ვერძი და ქალწული

ვერძი და ქალწული

ისინი კვლავდაკვლავ ეხეთქებოდნენ ღრუბლებს,იკაწრებოდნენ და ლურჯდებოდნენ.

ვერძს უყვარს განზოგადება, არასოდეს აღელვებს დეტალები და მოწყენილობისგან კვდება, თუ ამის კეთება უწევს. ქალწული კირკიტაა, უყვარს დეტალების ანალიზი და ვერ იტანს ზოგად საკითხებს.

ალბათ, უკვე შეგექმნათ გარკვეული წარმოდგენა მათ შორის განსხვავებაზე.

ვერძის ყოველი მოქმედება გრძნობითი უმპულსისგან იწყება, ის სრულიად ენდობა თავის ემოციებს და სკეპტიკურად უყურებს ზღვარგადასულ პრაქტიკულობას. ქალწული პრაქტიკულია, ის მხოლოდ საკუთარ გონებას ენდობა და სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს გრძნოებებისა და ემოციების მიმართ.

როდესაც ვერძი ნაწყენია, ყველა ქუჩის კუთხეში ყვირის, ყველას თავის დარდებს უზიარებს, რომ მალე მორჩეს მისი ტანჯვა. როდესაც ქალწულია შეწუხებული, წყენას საკუთარ თავში მალავს და გულისწყრომას შიგნით აჟანგებს.

ვერძი არ ზრუნავს საკუთარ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და მაინც იშვიათად აწუხებს ქრონიკული დაავადებები. ქალწული, პირიქით, გადამეტებულ ყურადღებას უთმობს ამ საკითხს და მაინც ხშირად აღმოაჩენს ორგანიზმში სხვადასხვა დაავადებათა სიმპტომებს.

მოიცადეთ, ეს ყველაფერი არ არის!

ორივეს უყვარს დახმარების აღმოჩენა სხვებისთვის, თუმცა მათი მოტივები რამდენადმე განსხვავებულია: ვერძი ამას იმიტომ აკეთებს, რომ თავს კარგად გრძნობს, როდესაც ვინმეს აბედნიერებს და თან საკუთარ თავს უმტკიცებს, რომ პატარა სასწაულების მოხდენა შეუძლია. ქალწული იმიტომ, რომ მას რაღაც ავადმყოფურ სიამოვნებას ანიჭებს ყოველგვარი ქაოსის ორგანიზება, შესწორება, კორექტირება თუ წესრიგის გაუმჯობესება. ქალწულისთვის სრულიად ნორმალური ქცევაა შევიდეს ოთახში, აიღოს ხელში ინტრუმენტი, შეაკეთოს აქა-იქ და მადლობასაც არ დაელოდოს, ისე გააგრძელოს გზა. ვერძიც არ ელის დიდხანს მადლიერების სიტყვებს,მაგრამ მოსმენა მაინც სურს. თუ ასე არ მოხდა, ის გაბრაზდება და განაწყენდება, ქალწულისგან განსხვავებით, რომელსაც ვერძივით იდეალისტური წარმოდგენა არ აქვს მთლიან კაცობრიობასა და კონკრეტულ ადამიანებზე. ამიტომ მათგან ბევრს არაფერს ელის და უმადურებასაც ნორმალურად ხვდება.

თითოეულს წრფელი ზრახვები ამოძრავებს. ორივეს სუფთა და ლამაზი სული სწადია და მბრწყინავ იდეალს ეძებს. თუმცა ჭეშმარიტებისა და მშვენიერების საძიებლად წასული ვერძი და ქალწული გზაჯვარედინზე მაინც გაიყრებიან და სხვადასხვა მიმართულებით წავლენ. ვერძებს ბრმად და ინტინქტურად სწამთ, რომ იპოვიან იმას, რასაც ეძებენ. ქალწულებს იმედიც კი არ აქვთ, რომ ოდესმე იდეალს მიაგნებენ და მიზანს რომც მიაღწიონ, აუცილებლად რაიმე წუნს გამოუძებნიან სრულყოფილებას.

და მიუხედავად ყველა ამ განსხვავებისა, ვერძს და ქალწულს შეიძლება კომფორტული ურთიერთობები აკავშირებდეთ. საქმიანი თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა და აღტაცება თუ დახმარების სურვილი, ყოველთვის დადებითად აისახება საერთო საქმეზე. თუ ეს მეგობრობაა, შესაძლოა როდესმე საქმიანი პარტნიორებიც გახდნენ. თუ ეს ოჯახური ურთიერთობაა, 8-6 ფორმულა ურთიერთსასარგებლოა ორივესთვის.

ვერძი და ქალწული ისეთ საიდუმლოებებს უმხელენ ერთმანეთს, რასაც არავის ეტყოდნენ. ალბათ, ვერძი გრძნობს და ქალწული ფიქრობს, რომ შეუძლიათ სრულიად ენდონ პარტნიორს, თუმცა ძლივს ესმით ერთმანეთის. იმის მიუხედავად, რამდენად ახლოს არის ეს ორი ადამიანი, ვერძი ყოველთვის გრძნობს ქალწულის ღრმა უკმაყოფილებას, როცა პაემანზე აგვიანებს, მხიარულად დაკუნტრუშებს ან დაუდევრად და უპასუხისმგებლოდ იქცევა. ვერძი ვერასოდეს შეძლებს ისევე სერიოზულად მოეკიდოს სამუშაოს და საქმეს, როგორც ქალწული. ვერძს ახასიათებს საქმეების გადადება. ქალწულისთვის დროის უაზროდ ფლანგვა თითქმის სასიკვდილო ცოდვაა. თუმცა როგორც კი ყველა საქმეს მორჩება, რაც უამრავ დროსა და ყურადღებას მოითხოვს და სინდისს დაიმშვიდებს, რომ ყველა დეტალი თავის ადგილზე განათავსა, ვალდებულებებისგან თავისუფალ ქალწულებს შეიძლება საკმაოდ საინტერესო და ხანდახან შოკისმომგვრელად ექსტრავაგანტული პირადი ცხოვრებაც ჰქონდეთ.

ადრე თუ გვიან, როდესაც მათ თანაცხოვრების საკმარისი გამოცდილება დაუგროვდებათ, ვერძი აუცილებლად შეახსენებს ქალწულს მის გადაჭარბებულ ყურადღებას წვრილმანი საზრუნავების მიმართ და მისგან მოისმენს: „რომელი წვრილმანი საზრუნავები? მე ასეთი სულაც არ ვარ.“

მომდევნო დიალოგი დაახლოებით შემდეგნაირად წარიმართება:

ვერძი: “აჰ, ასე? გახსოვს წინა კვირას, დილით ყოველდღიური შხაპი რომ გამოტოვე, რადგან „სპილოს ძვლის“ საპონი ვერ ნახე და სხვა საპნით დაბანა არ გინდოდა? მერე ლანჩში რომ ბუზი აღმოაჩინე, სამი დღე თავი გტკიოდა და ნერვიულობის ნიადაგზე კუჭის შეკრულობა დაგემართა?“

ქალწული: „როგორც ყოველთვის, აჭარბებ. კუჭის შეკრულობამ რამდენიმე დღე კი არა, მხოლოდ სამ საათსა და ორმოცდახუთ წუთს გასტანა და არა ნერვიულობით, არამედ იმ საშინელი სამხრით იყო გამოწვეული. თავის ტკივილი კი სულ რაღაც საათნახევარი მაწუხებდა, რადგან წინა დღით ვერ გამოვიძინე. შხაპის მიღება იმიტომ კი არ გამოვტოვე, რომ საპონი ვერ ვნახე, შენთან პაემანზე მაგვიანდებოდა. რაც შეეხება ფეხსაცმელს, დიახ, მართლაც მეწყინა, ბოლოსდაბოლოს ოცდაორი დოლარი გადავიხადე და მხოლოდ რამდენიმე წელი ვატარე. მე ვერ მივცემ საკუთარ თავს ფულის ფლანგვის უფლებას.“

ხედავთ როგორ ტაქტიანად არის ქალწულის ახსნა-განმარტებით თავის მართლებაში ვერძისადმი ბრალდებები დაშიფრული? ქალწულები, როგორი გაბრაზებულებიც არ უნდა იყვნენ, ყოველთვის ზომავენ სიტყვებს და პრაქტიკულად არასოდეს არღვევენ თავაზიანობის ეტიკეტს.

რადგან ქალწული ყველაფერს აანალიზებს და თავის ადგილზე ალაგებს, ვერძები მათ ცივ და ანგარიშიან ადამიანებად თვლიან. თუმცა ისინი სულაც არ არიან ცივები და შეიძლება სენტიმენტალურნიც კი იყვნენ. ამიტომ ქალწულებს ხშირად არ ესმით, რატომ ადანაშაულებენ მათ სიცივესა და მეწვრილმანეობაში. თავად მათი გამჭრიახობა უკვე გულისხმობს მაღალ იდეალებს. თუ მათ გვერდით მცხოვრები ადამიანები ამ იდეალებს არ შეესაბამებიან, ქალწულებს იმედები უცრუვდებათ და ყველაფერზე მარტივად ღიზიანდებიან. ქალწულებს ყველაზე მეტად ვერძები აღიზიანებენ, მაგრამ მათ ღია სიმტკიცის გამოჩენა არ უყვართ, ვერძთან კი ეს ხანდახან უბრალოდ აუცილებელია. ვერძის იმპულსურობა ქალწულს უხერხულობაში აგდებს, რადგან სიტუაციის შეცვლა არ შეუძლია, თუმცა ხანდახან ამ გრძნობას კრიტიკული მდუმარებით გამოხატავს. სინამდვილეში მნიშვნელობა არ აქვს, როგორ და რა მეთოდებით მოხდება ეს. წინააღმდეგობის ნებისმიერ ფორმას ვერძი წყობიდან გამოჰყავს. ტიპური ვერძი ყველანაირად ცდილობს თავი აარიდოს ქალწულთან არგუმენტირებულ დისკუსიას; მის ცივ და საღ შენიშვნებს, რა არის სწორი და რა არასწორი. ვერძებს არ უყვართ ფორმალიზმი და კრიტიკა.

და მაინც, როდესაც სინატრიაში მათ მზეებსა და მთვარეებს შორის დადებითი ასპექტებია, ვერძსა და ქალწულს ერთმანეთის გაბედნიერება შეუძლიათ. ასეთ შეთავსებაში ვერძს, თავის გასაკვირად, ხშირად უჩნდება სურვილი, ქალწულის მშვიდ მაგალითს მიბაძოს და სერიოზულად მოეკიდოს მის ყოველთვის კარგად გათვლილ სასარგებლო რჩევებს. ქალწულიც გააკვირვებული იქნება, როდესაც ვერძს საკუთარი თავის მართვის საშულებას მისცემს და თავისი ჩვეული კრიტიკული ხასიათიდან არაერთ აკრძალვას ამოაგდებს. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მათ თანასწორ ურთიერთობას, თუ თითოეული მათგანი უფრო ხშირად შეამჩნევს მეორეს ღირსებებს და არ გაამძაფრებს მათ შორის არსებულ განსხვავებებს.

ქალწულებმა იშვიათად იციან, რომ ვერძი შეუცდლომლად გრძნობს მათ განწყობას. ის ზუსტად ხვდება, ქალწულის ყურადღება და მზრუნველობა გულწრფელი ერთგულების, სინაზისა და მეგობრობის შედეგია თუ სამუშაო ვალდებულების და იმ შემთხვევაში, თუ ვაცმა სიკეთის ნატამალიც ვერ იპოვა, ის ამჯობინებს, მარტო გაუმკლავდეს ყველაფერს, ვიდრე ისეთი ადამიანის დახმარება მიიღოს, ვინც გულწრფელ სიმპათიას არ განიცდის მის მიმართ.

მართალია, ისინი, ერთი შეხედვით, ცა და დედამიწასავით განსხვავდებიან, მაგრამ არაერთი ბედნიერი სურპრიზი ელით, თუ საერთო ენის გამონახვას მოინდომებენ. ქალწული ვერძში აღმოაჩენს ადამიანს, რომელიც მართლაც ღირს დახმარებად და რომელიც გულუხვად დააჯილდოებს თბილი ენთუზიაზმითა და გულისამაჩუყებელი მადლიერებით, შეიძლება ქალწულის აკრძალვების ზარდახშაში ჩაკეტილი საიდუმლო სურვილების ბოქლომიც კი გახსნას. ვერძი ქალწულში მისთვის აუცილებელ გულწრფელ თანაგრძნობას და ისეთივე მართალ და ერთგულ გულს აღმოაჩენს, როგორც თავად აქვს. ქალწული მას წვრილმანებში სილამაზის დანახვასა და მოთმინების სიბრძნეს ასწავლის. ვერძი კი ქალწულს დაეხმარება საკუთარი თავის ირწმუნოს.

ვერძი მამაკაცი და ქალწული ქალი

საერთოდ, კარგი ბიჭი იყო, ხმელი ფოთლებით და გამჭირვალე ფისით შემოსილი.

მისი პირი სავსე იყო მარგალიტის რძის კბილებით, ჯერ არც ერთი არ მოეცვალა…

როდესაც მან საძინებელში ზრდასრული ადამიანი შეამჩნია,

გაბრაზებულმა გააშიშვლა მთელი თავისი მარგალიტები.

სამწუხაროა, მაგრამ სიმართლეა. ადრე თუ გვიან ვერძმა შეიძლება მწვავე აუცილებლობა იგრძნოს, დაუმტკიცოს ქალწულს, რომ მისი შეხედულებები და იდეალები სავსებით კეთილგონივრული და ემოციურად მომწიფებულია. მოკლედ, ის შეეცდება დაამტკიცოს, რომ მის გეგმებს, ამბიციებსა და გრძნობებს აქვთ არსებობის უფლება. საქმე ის კი არ არის, რომ ქალწული ამაში არ ეთანხმება, მაგრამ თუ ვერძი ტიპურ ქალწულთან ურთიერთობს, მან შეიძლება იფიქროს, რომ ეს ცივი ქალი არ იწონებს მის ქცევებს, რაც სავსებით დასაშვებია. ქალწული შეიძლება მთელი გულით მხარს უჭერდეს ვერძის წინადადებებსა და გამოგონებებს, მაგრამ ვინც და რაც არ უნდა იყოს, ის ყოველთვის გამოუძებნის რაიმე წუნს.

ასეთები არიან ქალწულები. ისინი თავისდა უნებურად ამჩნევენ კილომეტრიან ჯაჭვში სუსტ რგოლს და ყველას აფრთხილებენ, რომ ჯაჭვი გაწყდება. რეალურად სხვა ზოდიაქოს შვილები მადლობელნი უნდა ვიყოთ მათი, რომ ისინი საფრთხეს იქამდე ამჩნევენ და გვაფრთხილებენ, სანამ რაიმე უბედურება დატრიალდება და ქალწულთა გასახარად ვიტყვი, რომ ადამიანთა უმეტესობა სათანადოდ აფასებს მათ უნარს, წესრიგი დაამყარონ სრულ ქაოსში.

თუმცა ამ მადლიერთა რიცხვში ვერძის ნიშნის ადამიანები არ შედიან. მას მრისხანე აღშფოთება ეუფლება, როდესაც ქალწული სიფრთხილესა და უნდობლობას გამოხატავს და შეიძლება უგრძნობლობასა და წარმოსახვის უქონლობაშიც კი დასდოს ბრალი. ვერძი ძალიან ცდება. ეს ქალი მშვენიერი, ცოცხალი წარმოსახვით არის დაჯილდოებული, მაგრამ ის იმდენად ჩუმი და ჩაკეტილია, რომ გარშემომყოფები საშინლად პროზაულ არსებად აღიქვამენ. ქალწულს არ უყვარს თავისი ბრწყინვალე გონებრივი შესაძლებლობებისა და საიდუმლო აზრების საჯაროდ გამოტანა.

როდესაც ქალწულის ცხოვრებაში გულადი, არაჩვეულებრივი ვერძი შემოკუნტრუშდება, ის თავს სრულიად განსაკუთრებულ ქალად გრძნობს, მისი ცივი გული სითბოთი და ნათელი მზის სხივებით ივსება და თავდაჯერება ემატება. მაგრამ ვერძი, ყველას მსგავსად, მას წარმოსახვის უქონლობასა და უგრძნობლობაში დაანაშაულებს! იქნებ თვითონ არის უგრძნობი?!

ქალის შინაგანი სამყარო არ შეიძლება მხოლოდ წარმოსახვითი და ირეალური არსებებით იყოს სავსე. თუმცა ქალწულს მაინც მშვენიერი ჯადოსნური სამყარო აქვს, რადგან ის სილამაზეს წვრილმანებსა და ყოფიერებაში ხედავს. თუ მასზე შეყვარებული ვერძი ნამდვილად შეიგნებს ამას, ყვირილს და მის დამცირებას შეწყვეტს, ქალწული შეძლებს თავისი აუხდენელი ოცნებები და საიდუმლო ფანტაზიები გაუმხილოს და შიშებშიც გამოუტყდეს. დიახ, მას ბევრის სწავლა შეუძლია ვერძისგან.

ვერძიც ბევრს ისწავლიდა მისგან, უფრო დაკვირვებული და ყურადღებიანი რომ ყოფილიყო. მაგალითად, სხვებისადმი ყურადღების გამოჩენას, სიმშვიდესა და მსახურების ბედნიერებას (და არა მომსახურების მოთხოვნას). ქალწული ამის დემონსტრირებას ყოველ ერთად გატარებულ დღეს ახდენს, რასაც ვერძი იშვიათად ხედავს. ქალწული ისე რბილად და თავაზიანად ერევა უწესრიგობაში, ვერძი მის არსებობასაც ძლივს ამჩნევს. ყველაფერში ეხმარება, ვერძმა რომც არ სთხოვოს. ქალწული ყვავილივით გაიფურჩქნებოდა ვერძის მადლიერებისგან, მაგრამ ამასაც არასდროს ითხოვს.

რა ბედნიერებაა ისეთ ქალწულთან სახლში დაბრუნება, რომელსაც საკუთარი თავი მოსწონს, როდესაც ბუნებრივად იქცევა და საყვარელ მამაკაცსაც აძლევს იმის საშუალებას, იყოს ისეთი, როგორიც არის. თუ ის ტიპური ქალწულია, ის არ იქნება მომაბეზრებელი (ვერძისგან განსხვავებით!). ის მშვიდი, თავაზიანი და კარგად აღზრდილი ქალია და ძალიან საჭიროებს სინაზეს, რომელსაც ასევე არასდროს ითხოვს ხმამაღლა. დიახ, ხანდახან კრიტიკულია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, თავაზიანია, როდესაც წვრილმან დეტალებზე დაობს. ამ კეთილგონიერ ქალზე შეყვარებულ ვერძს, შეუძლია დაამშვიდოს ის, როდესაც ნაწყენია ან საკუთარი წვრილმანი შეცდომების გამო განერვიულებული (ქალწულები მიდრეკილები არიან რადიკალური თვითკრიტიკისკენ). კარგი იქნება თუ ვერძი შეახსენებს, რომ არავინ არის დაზღვეული შეცდომებისგან, თვით უბიწო ნაზარეველიც კი.

ამ წყვილის ფიზიკური სიყვარული მომხიბვლელი ბურუსით არის მოცული. სავსებით დასაშვებია, რომ დღევანდელ რეალობაში, ისინი ადამიანთა იმ იშვიათ კატეგორიას განეკუთვნებიან, ვინც კატეგორიულად უარყოფს „სექსს სექსისთვის“. ვერძი მამაკაცი იდეალისტია, თანაც უკიდურესად ეჭვიანი, ქალწულ ქალს კი ორგანულად ეზიზღება ვულგარულობა. სავარაუდოდ, მათი სასიყვარულო აქტი სწორედ ორმხრივი იდეალიზმისა და ქვეცნობიერად უმანკოების ძიების ამსახველი რიტუალი იქნება. ეს იმას არ გულისხმობს, რომ მათ ფიზიკურ სიყვარულს ვნებები აკლია. სხვა რომ არაფერი, მარსიანელი მამაკაცი თვით განსახიერებული ვნებაა. მაგრამ ის ასევე გულისამაჩუყებლად ნაზია და როგორც წესი, თავის სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი კარგად ახსოვს. ქალწული ამ რაინდულ ჟესტებს გულწრფელი სიხარულით უპასუხებს, თუმცა გარკვეული სიფრთხილეც მართებს, თუ, ვთქვათ, მან ვერძის სასიყვარულო ტექნიკის გაკრიტიკება მოისურვა. ასევე ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოს, რომ თანდაყოლილი სიცივით ის მხურვალე სექსუალური დინება არ შეაჩეროს, რომელსაც ვერძი ასე გულუბრყვილოდ სთავაზობს. ვერძი, თავის მხრივ, უნდა ეცადოს, არ შეეხოს მის დელიკატურობას და ყოველთვის აჩვენოს, რომ სირბილე და სინაზე მათი კავშირის განუყოფელი ნაწილია. ის არ უნდა განაწყენდეს იმ ფაქტზე, რომ ქალწული საკუთარ სიყვარულს არა ფიზიკური აქტის მეშვეობით, არამედ დახმარებით, მსახურებითა და მზრუნველობით გამოხატავს.

ვერძის სექსუალური ამტანობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ქალწულის, ამიტომ მან ხშირად უნდა შეახსენოს თავს, რომ მოთმინება ის ღირსებაა, რომელსაც თავისი ნაყოფი მოაქვს. უბრალოდ ვერძმა ქალწულს შესვენების საშუალება უნდა მისცეს და არასოდეს დაავიწყდეს, რომ მისი სიყვარულით დაკავების თუ არდაკავების სურვილი, ყოველთვის პირდაპირპროპორციულად არის დაკავაშირებული წინა დღეების პრობლემებსა თუ საზრუნავებთან. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ქალწული არასოდეს მიეცემა სიყვარულს მთელი თავისი არსით, რაც ასე დამახასიათებელია ვერძისთვის. ეს არის მათი უმთავრესი სხვაობა, რომელსაც ორივე დიდი სიფრთხილითა და გაგებით უნდა მოეკიდოს.

მიუხედავად ორმხრივი ბუნებრივი მიზიდულობისა, მათ შეუძლიათ დროთა განმავლობაში, გადაასხვაფერონ ურთიერთობის ფორმა და ააგონ ის ურთერთპატივისცემაზე. რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ემოციური უკუკავშირი და ურთიერთგაგებაც აუცილებელია.

ქალწული და ვერძი, იმ შემთხვევაშიც, თუ მათ ურთიერთობას ბზარები გაუჩნდა, იშვიათად ღალატობენ ერთმანეთს და ამას ღრმა ფესვები აქვს. მზის ამ ნიშნების ტიპურ წარმომადგენლებს, როგორი გარდაუვალი სიტუაციაც არ უნდა იყოს, არ შეუძლიათ იმ ადამიანის მიტოვება, რომელსაც ერთხელ უკვე თავი მიუძღვნეს. ქალწული ყოველთვის პასუხისმგებელია საკუთარ სიტყვებზე, განსაკუთრებით დაპირებებზე. თუ მან პირობა გატეხა, ე.ი. მას იმდენად უკიდეგანო სიღრმის პირადი შეურაცხყოფა მიაყენეს, რომ კავშირის საბოლოოდ გაწყვეტა და ფსიქოლოგიურ გარდატეხა ნამდვილად გარდაუვალი გახდა.

ვერძ მამაკაცს არ სურს საკუთარი შეცდომების აღიარება. მას ქალთან ვალდებულების გრძნობა კი არა, ემოციები აკავშირებს. ვერძისთვის მძიმე გასააზრებელია, რომ სიყვარულში შეცდა. ეს მამაკაცი ყოველგვარ ავანტიურაში თავით ეშვება; ყოველ გამოწვევას მგზნებარე განზრახვებით ეხმაურება. განა რომეოს შეეძლო როდესმე გადაეყვარებინა ჯულიეტა? ან ჯულიეტა დაღლილიყო რომეოს სიყვარულისგან? რა თქმა უნდა, არა. დაახლოებით ასე უყურებს ვერძი ამ საკითხს და ავიწყდება, რომ ამ იდეალური სიყვარულის ისტორიის გმირები ოცი წლისანიც არ იყვნენ. უფრო დიდხანს რომ ეცოცხლათ? ალბათ , ისევე როგორც ყველა, ისინიც გადააწყდებოდნენ ურთიერთგაუგებრობასა და უთანხმოებებს. უცნაურია, მაგრამ ვერძი ზუსტად ისევე ილტვის იდეალური სიყვარულისკენ, როგორც მისი პარტნიორი ქალწული ისწრაფვის სრულყოფილებისაკენ ყველაფერში, სიყვარულის გარდა.

როდესაც მათ ურთიერთობაში სერიოზული სირთულეები წარმოიქმნება, კვანძებს გარემოებათა ინტენსიური წნეხის ბასრი მაკრატელი ჭრის და არა მათი გრძნობების გაციება. ხანდახან ამ როლს ქალწულის სამსახურითა და სახლით შეპყრობილობა ასრულებს, ხანაც ვერძის მიზანდასახულობა, რომელიც აიძულებს, ცხოვრების დიადი მიზნებისა და საკუთარი თავის ძიების გარდა, ყველა და ყველაფერი გვერდზე გადადოს, რაზეც ქალწულს დაუოკებელი სურვილი უჩნდება, აკრიტიკოს მისი ქცევები და განზრახვები. ვერძისთვის თავიდან ეს გამაღიზიანებელია, შემდეგ დამამცირებელი, ბოლოს მარსიანული რისხვის გამომწვევი. განრისხებული ვერძის შემყურე ქალწული ყინულოვანი გაუცხოების კედლის მიღმა იმალება და თითქმის დემონსტრაციულად ტკბება საკუთარი უბედურობით. ამიტომ საჭიროა, რაიმე დათმონ. თან, რაც შეიძლება სწრაფად! წინააღმდეგ შემთხვევაში, ორმხრივი სინაზე მეორე პლანზე გადაინაცვლებს, ადგილს მუდმივ თვითდამკვიდრების მტკივნეულ პროცესს დაუთმობს და… ისინი დაშორდებიან.

საკმარისია სევდაზე. ამ მამაკაცსა და ქალს შეუძლიათ ყველა შეცდომის გამოსწორება და ურთიერთობის დალაგება იმ დროს, როდესაც სხვა უმწეობისგან ხელებს ჩამოუშვებდა. თუმცა ერთი პირობით: თუ ვერძისთვის სიყვარული თავგანწირვა და რჩეულის მოთხოვნების გაცნობიერება გახდება, ქალწულისთვის კი ვერძისადმი სრული ნდობა და მისი ოცნებების გაზიარება.

ვერძი ქალი და ქალწული მამაკაცი

მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი

 

ის ყველაზე თვინიერი იყო მათ შორის.

შეიძლება ითქვას, ერთადერთიც კი, ვინც უჯერებდა

და ვენდი მას განსაკუთრებული სინაზით ეპყრობოდა.

როდესაც ვინმე ვერძ ქალს თავხედს, უცერემონიოს, ზედმეტად ემოციურს, იმპულსურს, არაპრაქტიკულსა და წარმოუდგენლად მოუმწიფარს უწოდებს, მასზე შეყვარებული ქალწული მამაკაცი ამ შეფასებებს არ დაეთანხმება, რადგან თავად მსგავსი თვისებები რჩეულში არ შეუმჩნევია. მისთვის ვერძი ძალიან გულწრფელი და მართალი, უმანკო და ქალურია, ზედმეტადაც კი. „ის ხელგაშლილად ხარჯავს ფულსა და დროს, -იტყვის ქალწული -მან ჩემი იდეალიზმი გაიზიარა, ბევრი რამ მასწავლა და ყოველთვის რბილი და კეთილი იყო. შეიძლება ბუტია და ეჭვიანია, მაგრამ არასოდეს მოუწყვია ჩემთვის სცენები. ის ყოველთვის მზადაა ყველა საკითხი ჩემთან განიხილოს და დასკვნებს მოუსმინოს. ხოლო როდესაც მცირე კამათის შემდეგ ვრიგდებით, ის კვლავ მაიძულებს ბედნიერება ვიწამო. ის რბილი, ნაზი და მარად ახალგაზრდაა“. ქალწულის თანამოსაუბრე აუცილებლად დაეჭვდება, მართლა ვერძზეა საუბარი თუ ქალწულს ეშლება?

ის მართლაც ვერძია, ომისა და აგრესიულობის პლანეტის, მარსის მკვიდრი. ვერძი ქალი საოცრად ხშირად ავლენს ფარულ ქალურობასა და ღრმად დამალულ თავგანწირული სიყვარულის უნარს, როდესაც ქალწული მამაკაცი უყვარდება. თუ ის კეთილ და ყურადღებიან ადამიანს ხვდება, რომელიც აღტაცებულია მისი გამბედაობითა და ნათელი გონებით, რომელიც იშვიათად ეჯიბრება, ფრთხილად ასწავლის, გაგებით ეკიდება მის ნაკლოვანებებს და მისი ოცნებებისაც სწამს, ვერძი ასეთ ადამიანს მთელ გულს უძღვნის. ვერძებისთვის დამახასიათებელი ფარული თავდაუჯერებლობა და შიშები, აგრესიულ ქცევებთან ერთად, მყისვე ქრება. რატომ უნდა ეომოს ვინმეს, როდესაც ქალწული დაუნანაებლად უძღვნის ყოვლისშთანთქმელ სიყვარულს, რომელსაც ვერძი ასე დაჟინებით ეძებს?

მაშინ რატომ შორდებიან?

ქალწულს ინსტინქტურად ეშინია ქორწინების. ვერძი ძალიან სულსწრაფია და ის ელის, რომ ყველა მისი სურვილი დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. ამიტომ შეიძლება ვერ მოითმინოს და ატირებულმა დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ მათი ურთიერთობა მხოლოდ კარგი მეგობრობა იყო. საკმაოდ უცნაურია, მაგრამ სწორედ მეგობრობით სრულდება ამ ნიშნების არშემდგარი რომანები. ქალწულის თანდაყოლილი თავაზიანობისა და გალანტურობის წყალობით, მათ თითქმის არ აწუხებთ მწარე მოგონებები.

და მაინც, ხანდახან მათი სიყვარული მარადიულია და მაშინ, ცხოვრებაც მშვენიერია. მაგრამ აქაც წარმოიქმნება სირთულეები, თუმცა უფრო ნაკლები. მთავარია, ამას ზედმეტად ემოციურად არ მიუდგნენ და ყველაფერი მოგვარდება.

ქალწული სამყაროს ყოველთვის ფხიზელი გონებით, თვითმოტყუების გარეშე უყურებს. აი, ვერძს ამ საკითხში დახმარება დასჭირდება, თანაც საკმაოდ დიდი. ქალწული მამაკაცი მარტივად აანალიზებს ნებისმიერ სიტუაციას და შეუძლია კომპრომისის მიღწევა. ძალისხმევის გამოჩენაც კი არ სჭირდება ამისთვის -ყველაფერი ინსტინქტურად, ბუნებრივად გამოსდის. ვერძი ქალი პრობლემას განსხვავებულად უდგება: ჯერ ჩაქუჩს აბრახუნებს, მერე ცდილობს ურქინოს. თუ ეს მეთოდი არაეფექტური გამოდგა, შემდეგ მზადაა მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს და ყველა „მომხრე“ და „საწინააღმდეგო“ არგუმენტი განიხილოს. თუმცა ეს განხილვა უმეტესად იმით სრულდება, რომ ყველა „მომხრე“ არგუმენტი და ფაქტი მის მხარეს აღმოჩნდება, ყველა „საწინააღმდეგო“ -ქალწულის. ამიტომ კარგი იქნებოდა, თუ ქალწულს მოთმინებასა და რაციონალიზმში მიბაძავდა.

ქალწულის მიერ ვერძზე წარმოთქმული არც ერთი კეთილი სიტყვა არ წაიშლება მისი მეხსიერებიდან. თუმცა თუ რომანი დიდხანს გაგრძელდა ან ქორწინებაში გადაიზარდა, აღარც ვერძი იქნება ქალწულისთვის ანგელოზი და არც ქალწული იქნება ვერძისთვის წმინდანი. რამდენიმე წვრილმანი დავა მალე გააგრილებს ქალწულის სურვილს, ყველაფერზე აკრიტიკოს ვერძი. თუ ქალწული ნამდვილი ანალიტიკოსია, ის სწრაფად მიხვდება, რომ გაბრაზებული ვერძი გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე გაყინული. განვმეორდები და გეტყვით, რომ ვერძის სიცივე ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე მისი ცეცხლოვანი ალი. ცეცხლი, ადრე თუ გვიან ჩაქრება, მაგრამ ყინული ნამდვილ შოკში ჩააგდებს საცოდავ ქალწულს, როდესაც მარსიანელი ყვირილს და ფეხების ბაკუნს შეწყვეტს და წარბშეუხრელად ეტყვის: “მშვიდობით“. თუ ვერძი ერთხელ წავიდა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ უკან მოიხედოს. დღევანდელი თავისუფლება ვერძისთვის ბევრად უფრო მნიშნველოვანია, ვიდრე სწრაფად წარმავალი მოგონებები წარსულ გულისტკივილზე. დიახ, მე გითხარით, რომ ვერძი არასოდეს არაფერს სწავლობს და თუ ღუმელზე დაიწვა, მზადაა ისევ დაადოს ხელი… მაგრამ არა იგივე ღუმელს და ეს კარგად უნდა გახსოვდეთ!

დავუბრუნდეთ კრიტიკას. სიმართლე რომ გითხრათ, ქალწულ მამაკაცს ყოველთვის შეუძლია დაარწმუნოს თავისი ქალბატონი, რომ მისი შენიშვნები ოდნავადაც არ აკნინებს მის სიყვარულს. თუმცა ვერძი მაინც ვერ იქნება ბედნიერი, თუ ქალწულის დახმარებით აღმოაჩენს, რომ მისი მანკიერებების სია ბევრად უფრო გრძელია, ვიდრე ტალანტებისა და ღირსებების. თუ მას ამ ქალთან კეთილი ურთიერთობის შენარჩუნება სურს, უნდა ისწავლოს მისი გემოვნების დაფასება და წვრილმან ნაკლთა იგნორირება. ბოლოსდაბოლოს, ონკანის მილების გაწმენდა და საკუჭნაოს მილაგება თავადაც მშვენივრად შეუძლია, თუ მაინცდამაინც მოსამსახურისთვის ფულის გადახდა არაეკონომიურად მიაჩნია.

ვერძისა და ქალწულის ურთიერთშეთავსება 8-6 მოდელს შეესაბამება, რაც ერთგულებისა და საერთო საქმის გარდა, ძლიერ სექსუალურ ურთიერთმიზიდულობას გულისხმობს. ვერძი (VIII ნიშანი) ქალწულის (VI ნიშნის) თვალში განასახიერებს სექსუალურ საიდუმლოს. თავის მხრივ, ქალწული (VIნიშანი) სექსუალური ურთიერთობის იმ ტიპს სთავაზობს ვერძს (VIII ნიშანს), რომელიც მისთვის სანდო და უსაფრთხოა. ამგვარად, მიუხედავად ხასიათების პრინციპული სხვაობისა, ისინი ფიზიკური სურვილის და მისი გამოხატულების იშვიათი ჰარმონიული სინთეზით ტკბებიან. შესაძლოა ამის მიზეზი იმ განუყოფელ უმანკოებასა და სისუფთავეში იმალება, რომელიც შემოაქვთ ზოდიაქოს სიმბოლურ ჩვილსა და სიმბოლურ ქალწულს. ან საიდუმლო მათ საერთო რწმენაშია, რომ სექსუალური აქტი ქალისა და მამაკაცის ყველაზე ღრმა სურვილების უკიდურესი გამოხატულებაა -სხეულთა, გონებათა და სულთა ერთობა. მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ ქალის პირდაპირობა და მისი უშულო მიდგომა ამ საკითხის მიმართ, რომელიც ზუსტად ეხმაურება ქალწულის თანდაყოლილ სიმართლეს, მის არაეგოისტურ და ყურადღებიან დამოკიდებულებას საყვარელი ქალის მოთხოვნების მიმართ. ვერძი ქალის ვნებები, ისევე როგორც ქალწული მამაკაცის, მხოლოდ მასთან იღვიძებს, ვისაც ფიზიკური სიყვარულის სულიერების მწვერვალებამდე ამაღლება შეუძლია.

რა მიზეზებიც არ უნდა იყოს, მათი საოცრად ჰარმონიული სექსუალური ურთიერთობა, ჩვეულებრივ, მნიშვნელოვან ხელშემწყობ როლს ასრულებს ამ კავშირში. ეს ფაქტორი დიდად ეხმარება მოთმინებით აიტანონ განსხვავებები და დაძაბულობები სხვა სფეროებში. სექსი მათთვის იმედის განახლების ტოლფასია.

ვერძმა გოგონამ უნდა გააცნობიეროს, რომ მისი საყვარელი მამაკაცი მერკურით იმართება (ასევე ჭეშმარიტი, მაგრამ ჯერ აღმოუჩენელი ვულკანით), ამიტომაც ფიქრობს და აანალიზებს ამდენს. თუ ღრმა ანალიტიკაში ჩაძირულ ქალწულს, ვერძი უყურადღებობასა და მის უგულვებელყოფაში დაადანაშაულებს, ქალწული ამას ვერ გაიგებს და შეიძლება გაბრაზდეს კიდეც. ქალწულის გაუცხოება და ხანგრძლივი დეპრესიული პერიოდები გაუგებარია ვერძისთვის და შეიძლება ყველაფერი საკმაოდ უსიამოვნო სცენით დასრულდეს. ერთადერთი საშუალება ვერძისთვის, თავი აარიდოს დრამატულ დასასრულს – თავი მოიკატუნებაა, რომ ვერ ამჩნევს მის სევდასა და დარდს. ვერძ ქალს მოუწევს გარკვეული ძალისხმევის გამოჩენა, რომ მხიარულება შეინარჩუნოს, სრულიად მოათვინიეროს საკუთარი ბუტიაობა და მთლიანად კონცენტრირდეს ქალწულზე და არა საკუთარ თავზე. კარგი იქნება, შესთავაზოს სასიამოვნო საქმით გართობა ან მომავალ ნათელ გეგმებზე საუბარი. მაგრამ აუცილებლად მშვიდად და აუჩქარებლად. როდესაც ქალწულს რამე აწუხებს, მას არ უყვარს ამ თემაზე ყბედობა და იშვიათად საუბრობს დარდის მიზეზებზე. მისთვის ისიც საკმარისია, რომ ვერძი მის გვერდით იმყოფება, ღიღინებს ან მშვიდად აკეთებს თავის საქმეებს. საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა ქალწულს თავდაჯერებას ჰმატებს.

იმ შემთხვევაშიც, თუ ისე ჩანს, რომ ქალწულს ვერძის რჩევები საერთოდ არ ესმის, ესეც თანდათან გაივლის, თუ ვერძი მასზე ინტენსიურ ზეწოლას არ შეეცდება. მხოლოდ ერთი შეთავაზებაც კი საკმარისია. თუ ქალწული მას არ გამოეხმაურა, ჯობია ვერძმა ცოტა მოიცადოს. არ არის საჭირო კიდევ ერთხელ შეხსენება, გამოკითხვები და დრამატული სცენებით თავის შეცოდება. თვითგვემა ყველაზე ცუდი რამ არის, რაც ვერძმა შეიძლება გააკეთოს, როდესაც ქალწული დროებით საკუთარ თავში იკეტება. მხოლოდ მენტალურად, ფიქრებში, თორემ ხომ არსად წასულა? მოთმინება, სირბილე, სინაზე და უბრალოდ გვერდით ყოფნა -სავსებით საკმარისია, რომ ქალწულის თვალებში ნაპერწკლები კვლავ აენთოს.

ვერძმა უნდა შეწყვიტოს ქალწულში ნაკლის ძიება. (ვერძი ბრწყინვალე იმიტატორია და ქალწულთან ურთიერთობის გარკვეული გამოცდილების შემდეგ, თავად დაიწყებს ყველას და ყველაფრის კრიტიკას). ჯობია მის ღირსებებზე იფიქროს. ეს მამაკაცი არასდროს შეზღუდავს მის თავისუფლებას და არ ჩაერევა მის საქმეებში. უდაოდ ბრძნული გადაწყვეტილებაა, რადგან ვერძი ყოველთვის თავისებურად იქცევა და მითითებების ყველა მცდელობა, სად და ვისთან ერთად იაროს და როდის დაბრუნდეს სახლში, მხოლოდ მის აღშფოთებას იწვევს. მაგრამ ქალწულის გესლიანი შენიშვნები მაინც ღრმა ჭრილობებს აყენებს ვერძის მგრძნობიარე გულს. რბილი ფორმებით დარწმუნება და სინაზე ქალწულს არ ეხერხება. თუმცა თუ ვერძის შენარჩუნება სურს, აუცილებლად მოუწევს ამის სწავლა. ვერძისთვის აუცილებელია მიჯაჭვულობისა და სიყვარულის ხელშესახები გამოხატვა, თუნდაც სულ უმნიშვნელო ქცევებით, იქნება ეს ჩანთის მიწოდება, ლოყაზე კოცნა თუ თვალის ჩაკვრა. თუ მათ ურთიერთობას სიყვარულის დამადასტურებელი ჟესტები აკლია, ვერძის საომარი მოქმედებებისა და გამოწვევების დაწყების სურვილი ისეთივე სწრაფ პროგრესიას განიცდის, როგორც მისი ემოციური შიმშილი.

ვერძ ქალს უყვარს საზოგადოება, ის ემოციური და დამაჯერებელია. თუმცა უთუოდ განაწყენდება და აღშფოთდება, როდესაც საყვარელი მამაკაცი დროდადრო აგრძნობინებს, რომ მის გარეშე სურს გარკვეული საქმეების კეთება. ქალწულს განმარტოება ბევრად ხშირად სჭირდება, ვიდრე სხვა ნიშნის მამაკაცებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გაღიზიანება და ნევროზულობა უარყოფითად აისახება მისი ცხოვრების ყველა სფეროზე. მართალია, ვერძისთვის ეს რთული გასაგებია, მაგრამ მას შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან განმარტოებული ქალწული სხვა ქალებს ყურადღებას მაინც არ აქცევს.

ისევე როგორც ვერძებს, ქალწულებსაც ერთხელ და სამუდამოდ უყვარდებათ. დიახ, მე ვიცი, რომ მარადიული სიყვარული თითქმის არარსებობს, მაგრამ მე ვერძი ვარ და მჯერა, რომ თუ მთელი გულით იწამებთ სასწაულს, ის აუცილებლად მოხდება.

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს”  მიხედვით.


About Rusa

Scroll To Top