ვენერა კირჩხიბში (3-27 ივნისი, 2013)

ვენერა კირჩხიბში (3-27 ივნისი, 2013)

3 ივნისს ვენერა კირჩხიბში გადავიდა, რაც გააძლიერებს სიყვარულის, გაგების, ოჯახური სიტუაციების შექმნის სურვილს. ასევე – „ოჯახური სითბოს“ განცდას.

სანამ ვენერა ტყუპების ნიშანს გადიოდა, მეტად კომუნიკაბელურები, აქტიურები, ცნობისმოყვარეები ვიყავით. ამასთანავე – ფლირტის, გართობისა და ჩვენს გრძნობებზე ხმამაღლა საუბრისკენ მიდრეკილნი. ურთიერთობები ადვილად და სწრაფად, ზედმეტი ჩაძიების გარეშე ეწყობოდა.

ამჯერად კი შემდეგი თვისებების გააქტიურება ხდება: ემოციურობა, სითბო, სიყვარული, ზრუნვა, რომანტიულობა, მიკუთვნებულობა, ემოციური გაზიარება, ემპათია, დაცულობა (იმის დაცვა, რაც/ვინც გვიყვარს), წარსულის გახსენება, გემრიელი და ოჯახური საკვების მოთხოვნილება.

ფლირტის ნაცვლად ოჯახსა და ურთიერთობებზე სერიოზულად ვიფიქრებთ. წინა პლანზე იწევს შეყვარებულობის (გვინდა გვიყვარდეს და ვუყვარდეთ), პარტნიორზე ზრუნვის, მისი დაცვის მოთხოვნილება.

მეტად რომანტიულები, სენტიმენტალურები და მგრძნობიარეები ვხდებით. მიჯაჭვულობის სურვილი იმატებს. ემოციებისა და გრძნობების გაზიარება ან აქტიურ ფაზაში შედის, ან პირიქით – საკუთარ თავში ვიკეტებით. მიზეზი? დაუცველობის, უნდობლობის განცდა, ტკივილის მიღების შიში.

პარტნიორის მცირე ემოციური შეცვლაც კი მტკივნეულად აღიქმება. სასურველია სიტყვებს დავუფიქრდეთ და პარტნიორის გაგებაც ვეცადოთ. დატკბით სიყვარულით, ემოციური გაგებით, ცხოვრებით, სითბო გაეცით – მიიღეთ და წვრილმანებზე ნაკლები ყურადღება გაამახვილეთ. შესაძლოა ყველაფერი თქვენი განცდები იყოს. საყვარელი ადამიანის გაკრიტიკებას მოერიდეთ.

უახლოესი ერთი თვე მიდრეკილები ვიქნებით დანახარჯების შემცირების ან ოჯახისთვის მოხმარებისკენ.

ამ პერიოდში პირველი შეხვედრა ურთიერთობაზე ემოციურად მოქმედებს და პირდაპირ ოჯახის შექმნის სურვილში მარტივად გადაიზრდება. უარყოფითი კუთხით – შესაძლოა იმდენად რომანტიული მომავალი დაგვანახოს, რომ რეალობა ბოლომდე ვერ შევაფასოთ.

6 ივნისიდან – 9 ივნისამდე სასიყვარულო და სოციალური ურთიერთობების მხრივ სტაბილური და სასიკეთო პერიოდია. მოიმატებს სულიერი სიმშვიდე, წესრიგისა და სამართლიანობის განცდა. ასევე – მოვალეობის გრძნობა, განსაკუთრებით ოჯახისა და საყვარელი ადამიანების წინაშე. შესაძლოა პასუხისმგებლობაც ავიღოთ. გრძნობებისა და ემოციების ღიად აფიშირება ნაკლებად ხდება. თუმცა, მგრძნობიარეები ვხდებით და შეყვარებულობის ძლიერი მოთხოვნილება შესაძლოა გაგვიჩნდეს. ამ პერიოდში დაქორწინება ან ხელის თხოვნა – პასუხისმგებლობის დიდ გრძნობაზე მეტყველებს. კარგი პერიოდია: ინფორმაციის შეგროვებისთვის, სამეცნიერო კვლევისთვის (ინტუიციაც დაიხმარეთ), ოჯახური საქმეების გადასაწყვეტად, რომანტიული ურთიერთობისთვის, შეხვედრებისთვის, პრობლემების სამუდამოდ მოსაწესრიგებლად, ქველმოქმედებისთვის. განსაკუთრებით შემოქმედებით ადამიანებს გაუმართლებთ.

11-13 ივნისის პერიოდში მოერიდეთ ემოციურად და ცხელ გულზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რესურსების (ფული, ენერგია) ზედმეტ ხარჯვას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას, ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმებას, პარტნიორული ურთიერთობების გარკვევას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას (განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობებში). შესაძლოა გამოვლინდეს განწყობის ხშირი ცვალებადობა, იმპულსურობა, ფინანსური პრობლემები. 15 ივნისიდან ისევ ჰარმონიული პერიოდი იწყება.

19 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით სოციალურ ურთიერთობებში ემოციურობის ზრდაა მოსალოდნელი. მეტად ემოციურად მივიღებთ სხვების კრიტიკას, განსაკუთრებით თუ ეს ჩვენს გემოვნებას, ესთეტიურ აღქმას ან ნათქვამს ეხება. რთულ სიტუაციებში თქვენი „დამხმარე“ იუმორი იქნება. კარგი პერიოდია: და-ძმებთან და მეზობლებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, შემოქმედებითი და ლიტერატურული შესაძლებლობების გამოსავლენად, კომუნიკაციისთვის, მიმოწერისთვის, სწავლისთვის, საზოგადოების წინაშე გამოსვლისთვის.

 სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top