ვერძი და თხის რქა

ვერძი და თხის რქა

_მხოლოდ მხიარულებს, უმანკოებსა და უგულოებს შეუძლიათ ფრენა.

_რას ნიშნავს მხიარულებს,უმანკოებსა და უგულოებს?

მეც მინდა მხიარული, უმანკო და უგულო ვიყო.

სავსებით შესაძლებელია, რომ ეს მოწყენილი საყვედური „პიტერ პენიდან“, თხის რქის ბაგეებს მომწყდარიყო,რომელსაც შურს მხიარულად მოფარფატე ვერძის. თუმცა რაც შეეხება უგულობას,თხის რქას აქ ერთი-ორი ნიშანი თუ გაუწევს კონკურენციას.

ვერძის ეგოიზმი ბავშვის დაუფიქრებელი ეგოიზმია,რომელიც ცდილობს სასურველს ნებისმიერი მეთოდით მიაღწიოს,თუმცა მოგვიანებით ცხოვრება ასწავლის მარსიანული ენთუზიაზმის მორჯულებას. თხის რქის ეგოიზმი სულ სხვა თემაა_მას ბედთან შესახვედრად მიეჩქარება და ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ გზაზე. ის არ მოიხედავს უკან,რომ დაინტერესდეს,ხომ არ ჩამორჩა თანამგზავრი. და მაინც,ეგოიზმი ეგოიზმია.

რაც შეეხება მხიარულებასა და უმანკოებას,აქ თხის რქას მართლაც შესაშურად აქვს საქმე. სატურნიელები ნამდვილად არ არიან უდარდელი დარდიმანდები. აი,მხოლოდ წარმოიდგინეთ: ჰემფრი ბოგარტი,რომელიც მხიარულად გამოჰკრავს რევოლვერის ჩახმახს; ედგარ პო,რომელიც ხარხარით კითხულობს „ყვავს“ ან ჟანა დ’ არკი,რომელიც ხუმრობებად იღვრება… უმანკოებაც ასეთივე უცხო ხილია მათთვის. თხის რქები,ჯერ კიდევ აკვანში ყოფნისას,როდესაც დორბლით ბუშტებს ბერავენ და პაწაწინა ფაჩუჩებიან ფეხებს ჰაერში ასავსავებენ,სამყაროს წარბებქვეშიდან უყურებენ. ისინი დაბადებიდან დაჯილდოებულნი არიან სიბრძნისა და მოთმინების ულევი მარაგით,რასაც სხვები წლობით აგროვებენ.

როგორც ხედავთ,თხის რქას ძალიან მცირე შანსი აქვს ცხოვრებაში ვერძის მხიარულებითა და უმანკოებით იკუნტრუშოს. ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც,სანამ ე.წ. შუა ხნის  ასაკს არ გადააგორებს. მაშინ მისთვის დროის ბორბალი უკუღმა დატრიალდება და ვინ იცის,იქნებ ვერძზე მაღლაც აიჭრას. აი,რატომ მოსწონთ ვერძებს უფროსი ასაკის თხის რქები… ახალგაზრდები მათ უბრალოდ აცოფებენ.

ვერძი ადამიანებთან ურთიერთობას გრძნობების საფუძველზე იწყებს. თხის რქებს უფრო მიწიერი მოტივები ამოძრავებთ. მათ ძალიან სწყინთ ასტროლოგთა მტკიცება იმის შესახებ,რომ ეს ნიშანი ყველაზე ხშირად ქორწინდება ანგარებით,მაგრამ ასტროლოგები არც ისე სცოდავენ სიმართლესთან. თუმცა თხის რქებს მიაჩნიათ,რომ ეს ანგარება კი არა,წინდახედულებაა. ბოლოს და ბოლოს ისინი თავის მომავალ შვილებზე ზრუნავენ.

თხის რქისთვის საზარელი სიახლე იქნება,თუ მისი „ცოდვაში“ მცხოვრები მეგობრები ერთ დღესაც გამოუცხდებენ,რომ სამუშაოს მიტოვება და ევროპაში ველოსიპედებით მოგზაურობა გადაწყვიტეს ერთი-ორი წლით. შეიძლება ზოგიერთი თხის რქა მკითხველი შოკში ჩავარდეს,მაგრამ ჩვენ მერწყულის ეპოქაში შევდივართ და ქორწინებამდე თანაცხოვრება არც ისე იშვიათია. ადამიანებს არ სურთ იფიქრონ,როგორ გამოკვებონ ჯერ უშობელი შვილები,სანამ არ დარწმუნდებიან,რომ საკმარისად დიდ ხანს შეძლებენ ერთმანეთის ატანას. თუ არაფერი გამოუვიდათ,გაცილებით ბრძნული იქნება მეგობრულად დაშორდნენ.

რას ფიქრობს თავქარიან წყვილზე ვერძი? „თუ ამ ორს ერთმანეთი მართლა უყვარს,_აანალიზებს რომანტიული ვერძი_მაშინ მათ უნდა იცოდნენ,რომ ეს სამუდამოა. მაშინ რატომ არ დაქორწინდებიან?“

თხის რქის რეაქციაც ასეთივე გულისამაჩუყებელად რომანტიულია: „თუ ამ ორს ერთმანეთი მართლა უყვარს,უნდა იცოდნენ,რომ ეს სამუდამოა. და რატომ არ დაქორწინდებიან?

მაგრამ მათი ერთსულოვნება ხანმოკლეა. მას შემდეგ,რაც თხის რქა შოკიდან გამოვა და კარგად გაიაზრებს სიახლეს,ის აღიარებს,რომ გრძნობების სიმყარეზე შემოწმება არც ისე სულელური პრაქტიკაა. თხის რქა თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე რეალისტია და მისი მორალი არ უპირისპირდება მის პრაქტიკულობას.

ფლერდორანჟი და მორალური პრობლემები გვერდზე გადავდოთ. თხის რქას აინტერესებს,ვინ გადაიხდის ბინის არენდას? აღმოჩნდება,რომ გოგო. მისი ბიჭი პოეტობაზე ოცნებობს; ამიტომ ორივეს შენახვა დროებით გოგონას მოუწევს. ვერძი ამაში ვერაფერ უცნაურს ვერ ხედავს. მაგრამ თხის რქა შეშფოთდება. ალბათ,იმ გოგოს რჩევასაც მისცემს:“უთხარი ლექსები დაივიწყოს და პურის ფული მაინც გამოიმუშაოს… ან დაშორდი“.

თხის რქებს ყოველთვის სწყინთ,როდესაც ვერძები მათ ამბიციურობაში ადანაშაულებენ. მათ ჰგონიათ,ამ ამბავს ცხრა კლიტული ადევს და საგულდაგულოდ იმალება. ამბიციურები არიან? დიახაც,არიან!

არის სხვა სატურნული თვისებები,რომელსაც თხის რქები უხალისოდ აღიარებენ. მაგალითად,პესიმიზმი; სოციალური კიბის უმაღლესს საფეხურზე ასვლის სურვილი; კონფორმიზმი; ტრადიციების,ოჯახის,კანონის,წესრიგისა და ძალაუფლების ნებისმიერი ფორმისადმი ბრმად მორჩილება. (გაიხსენეთ ედგარ ჰუვერი,რომელიც სამაგალითო თხის რქა იყო).

ვერძებიც პატივმოყვარეები არიან,მაგრამ სულაც არ მალავენ ამას. პესიმიზმის ნაცვლად,ღრმა ოპტიმიზმის შემოტევები აქვთ. მათი უმეტესობა სოციალურ კიბეს და მიზანსწრაფვას ერთმანეთისგან ვერც არჩევს და სიხარულით დაკუნტრუშებს,როდესაც მმართველ წრეებს გამოწვევას უცხადებს. ისინი არ თვლიან თავს ვალდებულად პატივი სცენ ხელისუფლებას; ბრმად კი მხოლოდ საკუთარ იდეებსა და სურვილებს ემორჩილებიან.

მე თვითონ ვერძი ვარ და ქვემოთ მოყვანილს უხალისოდ ვაღიარებ. იყოს,რაც არის! ეს დაგვეხმარება გაიგოთ ამ ორი მზის ნიშნის ურთიერთობა… მოკლედ,ჩემი ქალიშვილი ჯილი თხის რქაა. ის თავისი დაბადების დღიდან დედამისზე ბრძენია,მშვიდი და პრაქტიკული. უკვე ვთქვი,რომ ჩემზე ფრთხილიც არის? დიახ,ჩემზე ფრთხილია და ყოველთვის უიმედოდ მართალია. საკმაოდ ადრეული ასაკიდან დავიწყე მისი წაყვანა საშობაო საყიდლებზე. ჩვენ ეს პატარა სადღესასწაულო ტრადიცია მაშინ შემოვიღეთ,როდესაც თხის რქას მხოლოდ რვა წელი შეუსრულდა. მანამდე ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა ისეთი შობა,რომ ფული არ დამვიწყებოდა და ამას მხოლოდ ავტოსადგომზე,გატენილ ლიფტში  ან სახლში აღმოვაჩენდი. ბოლოს გადავწყვიტე,რომ ძალიან ხშირად ვაწუხებ წმინდა ანტონიას(რომელიც,როგორც ცნობილია,დაკარგულ ნივთებს აბრუნებს) და ეს მისია ჩემს პატარა თხის რქას დავაკისრე. მას მერე მსგავსი რამ აღარ მომხდარა და სიამოვნებით ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას ყველა ვერძ მშობელს,რომელსაც საშობაო საჩუქრად განგებამ თხის რქა შვილები აჩუქა (თუმცა ისინი ნებისმიერ სეზონზე კარგები არიან).

ჩემი პირველი წიგნის „მზის ნიშნების“ გამომცემელმა ბობს ფინქერთონმა ერთხელ დაიფიცა,რომ ატიპური თხის რქაა,რადგან გიჟდება მყვირალა ფერებზე. საკმაოდ საეჭვო განაცხადად მომეჩვენა,თუმცა რადგან მთვარე ჰყავს მშვილდოსანში,შეიძლება ძალიანაც უნდოდა,რომ ასე ყოფილიყო. დავნიძლავდით მცირე თანხაზე (თხის რქა არასოდეს ჩამოდის მსხვილ ფსონს) და მაშინვე მის გარდერობს დავეტაკე. ვერაფერი აღმოვაჩინე შავი,მუქი ლურჯი,მუქი მწვანე და ყავისფერი ტანსაცმლის გარდა. მაშინ ბობსმა გამარჯვებული სახით გამომითრია სრულიად ველური ყვითელი ფერის კომბინიზონი,ქაღალდში აკურატულად შეფუთული და ნაფტალინის სუნით გაჟღენთილი.  მკაცრი მარსიანული მზერა თვალებში გავუყარე და აწითლებული ბობსი გამომიტყდა:“მხოლოდ სახლში მაცვია,მაგრამ ისეთი იაფი ღირდა…“ და რადგანაც ტიპური და პატიოსანი თხის რქა იყო,ულაპარაკოდ მომცა თოთხმეტი ცენტი,რომელიც დამსახურებულად მოვიგე.

თხის რქებს არაჩვეულებრივი თვისებები აქვთ: მიუკერძოებლად უყურონ ფაქტებს სახეში,იმუშაონ საკუთარ ნაკლოვანებებზე და საუკეთესოდ გამოიყენონ ღირსებები. ვერძთა უმეტესობას არ აწყენდა ამ მხრივ მათთვის მიებაძა.

ჰო,კომბინიზონებსა და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. ბობსი ამტკიცებს,რომ მისი თვრამეტი წლის მეზობელი თხის რქა მოკლე ქვედაბოლოებს და მკაცრ ბლუზებს ატარებს,მაღალი ყელითა და გრძელი სახელოებით. „ნუ…_ამბობს ჩაფიქრებული ბობსი_ფეხები ყველაზე დიდხანს ინახება ფორმაში“. ასე რომ,თუ თქვენ თხის რქა ქალები ძველმოდური ბებოები გგონიათ,ძალიან ცდებით.

არც თხის რქა მამაკაცები აღმოჩნდებიან ყოველთვის ისეთი წესიერი და თავაზიანი არსებები,როგორც შეიძლება თავიდან იფიქროთ.  არ არიან რა,ვერძივით ჭარბი იდელიზმით დამძიმებულნი,შეიძლება ზოგჯერ ტლინკებიც გითავაზონ. თუმცა უმეტესად თხის რქები კონსერვატულად იქცევიან,ყოველ შემთხვევაში,ხალხში მაინც.

ვერძები ხშირად ადანაშაულებენ თხის რქებს გულქვაობაში,მაგრამ ეს არც ისე სამართლიანია. უბრალოდ ისინი ეკონომიურად გასცემენ სინაზესა და თანაგრძნობას,რომელსაც მათთვის ინახავენ,ვინც ამის ღირსად მიაჩნიათ.

ვერძისა და თხის რქის თანამშრომლობა შეიძლება ნაყოფიერიც იყოს,თუ ერთამენთს შუბლით არ შეასკდნენ. წარმოიდგინეთ მთის თხა,რომელიც გრაციოზულად დახტის კლდიდან კლდეზე და მხოლოდ აქა-იქ შემორჩენილი გამხმარი ბალახიც ჰყოფნის. ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს მის ნელ,მაგრამ მტკიცე სვლას სიმართლის,სიბრძნისა და სამართლიანობის მწვერვალისკენ. აი,ახლა წარმოიდგინეთ ჯიუტი ცხვარი,რომელიც წვნიან ბალახს წიწკნის. სალი კლდეები მისთვის არ არის. აყვავებული მდელო ბევრად უკეთესია!

თხის რქისთვის მთის მწვერვალი ერთადერთი ადგილია,სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობს. ვერძი,რომელიც ასეთ სიმაღლეებს მიაღწევს,თავს უსაშველოდ მარტოდ იგრძნობს.

 

 

ვერძი მამაკაცი და თხის რქა ქალი

ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი

 

 

 

თავიდან ბოლომდე მასზე ბრძენი იყო.

ის ისეთი სახით ამბობდა

„პროცენტები იზრდება“ ან „აქციების ფასი ეცემა“,

რომ ყველა პატივისცემით იმსჭვალებოდა.

 

ვერძი მამაკაცისა და თხის რქა ქალის ურთიერთობა დიდწილად დამოკიდებულია თხის რქის ასაკზე. თუ ჯერ ოცდაათისთვის არ გადაუბიჯებია,მაშინ ვერძს_ამ თავზეხელაღებულ უხეშ ტიპს და გამოქვაბულის ადამიანს არ მიიღებენ. სიმართლე რომ ვთქვათ,თხის რქასაც მცირე შანსი აქვს,რომ ვერძის სიმპათიები დაიმსახუროს. შეიძლება ვიღაცას მოსწონს კიდეც სერიოზული და ბუზღუნა შინაბერები,მაგრამ ვერძს არა.

თუ თხის რქამ ოცდაათს გადააბიჯა,ვერძს შეიძლება ძალიან სახალისოდაც კი ეჩვენოს. მას აღაფთოვანებს ის ენთუზიაზმი,რომლითაც თხის რქა ყველაზე და ყველაფერზე მსჯელობს: ფსიქოლოგიით დაწყებული,ეკოლოგიით დამთავრებული. მათ იმდენი საერთო აქვთ!.. სამწუხაროდ,ეს შეცდომაა. სატურნი კვლავ მთელი ძალაუფლებით განაგებს თხის რქას და ვერაფერი გადაწონის და ვერ გადაწევს უკანა პლანზე მის მთავარ სასიცოცხლო აუცილებლობას_უსაფრთხოებას. ვერაფერი გაზომავს თხის რქის პატივისცემას წარმატებისა და სოლიდური საბანკო ანგარიშისადმი. გამარჯვება შარავანდედად ციმციმებს მათ თავზე და მკვეთრად ილანდება სიარულის მანერასა და მიხვრა-მოხვრაში. მაგრამ ვერძი ყოველთვის დაუდევარია ფულად საკითხებში,ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც,სანამ ოცდაათს არ გადააბიჯებს. ვგონებ,მათი შეხვედრა ზუსტად,რომ დროულია.

თხის რქა ქალი ინსტინქტურად მიიწევს მათკენ,ვინც მწვერვალზეა. ანგარება? არა,პასუხისმგებლობის განვითარებული გრძნობა… მაგრამ ვერძს ეს ნერვებს უშლის_სიფრთხილისა და კეთილგონიერების სუნი ტრიალებს. ეს ორი სიტყვა კი მისთვის მარსიანული ენთუზიაზმის სასტიკ დათრგუნვასთან ასოცირდება.

აი,რატომ არის სამსახურებრივი რომანები მათ შორის დიდი იშვიათობა. ვერძი უფროსი წამსვე გრძნობს,რომ მისი ქვეშევრდომი თხის რქა ნამდვილი განძია; უნარიანი და მცოდნე მუშაკი,ხუმრობაც ეხერხება და საშინლად სექსუალურია (თუმცა ამ უკანასკნელს მალავს). მის მარსიანულ ეგოს დიდად სიამოვნებს,რომ თხის რქამ,ყველა სიკეთესთან ერთად,“თავისი ადგილიც იცის“. შემდეგ ის აღმოაჩენს,რომ ეს ქვეშ-ქვეშა ქალი შეუმჩნევლად სწავლობს ყველაფერს. ალბათ,მისი ადგილის დაკავება უნდა. ვერძს შეეშინდება და დაუყოვნებლივ გააგდებს ინტრიგანს. სამწუხაროა ასეთი კადრის გაშვება,მაგრამ რა ქნას? ძალიან პატივმოყვარე ქალია.

როდესაც თხის და ვერძი არ ქიშპობენ,შეიძლება ძალიან საინტერესო წყვილი შექმნან. ბრწყინვალე და ბრდღვიალა არა,მაგრამ საინტერესო. მე უკვე აღვნიშნე,რომ თხის რქის სიმბოლო მთის თხაა. მაგრამ არის მეორე სიმბოლოც: ორსახა იანუსი,რომლის ერთი სახეც წარსულისკენაა მიმართული,მეორე_მომავლისკენ. წარსულთან გადაჯაჭვულ თხის რქა ქალზე მხოლოდ ღირსეული გენეოლოგიის ჩამომავალი მოახდენს შთაბეჭდილებას. თავის თავს  ასეთ მკაცრ მოთხოვნებს არ უყენებს. თხის რქები თვითონ არიან საკუთარი თავის წინაპრები.

თუმცა თხის რქა ქალი ხშირად ერთვება აბსოლუტურად აუტანელ სასიყვარულო ისტორიებში და ამას თავისი მიზეზები აქვს: გულის სიღრმეში ის თავს აუტანელ ადამიანად თვლის და ამიტომაც ეძებს აუტანელ სიყვარულს,საკუთარი თავის დასჯის მიზნით. აუტანელი კავშირი აუტანელი ადამიანისთვის. სინამდვილეში მასში იმაზე მეტი სითბო და ხიბლია,ვიდრე აცნობიერებს.

ვერძმა უნდა დაარწმუნოს ეს „აუტანელი ქმნილება“,რომ ის სასურველი ქალია. იდეალიზმისკენ მიდრეკილი ვერძისთვის გაცილებით ადვილია მისი კვარცხლბეკზე აღზევება,ვიდრე სხვა ნიშნის მამაკაცებისთვის. მას ასევე უპრობლემოდ შეუძლია თხის რქის თვითგვემა გადააქციოს საკუთარი სექსუალობით სიამაყეში. მაგრამ ამ პატარა სასწაულის შემდეგაც,თხის რქა მაშინვე არ ჩაიკრავს გულში. მათ შორის შეიძლება მისი ოჯახი ჩადგეს.

ოჯახის ვერდიქტი გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამას გარდა,თხის რქის რჩეულს ყოველთვის უწევს მის ოჯახზე მზრუნველობის გაზიარება. შეიძლება მის ნათესავებთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაც მოუხდეს. თუ ვერძმა გაჭირვებული ოჯახი ან ნათესავები მიატოვებინა,თხის რქა მასაც გააწამებს და საკუთარ თავსაც. დამეთანხმეთ,რომ საკმაოდ უსიამოვნოა სასიყვარულო აქტი იმ ქალთან,რომელსაც მუდმივად სინდისი ქენჯნის და სევდა ტანჯავს. განსაკუთრებით ვერძისთვის,რომელსაც სურს,რომ მთელმა სამყარომ მის გარშემო იტრიალოს.

რადგან სიტყვა სიყვარულსა და მის გამოხატვაზე მიდგა,უნდა გაგაფრთხილოთ,რომ თხის რქა ქალი ხშირად მალავს საკუთარ ვნებებს ცივი გულგრილობის ნიღბით. მას შეუძლია საკუთარი ფიზიკური ლტოლვის მართვა,რადგან ეშინია ყვავილებს შორის ბზიკს არ წააწყდეს. გონების ხმა ცდილობს დათრგუნოს სხეულის ძახილი. ასე იბადება იმედგაცრუება,რომელიც გადადის ყველაზე უცნაურ ფორმებში: გაბატონების სურვილში,მომხვეჭელობაში,ექსცენტრულობასა და გაღიზიანებაში. ჰო,თხის რქა იმის მტკიცებასაც მოჰყვება,რომ მარტოობა მისი გამორჩეული სულიერების ნიშანია.

მამაკაცურ ვერძს არ შეეშინდება გულგრილობის ყინულოვანი ნიღაბი ჩამოჰგლიჯოს მას,თუ რა თქმა უნდა მიხვდა,რომ ეს მხოლოდ ნიღაბია და ხმალი უბრძოლველად არ ჩააგო ქარქაშში… და თუ თხის რქის სიცივე მის თავდაჯერებას არ შეარყევს. ვერძს გული უხტება საგულედან,შეიძლება სასოწარკვეთილებამდეც კი მივიდეს. თხის რქა ხომ შეურაცხმყოფლად აუღელვებელია და ამაღელვებლად მშვიდი!

აქაც,ისევე როგორც თხის რქა მამაკაცისა და ვერძი ქალის შემთხვევაში,ყველაფერი დამოკიდებულია მზეებსა და მთვარეებზე. თუ წყვილის სინატრიულ ჰოროსკოპში მნათობთა განლაგება ჰარმონიულია,ვერძი სატურნის რუხ ტყვიებს,სიყვარულის ალქიმიით,მარსის მბრწყინავ ალმასებად გადააქცევს. წინააღმდეგ შემთხვევაში,შემდეგ ინკარნაციაში შეხვედრას უნდა დაელოდონ.

თხის რქებს ყოველთვის ახსოვთ საკუთარი მიზნები და საშინლად აღიზიანებთ ნებისმიერი მოულოდნელი შეჭრა კარგად ორგანიზებულ სამომავლო გეგმებში,თქვენ წარმოიდგინეთ სიყვარულისაც კი. გაბრაზებულ თხის რქასთან შეხლა-შემოხლა კი სასიამოვნო ნამდვილად არ არის. თხის რქა ქალს რკინის ნერვები,ქორისებრი მზერა და იობის მოთმინება აქვთ. მაგრამ დაე,ვერძი ნუ შეშინდება_ თავდაჭერილობა მხოლოდ ჯაჭვია,რომელიც მის სულს აბამს,რომ ზედმეტად მაღლა არ აფრინდეს. მთელი მისი გარეგნობა  თითქოს ამბობს: “ძალიანაც ნუ მომიახლოვდები!“,მაგრამ თხის რქის  ფრთხილი მე ჩუმად ჩურჩულებს:“რა კარგი იქნება,რომ მომიახლოვდე,მაგრამ ვინ მეტყვის,რომ მარტო ჩემი საიმედოობა კი არ გჭირდება,ქალურობასაც ამჩნევ?“ ყური უგდეთ მის მდუმარე ვედრებას. დიახ,ეს ქალი არ შეგამკობთ გაცხარებული რომანტიული სიტყვებით,მაგრამ მისი ნაზი და იდუმალი ღიმილი მართლაც ძვირად ფასობს.

ეს ვერძი მართლაც ძალიან იღბლიანია. როგორი მშვენიერიც არ უნდა იყოს თხის რქა ახლა,წლებთან ერთად სატურნი კიდევ უფრო გაალამაზებს. ეს პლანეტა მკაცრად აკონტროლებს გრძნობებს და არადროს იტყუება. თხის რქა ქალიც არადროს ტეხს თავის სიტყვას. როგორც იქნა,ვერძმა სიყვარული იპოვა,რომელსაც შეუძლია ენდოს,გულში წლობით შეინახოს და მისი წყალობით საკუთარ ეგოიზმსაც კი გაუმკლავდეს.

 

 

ვერძი ქალი და თხის რქა მამაკაცი

Celine Dion & René Angélil

 

 

 

_გინდა მეც გაჩუქებ კოცნას?_უთხრა პიტერმა.

ვენდი ოდნავ დაიხარა მისკენ: _შენ თუ გინდა…

პიტერმა ქურთუკიდან რკო მოიძრო,

რომელიც ღილად ემსახურებოდა და ვენდის გაუწოდა.

_მადლობა. შენს კოცნას ყელსაბამზე ვატარებ.

 

თხის რქა ხმაურიან საზოგადოებაშიც მარტოდ გამოიყურება. ეს წამსვე ეხება ვერძი გოგონას გულს. ამ სენტიმენტალური ეგოცეტრიკისთვის მისი მარტოობის მიზეზი სრულიად თვალსაჩინოა:არავინ გამოჩნდა ისეთი,ვინც მას აჩვენებდა,რა მშვენიერია ცხოვრება… და წამსვე საქმეს შეუდგება. ვერძები ვერ იტანენ მიკიბვ-მოკიბვას.

თუმცა თხის რქა მამაკაცმა შეიძლება აღტაცებული მოლოდინი გაუცრუოს. თუ ცეცხლოვანმა მარსიანულმა ენერგიამ დაუყოვლებლივ ვერ დაადნო გულგრილობის ყინული,ვერძი მას მოსაწყენ და ცივ ადამიანად ჩათვლის. რატომ უნდა დახარჯოს დრო ამ დაღვრემილ კარიერისტზე,რომელიც ნაბიჯსაც არ გადადგამს თავისი სათაყვანებელი ოჯახის უნებართვოდ,გარე ბებიებისა და გარე ბიძაშვილ-მამიდაშვილების ჩათვლით? განა ასეთი თავს დაკარგავს? ქორწინებაზე ლაპარაკიც ზედმეტია_ის უკვე დაქორწინებულია თავის სამსახურზე,ამბიციებსა და ნათესავებზე.

სწორედ ასე შეიძლება დასრულდეს არდაწყებული ურთიერთობა,რომელიც ორივეს ბევრს მისცემდა. ვერძი ზედმეტად სულსწრაფია,რომ თხის რქის გაუცხოების ქერქში ნაპრალები ეძებოს. როგორც სჩანს,ის მართლა ტკბება სამყაროსგან გაუცხოებით და სილამაზეს ვერც შეამჩნევს,სულ რომ თავზე დაეცეს_თვლის ვერძი და დასკვნებში ნამდვილად ჩქარობს.

თხის რქები აფასებენ სილამაზეს. მართალია,არასოდეს გამოტყდებიან,როგორ ხატავდნენ ბავშვობაში და საათობით უსმენდნენ მუსიკას,როდესაც ვერავინ ხედავდა. თუმცა ეს იქამდე იყო,სანამ ციხე-სიმაგრის შენებას დაიწყებდა,რომ შეშლილი სამყაროსგან თავი დაეცვა. ის არასდროს გამოტყდება…სანამ არ დაიჯერებს,რომ ვერძს მართლა უყვარს.

რა ქნას,როგორ გაეხსნას,როგორ მიანიშნოს,რომ მისი მორცხვი,სასაცილო თხის რქული გულის სიღრმეში ოცნება ბუდობს,როგორც ულამაზესი მარგალიტი მუქ ნიჟარაში? თუ ვერძისთვის სახალისო გამორჩეულზე საინტერესოა,მაშინ თხის რქას ის არ სჭირდება. თუმცა ის მართლა ელოდა,რომ ვერძი მოვიდოდა და ცისარტყელას ხატვას ასწავლიდა. მათ ყველაფერი გამოუვიდოდათ,მაგრამ ვერძი ოდნავ უცერემონიო გამოდგა,თხის რქა კი ვერ იტანს უდარდელობასა და სილაღეს. ის მათი რიცხვიდან არ არის,ვინც თვალდახუჭული ხტება.

წარმოვიდგინოთ,რომ თხის რქამ და ვერძმა უკვე გადალახეს განსხვავების უფსკრული. რა იქნება მერე? მათი ცხოვრებისეული შეხედულებებიც მკვეთრად განსხვავებულია. თხის რქა ეცდება არ შეიმჩნიოს ის,რის გადალახვასაც ცდილობს ვერძი.

მაგალითად,თხის რქამ მუხლი დაიზიანა და მინიმუმ სამი კვირა სიარული არ შეუძლია. (თხის რქები ხშირად იტანჯებიან ძვლების მოტეხილობებით,მუხლების დაზიანებით,ართრიტის შემოტევებით და კბილის ტკივილით. დანარჩენ შემთხვევაში,მათ მშვენიერი ჯანმრთელობა აქვთ). ამ სამწუხარო გარემოებამ ჯვარი დაასვა მთებში დასვენებას,რომელსაც ამდენი ხანი ელოდებოდნენ.

ვერძი: ისე ვწუხვარ, რომ ვერ წამოხვალ, საყვარელო. მაგრამ წინააღმეგი ხომ არ იქნები, მე რომ წავიდე?

თხის რქა: იცი ვინ ხარ? ეგოისტი!

ვერძი: აბა, აქ ვიჯდე და შენი ხელი მეკავოს? ამ უქმეებს მთელი წელი ველოდი. მაშინ ეცადე და წამოდი. უბრალოდ არ ისრიალებ და მორჩა.

თხის რქა: დამცინი? როგორ წამოვიდე ასეთ მდგომარეობაში? რომ გიყვარდე, აქ დარჩებოდი.

ვერძი: იცი ვინ ხარ? ეგოისტი!

 სიმართლე რომ ვთქვათ, ორივე მართალია, ორივე ეგოისტია. კიდევ ერთი სიტუაციაც ანალიზისთვის: ვერძი დროებით ფინანსურ კრიზისშია და თხის რქისგან ფულს ისესხებს მანქანის შესაკეთებლად. რატომაც არა? მათ უყვართ ერთმანეთი. თხის რქა უბრალოდ არაჩვეულებრივია, ყოველგვარი თხოვნა-ხვეწნის გარეშე ასესხა ფული. გადის რამდენიმე თვე. ვერძს კი ფული არ დაუბრუნებია. გაერთო და დაავიწყდა. თხის რქამ რბილად შეახსენა, მაგრამ ვერძი მის სიტყვებს სერიოზულად არ აღიქვამს. თუმცა მისთვის საჩუქრები არ დაუნანებია: ძვირფასი ტელევიზორი და აბრეშუმის კიმანო შობაზე, ოქროს საათი და სენბერნარის ლეკვი დაბადების დღეზე. თხის რქა ძალიან გულაჩუყებული და მადლიერია მისი ხელგაშლილობით, მაგრამ არც იმდენად, რომ არაოფიციალური წერილობითი მიმართვა არ გაუგზავნოს (ზოგიერთ თხის რქას შეუძლია ამ ხნის განმავლობაში პროცენტით გაზრდილი რამდენიმე დოლარიც მოუმატოს ძირითად თანხას. სრული სერიოზულობით!). აი, მაშინ მარსიანული ფეირვერკი სიყვარულს ფანჯრიდან მოისვრის.

ვერძი: როგორ ბედავს ჩვენს ურთიერთობას ფინანსური სარჩული დაუდოს?

თხის რქა: როგორ ბედავს, რომ ჩვენს ურთიერთობის შეურაცხყოფას, ვალდებულებების უპატივცემულობით?

და ბახ-ბუხ!

მათი ფიზიკური ჰარმონიისკენ მიმავალი გზაც ასეთივე ციცაბოა,რადგან მიწა და ცეცხლი რთულად შეთავსებადია. სახლისა და მუდმივობის მარადიული ტყვე თხის რქა სრულ მარტოობაში იდარდებს გარდასულ სიყვარულზე,ვიდრე ხანმოკლე ვნებების ალში გადაეშვება. ვერძი გარისკავს,ისევ დაიწვას,მაგრამ უბრძოლველად ის არ დანებდება. ამიტომ,როგორც წესი,სწორედ ვერძი ქალი დგამს პირველ ნაბიჯს შესარიგებლად,ისევე როგორც გასაცნობად. თუ ვარსკვლავები წყალობენ(და თხის რქა არ შეშინდება),მისი ვნება ძლიერი და საოცრად ღრმა აღმოჩნდება.

ამ ორის ერთად შეყრა მხოლოდ სასწაულს შეუძლია. ასეთებიც ხდება,თუ თხის რქას ცეცხლის ან ჰაერის მთვარე ჰყავს(სასწორის გამოკლებით), ვერძს კი მიწის ან წყლის მთვარე (კირჩხიბის გამოკლებით). მაშინ სხვაობა, რისი უარყოფაც უბრალოდ წარმოუდგენელია, უფრო მიიზიდავს, ვიდრე განიზიდავს. ვერძი, იმის მაგივრად, რომ წყობიდან გამოვიდეს მისი სიფრთხილის, თავდაჭერილობისა და კონსერვატიზმის გამო, დააფასებს ამ თვისებებს.  არც თხის რქა დააფრთხება ვერძის ენერგიული შემართებით.

მზე-მთვარეების ჰარმონიული შეთავსებისას, სიყვარული ვერძსა და თხის რქას შორის შეიძლება ღრმა და ხანგრძლივი იყოს, მაგრამ თუ მათი მნათობები ოპოზიციურ ან კვადრატულ ასპექტში იმყოფებიან, მაშინ ან მუდმივად რქებით შეასკდებიან ერთმანეთს ან იმდენად მოსწყინდებათ ერთად, რომ დაუნანებლად დაშორდებიან.

პოზიციების მიუხედავად, ყოველთვის არსებობს იმის საფრთხე, რომ თხის რქის უნდობი თავშეკავება თავიდანვე გააგრილებს ვერძის რომანტიულ მხიარულებას და ისინი ვერასოდეს გაიგებენ, რა იქნებოდა… კინოში რომ ხელჩაკიდებულებს ევლოთ და უბრალო მზერით ერთმანეთისთვის ღვთიური ნეტარება ეჩუქებინათ… რომელიც აღარ იქნება.

თხის რქა მამაკაცი და ვერძი ქალიც არ არიან დაზღვეულნი შეყვარებული ადამიანების საერთო შეცდომისგან_საკუთარი სიყვარულით შეპყრობილებმა სამყაროს ვარდისფერი სათვალით უცქირონ.  შემდეგ კი,როდესაც პირველი ეიფორია გადადის,ადამიანები ცდილობენ,ის თვისებები ამოძირკვონ ერთმანეთში,რისთვისაც შეიყვარეს რჩეული.

თხის რქას აღაფრთოვანებს ვერძის ოპტიმიზმი და შემართება,მისი უდარდელობაც კი მომაჯადოებელია. მას ეღიმება ვერძის მფლანგველობაზე და თავშეკავებულად იცინის მის გრამატიკულ შეცდომებზე. მაგრამ შემდეგ… შემდეგ ის ცდილობს მისი ინდივიდუალობა გადაადნოს და ჩვეულებრივი,მისაღები ფორმა მისცეს. ნურას უკაცრავად!

ვერძი აღფრთოვანებულია თხის რქის ჩუმი ძალით,მას ძლიერ აინტრიგებს და აღელვებს ეს მდუმარე მამაკაცი. მისი მოთმინება ამშვიდებს,გული უფრო ძლიერ ფეთქავს,როდესაც ის ყოველდღიური ურთიერთობის მოახლოებას გრძნობს ამ მშვიდ,თავისებური იუმორით სავსე,ბრძენ და მტკიცე ადამიანთან. შემდეგ…შემდეგ ყველაფერი ის,რაც ოდესღაც მასში აღაფრთოვანებდა,რატომღაც თრგუნავს.  ვერძი ცდილობს მისი სიფრთხილე დაძლიოს. რა ნეტარებაა ზაფხულის წვიმაში სირბილი და სველი ყვავილების ტკბილი სურნელი… მაგრამ ეს მუდო ცხვირსაც არ გამოჰყოფს ქოლგიდან!

თხის რქას არ ესმის ის აღტაცება,რომლითაც ვერძი ცხოვრების საქანელაზე ქანაობს. ვერძს უყვარს ხმამაღალი მუსიკა მოედანზე და ქარი,რომელიც თმებს უწეწავს.  უკვირს,რატომ კეტავს თხის რქა თავის გულს ბოქლომით. უსაფრთხოებისთვის? მაგრამ გულში არაფერია ისეთი,რისი მოპარვაც შეიძლება_მხოლოდ ის,რასაც პატრონი თვითონ გასცემს.

მაშინ მათი გზები გაიყრება და განვლილი მელოდია დიდხანს აეკვიატებათ. ვერძი დრამატულად გამოიტირებს თავის დარდს,რომელიც თანდათან გაქრება,თუმცა შეიძლება მწარე გემოც დაუტოვოს. ვერძი არ აჩვენებს თავის ტკივილს. რატომ? ვერძები ამაყები არიან,თხის რქა კი ისეთი ცივია და გაუცხოებული,ძლივს ესალმება შეხვედრისას. როგორც მაშინ,ხმაურიანი ქუჩის კუთხეში რომ შეხვდნენ. მათ უბრალოდ ხელი დაუქნიეს ერთმანეთს,თხის რქას არც გაუღიმია.

ვერძი ვერც კი ხვდება, რომ თხის რქა დაობლებული სულის სიღრმეში პოეტის სიტყვებს იმეორებს: “მე დავიბადე, როდესაც შეგხვდი და დღეს გარდავიცვალე“. ცხადია, ვერძს არ ესმის მისი უხმო აღსარებები. მაგრამ გახსოვთ ვარსკვლავების გზავნილი? მომთმენებს ვენერა აჯილდოებს. მხოლოდ მას შეუძლია ორი შეყვარებული გულის შემსუბუქება, რომელთაც მასკულინური პლანეტები მართავენ _ მარსი და სატურნი. მხოლოდ ვენერას… და მუსიკას… და პოეზიას… და მოგონებებს…

რატომ არ დარჩა ვერძი სახლში, როდესაც მისმა თხის რქამ მუხლი იღრძო? როგორ შეეძლო ასე ეგოისტურად მოქცეულიყო?.. და რატომ არ გაჰყვა თხის რქა? რა შესანიშნავი იქნებოდა ეყურებინა, როგორ დაეშვებოდა ვერძი მთის მწვერვალიდან პირდაპირ მისკენ და თხის რქა მიხვდებოდა, რომ ის მხოლოდ მას ეკუთვნის… საძაგელი ეგოისტი!

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით

 


About Qet

Scroll To Top