დემონური პერსონაჟები – ჭინკა

დემონური პერსონაჟები – ჭინკა

კავკასიელთა ცხოვრებას წარმართავდა იმ ღვთაებებთან ურთიერთობა, რომლებსაც ისინი თავისად თვლიდნენ და რიტუალების მეშვეობით ინარჩუნებდნენ მათ მიერ დადგენილ წესრიგს, მაგრამ ღვთაებების გარდა სამყარო დასახლებული იყო ბოროტი ძალებით, რომლებთანაც ადამიანს უხდებოდა შეხება.

ავსულები უცხო, გარე სამყაროს ბინადარნი არიან და, როგორც წესი, ცდილობენ ადამიანისთვის ზიანის მიყენებას. ისინი ყველანი ნეგატიური ბუნების არიან, მაგრამ ამავე დროს განსხვავდებიან ერთმანეთისგან ბოროტების ხარისხით. ზოგი ერთმნიშვნელოვნად სიავეს განასახიერებს, ზოგი კი დემონურთან ერთად ღვთაებრივ ნიშნებსაც ამჟღავნებს. ეს განსხვავება ამ არსებების წარმომავლობითაა გაპირობებული.

სამყაროში ორი საწყისის _ კეთილისა და ბოროტის _ არსებობა ძველ კოსმოგონიებშივე გამოიკვეთა, სადაც ორი თითქმის თანაბარძალიანი ღვთაება ებრძვის ერთმანეთს. გამარჯვებულმა ღმერთმა ბოროტი ღვთაება ჩაამწყვდია ჩაკეტილ სივრცეში და კოსმოსი _ მოწესრიგებული სამყარო გადაურჩა მის დამანგრეველ ძალას. მაგრამ კოსმოსის გარე სკნელში დარჩა ქაოსი, რომელიც დემონურ ძალთა სამყოფია. ისინი პერიოდულად ცდილობენ კოსმოსში შესვლას, მაგრამ ღვთაებებთან ბრძოლის უნარი მათ არ გააჩნიათ, ამდენი ძალა არ ყოფნით, ამიტომ ადამიანებს ეტანებიან.

ადამიანის მოწესრიგებული ცხოვრება მიედინება სივრცის იმ ნაწილში, რომელიც მის „შინას“ წარმოადგენს. ამავე დროს მას უწევს გარე სამყაროში გასვლა ოჯახის ან საზოგადოების საჭიროებისთვის. სწორედ იქ ელოდება საფრთხე ავსულების სახით, რომლებიც ტყე-ღრეში, ხევებსა და სხვა მიუვალ ადგილებში ბინადრობენ და ეტანებიან მარტო მიმავალ მგზავრს.
დარგობრივი ღვთაებების მსგავსად დემონურ არსებებსაც აქვთ არჩეული სამოქმედო სფეროები, როცა ისინი ადამიანს ეჩვენებიან (მგზავრობა, ნადირობა, სამეურნეო საქმიანობა). ძალმოსილების თვალსაზრისით, მათში ერთგვარი უფროსუმცროსობაც შეიმჩნევა. ნიშანდობლივია, რომ დემონურ არსებათა უმრავლესობა მდედრობითი სქესისაა და მათი უფროსებიც ქალური ბუნებისა არიან. საქართველოში ავსულთა უფროსები იყვნენ როკაპი და ტარტაროზი, რომლებთან წელიწადში ერთხელ მიფრინავდნენ ქვეშევრდომები და თავიანთი საქმიანობის ანგარიშს აბარებდნენ.

კუდიან-ავსულთა დამახასიათებელია გრძელი თმა და ფრჩხილები. ერთი თუშური გადმოცემით, კუდიანებმა მოიტაცეს ბავშვი და აზიარეს დემონურ სიბრძნესა და ბუნებას. ეს მის გარეგნობაშიც აისახა. ცხრა წლის შემდეგ რომ დაბრუნდა ადამიანთა სამყაროში, „ფირჩხილებივ ჯოხად იდგისავ“ (ფრჩხილები ჯოხებივით ჰქონდა). დემონური არსებები მაქციები არიან. მათ შეუძლიათ სხვადასხვა სახის მიღება, მათ შორის ნაცნობი ადამიანისაც, ხმასაც დაამსგავსებენ და ამით შეცდომაში შეჰყავთ მგზავრი, რომლის მონადირებასაც აპირებენ. ზოგჯერ ლამაზი, ოქროსფერთმიანი ქალის სახით ეჩვენებიან და მამაკაცებს სასიყვარულოდ იწვევენ. ასეთები არიან ტყის ალები, რომლებიც ხშირად ხვდებოდნენ დაგვიანებულ მგზავრებს. მის გარშემო გამართავდნენ ფერხულს და მღეროდნენ:

უმარილო შეჭამანდი ცეცხლზე გვითუხთუხებია

შენნაირი მოხუცები ბევრი გვიხტუნავებია.

თუ ადამიანი გონს არ კარგავდა, ძალას მოიკრებდა და ამღერდებოდა პასუხად:

წინდა მაცვია ეშისა, ქალამანი მაქვს მეშისა,

წმინდა გიორგიმ დასწყევლოს ფერხული ეშმაკებისა.

წმინდა გიორგის სახელზე ალები გაიფანტებოდნენ და ადამიანი მშვიდობით ბრუნდებოდა სახლში.

ავსულების სასიცოცხლო ძალა გრძელ თმებსა და ფრჩხილებშია. თუ ადამიანი მოახერხებდა ჭინკისთვის (ან ალისთვის) თმის ან ფრჩხილების დაჭრას, ის იმორჩილებდა კუდიანს და იმსახურებდა. ავსული ვერ ტოვებდა სახლს, რადგან ფრჩხილებისა და თმის გარეშე ვერსად წავიდოდა.

 

ჭინკა

ხალხში ამბობდნენ, რომ ჭინკა ორივე სქესისაა. მამრი პატარა ბიჭის სახით ჩნდება, ქალი ლამაზია, თეთრი სახითა და გრძელი თმებით, ოღონდ ორივეს სხეული ბალნით აქვს დაფარული. ისინი ადამიანებთან სასიყვარულო კავშირსაც ამყარებენ. ერთ კაცს დაუახლოვდა ჭინკა. ის ცოლს აღარ ეკარებოდა და ღამით ბეღელში წვებოდა, სადაც მისი საყვარელი მოდიოდა. ცოლი ჩაუსაფრდა. ჭინკა მიუწვა კაცს და მისი გრძელი თმები გადმოეკიდა მიწაზე (შდრ. ნადირობის ღვთაება დალს). როცა დაიძინა, ცოლი მიეპარა და ნაწნავები შეაჭრა. გაიღვიძა ჭინკამ და ძალიან შეწუხდა. იმდენი ქნა კაცმა, რომ აიძულა ცოლი, დაებრუნებინა ჭინკისთვის ნაწნავები.

სხვა გადმოცემით, ერთხელ ღამე კაცი მოდიოდა ცხენით და შემოუჯდა მამრი ჭინკა. კაცმა დაიჭირა და ცარიელ ქვევრში ჩაამწყვდია. ჭინკა ევედრებოდა, გამოეშვა, თან ჰპირდებოდა, რომ მისი ოჯახიდან არავის და არაფერს ავნებდა. კაცმა პირობა ჩამოართვა და სათითაოდ ჩამოუთვალა ოჯახის წევრები და საგნები. ჩამოთვლისას ცეცხლის ხსენება დაავიწყდა. გამოუშვა ჭინკა, რომელიც გაიქცა და შორიდან დაუძახა: „ყოველ კალანდას ცეცხლი გიქრებოდესო“. მართლაც, მათ ოჯახში ახალ წელს დილით შეშა ცუდად იწვოდა. თუ ჭინკა დაწყევლიდა ოჯახს, მათი საქმე ცუდად წავიდოდა.

სხვა ავსულებთან შედარებით ჭინკა თითქოს უფრო „პატარ-პატარა“ ზიანს აყენებს ადამიანს, მაგრამ თავისი შედეგით ეს ზიანი საკმაოდ მძიმეა. ჭინკას მსხვერპლი, როგორც წესი, ჭკუიდან იშლებოდა.

ხალხში იყო წარმოდგენა, რომ ჭინკები წელიწადის ერთსა და იმავე დროს ამოცვივდებიან და ხშირად მოაქვთ ცუდი ამინდი _ ქარი და წვიმა. იმერლების თქმით, ჭინკობის თვე ოქტომბერია. იტყოდნენ, ჭინკა სამ დღეს წყალშია, სამ დღეს _ მთაში, სამ დღეს _ ბარში. დედამიწაზე მოგზაურობის მეცხრე დღეს ისევ წყალში ამთავრებს, „მეცხრე დღეს წყალში მიაბეჭდავს“.

ჭინკობის წინა ღამეს სასიმინდეს და ბეღლებს გამოკეტავდნენ ან წალდს დაადებდნენ _ რკინას ჭინკა ვერ ეკარებაო. საერთოდ, ავსულებს ლითონის ეშინიათ, განსაკუთრებით ბასრპირიანი საგნების. ამიტომ ღამით მოსიარულე კაცებს ხანჯალი ქარქაშიდან ამოწეული ჰქონდათ ჭინკებისგან თავის დასაცავად. ხმალს ვერ გამოიყენებდნენ, რადგან ავსული ყუაზე დაჯდებოდა, ამიტომ ორლესულს ატარებდნენ.

ჭინკობისას სიმინდს არ გამოიტანდნენ, ნიორს ან ცერცვს არ დათესდნენ, რომ ჭინკას არ წაეღო. ბავშვს არ დაბანდნენ, ტანსაცმელს არ გაუჭრიდნენ. რამე თუ დარჩებოდათ გარეთ, ცეცხლზე გადაატარებდნენ. ჭურის თავზე ნაცარს დაყრიდნენ და ღვინით სავსე ჭიქას დადგამდნენ _ ჭინკა მოვა და დალევსო.

ჭინკა თმებს მალავს, რადგან ერთი ღერიც თუ ჩაუვარდა ადამიანს, მის მორჩილ მსახურად იქცევა და სხვათა შორის, არნახული სისწრაფითა და ბარაქიანობით ემსახურება ოჯახს.

ჭინკობის თვეში რაც არ უნდა გაეკეთებინათ, მისთვისაც უნდა ეწილადებინათ. თუ ქსოვდა ქალი, ჭინკისთვისაც უნდა მოექსოვა პატარა წინდა, თორემ მოვიდოდა და ეტყოდა: „წინდა მომე, წინდა, თორემ შენ შეგწვავ“.

სამეგრელოში იგივე წარმოდგენები აქვთ ჭინკებზე, ოღონდ აქ ისინი მოსავლის მეწილეები ან სიუხვის მომცემ-წამღებნი არ არიან. ჭინკების გაჩენის შესახებ იმერეთში ასეთი გადმოცემაა:

„ბევრი ბოვშები ყოლიენ ქალს, მოწყალეს ჩამოუვლია. დედამ მარტო სამი აჩვენა, დანარჩენები ძარაში (მოღობილი ადგილი) დამალა. მოწყალეს უთქვამს, ეგ სამი გაგიზარდოს ღმერთმა და ის დანარჩენი დაფარულები იყვნენ, კაცმა არ ნახოსო. გადუუძვრიენ ძარა და ეს ბოვშები ჭინკებად გამქრალა“.

თუ მშობიარე ქალს ბავშვი დაეღუპებოდა, იტყოდნენ, სხეულში ჭინკა ჰყავს და ის კლავსო (შდრ. ფუძის ანგელოზის მიერ ბავშვის გამოცვლას). ხალხის წარმოდგენით, ჭინკა ბავშვის ტანისაა და ტიტველია. ჭინკები ტყეში ცხოვრობენ, ასევე ღელეების ნაპირას და სხვადასხვა მივარდნილ ადგილებში. ადამიანს გზის პირას ხვდებიან და სახელს დაუძახებენ. ჭინკა ადამიანს იმასაც ეტყვის, თუ სად მიდის იგი, გულში რას ფიქრობს და ჯიბეში რა უდევს. თუ ადამიანი სახლში მარტო დაიგულა, ჭინკა იქაც შევა, მიუჯდება კერას და ადამიანს ესაუბრება, მაგრამ ცეცხლის ეშინია. თუ მუგუზალი მოუქნიეს, მაშინვე გაიქცევა.

ჭინკებს ბავშვური ხმა აქვთ და ტანითაც ბავშვებს ჰგვანან, თმა პატარა კავებად აქვთ დაწნული. სიარულის დროს პატარა შავი ტანისა და ხელ-ფეხის შეუფერებელი მოძრაობა ჭინკას სასაცილოს ხდის ადამიანის თვალში. ჭინკების მთავარი თვისებაა, ჭკუაზე შეშალონ მათ წრეში ჩავარდნილი ადამიანი. ჭინკები იჭერენ ტყეში ჯოგად მავალ ცხენებს, ასხდებიან კისერზე, ფაფარს გამოუნასკვავენ შიგ ფეხის გასაყოფად. მთელი საათობით დააჭენებენ, სანამ ცხენებს არაქათი არ გამოელევათ. ზოგჯერ კი ისე გაკადნიერდებიან, რომ თავლაში შეიპარებიან, იქიდან გამოჰყავთ ცხენი და გათენებამდე აჭენებენ აღმა-დაღმა. პატრონი გამონასკვული ფაფრით ხვდება, რომ მისი ცხენი ჭინკას უჭენებია.

ჭინკებს უყვართ ადამიანის გამასხარავება. უხარიათ, როცა ქვებს ესვრიან სახლების სახურავებზე და აკრთობენ მის ბინადართ. ხან სახურავიდან კერის გარშემო დამსხდარ ხალხს სიბინძურეს აყრიან. ყოფილა შემთხვევა, როცა გაბეზრებული გლეხი აყრილა ერთი ფუძიდან და უფრო დაცულ და უშიშარ ადგილას გადასახლებულა.

როგორც ითქვა, ჭინკებს ბავშვის ხმა აქვთ, ამიტომ ისე მშვენივრად აჯავრებენ ბავშვის ტირილს, რომ მავალ კაცს ეგონება, ადამიანის შვილი ჩარჩენიათ ტყეშიო. ძებნას რომ დაუწყებს, წააწყდება ჭინკების მთელ გროვას, რომლებიც მისცვივდებიან კაცს და მოუნდომებენ ცემასა და ჭკუიდან შეშლას.

ჭინკისთვის დამახასიათებელია გამოსკვნა, დაკირკატება. ამ ოინბაზობით აწვალებენ ადამიანს. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანს დილით უნახავს თავისი ცხენი დაწნული ძუით, მაგრამ ისე ჩახვეული, რომ ვერც კი გაუხსნია. საერთოდ დახვევა ჭინკეულისა და ქაჯების თვისებაა. ხევსურეთში ხვეული სახის ორნამენტიან ხმალს ქაჯისთმიანს უწოდებენ. თავად ქსოვის პროცესიც ერთგვარად ქაჯურ ბუნებას უკავშირდება. დამცავი ჯაჭვი ნაქსოვია და მას ქაჯი აკეთებს.

„ჯაჭვმა თქვა სამანქანურმა, ქაჯმა ამასხას თითითა“.

სიტყვა „დაკირკატება“ (ჩახვევა) და კრიმანჭულის მეორე სახელწოდება „კირკანტული“ ერთი ძირიდან მომდინარეობს. გურული ახალგაზრდები, ღამით რომ არ შეშინებულიყვნენ, მაშინ მღეროდნენ „კირკანტულს“.

სამეგრელოში ჭინკობას „ჭეჭეთობა“ ერქვა. „ჭიჭე“ პატარას ნიშნავს და იმ წარმოდგენიდან მომდინარეობს, რომ ჭინკა ზომით პატარაა. მიუხედავად იმისა, რომ ჭინკა გარესკნელის ბინადარია, ის სხვა ავსულებზე უფრო ხშირად ეტანება ადამიანს და უახლოვდება მის „შინა“ სამყაროს, თითქოს მართლაც ადამიანი იყო და მერე იქცა ჭინკად. სამეგრელოში ეშმაკეულს ასევე ეძახიან „მაზაკვალს“ ანუ მზაკვარს.

ქაჯი ასევე ქალის სახით წარმოედგინათ, გრძელი თმებით და საშინელი ღონით. მან საშინელი ყვირილი იცის, ცდილობს მამაკაცებთან ურთიერთობას. ერთ მხედარს შემოუჯდა ცხენზე, მაგრამ მან ჩუმად ამოიღო ხანჯალი (ორლესული) და დაჭრა. ეს კაცი ცხენმა გამოაქროლა სახლში, მაგრამ კარგა ხანს ენაჩავარდნილი იყო.

ხალხის წარმოდგენით, წელიწადში ერთხელ მზაკვრები ანუ ეშმაკეულები ყველა კუთხიდან მიდიან ტაბაკონას მთაზე თავიანთ უფროსთან _ როკაპთან და იმის ანგარიშს აბარებენ, თუ რა მავნებლობა ჩაიდინეს წლის განმავლობაში. ეს ხდება ჭეჭეთობის ანუ ჭინკობის დროს ივლისში ან აგვისტოში.

ამ დღეს სამეგრელოში დაბინდებისთანავე ემზადება მთელი სოფელი მზაკვრების დასახვედრად. ყველამ იცის, რომ ამ ღამეს მზაკვრები ტაბაკონაზე უნდა წავიდნენ როკაპთან ძღვენის მისართმევად. ვინც ამ ღამემდე ვერ მოასწრო ადამიანებისათვის ევნო რამე, ამ ღამეს მაინც ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რომ თავის უფროსს ხელცარიელი არ წარუდგეს და მისი წყრომა და რისხვა არ დაიმსახუროს.

სოფლელნი, თავის მხრივ, ცდილობდნენ, ამ ბრძოლიდან უვნებელნი გამოსულიყვნენ. ამისათვის ისინი მოჭრილ იელს გადააჯვარედინებდნენ ან სარზე დაამაგრებდნენ ჯვარს, ეკლის გვირგვინსაც წამოაცმევდნენ და თვალსაჩინო ადგილას მიწაში ჩაარჭობდნენ, რათა მზაკვარის თვალი პირველად ამას მოხვედროდა. ამით მის ჯადოქრობას ძალა ეკარგებოდა. თმებზე (ყურებთან ახლოს) სანთელს მიიკრავდნენ, კარების თავზე ნახშირით ჯვარს გამოსახავდნენ. იმ ღამეს არავის უნდა დაეძინა.

სოფლელები სასოფლო მოედანზე იკრიბებოდნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ. შუა მოედანზე დაანთებდნენ დიდ ცეცხლს და ყველა მისული გადაახტებოდა მას, რადგან ცეცხლის გამანადგურებელი ძალა სპობდა არაწმინდა არსებას და მის ბოროტ განზრახვას. ისროდნენ თოფებს, თან ყვიროდნენ: „შორს ჩემგან, მზაკვარო“. ამ რიტუალთანაა დაკავშირებული შელოცვის მსგავსად წარმოსათქმელი სიტყვიერი ფორმულა: „შენი სვი და შენი ჭამე, ჩემსას ჯვარი დამიწერე“.

ფიქრობდნენ, რომ მზაკვრებს სოფელში თანამოაზრეები და ხელშემწყობები ჰყავდათ. ასეთი ეჭვმიტანილები ზოგჯერ ძალიან უცემიათ, სახლ-კარი დაუწვავთ და მდინარეში ჩაუგდიათ. მიაჩნდათ, თუ მდინარე ჩაძირავდა, მაშინ უდანაშაულო იყო, ხოლო თუ ამოატივტივებდა, ეს ნიშნავდა მის ნამდვილ კუდიანობას. ასეთ ადამიანს დაღავდნენ და ჩაქოლავდნენ.

გაგრძელება: წყლის დედა

ქთევან სიხარულიძე; „კავკასიური მითოლოგია“; მე-6 თავი

წყარო: metaphora.ge

 


About Tamta

Scroll To Top