ეთერულ სამყაროში ქრისტეს გამოცხადების შესახებ
კარლსრუე, 25 იანვარი, 1910
ადამიანს უამრავი კითხვა დაებადება, თუ იგი გარკვეული დროის მანძილზე სულისმეცნიერული მსოფლმხედველობის კვლევითაა დაკავებული და ამ გზით მოპოვებულ სხვადასხვა იდეებს, აზრებსა და ცოდნას თავის არსებაში მოქმედების საშუალებას მისცემს. იმისათვის, რომ სულისმეცნიერი ეწოდოს, მან ეს კითხვები, რომლებიც არსებითად გრძნობადი, მშვინვიერი, ხასიათებრივი, მოკლედ ცხოვრებისეული მნიშვნელობისაა, სულისმეცნიერულ იდეებს უნდა დაუკავშიროს. ეს იდეები აკმაყოფილებენ არა მარტო ჩვენს თეორიულ და მეცნიერულ ცნობისმოყვარეობას, არამედ გვიხსნიან სიცოცხლის საიდუმლოებებს, ყოფიერების გამოცანებს. და ეს აზრები და იდეები მართლაც რომ უაღრესად ნაყოფიერნი იქნებიან ჩვენთვის, თუ შევძლებთ მათი შინაარსი, მათი მნიშვნელობა არა მხოლოდ გავიაზროთ, განვიცადოთ და შევიგრძნოთ, არამედ ასე ვთქვათ, მათი საშუალებით ვისწავლოთ ჩვენი გარემომცველი სამყაროს სხვაგვარად დანახვა. ამ იდეებმა სითბოთი უნდა განგვმსჭვალონ, და ჩვენში იმპულსებად, შინაგანი ბუნების ძალებათ უნდა გარდაიქმნან. ეს გარდაქმნა უფრო და უფრო გაძლიერდება, თუ იმ პასუხებს, რომლებიც გარკვეულ კითხვებზე მივიღეთ, ახალ კითხვებს დავახვედრებთ, და თუკი ამგვარად, კითხვა გაგვიძღვება პასუხისკენ, პასუხი კი ახალი კითხვისკენ, რომელზეც ისევ ვიპოვით პასუხს და ასე შემდეგ. სულიერი შემეცნების გზაზე და სულიერ ცხოვრებაშიც ადამიანი ამ პროცესის მეშვეობით მიიწევს წინ.
ღია ლექციებზე ჯერ კიდევ დიდხანს ვერ აეხდება ფარდა თანამედროვე კაცობრიობისთვის სულიერი ცხოვრების უფრო ინტიმურ მხარეებს, მაგრამ ჩვენს შტოებში (Zweigen) უფრო და უფრო ახლოვდება დრო, როდესაც ამ ინტიმურ საკითხებზე საუბარი შესაძლებელი გახდება. ამასთან, ყოველთვის იარსებებენ ახალი წევრები, რომლებსაც მოსმენილიდან ესა თუ ის აზრი დააბნევთ და გააოგნებთ. მაგრამ ჩვენი მუშაობა წინ ვერ წაიწევს, თუ სასიცოცხლო მნიშვნელობის კითხვების განხილვას სულისმეცნიერული კვლევიდან და შემეცნებიდან გამომდინარე არ დავიწყებთ. ამიტომ, ჩვენი სამშვინველების წინაშე დღესაც გადაიშლება სულიერი შემეცნების რამდენიმე უფრო ინტიმური მონაპოვარი – იმისდა მიუხედავად, რომ ამან შეიძლება გაუგებრობები წარმოშვას ზოგიერთი თქვენთაგანისთვის, მათთვის, ვინც არც თუ ისე დიდი ხანია რაც სპირიტუალურ ცხოვრებას ჩაუღრმავდა.
თუ მრავალჯერადი განსხეულების, განმეორებითი მიწიერი ცხოვრების იდეას გავიაზრებთ არა მარტო აბსტრაქტულად, არამედ სულიერი ცხოვრების ამ ფაქტს მართლაც ჩავუღრმავდებით, მაშინ ჩვენს სამშვინველში უეჭველად დაიბადება ერთი მნიშვნელოვანი კითხვა. მაშინ იმ პასუხს, რომელიც ჩვენ გვეძლევა განსხეულებების შესახებ იდეაში, ანუ ამ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ნაყოფს, ასე ვთქვათ, უკავშირდება ახალი კითხვები. მაგალითად, შეგვიძლია დავსვათ კითხვა: თუ ადამიანის ცხოვრება დედამიწაზე მეორდება, თუ ადამიანი ისევ და ისევ ბრუნდება ახალი განსხეულებებით უკან, რა ღრმა აზრია ჩვენს ამ მრავალჯერად ცხოვრებაში ჩადებული? – საერთოდ ამის პასუხად ითქმება: – ცხადია, ამ გზით უფრო მაღალ და მაღალ საფეხურებზე გადავდივართ; წარსული ცხოვრების შედეგებითა და ნაყოფით მომდევნო ინკარნაციებში ვცხოვრობთ, სრულყოფის საშუალება ხომ სწორედ ასე გვეძლევა და ა.შ. – მაგრამ ეს მაინც ზოგადი, აბსტრაქტული პასუხია. მხოლოდ მიწიერი ცხოვრების ნამდვილი აზრის შეცნობით ჩავწვდებით განმეორებითი ცხოვრებების მნიშვნელობას. საკუთრივ ჩვენი დედამიწა რომ არ იცვლებოდეს, ასე ვთქვათ, ადამიანი რომ მასზე ისევ და ისევ ბრუნდებოდეს, ხოლო დედამიწა არსებითად იგივე ხვდებოდეს, მაშინ ადამიანი ერთმანეთს მიყოლებული ცხოვრებებისა თუ განსხეულებების საშუალებით ბევრს ვერაფერს ისწავლიდა. ამ განსხეულებებს მხოლოდ იმის გამო აქვთ აზრი, რომ ადამიანს დედამიწაზე თავისი ყოველი ახალი ინკარნაციის თუ განსხეულებისას რაღაც ახლის სწავლა, ახლის განცდა შეუძლია. დროის ხანმოკლე მონაკვეთებში ეს ისე კარგად არ ჩანს, მაგრამ თუ სულისმეცნიერების დახმარებით დროის ხანგრძლივ მონაკვეთებს დავაკვირდებით, მაშინ დავინახავთ, რომ დედამიწის ეპოქები სულ სხვადასხვანაირ ფორმას და ხასიათს ატარებენ და სულ ახალი და ახალი მოაქვთ ჩვენთვის. მაგრამ აქ სხვა რამეც უნდა გავითვალისწინოთ, კერძოდ ის, რომ თვით დედამიწის ცხოვრებაც იცვლება. თუ ჩვენი მიწიერი ყოფიერების გარკვეულ ეპოქაში, ასე ვთქვათ, ხელიდან გავუშვებთ შესაძლებლობას, რომ ვისწავლოთ ის, რისი სწავლაც დედამიწის განვითარების ამ ეპოქაში შეიძლება, მაშინ მართალია ხელახლა კი განვსხეულდებით, მაგრამ დაგვაკლდება ის, რაც ამ მოცემულ დროში უნდა შეგვეთვისებინა და არ შევითვისეთ. ამის გამო ვერ შევძლებთ მომდევნო ცხოვრებაში საკუთარი ძალებისა და უნარების სწორად გამოყენებას.
ისევ ზოგადად თუ ვილაპარაკებთ, შეგვიძლია ვთქვათ: ახლა, ჩვენს დროში, თითქმის მთელს დედამიწაზე შესაძლებელია ის, რაც მაგალითად, დღევანდელობაში მცხოვრები ადამიანებისთვის წინა ინკარნაციაში შეუძლებელი იყო. ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამას სრულიად გარკვეული, თანაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღევანდელ ინკარნაციაში ადამიანების გარკვეულ რიცხვს სულისმეცნიერებაში მოსვლის საშუალება ეძლევა, ანუ მათ შეუძლიათ შეითვისონ სულიერი კვლევის ის შედეგები, რომლის შეთვისება სულისმეცნიერების სფეროშ სწორედ დღესაა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ზოგიერთებისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ რამდენიმე ადამიანი ამ გზაზე ერთმანეთს პოულობს, რომ სულიერი კვლევის შემეცნებას მათში მოქმედება შეუძლია. მაგრამ ვინც ამას მნიშვნელობას არ ანიჭებს, მას არც მრავალჯერადი განსხეულების მნიშნელობა ესმის, არ ესმის, რომ რაიმეს შესათვისებლად განსხეულებაა საჭირო.
უპირველეს ყოვლისა საჭიროა სწორად გავიაზროთ, რომ ის, რასაც დღეს სულისმეცნიერების საშუალებით ვსწავლობთ, ჩვენს სამშვინველს უერთდება და მას მომდევნო ინკარნაციაშიც თან მოვიტანთ.
დღეს ჩვენი მიზანია გავაცნობიეროთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენი სამშვინველისთვის. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება სულიერი ცხოვრების თქვენთვის ნაკლებად ცნობილ ანდა საერთოდ ახალ ფაქტებს დავუკავშიროთ ის ცოდნა, რაც წარსული ლექციებიდან და თქვენი საკითხავი მასალიდან უკვე გაგაჩნიათ. ჯერ კაცობრიობის განვითარების ადრეულ ხანებს უნდა მივუბრუნდეთ. დედამიწის ადრეულ განვითარებას ჩვენ ხშირად მივუბრუნებივართ. უკვე ნათქვამი გვაქვს: ჩვენ ახლა ვცხოვრობთ დიდი ატლანტიდური კატასტროფის შემდგომ მეხუთე ხანაში. ამ მეხუთეს წინ უძღოდა ის ხანა, რომელშიც ბერძენი და ლათინი ხალხები მიწიერი ნების ძირითად იდეებსა და შეგრძნებებს განსაზღვრავდნენ: ეს იყო მეოთხე, ბერძნულ-ლათინური ხანა. მას წინ უძღოდა მესამე, ქალდეურ-ბაბილონურ-ასირიულ-ეგვიპტური ხანა, ამას კი ძველსპარსული, ხოლო ამ უკანასკნელს ძველინდური ხანა. და თუ დავბრუნდებით კიდევ უფრო შორეულ წარსულში, დავინახავთ, რომ იქ ატლანტიდის დიდმა კატასტროფამ გაანადგურა უძველესი კონტინენტი, ძველი ატლანტიდა, რომელიც მდებარეობდა დღევანდელი ატლანტიკის ოკეანის ადგილზე, ეს იყო ის ატლანტიდური კატასტროფა, რომელმაც თანდათანობით წალეკა მიწა და მეორე მხრივ დედამიწის სფეროს დღევანდელი სახე მისცა. ამის შემდეგ კიდევ უფრო შორეულ წარსულში, ატლანტიდის წინარე ეპოქაში გადავდივართ. იქ ვხვდებით იმ კულტურებსა და ცხოვრების ფორმებს, რომლებიც ატლანტიდის კონტინენტზე განვითარდნენ და რომლებსაც ჩვენ ატლანტიდური რასების კულტურას ვუწოდებთ. და მათაც ასევე წინ უძღოდათ უფრო ადრეული ეპოქა.
თუ გადავხედავთ მხოლოდ იმას, რასაც ისტორია მოგვითხრობს, ის კი ვერ წვდება მთლად შორეულ წარსულს, მაშინ ადვილად შეიძლება გვეგონოს, თუმცა ეს თვით დროის მოკლე მონაკვეთებისთვისაც კი უსაფუძვლოა ის, რომ დედამიწაზე ყველაფერი ყოველთვის ისე გამოიყურებოდა, როგორც დღეს. მაგრამ ეს ასე არაა. დედამიწაზე დამოკიდებულებები ძირფესვიანადაა შეცვლილი, მათ შორის კი განსაკუთრებით ადამიანური სამშვინველებისა. დღეს აქ მსხდომ ადამიანთა სამშვინველები, ცხადია, დედამიწის ყველა იმ ეპოქებში შესაფერისი სხეულებით იყვნენ ინკარნირებულნი და მათ შეთვისებული ჰქონდათ ყოველივე ის, რაც დედამიწის განვითარების იმ ხანებში იყო შესათვისებელი. ინკარნაციიდან ინკარნაციამდე სამშვინველი თავის თავში ყოველთვის ახალ უნარებს ავითარებდა. ჩვენი მაშინდელი სამშვინველები დღევანდელისგან ძალიან განსხვავდებოდნენ, თუმცა უკვე ბერძნულ-ლათინურ ეპოქასთან მიმართებით ეს განსხვავება ისე ძლიერი აღარაა, როგორც ძველსპარსულ და კიდევ უფრო მეტად ძველინდურ ეპოქასთან შედარებით. იმ ხანაში ჩვენს სამშვინველებს დღევანდელისგან სრულიად განსხვავებული თვისებები გააჩნდათ, და იმ შორეულ წარსულში მათ სულ სხვა პირობებში უწევდათ ცხოვრება.
ყოველივე ამის უკეთ გასაგებად, დღეს შევეცდებით რაც შეიძლება ზუსტი წარმოდგენა შევიქმნათ იმაზე, თუ როგორები იყვნენ ჩვენი სამშვინველები, – მაგ. პირდაპირ მნიშვნელოვანზე რომ გადავიდეთ, – ატლანტიდური კატასტროფის შემდეგ, მაშინ, როდესაც ინკარნირებული ვიყავით ისეთ სხეულში, როგორიც პირველ ინდურ კულტურაში იყო შესძლებელი. ეს პირველი ინდური კულტურა ისე არ უნდა გვესმოდეს, თითქოს იგი მხოლოდ ძველ ინდოეთში არსებობდა. მართალია ინდოელ ხალხს მაშინ მთავარი, წამყვანი როლი ეკისრებოდა, მაგრამ იმ დროს მთელი დედამიწის კულტურაც სხვა იყო. ამ კულტურის თავისებურებათა სავუძველი იყო ის, რასაც ძველ ინდოელებს თავისი წინამძღოლები მიუთითებდნენ. თუ მაშინდელ ჩვენს სამშვინველეს დავაკვირდებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვათ: შემეცნების ისეთი ფორმა, როგორიც დღეს ადამიანებს გააჩნიათ, მაშინ სრულიად შეუძლებელი იყო. ადამიანები თითქმის სრულიად ვერ აცნობიერებდნენ, რომ თითოეული წარმოადგენდა ცალკეულ „მე“-ს. თუმცა, ეს „მე“-ს შემეცნება კიდევ უფრო სხვა რამეა, ვიდრე „მე“-ს ძალა, „მე“-ს მოქმედება. ამდენად, მაშინ ადამიანებს არ გააჩნდათ შინაგანობის ის განცდა, როგორიც დღეს აქვთ. სამაგიეროდ მათ სხვა უნარები გააჩნდათ, მათ ჰქონდათ ის, რასაც დღეს ძველ ბუნდოვან ნათელხილვას ვუწოდებთ.
თუ იმჟამინდელ ადამიანურ სამშვინველს ყოველდღიურობაში დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ „მე“-დ იგი თავის თავს ნაკლებად განიცდიდა. ადამიანი თავის თავს თავისი თემის, თავისი ხალხის კუთვნილებად თვლიდა. როგორც ხელია სხეულის ნაწილი, ასევე გრძნობდა ცალკეული „მე“-ც თავს თავს გვარისა და თემის ნაწილად. დღევანდელობისგან განსხვავებით ადამიანი თავის თავს ინდივიდუალური „მე“-დ ვერ აღიქვამდა. ერის „მე“, გვარის „მე“, აი ის, რასაც შეჰყურებდა ყველა. ასე ცხოვრობდა ადამიანი დღის განმავლობაში. მას, ასე ვთქვათ, გაცნობიერებული არ ჰქონდა, რომა დამიანი იყო. მაგრამ ღამით, როცა იგი ძილს მიეცემოდა, ცნობიერება ისე მთლიანად კი არ უბნელდებოდა, როგორც ეს დღეს ხდება, არამედ ძილში ადამიანის სამშვინველს მის გარემოში მომხდარი სულიერი ფაქტების აღქმის უნარი გააჩნდა; დღევანდელი სიზმარი ასეთი სულიერი მოვლენებისა და ფაქტების აჩრდილს წარმოადგენს, რადგან, როგორც წესი, მათ მთელი სისავსით ვეღარ გადმოგვცემს. მაშინდელმა ადამიანებმა ამგვარი აღქმის საშუალებით იცოდნენ: სულიერი სამყარო არსებობს. მათთვის სულეირი სამყარო სინამდვილეს წარმოადგენდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ იგი ლოგიკით მოპოვებული, რაღაც დასაბუთებული რამ იყო, არამედ იმიტომ, რომ ამ სულიერ სამყაროს ყოველ ღამე თვითონვე განიცდიდნენ, თუმცა კი ბუნდოვანი სიზმრისეული ცნობიერებით. მაგრამ ეს არ იყო მთავარი. ძილისა და ღვიძილის გარდა არსებობდა კიდევ საშუალო მდგომარეობაც, რომლის დროსაც ადამიანს არც მთლად ეძინა და არც მთლად ეღვიძა. ამ დროს „მე“-ს ცნობიერება კიდევ უფრო სუსტი იყო ვიდრე დღისით, სამაგიეროდ სულიერი მოვლენების ამგვარი აღქმა, ამგვარი სიზმრისეული ნათელხილვა გაცილებით უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ღამით. ამგვარად, ადამიანებს ნათელხილვის უნარს ანიჭებდა ეს საშუალო მდგომარეობები, თუმცა თვითცნობიერების გარეშე. ასეთ მდგომარეობაში ადამიანი შინაგანად შორს იყო, ასე ვთქვათ, აღარაფერი ესმოდა. მას არ ესმოდა – მე ადამიანი ვარ – მაგრამ დანამდვილებით იცოდა: მე სულიერი სამყაროს წევრი ვარ, მაქვს მისი აღქმის უნარი, ვიცი, რომ სულიერი სამყარო არსებობს. ასეთი იყო ადამიანების სამშვინველების განცდა მაშინდელ დროში. და კიდევ უფრო ნათელი, გაცილებით გაცილებით უფრო ნათელი იყო ეს ცნობიერება და სულიერი სამყაროს განცდა ატლანტიდურ ხანაში. ასე რომ, თუ იმ შორეულ წარსულს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ეს იყო ხანა ჩვენი სამშვინველების სიზმრისეული, ბუნდოვანი ნათელხილვისა, რომელმაც თანდათანობით იკლო კაცობრიობის განვითარების განმავლობაში.
ეს სამშვინველები იმ ძველ, სიზმრისეულ ნათელხილვაში რომ დარჩენილიყვნენ, მაშინ ჩვენ ვერ მოვახერხებდით დღევანდელი ინდივიდუალური თვითცნობიერების განვითარებას, არ გვეცოდინებოდა, რომ ადამიანები ვართ. ჩვენ, ასე ვთქვათ, სულიერი სამყაროს აღმქმელი ცნობიერება უნდა დაგვეკარგა, რათა ამის მაგივრად „მე“-ცნობიერება მოგვეპოვებინა. მომავალში ორივე ერთდროულად გვექნება. მომავალშ ყველა მივაღწევთ სრულ ნათელხილვას, რომლის დროსაც „მე“-ს ცნობიერებაც შენარჩუნებული იქნება, დღეს კი ეს ხელეწიფება მხოლოდ მას, ვისაც ინიციაციის გზა აქვს გავლილი. მომავალში კი ყველა ადამიანს შეეძლება კვლავ ჭვრეტდეს სულიერ სამყაროს და ამავე დროს თავის თავს „მე“-დ, ადამიანად გრძნობდეს.
მომხდარი კიდევ ერთხელ, ნათლად წარმოვიდგინოთ. სამშვინველმა გაიარა გზა განსხეულებიდან განსხეულებამდე. ადრე იგი ნათელმხილველი იყო, მოგვიანებით კი თანდათან გამკვეთრდა „მე“-ცნობიერება, მასთან ერთად განსჯის უნარიც. ეს იმიტომ, რომ სულიერი სამყაროს ისეთი ნათელმხილველური ჭვრეტის დროს, როცა ადამიანი თავის თავს „მე“-დ არ გრძნობს, მას განსჯა, კომბინირება არ შეუძლია. ეს უნარი თანდათან ძლიერდებოდა, სამაგიეროდ ყოველ მომდევნო ინკარნაციასთან ერთად სუსტდებოდა ძველი ნათელხილვა. ადამიანი უფრო და უფრო იშვიათად განიცდიდა ისეთ მდგომარეობებს, როცა მას სულიერი სამყაროს ჭვრეტა შეეძლო. და იგი უფრო მეტად უკავშირდებოდა ფიზიკურ პლანს, ითვისებდა ლოგიკურ აზროვნებას და თავს „მე“-დ გრძნობდა. ამრიგად, ადამიანი ფიზიკურ სამყაროს აღიქვამს და მას უფრო მეტად და მეტად ეჯაჭვება, ხოლო ურთიერთკავშირი სულიერ სამყაროსთან კლებულობს. მაშასადამე, შეიძლება ითქვას: უძველეს წარსულში ადამიანი ერთგვარი სულიერი, სპირიტუალური არსება იყო, რადგან იგი, როგორც სპირიტუალური არსება, სხვა სულიერ არსებებთან ამხანაგურად, პირდაპირ სოციალურ ურთიერთკავშირში ცხოვრობდა, და თავს იმ სულიერ არსებათა წევრად თვლიდა, რომელთა ჭვრეტა დღეს მის უნარს ჩვეულებრივ აღემატება. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს გარშემო დღესაც არსებობენ სხვა სულიერი სამყაროები, სადაც სხვა სულიერი არსებები ცხოვრობენ. მაგრამ ადამიანს თავისი ნორმალური ცნობიერებით დღეს მათი ჭვრეტა აღარ შეუძლია. ერთ დროს კი იგი მათი ამხანაგი იყო, როგორც ღამეული ძილის, ასევე იმ საშუალო მდგომარეობისას, რომლის შესახებაც ვისაუბრეთ. იმ დროს იგი სულიერ სამყაროში სხვა სულიერი არსებების გვერდიგვერდ ცხოვრობდა. ახლა მას ეს უბრალოდ აღარ შეუძლია. იგი თავისი სამშობლოდან, სულიერი სამყაროდან, ასე ვთქვათ, გამოიყვანეს და ყოველ ახალ განსხეულებასთან ერთად უფრო და უფრო ქვემოთ, ამ მიწიერ სამყაროში ჩამოუშვეს.
სულიერი ცხოვრების ცენტრებში და იმ მეცნიერებებში, რომელთაც ჯერ კიდევ იცოდნენ ამის შესახებ, ყოველთვის ითვალისწინებდნენ იმას, რომ ჩვენს ინკარნაციებს ერთმანეთისგან ასეთი განსხვავებული მიწიერი ეპოქების გავლა უწევდათ. ისინი იხსენებდნენ ძალიან შორეულ წარსულსაც, რომელიც უშუალოდ წინ უძღოდა ატლანტიდურ კატასტროფას, და სადაც ადამიანები, არსებითად, ღვთაებებთან და სულებთან ერთად ცხოვრობდნენ და ამის გამო ბუნებრივია თავის თავს სულ სხვანაირად განიცდიდნენ და შეიგრძნობდნენ. თქვენთვისაც ხომ ნათელია, რომ ადამიანის სამშვინველს სულ სხვანაირი განცდის უნარი ჰქონდა იმ ეპოქაში, რომელშიც მან დანამდვილებით იცოდა, რომ უმაღლესი სულიერი არსებების ჭვრეტა შეეძლო და თვითონაც ამ უმაღლესი სამყაროს წევრი იყო. ამის გამო იგი სრულიად განსხვავებულ განცდასა და შეგრძნებებს სწავლობდა. ამ ფაქტებზე დაკვირვებისას საჭიროა წარმოიდგინოთ, რომ მეტყველებისა და აზროვნების სწავლა დღესაც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია, თუ ადამიანებს შორის ვიზრდებით, რადგან ეს ის უნარებია, რომელთა მოპოვებაც მხოლოდ ადამიანებს შორისაა შესაძლებელი. თუ დღეს მავანი ბავშვი უკაცრიელ კუნძულზე მოხვდება და ადამიანებთან კავშირის გარეშე გაიზრდება, იგი მეტყველებისა და აზროვნების უნარს ვერანაირად ვერ მოიპოვებს. მაშასადამე, ნებისმიერი არსების განვითარება, არსებითად, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სხვა არსებებს შორის იზრდება და ცხოვრობს იგი. ამაზეა მისი განვითარება გარკვეულწილად დამოკიდებული. თვით ცხოველებზე დაკვირვებაც ამას ადასტურებს. მაგალითად, ცნობილია, რომ ძაღლებმა, რომლებიც ადამიანებს მოაშორეს და უკაცრიელ ადგიალს გადაიყვანეს, ყეფა დაივიწყეს. და ყეფა მათ შთამომავლობასაც აღარ შეეძლო. სხვადასხვა არსებებს შორის ზრდასა და ცხოვრებას სხვადასხვა შედეგი აქვს განვითარებისთვის, ამრიგად, ადვილი წარმოსადგენია, რომ სხვაა დღევანდელ ადამიანებს შორის ფიზიკურ პლანზე თქვენი ცხოვრება, და სულ სხვაა სამშვინველების მაშინდელი ცხოვრება სულიერ არსებებს შორის იმ სულიერ სამყაროში, რომლის ჭვრეტა დღეს ჩვეულებრივ აღარ შეგვიძლია. მაშინ სამშვინველებიც სხვანაირად ვითარდებოდა; ღვთაებებს შორის ცხოვრებისას ადამიანიც თავის თავში სხვა იმპულსებს ატარებდა. ადამიანებს შორის ცხოვრებისას მან სხვა იმპულსები განავითარა, ღვთაებებს შორის ცხოვრებისას – სხვა. სულიერმა შემეცნებამ ეს ყოველთვის იცოდა. ეს იყო შემეცნება, რომელიც ჭვრეტდა იმ უძველეს ხანას, სადაც ადამიანი ღვთაებრივ-სულიერ არსებებთან, ასე ვთქვათ, პირდაპირ ურთიერთკავშირში იმყოფებოდა. და ღვთაებრივ-სულიერ არსებებთან ეს პირდაპირი ურთიერთობა ისე მოქმედებდა, რომ სამშვინველი თავის თავს ღვთაებრივ-სულიერი სამყაროს წევრად გრძნობდა. ეს კი თავის მხრივ ისეთ იმპულსებს, ძალებს წარმოშობდა, რომლებიც დღევანდელ ძალებთან შედარებით სულ სხვანაირი გაგებით იყვნენ ღვთაებრივ-სულიერნი. როდესაც სამშვინველი თავის მოქმედებაში უმაღლესი სამყაროს წევრად გრძნობდა თავს, მაშინ ამ სამშვინველიდან მეტყველებს ის ნებაც, რომელიც ღვთაებრივ-სულიერი სამყაროდან მოდის და რომლის შესახებაც შეიძლება ითქვას, რომ ეს ნება სამშვინველში ჩაიღვარა, რადგანაც ეს უკანასკნელი ღვთაებებს შორის ცხოვრობდა.
ღვთაებრივ-სულიერ არსებებთან ადამიანის ერთობის ხანას უმაღლესი შემეცნება ოქროს ხანას, ანუ კრიტა იუგას უწოდებს. ეს უძველესი ხანა უფრო ადრეულია ვიდრე თვით ატლანტიდური კატასტროფა. შემდეგ მოდის ხანა, როდესაც ადამიანები ისე ძლიერად აღარ გრძნობდნენ ღვთაებრივ-სულიერ სამყაროსთან კავშირს, როდესაც მათ იმპულსებს ისე ძალიან აღარ განსაზღვრავდა ღვთაებებთან თანაცხოვრება, და როცა მათ თვალსაც ნაკლებად შეეძლო სულისა და სამშვინველის ჭვრეტა. მაგრამ მოგონება სულიერ არსებებთან და ღვთაებებთან თანაცხოვრებისა ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდათ. ეს განსაკუთრებით თვალში საცემი იყო ძველ ინდურ სამყაროში. იმ დროს სულიერზე ლაპარაკი ძალიან ადვილად შეიძლებოდა. რადგან ადამიანებს ფიზიკური აღქმა გარეგანი სამყაროს აღქმასთან ერთად ახალი შეძენილი ჰქონდათ, ამიტომ მათ ამ სამყაროში მაიას ანუ ილუზიის დანახვაც შეეძლოთ. ასე იყო ძველ ინდოეთში. ძველი ინდური სამშვინველები, მართალია, საკუთრივ ღვთაებებს ვეღარ ხედავდნენ, მაგრამ სულიერი ფაქტებისა და შედარებით დაბალი რანგის სულიერი არსებების აღქმა ჯერ კიდევ შეეძლოთ. უმაღლეს სულიერ არსებებს მხოლოდ მცირე რაოდენობის ადამიანებიღა ჭვრეტდნენ. მაგრამ მათთვისაც ისე ცოცხალი აღარ იყო ღვთაებებთან თანაცხოვრება. ღვთაებრივ-სულიერი სამყაროდან მომდინარე ნების უმპულსები გაუჩინარდნენ. სამაგიეროდ ჯერ კიდევ არსებობდა ცნობიერების განსაკუთრებულ მდგომარეობაში სულიერი ფაქტების დანახვის შესაძლებლობა: ძილში და ხსნებული შუალედური მდგომარეობებისას. მაგრამ ამ სულიერი სამყაროს უმთავრესი ფაქტები, რომლებიც ადრე ადამიანებისთვის განცდას წარმოადგენდა, ამჯერად ცოცხლობდა როგორც ჭეშმარიტების გარკვეული სახის შემეცნება, როგორც მშვინვიერი ცოდნა. რა თქმა უნდა ადამიანები ჯერ კიდევ სულეირ სამყაროში იმყოფებოდნენ, მაგრამ ამის გაცნობიერება ამ გვიანდელ ხანაში ისე ძლიერი აღარ იყო. ამ ხანას ვერცხლის ხანას ანუ ტრეტა იუგას უწოდებდნენ.
ამას მოჰყვა იმ ინკარნაციების ანუ განსხეულებების ხანა, რომლის დროსაც ადამიანის მიერ სულიერი სამყაროების ხედვა თანდათან იხშობოდა, იგი უფრო და უფრო ემორჩილებოდა უშუალოდ გარეგნულ-გრძნობად სამყაროს, სამაგიეროდ ადგილი ჰქონდა მასში კიდევ უფრო გამყარებას. ამ გრძნობად სამყაროში მისი შინაგანი „მე“-ცნობიერება, კაცობრიული ცნობიერება უფრო მეტად და მეტად იზრდებოდა. ამ ხანას რკინის ხანას ანუ დვაპარა იუგას უწოდებენ. მართალია, სულიერი სამყაროს ისეთი მაღალი უშუალო შემეცნება ადამიანებს უკვე აღარ გააჩნდათ, მაგრამ კაცობრიობაში სულიერი სამყაროსგან მაინც რაღაც იყო დარჩენილი. ეს მდგომარეობა შეგვიძია შევადაროთ თანამედროვე ადამიანებისას, რომლებიც მართალია ხანში შედიან, მაგრამ ახალგაზრულ სიხალისეს ინარჩუნებენ, ახალგაზრობა ჩავლილია, მაგრამ ამავდროულად განცდილის, ვიცით და გვახსოვს, შეგვიძლია მასზე ლაპარაკი, როგორც ნაცნობ საგანზე. ასეთი ნაცნობი იყო მაშინდელი სამშვინველებისთვის ის, რასაც სულიერი სამყაროებისკენ მივყავართ. ეს არსებითია დვაპარა იუგაში.
შემდეგ მოვიდა ხანა, როდესაც თვით ეს განცდაც გაქრა, როდესაც ასე ვთქვათ, სულიერი სამყაროს კარიბჭე დაიკეტა. ადამიანების მზერა უფრო მეტად და მეტად შემოისაზღვრა გარეგნული გრძნობადი სამყაროთი და ისეთი სახის გაგებით, რომელიც გრძნობად შთაბეჭდილებებს ამუშავებს, ასე რომ ადამიანებს სულიერ სამყაროზე მხოლოდ ფიქრიღა შეეძლოთ. ეს არის სულიერი სამყაროს შესახებ ცოდნის ყველაზე დაბალი საფეხური. ის, რასაც ადამიანები ამ დროს მართლაც იცნობდნენ, იყო გრძნობად-ფიზიკური სამყარო. თუ ადამიანებს სულიერ სამყაროზე რაიმეს ცოდნა სურდათ, ამ ცოდნისთვის აზროვნების გზით უნდა მიეღწიათ. ეს ის ხანაა, როცა ადამიანი ყველაზე ნაკლებად იყო სულიერი და ამიტომაც ყველაზე მეტად გამყარდა და დამკვიდრდა გრძნობად სამყაროში. მაგრამ ეს თვითცნობიერების უმაღლეს საფეხურამდე განვითარებისთვის აუცილებელი იყო. მხოლოდ გარესამყაროს უხეში წინააღმდეგობის საშუალებით შეეძლო ადამიანს თავისსა და სამყაროს შორის განსხვავება და საკუთარი არსების განცდა ესწავლა. ამ უკანასკნელ ხანას კალი იუგას ანუ წყვდიადის ხანას უწოდებენ.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს სახელწოდებები დიდი ეპოქების დასახასიათებლადაც შეიძლება გამოვიყენოთ, მაგალითად, კრიტა იუგა დროის უფრო დიდი მონაკვეთისთვის შეგვიძლია ვიხმაროთ. სანამ ჩვენ მიერ აღწერილი ოქროს ხანა დადგებოდა, ადამიანი თავისი განცდით უმაღლეს სამყაროებში მონაწილეობდა და ამიტომ უფრო წინა ხანებიც ამ სახელით შეგვიძლია აღვწეროთ. მაგრამ თუ ზომიერებას დავიცავთ და დავკმაყოფილდებით სულიერი განცდის აღწერილი საფეხურით, მაშინ შეგვიძლია დრო ზემოაღნიშნული წესით დავყოთ. ამრიგად, განსაზღვრული დროის მონაკვეთები შესაფერისი ხანის დამახასიათებლად შეგვიძლია ავიღოთ. მართალია დედამიწის განვითარება წინ ნელ-ნელა და თანდათანობით მიიწევს, მაგრამ არსებობს საზღვრები, რომელთა შესახებაც შეგვიძლია ვთქვათ: აქამდე არსებითად რაღაც სხვა იყო და ამის შემდეგ ცხოვრების სხვანაირი პირობები და ცნობიერება გამეფდნენ. თავდაპირველად აღწერილი წესით თუ ვიანგარიშებთ, მაშინ კალი იუგა დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3101 წელს იწყება. აქ ვხედავთ ჩვენი სამშვინველების ისეთ ახალ ინკარნაციებს, სადაც ადამიანთა სულიერი სამყაროების აღსაქმელი მზერა სულ უფრო მეტად და მეტად იხშობა და შესაბამისად უფრო და უფრო მეტად ექცევა გარეგნული გრძნობადი სამყაროს ჩარჩოებში. როგორც ვხედავთ, ჩვენი სამშვინველები ყოველ ახალ განსხეულებასთან ერთად მართლაც სულ ახალ-ახალ პირობებში ჩამოდიან და ამგვარად ახლის სწავლის შესაძლებლობა ეძლევათ. რისი მოპოვებაც კალი იუგაში შეგვიძლია, ესაა ჩვენი „მე“-ცნობიერების განმტკიცება. მანამდე ეს შეუძლებელი იყო, რადგან ამისთვის ადამიანს ჯერ თავის თავში უნდა მიეღო „მე“.
თუ სამშვინველებმა ხელიდან გაუშვეს შესაძლებლობა, გარკვეული ინკარნაციის დროს შეითვისონ ის, რასაც შესაბამისი ხანა იძლევა, შემდეგში ძალიან გაუჭირდებათ ამის ანაზღაურება. ისინი იძულებულნი იქნებიან დიდხანს ელოდონ პირობებს, როცა საშუალება მიეცემათ დაკარგული გარკვეულწილად მაინც აინაზღაურონ; ამის იმედად ყოფნის უფლება კი ჩვენ არ გვაქვს.
შესაბამისად, საჭიროა ჩვენი სამშვინველების წინაშე დავაყენოთ ის ფაქტი, რომ კალი-იუგას ეპოქის დროს მოხდა რაღაც მეტად არსებითი, როდესაც ასე ვთქვათ სულიერი სამყაროს აღსაქმელად საჭირო კარიბჭე დაიხურა. ეს იყო ხანა, რომელშიც მოვლენილი იყო იოანე ნათლისმცემელი და მოვლენილი იყო ქრისტე. აღნიშნული დროისთვის, რომელიც უკვე ითვლიდა ამ წყვდიადის ხანის 3100 წელს, არსებითი მნიშნელობა ჰქონდა იმას, რომ ადამიანები რამდენჯერმე, ანუ არანაკლებ ერთი ან ორი ინკარნაციისა, ამ წყვდიადის ხანაში უკვე ნაცხოვრები უნდა ყოფილიყვნენ. „მე“-ცნობიერება განმტკიცებული იყო, ხოლო ცოდნა სულიერი სამყაროების შესახებ დავიწყებული, და იმისათვის, რომ სულიერ სამყაროსთან კავშირი მთლიანად არ დაეკარგათ, ადამიანებს ეს სულიერი თავის „მე“-ში უნდა გაეცოცხლებინათ. საკუთარი „მე“ მათ ისე უნდა განევითარებინათ, რომ ამ „მე“-ს თავის სიღრმეში, ცოდნით მაინც, დანამდვილებით სცოდნოდა, რომ უმაღლესი სულიერი არსებები და სულიერი სამყარო მართლაც არსებობს და ადამიანი ამ სულიერ სამყაროს განეკუთვნება. „მე“-ს უნდა შეეძინა სულიერი სამყაროს რწმენის, მისი შინაგანად შეგრძნების შესაძლებლობის უნარი.
იესო ქრისტეს რომელიმე თანამედროვეს ინ დროის შესახებ სიმართლე რომ ეთქვა, ასე იტყოდა: წინათ ადამიანებს საკუთარი „მე“-ს გარეთ ციური სასუფევლის განცდა იმ შორეულ სივრცეებში შეეძლოთ, რომელთა მისაღწევადაც ისინი თავისი თავიდან უნდა გასულიყვნენ. ადამიანს ზეციური სამეფოები, სულიერი სამყაროს სამეფოები საკუთარი „მე“-დან შორს უნდა განეცადა. ახლა კი ამ სულიერი სამეფოების განცდა მას ძველებურად აღარ შეუძლია და ადამიანი იმდენად შეიცვალა, რომ მისმა „მე“-მ ეს სამყაროები თავის თავში უნდა განიცადოს. ეს ზეციური სამეფოები ადამიანს ისე მოუახლოვდნენ, რომ პირდაპირ „მე“-ში მოქმედება შეუძიათ. იოანე ნათლისმცემელმაც სწორედ ეს უთხრა ადამიანებს: „მოახლოებულია სასუფეველი ცათა“, ანუ ისინი მოუახლოვდნენ „მე“-ს. წინათ სასუფეველი ცათა ადამიანის გარეთ იმყოფებოდა, ახლა კი ადამიანს თავის ყველაზე სიღრმისეულ არსში, „მე“-ში უნდა შეეცნო იგი. და რადგანაც ადამიანს ამ წყვდიადის ხანაში, კალი იუგაში გრძნობადი სამყაროდან სულიერ სამყაროში აღლება აღარ შეეძლო, ამიტომ ფიზიკურ-გრძნობად სამყაროში უნდა ჩამოსულიყო ღვთაებრივი არსება, იესო ქრისტე. ქრისტე სწორედ იმის გამო უნდა განსხეულებულიყო ხორციელ ადამიანში, ისეო ნაზარეველში, რომ ფიზიკურ მიწაზე ქრისტეს ცხოვრებისა და საქმეების ხილვის შედეგად ადამიანებს ცათა სასუფეველთან, სულიერ სამყაროსთან ურთიერთკავშირი ფიზიკურ სხეულშივე მოეპოვებინათ. მაშასადამე ის ხანა, როდესაც ქრისტე დედამიწაზე დადიოდა, კალი იუგას შუა ხანა, წყვდიადის ხანაა. იმ დროში მას, ვინც სიბნელეში და უგრძნობელობაში კი არ ცხოვრობდა, არამედ ვისაც შეცნობილი ჰქონდა თავისი თანამედროვეობა, შეეძლო ეთქვა: ადამიანებს შორის ღმერთის ჩამოსვლა აუცილებელია, რათა კვლავ აღსდგეს დაკარგული კავშირი სულიერ სამყაროსთან.
იმ დროისთვის რომ არ არსებულიყვნენ ადამიანები, რომელთაც ცოცხალი შინაგანი დამოკიდებულება ჰქონდათ ქრისტესთან, მაშინ ადამიანები ვერ მოახერხებდნენ თავიანთ „მე“-ში ცათა სასუფეველის მიღებას. იმ შემთხვევაში, თუ ყველა ადამიანი დროის ამ მნიშვნელოვან მონაკვეთში წყვდიადში დარჩენას ამჯობინებდა, სრულიად ადვილი შესაძლებელი იყო, ასეთ მოვლენას მათთვის უშედეგოდ ჩაევლო. და მაშინ ადამიანთა სამშვინველები გამოიფიტებოდნენ, გამოშრებოდნენ, გადაგვარდებოდნენ. ისინი განსხეულებების გაგრძელებას, რაღაც დროის მანძილზე, ალბათ ქრისტეს გარეშეც შესძლებდნენ, მაგრამ მათ „მე“-ში ვერ დაინერგებოდა ის, რაც ცათა სასუფეველთან მათ კავშირს აღადგენდა. შეიძლება ქრისტეს გამოცხადებას დედამიწაზე ყველგან ისევე შეუმჩნევლად ჩაევლო, როგორც მაგალითად რომში, სადაც ეს მოვლენა ვერ შენიშნეს. მათ შორის დადიოდა ხმები, თითქოს სადღაც, მივარდნილ ჭუჭყიან შარაგზაზე, ცხოვრობს საშინელი ადამიანების ერთი განსაკუთრებული სექტა, მათ შორის კი საშინელი სული, რომელიც თავის თავს იესო ნაზარეველს უწოდებს, ქადაგებს ხალხში და მათ ბოროტი საქმეებისკენ უბიძგებს. – აი, მხოლოდ ეს იცოდნენ ქრისტეს შესახებ იმდროინდელ რომში! და ალბათ იცით, რომ პალესტინის მოვლენებიდან დაახლოებით ასი წლის შემდეგ ყოველივე ეს სწორედ ამგვარად აღწერა მნიშვნელოვანმა რომაელმა ისტორიკოსმა ტაციტუსმა.
ცხადია, რომ უამრავმა ადამიანმა ვერც კი შენიშნა, რომ მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი რამ, რასაც კალი იუგადან ადამიანების გამოხსნა შეეძლო და რაც ღვთაებრივ სინათლედ გაბრწყინდებოდა მიწიერ წყვდიადში კაცობრიობის შემდგომი განვითარება შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ მოიძებნა სამშინველები, რომელთაც თავისი ხანა შეცნობილი ჰქონდათ, და მათ იცოდნენ, თუ რას ნიშნავდა დედამიწაზე ქრისტეს ცხოვრება.
წარმოიდგინეთ თქვენი თავი იმ დროში და ადვილად იტყვით: დიახ, შესაძლებელი იყო გეცხოვრა იმ ხანებში და მაინც არაფერი გცოდნოდა ფიზიკურ პლანზე ქრისტეს გამოცხადების შესახებ! შეგეძლო დედამიწაზე გეცხოვრა და ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა შენი ცნობიერების გარეთ დარჩენილიყო.
შეიძლება თუ არა, რომ დღესაც რაღაც უსასრულოდ მნიშვნელოვანი ხდებოდეს და ადამიანები კი მას ვერ აცნობიერებდნენ? შეიძლება თუ არა, რომ ჩვენს თანამედროვეებს არავითარი წაარმოდგენა არ ჰქონდეთ იმ უმნიშვნელოვანესი მოვლენის შესახებ, რაც დღეს ქვეყნად ხდება? დიახ, ეს შესაძლებელია! ხდება რაღაც უმნიშვნელოვანესი, მაგრამ მისი აღქმა მხოლოდ სულიერ მზერას შეუძლია. დღეს ბევრს ლაპარაკობენ გარდამავალ ხანაზე; ჩვენც სწორედ ასეთ ხანაში ვცხოვრობთ, თანაც ძალიან მნიშვნელოვანში. და ეს მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ვცხოვრობთ სწორედ იმ დროში, როცა წყვდიადის ხანა დამთავრდა და იწყება ეპოქა, რომლის განმავლობაშიც ადამიანები ნელა და მეთოდურად განავითარებენ ახალ უნარებს და ადამიანთა სამშვინველები დროთა განმავლობაში თანდათან შეიცვლებიან.
მაგრამ ის, რომ ადამიანთა უმრავლესობა ვერაფერს ამჩნევს, გასაოცარი არაა, რადგან მათ უმრავლესობას არც ჩვენს წელთაღრიცხვის დასაწყისში შეუმჩნევია ქრისტეს გამოცხადება. 1899 წელს დასრულდა კალი იუგა, და ახლა გველოდება ახლაი ხანა. და ის, რაც დღეს იწყება, ადამიანებს ნელ-ნელა მოამზადებს ახალი უნარების გამოსავლენად.
ცალკეულ სამშვინველებში ამ ახალი უნარების პირველი ნიშნები უახლოეს მომავალში გამოჩნდება. და ისინი უფრო შესამჩნევნი იქნებიან ჩვენი საუკუნის 30-იან წლებში, დაახლოებით 1930-ან 1940 წლამდე. 1933, 1935 და 1937 წლები ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს ადამიანებში სრულიად განსაკუთრებული უნარები იჩენენ თავს, როგოც ბუნებრივად თანდაყოლილნი. ამ დროს მოხდება დიდი ცვლილებები და ახდება ბიბლიური წინასწამეტყველებები. ამ სამშვინველებისთვის, რომლებიც დედამიწაზე იცხოვრობენ, და ასევე იმათთვისაც, რომლებიც ფიზიკურ სხეულში აღარ იქნებიან, ყველაფერი შეიცვლება. სულერთია, სად იცხოვრებენ ეს სამშვინველები, მათ სრულიად ახალი უნარების შეთვისების შესაძებლობა გაუჩნდებათ. ყველაფერი იცვლება. ჩვენი დროის უმნიშნელოვანესი მოვლენა კი ადამიანთა მშვინვიერი უნარების უღრმესი ცვლილებაა.
კალი იუგა დასრულდა, და ახლა ადამიანთა სამშვინველები იწყებენ ახალი უნარების განვითარებას, უნარების, რომლებიც, შესაფერისი ხანის დადგომის გამო, თავისთავად გამოიწვევენ სამშვინველებში გარკვეული ნათელმხილვეური ძალების გამოღვძებას, იმ ნათელმხილველური ძალებისა, რომლებიც კალი იუგას მეფობისას არაცნობიერში ჩაიძრნენ. იარსებებს სამშვინველების გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც ექნებათ იმგვარი უცნაური მდგომარეობის განცდა, როცა მათ ერთი მხრივ „მე“-ცნობიერების შეგრძნება ექნებათ, მეორე მხრივ კი, თითქოს თავიანთი ჩვეულებრივი ცნობიერების სამყაროსგან სრულიად განსხვავებულ სამყაროში იცხოვრებენ: ეს აღქმა აჩრდილს, წინათგრძნობას უფრო ემსგავსება, ისე, თითქოს ბრმად დაბადებულს ოპერაციას უკეთებენო. იმ საშუალებით, რასაც ჩვენ ეზოთერულ თვითაღზრდის გზას ვუწოდებთ, ამ ნათელმხილველური უნარების განვითარება გაცილებით უკეთესად შეიძლება. მაგრამ, რადგანაც ადამიანების განვითარება წინ მიიწევს, ეს უნარები – თავიანთ ყველაზე საწყის ელემენტარულ მდგომარეობაში – ადამიანების ბუნებრივ განვითარებაშიც იჩენენ თავს.
ძალზე ადვილი შესაძლებელია, და დღეს კიდევ უფრო ადვილი შესაძლებელი, ვიდრე ოდესმე, უწინ, რომ ჩვენი დროის ადამიანებმა კაცობრიობისთვის ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის შეცნობა საერთოდ ვერ მოახერხონ. შეიძლება, ადამიანები სრულიად უუნარონი აღმოჩნდნენ იმის გაცნობიერებისთვის, რომ ეს სულიერი სამყაროების ნამდვილი ხედვაა, თუმცა ჯერჯერობით ჩრდილოვანი და ბუნდოვანი. ეს მოხდება მაგალითად მაშინ, თუ ბოროტება, მატერიალიზმი დედამიწაზე იმდენად დიდი იქნება, რომ ადამიანების უმრავლესობა ზემოაღწერილის გაგებას სრულიად ვერ შესძლებს, ხოლო იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ნათელხილვა აღმოაჩნდებათ, გიჟებად ჩათვლიან და საგიჟეთებში დაამწყვდევენ – იმათთან ერთად, რომლებიც თავიანთ სამშვინველებს მართლაც არეულად ავითარებენ. ანუ ამ ხანამ შეიძლება სრულიად უკვალოდ ჩაუაროს ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე გაისმის მოწოდება, როგორც უწინ ქრისტეს წინამორბედი იოანე ნათლისმცემლისა და თვით ქრისტესი: მოახლოვდა ახალი ხანა, ხანა, როდესაც ადამიანთა სამშვინველებმა ცათა სასუფეველში უნდა შეაბიჯონ!
ძალიან ადვილი შესაძლებელია, რომ ადამიანების გაგების გარეშე ამ დიადმა მოვლენამ შეუმჩნევლად ჩაიაროს. თუ 1930-1940 წლები მატერიალისტების ტრიუმფი იქნება და ისინი იტყვიან: დიახ, მართალია გამოჩნდნენ ვიღაც გიჟები, მაგრამ შეპირებული დიდი მოვლენები არ მომხდარა, – ეს სრულიადაც არ ჩაითვლება ზემოთქმულის საწინააღმდეგო საბუთად. თუ ისინი გაიმარჯვებენ და კაცობრიობა ამ მოვლენებს გვერდს აუვლის, ეს დიდი უბედურება იქნება კაცობრიობისთვის. თუნდაც ადამიანებმა ვერ შესძლონ ამ დიადი მოვლენის შემჩნევა, იგი მაინც მოხდება.
ეს დიადი მოვლენა იმაშ მდგომარეობს, რომ ადამიანებს შეეძლებათ ეთერულის აღქმის უნარის ხელახლა მოპოვება, თავიდან ადამიანების განსაზღვრულ რაოდენობას, შემდეგ კი მათ თანდათანობით სხვებიც შეემატებიან, რადგანაც ამ უნარის უფრო და უფრო განსავითარებლად კაცობრიობას 2500 წელიწადი აქვს ვადად მიცემული. ამ დროის მანძილზე ადამიანებმა ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვან. საპირისპირო შემთხვევაში ეს დიდი უბედურება იქნება, რადგან მაშინ ადამიანები დიდხანს უნდა ელოდონ ამ დაკარგული შესაძლებლობის განმეორებას. ამ უნარის საშუალებით ადამიანებს თავიანთ გარემოში ექნებათ ეთერულის ისეთი აღქმა, რაც აქამდე არ გააჩნდათ. დღეს ადამიანის მხოლოდ ფიზიკურ სხეულს ხედავთ, მაშინ კი გექნებათ უნარი ეთერული სხეული ბუნდოვან ხატებად მაინც დაინახოთ და ეთერულთან დაკავშირებული ღრმა მოვლენებიც განიცადოთ. თქვენ შეგეძლებათ სულიერი სამყაროს მოვლენების ხატებებად და წინათგრძნობებად განცდა, ხოლო სამი-ოთხი დღის შემდეგ ამ მოვლენების ფიზიკურ პლანზე განხორციელების განცდა. ეთერული ხატებების სახით თქვენ დაინახავთ გარკვეულ საგნებსა თუ მოვლენებს და გეცოდინებათ: ხვალ ან რამდენიმე დღეში ესა თუ ის მოხდება.
ასე გარდაიქმნება ადამიანთა მშვინვიერი უნარები. მისაწვდომი გახდება ის, რასაც შეგვიძლია ეთერულის ხედვა ვუწოდოთ. და რა შედეგი მოჰყვება ამას?
არსება, რომელსაც ჩვენ ქრისტეს ვუწოდებთ, ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ერთხელ ხორციელ ადამიანად უკვე მოევლინა დედამიწას. იმგვარი სხეულით იგი უკვე აღარ მოვა, ეს განუმეორებელი მოვლენა იყო. მაგრამ აღნიშნულ დროში ქრისტე კვლავ მოგვევლინება, ამჯერად ეთერულ სხეულში. ადამიანები ეთერულამდე ამაღლების საშუალებით ქრისტეს აღქმას ისწავლიან, რადგან იგი ახლა არა ფიზიკურამდე, არამედ მხოლოდ ეთერულ სხეულამდე ჩამოვა. მაშასადამე ადამიანებმა ქრისტეს აღქმას უნდა მიაღწიონ. ქრისტემ თქვა ჭეშმარიტება: „მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“. იგი აქაა, ჩვენს სულიერ სამყაროში, და განსაკუთრებულად მადლცხებულებს ყოველთვის შეუძლიათ სულიერ-ეთერულ სამყაროში მისი აღქმა.
ის, ვისი რწმენად ასეთი აღქმის საშუალებით განსაკუთრებით განმტკიცდა, იყო პავლე – დამასკოს გზაზე ქრისტეს გამოცხადებისას. მაგრამ ბუნებრივ უნარად ეს ეთერული ხედვა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს განუვითარდებათ. დამასკოს მსგავსი მოვლენა, პავლეს განცდა მომავალში შეიძლება სულ უფრო და უფრო გახშირდეს.
ასე რომ სულისმეცნიერება სულ სხვა მნიშვნელობითაც უნდა გავიგოთ. მისი შესწავლა ჩვენს თავზე უდიდესი პასუხისმგებლობის აღებასაც ნიშნავს, რადგანაც იგი სრულიად კონკრეტული მოვლენისთვის, ქრისტეს მეორედ გამოცხადებისთვის გვამზადებს. ქრისტე მეორედ გამოგვეცხადება იმიტომ, რომ ადამიანები ეთერულამდე ამაღლდებიან. თუ ამას გავაცნობიერებთ, მივხვდებით, რომ სულისმეცნიერება ადამიანებს ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის ამზადებს, რათა უბედურება არ მოხდეს და ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა შეუმჩნეველი არ დარჩეს. სულისმეცნიერება ხელს უწყობს ადამიანების მომწიფებას იმ დიადი წამის შესაცნობად, რასაც ქრისტეს მეორედ მოსვლა შეიძლება ვუწოდოთ. ადამიანს ექნება ეთერული სხეულების დანახვის უნარი, და ამ ეთერულ სხეულებს შორის მას ქრისტეს ეთერული სხეულის დანახვის უნარიც ექნება. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ამაღლდება იმ სამყარომდე, სადაც იგი თავისი ახლადგამოღვიძებული უნარების საშუალებით ქრისტეს გამოცხადებას იხილავს.
მაშინ ქრისტეს არსებობის დასამტკიცებლად სრულიად ზედმეტი იქნება რაღაც საბუთების ძებნა, რადგანაც იარსებებენ ცოცხალი ქრისტეს თვითმხილველები, ისინი, ვინც მას ეთერულ სხეულში შეხვდებიან. და ამ განცდის მეშვეობით ეს ადამიანები გაიგებენ, რომ ეთერულში განცდილი არსება და ის, რომელმაც ჩვენს წელთაღრიცხვის დასაწყისში გოლგოთის მისტერია აღასრულა, ერთი და იგივე არსებაა, რომ იგია ქრისტე. ისევე, რგოორც პავლე დარწმუნდა დამასკოს გზაზე: ეს არის ქრისტე, – ამგვარად დარწმუნდებიან ეთერულის განმცდელი ადამიანებიც, რომ ქრისტე ჭეშმარიტად ცოცხალია.
ეს არის ჩვენი დროის უდიდესი საიდუმლოება: ქრისტეს მეორედ მოსვლის საიდუმლოება, და ეს არის მისი ჭეშმარიტი ფორმა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შემდგომ წლებშიც კიდევ ხშირად გავიმეორებთ იმას, რასაც ახლა ვამბობთ, რაზეც მიუთითებს ყველა ჭეშმარიტი სულიერი შემეცნება ამ ხანებში, მიუხედვად ამისა მატერიალისტური გაგება ამ მოვლენას გარკვეული თვალსაზრისით მაინც მიისაკუთრებს; მატერიალისტური გაგება დღეს ყველაფერს აფუჭებს, და ამიტომაც იგი ვერ შეძლებს წარმოიდგინოს, რომ ადამიანთა სამშვინველები ეთერულ ხედვამდე ამაღლდებიან და ამით ეთერული სხეულით მოსულ ქრისტემდე.
მატერიალისტური გაგება ამ მოვლენას სხვანაირად წარმოიდგენს, მას ეგონება, რომ ქრისტე ისევ ხორციელად განსხეულდება. იარსებებენ რაღაც რაოდენობის უსაზღვროდ ამპარტავანი ადამიანები, რომლებიც ამით ისარგებლებენ და ადამიანებს მეორედ განსხეულებულ ქრისტედ წარუდგებიან. ასე რომ, მომავალში შეიძლება ცრუ ქრისტეები მომრავლდნენ. მაგრამ ანთროპოსოფები უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც სულიერად იმდენად მომწიფებულნი იქნებიან, რომ ერთმანეთში არ აერევათ სულიერ სხეულში ქრისტეს მეორედ მოსვლა, რომლის აღქმაც მხოლოდ სულიერ ხედვას შეუძლია, იგივე მეორედ მოსვლასთან, ოღონდ მატერიალურ სხეულში. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საშინელი იმ ცდუნებათაგან, რაც კაცობრიობას ელოდება. იმ ადამიანების ამოცანა, რომლებიც სულის შემეცნებას სულისმეცნიერების საშუალებით ისწავლიან, და რომლებსაც მატერიაში სულის ჩამოყვანა კი არა, არამედ თავისი თავის სულიერ სამყარომდე ამაღლება ენდომებათ, ასეთი ადამიანების ამოცანა იქნება დაეხმარნონ კაცობრიობას ამ ცდუნების დაძლევაში. ამიტომაც დღეს უფლება გვაქვს, ვისაუბროთ ქრისტეს მეორედ მოსვლაზე და იმაზე, რომ ეთერული ხედვის უნარის მოპოვების საშუალებით ქრისტემდე, სულიერ სამყარომდე ამაღლება შეგვიძლია.
ქრისტე ყოველთვის აქ არის, მაგრამ იგი სულიერ სამყაროშია. და თუ ამ სამყარომდე ავმაღლდებით, მასთან შეხვედრას შევძლებთ, მთელი ანთროპოსოფიული სწავლება ჩვენში უნდა გარდაიქმნას ერთ ძლიერ სურვილად: რომ ამ მოვლენამ კაცობრიობას უკვალოდ არ ჩაუაროს, რომ ვადად მოცემული დროის მანძილზე კაცობრიობამ იმდენად შესძლოს მომწიფება, რომ ეს ახალი უნარი თავის თავში განავითაროს და მისი საშალებით კვლავ დაუკავშირდეს ქრისტეს. ეს იმიტომ, რომ საპირისპირო შემთხვევაში კაცობრიობად დიდხანს, ძალიან დიდხანს მოუწევს ლოდინი, რომ მსგავსი შესაძლებლობა კვლავ მიეცეს, და მას მოუწევს ხანგრძლივი ლოდინი დედამიწის ახალ განსხეულებამდე. თუ კაცობრიობა ქრისტეს მეორეს მოსვლას უყურადღებოდ ჩაუვლის, მაშინ ქრისტეს ეთერულ სხეულში ჭვრეტა მხოლოდ იმ ადანიანების რიცხვით იქნება შემოსაზღვრული, რომლებიც ეზოთერულ თვითაღზრდის შედეგად ამ განცდამდე ამაღლებას მოინდომებენ. მაგრამ ის უდიდესი რამ, რომ ამ უნარის მოპოვება და ამ უდიდესი მოვლენის გაცნობიერება ყველა ადამიანში ბუნებრივად განვითარებული უნარის საშუალებით მთელს კაცობრიობად, ყველა ადამიანს შეეძლება, დიდხანს, დიდხანს დარჩება აუხდენელი.
ჩვენ ვხედავთ, რომ თანამედროვეობას ახასიათებს ისეთი რამ, რაც ამქვეყნად სულისმეცნიერების არსებობასა და მოქმედებას ამართლებს. მისი ამოცანა არაა მხოლოდ თეორიული მოთხოვნილებების, მეცნიერული ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება. ადამიანების მომზადება ამ მოვლენისთვის იმგვარად, რომ მათ შეძლონ მართებულად მოეკიდონ თავის თანამედროვეობას, გაგებასა და შემეცნების წმინდა სინათლეში დაინახონ, ის, რაც სინამდვილეში ხდება, მაგრამ რამაც შეიძლება უნაყოფოდ ჩაიაროს ადამიანებისთვის, – აი ესაა სულისმეცნიერების ამოცანა!
ქრისტეს გამოცხადების შეცნობას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეს იმიტომ, რომ მისგან სხვა მოვლენები გამომდინარეობენ, ისევე როგორც ქრისტეს გამოცხადებამ გამოიწვია სხვა მოვლენები პალესტინაში. ასე მაგალითად, ჩვენ მიერ დახასიათებულ ხანაში, მას შემდეგ, რაც იგი ეთერულ სხეულში კაცობრიობას კვლავ გამოეცხადება, ისინი, ვინც უწინ მის მოსვლას წინასწარმეტყველებდა, ამჯერად მისი მიმდევარნი იქნებიან. ადამიანები, ვინც ქრისტეს მეორედ მოსვლის განცდას შესძლებენ, ახალ სახეებში დაინახავენ და შეიცნობენ მათ, ვინც მისი პირველად მოსვლა მოამზადა. ადამიანები კვლავ შეიცნობენ იმას, რაც დედამიწაზე ცხოვრობდა, როგორც მოსე, აბრაამი და წინასწარმეტყველები. და ეცოდინებათ, რომ აბრაამი, რომელმაც როგორც ქრისტეს წინამორბედმა, მისი მოსვლა მოამზადა, მომავალში თავის თავზე აიღებს მისიას, ხელი შეუწყოს ქრისტეს საქმეებს. ამგვარად, თუ ადამიანი უახლოესი მომავლის უმნიშვნელოვანეს მოვლენას ფხიზლად შეხვდება, იგი შესძლებს გახდეს იმ ერთობის თანამონაწილე, რომელიც პატრიარქების სახით ქრისტეს გამოცხადების წინამობედი იყო. იგი მათ თავის თავს დაუკავშირებს. მთელი ის ქორო, რომელიც კაცობრიობად ფიზიკურ პლანზე ჩამოსვლაში დაეხმარა, ქრისტეს კვალდაკვალ გამოგვეცხადება, რათა ადამიანებს წინ გაუძღვეს და ისინი კვლავ დაუკავშიროს სულიერ სამყაროს.
კაცობრიობის განვითარების ადრინდელ ხანას თუ დავაკვრდებით, გარკვეული დროის მონაკვეთის შესახებ შეგვიძლია ვთქვათ: ამ მომენტიდან კაცობრიობა სულ უფრო და უფრო ღრმად ჩამოდიოდა სულიერი სამყაროს ერთობიდან მატერიალურ სამყაროში. მართალია, წინამდებარე ხატებას თავისი მატერიალური მხარეც აქვს, მაგრამ მაინც შეგვიძლია მისი გამოყენება: წინათ ადამიანი სულიერი არსებების ამხანაგი იყო, მისი სული სულიერ სამყაროში იმყოფებოდა. იმის გამო, რომ იგი სულიერ სამყაროში ცხოვრობდა, ადამიანი ღვთაებათა ძე იყო. ხოლო ის, რაც სამშვინველის სახით ისევ და ისევ ჩამოდიოდა განსხეულებებში, თანდათანობით მზარდ მონაწილეობას იღებდა გარეგანი სამყაროს ყოფაში. ადამიანებში მცხოვრები ღვთაებების ძეთ მოეწონათ მიწის ასულები, ანუ სამშვინველები, რომლებიც ფიზიკურ სამყაროსთან სიმპათიით იყვნენ დაკავშირებულნი. სხვანაირად რომ ვთქვათ: უწინ ღვთაებრივი სულიერებით განმსჭვალული ადამიანის სული იმ ხანებში გრძნობად ფიზიკურში ჩამოვიდა, იგი იმ გონის მეუღლე გახდა, რომელიც ტვინზეა მიჯაჭვული და რომელიც მასაც გრძნობად სამყაროზე აჯაჭვავს. ახლა კი მოვიდა დრო, რომ მან უკან დასაბრუნებელი გზა იპოვოს და კვლავ ღვთაებათა ძე გახდეს. ძე კაცისა, როგორადაც იგი იქცა, დასაღუპავადაა განწირული აქ ქვემოთ, ფიზიკურ სამყაროში, თუ ვერ მოახერხებს სულიერ არსებებამდე, სულიერ სინათლემდე კვლავ ამაღლებას, თუკი მას მომავალში ღვთაებათა ასულები არ მიიზიდავს. კაცობრიობის განვითარებისთვის აუცილებელი იყო ის, რომ ღვთაებათა ძენი მიწის ასულებს დაკავშირებოდნენ, ანუ დაკავშირებოდნენ სამშვინველებს, რომლებიც დედამიწას არიან მიჯაჭვულები. ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ ადამიანს, როგორც ძე კაცისას ფიზიკურ პლანზე ბატონობა შესძლებოდა. მაგრამ მომავლის ადამიანისთვის აუცილებელია, რომ მან, როგორც ძე კაცისამ, ღვთაებების ასულებთან შეუღლება მოისურვოს, მოისურვოს შეუღლება სიბრძნის ღვთაებრივ-სულიერ სინათლესთან, რათა ამ კავშირმა მას შესაძლებლობა მისცეს კვლავ ამაღლდეს სულიერ სამყარომდე.
ღვთაებრივი სიბრძნე გააღვიძებს ნებას, რის მძლავრ იმპულსადაც მოგვევლინება ის, რომ ამისთვის მომზადებულ ადამიანებს შეეძლებათ იესო ქრისტეს აღქმა ეთერულ სხეულში. ბუნებრივად განვითარებული ნათელხილვის უნარის მქონე ადამიანებისთვის ქრისტეს მეორედ მოსვლა ხილული იქნება იმგვარადვე როგორც პავლემ იხილა ეთერული ქრისტე სულიერ არსებად. იგი კვლავ გამოეცხადება ადამიანებს, თუ მათ ეცოდინებათ, როგორ გამოიყენონ ამისთვის ის ახალი უნარები, რომლებსაც ისინი ადამიანური სამშვინველების მომავალი განვითარებისას მოიპოვებენ.
ამიტომ, სულისმეცნიერებას მხოლოდ ჩვენი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად კი ნუ შევისწავლით, არამედ მივიღოთ იგი როგორც მომზადება იმ უდიდესი ამოცანისთვის, ადამიანთა მოდგმის იმ უდიდესი მისიებისთვის, რომელთაც ჩვენ სულ უფრო მეტად და მეტად უნდა შევეზიაროთ.
მასალა აღებულია წიგნიდან – „ქრისტეს გამოცხადება ეთერულ სამყაროში“