ზოდიაქოს ნიშნებისთვის პროგნოზის შედგენა

ზოდიაქოს ნიშნებისთვის პროგნოზის შედგენა

პროგნოზირების ეს ვერსია ცოტა უკეთ ახსენით რა :) პრინციპს ვერ მივხვდი. /საიტის კომენტარი/

ხშირად გაურკვეველ საიტებსა და ჟურნალებში ყოველდღიური პროგნოზები იბეჭდება: „ეს საღამო მეგობრების წრეში გაატარეთ“ ან რამე მსგავსი ტექსტით, რაც ასტროლოგიურ, რეალურ პროგნოზს არ წარმოადგენს. ასტროლოგები პროგნოზს  ასტროლოგიური მონაცემების საშუალებითა და საბაზისო მასალის გამოყენებით ადგენენ. იმისთვის, თუ რას მივაქციოთ ყურადღება, დროის მონაკვეთი „გვიკარნახებს“.

ნებისმიერი პროგნოზის პრინციპის „დასაჭერად“, ასტროლოგიის საბაზისო ცოდნა აუცილებელია. პროგნოზისთვის ვიყენებთ:

  • პლანეტების ფუნქციებს
  • ზოდიაქოს ნიშნების მახასიათებლებს
  • სახლების სისტემას
  • ასპექტებს

თუ პიროვნების პირადი რუკა ვიცით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ რა ხდება, როდესაც ზოდიაქოს ნიშნებისთვის კეთდება?

ნებისმიერ შემთხვევაში, ვითვალისწინებთ მხოლოდ ერთ ზოგად წესს: პროგნოზირებაში დროის ზრდასთან ერთად, ნელა მოძრავი პლანეტის მნიშვნელობაც იზრდება.

მაგალითად: კონკრეტული დღის პროგნოზისთვის შეგვიძლია მთვარის ასპექტები და მდებარეობა ვნახოთ, მაგრამ, როცა წლის ზოგად ტენდენციებზე ვსაუბრობთ – მთვარეს ვერ მივაქცევთ ყურადღებას. მნიშვნელოვანი ხდება იუპიტერის, სატურნის და სხვა პლანეტების სტატუსი. უფრო დაწვრილებით:

  • 1 დღის პროგნოზი გვაინტერესებს?  – ვნახულობთ ტრანზიტული მთვარის (მთვარის ახლანდელი მდებარეობა) მდებარეობას ზოდიაქოს ნიშანში, ასპექტებს, მთვარის დღეს. ამ დღეს პლანეტებს შორის ასპექტებს.
  • 1 კვირის პროგნოზი გვინდა? –  დროში სწრაფად გადაადგილებადი პლანეტების (მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი) მდებარეობა და ასპექტები უნდა ვნახოთ, მეტ უპირატესობას ვანიჭებთ. როგორც წინა სტატიიდან (პრაქტიკული მეთოდი პროგნოზირებისთვის) ვიცით, „მერკურის მოვლენები“ მაქსიმუმ 1-3 დღით ხასიათდება, ვენერის  – 3-4 დღით, მარსის – 3-5 დღით.
  • 1 თვის პროგნოზი გვინდა? – ვითვალისწინებთ მზის, მერკურის, ვენერას, მარსის მდებარეობასა და ასპექტებს. დამატებითი ანალიზისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა პლანეტების მდებარეობა და ასპექტები (გარდა მთვარისა).
  • 1 წლის პროგნოზი – ამ შემთხვევაში მეტი მნიშვნელობა ენიჭება იუპიტერის, სატურნის, ურანის, ნეპტუნის, პლუტონის მდებარეობასა და ასპექტებს. მნიშვნელოვანია მათი ასპექტებიც. ასევე პერიოდები, როდესაც რომელიმე ნიშანს ტოვებს.

რით განსხვავდება პირადი რუკით შედგენილი პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნის პროგნოზისგან?

პირადი რუკით შედგენის შემთხვევაში – პროგნოზი ინდივიდზეა მორგებული და უფრო ზუსტია. ზოდიაქოს ნიშნის პროგნოზი კი ზოგად ტენდენციებს ასახავს.

ზოდიაქოს ნიშნებისთვის პროგნოზი

როცა ზოდიაქოს ნიშნებისთვის პროგნოზს ვაკეთებთ, პროგნოზის ხანგრძლივობას ვითვალისწინებთ ზემოთ მოცემული ვარიანტებს, მაგრამ აქ განვიხილოთ ერთწლიანი პროგნოზი.

ეტაპი – 1: ერთწლიანი პროგნოზისთვის უმეტესად გამოიყენება იუპიტერისა და სატურნის მდებარეობა. ვნახულობთ ამჟამად რომელ ნიშანს გადის და ვითვლით კონკრეტული ნიშნისთვის მერამდენე ნიშანია. მაგალითად: ახლა სატურნი მშვილდოსანშია. ჩვენ კი  ტყუპების პროგნოზი გვაინტერესებს. ვითვით: ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, ანუ ტყუპებისთვის მე-7 ნიშანშია.

ეტაპი – 2: სატურნის მშვილდოსანში ყოფნა ტყუპებისთვის მე-7 სახლის თემებს (რადგან მშვილდოსანი მე-7 ნიშანია) გააქტიურებს. ვნახულობთ სახლის სფეროებს.

ეტაპი – 3: მოვლენების სფეროები გავარკვიეთ. რას ველოდოთ? რას უკავშირდება სატურნი? წესრიგი, დისციპლინა, ორგანიზებულობა, შენელება, „მუშაობა“, დაბრკოლებები.. ვრცლად – სატურნი – ზოგადი დახასიათება.

ეტაპი – 4: სატურნის მახასიათებლები და სახლის სფეროები გავაერთიანოთ. მივიღებთ, რომ ტყუპებისთვის ეს წელი პარტნიორულ, ურთიერთობების, „მე-შენ“ ტიპის სფეროში ცვლილებების მომტანი იქნება. ურთიერთობები გადაფასდება, მათი სიმყარის შემოწმება იწყება.

შეგვიძლია აქ გავჩერდეთ.

ეტაპი – 5: უფრო სიღრმისეული ანალიზისთვის პროგნოზს დეკადების (ზოდიაქოს ნიშნების დეკადები) მიხედვით ვაკეთებთ: როცა სატურნი მშვილდოსნის 1-10 გრადუსზე იქნება, ტყუპების პირველი დეკადაზე მეტად იმოქმედებს; როცა 11-20 გრადუსზე – მეორე დეკადაზე და ა.შ.

შენიშვნა: ამ ტიპის პროგნოზის გასაკეთებლად გამოგადგებათ კონკრეტული ასპექტების ნახვაც. ჩვენი მაგალითის მიხედვით, ტყუპები და მშვილდოსანი ოპოზიციური ნიშნებია, შესაბამისად ასპექტი ოპოზიცია გამოგვადგება. როცა პროგნოზს დეკადების მიხედვით ვაკეთებთ, რეალურად ვითვალისწინებთ მზის მდებარეობას: ზოდიაქოს ნიშნის პირველი დეკადის წარმომადგენლებს მზე 1-10 გრადუსზე ჰყავთ, მეორე დეკადის – 11-20 გრადუსზე და ა.შ. შესაბამისად, ჩვენი მაგალითის მიხედვით გამოგვადგება: მზის (ტყუპები) და სატურნის (მშვილდოსანში მდებარე სატურნი) ოპოზიცია. ნახეთ ამ ასპექტის დახასიათება.

ლომისთვის განკუთვნილი პროგნოზის შემთხვევაში გამოგვადგება მზის (ლომი) და სატურნის (მშვილდოსანი) ტრინი, რადგან ლომსა და მშვილდოსანს შორის ტრინი დგება (1 სტიქიის წარმომადგენლებს შორის ასპექტია ტრინი).

რომელი ნიშნებისთვის შედგება ასპექტი კვადრატურა? ამ კითხვაზე თქვენ მოიძიეთ პასუხი. ასპექტების ზოგად დახასიათებაში თუ ერკვევით, პასუხს ადვილად იპოვნით  :)

1 კვირიანი, 1 თვიანი პროგნოზებიც მსგავსი პრინციპით კეთდება.

 

ასტროლოგიის ზოგადი კურსიდან:

პლანეტების ფუნქციები

ასტროლოგიაში თითოეულ პლანეტას თავისი ფუნქცია, როლი აქვს და კონკრეტულ სფეროზე გვაწვდის ინფორმაციას. მაგალითად: მერკური აზროვნებისა და კომუნიკაციის სფეროს უკავშირდება. პლანეტა ინფორმაციას გვაწვდის საგანზე, ასტროლოგიის ნებისმიერ სფეროში პლანეტას უკავშირდება კითხვა  „რა/ვინ?“.

რა? – აზროვნების ტიპი

რა? – პიროვნება, ეგო

ვინ? – დედა, ქალი (მთვარე)

ზოდიაქოს ნიშნის მახასიათებლები

როგორც ვიცით, პლანეტები მუდმივად მოძრაობენ და ზოდიაქოს ნიშნიდან ნიშანში გადადიან. პლანეტის პრინციპების გამოვლენა ზოდიაქოს ნიშნის მახასიათებლებთან „არევით“ ხდება, ანუ პლანეტა ზოდიაქოს ნიშანში ყოფნის დროს კონკრეტული „როლის“ შემსრულებელია. მაგალითად: მერკური თევზებში ყოფნის დროს, თევზების მახასიათებლებს იღებს, შესაბამისად აზროვნების პროცესებიც ინტუიციური, გარე თვალისგან დაფარული ხდება. ზოდიაქოს ნიშნის მახასიათებლებს შეესაბამება კითხვა „როგორ(ი)?“

როგორ(ი)? – ინტუიციურად

როგორ(ი)? – იმპულსური

სახლების სისტემა

სახლების სისტემა ინფორმაციას გვაწვდის სფეროზე, რომელშიც მოვლენა მოხდება. სულ 12 სახლი არსებობს, სფერო – ბევრად მეტია, რადგან ზოგჯერ ერთი სახლი რამდენიმე სფეროს აერთიანებს. მაგალითად: მე-6 სახლი უკავშირდება ყოველდღიურ ცხოვრებას, ჩვევებს, ჯანმრთელობას, თანამშრომლებთან ურთიერთობას, სამსახურს. რომელი მათგანი უნდა გავითვალისწინოთ პროგნოზის დროს? დასაწყისისთვის ყველა სფეროს მიაქციეთ ყურადღება. უფრო სიღრმისეულად შესწავლის შემდეგ – თანამმართველი პლანეტების, მმართველი პლანეტების დახმარებით სფეროების დაკავშირება უფრო ადვილი ხდება. სახლს უკავშირდება კითხვა „სად?“

სად? – ფინანსების სფეროში

სად? – ბავშვებთან ურთიერთობისას

სად? ოჯახში

დაგვრჩა ბოლო კითხვა – „როდის“? ამ კითხვის პასუხს სტატიაში იპოვნით (სტატია პროგნოზირების პრაქტიკულ მეთოდზე)

საინტერესო და გამოსადეგი სტატიები:

 


About Tamta

Scroll To Top