შემოქმედებითი და კარმული ასპექტები

შემოქმედებითი და კარმული ასპექტები

ფენომენალური ასპექტები  დაკავშირებულია კარმასთან და მიანიშნებს თუ როგორ ვხარჯავთ ენერგიას განვითარებისთვის, როგორ ვრეალიზდებით. ეს ასპექტები ორი სახისაა: შემოქმედებითი და კარმული. შემოქმედებითი ასპექტები ნიშნავს, რომ გვეძლევა თავისუფალი არჩევანი და მოქმედება შემოქმედებითი უნარების რეალიზებისთვის, ხოლო კარმული ასპექტები მოვალეობებსა და ვალზე, საჭირო ცვლილებებზე და გზაზე მიანიშნებენ, რაც ჩვენი განვითარებისთვის აუცილებელია. ამასთანავე,  ფენომენალური ასპექტები ორი სახისაა: გარეგნული (მოქმედებითი) და ფსიქოლოგიური. ერთ–ერთი ვერსიით მიჩნეულია, რომ ოკულტური მეცნიერებების ნებისმიერ შემსწავლელს (ზუსტი თარგმანი: მოსწავლეს) კარმული ასპექტები აქვს.

შემოქმედებითი ასპექტები

ადამიანებს, რომლებსაც რუკაში შემოქმედებითი ასპექტები აქვთ, უკავშირდება გარკვეულ მისიებს, ქმედებებს, სიტუაციებს, რომლებიც მათ ცვლიან და გარდაქმნიან. ხშირად ვარდებიან განსხვავებულ სიტუაციებში, მათ ცხოვრებაში უცნაური შემთხვევითობები ხდება. მთლიანობაში კი ყველაფერი მათ განვითარებას ემსახურება.

კვინტილი არის 72°-იანი ასპექტი, ± 2°-იანი გადახრით. ესაა „გასაღები ასპექტი“. გვაძლევს შემოქმედებითი რეალიზების საშუალებას, გვევლინება მოულოდნელი სიტუაციების გამომწვევად,რომლებიც ინდივიდის მოქმედებისთვის დგება. თუ პლანეტები დაკავშირებულნი არიან კვინტილით, მათი ურთიერთქმედება ემსგავსება ურანის ქმედებებს, მოულოდნელად ირთვება და მოქმედებს. ამ ასპექტს ასევე უწოდებენ ურანულ ასპექტს.

დეცილი არის 36°-იანი ასპექტი, ± 1°-იანი გადახრით.კვინტილისგან განსხვავებით მოულოდნელ სიტუაციებთან კი არ აქვს კავშირი, არამედ ინდივიდის გარემოზე და გარშემომყოფებზე, ყველაფერზე, რაც ჩვენს გარშემოა. ამ ასპექტისთვის დამახასიათებელია მოულოდნელობები, დამთხვევები შემოქმედებით სფეროში, რომლებიც ჩვენს გარშემო ხდება.

ბიკვინტილი არის 144°-იანი ასპექტი, ± 1°-იანი გადახრით. არის ფარული ასპექტი და თითქმის იგივეა დამახასიათებელი, რაც კვიკონსისთვის. ჩვენს ცხოვრებაში წარმოადგენს შემოქმედებითი სფეროს სტიმულატორს, თუმცა ყველაფერი ფარულად, შეუმჩნევლად ხდება და დაკავშირებულია მოულოდნელ, შემოქმედებით  გარდაქმნებთან. მონაწილეობს ინდივიდის სულიერ გარდაქმნაში.

ტრიდეცილი108°-იანი ასპექტი, ± 1,5°-იანი გადახრით. ფარული ასპექტია, თუმცა სუსტი. მიუთითებს სტიმულებზე, რომლებიც გვეხმარება სხვადასხვა სიტუაციაში. მართავს ადამიანში შემოქმედებით გონებას. შეიძლება მოგვევლინოს მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიმღებ ასპექტად, რადგან ჩნდება მოულოდნელად და სიტუაციას, ცხოვრებისეულ ორიენტაციას ცვლის.

კარმული ასპექტები

დავიწყოთ იმით, რომ მთლიანად რუკა –  ასცენდენტი, პლანეტების მდებარეობა, ასპექტები, მთვარის აღმავალი და დაღმავალი კვანძები და ა.შ. მიანიშნებს ჩვენს პოტენციალზე, განვითარების საშუალებაზე, მიმართულებაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი განვიხილოთ კარმული ასპექტები.  კარმული ასპექტები ითვლება ჩვენი ვალდებულებების, მისიების ასპექტად. ეს ასპექტები მიუთითებს რა გზით შეიძლება წავიდეს ადამიანი, როგორ მოუწევს (დაბრკოლებები, სირთულეები, სულიერი გზა) განვითარება. თითოეული კარმული ასპექტი დაკავშირებულია ევოლუციურ განვითარებასთან. ასევე, რუკაში მიანიშნებს წინა განვითარების პოტენციალს ან პოტენციალს, რომელიც ჩვენშია. ითვლება, რომ კარმული ასპექტები არეგულირებენ ჩვენს ცხოვრებას, განვითარების ახალ ეტაპზე გადავყავართ ან პირიქით – ადამიანისთვის ჩაკეტილ სისტემად, გამოცანად იქცევა და სირთულეები შემოაქვს ცხოვრებაში. მიჩნეულია, რომ კარმული ასპექტებით მოტანილი სიძნელეები და პრობლემები უნდა გავაცნობიეროთ. საჭიროა გამოსავლის პოვნა და გააზრება, რომ რთული სიტუაციები გვეძლევა დაფიქრებისთვის, შეცვლისთვის, ტრანსფორმაციისთვის. ცნობიერების ახალ საფეხურზე გადასვლის შემდეგ ასპექტების მოქმედება საპირისპირო ხდება – თავისუფალი მოქმედების საშუალება ჩნდება, ადამიანი იღებს თავისუფლად განვითარების საშუალებას. თუმცა განვითარების შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად, კარმულმა ასპექტებმა შეიძლება ისევ იჩინოს თავი.

კარმული ასპექტებია 40°, 100°, 80°  და 20°-იანი ასპექტები

N ნონაგონი40° -იანი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია კარმულ ასპექტებს შორის. ± 2°-იანი გადახრით. მოქმედების ძალით უტოლდება ოპოზიციას ან ტრინს. ესაა მუდმივად მოქმედი ასპექტი (მოქმედებით ცეცხლის სტიქიას ჰგავს), რომლის მოქმედებაც უკავშირდება ვალს, ვალდებულებას, მოთხოვნას შიდა ან გარე ფაქტორებისთვის. ადამიანს ამ ასპექტით ცხოვრება უწევს შინაგანი ვალდებულების გრძნობით. საკმაოდ ბევრი ცხოვრებისეული სიტუაცია სულიერი განვითარების “მასწავლებელს” წარმოადგენს. საუკეთესო შემთხვევაში ნონაგონი შინაგან ვალდებულების, მოთხოვნებისგან გაქცევის უუნარობის  ან მკაცრი მოთხოვნების გამო პიროვნება ვერ გაექცევა მას და ვერ ჩაიდენს საწინააღმდეგო, მისთვის დამამძიმებელ საქციელს. ადამიანს აიძულებს გაიაზროს ბედისწერა და სიტუაციებზე კონტროლი იქონიოს. მისი შეცვლა საკმაოდ რთულია, რადგან მუდმივად მოქმედი ასპექტია. თუ რუკაში კარმული ასპექტი ბევრია და პიროვნება არ მოქმედებს მათი მიხედვით, მაშინ ცხოვრება უფრო მეტად ურთულდება, მატულობს პრობლემები, მაგრამ თუ ევოლუციური განვითარების გზას დაადგება – ნებისმიერ სიტუაციაში გამოსავალს მუდამ პოულობს. პ.ს. ერთ–ერთი ვერსიით, წინა ცხოვრების სურვილების, ოცნებებისა და იდეალების რეალიზებას სწორედ ეს ასპექტი ახდენს.

სენტაგონი 100°იანი ასპექტი. ± 1,5°-იანი გადახრით. არის ჰაერის სტიქიის მოქმედების შესაბამისი ასპექტი.მისი მოქმედების წინასწარგათვლა შეუძლებელია.სენტაგონის ძალა იგივეა რაც კვადრატის ან სექსტილის –  მისი მოქმედებისთვის აუცილებელია „ბიძგი“. მოქმედებს როგორც უეცარი შემფერხებელი, შემაკავებელი. ხშირად მოულოდნელად გაჩენილი მოვლენები დაკავშირებულია სენტაგონთან, თუმცა ასევე მოულოდნელად  ჩნდება დახმარებაც.  ადამიანი, მისი ჩართვის დროს, იძლებული ხდება ვალდებულება შეასრულოს (რომელზეც ამ ასპექტით დაკავშირებული პლანეტები მიგვითითებენ).  საუკეთესო შემთხვევაში – ადამიანი იგებს ცხოვრების, ბედის ფარულ მექანიზმს. სენტაგონით ადამიანს ეძლევა მოულოდნელი დახმარება, რომლითაც სიტუაციების არაცნობიერად გამოსწორებასა და მათ კონტროლს  ახერხებს. პ.ს. ერთ–ერთი ვერსიით, სენტაგონი მიანიშნებს იმ ცოდნაზე, ფილოსოფიურ ან რელიგიურ შეხედულებებზე წინა ცხოვრებიდან, რაც ახლანდელზე ახდენს გავლენას.

ბინონაგონი არის 80°-იანი ასპექტი, ± 1°-იანი გადახრით. ესაა ფარული, მუდმივად მოქმედი ასპექტი (სტიქია – მიწა). ბინონაგონი არაცნობიერ დონეზე, გარშემომყოფების მხრიდან (ისინი გვევლინებიან მანიშნებლებად) მოქმედებს ჩვენს შინაგან „მე“ზე.მოქმედების ძალით ჰგავს კვიკონსსა და ნახევარკვადრატს. ის ნებისმიერ ასაკში გვევლინება მოქმედ, ფარულად მიმნიშნებელ  ასპექტად, რომელიც ადამიანს აიძულებს წრიდან გამოსვლას. მაგალითად: საშუალებას აძლევს კარმული მიზნები საუკეთესო გამოვლინებით შეასრულოს. უარეს შემთხვევაში ბინონაგონი ხდება შინაგანი შემფერხებელი,  ფარული მაკონტროლებელი,  შინაგანი კომპლექსების წყარო, რომელთა გადალახვა რთულია.  ადამიანის ხასიათში ვლინდება როგორც ფარული შემაკავებელი, ბედის ამოცანების წინაშე ინდივიდი პასიური ხდება. ცნობიერების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლით კი ასპექტის ბუნებაც იცვლება – ინდივიდი თავისუფალი ხდება, მისი შემდგომი განვითარებაც თავისუფლად მიმდინარეობს, თავად ქმნის მიზეზებს, რომელთა გადაწყვეტის შემდეგ ახალ დონეზე გადადის. 

პოლუნონაგონი არის 20°-იანი ფარული მოქმედების ასპექტი, ± 0,5°-იანი გადახრით და მოქმედების მიხედვით მიეკუთვნება წყლის სტიქიას.ამ ასპექტთან დაკავშირებულია საიდუმლოების გაცნობიერება, არაცნობიერი კონტროლი; ყველაფერი, რაც ხდება   დროებით, გარემოებების გავლენით, სხვა ადამიანების განწყობებიდან გამომდინარე. საერთო ენერგეტიკული ფონი ან სრულად ჩაკეტვის ან გახსნილობის საშუალებას გვაძლევს. სწორედ გარემოდან მოდის ვალებზე შეხსენება, გვაიძულებს საიდუმლო საქმეებით დაკავებას. მისი მოულოდნელი მოქმედების გამო აღიქმება, როგორც ძლიერი ბინონაგონი. უმეტესად მისი გავლენა შინაგან, სულიერ ცხოვრებას ეხება.

პ.ს. თითოეული ასპექტის შემთხვევაში მნიშვნელოვანია  თუ რომელ პლანეტებს შორის იქმნება კარმული ასპექტები, საჭიროა პლანეტების მახასიათებლების (რაზე „აგებენ“ პასუხს, როგორ მოქმედებენ), მათი სახლებში და ნიშნებში მდებარეობების, სხვა ასპექტების ნახვაც. ეს ინფორმაცია დამატებითი და შემავსებელი იქნება ვარაუდისა და დასკვნების გამოსატანად. 

აღნიშნული ასპექტები შეგიძლიათ ნახოთ პროგრამა ზეტ–სა და სკორპიოში (სკორპიოში ასპექტების გრაფაში შეგიძლიათ კარმული ასპექტები სხვა ასპექტებისგან განცალკევებით ნახოთ) გადმოსაწერი ლინკები.

“სქრინშოთი” სკორპიოდან

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: გლობა, ნაზაროვა, აიჩი, netmistik.ru

სტატიის ავტორი: თამთა



About Tamta

Scroll To Top