კურო და ტყუპები

კურო და ტყუპები

არ ფიქრობდა რა, რას გრძნობენ, როდესაც უეცრად მეგობარს კარგავენ,

პიტერი უცებ მიხვდა,რომ ამ დანაკარგში მას შეეძლო ეპოვა…

კუროები მშვიდი, მტკიცე და პრაქტიკული ბუნების ხალხია, რომელთაც მოსწონთ, როდესაც რაიმე საქმით არიან დაკავებულნი. ხანდახან მართლაც უმართავები არიან, მაგრამ, ძირითადად, ყოველთვის ახერხებენ შესაშური სიმშვიდის შენარჩუნებას. თუმცა მათი უდრეკი ძალა აზრს კარგავს ტყუპების მკვირცხლი წყვილის წინაშე, რომელთაც შეუძლიათ მარდად აუქციონ გვერდი ნებისმიერი მიწიერ საფრთხეს. ტყუპები, ცხადია, ერთი ადამიანით შენიღბული, ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, პიროვნებაა.

როდესაც კურო ამ ორ, მახვილი ჭკუით დაჯილდოებულ, მოუსვენარ ოინბაზს გადაეყრება, რომელთაც ნებისმიერისთვის შეუძლიათ თავგზის აბნევა, ის ინსტინქტურად ხვდება: აი, ისიც, მისი ტორეადორი! მართლაც, მძიმე სანახავია, როდესაც ვიღაც, საკუთარი სპორტული ინტერესის გამო, სასტიკად აწამებს ამ დიდ და ამაყ ცხოველს, რომელსაც ერთადერთი სურვილი აქვს: თავი დაანებონ. ეს სანახაობა თითქმის ყველა ჩვენგანში აღვიძებს მოთხოვნას, ხარმა გაიმარჯვოს და თავის ბასრ რქებზე წამოიცვას მწამებელი. არც ისე იშვიათად ასეც ხდება. მიიღეთ ეს გაფრთხილებად ტყუპებმა!

მე ერთი მეზობელი კურო მყავს, რომლის ქალიშვილსაც, ასევე კუროს, ტყუპები ყმაწვილი შეუყვარდა. თავის  საბედნიეროდ, კურომ სიხარულით აღმოაჩინა, რომ მისი სასიძო ლამაზი და გალანტური ახალგაზრდა ყმაწვილი იყო, თავისუფლად საუბრობდა ექვს ენაზე, საკუთარი თვითმფრინავით დაფრინავდა, ორი პრესტიჟული უნივერსიტეტის დიპლომი ჰქონდა და ბრწყინვალედ უკრავდა საქსაფონზე. ტყუპებმა ენაწყლიანად ესაუბრა თავის კარიერაზე (ის მრჩეველი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში), თავის პოლიტიკურ და რელიგიურ შეხედულებებზე. როდესაც დაჰიპნოზებული კურო-მამიკო მის დახვეწილ და არტისტულ ხელის მტევანზე მბრწყინავი ბრილიანტით აღფრთოვანდა, მას უთხრეს: „ეს საგვარეულო რელიქვიაა, რომელიც ჩემი დიდი პაპისგან გადმომეცა, შეფასებულია 70000 დოლარად“. ბოლოს ტყუპებმა აღნიშნა, რომ საბირჟო მაკლერთან შეხვედრაზე აგვიანდებოდა, თავაზიანად გაიღიმა, არტისტული ხელი დაიქნია და გაქრა. მართალია, რესტორანში ანგარიშის გადახდა დაავიწყდა, მაგრამ ეს უთუოდ უყურადღებობით. ბოლოს და ბოლოს, შეუძლებელია ყველაფერი გახსოვდეს: კლიენტები, უოლსტრიტზე საკუთარი უფლებამოსილებები, სიყვარული, სასიმამრო…

შემდეგ კვირას მოხუცი კურო თავის დალაქს ეწვია, რომელიც ბედის ირონიით აღნიშნული ტყუპების ცოლისძმა გამოდგა და აი, რა შეიტყო მისგან: სინამდვილეში ტყუპები საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველი კი არა, ვეტერინარის ასისტენტი იყო. ჰყავდა ორი ცოლი და ხუთი შვილი. მის განათლებას მხოლოდ საშუალო სკოლის ატესტატი ადასტურებდა. კვირაობით თვითმფრინავით მართლაც დაფრინავდა ცენტრალურ პარკში, მხოლოდ ერთმოტორიან მოდელზე. ბრილიანტი კი ცირკონი აღმოჩნდა, რომელსაც ტყუპები საფოსტო მაღაზიით ყიდდა, რომ საქსაფონის ყოველკვირეული გაკვეთილებისთვის საკმარისი ფული გამოემუშავებინა… მაგრამ საქსაფონზე ის მართლაც ბრწყინვალედ უკრავდა!

ბუნებრივია, ყველა ტყუპების ორი „მე“ ამდენად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც იმ დამწყები საქსაფონისტის. ტყუპებთა უმრავლესობა კარგად ახერხებს თავისი განსხვავებული ინდივიდუალობების შერწყმას ერთ ინტილიგენტურ პიროვნებაში, გონივრულად მართალ, მაგრამ ძალიან მარტივად ადაპტირებად ტიპში.  ტყუპების თვისება, ელვისებური სისწრაფით შეიცვალოს აზრი თავის გადასარჩენად, როდესაც ამის საჭიროება უდგას, კუროს მძიმე შეგრძნებას უტოვებს, რომ მის გარშემო რაღაც ისეთი ხდება, რაც მას არ ესმის და რისი ნდობაც მას არ შეუძლია.

ეს 12-2 სქემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტყუპების სულიერი მეხსიერება ფრაგმენტებს ინახავს იმ შესაძლებლობებზე, რომელიც კუროს ზედმეტი წინდახედულობის წყალობით გაუშვეს ხელიდან. ამიტომ ორივე სქესის და ყველა ასაკის ტყუპებს ძალიან ეშინიათ გათელილი ბილიკებით კვლავ მენტალურ ჩიხებში არ აღმოჩნდნენ. თუმცა ტყუპებს ყველაზე უკეთ ესმის და თანაუგრძნობს კუროს შიშს, შეცვალოს უსაფრთხოება რაღაც შეუცნობელი ცვლილებებით, რადგან ქვეცნობიერ დონეზე ისინი „აქ“ უკვე იყვნენ.

თავის მხრივ, კუროებს ბუნდოვნად ესმით, რომ ბევრის სწავლა შეუძლიათ ამ კაშკაშა და სხარტი ადამიანებისგან. მაგრამ რისი სწავლებაც უნდა ტყუპებს კუროსთვის, ამ უკანასკნელს რთულად გასაგებად ეჩვენება. კუროები ისურვებდნენ, უფრო მსუბუქი დამოკიდებულება ჰქონოდათ ცხოვრების მიმართ, მარტივად აჰყოლოდნენ ახალ წამოწყებებს, დაუნანებლად მიატოვონ წარსული და ბედნიერად გააჭენონ ახალი თავგადასავლებისა და  მაცდურად მოციმციმე თავისუფლებისკენ, საითკენაც მიუძღვიან ჩამორჩენილ კუროებს წინ გაჭრილი ტყუპები. მაგრამ კუროს დატოვებულ სახლში  რომ ვიღაც შეიჭრას და გაქურდოს? რომ წაბორძიკდეს, დაეცეს და ფეხი იტკინოს, სანამ ტყუპებს მისდევს?.. ანგინა რომ დაემართოს ამ ცივ და ქარიან ღამეს?..

კუროს დოგმატური შიდა სისტემა, ყოველთვის ნაცად და სანდო ფაქტებზე დაყრდნობით იმოქმედოს, მეტად ლიბერალურ და ფართოდ მოაზროვნე ტყუპებს სულელურ სიჯიუტედ ეჩვენება და პირიქით, ტიპურ კუროს ყოველთვის ჰგონია, რომ ტყუპები, თავისი ბრწყინვალე ლოგიკითა და გარეგნული სიგლუვით, გაიძვერობასა და თაღლითობას მალავს.

კურო თავიდანვე უნდობლობის თვალით უყურებს ტყუპებს, ძირითადად ამ უკანასკნელის მოქნილი საუბრების გამო. საერთოდ, ნებისმიერი, ვინც მარტივად ჟონგლირებს სიტყვებით, სიტყვაძუნწი კუროს მყისიერ ეჭვს იმსახურებს. და ვის, თუ არა ტყუპებს ეხერხებათ ლაპარაკი, ლოგიკური ჯაჭვისა და სიცხადის ცრუ მენტალური ხილვადობის შექმნა. მხოლოდ სასწორებს თუ შეუძლიათ ღირსეული კონკურენცია გაუწიონ ტყუპებს ამ საკითხში.

რა თქმა უნდა, ყველა ტყუპები ბოლომდე გულწრფელი არ არის კამათის მეთოდებში. ისინი ხშირად გადადიან მთავარი საკითხიდან მეორეხარისხოვან დეტალებზე, რითაც კურო წყობიდან გამოჰყავთ: „საქმესთან ახლოს!“ ტყუპებს ისე მოსწონთ სიტყვაუხვი საუბრები და მეტყველებითი შტამპების გამეორება, რომ მათი მეგობარი, ნაცნობი, ნათესავი, საქმიანი პარტნიორი, საყვარელი თუ მეუღლე კუროები ტყუპებთან რამდენიმე დიალოგის გამოცდილებით, გამოიმუშავებენ თვისებას, უბრალოდ „გამოეთიშონ“ საუბარს, უკვე მესამედ თუ მეოთხედ განმეორებული ფრაზის შემდეგ.

მარტივი გასაგებია, რატომ არის ტყუპების ნიშანი ასე დახელოვნებული პოლიტიკაში. მათ შეუძლიათ შეაერთონ საპირისპირო აზრები, ჩამოკიდონ სიმართლის ძაფზე, შეფუთონ ლოგიკით და შექმნან მსოფლიო იდეალიზმისა და მშვიდობის შარავანდედი. ტყუპების ნიშანს ტყუილად არ უწოდებენ შუამავალს. პრეზიდენტი ჯონ კენედი ყველა ურთიერთობაში მეტნაკლებად ტიპური ტყუპები იყო.

ტყუპებთა დამოუკიდებლობაც მეტად აღიზიანებს და მტკივნეულ ჭრილობებს აყენებს კუროებს, რადგან ამას ან იგნორირებად განიხილავენ ან მედიდურებად; ერთიცა და მეორეც ხარებს ძალიან არ სიამოვნებთ. ხშირად სწორედ ეს ხდება კუროთა გაჯიუტების მიზეზი. ტყუპებს კი უბრალოდ არ ესმის, როგორ შეიძლება ადამიანი იმდენად ჯიუტი იყოს, რომ რკინის ლოგიკის ყველა დასკვნას წაუყრუოს. თუმცა ერთი-ორი ტკბილი სიტყვა, ხელის ნაზი შეხება მხარზე ან გულთბილი ხელის ჩამორთმევა (და საერთოდ ნებისმიერი ტაქტილური კონტაქტი) იმაზე მარტივად დაადნობს ვენერიელი კუროს გულს, ვიდრე საათიანი მონოლოგები. მთელი თავიანთი ჭკუის მიუხედავად, ტყუპებს ხშირად უჭირთ ამ მარტივი და ჯადოსნური ფორმულის მიგნება. ტყუპებთა მენტალური ნიშნისგან სიცივის შემთხვევითი გამოვლენები, მხოლოდ დაამუხრუჭებს კუროს. როგორც, ალბათ, უკვე იცით, გაყინულ მიწასთან გამკლავება გაცილებით ძნელია, ვიდრე მზით გამთბარ, გამოღვიძებულ რბილ ნიადაგთან.

ტყუპები ყოველთვის მოკლე გზას ეძებს. კეთილი და პატიოსანი! ტყუპებო, აი, უმოკლესი გზა კუროსთან შეთავსებისთვის: თქვენს ურთიერთობაში დაძაბულობის მთავარი მიზეზი ის არის კურო გრძნობს, იმის მაგივრად, რომ იფიქროს; თქვენ კი პირიქით, ფიქრობთ, იმის ნაცვლად, რომ იგრძნოთ. ნუ ეცდებით კუროს დაბრმავებას საკუთარი ბრწყინვალებით, უბრალოდ მოატყუეთ…

 

 

კურო მამაკაცი და ტყუპები ქალი 

კოტე თოლორდავა და განო მელითაური

 

ამ სცენის იდილია ღრმად შეეხო მის გულს,მაგრამ,

თავის არც ისე საუკეთესო „მეს“ დამორჩილებული,

ის უხალისოდ დაბრუნდა ხესთან…

ოდესაღაც ვიღაცამ ლექსი დაწერა ადამიანზე, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებდა „ვერც წვიმა, ვერც გრიგალი, ვერც ღამის წყვდიადი ვერ გადააცდენდა დანიშნული წრიდან…“ ეს ლექსი ფოსტალიონზეა და ის უთუოდ კურო იყო, რომელსაც ვალენტინის ბარათები დაჰქონდა.

კუროს ვნება არც ისე მარტივად იღვიძებს. ის შეუმჩნევლად ეპარება, ნელ-ნელა ღვივდება და ძალას იკრებს. მას შემდეგ, რაც მისი გული მახეში გაებმება (თუ მისი მთვარე ან ასცედენტი ტყუპების, მშვილდოსნის ან თევზების ნიშანში არ იმყოფება), ის არამხოლოდ ცხრა მთასა და ცხრა ზღვას, ქალი ტყუპების მოულოდნელ გამოხდომებსაც კი შეუპოვრად გადალახავს. ვერავინ და ვერაფერი _ არც საფრთხე მისი რეპუტაციისთვის, არც მეგობრების კრიტიკული რჩევები, ვერ შეაჩერებს ყოველთვის გონივრულად მოქმედ კუროს, როდესაც ის შეყვარებულია.

იმ წამიდანვე, როდესაც ჩვეულებრივ პრაქტიკული კურო რომანტიულ აბლაბუდაში გაეხვევა, მისი საღი აზრი უკან იხევს ახლად გამოღვიძებული ხუთი ძირითადი გრძნობის წინაშე _ სმენის, ყნოსვის, შეხების, დაგემოვნებისა და შესაძლებლობის, საათობით უცქიროს საყვარელ ქალს. ძლიერ, ერთგულ  და საიმედო ხარს შეუძლია თამამად შეჰფიცოს სამუდამო ერთგულება და სიტყვა არ გატეხოს. კუროსთვის სიყვარული მარადიულია. თუ მისი სიყვარული ზღაპრული დასასრულით არ გვირგვინდება, კურო შეიძლება სხვა გრძნობით ექსპერიმენტებში გადაეშვას, მაგალითად,  ალკოჰოლ ან საკვებ დამოკიდებული გახდეს, რაც მისთვის საშინლად არაბუნებრივი მდგომარეობაა. უკიდურესობები კუროებისთვის არ არის!

მამაკაცი კურო ყველა გოგონას ახდენილი ოცნებაა. ყველასი, მაგრამ არა ტყუპების. ტყუპები თავქარიანია. ის ფრანივით ლამაზად ლივლივებს ღრუბლებში, მზის სხივებს იჭერს და..  მხოლოდ მათ არეკლვას ახერხებს. ერთმა კურო მსახიობმა, ორეონ ბინმა, ერთხელ ძალიან ზუსტად აღწერა თავისი ნაცნობი ტყუპები ქალი: „მე უბრალოდ ვკითხე, როდის ჰქონდა დაბადების დღე მის ქმარს, რაზეც მყისვე წამოიყვირა, რომ მადლობა ღმერთს, ქმარი არ ჰყავს“.

_რა კაცთმოძულესავით ლაპარაკობთ. _შენიშნა გაოცებულმა ბინმა.

_არა, _ მხიარულად მიუგო ტყუპებმა. _ თქვენ ვერ გამიგეთ. მე ვაღმერთებ კაცებს! უბრალოდ ქმრების ატანა არ მაქვს!

_ კი, მაგრამ რატომ? _ჩაეძია კურო. _ რა დაგიშავეს ასეთი?

ტყუპები მხოლოდ წამით დაფიქრდა:

_იცით, ისინი ისეთი მესაკუთრეები არიან. თითქოს იმის გარკვევაც უნდათ, ვის ვუნიშნავ პაემანს…

ჩვეულებრივ ადამიანებს, ვინც ამას კითხულობენ და ცხადია კუროებს, ტყუპების პასუხი უბრალოდ შოკში ჩააგდებს. მაგრამ არა ასტროლოგებს. „პაემანი“ ტყუპებისთვის ნებისმიერ უმანკო შეხვედრას გულისხმობს, იქნება ეს მისი სტილისტი, კოსმეტოლოგი თუ სტომატოლოგი. ეს ქალი ყოველთვის პაემანს ნიშნავს ადამიანებთან შესახვედრად, რომელზეც უმეტესად აგვიანებს ან საერთოდ ავიწყდება და არც მიდის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავგადასავლებს ეძებს. ის უბრალოდ ერთობა და სიამოვნებას იღებს ადამიანებთან ურთიერთობით. ყოველ შემთხვევაში, ასე იწყება და ასეც მთავრდება, თუ, რა თქმა უნდა, მისი სწორად ესმით. გახსოვდეთ, რომ ტყუპები ყოველთვის ორია, ერთ მამაკაცს კი ერთდროულად ორი ქალის გაბედნიერება არ გამოუვა. აი, კუროებს ეს არ ესმით.

ბუნებრივია, ამან არ უნდა გააფუჭოს ურთიერთობა. ტყუპებ ქალსაც შეუძლია ღრმად მიეჯაჭვოს ერთ მამაკაცს, იმ შემთხვევაშიც, თუ მას დამატებით მთელი კომპანია სჭირდება. მაგრამ აბა, სცადეთ და მესაკუთრე კუროს შეაგნებინეთ ეს მოთხოვნა. კარგი იქნება, თუ ტყუპები ქორწინებამდე აუხსნის ამას. თუ ის „შესაფერისი მომენტის“ ლოდინში ქორწინებას გადააცილებს, როდესაც კურო უკვე თავისად დაიგულებს და მხოლოდ შემდეგ გაუმხელს, რომ მისთვის უბრალოდ აუცილებელია გართობა, რადგან მოსწყინდა ან ტყუილების შეთხზვას დაიწყებს გარეთ გასაპარად, კურო უმართავი გახდება.

ცხადია, თუ კუროს მთვარე ან ასცედენტი ცეცხლის ან ჰაერის ნიშნებშია (მშვილდოსნის გამოკლებით, რომელიც ტყუპების საპირისპირო ნიშანია) და განსაკუთრებით მისი მარსი ან ვენერა ტყუპებშია, პლუს მის მზესთან შეერთებაში, ყველაფერი ბრწყინვალედ იქნება. მაშინ მას მზისგან ბოძებული სიმყარე და სიმშვიდეც აქვს, რომ დროულად დაამიწოს ტყუპები და საკმარისი ჰაერიც, რომ რჩეულის ენთუზიაზმით აღფრთოვანდეს, ან საკმარისი ცეცხლი, რომ მის თავისუფალ აღტყინებებს მხარი დაუჭიროს. რაც შეეხება ტყუპებს, თუ მისი მთვარე ან ასცედენტი მიწის ან წყლის ნიშნებში აღმოჩნდა (მორიელის გამოკლებით, რომელიც კუროს საპირისპირო ნიშანია), მას მოეწონება კიდეც სახლში, ბუხრის წინ, კუროს კალთაში ნებივრობა და კრუტუნი, როდესაც სენტიმენტალური ხარი თავზე ეფერება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ძალიან გაუჭირდებათ ურთიერთობა. ისინი ვერ რიგდებიან მთელ რიდ საკითხებზე:

1. ფულის ნიადაგზე: კუროს დაზოგვა უყვარს, ტყუპებს _ ხარჯვა.

2. საკვების ნიადაგზე: კუროს ჭამა უყვარს, ტყუპები კი საჭმლის გაკეთებას ვერ იტანს. სალათის მორევა კიდევ შეუძლია ცალი ხელით, მაგრამ ყველაფერ დანარჩენს მხოლოდ თავისი საყვარელი ფრანგული რესტორნის შეფმზარეულს ანდობს.

3. სტაბილურობის ნიადაგზე: მუდმივ კუროს უჭირს რჩეულის მალცვალებად განწყობასთან შეგუება. ტყუპები მარტივად ერთვება დარდიდან სიხარულზე, სულგრძელობიდან სიძუნწეზე. ჯერ მსახიობობა უნდა, მერე ანთროპოლოგის დიპლომი. გასაგებია, რომ ერთერთი ასეთი მორიგი ცვლილების შემდეგ კურო იფეთქებს.

მათი სექსუალური ურთიერთობაც ასეთივე ცვალებადია და რკინის ნერვებს მოითხოვს. კუროები უაღრესად მგრძნობიარე, ეროტიული და ძალზედ ვნებიანი საყვარლები არიან. ტყუპები კი სექსს ისე აღიქვამენ, როგორც მორიგ ამაღელვებელ თავგადასავალს წარმოსახვით სამყაროში.კურო მამაკაცს  ნამდვილი ქალის ჩახუტება სურს და არა ტყის ნიმფის ან ასტრალურ სხეულის. ტუპების გონება კი საოცარი სახებების სამყაროა, რაც აუტანელია კუროსთვის, რომელიც ორივე ფეხით მყარად დგას მიწაზე და რეალურ სამყაროში ცხოვრობს. აქაც კომპრომისია საჭირო.

ყველაფერი, რაც კუროს თავის რჩეულ ტყუპებში აკვირვებს, ერთ კითხვაში შეგვიძლია ჩავატიოთ: ვინ არის ეს ქალი? მართლა მისი ქალია, რომლის დაუფლებასაც ასე დიდხანს ელოდა თუ უბრალოდ მისი წარმოსახვის ნაყოფია? კუროს ისე სურს ტყუპებთან ერთად იფრინოს ღრუბლებში, მაგრამ ის დარწმუნებული არ არის, როგორ გააკეთოს ეს…

 

 

კურო ქალი და ტყუპები მამაკაცი 

თეა გობეჯიშვილი და ნიკა ლომიძე

ვენდიმ ტკივილით აღმოაჩინა,რომ გასულმა წელმა

პიტერისთვის ერთი დღესავით გაირბინა.

მისთვის მოლოდინი იყო დაუსრულებლად გრძელი.

მაგრამ პიტერი შესანიშნავი იყო,

როგორც ყოველთვის! 

სანამ ვარდების ბუჩქის ქვეშ ფეხმორთხმული კურო ქალი თავს ქარგვით იქცევს და თავისთვის ღიღინებს „სახლი, საყვარელი სახლი“,  ტყუპები მამაკაცი  ნერვიულად აკაკუნებს თითის ბალიშებს ფანჯრის მინაზე, თავისი საყვარელი სამგზავრო სიმღერის რითმში. და მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტულად სად შეხვდებიან ეს ორნი (უფრო სწორად სამნი, ტყუპების დამატებითი, კიდევ ერთი უხილავი „მეს“ გათვალისწინებით). ბოლოს მაინც იმ გზაგასაყრამდე მივლენ, სადაც მონეტა უნდა ააგდონ და გადაწყვიტონ, რომელი გზით წავიდნენ: იმით, რომელსაც მყუდრო ოჯახური ცხოვრებისკენ მიჰყავს თუ იმით, რომელიც ვალდებულებებისგან თავისუფალი, შემთხვევითი კავშირისკენ მიდის. მცირედი შესწორებით, მონეტას ტყუპები ააგდებს; კურო კი საკუთარ საღ აზრს დაეკითხება, რომ დაზუსტებით დაადგინოს, ცრუ მიმართულებით ხომ არ მიჰყავთ.

თუ კურო გოგონა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ტყუპები შეუყვარდა, პირველ რიგში ყველა ღონეს იხმარს, რომ სამიზნე სოციალური თუ იურიდიული მტკიცებულებებით გამყარებული გარიგების საფუძველზე აცდუნოს. ამასთან, მას ისეთი იარაღები აქვს კაცის შესაცდენად!.. ეროტიული მგრძნობიარობა, ნაზი ვნებები, მდიდარი იუმორი, ფანტასტიური სახლის ორცხობილა, მოთმინება და სიმამაცე… თუ ამ ძლიერმოქმედმა საშუალებებმა არ გაჭრა, ის რბლიად ამოისუნთქავს და მოხერხებულად მოკალათდება საყვარლის როლში. ცხადია, მთელი მისი არსენალი კვლავ მოქმედებაშია, მხოლოდ ფარულად. კურომ მხოლოდ დროებით „დათმო” პოზიციები.

„ვინც მოითმენს, ის მოიგებს“_აი, მისი ფილოსოფია. საერთოდ, კურო ქალი ფრთხილად ისველებს ფეხს რომანტიულ საწამლავში. მას დიდხანს ვერ გამოიჭერთ მთვარის შუქით, ვარდებითა და სათუთი დაპირებებით. მაგრამ ერთხელაც ის სისუსტეს გამოავლენს და დანებდება. აი, მაშინ ამწეკრანი ან ექსკავატორი იქნება საჭირო, რომ იქიდან უკან ამოათრიოთ. თუმცა უფრო ხშირად დასახმარებლად მისი საღი აზრის ოთხთვალა მანქანა მოდის.

ტყუპებიც ასევე უფრთხის მახეებს, მაგრამ მას შემდეგაც კი, რაც „მერკურიანელი ჩიტი“ სიყვარულის ბადეში გაებმება, ცალი ფეხით ლოგინშია, მეორეთი _ შემოსასვლელში აბალანსებს სიტუაციას, რამე რომ იყოს… ტყუპები აუცილებლად აჩუქებს კუროს თავის გულს, მხოლოდ ერთს. მეორეს თავისთვის დაიტოვებს. იქნებ კუროს დაესვაროს, ან გაუტყდეს ან დააზიანოს?.. ტყუპების ქცევა დაზღვევის პოლისია იმედგაცრუებებისგან. კურო ქალი, რომელიც პატივს სცემს ყველა იურიდიულ დოკუმენტაციას და პოლისებსაც მათ შორის, ტკივილისგან დაზღვეული არ არის, მაგრამ უნარი შესწევს თავისი ტყუპების ყველა „ძიება“ მოთმინებით აიტანოს და უმეტეს შემთხვევაში გაიმარჯვებს. თუ კუროს პირად რუკაში გარკვეულ პლანეტათა ოპოზიციური განლაგებაა, მაშინ ის თვითონ დაამსხვრევს  ტყუპების გულს, მაგრამ ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი. საშუალო სტატისტიკური კურო აუღელვებლად იჯდება ბუხრის წინ, საყვარელი მამაკაცის მოლოდინში.

მისი მეგობრები შეეცდებიან აუხსნან, რომ ტყუილად კარგავს დროს, მაგრამ ის არავის მოუსმენს. მათ უყვართ ერთმანეთი! და როდესაც გიყვარს ყველაფერი ხდება, ასე არ არის? ასეა, მაგრამ არა იმ დროს, როდესაც სიყვარული ბრმაა, რაც ხანდახან ემართებათ კუროებს. ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელი, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული კუროს გადარწმუნება. ასე რომ, ვერც მისი მეგობრები შეძლებენ აუხსნან, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც მას ჰგონია, თუ ის თავად დროულად ვერ გააცნობიერებს გაყინული ფორმების საფრთხეს. ჩვეულებრივ, ყველა საკითხზე საღად მოაზროვნე კურო ქალი შეიძლება დაუჯერებლად სულელი იყოს, როდესაც საქმე მის პირად ემოციურ უსაფრთხოებას ეხება. მაგრამ თუ ტყუპების მთვარე მიწის ან წყლის ნიშანშია, კუროს მთვარე კი ცეცხლის ან ჰაერის ნიშანში, მათ წარმატების მეტი შანსი აქვთ.

ტყუპებ მამაკაცს  სწრაფად ბეზრდება ერთი ქალი, მაგრამ  ეს აუცილებლად ღალატს არ გულისხმობს. მას მოსწონს კუროს ემოციებზე დაკვირვება, როდესაც მას განწყობა ეცვლება. ეს ემოციური დახუჭობანას მსგავსი თამაშია. მაგრამ კურო ქალს მხოლოდ სამი განწყობა აქვს: სიყვარულით ტკბობა, პირქუში ჩაფიქრება და მრისხნება. მართალია, კურო ვერ იტანს ცვლილებებს, მაგრამ თუ მას ტყუპები მამაკაცი უყვარს და მასთან ურთიერთობის შენარჩუნება უნდა, აუცილებლად უნდა ისწავლოს ახალ სახებებთან ადაპტირება. შეიძლება, თავისდა გასაკვირად, ისიც აღმოაჩინოს, რომ მოსწონს კიდეც ეს ცვლილებები. მან ასევე უნდა ისწავლოს მობოდიშება, როდესაც ცდება. კუროებისთვის დამახასიათებელია ვირზე შეჯდომა, როდესაც არათუ კომპრომისზე წასვლა, სხვისი ბოდიშის მოსმენაც კი არ სურთ.

სექსუალურ ურთიერთობაშიც მსგავსი პრობლემებია. კუროს სურს, რომ ის უყვარდეთ.  ფიზიკური სიყვარული მისთვის ცხოვრებისეული გამოცდილებაა. ის საყვარლისგან სრულ გრძნობით დაკმაყოფიელებას ელოდება და გაცემის თვალსაზრისით, თავადაც ძალიან გულუხვია. კურო ქალისთვის სექსი ყოვლისმომცველი ნეტარებაა, რომელსაც  ფიზიკური სიამოვნება, ფუმფულა ბავშვები და ემოციური სიმშვიდე მოაქვს. მაგრამ მას სურს გრძნობდეს, რომ მისი მამაკაცი მთლიანად მასთანაა. სექსის დროს ტყუპების მენტალური მოგზაურობები უყურადღებობად ან ვნებების უკმარისობად იქნება განხილული, რაც ძალიან გაანაწყენებს მგრძნობიარე კუროს.

თავის მხრივ, ტყუპებს შეიძლება კუროს მხრიდან მის ემოციურ სამფლობელოში შეჭრა ეწყინოს, რომელსაც ტყუპები ხელშეუხებლად თვლის, ინტიმური კავშირის დროსაც კი. კურო სხვადასხვა მეთოდებით უნდა ეცადოს ტყუპების ღრუბლებიდან საკუთარ მკლავებში ჩამოყვანას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ჩიტს ისეთი შეგრძნება გაუჩნდება, რომ ქვის კედელს ეხეთქება და კიდევ უფრო დისტანცირდება. ტყუპები გაცილებით უფრო ბედნიერი იქნებოდა, თუ კუროს  ღრმა ვნებებისკენ მიმავალი გზის ჩვენების საშუალებას მისცემდა. სამწუხაროდ,ამის ნაცვლად, ტყუპები ხშირად ღრუბლებში ფრენას ამჯობინებს, რადგან ჰაერის ყველა ნიშანი ისე არ ენდობა სექსს, თუ წინასწარ არ გაატარეს წარმოსახვაში.

მე ვიცნობ ერთ კურო ქალბატონს, მისი არაეზოთერული მზის ნიშნისთვის უჩვეულო ინტუიციით. მას ცალმხრივად უყვარდა ტყუპები მამაკაცი და შესაძლოა ახლაც უყვარს თავისი ჯიუტი სიყვარულით. ნეპტუნმა მათ სინასტრიულ რუკაში იშვიათი ემოციური ტელეპატია შექმნა, რომლის მეშვეობითაც ისინი ხშირად „უკავშირდებოდნენ“ ერთმანეთს. ერთხელ ქალი გამოუტყდა, რომ იმდენად ძლიერად გრძნობდა მასთან ერთობას, ამის მეშვეობით თითქმის ბავშვის ჩასახვაც შეეძლო, მაგრამ ამისთვის მზად არ იყო, რადგან ისინი დაქორწინებულნი არ იყვნენ (კუროს რეალისტური იუმორი). როდესაც, მერკურიანული ხრიკების გვერდის ავლით, კურომ მისი აზრები ამოიკითხა და ახალი ეფემერული დაპირებების გარდა ვერაფერი დაინახა, მაშინ გაუცხოების ცივი მაკრატლით გადაჭრა მათი ტელეპათიური კავშირი. ახლა ტყუპები ვერაფრით უკავშირდება. კურო უარს ამბობს უპასუხოს საკუთარი გულის თუ ტელეფონის ზარებს. მან კარგად იცის, როდის ურეკავს ტყუპები, მაგრამ ეს მას ემოციურად აღარ ეხება. კურო კუროა! მეტაფიზიკური ტალანტები ვერ დაბზარავს მის რკინის ნებისყოფას, თუ მან ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება.

მაშ ასე, ტყუპები მამაკაცი არც ისე უნაკლოა, როდესაც  კუროსთან მისი რომანი მყარად იკვანძება. ულირიკო მელოდია… დაუსრულებელი მოთხრობა… წრეზე ბრუნვა, რომელიც არსად მიგიყვანს, დასაწყისის გარდა. მაგრამ იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რამდენი სპილენძის ბეჭედი უნდა გამოცვალოს კაცმა, როდესაც ხედავს, როგორ კარგავენ  ისინი ფერს, სანამ იმ ერთადერთს შეხვდება, ნამდვილი ოქროსგან ჩამოსხმულს?

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Rusa

Scroll To Top