იუდას სახარება

იუდას სახარება

იუდას სახარება  მე-20 საუკუნეში აღმოჩენილი აპოკრიფული (Etym. ბერძ. apókryphos „დამალული“, „შორეული“) წიგნია, რომელიც არაკანონიკურადაა აღიარებული.

“შენ გაწირავ კაცს, რომელიც მე მმოსავს… მიაპყარი მზერა მაღლა ღრუბელს და სინათლეს მასში. გზამკვლევი ვარსკვლავი შენი ვარსკვლავია”. ამ სიტყვებით ამხნევებს იესო იუდას. სწორედ ამ სიტყვების შემცველი უძველესი პაპირუსები აიღო პროფესორმა კასერმა ოდნავ მთრთოლვარე ხელით და მკაფიო ხმით დაიწყო კითხვა: “pe-di-ah-kawn-aus ente plah-nay”. ეს იყო კოპტური – ენა, რომელზეც ეგვიპტეში ქრისტიანობის გარიჟრაჟზე ლაპარაკობდნენ. ეკლესიის მიერ ამ ტექსტის აკრძალვის შემდეგ ეს სიტყვები აღარავის მოუსმენია. ასლი გადარჩა.

ეგვიპტის უდაბნოში დამალული ხელნაწერი მე-20 საუკუნის მიწურულს აღმოაჩინეს. შემდეგ, სანამ კასერთან მოხვდებოდა, ის კვლავ ჩაიკარგა ანტიკვარიატით მოვაჭრეთა იატაკქვეშეთში. 78 წლის მეცნიერმა კითხვა დაასრულა და ხელნაწერი ფრთხილად დადო მაგიდაზე. „ლამაზი ენაა, არა? ბერძნული ანბანით დაწერილი ეგვიპტური“. ტექსტმა მოაჯადოვა კასერი და ეს არცაა გასაკვირი. პირველივე გვერდი ასე იწყება: „საიდუმლო ამბავი გამოცხადებისა, რომლის შესახებ იესო ელაპარაკა იუდა ისკარიოტელს…“

თითქმის 2000 წლის შემდეგ ისტორიაში ყველაზე საძულველი ადამიანი დაბრუნდა! ყველა იცნობს თორმეტ მოციქულთაგან ერთ-ერთს – იუდას, რომლის სახელიც ამბორთან ასოცირდება. იუდა, ღალატის უდიდეს სიმბოლოდ იქცა. მოღალატის გარეშე კი არ გვექნებოდა ქრისტიანობა დღევანდელი სახით.

„საიდუმლო ამბავში“ სრულიად განსხვავებულია იუდას სახე. აქ ის გმირია, რომელიც მწყემსმა მოწაფეებს შორის გამოარჩია და უმძიმესი მისია დააკისრა – ღალატი. იუდა მთლიანად აცნობიერებს საკუთარ მომავალს, ქრისტეც აფრთხილებს: „შენ დაგგმობენ!“ და მაინც, „ამბორით“ ასრულებს მის მითითებას.

გაჩნდა ეჭვი, რომ ხელნაწერი ყალბი იყო. ბიბლიური არტეფაქტების გაყალბების შემთხვევები კი არც თუ იშვიათია. ჩატარებული კვლევები, ჯერჯერობით, ვერ ამტკიცებს მის სიყალბეს. რადიოკარბონული ანალიზის საშუალებით კოდექსი 220-340 წლებით დათარიღდა. ენათმეცნიერთა აზრით, სახარების ფრაზების წყობა მიუთითებს იმაზე, რომ ის ნათარგმნია ბერძნულიდან.

დამატებითი მტკიცებულება შორეული წარსულიდან გამოჩნდა. დაახლოებით 180 წელს ეპისკოპოსმა ირინეოს ლიონელმა დაწერა ვრცელი ტრაქტატი – „ერესის წინააღმდეგ“. ავტორი სასტიკად უტევს იმ ჯგუფს, რომელიც ქმნის „გამოგონილ ისტორიას“ და მას „იუდას სახარებას“ უწოდებს.

როგორც ჩანს, ბრაზიანმა ეპისკოპოსმა ბერძნული დედნის არსებობა იმაზე ბევრად ადრე იცოდა, ვიდრე ის მყიფე პაპირუსი დაიწერებოდა, რომელიც ახლა კასერს ეჭირა ხელში.

ირინეოსს ერესის უამრავ გამოვლინებასთან უწევდა დაპირისპირება. ადრექრისტიანულ ეპოქაში იესოს მიმდევართა მრავალ ჯგუფს შორის (ერთ-ერთი ეკლესია, სადაც მოქმედებდა იერარქიული ვერტიკალი) მუდმივად ბრძოლა მიმდინარეობდა. ამ ჯგუფების დიდი ნაწილი გნოსტიკოსები იყვნენ. იუდას სახარებაც გნოსტიკური ტექსტია.

გნოსტიკოსების რწმენით ჩვეულებრივი ადამიანის ხსნა მის სულში ღვთიური ნაპერწკლის გამოღვიძებასა და ზეციურ გონთან შერწყმაში მდგომარეობდა. მოძღვარი არა მღვდელი, არამედ თავად იესო გახლდათ და, რომ ქრისტეს სწავლების შეცნობით ადამიანი ღვთიურ ძალას იძენდა.

მანამდე ასეთი დოქტრინები მხოლოდ ირინეოსის მსგავსი ანტაგონისტების კრიტიკიდან იყო ცნობილი. ქრისტეს აღსრულების შემდეგ, ადრეული ქრისტიანები მისი ცხოვრებისა და მოძღვრების შესახებ წერდნენ, მაგრამ ეკლესიის მამებმა მხოლოდ ოთხი სახარება ამოარჩიეს. 1945 წელს კი ქალაქ ნაგ-ჰამადანის მახლობლად ეგვიპტელმა გლეხებმა იპოვეს თიხის ჭურჭელში შენახული გნოსტიკური ტექსტები, მათ შორის იუდას სახარება. აქ ნათლად ჩანს გნოსტიკოსებსა და იერარქიულ ეკლესიას შორის მიმდინარე ბრძოლა.

მეცნიერთაგან პირველად, იუდას სახარება 1983 წელს მაგისტრანტმა სტივენ ემელმა შვეიცარიაში ნახა. დილერებმა მას ფეხსაცმლის ყუთებში მოთავსებული პაპირუსები აჩვენეს. (წყარო: http://www.nationalgeographic.ge)

National Geographic-ის დოკუმენტური ფილმი, რომელიც იუდას სახარებას ეძღვნება:

 


About Tamta

Scroll To Top