ვერძი და ტყუპები

ვერძი და ტყუპები

ეს სულაც არ იყო შაბათი საღამო. თუმცა შეიძლება შაბათიც ყოფილიყო.

მათ უკვე დიდი ხანია, სათალავი აერიათ.

მაგრამ ყოველთვის, როდესაც რაიმე ოინის მოწყობა სურდათ,

ისინი აცხადებდნენ, რომ შაბათი საღამო დადგა.

წყვილში მუშაობისას, ამ ორ ნიშანს შეუძლია მანჰეტენი მიჰყიდოს ინდიელებს, მთელი თავისი ავარიული ელექტროსისტემით, მძარცველებით, სახიფათო მიწისქვეშა გადასასვლელებით თუ ქუჩაში დაყრილი ნარჩენებით. თუმცა ისინი იდეალისტები არიან და მცირე თათბირის შემდეგ, როდესაც გაიაზრებენ, რა ნაგავს მიიღებენ ინდიელები, ორი ასხმა მძივის სანაცვლოდ, მთელ ნიუ-იორკს დაუბრუნებდნენ, ყველა დანარჩენ უფლებასთან ერთად, რომელიც თეთრმა ადამიანმა ოდესღაც თავის წითელკანიან ძმას მოჰპარა. რომ შეეძლოთ, ცხადია.

რადგან ვერძიცა და ტყუპებიც სიმპათიებს იწვევენ და ორივე ფლობს საკუთარი საქონლის  დაჟინებულად და შემოქმედებითად გასაღების უნარს, მათ ფანტასტიკური სარგებლის მიღება შეუძლიათ საერთო პროექტების მეშვეობით. თუმცა მათ კიდევ ერთი საერთო თვისება აქვთ: დიდი ფული და ძალაუფლება ხელში მხოლოდ დროებით და ძალიან მცირე დროით უჩერდებათ. იქნებ ამიტომაც აღწევენ წარმატებას საოცრად იშვიათად, ვერძის მთელი ენერგიულობისა და ტყუპების გონიერების გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ყველაფერი მხოლოდ აღტყინებებით შემოიფარგლება. არაფერს შეუძლია მათი ინტერესი შეინარჩუნოს ერთ წუთზე დიდხანს… ნუ, მაქსიმუმ ორი ან სამი წუთი.

რადგან ვერძი გულუბრყვილო მხურვალებით დუღს, ტყუპები კი ყოველთვის ცდილობს აბსოლუტური დამოუკიდებლობა მოიპოვოს და ამის მცდელობებში ყველა სულიერ კავშირს წყვეტს, ზრდასრული და მოწიფული აზრები იშვიათად ხდება მათი საერთო ძალისხმევის თანამგზავრი.

მზის ნიშნების 11-3 ფორმულა ოპტიმისტური ოცნებების სურათს ასხავს, გრძნობებისა და ფარული თავდაუჯერებლობის ხანმოკლე (ძალიან ხანმოკლე!) გამონათებებით. როდესაც ვერძი და ტყუპები ერთმანეთს, როგორც მეზობლები, მეგობრები, პარტნიორები, ნათესავები, საყვარლები თუ მეუღლეები, გადაეყრებიან, მათი ინდივიდუალური სწრაფვა თავისუფლებისკენ ორმაგდება. ერთად თუ ცალ-ცალკე ისინი  ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ერთნაირად მოქმედებენ  და ამიტომ, სრულიად ბუნებრივია, რომ ხანდახან პატარა ბავშვებივით იქცევიან. ბავშვები კი საყვარლები და უეშმაკოები არიან და ყველას სიყვარულის გრძნობას აღუძრავენ. მაგრამ ისინი ასევე საშინელი ეგოიზმით, ირაციონალობით და დაუფიქრებლობითაც გამოირჩევიან. ასეთივე შეიძლება იყვნენ ვერძი და ტყუპები. კარგი იქნება თუ ორივე, ან ერთ-ერთი მაინც, ბოლოს და ბოლოს, შეძლებს გაიზარდოს. მაშინ, იმის ნაცვლად, რომ დროის უმეტესობა ქვიშაში ფერადი ვედროებითა და ნიჩბებით პასკების გამოცხობას დაუთმონ, ისინი შეძლებენ გაცილებით სასიამოვნო გახდნენ ერთმანეთთან და მთელს გარეშე სამყაროსთან ურთიერთობაში.

საკუთარ თავთან ისინი ყოველთვის მართლები არიან, ვერძი განსაკუთრებით. თუმცა არც ის არის გამორიცხული, ისე შეყვნენ გართობას, ვერც შეამჩნიონ, სად მთავრდება თამაში და სად იწყება თვითმოტყუება. ეს უმანკოება და თავხედობა, თუ გსურთ. სხვა სიტყვებით, ისინი ისევე დახელოვნებულად ატყუებენ საკუთარ თავს, როგორც პუბლიკას. მაგალითად, როდესაც ყალბი პატენტი იყიდება, მერკურის მახვილი და ანალიტიკური გონების წყალობით, ტყუპები პირველი დაეჭვდება, მაგრამ თავისივე წარმოსახვის ტყვეობაში მოხვედრილს, შეუძლია საკუთარი თავიც კი გააცუროს.

რაც შეეხება ვერძს, მას ძალიან უჭირს დაინახოს განსხვავება ნამდვილ ოქროსა და რაღაც ბრჭყვიალა ნივთს  შორის, რომელიც მზის შუქზე თვალისმომჭრელად ბრდღვიალებს. ამ საჭირო  უნარს ვერძი მხოლოდ თავზე საკმარისი რაოდენობის კოპების დასმის შედეგად იძენს.

მე ვსაუბრობდი ორზე, თუმცა მართებული იქნებოდა მესაუბრა სამზე, რადგან ვერძი უდავოდ ერთი დიადი პიროვნებაა, ისევე როგორც ტყუპები უდავოდ ორია: ერთი, რომელიც სინამდვილეშია და მეორე, რომელსაც ისურვებდა, ყოფილიყო. ხომ იცით, ტყუპები?!  ამ ორი ნიშნის წარმომადგენელს არ აწყენდა დრო და დრო დაშორება, რომ უფრო ფხიზელი თვალით გადაეხედათ ერთმანეთისთვის. ეს იმ ბურუსს განდევნიდა, რომელიც გარდაუვალად იკვრება მათი ურთიერთობის თავზე.

საკუთარ მოტივების გულწრფელობასა და საბოლოო გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვერძი ინტინქტურად მიიწევს წინ. მას არ აქვს იმის დრო, მშვიდად გაანალიზოს სიტუაცია. ტყუპები, პირიქით, თავიანთი ცივი გონებითა და ლოგიკით თვლიან და გამოხშირავენ ყველა შესაძლო მანევრს. მათ სწრაფად შეუძლიათ გათვალონ, რომ საქმე არ გამოვა, მაგრამ ხშირად იღებენ გადაწყვეტილებას, მერკურიანული სტრატეგიით გააცურონ ბედი… ან საკუთარი თავი. და მაინც, ტყუპების ძალისხმევას ყოველთვის არ მოაქვს შედეგები.

არის სხვა განსხვავებებიც. მარსით მართული ვერძი ყოველთვის პირველობის, ლიდერობის, მმართველობის, ინიციატორის, ინსპირატორობისკენ ისწრაფვის. ის ნებისმიერ იდეას გაიზიარებს,  რომელიც მიმართულია მისი ემოციებისა და პირადი დამოკიდებულებისკენ. მუტაბელური ტყუპები უპირატესობას მიუკერძოებელ მანერებს ანიჭებს და ისეთ იდეებს იტაცებს,  რომელიც მიმართულია გონებრივ დედუქციური პროცესებისკენ.  მისი „მე“ ყოველთვის უკანა პლანზეა და მიმდინარე პროცესებს შორიდან აკვირდება. ვერძი აღტაცებული წარმოიდგენს თეთრ რაშზე ამხედრებულ საკუთარ თავს მოყიჟინე ბრბოს წინაშე, ტყუპებს დიდების წყურვილი ახვევს თავბრუს. მისთვის გაცილებით მნიშნველოვანია პასუხისმგებლობისგან თავისუფლება, ახალი იდეების, ადგილების, ნივთების თუ ადამიანების აღმოჩენა და გამოცდა. ტყუპები ყველაფერს გონებრივი თვალსაწიერიდან უყურებს, მაგრამ მას მოსწონს ვერძის იმპულსურობა;  იმ შემთხვევაშიც, თუ თავად არ არის მისი იდეებით გატაცებული. მერკურით მართულ ადამიანებს კარგად ესმით მარსის დაუფიქრებელი აღტყინებები, მაგრამ, იმავდროულად, აცნობიერებენ, რომ სჯობს თავი შორს დაიჭირონ ემოციური ჩართულობის მახისგან.

ახლო ადამიანური ურთიერთობები, რომელიც შეიძლება ტვირთად გადაიქცეს; ხანგრძლივი და მოსაწყენი სამუშაო, ცვლილებებისა და წინააღმდეგობების გარეშე _ ანუ ყველაფერი, რაც მერკურის ფრთებს უკვეცავს, ტყუპებში უსიამოვნო ეჭვს ბადებს. ეს ჰაეროვანი ნიშანი ცეცხლის ალზე მაღლა დაფრინავს, რაც ცეცხლოვანი ვერძის რისხვას იწვევს. მიუწვდომელ სიმაღლეზე მოფარფატე ტყუპები ხშირად აღწევს იმ თავისუფლებას, რომელსაც ვერძიც ეძებს, მაგრამ ყოველთვის ვერ პოულობს. ცხადია, ისეც ხდება, რომ ზედმეტი გონებრივი და ემოციური თავისუფლება საკუთარ აბლაბუდაში ახვევს ტყუპებს და სწორედ ამ დროს ვერძის პირდაპირობას ყველაზე უკეთ შეუძლია გახსნას კვანძები.

საბედნიეროდ, ტიპური ვერძი არამხოლოდ კარგად გრძნობს ტყუპების დუალიზმს, მზადაა, მიიღოს კიდეც ეს ფაქტი. ამიტომ, ეს კავშირი განსაკუთრებით სასარგებლოა ტყუპებისთვის, რადგან სხვა ადამიანების მხრიდან გაგებაზე (თუ გაუგებრობაზეა) დამოკიდებული მისი ოცნებების ახდენა. ტყუპები ბავშვობიდან ღრმა მოხუცებულობამდე ოცნებობენ. ისინი ყოველთვის თავიანთ ოცნებებს მისდევენ, მაგრამ ვერასოდეს ეწევიან. ადამიანთა უმეტესობას მათი ცნობისმოყვარეობა და ექსპერიმენტები ჭრელა-ჭრულა ლოსკუტებისგან ასიმეტრიულად შეკერილ საბანს აგონებს. თუმცა, როგორც ჩანს, ვერძს ესმის, რომ ტყუპების უთვალავი ინტერესი მისი მცდელობაა, როგორღაც თავი მოუყაროს და გააერთიანოს მრავალმხრივი მერკურიანელი პიროვნება, რომელიც ვერძს სრულიად ატყვევებს.

ნაკლებ სავარაუდოა, რომ ვერძი პასუხების ძიებით გართულ ტყუპებს წარმოსახვათა დინებაში ფარფატს დაუშლის. „მერკურის ჩიტს“ რომ საუბარი შეაწყვეტინოთ, ეს იგივეა, ციცინათელა ბნელ მუჭში მოიმწყვდიოთ და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, შეწყვეტის დიდოსტატ ვერძს ყველაზე კარგად ესმის ეს. ისინი მუდმივად აწყვეტინებენ ერთმანეთს, თუმცა არც ერთი არ ღიზიანდება და ეს ყველაზე მშვენიერი მომენტებია მათ კავშირში.

თუ მათ მზე-მთვარეებსა და ასცედენტებს შორის დაძაბული ასპექტებია, ვერძმა შეიძლება ტყუპები უზომო დაბნეულობასა და კონკრეტული მოქმედებების უუნარობაში დაადანაშაულოს და პირდაპირი პასუხები მოითხოვოს. მაშინ ტყუპების მახვილი ენა მწარედ დაჭრის ვერძის მარტივად მოწყვლად ეგოს  და მათ შორის მხურვალე ბრძოლა გაჩაღდება. თუმცა ამინდი კვლავ სწრაფად შეიცვლება. ისინი არ მისცემენ თავს უფლებას, დიდხანს იდარდონ. როგორც სხვა ყველა 11-3 მოდელის ურთიერთობაში, ეს ნიშნები კარგი მეგობრები არიან და ხანგრძლივი კამათის შემდეგაც მოახერხებენ საერთო აზრამდე მისვლას.

ტყუპების მერკურიანული გონება, იმის მიუხედავად, რამდენად ეშმაკურად არის დამალული  წყნარი მომხიბვლელობის ნიღბის ქვეშ, ყოველთვის მოძრაობაშია. იქამდე, სანამ ვერძი არ შეეცდება ტყუპების თავისუფალი სული ხშირი კითხვებითა და ზედმეტი მოთხოვნებით შებოჭოს, მათ შორის ყველაფერი გლუვად იქნება. ვერძსა და ტყუპებს წარმოსახვითი სახებების მეშვეობით შეუძლიათ ვარსკვლავებისკენ მიმართული ჰაეროვანი კოშკები ააგონ. მაგრმა ფუნდამენტი მყარი უნდა იყოს, თუ არ სურთ, რომ მათი შემოქმედება ჩამოინგრეს. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ საძირკველი მყარი ექნება, მწვერვალი შეიძლება არც ჩანდეს მთელი მისი პეპლებით, ჯუჯებითა და ცისარტყელით… მთავარია მოთმინება და მაშინ მარად ახალგაზრდა ვერძსა და ტყუპებს, რომელიც გამუდმებით შანგრილას, ოზის ზურმუხტოვან ქალაქს, ოცნებათა სამყაროს თუ ახალგაზრდობის ელექსირს ეძებენ, მეტი შანსი მიეცემათ ამ ადგილების აღმოსაჩენად.

ვერძი მამაკაცი და ტყუპები ქალი

Annette Bening & Warren Beatty

 

პიტერი ფანჯარას მოშორდა,

მაგრამ თვალებში რაღაც უცნაურმა,

ხარბმა გამომეტყველებამ გაუელვა.

ვენდი უნდა გაფრთხილებულიყო,

მაგრამ მან ვერაფერი შეამჩნია.

თუ ისინი უნივესიტეტში არ შეხვდნენ და მალევე არ დაქორწინდნენ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე (ისინი ხომ მუდამ ჩქარობენ), მამაკაც ვერძს შეიძლება წარმოუდგენლად აღიზიანებდეს ქალი ტყუპების, საზოგადოებრივი მორალის შეფასებით, სასიყვარულო ისტორიები უხვად გაჯერებული წარსული. მის წარსულში აუცილებლად აღმოაჩენთ ერთი-ორ ყოფილ ქმარს თუ არა, რამდენიმე ჩაშლილ ნიშნობას მაინც. საერთოდ, ყველა ტყუპები უნდა ერიდოს ნაადრევ ქორწინებას, თუ ასცედენტი ან მთვარე  მეოჯახე ნიშანში არ ჰყავთ. მაგალითად, კირჩხიბში,  კუროში, ქალწულში ან თხის რქაში.

ეს ქალი მთელი თავისი ცხოვრება თვლის, რომ მთის მწვერვალზე მდგომ სახლს ოქროს ფანჯრები აქვს. ის დაჟინებით მიცოცავს მისკენ, ქვემოთ იყურება და უცებ ხედავს, რომ ნანატრი სახლი მის ფერხთით დგას. მაშინ  ქვემოთ ეშვება და კვლავ აღმოაჩენს, რომ სახლს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ფანჯრები აქვს, როგორც თავიდან იფიქრა. შემდეგ ზემოთ იყურება და ოქროს ფანჯრებს ხედავს. ალბათ, შეცდა… და კვლავ ზემოთ მიიწევს მორიგი იმედგაცრუებისკენ. რატომ არის ეს ოქროს ფანჯრები ასეთი მოუხელთებელი? მას უამრავი სულიერი და ფიზიკური ძალის დახარჯვა მოუწევს, სანამ აღმოაჩენს, რომ მზის ანარეკლი მხოლოდ ილუზიაა, რომელიც დღის მონაკვეთსა და მაყურებლის ლოკაციაზეა დამოკიდებული.

ხანდახან  ტყუპებ  ქალს  ეჩვენება, რომ ძველი სიყვარული ზუსტად „ის“ იყო, ოქროს შესაძლებლობებით. მაგრამ იქამდე, სანამ გააცნობიერებს, რომ ეს ილუზიაა, ის დაკარგავს მთის წვერზე თუ ძირში მარტოდ დარჩენილ ვაცს. მისი ნოსტალგია, წარსულ რომანებზე, არასდროს გამოიწვევს ვერძის თანაგრძნობას იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად ვერძსი ხანდახან  ოხრავს გარდასულ დღეებზე. არასდროს დაივიწყოთ ვერძის ეგოცენტრიზმი. მას შეუძლია ასე მოიქცეს, ტყუპებს არა! რატომ? იმიტომ რომ ვერძის ნოსტალგია უმანკოა და არავითარ სერიოზულ შედეგებს არ მოიტანს. აი, თავის თანამგზავრში ის არც ისე დარწმუნებულია.

მათ ურთიერთობაში კიდევ რამდენიმე მახეა, რაც ნებისყოფისა და სტაბილურობის უკმარისობას უკავშირდება. ვერძს ძალა და ენერგია თავზე საყრელად აქვს, მაგრამ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა მის ღირსებებში არ შედის. საერთოდ, ნებისმიერი მამაკაცი ქვეცნობიერად დამოკიდებულია ქალზე, რომელმაც ხასიათში დანაკლისი თვისებები უნდა შეუვსოს. ტყუპების იმედად ყოფნა კი იგივეა, რაც ძლიერი ქარის დროს ბუმბულზე ჩაჭიდება. არც ნებისყოფა და არც საიმედოობა მის მრავალმხრივ ნიჭიერ ნატურაში არ მოიძებნება (თუ მთვარე ან ასცედენტი კირჩხიბში ან ნებისმიერ მიწის ნიშანში არ ჰყავს). შესაბამისად, ამ ორს შეუძლია არაერთი კამათი გააჩაღოს და შემდეგ ერთმანეთს მისდგნენ ბრალდებებით, რომ, სისუსტეს აყოლილები, ყველაფერს ხვალისთვის დებენ და ერთმანეთისთვის არასაიმედონი არინ.

მამაკაცი ვერძი არ დაიჟინებს, რომ ტყუპები სახლში იჯდეს, მტვრები გადაწმინდოს, ჩითის წინსაფრით იტრიალოს და ნაკვეთი მორწყას. ის აცნობიერებს, რომ კარგად შეუძლია ტყუპების მოქნილი შეხედულებებისა და ორიგინალური აზროვნების გამოყენება საკუთარ საქმიან ცხოვრებასა თუ კარიერაში. მათ ხშირად შეხვდებით თანამშრომლების რანგში ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგაც. ჩვეულებრივ, მათგან ბრწყინვალე გუნდი გამოდის. ვერძმა ზუსტად იცის, რა უნდა; ტყუპებს კი საკმარისი იდეები აქვს, როგორ მიაღწიოს მისმა ვერძმა დასახულ გეგმებს. ამას გარდა, ვერძისთვის უკეთესია, საყვარელი ქალი მთელი დღე გვერდით ჰყავდეს, რადგან ასე მას არ მოუწევს ფიქრი მერძევეზე, ფეხსაცმელების მწმენდავზე თუ სიმპათიურ მელიფტეზე მათ კორპუსში. ტყუპების მიდრეკილება უწყინარი ფლირტისადმი ვერძის ეჭვიანობის ცეცხლზე ნავთს ასხამს. ამიტომ ყველაფერს, რასაც მისი შერბილება შეუძლია, მისასალმებელია. ასტროლოგებისთვის საინტერესო იქნებოდა სტატისტიკა, რამდენი ვერძი ქმარი სთავაზობს საკუთარ ცოლს მისი პირადი თანაშემწის ან პარტნიორის პოზიციას. მეორეს მხრივ, ეს საყვარლები ხშირად ერთამენთს სამსახურში ხვდებიან, რადგან ერთიდაიგივე ინტერესები აქვთ.

რამდენი ხანიც არ უნდა იყვნენ დაქორწინებულნი, თქვენ ვერასოდეს ნახავთ ვერძ მამაკაცსა და ტყუპებ ქალს რესტორნის მაგიდასთან მდუმარედ მსხდომებს, რომლებიც გაზეთს კითხულობენ ან სხვა ადამიანებს აკვირდებიან, რაც, სამწახუროდ, ბევრ წყვილს ემართება, როდესაც შეყვარებულობისა და ქორწინების პირველი ეიფორია გადადის. ვერძსა და ტყუპებს ყოველთვის აქვთ ერთამნეთისთვის სათქმელი, ხანდახან ზედმეტიც. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი საუბარი არ იქნება უსიცოცხლო და იძულებითი. საუბრის უმეტესი ნაწილი, საკუთარი აზრების ბრწყინვალე გაცვლა-გამოცვლაა, მაგრამ საკმარისია ტყუპები თავისი მახვილი ენით ცუდად შეეხოს მის თავმოყვარეობას, საუბარი ცხარე კამათში გადაიზრდება და ეს ცოცხლად მოუბარი წყვილი უამრავ ცუდ რამეს ეტყვის ერთმანეთს. თუმცა, საბედნიეროდ, ორივე ასეთივე საოცარი სისწრაფით ივიწყებს წყენას.

საინტერესოა, მაგრამ ამ ორი ადამიანის სასიყვარულო ურთიერთობა სხვა ადამიანებისთვის უფრო მძიმე ასატანია, ვიდრე თავად მათთვის. რაც უფრო გულწრფელად და ღრმად შეყვარებულები არიან ერთმანეთზე, მით უფრო სავარაუდოა, რომ მათი მეგობრები, მეზობლები თუ ნათესავები მეტად დაიტანჯებიან ამ რომანისგან, სადაც ჰაერი ცეცხლს ახელებს. დროდადრო ტყუპებ ქალს სხვადასხვა მოვლენები ელანდება, რასაც რეალურად ადგილი არ ჰქონია. იმდენსაც ახერხებს, რაღაც საიდუმლოდ დაშიფრული აზრი იპოვოს სრულიად უწყინარ სიტყვებში, რასაც მოგვიანებით, გვარიანად დამახინჯებულად, თავის საყვარელ თუ ქმარ ვერძს უამბობს (მისი მერკურიანული გონება მოსაწყენ ადგილებსა და მოვლენებს, უფრო ფერწერული და საინტერესო სახებებით ცვლის). უყვარს რა იმდენად ძლიერ, როგორი სიყვარულიც მხოლოდ ვერძ მამაკაცს შეუძლია, ის შეიძლება განრისხდეს „ოდნავ“ გადაჭარბებული შეურაცხყოფით, რაც მის გულისსწორს მიაყენეს და მთელი თავისი მარსიანული რისხვა განცვიფრებული საბრალოს წინააღმდეგ მიმართოს, რომელსაც თავში აზრადაც არ ჰქონია, ტყუპების წყენა (მამაკაცი ვერძი გამორჩეულად თავდადებულია საკუთარი მეგობრებისა და ნათესავების, განსაკუთრებით მეუღლეებისთვის).

მოგვიანებით სინდისის მწარე ნემსები შეახსენებს ტყუპებს, რომ ყველაფერი ისე არ მომხდარა, როგორ ენაწყლიანადაც აღუწერა თავის ვერძს. მაშინ „ორეულები“ სიმართლეს იტყვის და აჯობებს, ვერძმა მარსიანული აფეთქება როგორღაც ჩაახშოს და მისი საქციელი ადეკვატურად შეაფასოს-ტყუპებს ხშირად ერევა რეალური და წარმოსახვითი სახებები. ის ხომ მყიფე მასალისგან არის შექმნილი და ცხოვრების გზაზეც არაპროგნოზირებად ჯადოსან მერკურის მიჰყავს, რომელიც ზუსტად იმ დროს ემალება, როდესაც განსაკუთრებულად სჭირდება მისგან მიმართულების მიღება.  ტყუპების გულში იმდენი ნოტი ჟღერს, ის მოგონებათა მთელი სიმფონიაა, სასწაულებითა და სინათლით,  უსახურებითა და ჩრდილით შექმნილი. რაც ვერძს ხშირად აიძულებს იმკითხაოს:“ვინ არის ის, ეს ახლობელი, ნაცნობი და უცხო? ვინ არის?  რა არის?

ვინ არის ეს ქალი?  ნარგიზების თაიგული ლაჟვარდოვან ლარნაკში, რომელიც მისი მესამე კლასის მასწავლებლის მაგიდაზე დგას… ცირკის აღლუმი, რომელიც ერთხელ ბავშვობაში ნახა, როდესაც კლოუნმა გადმოუგდო კრენდელი .. თივით დატვირთული ურიკით მგზავრობა ქარბუქში… შავი ლაკირებული ქუსლიანი ფეხსაცმელების პირველი წყვილი… ზაფხულის ჭექა-ქუხილი ტყეში სკაუტების ბანაკში და წიწვების სუნი ახალ ნაწვიმარზე… მეწამული მანანის მდელო, სადაც ერთხელ რამდენიმე საათი გაატარა… ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყი, რომელსაც საკუთარი ხელით კვებავდა, სანამ ფრენას ისწავლიდა, როდესაც ხუთი წლის იყო… ეს არის ტყუპები, ყველა ეს სახება.

მაშ ასე, თუ ტყუპებს სურს თავის პირდაპირ და გულწრფელ ვერძთან ჰარმონიას მიაღწიოს, მან უნდა ისწავლოს, გარკვეული დონეზე მაინც, საკუთარი წარმოსახვის მართვა. მაგრამ ეს ფრთხილად უნდა გააკეთოს, თუ არ სურს, მთელი ის ჯადოსნობა გააქროს, რომლის წყალობითაც ასეთი დახვეწილი და საინტერესოა თავისი გულის სწორისთვის. ყველა ბავშვს ცოცხალი წარმოსახვა აქვს და მამაკაცი ვერძი მას სწორედ პატარა გოგოდ აღიქვამს, რომელიც მის სიყვარულსა და დაცვას საჭიროებს, თანაც იმაზე ხშირად, ვიდრე თავად ჰგონია. ცხადია იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც ტყუპები მის წარმოდგენას, თავისი უმწეობის შესახებ შეუბრალებლად ამსხვრევს, როდესაც „კრესწიკ-ნოლიკში“, შაშსა თუ სხვა თამაშებში მარტივად უგებს… ტყუპებს ახასიათებს ინტელექტუალურ ტერორისტად გადაქცევის თვისება, მჭრელი დანასავით მახვილი სიტყვით და საოცარი გამჭრიახობის დემონსტრირებით, რაც მტკივნეულად ეხება ვერძის თავმოყვარეობას… მაგრამ იმავდროულად ლაჟვარდოვან ლარნაკში მოციმციმე თაიგული არსად ქრება.

არც ვერძი შემოიფარგლება მხოლოდ უხეში ძალითა და ტრაბახით. ის სავსეა მოგონებებით იმ დღეზე, როდესაც პირველად გასცურა, მაშინ როდესაც ცურვა არ იცოდა, მაგრამ მოახერხა და ისწავლა; დაუპრყრობელ მწვერვალებზე… დასამარებულ ოცნებებზე… ბავშვობის დროინდელი შიშებით გამოწვეულ უფორმო ღამეულ ხილვებზე… შობაზე, როდესაც სანტა-კლაუს მისთვის ლეკვის ჩუქება დაავიწყდა… დამოუკიდებლობის დღეს გაისროლილ პიტარდებზე, როდესაც ცხრა წლის იყო… იმ წამზე, როდესაც პირველად დაინახა ცოცხალი ცხენი… იმ შეგრძნებებზე, როდესაც პირველად გაიგო, რა ღვთაებრივი შეიძლება იყოს ჩუმი ღამე, როდესაც ათასობით მოციმციმე ვარსკვლავი სამახსოვრო მელოდიას მხოლოდ მისთვის მღერის…

ისინი ისეთი მრავალფეროვნები არიან, ეს მამაკაცი და ეს ქალი! ჩვეულებრივ, ისინი ერთი სამყაროს, ერთი სამეფოს მაცხოვრებლები არიან, რომელიც თავად აღმოაჩინეს, სადაც ყველაფერი ისეთი მშვენიერია, მაგრამ ისეთი მარტოსული. მათთვის აუცილებელია სხვებსაც დაანახონ ეს სამყარო, რადგან მხოლოდ ასე შეძლებენ აქციონ ის რეალობად.

რაც შეეხება სექსს, თავიდან ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ იდეალურად ეწყობიან ერთმანეთს. მამაკაცი ვერძი ოცნებობს თვითმფრინავი-ხალიჩით ჩამოფრინდეს პირდაპირ არაბული ღამიდან(ან რაინდების საუკუნიდან), ტყუპები კი ბრწყინვალედ შეასრულებს როლს მის საოცნებო პიესაში. ტყუპებთან არასოდეს ეცოდინება წინასწარ, ვინ ელოდება ღამით, საძინებელში განმარტოებულს. ეს შეიძლება იყოს კლეოპატრა, ჟორჟ სანდი, მატა ჰარი, ლედი ჰამილთონი ან კიდევ ვიღაც სხვა. შეუძლებელია ამან არ აღაგზნოს ვერძი.

ვერძის სექსუალური თვითგამოხატვა პირდაპირი და ძლიერია. ტყუპების-მეტად მოუხელთებელი და გართულებული. მართალია ვერძს მოსწონს მათი სასიყვარულო აქტის პოეტურ რომანად გადაქცევა, მაგრამ საკუთარი წადილის დაკმაყოფილებას უპირატესად მაინც პირდაპირი და სუფთა ვნებების დინებაში ცდილობს. ტყუპების ფიზიკური სიყვარულისადმი დამოკიდებულებაში, ხშირად შეხვდებით რაღაც იმდენად გაუგებარს, რომ ვერძმა შეიძლება ფიზიკური სიახლოვისას ბრალიც კი დასდოს, სხვა ადგილას ფრენაში. ტყუპები უთუოდ განაწყენდება, როდესაც ვერძი ყველაზე სანუკვარ ადგილას-მის ფიქრებში შეიჭრება.

როდესაც ტყუპები რაღაცას ეძებს, მაგრამ თვითონაც არ იცის, რას, ვერძი კარგად გრძნობს ამას, მაგრამ ვერაფრით ხვდება, რომ მისი უფრო რბილი დამოკიდებულება დაეხმარებოდა მის რჩეულს, საკუთარი ცოცხალი წარმოსახვის ნაყოფი ასეთივე საოცარ სინამდვილედ ექცია. ქალი ტყუპების წარმოსახვაში სრულიად ცხადი სურათი ანათებს, რა იქნებოდა, მის სახებებს რომ ფორმები შეესხათ.

ამ მარად ახალგაზრდა მამაკაცსა და ქალს შეუძლიათ ერთსა და იმავე მელოდიას უსმინონ და ათწლეულები მიჰყვებოდნენ მის ხმას, თუ ტყუპები შეიგნებს, რომ მისი რჩეულის ეჭვიანობა და მრისხანება, მისი ნიშნის ემოციური მოწყველადობის პირდაპირი ნაყოფია, ვერძი კი პატივს სცემს ტყუპების ინტრიგნულ თამაშებს თავის მეორე „მესთან“.

ვერძი ისეთი ბრდღვიალა ინდივიდია-მამაცი, კეთილგანწყობილი, გახსნილი და ენერგიული. ტყუპები კი ისეთი მომხიბვლელია-მრავალმხრივი და უშუალო. ოღონდაც ერთმანეთის შეცვლას არ ეცადონ… ისინი ყოველთვის დარჩებიან ბიჭუნად და გოგონად. ბავშვები კი ყველაზე ბედნიერი ადამიანები არიან დედამიწის ზურგზე.

 

 

ვერძი ქალი და ტყუპები მამაკაცი

კახი კავსაძე და ბელა მირიანაშვილი

 

 

 

_ხომ არ დაგავიწყდება შემომიფრინო, პიტერ?

რა თქმა უნდა, მან პირობა მისცა.

შემდეგ გაფრინდა.

ვერძ ქალსა და ტყუპებ მამაკაცს შეუძლიათ ბავშვებივით, მაგრად ხელჩაკიდებულებმა ხტუნვა-ხტუნვით გაირბინონ ცხოვრების გზა. მაგრამ ასეთივე წარმატებით შეუძლიათ თანაცხოვრება დაუსრულებელ სარკასტულ პაექრობად აქციონ, დილიდან დაღამებამდე. მარსისა და მერკურის ემოციური შეთავსება ხშირად ბადებს მომაბეზრებელ სინაზეს, რაც მალე გადაიზრდება მწვავე ურთიერთწყენაში. ამიტომ ამ კავშირს თანაბარი შანსი აქვს იქცეს, როგორც აღტაცებად, ისე უბედურებად. ამაში თანაბრად დამნაშავენი არიან ტყუპებიც, რომელიც სხვა ჰაერის ნიშნებისგან განსხვავებით, ღიად და უშეცდომოდ გამოთქვამს თავის აღტაცებასა და ზიზღს და ვერძიც, რომელიც სხვა ცეცხლის ნიშნებისგან განსხვავებით, სრულიად შეპყრობილია აბსოლუტური სიყვარულით ან აბსოლუტური სიძულვილით და არასდროს ფიქრობს შესაძლო შედეგებზე.

მათ ურთიერთობას, უეჭველად, ხშირი და ბობოქარი დავებით იქნება სავსე. მაგრამ ეს შეტაკებები მოკლებულია ბოღმასა და ბოროტებას. ისინი კამათობენ ღიად, მწვავედ, მაგრამ არც ისე სერიოზულად, თითქოს თავად ელოდებიან, რომ ყველაზე ცხარე კამათის კულმინაიიცს დროსაც კი, ერთმანეთის მკლავებში აღმოჩნდებიან. ეს მათზეა ნათქვამი: “ვიღაცას ფრთხილად უყვარს; თითქოს სიძულვილი შესაძლებელია. ჩვენ კი რბილად გვძულს, რადგან ამაშიც სიყვარულს ვხედავთ.”

მათ სიყვარულში ყოველთვის არსებობს მცირედი თავშეკავება. როდესაც მათ ერთმანეთი უყვარდებათ, არც ერთი არ უფიქრდება, რითი შეიძლება დასრულდეს მათი რომანი ან როგორი იქნება მათი ქორწინება. ამ ორი უდარდელი ნატურის საწყისი ურთიერთმიზიდულობა ორივეს აიძულებს, ნდობით ისწრაფონ ერთმანეთისკენ ისე, რომ საერთოდ არ იღელვონ დასასრულზე. და თუ ის მაინც დადგა (ნებისმიერი ფორმით: დაშორება, განქორწინება თუ სიკვდილი), მოგონებები ამ სიყვარულზე იმდენად გულუბრყვილო, ამაღელვებელი და ბრმა რწმენით სავსეა, როგორც ბავშვის გული შობის ღამეს, რაც ნებისმიერ წყენასა და დარდს აქარვებს.

მათ, ერთი შეხედვით, უღრუბლო ურთიერთობას ეჭვიანობა ართულებს. ტიპური ვერძი ქალი უგონოდ ეჭვიანია და იშვიათად შესწევს იმის უნარი, საღად შეაფასოს საკუთარი ნაკლი. მხოლოდ მის შემთხვევაში, ეს არ არის ძლიერ განვითარებული მესაკუთრულ ინტინქტით განპირობებული. ეს სიმბოლური ვერძი-ჩვილის „უშნო ბავშვის“ შიშია, მშობელმა არ მიატოვოს. ამიტომ მას ნათლად გამოხატული სიყვარულისა და მზრუნველობის მწვავე მოთხოვნა აქვს. ეს იმით აიხსნება, რომ ვერძი ხშირად ბაშვივით უმწეოა და მთლიანად დამოკიდებულია ხანგრძლივ და უწყვეტ მიჯაჭვულობაზე, თუმცა გულმოდგინედ მალავს ამას აბსოლუტური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ნიღბის ქვეშ. ასეთი ფორმით ის თავს იცავს მთელი გარესამყაროსგან. ტიპური ტყუპები არც ისე ეჭვიანია და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, შეიძლება სწორედ ეს გახდეს მნიშვნელოვანი კონფლიქტების საბაბი. იცით, ვერძი ისურვებდა, რომ მისი მამაკაცი ეჭვიანობდეს. როგორც ჩანს, ტყუპებს მოუწევს თვალთმაქცობა. იმის მიუხედავად, აცნობიერებს ამას თუ არა, ვერძი ყოველთვის ცდილობს საყვარელ მამაკაცში ეჭვიანობა გამოიწვიოს. ეს იმის დასტურია, რამდენად მნიშვნელოვანია ის მის ცხოვრებაში. ასეთი დასტური კი ვერძს იმდენი სჭირდება, ვერავინ შეძლებს გადამლაშებას.

ტყუპებ მამაკაცს ნამდვილად შეუძლია დააკმაყოფილოს მისი სურვილები, თუ ვერძი ზედმეტად გამომწვევად დაიწყებს მოქცევას, მაგრამ უფრო ხშირად ის დაკავებულია თავისი გარდერობის, განწყობის, იდეალების, ოცნებებისა და მიდრეკილებების შეცვლით, რომ ყურადღება მიაქციოს რჩეულის უწყინარ ფლირტს,რომლის მეშვეობითაც ვერძს მისი პროვოცირება უნდა.

ერთის მხრივ, თვითონ მას დიდი მცდელობები არ დასჭირდება, რომ მასში შმაგი ეჭვიანობა გააღვიძოს. ამისათვის საკმარისია ნაზად მიესალმოს გაზეთების კიოსკის გამყიდველ გოგონას. ხოლო რადგან ტყუპებში ძლიერად არის განვითარებული თავისუფლებისადმი სიყვარული და ემოციური ბორკილებისადმი შიში, დიდხანს ასე ვერ გაგრძელდება. ვერძს მოუწევს როგორღაც აკონტროლოს ან დამალოს საკუთარი შიშები. მაგრამ ტყუპებსაც უნდა ესმოდეს, რომ ვერძის ქცევები განპირობებულია შინაგანი ეჭვით, რომ მას ქალურობა აკლია. თვინიერი, სექსუალურად მაცდური, მოქნილი ფისოს ტიპს (ქათმის ჭკუით), რომელიც ყველა კაცის ოცნებაა, იმდენ ხანს უწევდნენ აგიტაცია-პროპაგანდას, რომ არ შეიძლება ვერძი ქალი ასე მკაცრად განსაჯოთ, რომელსაც ამ აგიტაციის ნიადაგზე ნერვოზი განუვითარდა, საკუთარი სხარტი გონების, პირდაპირობისა და ქალური ცბიერების არარსებობის გამო.

ვერძი ქალი მამაცი და ინიციატივიანია, ენერგიული და პატივმოყვარე. ყველა ეს თვისება რატომღაც მამაკაცურად ითვლება. მამაკაცებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ იყვნენ ამ თვისებების მფლობელნი. და რას უბრძანებთ ვერძს, რომ ქალურად ჩაითვალოს? ლოყით ეხახუნოს რჩეულის მკლავს და ნაზად იკრუტუნოს:“საყვარელო, რა არაჩვეულებრივი ხარ“ და თვითონ არაფერი აკეთოს? რაღაც ძალიან უბადრუკობაა, არა?

მე მგონია, სხვა საშუალებებიც არსებობს საკუთარი ქალურობის დასამტკიცებლად. მაგალითად: რეცხვა, დაუთოება, საჭმლის მომზადება, ჩვილის გადახვევა, საუბარი, დაუთოება, რეცხვა, მომზადება… ხომ არ ვმეორდები? მომიტევეთ, გავცხარდი. თვითონ ვერძი ვარ და არასოდეს მესმოდა, რატომ უნდა უწოდო გოგონას თავხედი მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჭკვიანია და არ მალავს ამას. თუ მამაკაცთა უმეტესობა დიასახლის-მოსამსახურეს ანიჭებს უპირატესობას, ეს მათი პრობლემაა!

ვერძი ქალები, ისევე როგორც ლომები და მშვილდოსნები, მშვენივრად უმკლავდებიან ე.წ. მამაკაცურ საქმეებს და რაღაც-რაღაცეები მათზე გაცილებით უკეთესადაც გამოსდით. მათ მამაკაცებზე გაცილებით დიდი ტკივილების გადატანა შეუძლიათ, ფლობენ საღ აზრს და განსაკუთრებულ ლოგიკას იმის გასაგებად, რომ ომი ვერასდროს ვერაფერს გადაწყვეტს. ამას გარდა, გაცილებით ადრე გრძნობენ საფრთხეს, ვიდრე ის თვალსაჩინო გახდება. ჩვენ ასევე მეტად მგრძნობიარეები ვართ, ინტუიციურად და ფიზიკურად, დანამდვილებით ბევრად ემპათიურნი და მაინც, უფრო მეტად რეალისტურები. მაგრამ არც ისე სენტიმენტალურები ( არ იცოდით, რომ მამაკაცები ქალებზე სენტიმენტალურები არიან? იმდენად, რომ ქალებს ცხოვრების პოეზია და სილამაზე გვასწავლეს!). ნამდვილად კარგია, რომ ფემინისტებმა საკუთარი თანასწორობისა და მამაკაცზე აღმატების საზღვრები დაადგინეს, მაგრამ მათ ასევე უნდა გააცნობიერონ მამაკაცთა თანასწორობის და ქალზე აღმატებულობის საზღვრები. მხოლოდ მაშინ შევძლებთ ვისაუბროთ ნამდვილ ქალურობასა და მამაკაცურობაზე.

სასწაულების არსებობაში დარწმუნებულ ვერძ ქალს ერთხელაც ისეთ კაცთან შეხვედრა უწერია, რომელიც ნამდვილ ქალს ეძებს და სრულიად შესაძლებელია ის ტყუპების ნიშნის წარმომადგენელი აღმოჩნდეს. ტყუპებს შეიძლება ორი თავი არა, მაგრამ ორმაგი სურვილები და საყვარელ ქალთან გონებრივი თამაშების დაჟინებული მოთხოვნა ნამდვილად ექნება. აუღელვებელი სირინოზი, რომელიც მას ჩუმი, მთრთოლვარე ვნებით შესცქერის-ტყუპებისთვის არ არის. რადგან ეს უფრო მარტივია, ვიდრე მასთან ენამახვილობაში გაჯიბრება. მას ჯერ ტვინით, შემდეგ გულით უყვარდება და მხოლოდ ამის მერე უჩნდება ფიზიკური სურვილები. ზუსტად ამ თანმიმდევრობით ვითარდება ტყუპებთან რომანი. რაც შეეხება ვერძს, თანმიმდევრობა თითქმის ასეთივეა. მას ჯერ გულით უყვარდება, მერე სწრაფად ერთვება გონება და ბოლოს ფიზიკური სურვილები. საწყისი ეტაპები კი განსხვავდება, მაგრამ თავიდან ორივესთვის აუცილებელია გონებრივი და ემოციური მიზიდულობა. ეს საოცრად იღბლიანი ფორმულაა.

რადგან შეუძლებელია ტყუპებმა არ დააფასოს მისი მუდმივი ინტელექტუალური გამოწვევები, ვერძი მიხვდება, რომ ტყუპებს ისეთი უყვარს, როგორიც არის. მაშინ მას შეუძლია იყოს ნამდვილად ალერსიანი და ნაზი იმ კაცთან, რომელიც თავის აღმატებულებას უმტკიცებს რაღაც საკითხებში, მაგრამ იმავდროულად მის აღმატებულებასაც აღიარებს სხვა საკითხებში. ეს ძალიან რთული ილეთია, მაგრამ ტყუპებს კარგად ეხერხებათ მისი შესრულება. მისი ბუნებრივი ხიბლი და სიმკვირცხლე(ზოგიერთი ამას პირფერობასაც ეძახის) დაეხმარება მარსიანული პატივმოყვარეობის დაშოშმინებაში.

ვერძს შეიძლება გაუჭირდეს ტყუპებისთვის დამახასიათებელ არაპუნქტუალობასთან შეგუება. მართალია,ვერძი თვითონაც სცოდავს ამ საკითხში, მაგრამ ის წყობიდან გამოდის, როდესაც თავისივე იარაღს მის წინააღმდეგ მიმართავენ.

რაც შეეხება ფიზიკურ შეთავსებას, ის ერთერთი იმ იშვიათ კაცთაგანია, რომელსაც ისეთი ჯადოსნური აქტის განხორციელება შეუძლია, რაც ამ ქალისთვის სექსთან უნდა ასოცირდებოდეს. ვერძისთვის სიყვარულის იდეალური სექსუალური გამოხატვა ყველაზე მრავალფერი და მრავალფენოვანი ნაერთია: ყველა იმ წიგნის, რომელიც წაუკითხავს; ყველა იმ ფილმის, რომელზეც უტირია და ყველა იმ ნათელი იმედის, რომელსაც ოდესმე მის გულში უცხოვრია. ვერძი ღრმად არის დარწმუნებული, რომ იმ წამს, როდესაც ისინი ერთსულ და ერთხორც იქცევიან,ზარების რეკვა უნდა შემოესმას. ტყუპებთან შეძლებს ამის მოსმენას, რადგან მის წარმოსახვას შეუძლია ვერძის ფანტაზიების მხარდაჭერა. ფანრტაზიები კი ვერძისთვის აუცილებელია, რომ ცხოვრებაში კონკიას ზღაპრები განახორციელოს.

ემპატიის ზუსტად ეს ტიპი განაპირობებს მათ შორის სიყვარულის დაბადებას, ხანდახან ერთი ნახვითაც (მათ ნამდვილად ვერ დაადანაშაულებთ სიდინჯეში). მაგრამ მოგვიანებით საჭიროა ფანტაზიებზე მეტი, რომ გრძნობას ძველებული ვნების ალი შეუნარჩუნოს. ეს მაშინ ხდება, როდესაც ტყუპების მენტალური სეპარაციის თვისება აქტიურდება. ვერძისთვის სექსი მხოლოდ წარმოსახვაში არ არსებობს, მას ხელშესახები სიყვარული სჭირდება. ის შეიძლება გრძნობდეს, რომ ტყუპები არასოდეს უძღვნის თავს ბოლომდე და სავარაუდოდ, მართალიც აღმოჩნდება. თავად ხომ არაფერს იტოვებს თავისთვის. ტყუპებმა შეიძლება ვერც გააღვიძოს მასში ვერძისთვის ბუნებრივი ფიზიკური იმპულსები და მაშინ იმედგაცრუებული ვერძი გადაწყვეტს, რომ ჯადოსნური ისტორიები არაფერია, როდესაც ვნების ალი უწინდებურად აღარ გიზგიზებს და გაღიზიანებული ან კიდევ უარესი, ფრიგიდული გახდება.

ეს მეტად დელიკატური საკითხია, მაგრამ ურთიერთობას წარმატების მეტი შანსი ექნება, თუ ტყუპების ასცედენტი ან მთვარე ვერძის ნიშანში მოხვდა. წინააღმდეგ შემთვევაში, ის ვერ შეძლებს ასწავლოს ვერძს რაიმე ისეთი, რის მიმართაც ვერძი საკუთარ უნარსა და მისწრაფებას იგრძნობს. უფლისწულმა ტყუპებმა შეიძლება კოცნით გააღვიძოს კიდეც ვერძი მეფის ასული, მაგრამ თუ ის ყოვლიმომცველმა ვნებამ არ მოიცვა, კვლავ ჩაეძინება ისე, რომ ვერასოდეს გაიგებს, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მაშინ ცეცხლოვანი ასული ყინულად გადაიქცევა და ეს მართლაც დიდი დანაკარგია. ვერძს ხომ იმდენის გაცემა შეუძლია, როდესაც მის მხურვალე ნატურას განვითარების საშუალებას აძლევენ.

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

სტატიის ავტორი:  Qet Adastra


About Rusa

Scroll To Top