მე-12 სახლი

მე-12 სახლი

დასრულების სახლი

„იმის მიღება, რაც გაეცი (დათესე)“

საიდუმლოებები; გულმოწყალება; რწმენა; ემპათია; საკუთარ თავში ჩაღრმავება, თვითანალიზი, თვითგანადგურება, იზოლაცია (ციხე, ავადმყოფობები, მედიტაცია), სიზმრები; ქრონიკული, რთულად განკურნებადი ან განუკურნებელი დაავადებები; სულიერი ჯანმრთელობა; ბედის გამოცდა ან გზა შინაგანი სიმშვიდისკენ; იმედგაცურება, თვითუარყოფა, იძულება, თვითშეწირვა; ზოგადსაკაცობრიო იდეალებისკენ სწრფვა; ჰუმანური იდეები; საზოგადო ბედნიერება და თავისუფლება; ნებაყოფლობითი მსახურება (მეცნიერების სახელით მსხვერპლის გაღება, მაშველის სახელით მოქმედება, მატერიალურ, მორალური და სულიერი დამხმარე), სულიერი მსახურება (ბერი, მონაზონი, მღვდელი, მლოცველი, განდეგილი); იძულებითი ემგირაცია; მუშაობა საიდუმლო ორგანიზაციებსა და სტრუქტურებში; ოკულტური მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენება (პრაქტიკოსი ოკულტისტი), რამაც შესაძლოა მატერიალური მდგომარეობა შეარყიოს; ფსიქიკური ძალა, ექსტრასენსორული და ფენომენალური უნარები, ნიჭი, მისტიციზმი; რუკის სულიერი დონე; ზოგჯერ ამ სახლს უწოდებენ შინაგანი სიმწიფის, უბედურების შინაგან „მიზეზს“.

მუსიკისა და პოეზიისადმი დამოკიდებულება, სამკურნალო (განკურნების) შესაძლებლობები; იმ შეცდომების გაცნობიერების საშუალება, რომლებიც არჩევანის წინაშე გვაყენებენ: ან ძალისხმევით შევცვალოთ საკუთარი თავი (ქცევა, მახასიათებელი, თვისება) ან უარი ვთქვათ „ბრძოლაზე“ და ილუზია შევიქმნათ.

წმენდა ხორციელდება სინანულით, თავმდაბლობითა და თვითშეწირვით. ამ სახლით ხდება ადამიანის დაკავშირება „მის ღმერთთან“. მე-12 სახლით შეიძლება ვიმსჯელოთ ადამიანის თვითშეწირვის დონეზე – რამდენად შეუძლია თავის გაწირვა. ასევე, აჩვენებს (მიანიშნებს) ადგილს, საიდანაც ადამიანი ასტრალში იყურება.

პირველი მესამედი – პირადი თავისუფლების ნებაყოფლობითი შეზღუდვა. სიდედრი, დედამთილი; ნაღველი, ტანჯვა; დეპრესიისადმი მიდრეკილება; დიდი ცხოველები. პროფესია რეჟიმულ ინსტიტუტებში, სანატორიუმებში, მონასტრებში. პირველი ძმის-დის ვაჭრობა, პარტნიორის ავადმყოფობები, მამის რელიგიურობა და ხანგრძლივი მოგზაურობები, ბავშის სიკვდილი, დედის მცირე მოგზაურობები, დედის და-ძმა

მეორე მესამედი – თავისუფლების იძულებითი აღკვეთა, სისხლის სამართლის პროცესები, ციხე, საავადმყოფო, პანსიონი (ინტერნატი), ფარული მტრები, ქურდობა, ძარცვა, მკვლელობა, შური, თვითმკვლელობა, მოკავშირეების ცოლები; პენსიაზე გასვლა

მესამე მესამედი – სასიცოცხლო ენერგიაზე არახელსაყრელი გავლენა, ტონუსის დაქვეითება

ასტროლოგების ნაწილი მას ყველაზე მისტიურ, შეჯამების (შედეგების), ფარული საიდუმლოებების, შინაგანი პრობლემების სახლად თვლის. ესაა ერთგვარი „საპყრობილე“, „ციხე“.

ამ სახლს მიაწერენ ყველაფერს, რაც ფარული, ამოუცნობი, მისტიურია ადამიანის ცხოვრებაში; საიდუმლოებების სახლია. მე-12 სახლი იძლევა ინფორმაციას იმაზე, რასაც ადამიანი იძულებით ეკიდება (და არა ნებაყოფლობით).

ნებისმიერი ადამიანი მიკროკოსმოსს, მინიატურულ სამყაროს წარმოადგენს, კავშირს ამყარებს არამხოლოდ სხვადასხვა დონის ეგრეგორებთან, არამედ აბსოლუტთანაც, რომლისადმიც პირადი პასუხისმგებლობა გააჩნია; თითოეულ ადამიანს საკუთარი, უნიკალური როლი აქვს სამყაროს ევოლუციურ პროგრამაში, რომელსაც მის გარდა, ვერავინ შეასრულებს. კონკრეტულ მიმართულებას, რომელზეც მე-12 სახლის ასპექტები სიმბოლურად მიანიშნებს, გამოვლინდება ევოლუციური განვითარების პროცესში.

ამ კუთხით, მე-12 სახლი წარმოადგენს „ინფორმაციას“ სამყაროს ევოლუციურ განვითარებაში ადამიანის უშუალო მონაწილეობის შესახებ. ეს კი შეიძლება კონკრეტულ დონეზე სხვადასხვაგვარად შეფასდეს (მე ვემსახურები: ღმერთს, უმაღლეს ძალას, აბსტრაქტულ იდეალს, სრულიად კაცობრიობას… და ა.შ.) – დამოკიდებულია ადამიანის მიერ სამყაროს ხედვასა და გაგებაზე.

რამდენადაც დღის სახლად ითვლება, ქმნის სიტუაციებს, რომელშიც გარესამყარო უფრო ძლიერადაა აქცენტირებული, ვიდრე „მე“, თუმცა თავიდანვე მსხვერლის გაღება, საკუთარი ინტერესების უარყოფა აუცილებელი არაა: აბსოლუტი თხოვს ინდივიდს მსახურებას და ამის პირდაპირი საჭიროება თავდაპირველად არ ჩანს, თუმცა მე-12 სახლის დამუშავების სისტემატიური უარყოფის შემთხვევაში, რაღაც მომენტში აბსოლუტი გვევლინება იმპერატიულად, რის შემდეგაც ადამიანს ელოდება რთული, ხანგრძლივი განუკურნებელი ავადმყოფობა, საავადმყოფო, ციხეში/იზოლაციაში მოხვედრა, მარტოსულობა, უაზრო რთული სამუშაო ან სხვა ტიპის მსხვერპლის გაღება.

მე-12 სახლი სიმბოლურად წარმოადგენს ადამიანის კავშირს მის წარსულ და მომავალ განსხეულებებთან, თუმცა, ეს კონკრეტული შესწავლის თემაა, რამდენადაც მთლიანი რუკა წინა ცხოვრების გავლენას განიცდის და მისი დამუშავება – მომავალ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ტრადიციულად ითვლება, რომ მე-12 სახლი წარმოადგენს კარმული ვალების გასტუმრებისა და კარმული „დანაშაულების“ გამოსყიდვის სახლს. სახლი უკავშირდება პრინციპს, რომლის მიხედვითაც განვითარებისთვის (ევოლუციისთვის) ადამიანის არცერთი ძალისხმევა არ იკარგება და თუნდაც ერთი შეხედვით უსარგებლო მსახურება მხოლოდ თვალისთვის შეიძლება ჩანდეს გამოუსადეგარად.

მე-12 სახლი:

1)საიდუმლოებების სახლია:ფარული აზრის, მნიშვნელობის, მოქმედების.

2)ამ სახლს უკავშირდება ფარული მტრები, რომელთა სახით შეიძლება ქვეცნობიერის დაბალი პროგრამებიც მოგვევლინოს (გაუცნობიერებელი ეგოიზმი ან აგრესია და ა.შ.). მტრებთან ბრძოლა უშედეგოა, ისინი „სუფთა წყალში უნდა გავიყვანოთ“, სადაც ძალას კარგავენ და ქრებიან.

3)საქმიანობები, რომელიც კაცობრიობისთვის ნაკლებად ან საერთოდ უცნობია. ამ საქმეების „გაცნობა“ ეგრეგორთან მუშაობით ხდება და დიდი დრო უნდა. შესაძლოა ინდივიდიც ფიქრობდეს, რომ ფარული შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახერხებს, თუმცა ასე სულაც არ იყოს. საშუალო დონეზე ადამიანი ვერ ახერხებს ფაქიზ სამყაროში საკუთარი სამუშაოს ფარული აზრის, ხასიათის და მასშტაბის მნიშვნელობის წვდომასა და გაგებას.

4)მისტიკის სახლი. უშუალო კავშირი აბსოლუტთან. ეს არაა მხოლოდ რელიგიური ტრანსი და ექსტაზი. მაგალითად: სიმართლეში (სისწორეში) დარწმუნება მოდის მშვიდი შინაგანი მარტოობით (როგორიც არ უნდა ჩანდეს ადამიანის გარეგნული ცხოვრება), როდესაც ჭეშმარიტების განცდა მოდის სანდო ცოდნის სახით – ეჭვის ადგილი აღარ რჩება. ადამიანი გამოიმუშავებს მორჩილებას, სულიერ მისწრაფებას, მიზანსწრაფულობას, უმაღლეს ნებისყოფას, თავგანწირვასა და თვითუარყოფას.

5)მე-12 სახლს უკავშირდება ადამიანის დამოკიდებულების დამუშავებას საკუთარ, სხვების და მსოფლიო ტანჯვისადმი; მათგან გათავისუფლებას – მე-12 სახლი ესაა ჭრილობების მოშუშების ადგილი აბსოლუტის უშუალო მეთვალყურების ქვეშ. 

6) სამყაროსა და მეცნიერული ცოდნის მისტიური გაგება. ინდივიდი იგებს არამხოლოდ იმას, რისი გაგებაც მიზნად დაისახა (ბუნების საიდუმლოებების გაგება), არამედ რაღაც ახალსაც, რითაც აბსოლუტს სურს მისი მეშვეობით ადამიანებს ევოლუციური დონის ასამაღლებლად „გზავნილი“ მიაწოდოს.

7)წარმოსახვა – ფანტაზიები, ოცნებები; პირადი და კოლექტიური არაცნობიერის გადაკვეთა. სად არის ზღვარი რეალობასა და გამოგონილს შორის.

8)არაფოკუსირებული ინტუიცია – არარაციონალური ცოდნა, ჭეშმარიტი (ნამდვილი) მედიუმიზმი; ყველაფრის ინტუიციური წვდომა; ინდივიდუალური ცნობიერება, როგორც არქეტიპების გამოვლენის „ეკრანი“.

9)დაშორება ან განმარტოება – ცხოვრებისგან განმარტოება, გულწრფელობა, ნებით ან აუცილებელი განმარტოება. კოსმიური აზრის გაგება. ხედავს კი „თევზი“ „წყალს“ რომელშიც ცხოვრობს? „წყალი“ გარშემო აკრავს, გრძნობს, მაგრამ მისი ფოკუსირება, წვდომა რთულია.

10)თავგანწირული დახმარება – გულწრფელი და თავდაუზოგავი დახმარება ყველასთვის, ვისაც სჭირდება; პირადი ნებიდან გამოსვლა; ემპათიური დახმარება პირადი სარგებლის გარეშე. ეგოიზმის ჩარჩოებიდან გამოსვლა.

11)„განვლილი ცხოვრება“ – წინა დაბადების და ახლანდელ ცხოვრებაზე გავლენის მომხდენი პირობები; ოკულტიზმში მას კარმას უწოდებენ. სხვა რეალობის „ექო“. წარსული ცხოვრების განუხორციელებელი პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ ქვეცნობიერშია და გაცნობიერებას „ელოდება“. ეს აისბერგს ჰგავს, რომლის დიდი ნაწილიც წყლის ქვეშაა მოქცეული. მთლიანობაში მე-12 სახლი საიდუმლოებების სახლს წარმოადგენს და მიანიშნებს მიმართულებაზე, რომელსაც ინდივიდი ძიების დროს უნდა გაყვეს…თუ უნდა „მე“ს სიღრმისეული გაგება (რომელშიც იმალება ეგო, ნება, ადამიანი და სამყაროს სათავეც).

რამდენადაც ეს სახლი ბოლოა, აქ ვიპოვით ყველაფერს, რაც წინა სახლებში არ შეგვხვდა ან რისი ადგილიც არ იყო. თუ რუკაში ვერ იპოვეთ, ის რაც გჭირდებოდათ, რაც გაინტერესებდათ; თუ ცხოვრებისეულ სიტუაციას ვერ უმკლავდებით – გაანალიზეთ მე-12 სახლი. პასუხი შესაძლოა ვერ იპოვოთ, მაგრამ აღმოაჩენთ მას, რისი რაციონალური ახსნაც გაგიჭირდებათ ან რასაც არასწორად იგებდით. ტრადიციული გაგებით მე-12 სახლი უარყოფითად აღიქმება: „ცუდი“ კარმის, იძულებით შეზღუდვის, თავისუფლების აღკვეთის, ტყუილის, ნარკოტიკული ან სხვა ნივთიერებებისადმი მიდრკეილება, რეალობის დამახინჯებული აღქმა და ა.შ. ერთი შეხედვით თუ გადავხედავთ ასტროლოგიას, აღმოვაჩენთ, რომ „სატურნი ყველაზე ნეგატიური პლანეტაა, მორიელი – ყველაზე შურიანი/ბოროტი ნიშანი, მე-12 სახლი – არანაკლებ შემასინებელი სახლი“. სინამდვილეში ყველაფერი ისე სულაც არაა, რა მუქ ფერებშიც ხატავენ. ფაქტობრივად არც სატურნი, არც მორიელი და არც მე-12 სახლი არაა იმაზე „უარესი“, ვიდრე დანარჩენი პლანეტები, ნიშნები და სახლები. კი, მე-12 სახლს უკავშირდება იზოლაცია, რომელიც შეიძლება გაიგო როგორც შეზღუდვა, მაგრამ ზოგჯერ იზოლაცია დადებითი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში – ის შეიძლება დროებით დასასვენებლად, ძალების აღსადგენად, დასაფიქრებლად გამოიყენებოდეს (შეგვიძლია მარტივად შევადაროთ „სამუშაო შესვენების დროს ჭიქა ყავის დალევას“), ანუ მე-12 სახლს გააჩნია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე და უარყოფითი მახასიათებლები (რეალობისგან გაქცევა, ილუზია, ნარკოტიკული საშუალებები….) გამოვლინდება თუ არა, თავად ადამიანზეა დამოკიდებული. თუ პირველი სახლი გვიჩვენებს თვითცნობიერების აღმოცენებას, რაც „მე“-ს დაბადების ანალოგიურია, მე-12 სახლი მიანიშნებს თვითცნობიერების აღმოცენების, დაბადების წინა პერიოდზე. ასევე, მე-12 სახლი ოცნებებს ან სხვა ტიპის აზროვნებით შემოქმედებას უკავშირდება.

მე-12 სახლის კარმული აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს არასწორი ან ცუდი ინსტრუმენტებით (მეთოდებით) ბრმად მუშაობას ასწავლიან, ამასთან ერთად მასში აღზრდიან უანგარობას, შინაგან სიმშვიდეს, საკუთარი შინაგანი რიტმის გაგებისა და მარტოობაში აბსოლუტის მშვიდი ხმის მოსმენის უნარს. როდესაც ყველაფერს ისწავლის, თვალებიდან „სახვევს“ ხსნიან, სრულყოფილ ინსტრუმენტს და გასაგებ/მკაფიო დავალებას აძლევენ, რომლის შესრულებასაც შეძენილი გამოცდილების, ცოდნისა და ოსტატობით შეძლებს. მე-12 სახლი ადამიანში აღზრდის დანარჩენ სამყაროსთან კავშირს, ლმობიერებას, თანაგრძნობას (მტრების მიმართაც), პატიებისა და ადამიანების რწმენის უნარს (ისე, რომ ამისთვის რაიმე საფუძველს არ ითხოვდეს).

მე-12 სახლის კარგი მდებარეობა შეცდომებისა და უარყოფითი მახასიათებლების გადალახვის ადვილ და შედარებით უმტკივნეულო საშუალებას იძლევა. უარყოფითი განლაგება (ასპექტები) – ტყუილის, ფარული მტრების, ცბიერების (ეშმაკობის), დანაშაულის, შეთქმულების, ვერაგობის, გამცემლობის სახლად შეიძება მოგვევლინოს.

დაბადება – ეს ღვთიური ახალი აქტია, თუმცა ესაა ნიადაგი, რომელშიც თესლი ჩააგდეს და თავად ნიადაგი წარსულის ანაბეჭდს მოიცავს. ამ პროცესში ახალი ნიადაგი არაა, არამედ მხოლოდ ძალაა, რომელიც ახალს ქმნის. ამ ძალას წარმოადგენს ასცენდენტი -ადამიანის რეალური, ღირებული არსი, რომელსაც ინდივიდუალიზაციის პროცესში აღწევს. ის განსაზღვრავს ახალდაბადებულის მისტიურ სახელს.

იმ ნიშნის მმართველი, რომლითაც მე-12 სახლი იწყება, მიანიშნებს ფარულ მტრებზე, მოშურნეებზე, ცილისმწამებლებზე.

ძლიერი სახლის შემთხვევაში ინდივიდი ტოვებს „ამქვეყნად არაა“ ტიპის შთაბეჭდილებას. ცხოვრების განმავლობაში უამრავი მისტიური, ამოუცნობი ან საიდუმლოა. ახალგაზრდობაში შესაძლოა სურვილი ჰქონდეს გახდეს როგორც „ყველა სხვა“, განიცადოს მსგავსი გრძნობები, უხაროდეს იგივე, სხვის ნაცვლად დაზარალდეს და ა.შ. ეს შესაძლოა ცუდად დამთავრდეს, რადგან შეზღუდვა მხოლოდ ერთ კუთხით მოქმედებს – ადამიანს სამყაროში არ უშვებს; საპირისპირო შეზღუდვა არაა, ამიტომ სამყარო მუდმივად „იჭრება“ ადამიანში, ეძებს გაგებას, თანაგრძნობას, მხარდაჭერას; საიდუმლოებებს უმხელს. თუ ადამიანს ჰყოფნის კეთილგანწყობა და თავდადება, მაშინ ძლიერი ფსიქოლოგი ან ჩვეულებრივი წმინდანი ხდება. სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, რასაც არ უნდა აკეთებდეს, მიჰყვება პრინციპს – „ყველაფერს სამყაროსთვის ვაკეთებ, რასაც ითხოვს და სანაცვლოდ არაფერს ველოდები“. დროთა განმავლობაში გრძნობს აბსოლუტის მფარველობასა და მზრუნველობას და აღმოაჩენს (აცნობიერებს), რომ ღვთიური მეფობა მასშია („ღმერთს ჩემში ვგრძნობ“). თუ ადამიანი კომპენსირების ან მატერიალური სიამოვნების გზით წავა, მათ სუროგატს მიიღებს, გარშემო კი „ციხის“ გამჭვირვალე კედლებს ააშენებს, რომლის იქითაც ახლობლები იქნებიან. მის ცხოვრებაში, ერთი შეხედვით აზრსმოკლებული სამუშაო, მარტოობა, უსაქმურობა (საქმის უქონლობა) უამრავი იქნება. თუ არ ისწავლის თავმდაბლობით მიღებას, მათში შემოქმედებით საწყისს ვერ დაინახავს (სწორედ ეს სამუშაო, მარტოობა და „უსაქმურობა“ აქცევს შემოქმედებით პიროვნებად). დაბალ დონეზე ეს შეიძლება იყოს ასკეტური ადამიანი. დამუშავება იძლევა ჭეშმარიტ თავდადებას, ერთგულებას, დიდ და საკმაოდ ორიგინალურ შემოქმედებით შესაძლებლობებს, გულმოწყალებას და უსაზღვრო/უპირობო სიყვარულს ყველა არსებისადმი.

 სუსტი სახლის შემთხვევაში ადამიანს უჭირს საკუთარ თავზე ორიენტირება, ჩაღრმავება. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ არც კი იცის ეს რა არის. მისთვის უცხოა ფანატიკური სირთულეები, ტოტალური თვითშეწირვა, გაუგებარი მსხვერპლის გაგება. ძლიერი მეექვსე სახლის შემთხვევაში ადამიანს სჯერა, რომ ნებისმიერი სირთულის მოგვარება რაიმე ფორმით შეიძლება და სასურველია გააცნობიეროს, რომ ყოველთვის მსგავსად არ ხდება. გულმოწყალებისა და თავმდაბლობის იდეას მშვიდად იღებს, თუმცა სხვებს „უტოვებს“. მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში შეიძლება სხვას დაეხმაროს , თუ ეს უკანასკნელი ძალიან სთხოვს. ეს ადამიანი იშვიათად რჩება მარტო, მისთვის ადვილი არაა მარტო ყოფნაში დადებითი და შემოქმედებითი მხარის დანახვა. ადვილად იწყენს და ცდილობს საკონტაქტო წრის პოვნას ან საკუთარი თავისთვის საქმის გამონახვას. ფარული მტრები და ინტრიგები მის ცხოვრებაში არცთუ დიდ როლს ასრულებენ. უმწეოებს, ღატაკებს გულგრილად ეპყრობა. ასევე გულგრილია სპეცსამსახურში მუშაობის მიმართ, რადგან ნაკლებად მიმზიდველად თვლის. ამ ადამიანს გარკვეული სირთულეები აქვს ჭეშმარიტი შემოქმედებითი საწყისის მიმართ, უმაღლესი პირისადმი. თუმცა ამის გაგება უფრო მაღალ ევოლუციურ დონეზე ხდება, როდესაც მე-12 სახლის დამუშავება შინაგანად აუცილებელი ხდება.

 ჰარმონიული სახლის შემთხვევაში, მარტოობაში ადამიანი თავს მშვენივრად გრძნობს: არ სწყინდება საკუთარ თავთან დარჩენით, ამ დროს საინტერესო და მოულოდნელი იდეები/აზრები უჩნდება; ყოველშემთხვევაში თავისთვის დასვენებისა და დამშვიდების საშუალებას გამონახავს. ეს ადამიანი ინსტინქტურად ავლენს საკმაოდ კარგ უნარს და გონიერებას მსხვერპლის გაღების/თვითშეწირვის დროს. თუ სიტუაცია მოითხოვს, დაუფიქრებლად გაიღებს, რადგან ქვეცნობიერად გრძნობს, რომ შემდგომში უფრო „უარესი იქნება“. ილუზორული მსხვერპლის გაღების შემთხვევაში ემსახურება დაბალი დონის ეგრეგორს, თუმცა შინაგანად პასიური არასდროს რჩება (საერთოდ მსხვერპლის გაღების, მსხვერპლშეწირვის იდეა თანამედროვე ცივილიზაციებში დაბალ დონეზე განიხილება და მიიჩნევა ველური ბუნების ატრიბუტად. რეალურად მსხვერპლის გაღება/შეწირვა კაცობრიობის ისტორიაში მანათობელს წარმოადგენს). დაუმუშავებელი ჰარმონიული სახლის ტიპიურ მაგალითს წარმოადგენს დიასახლისი რამდენიმე შვილით, რომელიც სრულად არის ჩაფლული ოჯახის ხელშეწყობასა და ზრუნვაში (ოჯახური ეგრეგორის მონა), მუდმივად უხდება ეგრეგორისადმი მსხვერპლის გაღება, ცხოვრების ყოველი წუთი კი მსახურებას წარმოადგენს. ჰარმონიული მე-12 სახლი უზრუნველყოფს ადვილ და ზედაპირულ მონანიებასა და სინანულ, როდესაც ადამიანი „ეგო“ს ფრაგმენტს/ნაწილს (ანუ ქვეცნობიერის ერთ-ერთ დაბალ პროგრამას) სწირავს. ჰარმონიული ასპექტები მსხვერპლის გაღების პროგრამისგან დასვენების ან გამოცალკევების საშუალებას იძლევა. თვითმოტყუების დევიზს წარმოადგენს „არ შესცოდავ – არ (მო)ინანიებ“. უნდა ითქვას, რომ ადამიანის სულიერი განვითარების დონე არ განისაზღვრება მონანიებათა რაოდენობით, არამედ კარმულ პროგრამებზე მუშაობის ძალისხმევის ხარისხით (მუშაობს თუ არა და რამდენად ცდილობს). დამუშავება საშუალებას იძლევა სამყაროში მადლი გაავრცელოს, ადამიანებში უმაღლესი მოვალეობა, სინდისი და ევოლუციური ცნობიერება გაავრცელოს, მიიღოს მათი მონანიება. ის შეიძლება იყოს რემონტის მუშახელი ან სულაც ექიმი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სულიერი სინათლის მატარებელი იქნება.

 დაზიანებული სახლის შემთხვევაში ადამიანს აქვს მოწყენილობისა და მარტოობის მწვავე განცდა. რუკის დაზიანების შემთხვევაში, განსაკუთრებით მე-12 და მე-6 სახლების ოპოზიციების შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს ხანგრძლივი რთული ავადმყოფობები, საავადმყოფოში დაწოლის პერიოდები. დიდი სირთულეები წარმოეშვება თავგანწირულ მსახურებასთან, თვითუარყოფასა და თავმდაბლობასთან დაკავშირებით. გულმოწყალების პრობლემა იმაზე მეტად მიაქვს გულთან ახლოს, ვიდრე სურს. კარმული ამოცანა რთულია, უნდა ისწავლოს საკუთარ მსხვერპლის გაღების მიმართ სწორი დამოკიდებულება, უნდა გასცეს, როცა აუცილებელია და მის მიმართ, ვისაც უნდა. თუ მე-12 სახლი მეექვსე სახლზე ძლიერია, ინდივიდი შეიძლება იყოს ფანატურ-ასკეტური აზრის მქონე; საკუთარი ცხოვრების, სამსახურისა და ჯანმრთელობისგან მსხვერპლს ქმნის და შესაძლოა უამრავი შეცდომაც მივიღოთ. მსხვერპლის გაღების სწორი ნიშნებია: ა)პირველ რიგში, უნდა იყოს აბსოლუტის თხოვნით და არა კრისტალიზებული ეგრეგორისგან ან სულაც თავად პიროვნებისაგან გადაწყვეტილებიდან გამომდინარე; ბ)გაღებული მსხვერპლი უნდა იყოს უპირობო და უანგარო (რა თქმა უნდა, ამასთან „ეგოს“ შეგუება გაუჭირდება); გ)მსხვერპლის გაღება გარკვეულ პიროვნულ ძალისხმევას უნდა მოიცავდეს, რადგან მას უჩნდება/აქვს მისი ღირებულების რეალური განცდა; დ)უნდა იყოს გულწრფელი იმ შემთხვევაშიც, თუ იძულებულია მსხვერპლი გაიღოს; ე)აბსოლუტის მიერ მიღებული უნდა იყოს და შედეგად ადამიანს უჩნდება განცდა, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს. ამ ადამიანს სავარაუდოდ ბევრი ფარული მტერი ეყოლება, მთავარი მტრები კი ქვეცნობიერის ფარული, დაბალი პროგრამები იქნებიან, რომელთა ამოტანა, გაცნობიერება, ტრანსფორმაციააუცილებელია (ზოგჯერ ამ ყველაფერში გულწრფელი მონანიება ეხმარება). დაზიანების შემთხვევაში მწვავედ დგას მწუხარების (შეცოდების) პრობლემა – წუხს სხვების ან საკუთარი თავის გამო. საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც გზაზე ხვდება, არის ტანჯვისადმი დამოკიდებულება. დაბალ დონეზე შესაძლოა საკუთარ ტანჯვაში ბედნიერი ადამიანები დაადანაშაულოს. დამუშავება იძლევა შემოქმედებით ადამიანს, რომელსაც ესმის არამხოლოდ რიგითი ადამიანების, არამედ ბევრი გარიყულისაც. შესაძლოა მძიმე ბედის მქონე ადამიანების სულებში ღვთიური ნათელი დაანთოს, რომლებიც სოციუმის მსხვერპლნი ან პირიქით უგულო ჯალათები იქნებიან. ასეთ ადამიანს არასდროს მოეჩვენება, რომ ბევრს მუშაობს, პირიქით, საკუთარი მუშაობა შესაძლოა „არასაკმარისად კარგად“ შეაფასოს. დაბალ დონეზე საპირისპიროდ ხდება – სამყაროს მიმართ პრეტენზიას გამოხატავს და ვლინდება: ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკული ნივთიერებები, სიგარეტი, გაქცევა.

დამუშავების დონეები

პირველ დონეზე ადამიანს რაც შეუძლია ცდილობს და თავიდან იცილებს დამუშავების აუცილებლობას ან სხვებზე რთავს. მისთვის  უპირობო მსახურება უცხოა, რამდენადაც მსახურება ყოველთვის პირადულად და კონკრეტული ადრესატის მიმართ გაიგება. ნებისმიერი ფორმის პატიმრობასა და მარტოობაში კარგს არაფერს ხედავს, გაურბის; მსხვერპლს მხოლოდ საკუთარის მიმართ განიცდის. თუ მე-12 სახლი იმპერატიულად ჩაირთო (არა თხოვნის, არამედ დამუშავების მოთხოვნის სახით) და ინდივიდი საავადმყოფოში აღმოჩნდა ან ავადმყოფი ნათესავის მოვლა უწევს, ცდილობს ილუზორული რეალობა შექმნას (ოცნებები, ფანტაზია და ა.შ.) და მაში იცხოვროს, რეალური აუცილებლობების მაქსიმალურად დავიწყებას ცდილობს, რადგან ეს უკანასკნელი (აუცილებლობები) მხიარულ, თავისუფალ სამყაროსთან შედარებით საშინლად, აუტანლად ეჩვენება. ამ დონეზე პატიება, გულმოწყალება, თანაგრძნობა და უპირობო დახმარება ადამიანის მიერ გაიგება მხოლოდ საკუთარი პოზიციიდან, მხოლოდ მისთვის; და თუ აუცილებლობა მოითხოვს, რომ სხვისადმიც მსგავსად მოიქცეს, ინდივიდი უაზრობად თვლის არამხოლოდ ამ „სამუშაოს“, არამედ მის (საკუთარი თავის) არსებობას სამყაროში, სამყაროს არსებობას; ასევე მოჩვენებით მცდელობებს მის გასაუმჯობესებლად. მორჩილება სისუსტედ აღიქმება, სულის ძალების გაგებასა და უმაღლეს ნებას თვლის სპეკულაციურად და დემაგოგიად. ფარულ მტრებზე ეჭვი აქვს და ძირითადად გარე სამყაროში ეძებს/მოიაზრებს ინტრიგანების სახით, რომლებიც მის მცირე შეცდომას ელოდებიან კუთხეში მისამწყვდევად. ფარული შესაძლებლობების არსებობის არ სჯერა. შინაგან თავისუფლებას კი გარეშეზღუდვების ალტერნატივად აღიქვამს.

 მეორე დონეზე ადამიანს ბოლომდე არ ესმის რას ნიშნავს უპირობო მსახურება, თუმცა სიტუაციები, რომლებშიც იძულებულია გარკვეული (არც ისე ბევრი) დრო და ძალა დახარჯოს ერთი შეხედვით უაზრო მოქმედებისთვის, მასში ძლიერ პროტესტს არ იწვევს: მას უკავშირებს არასრულყოფილ სამყაროს და დიდ ემოციურ ყურადღებას არ აქცევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უმნიშვნელო, იძულებითი მსხვერპლის გაღება დაძაბულობის გარეშე ხერხდება, თუმცა მასში რაიმე დადებით მნიშვნელობას არ იღებს. პატიმრობის (ავადმყოფობები, იძულებითი მარტოობა) ხანგრძლივ პერიოდს ინდივიდი უარყოფითად ხვდება, თუმცა მცირეხნიანი „შესვენებები“ განიხილება როგორც სამყაროსგან გათიშვად, დასვენებად. მარტო ყოფნის დროს კი სწრაფად იწყენს. ახლობელი ადამიანების მიმართ გულმოწყალეა და თანაგრძნობას იჩენს. მტრების მიმართ გულმოწყალე არაა და საერთოდაც, მათდამი გულმოწყალებას სკეპტიკურად უყურებს. თუმცა, ზოგჯერ მის თვალში აზრების „გადატრიალება“ ხდება. ამ დონეზე ადამიანს ესმის, რომ ცხოვრების გარკვეულ სიტუაციებში ზოგჯერ აუცილებელი ხდება თვითშეწირვა, ზოგჯერ ვიღაცამ სხვისთვის თავი უნდა გაწიროს, თუმცა თავად ძალიან არ უნდა ამ ადგილზე აღმოჩნდეს. თავგანწირულ ადამიანებს პატივს სცემს და აფასებს სულიერი სიძლიერის გამო. ფარულ მტრებს მხოლოდ გარეთ ხედავს და მათთან ეფექტური „ბრძოლის“ ხერხად კონტრინტრიგას თვლის. დამორჩილებას თვლის ბოლო ხერხად და შეიძლება გამოიყენოს ყველა ხერხის ცდის შემდეგ. რაც შეეხება შესაძლებლობებსა და უნარებს – მათ უშვებს, თუმცა აბსტრაქტულად და გარკვეულწილად სკეპტიკურად. ამ დონეზე ადამიანის სამყაროსთან მისტიურ კავშირი პრაქტიკულად გამოირიცხება, თუმცა შინაგანი თავისუფლება, როგორც გარემო სიტუაციებთან (ის, რაც მის გარშემო ხდება) ურთიერთობის თავისუფლება გარკვეულწილად გასაგებია.

მესამე დონეზე უპირობო მსახურება – ანუ როდესაც ადამიანი აკეთებს იმას, რაც უნდა გაკეთდეს, მაგრამ გაკეთდეს ანაზღაურებისა და პიროვნული ხელწერის გარეშე – მისი ქმედებების შედეგებში ვლინდება და ცხოვრებაშიც დიდ მნიშვნელობას იჭერს. ასეთ დროს გრძნობს საკუთარ აუცილებლობას კონკრეტული ადამიანების ან კოლექტივის მიმართ, მაგრამ ზუსტად რას გრძნობს ამის ახსნა ურთულდება. შეზღუდვასა და მარტო ყოფნას დადებითად აფასებს, მას თვლის არამხოლოდ ცხოვრებისეული აურზაურის, დასვენების, სამყაროს სურათის ხელახლა დაფიქრება-გააზრების საშუალებად, არამედ განმარტოებასა და შეზღუდვებში შემოქმედებით ხასიათსაც ხედავს. ამ დროს მას მოსდის აზრები, გრძნობები, შეგრძნებები მომხდარის შესახებ…ზოგჯერ ფაქიზი (ნაზი) სამყაროს უმაღლესი გეგმებზეც. შესაძლოა ამ დონეზე მოხდეს დიდი მისტიური გახსნები, თუმცა არა ხშირად. როგორც კი ადამიანი მარტო (ან შეზღუდვაში) აღმოჩნდება, სულიერი, ფაქიზი კავშირის შეგრძნება უჩნდება, ამავე დროს იწყება ფსიქიკასა და ფაქიზ სამყაროს შორის ურთიერთკავშირის რაღაც უჩვეულო, იდუმალი პროცესები. ამ დონეზე ადამიანი გულმოწყალე, თანამგრძნობია, თუმცა საკმაოდ ყურადღებიანია და შეუძლია სულიერი ტანჯვის ეგოს ტანჯვისგან განცალკევება და სენტიმენტალური არაა. კარგად ხვდება მსხვერპლის აუცილებლობას და მსხვერპლის გაღების სირთულეს. თუმცა მსხვერპლის გაღებას მორჩილად ხვდება. ამ დონეზე ხდება ცხოვრებისეულ ტანჯვაზე აზრის შეცვლა, გადაფასება; იღებს მას (ტანჯვას) როგორც ევოლუციური მუშაობის აუცილებელ სახესხვაობას. ამ ადამიანმა იცის, რომ უდიდეს ფარულ შესაძლებლობებს ფლობს, რომელთა გასაღებიც შეუძლია მე-12 სახლის განმარტოებით/თვითშეზღუდვით აღმოაჩინოს;არ აპროტესტებს, როდესაც არასწორი ინსტრუმენტებით უწევს მუშაობას – გრძნობს, რომ ეს მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია ჭეშმარიტი შესაძლებლობების რეალიზებისთვის. ფარულ მტრებს უმეტესად საკუთარ ქვეცნობიერში ხედავს და მათ აღმოჩენას ცდილობს; გარე ინტრიგები და „მტრების დასჯა“ ნაკლებად ადარდებს.

 მეოთხე დონეზე ადამიანი ბევრ რამეში ხედავს ან ხვდება აბსოლუტის უპირობო ნების გამოვლინებას. კარგად ხედავს კარმას და ცხოვრების ერთ-ერთ შემოქმედებით ნაწილად აბსოლუტის მსახურებას თვლის. თავგანწირვას ხედავს არამხოლოდ იქ, სადაც გარშემომყოფებისთვისაც შესამჩნევია, არამედ ცხოვრებისეულ სხვა მომენტებშიც, ხვდება თავგანწირვის თუ მსხვერპლშეწირვის მნიშვნელობას, როლს და აუცილებლობას. მისი მარტოსულობა, მარტო ყოფნა არავის აწუხებს. მე-12 სახლით ის აბსოლუტის ნების მორჩილად გვევლინება და უმაღლესი ნების ფორმირებას უწყობს ხელს, რაც შემდგომ მატერიალიზდება სხვა სახლების დახმარებით. ამ ადამიანისთვის მარტოობა – ბუნებრივი და შემოქმედებითი მდგომარეობა, აბსოლუტსა და სამყაროსთან უპირობო მისტიური კავშირის პირობაა. აქ უკვე კონკრეტული გარე პრობლემებისა და ამოცანების გადაწყვეტა ხდება, რაც კი სამყაროს წინაშე დგას და ინდივიდი მათ გადაწყვეტაში ნებით მონაწილეობს. ამ დონისთვის დამახასიათებელია (ტიპიურია) ეგრეგორთან მუშაობა, ადამიანის ინდივიდუალურობის სუსტი ხელწერა სწორედ იქ რჩება (ეგრეგორთან მუშაობაში). ადამიანს უდიდესი მისტიური შესაძლებლობები აქვს, შეუძლია „მოსწავლე“ მედიტაციურად აიყვანოს უფრო ნატიფ სამყაროში და ანახოს წარსული განსხეულებანი, მომავლის გარკვეული თვისებები, ფარული უნარებისა და პოტენციური შესაძლებლობების დანახვაში დაეხმაროს.

წყარო: პოდვოდნი, გლობა, მარკინა, ვინკლერი, კეფერი, ვრონსკი, ჰერბსტი.

სტატიის ავტორი: თამთა


About Rusa

Scroll To Top