ისლამი

ისლამი

ე.წ. მსოფლიო რელიგიებს შორის ყველაზე ახალ რელიგიად მიიჩნევა ისლამი, რომელიც მიმდევართა რაოდენობით მეორე ადგილზეა მსოფლიოში. მეშვიდე საუკუნეში წარმოქმნილი რელიგია, არაბთა დაპყრობითი ომებისა და მათ მიერ ისლამის გავრცელების შედეგად, თავიდანვე სწრაფად გავრცელდა. ისლამის პირველი მქადაგებელი იყო მუჰამადი, რომელიც დაიბადა 570 წელს არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მდებარე ჰიჯაზის მხარეში. ისლამის მიმდევრების, მუსულმანების რწმენით, მუჰამადი არის ბოლო და ყველაზე დიდი წინასწარმეტყველი ყველა წინასწარმეტყველს შორის. მის მოსვლამდე იყვნენ ცნობილი წინასწარმეტყველები, როგორებიც არიან, მაგალითად, ნუჰი(ნოე), იბრაჰიმი(აბრაამი), ისმაილი(აბრაამის ძე და, გადმოცემის თანახმად, არაბთა მამამთავარი) დავუდი(დავითი), ისა(იესო ქრისტე, რომელსაც ისლამი არ თვლის ღვთის ძედ, უარყოფს რა მის ღვთაებრივ ბუნებას) და სხვანი. ხოლო მუჰამადი მათ შორის უდიდესია და ითვლება განმაახლებლად რწმენისა, მაცნედ ალაჰისა, ერთი ღმერთისა.

წინასწარმეტყველი მუჰამადი იყო წარჩინებული, მაგრამ გაღარიბებული გვარიდან. ადრე დაობლებულ მუჰამადს ზრდიდა მისი ბიძა – აბუ ტალიბი. თავის ბიძასთან ყოფნის დროს მუჰამადი მწყემსავდა ცხვრის ფარას, შემდეგ მონაწილეობდა სავაჭრო ურთიერთობებშიც. მდიდარი მექელი ვაჭრის ქვრივზე ხადიჯაზე ხელსაყრელმა დაქორწინებამ მუჰამადს საშუალება მისცა დრო დაეთმო თავისი რელიგიურ-ეთიკური ძიებებისთვის. ორმოცი წლის ასაკში, დაახლოებით 609 ან 610 წელს მან მიიღო გამოცხადება და მთავარანგელოზ ჯიბრაილის კარნახით საღვთო წერილის, ყურანის პირველი სურები მიიღო. აქედან მოყოლებული, მუჰამადი იწყებს ერთღმერთიანობის ქადაგებას არაბთა შორის, რომელთა უმრავლესობა წარმართები, პოლითეისტები იყვნენ და არ გააჩნდათ ერთიანი რელიგიური სისტემა.

წინასწარმეტყველი მუჰამადი იღებს გამოცხადებას ჯიბრაილისგან

თავდაპირველად მუჰამადს და მის მიერ ისლამზე მოქცეულ მცირერიცხოვან პირთა წრეს აგრესიულად შეხვდნენ ქალაქ მექაში, რის გამოც ქრისტეს შობიდან 622 წელს მუჰამადს მოუწია მექას დატოვება და გადასვლა ქალაქ მედინაში(ჰიჯრა -(არაბ.) გადასახლება ). 622 წლიდან იწყებენ მუსულმანები წელთაღრიცხვის თავიანთ სისტემას. მედინაში ბევრმა ირწმუნა ახალი რელიგია და გამარჯვებული მუჰამადი ბრუნდება მექაში, სადაც ისლამი უკვე უმრავლესობამ მიიღო. მუჰამადმა გააძლიერა თავისი გავლენა არაბთა შორის, რასაც მოჰყვა ტომთა შეკავშირება და ამაში უდიდესი როლი ითამაშა რელიგიამ – ისლამმა. მოგვიანებით შეიქმნა ე.წ. ღვთის ერთგულ მორწმუნეთა სახელმწიფო – სახალიფო, რომელიც ათწლეულების შემდეგ მძლავრ იმპერიად იქცა, დაიმორჩილა რა ჯერ არაბეთის ნახევარკუნძული, ხოლო შემდეგ (მუჰამადის სიკვდილის(632წ.) შემდეგ) გაუსწორდა ომებისგან დასუსტებულ აქემენიდურ სპარსეთსა და ქრისტიანულ ბიზანტიას, რის შემდეგაც შეიქმნა არაბთა უზარმაზარი იმპერია გადაჭიმული ინდის ხეობიდან ესპანეთამდე და რამაც ხელი შეუწყო ისლამის გავრცელებას მსოფლიო მასშტაბით.

ისლამის საღვთო წერილს ჰქვია ყურანი, რომელიც უმთავრესი წყაროა ისლამური სწავლების და რომელიც, მუსულმანთა რწმენით, თავად ღვთისგან იქნა მოცემული წინასწარმეტყველ მუჰამედისათვის.

ისლამმა ერთადერთ ღმერთად და უფლად გამოაცხადა ალაჰი, შემოქმედი ყოველი არსისა და მუსულმანები მკაცრად იცავენ მონოთეისტურ რწმენას. მათ სწამთ ანგელოზები – ზეციური ძალები შექმნილი ალაჰის მიერ და რომლებიც აღასრულებენ უზენაესის ნებას. როგორც აღინიშნა, ისლამური სწავლების წყარო არის ყურანი, რომლის გარდა სხვა წერილობითი წყაროები რჯულის სწავლების შესახებ გაუქმებულია. მუსულმანები თვლიან, რომ ყურანის გარდა ყველა სხვა ტექსტები (იუდაისტური და ქრისტიანული ტრადიციის) დამახინჯებულია და არ გადმოსცემს სწორ სწავლებას ღმერთის შესახებ, ქრისტიანები და ებრაელები ითვლებიან ე.წ. წერილის მქონე ხალხებად, მაგრამ მათ შეცვალეს, დაამახინჯეს თავდაპირველი დოქტრინა.

მუსულმანებს სწამთ ასევე, რომ მომავალში, სამყაროს აღსასრულის ჟამს მოხდება საყოველთაო აღდგომა, იქნება ღვთის სამსჯავრო, რომელზეც წარდგება ყოველი სული, სჯერათ სამოთხისა და ჯოჯოხეთის. ისლამში ძლიერია რწმენა ბედისწერისა, წინასწარ განსაზღვრული ბედისა და ყოველივე მიმდინარეობს ღვთის ჩანაფიქრისა და ნების შესაბამისად. წინასწარ დადგენა ბედისა მოიაზრებს იმას, რომ ღმერთმა წინასწარ იცოდა ყველა მოვლენა, რაც მოხდებოდა, ხდება და მოხდება სამყაროში. ყოველივე ხდება ალაჰის დაშვებით. ადამიანს კი გააჩნია უნარი გაარჩიოს კეთილი ბოროტისაგან და მათ შორის გააკეთოს არჩევანი, რისთვისაც ის შემდეგ პასუხს აგებს.

ისლამში არსებული სამართლებრივ-მორალური, რელიგიურ პრინციპებზე დაფუძნებული ნორმათა ერთობლიობა – შარიათი გამოჰყოფს ხუთ ბურჯს რწმენისა, რომელიც მნიშვნელოვანია მუსულმანთა სულიერ ცხოვრებაში. ესენია:

  • რწმენის დამოწმება – დადასტურება იმისა, რომ „არავინ არის ღმერთი ალაჰის გრდა და რომ მუჰამადი – მონა და მაცნეა მისი“.
  • ლოცვა – ყოველდღე, დღეში ხუთჯერ ლოცვის აღვლენა.
  • შესაწირი – განმწმენდი შესაწირის გაღება.
  • მარხვა – რამადანის თვეში მარხვის დაცვა.
  • მომლოცველობა – მექაში ქააბას ტაძარში მოლოცვა.

ლოცვა ქააბაში.

სტატიის ავტორი: გიორგი


About Tamta

Scroll To Top