შეთავსება: ვერძი და სასწორი

შეთავსება: ვერძი და სასწორი

ვერძი და სასწორი

(ზოგადი შეთავსება)

ისინი ფრენით მიუახლოვდნენ ნევერლენდის კუნძულს.

არა იმიტომ,რომ გზა კარგად იცოდნენ,

თითქოს კუნძული თავად გამოემართა მათ შესახვედრად.

ალბათ, სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანები ამ თავის კითხვისას, უსამართლობაში დამადანაშაულებენ, რადგან თავად ვერძი ვარ. ზოგადად, სასწორები ყოველთვის ამტკიცებენ, რომ მათ უსამართლოდ ექცევიან. შურთ ვერძებს სასწორების საოცარი სიმშვიდის, როდესაც მათი პინები წონასწორობაშია? არა. ცხოვრების კარმულ ბორბალზე ეს ორი ნიშანი ურთიერთსაპირისპიროდ არის განლაგებული და თითოეულს აკლია ის, რაც მეორეს აქვს. ყოველ შემთხვევაში, ტიპური ვერძი არასოდეს აღიარებს ხმამაღლა,რომ შურს სასწორის. თუმცა საიდუმლოდ სურს მასსავით მშვიდ წონასწორობას მიაღწიოს.

სიტყვა წონასწორობა სასწორისგან წარმოსდგება ან პირიქით. ორივე შემთხვევაში ეს სიტყვა და მზის ნიშანი დაკავშირებულნი არიან. არაფერი ისე მნიშვნელოვანი არ არის სასწორისთვის, როგორც წონასწორობა, რომლის დაკარგვის საშინლად ეშინია და მაინც, ხშირად კარგავს. ვერძს შეიძლება გულის სიღრმეში შურდეს კიდეც, როდესაც დაუფიქრებელი გადაწყვეტილების შედეგად გარდაუვალ ემოციურ ტრავმას იღებს. „სწორად მოვიქეცი? კი უნდა მეთქვა თუ არა?“ და ეს მას შემდეგ, როცა უკვე არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება. მერწმუნეთ, ვერძის პოსტ ფაქტუმ მერყეობა უფრო მტკივნეულია, ვიდრე პრე ფაქტუმ მსჯელობა, როგორ მოიქცეს და რა გადაწყვიტოს, რისგანაც იტანჯება სასწორი.

არავინ არის ისეთი მომხიბვლელი, ჭკვიანი და ოპტიმისტი, როგორც გაწონასწორებული სასწორი. ისინი ფლობენ უნიკალურ უნარს ჰარმონიულად შეუთავსონ ერთმანეთს განსხვავებული ადამიანების ჯგუფები და თავიდან აიცილონ ნებისმიერი კამათი, ცხადია, თუ თავად არ არიან ჩართულნი. ვერძის ნიშნის ქალებიცა და მამაკაცებიც პატივს სცემენ და აღფრთოვანებულნი არიან სასწორთა ამ სიკეთით, რომელიც თავად აკლიათ. მაგრამ ვერძიც ასეთივე ოპოზიციური მზის ნიშანია სასწორისთვის და ვენერიელებიც პატივს უნდა სცემდნენ მარსიანელებს. ბრძანებასავით ჟღერს? ერთ-ერთი ყველაზე მძაფრად თვალშისაცემი განსხვავება ამ ორ ოპოზიციურ ნიშანს შორის სწორედ ის არის, რომ ვერძის მიერ წარმოთქმულ ყველაზე უბრალო, მტკიცებით წინადადებასაც კი მოთხოვნის ტონი აქვს, მის სრულიად უბოროტო კითხვას-დაკითხვის ხასიათი. მეორეს მხრივ (და ჩვენ ორივე მხრიდან უნდა შევხედოთ სიტუაციას, რადგან საქმე სასწორთან გვაქვს), როდესაც სასწორი სვამს კითხვას ან აზრს გამოთქვამს, ის სრულიად განგაირაღებთ და თავს დაუცველად გაგრძნობინებთ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას კითხულობს ის. მაგალითად: “რატომ ხარ ასეთი უზრდელი?“ —ან აღნიშნავენ, რომ „თქვენი საქციელი თქვენს გაუზრდელობაზე მეტყველებს“. სასწორები საუბრობენ რბილად, ალერსიანად, თითქოს ნეკერჩხლის სიროფში ახვევს თანამოსაუბრეს. აი, როგორ ახერხებენ სასწორები ვერძებთან საათობით კამათს და ისეთი შთაბეჭდილების შექმნას, რომ ვერძები გაუგონრად უხეშები და აუტანლები არიან. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ სასწორებს შორის მრავლად შეხვდებით იურისტებს, რომელთაც სასამართლოში ნებისმიერი სიტყვიერი პაექრობის მოგება შეუძლიათ. თუ სასწორ იურისტებს მკაცრი მოსამართლის გაბრიყვება და მიუკერძოებელ მსაჯულთა უმეტესობის მიმხრობა ხელეწიფებათ, შეგიძლიათ წარმოიდგინეთ რა ხდება, როდესაც ისინი იმპულსურ და დაუფიქრებელ ვერძს მენტალურად უპირისპირდებიან?

შესაძლოა სასწორმა ვერძი წინდაუხედაობაში დაადანაშაულოს და უთხრას, რომ ასეთი სისწრაფით სერიოზულ გადაწყვეტილებებს არ იღებენ და არც თავით იჭრებიან წინ, მოსალოდნელ სავალალო შედეგებზე დაუფიქრებლად. სასწორებს არც თავიანთი მშვენიერი სიმბოლოს, ქალბატონი მართლმსაჯულების მოხსენიება გამორჩებათ. მაშინ ვერძი აღშფოთდება: „ჰო, მაგრამ მას თვალები ახვეული აქვს, როგორ შეიძლება ბრმად გაარჩიო სიმართლე სიცრუისგან?“ სასწორი მშვიდად განუმარტავს, რომ თვალსახვევი მიუკერძოებლობას ემსახურება. შემდეგ ვერძი ჰკითხავს, სმენია თუ არა ისტორია ვირზე, რომელიც შიმშილისგან მოკვდა იმიტომ, რომ ვერ გადაწყვიტა სამყურების რომელი მინდვრიდან დაეწყო ბალახის ძოვა. სასწორს გაეღიმება და რადგან ვერძზე ვენერას კლასიკური აურა ძლიერად ზემოქმედებს, ცეცხლის ალი ჩაქრება. კეთილგანწყობილი და გახსნილი ვერძი დიდხანს ვერ უწევს წინააღმდეგობას ღიმილსა და კეთილ სიტყვებს. ამასთან, ვერძი ძალიან მიამიტია და ვერც კი ეჭვობს, რომ სასწორები თავინთ მომხიბვლელობას იარაღად იყენებენ… და ისინი ზუსტად ამას აკეთებენ. მათი ურთიერთობის დროს სასწორი ყოველთვის ცივი და უძრავია. მაგრამ როდესაც ვერძის აგრესიულობა აუტანელი ხდება, ეს რბილი პიროვნებები შეიძლება განრისხდნენ.

სასწორები ინსტინქტურად თავს არიდებენ შეტაკებებს, მაგრამ მხოლოდ საკუთარი ძვირფასი სიმშვიდისთვის. თუ იგრძნეს, რომ სერიოზული საფრთხე ემუქრებათ, მოქმედებას იწყებენ და როგორც წესი, გაბედულად. ჩხუბი რომ თავიდან აიცილონ, ვერძებს მოუწევთ შეიგნონ და მიიღონ სასწორების ლოგიკა. მართალია, ვერძები პატივს სცემენ საპირისპირო მზის ნიშანს, მაგრამ არც ისე დიდი ხალისით ისმენენ და მით უმეტეს, ითვალისწინებენ მათ შეხედულელებსა და რჩევებს. ვერძი აცნობიერებს, რომ სასწორი სამართლიანი, ლოგიკური და ნათელი გონების პატრონია, რომელიც თითქმის ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, მაგრამ სანამ სასწორი ამ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ვერძი შეიძლება ჭკუიდან შეიშალოს. თავად სიტყვა „გადაწყვეტილება“ სასწორში პანიკურ შიშს იწვევს. ვერძი სულ სხვაგვარად იქცევა -გადაწყვეტილებაა მისაღები? კეთილი და პატიოსანი, ააგდე მონეტა ან უბრალოდ ის გააკეთე, რაც ინსტინქტურად სწორად მიგაჩნია, შემდეგ ყველაფერი დაივიწყე. ასეთი დევიზით ხელმძღვანელობს ვერძი, როდესაც, ვთქვათ, სადმე თავით ყვინთავს. თუ წყალსაცავი პატარაა, შუბლზე გვარიან კოპს დაისვამს, მაგრამ რა მოხდა მერე? პლასტირს დაიკრავს და გზას გააგრძელებს.

განა ეს იმას ნიშნავს, რომ ვერძი ალტერნატიული გზის პოტენციურ სიკეთეებს ვერ ხედავს და უფრო უსაფრთხო გზას ვერ ამჩნევს? არა, მისთვის უბრალოდ საინტერესოა აქაც და იქაც, ამიტომ სწრაფად გადაკუნტრუშდება მარჯვნივ და მარცხნივაც, რომ ნახოს, სად რა ხდება. სწორედ ეს თვისება აღაფრთოვანებს სასწორებს საპირისპირო ნიშანში.

თუ თქვენ ადამიანთა ასტროლოგიური ცნობიერების შემოწმება გინდათ, ჰკითხეთ ამ ორი ნიშნისგან რომელს უფრო დესტრუქციული ხასიათი აქვს და სანამ თავად უპასუხებთ, კარგად დაფიქრდით. სასწორი ჰაერია, ვერძი -ცეცხლი. ცეცხლი ჰაერზე მეტად ცვალებადი და მძვინვარეა, მაგრამ სასწორი მთავარი ჰაერის ნიშანია და ე.ი. ვერძიც მთავარი ცეცხლია, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ ბუნებაში ჰაერი არც ისეთი უვნებელი ელემენტია, როგორც ჩანს. თუ ჰაერი აგრესიული ხდება? განა გინახავთ როდესმე მშვიდი და რბილი გრიგალი, ქარბუქი ან ქარიშხალი? ასევე გაიხსენეთ, რომ ჰაერის მთავარი შემადგენელი ნივთიერება აზოტია, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება დიდი აფეთქებები. მაშ ასე, კვლავ გეკითხებით, რომელს უფრო დამანგრეველი ხასიათი აქვს? ვერძს თუ სასწორს? წიგნების უმეტესობა, იმაზე დაყრდნობით, რომ სასწორს ვენერა მართავს, მათ რბილ, მშვიდობიან და საყვარელ არსებებად აღწერენ. და მართლაც, ასეთები არიან… გარკვეული დროით. მაგრამ არ ღირს მათი გაბრაზება.

უნდა ვაღიაროთ, რომ სასწორთა დადებითი თვისებების მიბაძვით, ვერძს ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია. ისინი ხშირად კამათობენ, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, სასწორი იმ მიზნით კამათობს, რომ გაიმარჯვოს და საბოლოო სიმშვიდე დაამყაროს. ვერძი კი იმისთვის, რომ გაიმარჯვოს და დაამტკიცოს, რომ მართალია (იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ასე არ არის) და მარსის ძლიერი ეგო დაიკმაყოფილოს.

ოპოზიციური ნიშნების კავშირი, 7-7 სქემით, ყოველთვის სასარგებლოა ორივე ნიშნისთვის. თუმცა თუ მათ პირად ჰოროსკოპებში მზე-მთვარეების უარყოფითი ასპექტებია, ხანგრძლივი კონფლიქტური პერიოდები გარდაუვალია. მნათობთა შორის ჰარმონიულ ასპექტები სასწორებს აზრებისა და ქმედებების თავისუფლებას ანიჭებს, რაც დადებითად მოქმედებს ვერძის თავმოყვარეობაზე. ტიპური სასწორები ვერძებს რბილად ექცევიან, რაც ხელს უწყობს მარსის ყველაზე დადებითი თვისებების გამოვლენას. იმის ნაცვლად, რომ იძულებით მოაქციონ ვერძი შაბლონური ქცევის წესების ჩარჩოებში, სასწორები მათ ინდივიდუალობას აღიარებენ და სათანადო პატივსაც მიაგებენ.

ოპოზიუციური ნიშნის მიბაძვის ინტინქტური მიდრეკილებით, ვერძი ხშირად აღმოაჩენს, რომ მეგობარ, ნათესავ, თანამშომელ თუ შეყვარებულ სასწორთან ურთიერთობა სულაც არ ხელჰყოფს მარსის გამბედაობას და ხელს არ უშლის მის აქტიურობას. პირიქით, ის უფრო მომთმენი და დაბალანსებული ხდება. მეორეს მხრივ, სასწორის გაუბედაობა თანდათან ქრება და ისინი უფრო მტკიცედ მიიწევენ წინ, საერთო მიზნისკენ.

ექვსივე ოპოზიციური ნიშნების შემთხვევაში, 7-7 სქემა უკეთესად მუშაობს საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში. თუ ვერძი და სასწორი ერთი სქესის წარმომადგენლები არიან, პერიოდულად წარმოექმნებათ შური და ქიშპობის სურვილი.

ვერძი უნდა ეცადოს, შეიგნოს, რომ სასწორებისთვის აუცილებელია ენერგიის შენარჩუნება, ამიტომაც არ სურს ენერგიის გაფლანგვა უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, რასაც ხშირად აკეთებს ვერძი, მარსის გავლენით. ენერგიის დაზოგვა სასწორს ფიზიკური და ემოციური წონასწორობის შესანარჩუნებლად სჭირდება და მისი მშვიდი ქცევები არ არის განპირობებული სიზარმაცით, როგორც ვერძს ჰგონია.

როდესაც ვერძი გულწრფელად ცდილობს საღად შეაფასოს მათი უთანხმოებები, სასწორმა სიყვარულითა და მადლიერებით უნდა დაუფასოს ეს მცდელობა, რაც ერთი ათად ზრდის ვერძის სულიერ განწყობას. სასწორები უფრო სასიამოვნო და ბედნიერები იქნებიან, ვიდრე ბუზღუნა და კაპრიზულები, თუ ვერძები მაქსიმალურად მართლები იქნებიან მათთან დამოკიდებულებაში.

ვერძი მამაკაცი და სასწორი ქალი

-არ გავაღებ,სანამ არ იტყვი ვინ ხარ.

-გამიღე,პიტერ. -ლინი იყო.

კარი მყისვე გაიღო.

ჩვეულებრივ, სასწორს არ უჭირს ვერძის დარწმუნება, გულის კარი გაუღოს. ის პლასტელინია მის ნაზ ხელებში, ვერძი კი, როგორც მოგეხსენებათ, არავის ხელში არ არის ასეთი. ვერძი რკინისა და ფოლადისგან არის შექმნილი. მაგრამ სასწორთან თოვლის ფიფქივით დნება და სრულიად უძლურია მისი ხიბლის წინაშე. გარდა ამისა, სასწორი ყოველთვის ხოტბას ასხამს მის ღირსებებს, რომელთაც სხვები, როგორც ვერძს ეჩვენება, აიგნორებენ. ვერძს უჭირს წინააღმდეგობის გაწევა მისი სექსუალური მომხიბვლელობისთვისაც (თუმცა ეს თავიდან, როდესაც არანაირი სიურპრიზები არ ჩანს). გარდა ამისა, ის შეიძლება ლამაზიც არის, როგორც სასწორ ქალთა უმეტესობა, მისი ღიმილიც თვალისმომჭრელია. ვერძი მამაკაცი კი გიჟდება, როდესაც ყველასთვის საოცნებო მეგობარი ქალი ან ცოლი ჰყავს. ის უნდა ამაყობდეს და ტრაბახობდეს საყვარელი ქალით. ვერძს სურს, რომ მისი ქალი სხვებზე უკეთესი და ლამაზი იყოს, რათა ყველასთვის გასაგები გახდეს, რომ პირველი პრიზი აიღო სიყვარულის დღესასწაულზე. არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ ვერძმა პირველობის სურვილი დედის რძესთან ერთად შეისრუტა და ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი. სასწორი, შეიძლება სხვა ქალებზე მაღალი იყოს, უფრო ეფექტური, უფრო მომხიბვლელი, მშვენიერი სხეულიც ჰქონდეს და ა.შ., მოკლედ, ის მარსის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს და მათი სიყვარულის დასაწყისი სრულიად უღრუბლო იქნება.

მაგრამ მოგვიანებით, სასწორი ქალი ხშირად დაკარგავს წონასწორობას, რადგან ყოველ დღე ნერვოზის ზღვარზე მოუწევს ყოფნა, როდესაც ვერძი მუდმივად აიძულებს სწრაფად და დაუფიქრებლად იმოქმედოს. ამის გამო, მათ ურთიერთობაში ხშირად დგება არამდგრადი პერიოდები, როდესაც ურთიერთობა დაშლის პირას მიდის. ვერძი მამაკაცი მოითხოვს, რომ ყველაფერი დაუყოვლებლივ შესრულდეს, გუშინაც კი მზად უნდა ყოფილიყო და ეს იმ შემთხვევაშიც, თუ იმ წუთას გადაწყვიტა, რა სჭირდება. „დღეს გინდა, საყვარელო, თუ შემიძლია ხვალ გავაკეთო?“ყოველთვის კითხულობს სასწორი, იქნება ეს მისი საყვარელი სვიტერის ქიმწმენდაში ჩაბარება თუ უბის წიგნაკის კიდევ ერთ ეგზემპლარად გადაწერა, ყოველი შემთხვევისთვის, თუ სადმე დაეკარგა. ვერძი სულ რაღაცას კარგავს. „დღეს, ახლავე!“ უპასუხებს ვერძი. ხვალ რომ უნდოდეს, ხვალ სთხოვდა. რა არის ამაში გაუგებარი? მარსის ასეთი არათანმიმდევრული და სულსწრაფი აზროვნება აფორიაქებს სასწორის დელიკატურ სულს. მან შეიძლება მორიდებით იკითხოს: “უფრო კეთილგონივრული ხომ არ იქნება წინასწარ დავგეგმოთ საქმეები ხვალინდელი დღისთვის?“, რაზეც პასუხად მოისმენს ყვირილს:“ნუ მეკამათები! მხოლოდ ის გააკეთე, რასაც გეუბნები, გთხოვ“. „გთხოვ“ იქნება იმ შემთხვევაში თუ ვერძის მთვარე ან ასცედენტი უფრო რბილ ნიშანშია, თუ არა, ის უბრალოდ ბრძანებას გასცემს და საერთოდ არც დაფიქრდება, რომ ეგოისტურად იქცევა.

მე ვიცნობ ერთ სასწორ ქალს, რომელმაც თავის ქმარ ვერძს დაბადების დღეზე საკუთარი ხელით გაკეთებული საჩუქარი აჩუქა. ეს იყო მარსიანული შეფერილობის, ცეცხლოვანი წითელი ხავერდისა და ატლასის კომპოზიცია, ამოქარგული სიტყვებით: “ღმერთო მიბოძე მოთმინება… ახლავე!“ მისი ქმარი აღფთოვანებული იყო. ეს ტიპური ვერძის ერთერთი საუკეთესო თვისებაა, გაიცინოს საკუთარ ნაკლზე და არასოდეს გაბრაზდეს, თუ ამაზე რბილად, მკაცრი კრიტიკის გარეშე მიუთითებენ. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მითითებები მუდმივად სჭირდება.

მას შემდეგ რაც ვერძი აღიარებს, რამდენად ეგოისტია, თავს დამნაშავედ იგრძნობს, შერცხვება, ბოდიშს მოიხდის; პირობას დადებს, რომ ასე აღარასოდეს მოიქცევა და იგივეს გააკეთებს კიდევ და კიდევ და კიდევ. ტიპური ვერძისთვის მობოდიშება არ წარმოადგენს დიდ სირთულეს. ესეც ერთერთი სასიამოვნო თავისებურებაა. ვერძი მარტივად აღიარებს შეცდომას და აცნობიერებს საკუთარ ბრალს, მაგრამ მავნე ჩვევებს არ ღალატობს. მიუხედავად ამისა, საკუთარი შეცდომების აღიარების უნარი და მათი გამოსწორების მცდელობა მაინც არაჩვეულებრივად კარგი თვისებაა და სათანადო დაფასებას მოითხოვს. ის ცდილობს. ყოველთვის წარმატებით არ გამოსდის, მაგრამ ხომ ცდილობს? ღმერთია მოწამე, რომ ცდილობს.

სასწორიც მარტივად იხდის ბოდიშს, ხშირად ზედმეტადაც, როდესაც თავისით შეიძლება დაასკვნას, რომ მისი სიტყვები და საქციელი არასწორი იყო. ის ნერვიულობს, რომ შეიძლება ვერძს აწყენინოს და ცდილობს გრაციოზულად გამოისყიდოს თავისი დანაშაული. ამის კეთება ხშირად მოუწევს, რადგან ვერძი ზემგრძნობიარეა. მას სურს ყველას უყვარდეს: ოჯახს, მეგობრებს, უცნობ ადამიანებსაც კი და რა თქმა უნდა, მის საკუთარ ქალს. ვერძი თავის რჩეულსაც ისეთივე აღმატებული იდეალიზმით აღიქვამს, როგორც ყველაფერს ცხოვრებაში. მას მიაჩნია, რომ ის განსაკუთრებული, არაჩვეულებრივი და ბედის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რომელიც შობის დილას იპოვა. ვერძი მამაკაცი შეიძლება თავად ვერც კი ხვებოდეს, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავზეა კონცენტრირებული. სასწორი ნელნელა მიხვდება ამას, მაგრამ სანამ ეს მოხდება, ვენერას ნაზი სული არაერთხელ იქნება შეურაცხყოფილი. სასწორი თავისი ლოგიკითა და დარწმუნების უნარით შეეცდება შეაგნებინოს, რომ შეუძლებელია ყველას უყვარდეს დედამიწის ზურგზე, მაგრამ ვერძი ამას ერთ ყურშიც არ შეუშვებს, ისე გაატარებს. ვერძისთვის ნამდვილი თავსატეხია, რატომ არ არინ მისი მტრები მისით აღფრთოვანებულნი. ის ხომ არასოდეს იხსენებს რა თქვა და რა გააკეთა, რითაც განარისხა ისინი. ხომ შეეძლოთ მიმხვდარიყვნენ, რომ არავის წყენა არ უნდოდა, უბრალოდ ამტკიცებდა რომ მართალი იყო. თავს იცავდა და მეტი არაფერი. რატომ ვერ ხვდებიან ეს ადამიანები, რომ ნანობს დაუფიქრებლად წამოსროლილ სიტყვებს და ბრაზმაც უკვე დიდი ხანია გადაურა? ვერძს მიაჩნია, რომ სხვებიც ისევე სწრაფად ივიწყებენ წყენას, როგორც თვითონ. მას ყოველთვის გული ტკივა, როდესაც ებუტებიან ან მუდმივად წამოაძახებენ იმ სიტყვებს და საქციელს, რომელიც მან უკვე დაივიწყა. მისი დღევანდელი მტრები, ხვალინდელი უახლოესი მეგობრები არიან.

გაბრაზებულმა ვერძმა შეიძლება სახლში შემოირბინოს იმ იმედით, რომ სასწორი მის რისხვას გაიზიარებს. სასწორი შეეცდება საღად გაანალიზოს მომხდარი და მისი მოწინააღმდეგეების პოზიცია გამოიკითხოს, შემდეგ რბილად მიუთითებს შეყვარებულს თუ ქმარს, რომ შეიძლება სულ მართალიც არ იყო, მაშინ ვერძი მასაც დაეტაკება და მუხანათობაში დაადანაშაულებს. სასწორს ის არ უყვარს! რომ უყვარდეს, მის მხარეს დაიჭერდა და არ დაიცავდა მის მტრებს! ვერძს არ აინტერესებს სასწორის სამართლიანობა -ერთადერთი სწორი პოზიცია მისია! და მართლა რომ ანგარიშს უწევდეს სასწორი, ამას აუცილებლად დაინახავდა. სანამ გაბრაზებულ ვერძს თავი უხურს, ის ვერაფერზე ვერ მსჯელობს ობიექტურად. მომდევნო დღეს ნამდვილი ბატკანი იქნება, სიფიცხესაც აღიარებს და დანაშაულის გამოსყიდვას ეცდება. აი, ახლა მართლა შეუძლია სასწორს პირდაპირ უთხრას, რომ არ იყო მართალი, რადგან ვერძმა უკვე თვითონ გააცნობიერა ეს ფაქტი. მაგრამ მანამდე -არავითარ შემთხვევაში!

ვენერით მართულ ქალებს ბუნებრივად ეხერხებათ უკონფლიქტოდ წარმართონ დელიკატური სიტუაციები, რომელსაც უხვად ქმნის ვერძი. ის ნაზია, ქალური, ლოგიკური და ჭკვიანი. მაგრამ სასწორი მამაკაცური ნიშანია და თუ ჩათვალა რომ სრულიად უსამართლოდ ექცევიან, ერთხელაც ის დაუპირისპირდება ვერძს. თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს ვერძს შეცვლის. ის კარს გაიჯახუნებს და წავა ან გაბრაზებული გაიბუსხება კუთხეში, სრულიად დარწმუნებული, რომ სასწორი მას ვერ იტანს. ჯობია სასწორმა არ აჩვენოს რკინის ხელი ხავერდის ხელთათმანში. ვერძი მალე იგრძნობს, რომ მას მართავენ. გარკვეული დრო ნებასაც კი დართავს, მაგრამ საკმარისია აღმოაჩინოს, რომ სასწორი მის ჩარჩოში ჩასმას ცდილობს, ან გაკერპდება ან სასტიკად განრისხდება, ხანდახან ერთიცა და მეორეც. არავის აქვს უფლება მიუთითოს, რა უნდა აკეთოს, ის თვითონ არის საკუთარი თავის ბატონი! იმ შემთხვევაშიც თუ ვერძი თავად აპირებს რამის გაკეთებას და გაიფიქრა, რომ სასწორსაც ზუსტად ეს უნდა, მყისვე უარს იტყვის საკუთარ გეგმებზე. ყველაფერი იმიტომ, რომ ვერძი ვერ იტანს იმის კეთებას, რასაც სხვა სთავაზობს,განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ღიად სთავაზობენ.

ის, რომ სასწორ ქალს კამათი და ყველა გადაწყვეტილების თუ სიტუაციის გაანალიზება-განხილვა უყვარს, ვერ შეაჩერებს ვერძ მამაკაცს. ის ამ თვისებაში უკუქმედებას, გამოწვევას ხედავს, მაგრამ სინამდვილეში ვერძი მოწყენილობისგან მოკვდებოდა ისეთ ქალთან, რომელსაც მისგან თავდაცვა არ შეუძლია. მისი მარსიანული ენერგია ბრძოლის მოლოდინში აქტიურდება და მნიშნველობა არ აქვს რაზე კამათობენ ისინი, რომელ ფილმს უყურონ თუ რომელი მანქანა იყიდონ. ვერძმა უნდა გაიმარჯვოს ამ კამათში. იოტისოდენადაც არ დათმობს, სანამ არ დარწმუნდება, რომ გაიმარჯვა (ან სანამ მისი ჭკვიანი მიჯნური არ დაუთმობს და მოაგებინებს). აი, მაშინ ვერძი ამაყი, კმაყოფილი და ბედნიერია. სასწორს კი ისეთი სიყვარული, ვნებები და სინაზე ელოდება, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს.

ამ მამაკაცის წარმოდგენაში სექსი მჭიდროდ დაკავშირებულია მის უნიკალურ შესაძლებლობასთან -იყოს ყველგან და ყველაფერში პირველი; საყვარელი ქალის წინაშე წარსდგეს, როგორც გამარჯვებული. მას პატივს უნდა სცემდნენ, უყვარდეთ, ყველაფერში დაეთანხმონ და მისით აღფრთოვანდნენ. მაშინ ვერძი მთელი ღირსებით წარმოაჩენს მარსის ძალას. თუ თავს უარყოფილად გრძნობს, ის ყინულად იქცევა და ეს უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე ვერძთა მწველი ალები. მათი სექსუალური კავშირი უჩვეულოდ მყარი და სრულქმნილია. სასწორის ქალურობა და ვერძის მამაკაცურობა მშვენივრად ერწყმის ერთმანეთს იქამდე, სანამ სასწორი მათ ინტიმურ ცხოვრებაში თავის მამაკაცურ ნახევარს რთავს. მაგალითად, როცა ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი სექსუალური უნარები სულაც არ ჩამოუვარდება ვერძისას. ვერძი ლიდერი უნდა იყოს ინტიმური სიახლოვისას, პრინციპში ისევე როგორც ყველა სხვა სფეროში. თუ სასწორი ამის საშუალებას მისცემს და მასთან გათანასწორების იდეას თავიდან ამოიგდეს, ვერძი ყველაზე მგრძნობიარე, რომანტიული, სენტიმენტალური, მოსიყვარულე და ვნებიანი საყვარელი იქნება, რომლის წარმოდგენაც მას შეუძლია. მაგრამ თუ სასწორი მის თავდაჯერებას შეეხება, ის შეიძლება მომთხოვნ ტირანადაც გადაიქცეს. ალბათ, ასე არც მოხდება, თუ სასწორის მთვარე ან ასცედენტი ქალწულის, მშვილდოსნის, კირჩხიბის ან თხის რქის ნიშანში არ იმყოფება. მართალია, მათ პოლარულად საწინააღდეგო ხასიათები აქვთ, მაგრამ მარსიანელი მამაკაცისა და ვენერიელი ქალის ურთიერთობა ყველაზე დახვეწილი ფორმას იღებს. ვენერასა და მარსს დასაბამიდან უყვარდათ ერთმანეთი, მაშინაც კი როცა სიყვარულის ქალღმერთი იუპიტერზე იყო გათხოვილი. წაიკითხეთ ბერძნული მითოლოგია. ეს დაგეხმარებათ უკეთესად გაიცნოთ მზის ნიშნები.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ვერძს კლდის ქიმებზე კუნტრუში უყვარს, ვენერას შვილი კი მერყევი ოქროს პინების არასტაბილურ სამყაროში ცხოვრობს, სადაც სულ მცირე სიომ შეიძლება წონასწორობა და მასთან ერთად სიმშვიდე და ჰარმონია დააკარგვინოს, ამ ორს საოცარი წარმატებით შეუძლია განსხვავებული თვისებების შერწყმა. სასწორი ვერძის დახმარებით მათრობელ თავისუფლებასა და აქტიურ გონებრივ მდგომარეობას მიაღწევს. ვერძი კი სიამოვნებით ისეირნებს, ზანზალაკებითა და მოფარფატე პეპლებით მორთულ, სასწორის გრილ ტყეში.

სასწორი ქალი ძალიან ქალურია. ბევრ კაცს არ შეუძლია ისეთი ძლევამოსილი შერწყმის დაჯაბნა, როგორიცაა მამაკაცური გამბედაობა და ნაზი დახვეწილობა. მაგრამ ვერძი ყოველთვის ყველანაირ გამოწვევას იღებს და იმარჯვებს. სასწორის გამოწვევები კი გამარჯვებულს ძვირფასს ჯილდოს ჰპირდება. ყველა მამაკაცი დიდი ბავშვია, მაგრამ ვერძი განსაკუთრებით. წმინდად გარეგნულად მასში ვერაფერ ბავშვურს ვერ აღმოაჩენთ. ის ძლიერი და მტკიცეა -ტიპური მამრი. მხოლოდ მეოცნების აურით შეიძლება მიხვდეთ, რას წარმოადგენს ვერძი სინამდვილეში. თუ სასწორი ვენერას მომხიბვლელობასა და მოთმინებას გამოიყენებს, ის უდაოდ შეძლებს ვერძის ულევი ენერგია და მგზნებარე სწრაფვა ერთი ღირებული მიზნისკენ მიმართოს და სიკეთისთვის მებრძოლი დიადი მეომრად აქციოს. ორივე ნიშანს თანდაყოლილი კეთილმოწყალების გრძნობა აქვს და საშინლად აღიზიანებს უსამართლობა.

ძირითადი სირთულე ის არის, რომ ორივე ლიდერობის კარდინალური ჯვრის ნიშანია. ასეთი შეთავსება ვერასოდეს გახდება კავშირი, თუ მათ შორის მუდმივად პირველობისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. მათ უნდა ისწავლონ გვერდიგვერდ სიარული. ეს ერთადერთი საშუალებაა ერთმანეთის გულებისკენ მიმავალი გზები გამონახონ.

ვერძი ქალი და სასწორი მამაკაცი 

-ვენდი, -აგრძელებდა პიტერი, -ერთი გოგოსგან უფრო მეტი ხეირია, ვიდრე ოცი ბიჭისგან.  

ვენდიმ პლედის ქვეშიდან გამოიჭყიტა:

-მართლა ასე ფიქრობ,პიტერ?

-აჰა.

-რა კარგი ხარ! მაშინ ისევ ავდგები.

როგორც უკვე აღინიშნა, ვერძი და სასწორი ურთიერთსაპირისპიროდ დგანან ცხოვრების კარმულ ბორბალზე. ასტროლოგიური წესი ასეთია -თუ ოპოზიციური ნიშნების საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ძლიერ იზიდავთ ერთმანეთი, როგორც წესი, რთულია ურთიერთობა ამ ნიშნის თქვენივე სქესის ადამიანთან. აქედან გამომდინარე, თითქოს ვერძი ქალი და სასწორი მამაკაცი უნდა იყვნენ ის წყვილი, ვინც მთელ ცხოვრებას ბედნიერებაში გაატარებს.

სასწორები ბუნებით ისედაც მარად შეყვარებული მიჯნურები არიან მთელი ცხოვრება (მიუხედავად იმისა, ჰყავთ შეყვარებული თუ არა). ასტროლოგები ფუჭად ხარჯავენ დროსა და ენერგიას, როდესაც ქალებს მათ საბედისწერო მომხიბვლელობაზე აფრთხილებენ. სასწორი 13 წლიდან, ან უფრო ადრეც, პოპულარობითა და წარმატებით სარგებლობს გოგონებში. მათ პირფერობას თავისი საფირმო ღიმილით პასუხობს, რადგან კარგად აცნობიერებს იმ მადლს, რომელიც ვენერამ დაბადებისას დაანათლა. მაგრამ იმდენს ვერ ხვდება, რომ მთელი მისი მომხიბვლელობა შეიძლება წყევლად შეუტრიალდეს, როდესაც ვერძ ქალთან ურთიერთობაში ჩაებმება. დიახ, დიახ, ვერძთან ურთიერთობას არავინ ინარჩუნებს, მასთან ურთიერთობაში სწორედაც რომ ებმებიან.

ვერძი ქალი, რომელიც მუდამ კუდში დასდევს მას, სადაც არ უნდა წავიდეს, შეიძლება საყვარელი ბატკნისგან ცეცხლისმფრქვეველ დრაკონად გადაიქცეს, რომელშიც ირაციონალური მარსიანული ეჭვიანობა ბობოქრობს. და მაინც, სანამ სასწორი ვერძს მიატოვებს, იმ მიზეზით, რომ ის მის მხიარულ ცხოვრებას ხელს უშლის, მამაკაცი სასწორი სიტყვა „სიყვარულს“ ჩაუფიქრდება. შეიყვაროს სიყვარულისთვის და დაქორწინდეს ქორწინებისთვის -სასწორის ტიპური შეცდომებია. მისი სატრფო შეიძლება საყვარელი და სასურველი ქალი იყოს, მაგრამ თუ საკმარისად გონებამახვილი არ არის, რომ სასწორს ეკამათოს, მისი ბრწყინვალე ტვინი ჟანგით დაიფარება. ვერძთან ასეთი საფრთხე არ ემუქრება. მათი ინტელექტუალური პაექრობები რამდენიმე ცხოვრებაც საკმარისზე მეტია.

როდესაც სასწორი მამაკაცი ნერვიულობას იწყებს, დაკარგულ სილაღეს მისტირის, აწყვეტას და თავისუფლებისკენ გაჭრას ლამობს, სადაც ამდენი მაცდური ქალია, ვერძი მორიდებით არ ჰკითხავს, სად და რატომ მიდის. ის პირდაპირ ყვირილით გააჟღერებს კითხვას: “საით გაგიწევია?“ კარგი იქნებოდა, ვერძს რისხვა დაეოკებინა, რომელიც სასწორს იმდენად დააფრთხობს, კისრისტეხით მოკურცხლავს და ჩემოდნის წაღებაც დაავიწყდება. ვერძი უთუოდ გამარჯვებდა, სასწორის იარაღის, ლოგიკისთვის რომ მიემართა: “იფიქრე, საყვარელო. სიცოცხლე უფრო მეტია ვიდრე ღვინის ბაკალის, ქალებისა და მუსიკის თანხლებით გატარებული ხანგრძლივი საღამო. როცა ღვინო დაილევა, მხოლოდ ცარიელი ბოთლი შეგრჩება და დღესასწაულიც დასრულდება. რა თქმა უნდა, ბოთლის შევსება ისევ შეიძლება, არა? შენი სიყვარულის უნარი მართლა ულევია?.. მაგრამ რატომ არ მიმართავ შენს რომანტიულ უნარებს სხვა კალაპოტში, მაგალითად, ლიტერატურის, მუსიკის ან ხელოვნებისკენ? მე დაგეხმარებოდი. ჩემი გონებაც არანაკლებ ნათელია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სხეულები განსხვავდება. შენ ხომ მამაკაცი ხარ და მე ქალი“. ბოლო წინადადების შეხსენება აუცილებელია. როდესაც სასწორ მამაკაცს აიძულებენ სქესთა განსხვავებაზე დაფიქრდეს, ის სრულიად უმწეო ხდება. თუმცა, სავარაუდოდ, ტიპური ვერძი ქალი არ დაუგდებს ყურს ამ რჩევას და კიდევ უფრო გამძვინვარებული დაუღრიალებს: “წაეთრიე! საერთოდ ვის სჭირდები?!“ გარეთ გაუძახებს, კარს ცხვირწინ მიუჯახუნებს, მის დისკებსა და აბაზანის ფუმფულა ხალათს ფანჯრიდან მოისვრის და შემდეგ მთელ ღამეს ცხარე ცრემლებით იზლუქუნებს ბრაზისა და სინანულისგან. მაგრამ ჩემი რჩევა: სასწორებთან წარმატებული ურთიერთობის ერთადერთი სწორი საშუალება სიმართლე, ლოგიკა და გონიერებაა.

ვერძისა და სასწორის ურთიერთობაში, ცეცხლისა და ჰაერის ამ შეთავსებით, იმდენი პოზიტიური ელემენტია, რომ მათთვის უბრალოდ სირცხვილია დროის კონფლიქტებზე ხარჯვა. ტიპურ ვერძ ქალს არ სჭირდება მხოლოდ ბიცეფსებით დაჯილდოებული მამაკაცი. ის ძლიერი გონებით აღჭურვილ მიჯნურს ეძებს, რომელსაც მისთვის ღირსეული მენტალური თუ ემოციური გამოწვევის გამოცხადება შეუძლია. ვერძიც და სასწორიც თანაბრად ტკბებიან კამათის პროცესით, სანამ ორივე წესების მიხედვით თამაშობს და ერთმანეთის კომპლექსებს და მტკივნეულ ადგილებს არ ეხებიან.

ტაქტი და თავაზიანობა სასწორის თანდაყოლილი თვისებებია. სამწუხაროდ, ბუნებას ვერძისთვის მსგავსი არაფერი უბოძებია. მას მართლა არ სურს უხეშობა და თავხედობა, განსაკუთრებით საყვარელ მამაკაცთან. ის უბრალოდ არ უფიქრდება, რას ამბობს. არ დაივიწყოთ ვერძი კეთილგანწყობილი დიქტატორი მზის ნიშანია. ყველა დიქტატორი ხალხზე მზრუნველი, თანამგრძნობი და დიდსულოვანია, რადგან საკუთარ თავს საერთო კეთილდღეობას უძღვნის. თუმცა მათ არ აინტერესებთ, რა სჭირდება იმ ხალხს, რომელზეც ზრუნავენ. ასე აზროვნებს ვერძიც, მას არაფერი ესაქმება იმ ხალხის სურვილებსა და საჭიროებებთან, რომელზეც ზრუნავს, რადგან დარწმუნებულია, რომ მათზე უკეთ თვითონ იცის, რა სჭირდებათ. სულიერი სითბო, ქედმაღლობის თანხლებით -მქუხარე ნაერთია, რომელიც ყველა ცეხლის ნიშნის არსენალში ფიგურირებს. სწორედ ამიტომ მათ მეგობრებს, ნათესავებსა თუ შეყვარებულებს, რომლებიც უნაზეს გრძნობებს განიცდიან მათ მიმართ, ხშირად უჩნდებათ დაუოკებელი სურვილი შიშველი ხელებით მიახრჩონ ისინი.

თუ ვინმე ვერძ ქალს მის ნაკლზე ტაქტიანად, რბილად და სიყვარულით მიუთითებს, ის აუცილებლად მოუსმენს, სწრაფად იპოვის შეცდომებს საკუთარ ქმედებებში (ის ყველაფერს სწრაფად აკეთებს) და ბეჯითად დაიწყებს მუშაობას თავის თავზე, რომ ახლობელ ადამიანებს სიამოვნება მიანიჭოს. მაგრამ როდესაც მას უბრძანებენ ან აიძულებენ შეჩერდეს და არჩეული მცდარი კურსიდან გადაუხვიოს, ის არ დანებდება. ეს ძალიან ჰგავს უკან დახევას, ვერძი კი არასდროს, არასდროს არ იხევს უკან. მარსი ომის პლანეტაა. უკან დაიხიოს? არასდროს!!! რადგან ვერძს მარსი მართავს, თქვენ ვერასდროს ეღირსებით იმ წუთს, როდესაც ეს ქალი თვინიერად მიიღებს საკუთარ თავზე ბატონობას ან ბასრ და უხეშ კრიტიკას.

თუ ვინმეს ვერძი ქალის თვინიერ ბატკნად გადაქცევა შეუძლია (ლომის, მშვილდოსნის, მერწყულის და ხანდახან ტყუპების გარდა) ეს სასწორი მამაკაცია. ის რბილად უსწორებს შეცდომებს, იმდენად ნაზი ფორმით, რომ მისი კორექტივები ჯადოსნურ შელოცვასავით ჟღერს ვერძისთვის. და ათიდან ცხრა შემხთვევაში, სასწორი მოიგებს. მეათე ჯერზე მან ყველაფერი ისე უნდა დატოვოს, როგორც არის და თავისუფლად შეუძლია თავი ბედნიერად და გამარჯვებულად ჩათვალოს. შეუძლებელია ყველა კამათში გაიმარჯვო. პრობლემა ის არის, რომ სასწორმა დიახაც, ყველა პაექრობა უნდა მოიგოს. ვერძმაც! ასე და ამგვარად, სანამ ერთერთი მათგანი, ხანდახან მაინც, ლამაზად არ აღიარებს საკუთარ მარცხს, მათ ურთიერთობაში ვერ დაისადგურებს სიმშვიდე და სიწყნარე, რასაც სასწორი ისევე სასოწარკვეთილად საჭიროებს, როგორც ვერძი აღგზნებას. ვერძისთვისვე უკეთესი იქნება თუ სასწორს სიმშვიდით უზრუნველყოფს, რადგან გაწონასწორებული სასწორი დაამშვიდებს მის ფარულ შიშებს. ასევე სასწორისთვის უკეთესი იქნება, თუ ვერძის გულში მუდამ ცეცხლი იგიზგიზებს, რაც მას შეარხევს და მის პინების აუცილებელ ბალანსს მიანიჭებს.

სასწორების დაუმარცხებელი ოპტიმიზმი მყისიერ რეაქციას გამოიწვევს ვერძის გულში, რადგან ეს საოცრად ზუსტად ეხმაურება მის ხვალინდელი დღის იმედს. ვერძის გულუბრყვილო რწმენა, რომ თუ რამის მთელი გულით გჯერა, აუცილებლად აგიხდება,იმდენად ახლობელია სასწორისთვის, შეიძლება ატირდეს კიდეც. სასწორი სენტიმენტალურია და ვერძს უყვარს მისი ეს თვისება. სასწორიც ხშირად იმიტომ უყვარდება,რომ მასში ძალა და სინაზე საოცრად არის შერწყმული. მაგრამ ვერძი ქალი სულსწრაფია და ხშირად საყვედურობს სიზარმაცისთვის, როდესაც სასწორი მოდუნებას იწყებს. ვერძს არ ესმის,რომ ვენერიელ ხალხს აუცილებლად სჭირდებათ დასვენება და განტვირთვა ხანგრძლივი ენერგეტიკული აქტივობის შემდეგ. ვერძის ბუნება სრულიად სხვანაირია, მარსიანული.

ყველაზე მეტად ვერძს სატრფოში სირბილე და კეთილგანწყობა უყვარს. ამავე თვისებებს აღმერთებს სასწორი. ცივი, ინდეფერენტული და საკუთარ თავში გამოკეტილი ადამიანებით სავსე სამყაროში, ეს ისეთი მნიშვნელოვანია! სწორედ ეს საერთო შტრიხები ქმნიან მყარ ფუნდამენტს მათი ურთიერთობის ასაშენებლად.

რადგან ეს ორი ნიშანი 7-7 სქემით ურთიერთობს, მათ თითქმის არ წარმოექმნებათ კონფლიქტები საძინებელში. შეიძლება იჩხუბონ სამზარეულოში, მისაღებში, ბაღში, მანსარდასა თუ ავტოფარეხში, მაგრამ როდესაც ძილის წინ კოცნის დრო დგება, ყველა უთანხმოება ცხრება. თუმცა სექსუალურ მიზიდულობაზე დაფუძნებული შერიგება, სამუდამოდ ვერ გასტანს, თუ მზეებისა და მთვარეების ჰარმონიული შეთანხმებაც არ დაეხმარათ.

რბილი, პოეტური, ყურადღებიანი, მომხიბვლელი და რომანტიული სასწორი ვერძში უნაზეს თრთოლვას იწვევს. სასწორის სექსისადმი მიდგომა -მენტალური, მსუბუქი და ჰაეროვანია. სასწორი მამაკაცი მოციალე იდეალებისკენ ილტვის და მგრძნობიარობის ეროტიულ გამოხატულებებში ხანდახან ზედმეტად მაღლა დაფრინავს. ვერძი ქალი უფრო ხელშესახები სიყვარულისკენ ისწრაფვის და ამის შენარჩუნება სურს. ოცნებაზე უფრო მეტად, მას რეალური ცხელი ხელები და მხურვალე ვნებები უყვარს. არამიწიერი სიყვარული და სექსისადმი ესთეტური მიდგომა ამ ქალს გულგრილს ტოვებს. მას სჭირდება მგზნებარე და აგრესიული ვნებები. სასწორ მამაკაცთან კი ხშირად ეუფლება სიცარიელის განცდა. რაღაც ნოტები აკლია მათ სასიყვარულო მელოდიას, შეიძლება ბოლო, ყველაზე მაღალი ნოტი. თუ ვერძის მთვარე სასწორში, ტყუპებში, მერწყულში, მშვილდოსანში ან ლომშია, ხოლო სასწორის მთვარის ნიშანი ვერძი, მშვილდოსანი, ლომი, ტყუპები ან მერწყულია, დანაკლისი ნოტი მოიძებნება.

თუ მათი მთვარეები სხვა (მიწის ან წყლის) ნიშნებშია, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რამე გამოუვიდეთ… მაგრამ ძებნად ღირს.

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Rusa

Scroll To Top