ჰაიდელბერგი, 27 იანვარი 1910
ამ ლექციებით ჩვენ წინ ვერ წავიწევთ, თუ კაცობრიობის სულიერი ცხოვრების უფრო ინტიმურ პროცესებზეც არ ვისაუბრებთ. ჩვენ, როგორც ამ წრის წევრები, მაღალი სულიერი ჭეშმარიტებების შესაცნობად უნდა მოვემზადოთ, მაგრამ ამავე დროს უფლება არ გვაქვს ამაში მხოლოდ თეორიებისა და იდეების შესწავლა ვიგულისხმოთ. ის, რასაც ჩვენ უმაღლესი ჭეშმარიტებებისთვის მომზადებას ვუწოდებთ, უფრო მეტად განეკუთვნება ჩვენი სამშვინველების გრძნობითი და შეგრძნებითი მდგომარეობების სფეროს. ამ შტოებში (Zweige) ცხოვრებით, იმის გამო, რომ კვირეების მანძილზე ჩვენს შტოებში ვიკრიბებით, ჩვენი სამშვინველები თანდათან უნდა მომწიფდნენ სულისმეცნიერების გარკვეული ნაწილის მისაღებად, ანუ იმისთვის, რაც მაღლდება იმ საყოველთაო ჭეშმარიტებებზე, რომლებსაც ეგზოთერული ლექციების დროს, ცხოვრების კონკრეტულ ფაქტორებთან დაკავშირებით უკვე ვაცნობთ მრავალრიცხოვან მსმენელებს.
დღევანდელი საღამოც გვსურს სამშვინველების ასეთ მომზადებას, გრძნობით მომზადებას დავუთმოთ. იმის გაგება, რაც დღეს ჩვენი სამშვინველების წინაშე წარმოჩინდება, ნელ-ნელა და თანდათანობით უნდა ვისწავლოთ, მაგრამ მისი შეგრძნება უკვე შეგვიძლია, თუ შეთვისებული გვექნება შტოებში ცხოვრების საშუალებით მიღწეული სიმწიფე. ამის წინაპირობას წარმოადგენს ამ ჭეშმარიტებების შესაფერისი სიფაქიზით მიღება, მათში მშვინვიერი საუნჯის დანახვა. არ უნდა გვეგონოს, რომ მათზე საუბარი მომზადებელ მსმენელებთანაც შეგვიძლია, ცნობილიდან თანდათან უნდა ავმაღლდეთ უცნობამდე.
არსებობს შეკითხვა, რომელიც ანთროპოსოფიული მსოფლმხედველობის საწყისი საფუძლვლების გაცნობისთანავე ბევრს ებადება. ეს კითხვაა: რა აზრი, რა მნიშვნელობა აქვს ერთმანეთს მიყოლებულ ინკარნაციებში ანუ განსხეულებებში ადამიანის სამშვინველის დედამიწაზე მოსვლას? აბსტრაქტული ჭეშმარიტება განსხეულებების შესახებ ადამიანმა შეიძლება სცნოს კიდეც, მაგრამ ასეთი აბსტრაქტული ჭეშმარიტება მას ცხოვრებაში დიდად ვერაფრით დაეხმარება. ჩვენი ცხოვრებისათვის მნიშვნელობას იძენენ მხოლოდ ისეთი ჭეშმარიტებები, რომლებიც სამშვინველში გადადნობის შედეგად გარდაიქმნებიან გრძნობების სითბოდ, სინათლედ, რომელიც ჩენს შინაგანში ანათებს და წინ მიგვიძღვის ცხოვრების გზაზე. ამიტომ განსხეულებების შესახებ აბსტრაქტული ჭეშმარიტება მხოლოდ მაშინ გახდება ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როცა ადამიანის ერთმანეთს მიყოლებული განსხეულებების აზრთან და მნიშვნელობასთან დაკავშირებით უფრო ინტიმური, ზუსტი ცოდნის მოპოვებას შევძლებთ. ეს არის პირველი კითხვა, რომელსაც დღეს განვიხილავთ.
შემდეგი კითხვაა: რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ ინკარნაციაში ჩვენი სამშვინველები ანთროპოსოფიას ეცნობიან, რომ ჩვენი შინაგანი ცხოვრება ანთროპოსოფიულ ჭეშმარიტებებს უკავშირდება? – როგორც დღეს დავინახავთ, ეს ორი საკითხი ჰარმონიულად ავსებს ერთმანეთს.
თქვენ უკვე საკმაოდ ხშირად გსმენიათ, რომ ადამიანის ერთმანეთის მომდევნო ორი ინკარნაცია ერთმანეთს განურჩევლად კი არ მიჰყვება, არამედ ადამიანი, რომელმაც სიკვდილის შემდეგ მიწიერი ცხოვრება დატოვა, დედამიწაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ბრუნდება, თუ მას ამ ახალ მიწიერ ცხოვრებაში დედამიწაზე ახლის სწავლის, ამ ახალთან თავისი სამშვინველის დაკავშირების შესაძლებლობა ეძლევა. მაგრამ ამის გაგება შეუძლიათ ისევ იმათ, ვისთვისაც დედამიწის განვითარება რამდენიმე ასწლეულით თუ ათასწლეულით კი არ შემოიფარგლება, არამედ ვისი მზერაც დედამიწის ერთიანი განვითარებისკენაა მიმართული. მაშინაც კი, თუ მხოლოდ გარეგნულ წყაროებს დავეყრდნობით, დავინახავთ, როგორ იცვლება დედამიწის სახე შედარებით ხანმოკლე დროში თვით გარეგნული ფიზიკური პირობების ჩათვლით.
წაიკითხეთ, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ის მიდამოები, სადაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, იმ ხანებში, როდესაც ქრისტე დედამიწაზე დადიდა, და დაინახავთ, თუ რა ძლიერად შეუცვალა სახე ამ გარემოს განვლილმა საუკუნეებმა. შემდეგ თქვენს თავს შეეკითხეთ, თუ როგორ ნდა შეცვლილიყო ამ საუკუნეების მანძილზე მორალური და სხვა კულტურული ფასეულობები. შეეცადეთ, მაგალითად, წარმოიდგინოთ, თუ რას სწავლობდა ბავშვი ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში, და რას სწავლობს დღეს. ეს ნათლად გააცნობიერეთ და შემდეგ გაიხსენეთ, რომ ანთროპოსოფიული სწავლება საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ უძველეს წარსულსაც, ისეთ ხანებს, როდესაც დედამიწა სულ სხვანაირად გამოიყურებოდა; როდესაც დღევანდელი კონტინენტების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არსებობდა, ხოლო დღევანდელი ატლანტიკის ოკეანის ადგილას უზარმაზარი კონტინენტი იყო გადაჭიმული და იფიქრეთ ყველაფერ იმაზე, რაც ხანგრძლივი, ხანგრძლივი დროის მანძილზე უნდა მომხდარიყო იმისთვის, რომ დედამიწას დღევანდელი სახე მიეღო.
თუ ამ ყველაფერს თქვენი სამშვინველების წინაშე დააყენებთ, იტყვით: მართლაც, არსებობს შესაძლებლობა, რომ სამშვინველები მუდმივად ახალს განიცდიდნენ, და ითვისებდნენ ჩვენი მიწიერი ყოფის ახალ ნაყოფებს და ამ ნაყოფებს თავის საკუთარ ცხოვრებას უერთებდნენ, რათა შემდეგ, სიკვდილისა და ხელახალ დაბადებას შორის, კვლავ შეაბიჯონ სულიერ ცხოვრებაში. და როდესაც მიწიერი პირობები იმდენად შეიცვლებიან, რომ ახლის სწავლის შესაძლებლობა, რისთვისაც დედამიწაზე ჩამოსვლა ღირს, კვლავ იარსებებს,მაშინ სამშვინველები მართლაც ისევ განსხეულდებიან.
ის, რასაც ადამიანები კვლავ და კვლავ ჩამოჰყავს განსხეულებებში, მოვლენებს მიღმა მოქმედი არსებებისა და ძალების მხოლოდ თამაში კი არაა, არამედ საქმე იმაშია, რომ თითოეული ინკარნაცია ახალი ძალებისა და უნარების სახით ახალ დეტალებს მატებს იმ ღვთაებრივ გეგმას, რასაც ადამიანის მთლიანი ცხოვრება წარმოადგენს. განმეორებითი მიწიერი ცხოვრებები მხოლოდ მაშინ შეიძენენ მნიშვნელობას, თუ ცხოვრებას ამ თვალით შევხედავთ. მაგრამ მაშინ იმის თქმაც მოგვიწევს, რომ: მართლაც, ხომ შესაძლებელია რაღაც გამოგვეპაროს? რა არის დამოკიდებული მოცემული ინკარნაციის, მოცემული განსხეულების სწორი სახით გამოყენებაზე? ჩვენ რომ შემდეგ ინკარნაციაში დღევანდელი ცხოვრების მხოლოდ განმეორება გველოდებოდეს, მაშინ ზოგიერთები იმასაც კი იტყოდნენ: დრო ხომ მაქვს, და ცხოვრებაც კიდევ ხშირად მომიწევსო.
მაგამ ვისაც აქვს ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფაქტების დანახვის უნარი, მან იცის, რომ სხვა დროს აღარ გვექნება იმის განცდის შესაძლებლობა, რასაც დედამიწა დროის გარკვეულ მონაკვეთებში გვაძლევს, და იმასაც მიხვდება, რომ შეიძლება რაღაც გამოგვეპაროს, რომ ადამიანი თითოეულ ინკარნაციას, თითოეულ განსხეულებას შინაგანი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა მოეკიდოს და შესაფერისად სწორი სახით გამოიყენოს. და იმის დანახვას, თუ რას ნიშნავს ამ განსხეულების სწორი სახით გამოყენება, უფრო ზუსტად შევძლებთ, თუ წარსულს სულიერი კვლევებიდან გამომდინარე მოკლედ მიმოვიხილავთ.
თავდაპირველად თქვენთვის ნაწილობრივ უკვე ცნობილ ფაქტებზე ვისაუბრებ, შემდეგ კი გადავალ ისეთ რამეზე, რაც აქ მსხდომთაგან უმრავლესობისთვის უცნობი იქნება. რაც თქვენთვის ცნობილია, არის ის, რომ ჩვენს სამშვინველებს წარსულ განსხეულებებში სრულიად სხვა უნარები გააჩნდათ. ხოლო შედარებით ახალი შეძენილია ის უნარები, რომლებითაც დღევანდელი კაცობრიობა ცხოვრობს და მოქმედებს. თუ ჩვენს თავს შევეკითხებით, განსაკუთრებით რისი მეშვეობით მოქმედებს დღეს ადამიანის სამშვინველი, უნდა ვთქვათ, რომ მას თავისი გრძნობების საშუალებით სამყაროს გარეგნული ფაქტების ზუსტი აღქმა შეუძლია და ამ აღქმის მეშვეობით მოქმედებს კიდეც, რომ ადამიანს გააჩნია თვითცნობიერის გაგების, თვითცნობიერის განსჯის უნარი და მათი დახმარებით ამოწმებს თავის გრძნობად აღქმებს და მათ ერთმანეთს უკავშირებს, და რომ ამგვარად, შემეცნების საშუალებით იქმნის წარმოდგენას სამყაროზე.
ჩვენ ვიცით, რომ თუ ადამიანი თავის სამშვინველს უფრო და უფრო განავითარებს იმ მეთოდების დახმარებით, რომლებიც აღწერილია ჩემს წიგნში “როგორ მიღწევა ზენა სამყაროთა შემეცნება”, მაშინ იგი თავის გარშემო სხვა, სულიერ გარემოსაც იპოვის. ჩვენ ვიცით, რომ დღეს სულიერი თვალის ახელა, ადამიანში მთვლემარე ზებუნებრივი უნარების გაღვიძება შესაძლებელია, რომ არსებობდა დრო, როცა ადამიანს სულიერი სამყაროს აღქმა შეეძლო, და ისიც ვიცით, რომ მოვა დრო, როცა სულიერი სამყარო კვლავ გაბრწყინდება ჩვენს სამშვინველებში ისევე, როგორც ოპერაციის შემდეგ გაბრწყინდება ბრმადშობილისთვის შუქი და სინათლე, რომლებიც, მართალია, მის გარემოში მანამდეც არსებობდნენ, მაგრამ მასში ვერ იღვრებოდნენ, რადგან მათი აღსაქმელი ორგანო მას არ გააჩნდა.
ამგვარად, დღეს ჩვენს წინაშეა კაცობრიობა, რომელსაც სულიერი სამყაროს ჭვრეტა მხოლოდ ნორმისგან განსხვავებული განვითარების გზით, სრულიად განსაკუთრებული მეთოდების საშუალებით შეუძლია. დღევანდელი ადამიანის ნორმალური მდგომარეობა ხომ ისაა, რომ იგი სამყაროს მოვლენებს გარეგანი გრძნობებით აღიქვამს და აღქმულს ფიზიკურ ტვინზე მიჯაჭვული გაგების საშუალებით უკავშირებს ერთმანეთს.
კაცობრიობა ყოველთვის არ იყო ისეთი, როგორიც დღეს. ჩვენ შეგვიძლია მივუბრუნდეთ კაცობრიობის განვითარების უძველეს ხანებს და თუ ნათელმხილველურ მზერას იმ საყაროს მივაპყრობთ, რასაც ჩვენ აკაშა-ქრონიკას ვუწოდებთ, დავინახავთ, რომ იმ ხანებში ადამიანის ნორმალურ უნარებად სრულიად სხვა მშვინვიერი თვისებები ითვლებოდა. წარსულში ყველა ადამიანი რაღაც გაგებით ნათელმხილველი იყო. ეს არ იყო ისეთი ნათელხილვა, რომლის მოპოვებაც დღეს აღნიშნული მეთოდებით შეიძლება; ეს იყო, ასე ვთქვათ, ბუნდოვანი, სიზმრისეული ნათელხილვა. მაგრამ იგი არსებობდა, და ეს განსაკუთრებით შეიმჩნეოდა უკვე აღწერილი საშუალო მდგომარეობებისას. მაშინ საჭირო არ იყო მისი რაღაც საგანგებო გზით მოპოვება, იგი თავისთავად მოდიოდა.მართალია, მოგვიწევს ძალზე შორეულ წარსულში დაბრუნება, რათა მუდმივი ნათელხილვის მქონე კაცობრიობა ვიპოვოთ, მაგრამ უკვე აღწერილ ძილსა და ღვიძილს შორის მდგომარებისას კაცობრიობას ნათელხილვის გარკვეული უნარი ყოველთვის ჰქონდა. რაც უფრო ადრეულ ხანებში გადავდივართ, ეს უნარიც უფრო და უფრო ძლიერდება.
გავიხსენოთ, რომ სხვადასხვა კულტურული ხანების შესწავლისას საქმე გვაქვს კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეპოქებთან. ჩვენს კულტურულ ხანას წინ უძღოდა ხანა, რომელსაც ბერძნულ-ლათინურს ვუწოდებთ. მას თავის მხრივ წინ უძღოდა ეგვიპტურ-ქალდეურ-ბაბილონურ-ასირიული ეპოქა, რომლის დროსაც ამ ხალხებს წინამძღოლის როლი უნდა ეკისრათ. უფრო ადრეულ ეპოქას ძველსპარსულს ვუწოდებთ, და კიდევ უფრო ადრეულს ძველინდურს. ამ უკანასკნელის ჭვრეტა მხოლოდ ნათელმხილველურ მზერას შეუძლია, რადგან ის კულტურა, რომელმაც ვედები შექნა, გაცილებით გვიანდელი ხანისაა მხოლოდ სუსტ ექოს წარმოადგენს იმ უმაღლესი სიბრძნისა, რომელიც პირვანდელი ძველატლანტიდური კულტურის პერიოდში შვიდმა წმინდა რიშიმ კაცობრიობას აჩუქა.
ამ ხანის მიღმა კი ვხედავთ დიდ ატლანტიდურ კატასტროფას, რომლის დროსაც წყლისა და ჰაერის მძლავრმა ზემოქმედებამ ჩვენს დედამიწას ისე შეუცვალა სახე, რომ ატლანტიდის კონტინენტი თანდათან გაქრა და მისი ადგილი დაიკავა იმან, რაც დღეს ერთის მხრივ აფრიკა და ევროპა, მეორე მხრივ კი ამერიკაა. თუ კიდევ უფრო შორს წავალთ, აკაშა-ქრონიკის საშუალებით შეგვიძლია დავინახოთ, რომ ძველ ატლანტიდურ კონტინეტზე ადამიანებს გააჩნდათ ისეთი მშვინვიერი თვისებები, რომლებიც დღევანდელ ადამიანებს თითქმის დაუჯერებლად მოეჩვენებათ.
ყველა იმ ხანაში ჩვენს სამშვინველებს უკვე უცხოვრიათ, და ასევე უცხოვრიათ სხვადასხვა სხეულებში და ყოველთვის სხვადასხვა უნარები ჰქონდათ. და თუ წარსულს მივუბრუნდებით, დავინახავთ, რომ ჩვენს სამშვინველებს განსაზღვრული ხარისხის ნათელხილვა გააჩნდათ, განსაკუთრებით ძილ-ღვიძილის აღნიშნულ მდგომარეობებში. ამ დროს ისინი სულიერი მოვლენების მოწმენი იყვნენ და სულიერი სამყაროს ჭვრეტა შეეძლოთ. თუ წარსულს გამოიკვლევთ, თვითონვე დაინახავთ, თუ როგორ ჭვრეტდით თქვენ მაშინ სულიერი სამყაროს არსებებსა და მოვლენებს. იმ ხანებში ადამიანთა სამშვილველებისათვის არ არსებობდა ცდუნება, და მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობაც კი, რომ უარეყოთ სულიერი სამყარო, რადგან თავადვე იყვნენ მისი წევრები და ფიზიკურ სამყაროს დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე საათით უკავშირდებოდნენ.
გარეგანი ფიზიკური სამყაროს საგნები ჯერ არ ჩანდნენ ისე აშკარად, როგორც მოგვიანებით. ამიტომ, როდესაც ადამიანები ძილსა და ღვიძილს შორის მდგომარეობაში, თავიანთ გარშემო სულიერ სამყაროს შეიგრძნობდნენ, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ: ადამიანიც ამ სამყაროს შვილია. იგი ფიზიკურ სამყაროში ჩამოვიდა, რათა აქ მოიპოვოს ისეთი რამ, რისი მოპოვებაც სულიერ სამყაროში არ შეუძლია. და რა იყო ის, რისი მოპოვებაც მას მხოლოდ გარეგან სამყაროში შეეძლო? ის, რაც სულიერ სამყაროში არ არსებობდა, ეს იყო თვითცნობიერების განვითარების შესაძლებლობა, საკუთარ თავზე “მე”-ს თქმის შესაძლებლობა. ეს კაცობრიობას ჯერ არ გააჩნდა. ადამიანი სწორედ თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშნველოვან მომენტებში ზენარე მდგომარეობისას, საკუთარი თავიდან იყო ხოლმე გასული, და ამ დროს თავის თავზე ისიც კი არ იცოდა, რომ შინაგანად დამოუკიდებელ ინდივიდუალობას წარმოადგენდა. მთელი თავისი არსებით იგი სულიერ სამყაროსთან იყო შერწყმული.
“მე”_დ თავისი თავის აღქმის შესწავლა ადამიანს მხოლოდ აქ, ფიზიკურ სამყაროში შეეძლო და ნამდვილი თვითცნობიერების მოპოვებაც მხოლოდ აქ შეეძლო. და ამ თვითცნობიერებასთან განუყრელ კავშირშია ის, რასაც ჩვენ განსჯის უნარს, ჩვენს დღევანდელ აზროვნებას და აღქმის უნარს ვუწოდებთ. ამგვარად, ადამიანის თავისი ადრინდელი კავშირი სულიერ სამყაროსთან თავისი ძველი ბუნდოვანი ნათელხილვა, უნდა დაეთმო იმისთვის, რომ შეძლებოდა თავისი თავის, როგორც “მე”_ს გამორჩევა გარემოდან, და ამ გზით “მე”-მდე, თვითცნობიერებამდე მისვლა.
მომავალში ადამიანი სულიერი სამყაროების ნათელმხილველური ჭვრეტის ნიჭს კვლავ მოიპოვებს და ამავე დროს თვითცნობიერებაც შენარჩუნებული ექნება. მისთვის სულიერი სამყაროსკენ მიმავალი კარიბჭეც იმიტომ დაიკეტა, რომ შესძლებოდა თვითცნობიერი, შინაგანი არსება გამხდარიყო, ამაღლებულიყო თვითცნობიერებამდე, და შემდეგ, როგორც თვითმყოფად არსებას კვლავ შეებიჯებინა სულიერ სამყაროში.
მაშასადამე არსებობდა უძველესი ხანა, როდესაც ადამიანს დღევანდელისგან სრულიად განსხვავებულ გარემოში უწევდა ცხოვრება. ჩვენ თუ შევხედავთ ჩვენს დღევანდელ გარემოს, რას დავინახავთ? დავინახავთ მინერალებს, მცენარეებს, ცხოველებს და ჩვენს ფიზიკურ-გრძნობად თანამოძმეებს. ეს არის ჩვენი გარემო და ის სამყარო, რომელიც ჩვენთვის დაბადებასა და სიკვდილს შორის იხსნება.
შეღწევა იმ სამყაროში, რომლისგანაც აქაური წარმოიშვა და რომელიც აქაურობის მიღმაა, მხოლოდ ნათელხილვის ნიჭის საშუალებით შეგვიძლია, და ეს ნიჭი, როგორც უკვე ვთქვით, არ განეკუთვნება თანამედროვე ადამიანის ნორმალურ უნარებს, მაგრამ იმ უძველესწარსულში, გარკვეული მდგომარეობისას, ყველა ადამიანს ახასიათებდა. ისინი ცხოვრობდნენ სულიერ სამყაროში და ჭვრეტდნენ იმ სულიერ არსებებსა და მოვლენებს, რომელთა არსებობის შესახებაც სულისმეცნიერებაში გვსმენია. ის ფაქტი, რომ დღეს მათი აღქმა ჩვეულებრივ შეუძლებელია, არ გამოდგება მათი არარსებობის მამტკიცებელ საბუთად, ვინაიდან ბრმაც ვერ ხედავს სინათლეს და ფერებს, მაგრამ ისინი მის გარშემო მაინც არსებობენ. ეს სულიერი არსებები იმ ხანებში ადამიანების თანამოძმეები იყვნენ, და ადამიანს შეეძლო ეთქვა: მე, როგორც სულიერ-მშვინვიერი არსება ვეკუთვნი სულიერ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობ, ჩემი მსგავსი სულიერ-მშვინვიერი არსებების გარემოცვაში. იმ შორეულ წარსულში ადამიანი სულიერ-მშვინვიერი არსებების თანამოძმე იყო.
ყველა ის მსოფლმხედველობა და შემცნება, რომელთათვისაც ეს დამოკიდებულებები ცნობილი იყო, ერთმანეთისგან ყოველთვის ზუსტად განსხვავდებოდა და დღესაც ანსხვავებს იმ საფეხურებს, რომლებიც ადამიანმა სხვადასხვა დროს განვლო. თავდაპირველად იყო საფეხური, როცა ადამიანი მთლიანად სულიერ სამყაროში იმყოფებოდა, როცა იგი ცნობიერად თითქმის არასდროს ჩამოდოდა გრძნობად-ფიზიკურ სამყაროში, თავს მთლიანად სულიერი სამყაროს წევრად გრძნობდა და ძალებსაც ამ სულიერი სამყაროდან იღებდა. სულიერი შემცნება ამ საფეხურს ანსხვავებს მომდევნო საფეხურებისგან, როცა ამ ძალამ დაიწყო თანდათანობითი დასუსტება, სამაგიეროდ თანდათან ძლიერდებოდა გარეგანი სამყაროს საგნების მკვეთრი აღქმა და აღქმულის, მიღებული შთაბეჭდილებების გადამუშავება ლოგიკური აზროვნებისა და განსჯის საშუალებით, რაც “მე”_სა და თვითცნობიერების განვითარებას უწყობდა ხელს.
აღმოსავლურ ფილოსოფიას კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ხანებისთვის სახელწოდებებიც გააჩნდა, რადგან მასში ჯერ კიდევ ცოცხლობდა რიშების წმინდა მოძღვრების გამოძახილი და ამიტომ მას ზემოაღწერილი ურთიერთკავშირების ჭვრეტაც შეეძლო. კაცობრიობის იმ უძველეს, ნათელმხილველურ ხანას, რომლის დროსაც ნათელხილვა სულიერი სამყაროს უმაღლეს სფეროებამდე, ჩვენს სამყაროსთან დაკავშირებულ უმაღლეს სულიერ არსებებამდე აღწევდა, კრიტა იუგა, ანუ როგორც მას მოგვიანებით უწოდებენ, ოქროს ხანა ერქვა.
მას მოჰყვა ხანა, როცა ადამიანები სულიერ სამყაროს გაცილებით ნაკლებად აღიქვამდნენ, და სულიერი სამყაროს ზემოქმედებაც მათში ისე ძლიერი აღარ იყო. ამ ხანას ტრეტა იუგა, ანუ როგორც მას მოგვიანებით უწოდებდნენ, ვერცხლის ხანა ერქვა. ამ დროისთვის სულიერი სამყაროს რწმენას ადამიანები დაბადებასა და სიკვდილს შორის უკვე სხვა გზით მოიპოვებდნენ. მართალია, მათ მიერ სულიერი სამყაროს უშუალო განცდა ძალზე ბუნდოვანი იყო, სამაგიეროდ მათ ჯერ კიდევ ახსოვდათ სულიერ არსებებთან თანაცხოვრება იმ დროში, რომელიც მათ დაბადებას უძღოდა წინ. ეს იყო ხანა, როცა ადამიანმა ისევე იცოდა სულიერი სამყაროს არსებობის შესახებ, როგორც დღეს ნებისმიერმა მოხუცმა იცის, რომ ოდესღაც თვითონაც ახალგაზრდა იყო. ამ ხანის სახელწოდებად ძველი სიბრძნის მქონე ყველა შემეცნება ტრეტა იუგას, მოგვიანებით კი, უფრო ბუნდოვან სახელს – ვერცხლის ხანას იყენებდა. ყველა ამ ძველ სახელწოდებას თავისი ღრმა მნიშნველობა აქვს, და თანამედროვე მეცნიერება პირდაპირ ბავშვურად იქცევა, როცა მათ ისე ხმარობს, რომ წარმოდგენაც კი არ გააჩნია ამ სახელწოდებების წარმომშობ რეალობაზე.
ამ ვერცხლის ხანის მომდევნო ხანაში, მართალია ჯერ კიდევ არსებობდა სულიერი სამყაროს ნამდვილი შემეცნება, მქგრამ ამავე დროს ადამიქნი უკვე იმდენად იყო ფიზიკურ-გრძნობად სამყაროში ჩამოსული, რომ თავისი შეხედულებების საფუძვლად, ასე ვთქვათ, ამ ორი სამყაროდან ერთ-ერთის არჩევა შეეძლო. ძველი ნათელხილვა ამ მესამე, რკინის ხანაში, დვაპარა იუგაში, უფრო და უფრო ბნელდებოდა, მაგრამ ბუნდოვანი სახით ჯერ კიდევ არსებობდა, და ადამიანს თავისი შინაგანი რწმენიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე შეეძლო სულიერ სამყაროსთან მეტ-ნაკლებად დაკავშირება. ამ ხანში მას ჯერ კიდევ ახსოვდა, რომ ოდესღაც სულიერი სამყარო ადამიანებისთვის ცოცხალი განცდა იყო.
შემდეგ თანდათან მოახლოვდა ხანა, რომელსაც აღმოსავლური ტრადიცია კალი იუგას, ანუ წყვდიადის ხანას უწოდებს. ეს ის ხანაა, რომელშიც ადამიანების მშვინვიერი უნარებისთვის სულიერი სამყაროების კარიბჭე ნელ-ნელა და თანდათანობით დაიკეტა, და რომელშიც ადამიანები სულ უფრო მეტად და მეტად იყვნენ დამოკიდებულნი ოდენ ფიზიკურ-გრძნობადი სამყაროს აღქმაზე. სამაგიეროდ ისინი ამ სამყაროში უფრო და უფრო ივითარებდნენ თვითცნობიერებას, “მე”-ს შეგრძნებას, “მე”-ს ცნობიერებას. ეს ხანა შედარებით გვიან, დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3100 წელს დაიწყო და ჩვენს დრომდე გაგრძელდა.
დღეს ყოველივე ამის ცოდნა მისთვის გვჭირდება, რომ ჩვენი თანამედროვე ინკარნაციის უმთავრესი ამოცანა შევიცნოთ.
თუ კრიტა იუგას დასაწყისამდე გავყვებით, მაშინ ატლანტიდურ ეპოქამდე მივალთ. ტრეტა იუგა კი მოიცავს წმინდა რიშების დროს, ანუ ძველინდურ, და ნაწილობრივ ძველ სპარსულ კულტურას. დვაპრა იუგა გვიანდელ, ქალდეურ-ბაბილონურ-ასირიულ-ეგვიპტურ კულტურულ ეპოქას ემთხვევა. მაშინ ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო ბუნდოვანი ნათელხილვა. და დროის ის წერტილი, როცა ნელა და თანდათანობით იწყება სულიერი სამყაროს კარიბჭის სრული დახშობა და კაცობრიბის ფიზიკური პლანით შემოსაზღვრა, ემთხვევა ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ანუ ქრისტეს დედამიწაზე ჩამოსვლამდე, 3101 წელს.
ასე რომ, ქრისტეს გამოცხადებამდე დაახლოებით 3000 წლით ადრე ვხედავთ მოვლენებს, რომლებმაც ჩვენ იმად გვაქციეს, რაც დღეს ვართ. თუ გვეცოდინება, რომ დედამიწის ევოლუციისათვის უმთავრესი მოვლენაა, ქრისტეს განკაცება სწორედ ამ ხანაში მოხდა, მაშინ ამის მთელი მნიშვნელობის დაფასებაც შეგვეძლება. როგორები იყვნენ ადამიანები იმ დროში, კალი იუგაში, როცა ქრისტე დედამიწაზე გარდამოვიდა? ისინი უკვე 3000 წელზე მეტხანს იმყოფებოდნენ განვითარების ისეთ გზაზე, რომელიც მხოლოდ ფიზიკური პლანით შემოისაზღვრებოდა.
დაბადებასა და სიკვდილს შორის ადამიანებს შეეძლოთ აეთვისებინათ მხოლოდ ის, რასაც მათ ფიზიკური სამყარო შესთავაზებდა. განვითარება ბოლომდე ამ გზით რომ წასულიყო, მართალია ადამიანების “მე” ცნობიერება თანდათან უფრო გაძლიერდებოდა, მაგამ ეგოისტური გახდებოდა. ამის შედეგად ადამიანი გახდებოდა არსება, რომლისთვისაც მხოლოდ განცხრომა, სურვილების დაკმაყოფილებაა მთავარი,და იგი ყველაფერს მოაქცევდა თავის “მე”-ში, როგორც ყინულის სარტყელში. ადამიანი არსებობის შესახებ, რაღაც რომ არ შეცვლილიყო. და რა შეიცვალა?
მომხდარის მთელი მნიშვნელობა ჩვენი სამშვინველებისთვის მაშინ გახდება ნათელი, თუ გავაცნობიერებთ იმას, რომ დედამიწის განვითარებაში მართლაც არსებობს გარდამავალი პერიოდები. ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც უყვარს მხოლოდ სპეკულაცია,მხოლოდ აბსტრაქტული ფილოსოფია და რაღაც იდეოლოგიები, ხშირად ყველა ხანას გარდამავალს უწოდებს. და თუ გადავხედავთ იმ უამრავ მასალას, რომელიც მოგვეპოვება იმ პერიოდიდან, რაც წიგნის ბეჭვდა შესაძლებელი გახდა, დავინახავთ, რომ თითქმის ყველა ხანისთვის ყოველთვის გარდამავალი ხანა უწოდებიათ. ის კი,ვინც სულისმეცნიერებას ეყრდნობა, ამ სიტყვას ასე არ გაფლანგავს, რადგან გარდამავალი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ ისეთ ხანას, რომლის დროსაც მართლაც არსებითი, გადამწყვეტი რამ ხდება.
მეცნიერებაში გავრცელებულია შემდეგი გამოთქმა, რომელსაც თავისთავად ცხადად მიიჩნევენ და ანთროპოსოფოსებმა უნდა ისწავლონ, რომ იგი სინამდვილეში უაზრობაა: ბუნება ნახტომებს არ აკეთებს. თუმცა ეს შეიძლება ვინმესთვის დამაჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ მაინც უაზრობაა, რადგან ბუნება სწორედაც რომ გამუდმებით აკეთებს ნახტომებს. თვალი ადევნეთ, როგორ ვითარდება მცენარე, როგორი ნახტომები ახასიათებს მის განვითარებას, როცა რაღაც აახალი უნდა წარმოქმნას: ფოთლების თანმიმდევრული ზრდიდან როგორ ხდება ყვავილზე გადასვლა-გადახტომა, შემდეგ ყვავილის ფუძიდან ყვავილის ფურცელზე, ხოლო ფურცლიდან ბუტკოზე და ასე შემდეგ. რაღაც დროის მანძილზე თანმიმდევრული განვითარების შემდეგ ბუნება მუდამ აკეთებს ნახტომებს, მთელი ყოფიერება აკეთებს ნახტომებს. განვითარებაში არსებითია სწორედ კრიზისები და ნახტომები. ასე რომ, გამოთქმა: ბუნება ნახტომებს არ აკეთებს – გაზარმაცებული ადამიანური აზროვნების ერთ-ერთი საშინელი ნაყოფია, რადგან ბუნება მართლაც რომ ბევრ ნახტომს აკეთებს.
განსაკუთრებით სულიერი ცხოვრება გამოირჩევა ასეთი ნახტომებით. სულიერი განვითარების განმავლობაში ხშირია დიდი, მნიშვნელოვანი ნახტომები. შემდეგ ცხოვრება ჩვეულებრივ მიედინება, და უცბად ისევ მნიშვნელოვანი სულიერი ნახტომი კეთდება. ადამიანთა ცხოვრებისთვის ასეთი უძლიერესი ნახტომი მოხდა იმ ხანაში, როცა ქრისტე დედამიწაზე დადიოდა _ და არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მის გარშემო იყვნენ. და ამ გაგებით ჩვენ უფლება გვაქვს იმ ხანას, რომლის დროსაც ქრისტე პალესტინაში ცხოვრობდა და ქადაგებდა, გარდამავალი ხანა ვუწოდოთ. ნუ იტყვით, რომ ასეთი ნახტომი, ასეთი ცვლილება ყველა ადამიანს უნდა შეემჩნია.
ეჰ, შეიძლება ყველაზე არსებითმა მოვლენამ, რაც მათ თანამედროვეობაში ხდება, ადამიანებს სრულიად უკვალოდ ჩაუაროს გვერდით და მათი თვალთახედვისთვის დაფარული დარჩეს. ჩვენთვის ხომ უკვე ცნობილია, რომ ასეთმა მოვლენამ ერთხელ უკვე შეუმჩნევლად ჩაიარა მილიონობით ადამიანისთვის. ჩვენთვის ხომ ცნობილია თუ როგორ აღწერს ქრისტიანებს, როგორც რაღაც საიდუმლო სექტას, ცნობილი რომაელი მწერალი ტაციტუსი თავისი ნაშრომის ერთ ადგილას. ასევე მაგალითად, ასი წლის შემდეგ როცა ქრსტიანობა უკვე გავრცელებული იყო ევროპის სამხრეთ რეგიონებში, რომში ქრისტიანობის შესახებ რაღაც უცნაურობებს ჰყვებოდნენ, ანუ ამ დროისთვის რომში არსებობდა საზოგადოების წევრები, რომლებმაც სხვა არაფერი იცოდნენ ქრისტიანობის შესახებ, გარდა იმისა, რომ სადღაც, რომელიღაც მიყრუებულ ქუჩაზე ერთ ხელისშემშლელ სექტას უდევს ბინა, და ამ სექტის წინამძღოლი ვიღაც იესოა, რომელიც მათ ცუდ საქმეებს მოთავეობს. აი მხოლოდ ამას ჰყვებოდნენ რომში – ეს მაშინ, როცა ქრისტიანობა უკვე ერთი საუკუნის მანძილზე არსებობდა. ასე უკვალოდ ჩაუარა ადამიანების დიდ რიცხვს, არა მარტო მათი დროის, არამედ მთელი კაცობრიობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესმა მოვლენამ.
ჩვენ უნდა შეგვეძლოს იმის წარმოდგენა, რომ მაშინ როდესაც ადამიანები მართლაც რომ ვერაფერს, საერთოდ ვერაფერს ამჩნევდნენ, შეიძლება რაღაც უმთავრესი, უმნიშვნელოვანესი რამ ხდებოდეს. ამიტომაც როცა ადამიანები ამბობენ: ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, რომელშიც არსებითი და მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, ეს არაფერს ნიშნავს.
სინამდვილეში ჩვენ დღეს სწორედ გარდამავალ ხანაში ვცხოვრობთ, რომლის დროსაც მნიშვნელოვანი სულიერი მოვლენები ხდება ისე, რომ მრავალმა ჩვენმა თანამედროვემ მათ შესახებ არაფერი იცის. ჩვენთვის ერთის მხრივ ნათელი უნდა იყოს, რომ ამ შემთხვევაში მართლაც გარდამავალ ხანაზე ვლაპარაკობთ, და ამავე დროს ისიც, რომ ეს სიტყვა ჩვენს ნებაზე ჰაიჰარად არ უნდა ვახსენოთ. რა იყო არსებითი იმ გარდამავალ ხანაში, როცა ადამიანებს იესო ქრისტე გამოეცხადა? ის, რაც კაცობრიობისთვის ამ გარდამავალ ხანაში არსებითი იყო, გამოთქმულია იმ მნიშვნელოვან სიტყვებში, რომელსაც ჯერ იოანე ნათლისმცემელი, და შემდეგ ქრისტე ქადაგებდა: “შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულია სასუფეველი ცათა”. ამ სიტყვებში ჩადებულია მთელი სამყარო, რომელიც ინტიმურ კავშირშია იმ არსებითთან, რასაც მაშინ ადგილი ჰქონდა საერთო საკაცობრიო განვითარებაში.
კალი იუგას ეპოქაში ადამიანებმა ბუნებრივი განვითარების ზით განსჯის უნარი და “მე”-ცნობიერება მოიპოვეს, მაგრამ ამავე დროს არ ჰქონდათ უნარი, ამ “მე”-ცნობიერებიდან გამომდინარე სულირ სამყაროსთან კავშირი საკუთარი ძალებით კვლავ აღედგინათ. ნათლისმცემელი ამბობდა: მოვიდა დრო, როდესაც იმგვარად უნდა შესძლოთ თქვენი “მე”-ს აღზრდა, რომ ეს “მე” საკუთარ თავში მშვინვიერად ისე ჩაღრმავდეს, რომ მასში ცათა სასუფეველისკენ მიმავალი ბილიკი იპოვოს, რადგან ახლა ადამიანს ჩვეულებრივ ძველებურად აღარ შეუძლია საკუთრი თავიდან გასვლით, ნათელხილვის მდგომარეობაში სულიერ სამყარომდე ამაღლება.
ცათა სასუფეველი ფიზიკურ სამყარომდე უნდა ჩამოსულიყო და ისე გაცხადებულიყო, რომ “მე”-ს მისი შეცნობა ჩვეულებრივი თვითშეცნობით და სინამდვილის საკუთარი შეგრძნებების უნარით შესძლებოდა. “შეინანეთ” ნიშნავს: გარდაქმენით შეგრძნებები, სამშვინველის ძველი განწყობა, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენს მშვინვიერ ცხოვრებას შეუძლია თავის თავში, საკუთარ “მე”-ში ისე გათბეს, რომ თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვების შედეგად თქვათ: სულიერი სამყარო არსებობს! თქვენს “მე”-ში და თქვენი “მე”_ს საშუალებით უნდა ისწავლოთ სულიერი სამყაროს შემეცნება. ცათა სასუფეველი მოახლოებულია. საკუთარი თავიდან გასვლით ექსტაზურ მდგომარეობაში მისი პოვნა უკვე აღარ შეიძლება!
იესო ქრისტეს ადამიანურ, ხორციელ სხეულში ჩამოსვლა საჭირო გახდა იმიტომ, რომ ადამიანების სამშვინველები მხოლოდ ფიზიკური პლანის შესაცნობად იყვნენ განწყობილნი. ღმერთი ადამიანებთან ფიზიკურ პლანზე უნდა ჩამოსულიყო, რადგან “მე”-ს განვითარების და სულიერი სამყაროს კარიბჭის დაკეტვის შედეგად ადამიანებს ძველებური სახით აღარ შეეძლოთ ღვთაებრივამდე ამაღლება.
ეს არის ის უდიდესი, რაც მაშინდელ ხანაში მოხდა: ერთის მხრივ, ადამიანური უნარების ბუნებრივი განვითარებისა და “მე”-ცნობიერების მოპოვების შედეგად დაიკარგა კავშირი ფიზიკურ პლანზე ამ სულიერი სამყაროების შეცნობის შესაძლებლობა.
ამგვარად ქრისტე შუამავალი იყო სულიერ სამყაროსა და ისეთ ადამიანებს შორის, რომლებმაც განვითარების იმ საფეხურს მიაღწიეს, როცა ფიზიკურ პლანზე მცხოვრებ “მე”-ს სულიერ სამყაროსთან დაკავშირება შეუძლია.
შეიცვალეთ მშვინვიერი წყობა, ნუღარ გეგონებათ, რომ სულიერ სამყარომდე ამაღლება ადამიანს ექსტაზის გზით ჩვეულებრივ კიდევ შეეძლება, არამედ ირწმუნეთ, რომ სულიერი სამყაროსკენ მიმავალი გზის პოვნა შეგიძლიათ თქვენს “მე”-ში ჩადებული მონაცმეების განვითარების საშუალებით, ქრისტეს შემწეობით. რადგან სულიერებას კაცობრიობა ჯერ მხოლოდ ამ სახით მოიპოვებს.
დღეს ჩვენ ვცხოვრობთ იმ ხანის მსგავს დროში, როდესაც 1899 წელს დამთავრდა კალი იუგას, ანუ წყვდიადის, ბნელეთის ხანა და ახლა ნელ-ნელა მზადდება ამგვარი მშვინვიერი განახლება, ახალი მშვინვიერი უნარების გაღვიძება.
ადვილი შესაძლებელია, რომ ეს ჩვენს თანამედროვეებს, ადამიანებს, ძილში გამოეპაროთ. თანდათანობით გავეცნობით იმას, რაც ყველა ადამინისთვის ხდება ჩვენს ხანაში, კალი იუგას დასრულების შემდეგ. დღეს ჩვენი ვალია, რომ კაცობრიობის განვითარების წინსვლისთვის აუცილებელმა ამ მოვლენამ, გარდამავალი ხანის მოვლენამ შეუმჩნევლად და უვკალოდ არ ჩაგვიაროს.
კალი იუგა სულ რამდენიმე წლის წინ დასრულდა. ახლა ისეთ დროში მოგვიწევს ცხოვრება, როცა უკვე განვითარებულ თვითცნობიერებას ბუნებრივი გზით შეძენილი ნათელხილვის გარკვეული უნარები დაემატებიან. ადამიანებს ექნებათ თავისებური და უცნაური განცდები და თან არ ეცოდინებათ, თუ რა ხდება მათ თავს! ადამიანებს გაუჩნდებათ წინათგრძნობები, წინასწარ დაინახავენ მოვლენებს, რომლებიც მართლაც მოხდება. საერთოდ ადამიანები თანდათანობით შეიძენენ უნარს, დაინახონ ის, რასაც ჩვენ ადამიანის ეთერულ სხეულს ვუწოდებთ, თუმცა ჯერ ბუნდოვანდ და პირველად ელემენტში. დღეს ადამიანი მხოლოდ ფიზიკურ სხეულს ხედავს. ამას ემატება ეთერული სხეულის თანდათანობითი ხედვა და ადამიანები ან ისწავლიან, რომ ეთერულს თავისი რეალობა გააჩნია, ანდა უბრალოდ ჰალუცინაციად ჩათვლიან. საქმე იქამდეც მივა, რომ ასეთი განცდები გამო, ზოგიერთი თავის თავს შეეკითხება: ხომ არ გავგჟდი?
მართალია, მომავალ ათწლეულებში ადამიანების მხოლოდ მცირე რიცხვი შესძლებს ამ უნარების თავის თავში განვითარებას, მაგრამ უკვე საჭიროა სულისმეცნიერების გავრცელება, რადგან ჩვენ პასუხისმგებლები ვართ იმის წინაშე, რაც რეალობაში ხდება ანდა მოვლენების ბუნებრივი განვითარების შემთხვევაში უნდა ხდებოდეს. რატომ ვასწავლით სულისმეცნიერებას? იმიტომ, რომ ის, რასაც ადამიანები მომავლაში დაინახავენ და რის განცდასაც შესძლებენ, შეიძლება მხოლოდ სულისმეცნიერების საშუალებით იქნეს ახსნილი და შემეცნებული, და იგი გაუგებარი დარჩება, თუ სულის მეცნიერება არ იარსებებს … (გამოტოვებულია სტენოგრაფიაში. რედ.შენიშვნა).
ეს უნარები ადამიანთა მცირე რიცხვში შედარებით სწრაფად განვითარდება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეზოთერული თვითაღზრდის გზით ადამიანს უკვე დღესვე შეუძლია გაცილებით უფრო მაღალი საფეხურის მიღწევა, ვიდრე ეს საწყის პერიოდში ყველა ადამიანისთვის იქნება შესაძლებელი. მაგრამ პირველი, პატარა ნაბიჯები იმის განსავითარებლად, რაც დღეს ამ განსაკუთრებული გზით მიღწევა, უკვე 1930-1940 წლებში მთელი კაცობრიობისთვის მომზადდება, და ამის თქმა საჭიროა მიუხედავად იმისა, გაიგებენ ადამიანები ამას თუ არა. მხოლოდ რამდენიმე ათწლეული გვაშორებს იმ დროს, როცა მსგავსი ხილვები გახშირდება.
და მაშინ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ უნარებს მოიპოვებენ, კიდევ რაღაც სხვა მოხდება. მათთვის დადასტურდება ახალი აღთქმის სიტყვები, და ეს შეძრავს მათ სამშვინველებებს. რადგანაც ამ სამშვინველებში გაიჟღერებს: “მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა”, რაც, თუ სწორად ვთარგმნით, ნიშნავს:”მიწიერი ეონების დასასრულამდე”. ეს სიტყვები გვიჩვენებენ, რომ ქრისტიანობა მხოლოდ წიგნად და სხვადასხვა დოგმის სახით მოცემული მოძღვრება კი არაა, არამედ მასში ცოცხლობს გამოცხადებების ხედვა და განცდა, რაც მომავალში უფრო მეტად და მეტად განვითარდება. დღეს ქრისტიანობის დამკვიდრების, ძალაში შესვლის მხოლოდ დასაწყისში ვდგავართ, და მან, ვინც მართლა დაუკავშირა თავის თავი ქრისტეს, იცის, რომ ეს ქტრისტიანობა ახალ და ახალ გამოცხადებებს მოიტანს თან. მან იცის: ქრისტიანობა არ არის წარსულში დასასრული, მკვდარი რამ, არამედ იგი ცოცხალია, განვითარების და ზრდის პროცესშია.
ის, ვინც დღეს სულიერი განვითარების გზით მიდის, უკვე დღეს იწყებს ჭეშმარიტების განცდას ამ სიტყვებისა:”და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა”. იგი ჩვენთან არის და სულიერი ფორმით თავს დასტრიალებს დედამიწას. გოლგოთის მისტერიამდე ნათელმხილველები ქრისტეს ვერ პოულობდნენ დედამიწის ატმოსფეროში. მხოლოდ გოლგოთის მისტერიის შემდეგ გახდა ქრისტე დედამიწის ატმოსფეროში ხილული, რადგან მას შემდეგ იგი აქაა. მან, ვისაც წინარე ქრისტიანულ ხანაში ნათელხილვის უნარი მოპოვებული ჰქონდა, იცოდა, რომ ოდესმე სხვა დრო დადგებოდა.
მან იცოდა, ახლა დედამიწის ასტრალურ სხეულში ჯერ არ იმყოფებოდა ის, ვისაც ქრისტეს ვუწოდებთ, მაგრამ მოვა დრო, როცა ნათელმხილვური მზერა მომზადებული იქნება და დედამიწის სფეროში იხილავს ქრისტეს! მან იცოდა, რომ მიწიერი ნათელხილვა ოდესმე ძალიან შეიცვლებოდა. მაგრამ იგი პალესტინის შემდეგაც არ იყო დარწმუნებული, რომ ეს ცვლილება უკვე დაიწყო. ვერავითარი ფიზიკური მოვლენა ვერ დაარწმუნებდა მას, რომ ქრისტე უკვე გარდამოვიდა დედამიწაზე. ამაში გი დარწმუნდა მხოლოდ მაშინ, როცა მისმა ნათელმხილვურმა მზერამ ქრისტე დედამიწის ატმოსფეროში დაინახა. მაშინ დარწმუნდა იგ, რომ ის, რასაც მისტერიებში ელოდნენ, უკვე მოხდა და ქრისტე მართლაც გარდამოვიდა დედამიწაზე. ის, რაც პავლემ განიცადა ანუ ის, რომ დედამიწის ატმოსფეროში არსებობს ქრისტე, დღესაც შეუძლია განიცადოს ადამიანმა, რომელმაც ეზოთერული თვითაღზრდის გზით ნათელხილვის უნარი მოიპოვა. მომავალში კი ამის განცდა ცალკეულ ადამიანებს ბუნებრივად განვითარებული ნათელხილვის საშუალებით შეეძლებათ; როგორც აღვწერეთ, ამ უნარის გამოვლენა უკვე 1930-1940 წლებში დაიწყება და უფრო შორეულ მომავალში ყველა ადამიანისთვის ბუნებრივი მონაპოვარი იქნება. დამასკოს გზაზე გამოცხადება ბევრისთვის განმეორდება და ამ მოვლენას ჩვენ შეგვიძლია ქრისტეს მეორედ მოსვლა, სულში მეორედ მოსვლა ვუწოდოთ. ადამიანები, რომლებიც შესძლებენ ეთერულ ხედვამდე ამაღლებას, ქრისტეს იხილავენ. ქრისტე მხოლოდ ერთხელ მოვიდა ხორციელ სხეულში: მაშინ, პალესტიანში. მაგრამ ეთერული სხეულით იგი მუდამ დედამიწის ატმოსფეროშია. და რამდენადაც ამაღლდებიან ადამიანები ეთერულამდე, იმდენად შესძლებენ ისინი ქრისტეს დანახვას.
ამგვარად, ქრისტეს მეორედ მოსვლა განცხადდება, როცა ადამიანები მოიპოვებენ ქრისტეს ეთერულში ჭვრეტის უნარს. ჩვენს გარდამავალ ხანაში სწორედ ამას უნდა ველოდოთ. ხოლო სულისმეცნიერებების ამოცანაა, სამშვინველები ეთერულში მოსული ქრისტეს მოსაღებად მოამზადოს.
ამგვარად ჩვენ მიერ დასმულ მეორე კითხვაზეც ვისაუბრეთ. ერთი მხრივ დავინახეთ, რომ ინკარნაციების სწორად გამოყენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, და ისიც დავინახეთ, თუ როგორ ჯობს ისე წარვმართოთ ჩვენი თანამედროვე ინკარნაცია, რომ მან მომავალში ქრისტეს ჭვრეტისთვის მოგვამზადოს.და თუ მეორედ მოსვლა სწორედ გვესმის, იმასაც გავიგებთ, თუ რა დიდი განსაცდელებია მასთან დაკავშირებული. ამაზე ახლა უნდა ვისაუბრო.
ეთერულში ქრისტეს მეორედ მოსვლა არის ის უდიდესი მოვლენა, რომელიც კაცობრიობას მომავალში ელის, მაგრამ ჩვენს დროში მატერიალიზმი იმდენად გაძლიერდება, რომ ასეთი ჭეშმარიტებაც კი მატერიალისტურად იქნება გაგებული. და ამ მატერიალისტურ გაგებას რეალური სახე მიეცემა. ეს იქნება ქრისტეს ხორციელად მეორედ მოსვლის რწმენა. არც თუ ისე შორეულ მომავალში ადამიანები, რომლებიც თავის თავს მეორედ მოსულ ქრისტედ გამოაცხადებენ. ანთროპოსოფები კი უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც მატერიალიზმი ვერ აცდუნებთ, და რომლებიც არ დაიჯერებენ, რომ ქრისტე ისევ ხორციელი სხეულით მოვიდა დედამიწაზე, რადგან მათ ეცოდინებათ, რომ უკვე დასრულდა ბნელეთის, წყვდიადის ხანა, რომლის დროსაც ადამიანებს, სულიერი სამყაროს აღქმის შესაძლებლობის გარეშე, ფიზიკურ-მატერიალური ცხოვრება თავიანთი “მე”-ს განვითარებისთვის სჭირდებოდათ. ახლა ადამიანი თავისი განვითარების გზაზე კვლავ უნდა ამაღლდეს სულიერ სფერომდე, სადაც ეთერულში იხილავს ქრისტეს, როგორც ცოცხალს და ჭეშმარიტად არსებულს.
კაცობრიობას დაახლოებით 2500 წელი მიეცემა ვადად, რათა ეს უნარები შეითვისოს. 2500 წლის მანძილზე მან უნდა შესძლოს მოიპოვოს ეთერულის აღქმის უნარი, როგორც საყოველთაო, ბუნებრივი უნარი. მხოლოდ ამის შემდეგ შეაბიჯებს მისი განვითარება სხვა უნარების მოსაპოვებლად ახალი გარდამავალი ხანის საფეხურზე. ამ 2500 წლის მანძილზე უფრო და უფრო მეტი ადამიანი შესძლებს ამ უნარამდე ამაღლებას. და მნიშვნელობა არ ექნება თუ სად იმყოფება ადამიანი ამ ხანაში: დაბადებასა და სიკვდილს შორის თუ სიკვდილის შემდეგ სულიერ სამყაროში. სხვანაირი გახდება ადამიანის ცხოვრება სიკვდილსა და ახალ დაბადებას შორისაც, რადგან სამშვინველებს ქრისტეს მეორედ მოსვლა ექნებათ განცდილი. ეს განცდა სიკვდილისშემდგომ ცხოვრებასაც შეცვლის.
ამიტომ, ამ საუკუნეში ქრისტეს გამოცხადებისთვის მომზადება მნიშვნელოვანია როგორც ამჟამად განსხეულებული სამშვინველებისთვის, ისე იმ სამშვინველბისთვისაც, რომლებსაც ამ დროს სიკვდილის ზღურბლი უკვე გადალახული აქვთ და სიკვდილსა და ხელახალ დაბადებას შორის იმყოფებიან. ყველა თანამედროვე სამშვიველისთვის აუცილებელია მოემზადოს ამ მოვლენისთვის და ამ გზით – განსაცდელთან საბრძოლველადაც.
ამ საკითხებზე საუბრისას, აშკარად ვგრძნობთ, თუ რას წარმოადგენს ანთროპოსოფია ჩვენთვის, როგორ გვამზადებს იგი ჩვენი ამოცანის შესასრულებლად, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ამ დიადმა მოვლენამ კაცობრიობას უკვალოდ არ ჩაუაროს. რადგანაც თუ იგი უკვალოდ ჩაივლის, კაცობრიობა განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას დაკარგავს და წყვდიადში, სიბნელეში ჩაიძირება. სინათლის მოტანა შეუძლია მხოლოდ ადამიანთა გამოღვიძებას, რათა ახალი უნარის საშუალებით მათ შესძლონ ქრისტეს გამოცხადების აღქმა.
ამას მომავალში კვლავ და კვლავ გავიმეორებთ. მაგრამ ასევე კვლავ და კვლავ მოგვიწევს იმის გამეორებაც, რომ ცრუ წინასწარმეტყველები შესძლებენ კეთილის, დიადისთვის დაბრკოლების შექმნას, თუ მოახერხებენ და გაავრცელებენ რწმენას, რომ ქრისტე მეორედაც ფიზიკურ სხეულში მოვა.
თუ ანთროპოსოფები ამას ვერ გაიგებენ, მაშინ ისინიც აჰყვებიან ამ ცდომილებას, რომელიც ცრუ მესიებს “გამოცხადების” საშუალებას მისცემს. ისინი მოგვევლინებიან, რადგან გათვლილი ექნებათ მხარდაჭერა სუსტი, მატერიალიზმით დასუსტებული სამშვინველებისა, რომლებსაც ქრისტეს მეორედ მოსვლისას ქრისტე მხოლოდ მატერიალურ ხორციელ სხეულში შეუძლიათ წარმოიდგინონ. სახარების ასეთი მცდარი გაგება კაცობრიობისთვის უსაშინლესი ცდუნების საფუძველი იქნება. ათროპოსოფების ამოცანაა კაცობრიობის დაცვა ამ ცდუნებისგან.
შეუძლებელია ყველასათვის ამის საკმარისად ხაზგასმით თქმა: დაე, ვისაც სურს, ისმინოს.
ამგვარად, თქვენ ხედავთ, რომ ათროპოსოფიას მნიშვნელოვანი საქმე აკისრია, და იგი მხოლოდ იმიტომ კი არ არსებობს, რომ დააკმაყოფილოს ჩვენი ცნობისმოყვარეობა სხვადასხვა ჭეშმარიტებებთან დაკავშირებით, არამედ საჭიროა გვესმოდეს, რომ ეს ჭეშმარიტებები კაცობრიობის სრულყოფის მიზნით კაცობრიობის სამსახურში უნდა ჩავაყენოთ.
ქრისტე კაცობრიობას კიდევ მრავალი სხვადასხვა ფორმით მოევლინება. ის ფორმა, რომელიც მან აირჩია პალესტინაში გამოცხადების დროს, არჩეული იყო მაშინდელი ადამიანების იმ ამოცანის შესაბამისად, რომელიც ფიზიურ პლანზე ცნობიერების განვითარებაში და ფიზიკურ პლანზე გაბატონებაში მდგომარეობდა. მაგრამ კაცობრიობა მოწოდებულია სულ უფრო და უფრო მაღალი უნარებს განსავითარებლად, რათა ისევ და ისევ შესაძლებელი გახდეს ახალი ნახტომი მის განვითარებაში.
ქრისტეს განცდა შემეცნების იმ მომავალ უმაღლეს საფეხურებზეც ყოველთვის შესაძლებელი იქნება. ქრისტიანობა ამ მხრივაც არ დასრულებულა, პირიქით, იგი თავისი მოქმედების დასაწყისში იმყოფება. კაცობრიობა საფეხურიდან საფეხურზე ამაღლდება, ხოლო ქრისტიანობა მას ყოველ საფეხურზე დახვდება, რათა “ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა” ადამიანური სამშვინველის უღრმესი მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს.
რ. შტაინერი – “ქრისტეს გამოცხადება ეთერულ სამყაროში”