კურო და კურო

კურო და კურო

შეხედე,რა უხმაუროდ გადიან ჩამოცვენილ ტოტებს შორის.

ერთადერთი, რისი გაგონებაც შეგიძლიათ ,მათი ძლიერი სუნთქვაა.

სადღაც როგორღაც ვიღაცამ ასტროლოგიურ ჭორს დაუდო საფუძველი, რომ კუროები მიდრეკილნი არიან გასუქებისკენ. ეს ტყუილია. ზოგიერთი მათგანი მართლაც გამოირჩევა მრგვალი ფორმებით, მაგრამ უმეტესობა არა. დიახ, მათ უყვართ საჭმლის მომზადება და მისი დაგემოვნება, მაგრამ, როგორც წესი, ისინი კარგი აღნაგობით გამოირჩევიან და ზედმეტი კალორიებიც კუნთებში, და არა ცხიმში, გადაიზრდება. რაც შეეხებათ, მდედრობითი სქესის კუროებს, კარგი საჭმელი მათ კიდევ უფრო მგრძნობიარობასა და გრაციოზულობას მატებს. განა კინოვარსკვლავი ოდრი ჰეფბერნი ასეთი არ არის?

მეორე ფართოდ გავრცელებული მცდარი შეხედულება ამ ადამიანებზე ის არის,რომ ისინი ზარმაცები არიან. კურო არ არის ზარმაცი, უბრალოდ მას მიაჩნია, რომ ენერგიის უაზროდ ხარჯვა სისულელეა. ეს ადამიანები ეკონომიურად ზოგავენ ძალებს, ისევე როგორც ფულს. თუ თქვენ ორ კუროს ერთად ნახავთ, ძალიან გაგიჭირდებათ გააკეთებინოთ რამე დაუყოვნებლივ (თუ არ განარისხეთ, თუმცა ამ სახიფათო თემაზე მოგვიანებით). ორი კუროს ადგილიდან დაძვრა კიდევ უფრო რთულია, ვიდრე ერთის. პირველი შეხვედრისას, ისინი ფრთხილად უახლოვდებიან ერთმანეთს და არც ერთი მათგანი არ ჩაუვარდება მეორე ხარს (თუ ნებისმიერ სხვა ასტროლოგიურ ცხოველს) მკლავებში, სანამ წინასწარ კარგად არ აწონ-დაწონის და სერიოზულად არ გაანალიზებს ნაცნობობის ყველა შესაძლო პერსპექტივას.

ამას მივყავართ მესამე ცრუ ჭორამდე, რომ კუროები ჯიუტები არიან. სულაც არა, ისინი უბრალოდ მტკიცედ და მყარად იცავენ თავიანთ შეხედულებებს. კურო იშვიათად იცვლის აზრს და კიდევ უფრო იშვიათად კარგავს თავს. ორი განსხვავებული აზრის კურო რომ ერთმანეთს დაუახლოვოთ, ერთად ისინი კიდევ უფრო ფრთხილები და გონიერები გახდებიან.

ორი კუროს კავშირი, რომელიც ტვირთად ზიდავს მზის ნიშნების 1-1 რთულ ფორმულას, სავსებით შესაძლებელია სტაბილური და ორმხრივად კომფორტული იყოს. ეს ადამიანები ალერსიან და მშვიდობიან, “პლუშის დათუნიას“ ტიპს მიეკუთვნებიან. ისინი ერთგულები და ტაქტიანები არიან და ყოველთვის პატივს სცმენ სხვა ადამიანების უფლებებს.

თუმცა მათი თანაცხოვრება მარტივად შეიძლება გადაიქცეს მდორე ჭაობად, თუ ერთერთის რუკა მაინც არ შეიცავს ცეცხლის ან ჰაერის ნიშნებს. კუროები ეჭვის თვალით უყურებენ ცვლილებებს, რადგან კონსერვატული ბუნების არიან და ეს სულაც არ არის ჭორი. ისინი ინსტინქტურად გრძნობენ, რომ მთლიანობაში ყველაფერი გადასარევად იყო ბოლო ასი წლის მანძილზე და რატომ უნდა შეცვალონ ცხოვრების წესები? საშუალო კუროსთვის (თუმცა ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ გამონაკლისებიც, ვინც ისევ და ისევ წესს ადასტურებს) ნებისმიერი რადიკალური ჩარევა უცვლელ ჩვევებში (კურო მუდმივი ნიშანია) არაკეთილგონივრულია. ეს ჩვევები უკვე გამოცდილია დროის მიერ. ე.წ. ნოვატორული იდეები კი მხოლოდ უბედურების მომტანი, თავსატეხი სქემები შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ თუ კურომ  აზრი შეიცვალა, დარწმუნებული იყავით, რომ ეს წლების ნააზრევის და ანალიზის შედეგია და არა უცაბედი გადაწყვეტილება.

კურო ბევრი რამის მხარდამჭერი და საყრდენია, მაგრამ ფიზიკურ საფრთხესთან პირისპირ შეჯახება მისთვის არ არის. ცხადია, არსებობენ ეკოლოგიასთან, ქალთა უფლებებსა თუ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით გამართულ დემონსტრაციებში მონაწილეობის მსურველი კუროები. ბოლოს და ბოლოს, წინ მერწყულის ეპოქაა და თვით კუროებსაც კი არ ძალუძთ წინ აღუდგნენ დაწყებულ გარდამტეხ ცვლილებებს, მაგრამ ისინი საკმაოდ დიდხანს და წინდახედულად იფიქრებენ შეუერთდნენ თუ არა პროტესტანტებს.

კურო გრძნობს, რომ თუ ცვლილებები აუცილებელია, ერთადერთი გონივრული (აი, ისევ სიტყვა „გონივრული“) გზა ამისკენ მთლიანი სისტემის შეცვლაა და არა წვრილმანი ცვლილებები. სინამდვილეში ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ ამ არსებითად გულკეთილი და სანდო ადამიანების, რომლებიც ყოველთვის გონიერი სიმშვიდის გავლენას ექვემდებარებიან. თუმცა ვხვდებით, ფანატიზმით შეფერილ, კატეგორიული წინააღმდეგობის ფორმებში გაქვავებულ კუროებსაც.

ამ კავშირის ყველაზე უარყოფითი მხარე კუროთა ერთი საერთო თვისებაა, კატეგორიულად უარყოფითი დამოკიდებულებაა მონანიების მიმართ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კურო შინაგანად დარწმუნდა, რომ შეცდა, მაინც ჯიუტად დაიჟინებს თავისას, რადგან შეცდომის აღიარება, მისი აზრით, ძალიან ჰგავს სისუსტის გამოვლენას. თავად სიტყვა „სისუსტე“ კი კუროს უხერხულად აწითლებს. მაგრამ გაითვალისწინეთ: თუ შეცდომის სირცხვილი იუმორით არის შენიღბული, უკან დახევა ბევრად მარტივია.

თუ კურო ბოლოს და ბოლოს შეიგნებს, რომ მოთმინება და შეუპოვრობა უდავოდ ღირსებებია, მაგრამ ზედოზირებულად, ბავშვური ახირებაა და სხვა არაფერი, მაშინ ის უკეთ შეძლებს ამ „ღირსების“ მიტევებას თავისი რჩეულისთვის. ორ ხარს მშვენივრად შეუძლია ერთად მუშაობაც და თამაშიც. ორივე გამგონი, თვინიერი და საიმედო იქნება, თუ ერთერთი მათგანი დაჟინებული ზეწოლით არ უბიძგებს მეორეს მორჩილებისკენ. იუმორის გრძნობა აქაც მთავარ მხსენლად მოდის. ყველა კუროს ხასიათში რაღაც სახალისო შტრიხს მალავს და თუ ორივე იუმორით მიუდგება მეწყვილე ხბოს „უცნაურობებს“, ისინი მარტივად შეძლებენ ჯიუტი მეხსიერება ურთიერთწყენის მოგონებებისგან გაწმინდონ.

 

 

კურო მამაკაცი და  კურო ქალი

გიორგი შენგელაია და სოფიკო ჭიაურელი

 

 

ის ერთერთი იმ გასხივოსნებულთაგანი იყო,

ვინც მთავარზეც იცის და მეორეხარისხოვანზეც.

რა თქმა უნდა, სინამდვილეში ეს არავინ იცის,

მაგრამ ის იმდენად თავდაჯერებული იყო,

ყველა ქალში პატივისცემას აღძრავდა.

 

 

კურო მამაკაცი თავისი მიზნებისკენ პირდაპირ მიდის, ნაბიჯ-ნაბიჯ და არა ნახტომ-ნახტომ. ის სავსებით კმაყოფილია დამსახურებული ჯილდოებით. წარუმატებლობა თუ წინააღმდეგობა მის სიმშვიდეზე გავლენას ვერ მოახდენს. ის კვლავ წინ განაგრძნობს სვლას, თითქოს არაფერი მომხდარა. მას შეუძლია პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთის ტარება და უშიშრად იწყებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მისი სიჯიუტე და მშვიდი შრომისმოყვარეობა უმეტეს შემთხვევაში გამარჯვებით სრულდება. ის მშვენივრად იყენებს თავისი სიმბოლოს სიმამაცესა და რკინის ნებიყოფას. ამ კაცმა კარგად იცის, რა უნდა ცხოვრებისგან და მზადაა, თავიც გასწიროს, ყოველგვარი წუწუნის და ცრემლების გარეშე, რომ ერთხელაც ის მწვანედ აბიბინებული საძოვარი დაისაკუთროს, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებს.

არავინ იწვევს იმხელა სიყვარულს მასში, როგორც კურო ქალი. ეს საოცარი ქალია! მინდორზე უსაქმურად წამოგორებულ ფეხშიშველ ავანგარდისტულ ყმაწვილებზე რომანტიულ ექსტაზში ბოდვა და ყავის მარცვლებისგან სიყვარულით გაკეთებული მძივები სხვა ნიშნის ქალებს დაუთმეთ. კუროს კი პრაქტიკული ხარი მიეცით, ხარისხიანი ფეხსაცმელებით. და თუ ის მძივს გაიკეთებს, მხოლოდ პრესტიჟული საიუვილერო მაღაზიიდან, რომლისთვისაც მისმა მოზვერმა კარგად მომრგვალებული თანხა გაიღო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისმა კაცმა მხოლოდ გიტარაზე დაკვრა იცის, ესეც ფულის გამომუშავების საშუალებაა და არა მთვარის შუქით განათებულ  ცენტრალურ პარკში მოთქმით სერენადების მღერის საბაბი.

ამ წყვილს ყველაფერი საერთო აქვს. ასე მაგალითად, ქალის ჩანთას მყარი სახელური აქვს; მამაკაცს კი ორივე ხელით მაგრად უჭირავს თავისი საფულე. ორივეს უყვარს ბუნება და უბრალოდ აღმერთებენ ყველაფერს, რაც მიწიდან იზრდება. აქვთ კიდევ ერთი საერთო თვისება: ორივემ კარგად იცის, რომ სანტა კლაუსი ჩრდილოეთ პოლუსზე არ ცხოვრობს და არც არასდროს უცხოვრია. სანტა მათი ბანკის პრეზიდენტი ბატონი კრისტოფერ ჯონსია და ირმებიანი მარხილით კი არა, სოლიდური ბენტლით დაჰქრის. თუ ისინი მთელი წელი კარგად მოიქცევიან და რეგულარულად შეიტანენ ფულს, სანტა მათ სასაჩუქრე კალათს პროცენტებით შეავსებს და ერთხელაც ხმაურიანი ქალაქისგან მოშორებით, მშვიდ ადგილას, ჩუმ მდინარესთან ახლოს, ოცნების სახლს იყიდიან.

ხანდახან თქვენ შეიძლება წააწყდეთ ისეთ კუროებს, რომელთა ცხოვრების გარეგანი გამოხატულება აბსოლუტურად არ შეესაბამება მათი მზის ნიშნის მიწიერ დახასიათებას. მაგრამ ნუ გააკეთებთ ნაადრევ დასკვნებს. კუროს არსი ადრე თუ გვიან (უფრო გვიან) აუცილებლად გამოვლინდება! მაგალითად, ამერიკელმა კინომსახიობმა გლენ ფორდმა ერთხელ სატელევიზიო გასართობ შოუში განაცხადა: „მე გაგაკვირვებთ იმით, რამდენ კვადრატულ მიწას ვყიდულობ ავსტრალიაში, სადაც ცხოვრებას ვაპირებ“.  ნებისმიერი კარიერული საქმიანობის გარეგნული ბრწყინვალების მიღმა, კუროებში ყოველთვის იმალება ხმაურიანი და ვიწრო ქალაქიდან სოფლად, სუფთა ჰაერზე და ფართო სივრცეებში გადასახლების სურვილი. ეს ოცნება ნებისმიერ წამს შეიძლება წამოტივტივდეს, მაგრამ აუცილებლად ამოყვინთავს, თუნდაც ცხოვრების დაისისკენ.

თუ კურო მამაკაცი საერთო ფუნდამენტის ჩაყრას აპირებს, კურო ქალთან ერთად, მუსიკაში, ხელოვნებაში, ფინანსებში, პოლიტიკაში თუ სადაც არ უნდა იყოს, ორივე ერთნაირად მომთმენი იქნება. კურო ქალი ყოველგვარი წუწუნისა და საყვედურების გარეშე დაუცდის. რა სასიამოვნოდ ჟღერს, არა? დიახ, ისინი შესაფერისები არიან… და განუყრელნი.

თავიდან კუროები მთლიანად იძირებიან სიყვარულში. შემდეგ უფლებამოსილი საჯარო მოხელეს, რაბინის, თუ მღვდლის წინაშე ორივე ფეხზე მყარად მდგომნი, აუღელვებელი სიმშვიდითა და ნათელი თვალებით წარმოთქვამენ:  „დიახ“!  მესამე ეტაპზე, როდესაც თაფლობისთვე სრულდება, ისინი იწყებენ „არას“ თქმას.

ქალს ბავშვი უნდა, მაგრამ მის რჩეულს მიაჩნია, რომ სჯობს საბანკო ანგარიშის გაზრდას დაელოდონ. მაშინ ის შეუმჩნევლად დაფეხმძიმდება და ერთ-ორ ბავშვს მაინც გაუჩენს, რათა დაუმტკიცოს, რომ მას არ შეუძლია მისი მართვა.

ბავშვის გარდა, ძვირიანი ელექტროპიანინოც უნდა, იმიტომ რომ დაკვრა და სიმღერა უყვარს. მისი რჩეული კვლავ უარზეა და თუ მის დაყოლიებას არ დაიშლის, მეორე „არა“ უფრო ხმამაღლა და მკაცრი ტონით გაიჟღერებს. საოჯახო ბიუჯეტის ყოველთვიური ხარჯთაღრიცხვის კიდევ ერთხელ გულდასმით გადამოწმების შემდეგ, ის მაინც შეუკვეთავს პიანინოს. მაგრამ მეორე დღესვე უკან დააბრუნებს შენაძენს, იმის სადემონსტრაციოდ, რომ არც თვითონ შეუძლია მისი მართვა.

გადის ფილმი, რომლის ყურებაც კურო ქალს ძალიან უნდა. ორივე ლოყას კოცნებით უფარავს, მთელი თავისი შარმით ეხვეწება, მაგრამ კუროს არ უნდა და მორჩა. მოგვიანებით, მას შემდეგ რაც „გამარჯვებული“ მოზვერი კომფორტულად მოკალათდება საწოლში, სანამ შუქს გამორთავს, დამარცხებულ სუსტ მეორე ნახევარს შეახსენებს: „ძილის წინ კოცნა დაგავიწყდა.“ და ის მოსმენს ყველაზე მელოდიურ და რბილ „არას“.

კაცი: რატომ?

ქალი: იმიტომ,რომ არ მინდა!

რამდენიმე წუთი სრული სიჩუმე სუფევს.

კაცი: მე სასტუმროში მივდივარ!

ქალი (მყისვე წამოხტება): რატომ?

კაცი: იმიტომ, რომ მინდა!

მორჩა. საკითხი დახურულია. გაბრაზებული ხარი ბუზღუნით მიათრევს საბანს კაბინეტისკენ… ხანდახან ის მართლაც გადადის სასტუმროში რამდენიმე კვირით, შეიძლება თვითაც, როგორც დაპირდა (და შეუძლია!)

მე ვიცნობ ერთ კუროების წყვილს, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. კურო მამაკაცი  დიდხანს უარს ამბობდა დაქორწინებაზე, რადგან თვლიდა, რომ, ასეთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმამდე, ურთიერთობა ჯერ სიმყარეზე უნდა შემოწმებულიყო.  ქალი ტიროდა, ეხვეწებოდა, ემუდარებოდა, მაგრამ ძვრაც ვერ უყო. „გიყვარვარ?“ დიახ, უყვარდა, უბრალოდ ქორწინებისთვის მზად არ იყო და მორჩა. 10 წლის შემდეგ, ისინი კვლავ ერთად იყვნენ, ოთხი შვილი ეყოლათ. დღემდე ოფიციალურად დაქორწინებულნი არ არიან. ახლა უკვე კაცი ტიროდა, ეხვეწებოდა, ემუდარებოდა, წყობიდან გამოდიოდა და ცდილობდა როგორმე გონზე მოეყვანა ეს ჯიუტი ქალი, მაგრამ ერთი სანტიმეტრითაც ვერ დაძრა.

ცხადია, კუროთა უმეტესობა ასე ღრმად არ შეტოპავს. როგორც წესი, კურო ყოველთვის ცდილობს ნებისმიერი კავშირი სრული კანონიერების დაცვით დააზღვიოს განხეთქილებისგან, იქნება ეს საქმე თუ ქორწინება.

სასიყვარულო კავშირში კუროების საერთო სიჯიუტე და კატეგორიული უარი, საკითხს სხვა მხრიდანაც შეხედონ, ხშირად მიუძღვის ორ ახირებულ ხარს მენტალური თუ ემოციური ჩიხებისკენ, რის შედეგადაც მათ ურთიერთობაში არაერთი სირთულე წარმოიქმნება. თუმცა კუროს ერთერთი საუკეთესო თვისება, საკუთარ შეცდომებზე სწავლის უნარია. რასაც კურო საბოლოოდ შეიგნებს, იმას არასოდეს დაივიწყებს. თუ ეს ორი შეეცდება პატიების გაკვეთილი ისწავლოს (რაც მტკივნეულად რთული თემაა კუროებისთვის), ისინი შეძლებენ მტკიცედ ჩასჭიდონ ხელები (კუროები ყველაფერს მტკიცედ აკეთებენ) და გამოსავალი იპოვონ ჩიხიდან.

სექსი, რა თქმა უნდა, მთელი კაცობრიობის გამოცდილებაა, მაგრამ ეს საკითხი კუროებისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანია. საერთოდ, მათი ლტოლვა საწყის  ეტაპზე ყოველთვის ფიზიკურია, მენტალური და ემოციური მიზიდულობა მოგვიანებით, ურთიერთობის შემდეგ ეტაპებზე მოდის. მთლიანობაში, თანმიმდევრობას არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან როდესაც საქმე მიწიერ სიყვარულს ეხება, კუროებს ყველაფერი საოცრად ბრწყინვალედ გამოსდით.  ტიპური კუროსთვის სექსი გრძნობითი გამოცდილებაა. ამიტომ, მიწიერი სიყვარული მათთვის შეიძლება სულიერი დაახლოების დასაწყისი გახდეს.

კუროთა უმეტესობა ნარკოტიკების ხსენებასაც კი ვერ იტანს.  თუ  „ბალახს“ ეწევით, კუროსთვის თქვენ სულელი და სუსტი ხართ; თუ „ბორბლებზე ზიხართ“ -უდავოდ, გონებრივად ჩამორჩენილი, ხოლო თუ კოკაინს ან ჰეროინს გაეკარეთ _ სახიფათო გზაზე დამდგახართ, რომელიც მხოლოდ სულიერ და ფიზიკურ თვითმკვლელობამდე მიგიყვანთ. კარგად იფიქრეთ ამაზე!

კუროებს მტკიცედ სწამთ, რომ ნარკოტიკები ის ცრუ წინასწარმეტყველებია, რომელზეც ახალი აღთქმის აპოკალიფსი გვაფრთხილებს და თუ კაციობრიობა ამას არ შეიგნებს, დროზე ადრე მივიყვანთ ჩვენს სამყაროს აღსასრულამდე. კოსმიური გაგებით, ნარკოტიკები ცნობიერების გაფართოებისთვის იყო საჭირო, რათა უკეთესად დაგვენახა მომავლის შესაძლებლობები. ეს დედამიწის სულიერი შთაგონებისთვის განკუთვნილი გალაქტიკურ-კოსმიური ექსპერიმენტი იყო, მაგრამ ახლა ის დროა, შევჩერდეთ, უკან მივიხედოთ და კარგად გავაანალიზოთ ის, რაც შიგნით დაგვიგროვდა.

ყოველ მზის ნიშანს თავისი უნიკალური როლი ეკისრება კაცობრიობისა და სამყაროს განვითარებაში. კუროებს (და თხის რქებს) სამყარომ ჩვენი რეალობაში შენარჩუნება დაავალა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ზუსტად სოლიდური და სრულიად მიწიერი კუროები მიხვდნენ პირველად, რომ ელექტრონული მოსმენებისა და თვალთვალის გარშემო ატეხილი მთელი ხმაური იმ სწრაფად მოახლოებული დროის მატერიალური რეპეტიცია იყო, როდესაც ყოველი მეორე შესძლებდა სხვა ადამიანების „აურის“ წაკითხვას.

ასეთივე მატერიალური რეპეტიციაა ნარკოტიკებიც, რომელიც წინ უძღვის ჰომოსაპიენსთა რასისთვის მასობრივად „მესამე თვალის“ გახსნას. ყველა ბავშვი გახელილი მესამე თვალით იბადება. სამედიცინო ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ რბილი ყიფლიბანდით. როდესაც ბავშვები წარმოსახვადაკარგული უფროსების მორჩილებას სწავლობენ, ყიფლინდი თანდათან მაგრდება და ბოლოს საერთოდ „იხურება“ და მათ, ისევე როგორც უფროსებს, თავში ქვები უჩნდებათ.

ბევრ ნამდვილ მისტიკოსსა და ექსტრასენსს (ტელეპატი პიტერ ჰარკოსის ჩათვლით, რომელიც ასევე კუროა) თავიანთი ზებუნებრივი ნიჭი რაიმე უბედური შემთხვევის შედეგად აქვს მიღებული. ტიბეტელი მონაზვნები ასეთ შედეგებს ფიზიკური სავარჯიშოების, მედიტაციისა და ხანდახან ქირურგიული ჩარევის მეშვეობით აღწევენ. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მეთოდი მესამე თვალის გასახსნელად  და ეს მეთოდი სიყვარულია. ის ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე კიბის საფეხურებზე დაგორება და გაცილებით სასიამოვნო, ვიდრე მოსაწყენი და მონოტონური აღმოსავლური რიტუალები.

1975 წელს საინტერესო საუბარი მქონდა სამ გასხივოსნებულ კუროსთან, რომ მიწის ნიშნებისთვის დადგა დრო სულიერი განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ, იმის გააზრებით, რომ ადამიანს მართლაც შეუძლია ნათლად „დაინახოს ღმერთი“ და „შეიცნოს ჭეშმარიტება“, მხოლოდ ცნობიერი გონების კონტროლით, სწორი კვებით, სავარჯიშოებითა და სექსუალური ენერგიის ტრანსფორმაციით მეტად სულიერ ფორმებში. და რაც ყველაზე მთავარია ყოველდღიური, ყოველსაათობრივი და ყოველწუთიერი მუშაობით, რასაც ქვია სიყვარული, სიკეთე და მიტევება.

ახლა ის დროა, კვლავ კუროების ნარკოტიკებთან დამოკიდებულებას დავუბრუნდეთ. მათთვის ნარკოტიკების გამოყენება აბსოლუტური ჭეშმარიტებისთვის მოუმზადებლად თვალებში ჩახედვის ტოლფასია _ იმდენად აბსოლუტური, რომ ამან შეიძლება, პირდაპირი მნიშვნელობით, ააფეთქოს არასაკმარისად განვითარებული პიროვნების გონება, რომ არაფერი ვთქვათ მის სულზე. ეზოთერული და კოსმიური თვალსაზრისით კუროებმა აქ ზუსტად ათიანში მოარტყეს.

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ კურო, რომელიც ყველაზე არაეზოთერულია თორმეტ ნიშანში, ასე ახლოს მივიდა სულიერ ჭეშმარიტებასთან. მაგრამ ასტროლოგებს ეს არ აკვირვებთ. საქმე ის არის, რომ ყოველი მზის ნიშანი ქვეცნობიერად ძალიან მძაფრად გრძნობს საპირისპირო მზის ნიშნის გავლენას. კუროს საპირისპირო ნიშანი პლუტონის შვილი, ღრმად სულიერი და ფსიქოლოგიურად განვითარებული მორიელია. დროთა განმავლობაში კუროები ისეთივე გათვითცნობიერებულნი მოგვევლინებიან სულიერ საკითხებში, როგორც მორიელები არიან. სამედიცინო ასტროლოგიაში კუროს ნიშანი ყელს და ხმის იოგებს მართავს, მორიელი – სასქესო ორგანოებსა და სექსუალურ ენერგიას. როგორც ვიცით, როდესაც ადამიანი სქესობრივად მწიფდება, მას ხმა ეცვლება. ასე გვაბრუნებს მორიელი კვლავ სექსთან, რაც აუცილებლად მოეწონებათ კუროებს, რადგან სექსი მათ ძალიან უყვართ და აინტერესებთ.

ორივე სქესის კუროს შეუძლია დაექსტაზებულმა საათები ატაროს საყვარელი ადამიანის კანის სურნელების ყნოსვასა და ხელის გულზე გამოსახული ციური აბლაბუდის თვალიერებაში, როდესაც პარტნიორის რბილი თმების შეხებისგან თრთოლვა იტანთ, მისი ყურის ბიბილოს დაგემოვნებით თვრებიან და გასუსული უსმენენ მისი გულისცემის კრეშჩენდოს. აი, რომელი ნარკოტიკი შეედრება ამას?

სიყვარულის პოეზიას კუროები იშვიათად გამოხატავენ სიტყვებით და არც ისე მგრძნობიარენი არიან სექსის ემოციური ქვეტექსტის მიმართ, მაგრამ ცხადია, კარგად აღიქვამენ მის გრძნობით ნაწილს. კუროებს არ აქვთ მეექვსე გრძნობის უკმარისობა, როგორც ზოგიერთი სხვა ნიშნის წარმომადგენლებს, ისინი უბრალოდ ზედმეტად ჩაძირულნი არიან ხუთ ძირითად გრძნობაში. ძალიან იშვიათად, რომ ორ კუროს შორის სექსუალურ ნიადაგზე უთანხმოება წარმოიშვას. ორივე სქესის კურო სენტიმენტალური, თბილი და მოსიყვარულეა. ვენერა რბილად მართავს მათ ემოციურ ქცევებს. თუმცა ხანდახან სწორედ ის უბიძგებს კუროებს ზღვარგადასული სიამოვნებისკენ, იქნება ეს საკვები, სასმელი, ფული, სექსი და ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ (ზემოთხსენებული ნარკოტიკების გამოკლებით).

ისინი ერთნაირად ძლიერი, მომთმენი და ემოციურად მდგრადები არიან. მართალია, ხანდახან აქვთ ხოლმე გაშმაგებული აფეთქებები, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ათ წელიწადში ერთხელ ხდება. რაც შეეხება ნებისმიერ დროებით პრობლემას ურთიერთობაში, კუროებმა ყველაზე უკეთ იციან, როგორ თქვან „მაპატიე“ და „მე შენ მჭირდები“ უსიტყვოდ, მხოლოდ კუროებისთვის გასაგებ სხეულის ენაზე. მათთვის ბნელ ოთახში ხელების შეხება ნებისმიერ სიტყვას ცვლის.

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Rusa

Scroll To Top