმის)ოცნებები რეალობად აქციოს. კურო მამაკაცისთვის კი სექსი ნორმალური და ფიზიოლოგიური ფუქციაა, რომელიც მიმართულია სრულიად კონკრეტული შედეგების მისაღწევად. კერძოდ: ხორციელ-ეროტიულ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და შთამომავლობის შესაქმნელად.

ქალი ვერძი იძულებულია გამოსავალი მოუძებნოს თავის მარსიანულ სექსუალურ ენერგიას. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ბევრს ვერაფერს აღწევს, წარმოსახვითი რომანტიკა მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. კუროს კი არ უყვარს ენერგიის უსარგებლოდ ხარჯვა. ამიტომ ვერძი თანდათან ცივდება კუროს არც ისე რომანტიული სიყვარულის მიმართ. კუროს კი მისი ვარსკვლავებისკენ ფრენა აკვირვებს, რომელიც ვერძს ვნებების განხორციელებად ეჩვენება.

მათი მზის და მთვარის ნიშნებისა და ასცედენტების ჰარმონიულ შეთანხმებას ყველა განსხვავების დაბალანსება და სრული ურთიერთგაგების მიღწევა შუძლია ცხოვრების ყველა სფეროში. მაგრამ თუ სიანტრიაში მზეებს, მთვარეებსა და ასცედენტებს შორის დაძაბული ასპექტებია, ვერძს გაუჭირდება კუროს თავის საძოვარზე შენარჩუნება, თუ დიდი ძალისხმევა არ გამოიჩინა, მუდმივად სიამოვნება მიანიჭოს კუროს, რაც სავსებით არ არის დამახასიათებელი ტიპური ვერძი-ეგოისტისთვის. საყვარელი ქალის მიტოვების აუცილებლობა კუროსთვის უზარმაზარი ტკივილისა და მწუხარების მომტანია, ძალიან უჭირს და დიდხანს აჭიანურებს, მაგრამ თუ კურომ გადაწყვეტილება მიიღო, ის სამუდამოდ მიდის, გამონაკლისების გარეშე. ამიტომ ვერძმა კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ დღევანდელ თუნდაც სულ მცირე ალერსს, ხვალინდელი ზღვა ცრემლების თავიდან აცილება შეუძლია.

მიუხედავად უამრავი კონფლიქტისა, ისინი სავსებით თანხმდებიან ერთ საკითხზე: ორივე სრულ ინფორმაციას უნდა ფლობდეს საერთო და პირად ფინანსებზე. ამიტომ კუროს დამოკიდებულება ფულისადმი, რომელიც ასე განსხვავდება მისი რჩეულის ფინანსური ფილოსოფიისგან, მალე აღარ დარჩება ვერძისთვის საიდუმლოდ. თავიდან ის დაასკვნის, რომ კურო იშვიათი წუწურაქია. არც კურო დარჩება ვალში, როცა იმპულსურ მხარჯველს მფლანგველად შერაცხავს, ისევე როგორც ყველა ქალს, პრინციპში. ის მაინც ძველი ყაიდის კაცია და მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ყველა ქალი ერთნაირია.

თანდათან სულგრძელი კურო მიხვდება, რომ ცხელთავიანი ცხვრის წინდაუხედავი და უდარდელი ხარჯები მის სულიერ აღმაფრენებს უკავშირდება. ვერძი მართლაც ბევრ ფულს ხარჯავს საკუთარ თავზე, რადგან პირველ ასტროლოგიურ სახლს მართავს და განსაკუთრებულად ადარდებს გარეგნული მხარე, მაგრამ გაცილებით მეტს ფლანგავს საჩუქრებზე. ის პატარა ბავშვივით აღფთოვანებული გასცემს ყველაფერს და უზომოდ სიამოვნებს, როცა სხვების ბედნიერღიმილს ხედავს. როგორც კი კურო ვერძის ამ მოტივს გაშიფრავს, ის შეიცვლის დამოკიდებულებას მისი თავქარიანი მფლანგველობის მიმართ. ხოლო როდესაც მათი ურთიერთობა გამყარდება, შესაძლოა ვერძის იმპულსურმა ხელგაშლილობამ გააძლიეროს კიდეც კუროს მისდამი სიყვარული.

ქალი ვერძიც თანდათან მიხვდება, რომ კურო არც ისეთი მერკანტილურია, როგორ თავიდან მოეჩვენა. კურო მამაკაცს ძალიან ეშინია უსახსროდ დარჩენის და ქუჩაში აღმოჩენის. სხვის ქველმოქმედებაზე დამოკიდებულება კუროს სულს უწამლავს. სწორედ ეს ღრმად გამჯდარი შიში აიძულებს უზრუნველყოს თავისთვის და თავისიანებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო მომავალი. ვერძი იმასაც მიხვდება, რომ მისი ჯიუტი, მაგრამ კეთილი, ურყევი და კანონმორჩილი ხარის ბუნებრივად თანდაყოლილი ღირსების გრძნობა აუცილებლად მოითხოვს ფინანსურ დამოუკიდებლობასა და თავდაჯერებულობას. საჩუქრების გაკეთება და მატერიალური დახმარება(უფრო სესხის, ვიდრე ჩუქების სახით) კუროსაც არანაკლებ უყვარს, მაგრამ ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას აქვს შავი დღეებისთვის გადანახული ხელუხლებელი მარაგი. ტიპური კურო არ რისკავს თავისი კეთილდღეობით. თუ ვერძი შეეცდება კურო დაარწმუნოს, უფრო კეთილმოწყობილ ბინასა თუ სახლში გადავიდნენ და ამისთვის მომავალი დივიდენდების, საკომისიოს თუ პრემიების იმედით, ფული სხვა მიანდონ, მას სკანდალები არ ასცდება. კურო გოჯითაც არ დაიძვრება ადგილიდან, სანამ არ დარწმუნდება, რომ კონკრეტული ტვირთის ზიდვა შეუძლია. კუროს არ სჯერა დაპირებების, მისთვის ეს მხოლოდ სიტყვებია და რისი შექმნა შეიძლება სიტყვებისგან? მაგრამ თუ კურომ მოქმედება გადაწყვიტა, ის გულუხვად უწილადებს ყველას, ვინც საჭიროებს, განსაკუთრებით როდესაც საქმე მის ოჯახს, მეგობრებს ან საყვარელ ქალს ეხება.

ხანდახან კუროს სიჯიუტე ვერძს ნამდვილი სისასტიკის გამოვლინებად ეჩვენება. მაგალითად, შეიძლება კურომ ბოროტად უთხრას რამე ხალხის თანდასწრებით, თუ მას რამე აწყენინა. ვერძი მყისვე შეეცდება ბოდიში მოახდევინოს ან აღიარებინოს მაინც, რომ ძალით არ უნდოდა(რაშიც ისედაც დარწმუნებულია), მაგრამ, ბუნებრივია, ვერაფერს გახდება. დაჟინებით ან ფეხების ბაკუნით მხოლოდ იმას მიაღწევს, რომ კურო საკუთარ თავში ჩაიკეტება და სიტყვასაც ვერ დააცდენინებს. იფეთქებს კლასიკური კამათიც.

სიბრაზისგან ატირებული გოგონა უეცრად გარეთ გამორბის. „ის ყველაზე ცივი და სასტიკი ადამიანია, ვისაც კი შევხვედრივარ! ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა!“ რამდენიმე მეტრს გაირბენს(მარათონის მეტრაჟი დამოკიდებულია იმაზე, რა რაოდენობის ადრენალინი გამოიყო მის სისხლში, როდესაც უკუნ ღამეში გაბრაზებული ქუჩაში გამოკუნტრუშდა). გადაწყვეტს დაცარიელებულ კაფეში განმარტოვდეს და ეს ავბედითი საღამო კარგად გააანალიზოს, ცრემლებით გაჟღენთილი ფუნთუშებისა და ულმობელი მიჯნურის კრულვის თანხლებით…თუმცა ეს იქამდე, სანამ დინამიკებიდან მათი სიმღერა არ გაისმება, რომელიც ბედნიერ ახლო წარსულს მოაგონებს. ანგარიშს გადაიხდის, სწრაფად გამოვა და ბნელ ქუჩის კუთხეში შეჩერდება, ასე უბედური და მარტოსული. ტაქსის გაჩერების მცდელობისას, ის ბოლოსდაბოლოს მიხვდება თავის შეცდომას. თანაც გვარიანად შეშინდება. გვიანია, ტაქსი არ არის, სახლში ფეხით უნდა წავიდეს ამ შუაღამისას, უკაცრიელი ქუჩებით…მაგრამ, ერთი წუთით, ეს ვინ ელოდება მოთმინებით? ის არის! ბედნიერებით აღსავსე ვერძი გაგრილებულ თავს კუროს საიმედო მკლავებს აფარებს. ის ხომ არ წავიდა, არ მიატოვა! ყველაფერი ისევ მშვენივრადაა.

დიახ,ის არ წავიდა…ამჯერად! მაგრამ ერთხელაც მისი მოთმინების ფიალა აივსება…

თუ ვერძი ქალი ბრძნულად მოიქცევა, შეძლებს, რომ ეს ურთიერთობა განშორებისგან დაიცვას.

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top