მთვარის და ნეპტუნის შეერთება

მთვარის და ნეპტუნის შეერთება

ავესალომ პადვოდნი

მთვარის შეერთება :

 პირადი ეგოიზმის ვიწრო ჩარჩოები ხელს მიშლის სამყაროს მთლიანად  მოხმარებაში

მთვარესთან შეერთება პლანეტას ადამიანის ქვეცნობიერ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობის საშუალებას აძლევს. სუბიექტი ძალიან ინტიმურად არის დაკავშირებული მოცემული პლანეტის პრინციპებთან, რომლითაც შეფერილია მისი შინაგანი მოთხოვნები, განსაკუთრებით ცხოვრებისეული და სოციალური. ასპექტის დამუშავების დაბალ დონეზე, და საერთოდ დაუმუშავებელი მთვარის ადამიანებისთვის, მთვარე ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი სხვა პლანეტა (ცხოვრებაში „ეგოს“ პრინციპი დომინირებს). მთვარესთან შეერთებული პლანეტები მის პრინციპებს საკუთარ პროგრამებში რთავენ და პარაზიტული მოხმარების პროგრამებად აქცევენ. მაგალითად, მთვარისა და ვენერის შეერთებისას, ადამიანი სილამაზით, სიყვარულითა და სოციალური კონტაქტებით ტკბება, მაგრამ მასთან კონტაქტის შემდეგ ადამიანებს (განსაკუთრებით კი მათ შეყვარებულებს) საკმაოდ დიდი დრო სჭირდებით ენერგიის და კაცობრიობის რწმენის აღსადგენად. ასეთი „ხელოვნებათმცოდნე“  უხეშად აცლის ხელოვნების ნიმუშებს დამცავი ენერგიის შრეებს, რის შედეგადაც ის ერთფეროვნების ობით იფარება  და შეიძლება საერთოდ დაიღუპოს კიდეც. აქ აბსოლუტის შემოქმედებითი მომენტი ადამიანის პრეტენზიულ გემოვნებაში ვლინდება, ან გარემოებებში, რომელიც თავად სუბიექტს შთანთქავს.

მთვარესთან შეერთების ასპექტის დამუშავება ძლიერ დახვეწილობას იძლევა, ხშირად იმ საკითხების მოულოდნელ აღქმასაც, რომელიც პლანეტის პრინციპებთან არის დაკავშირებული. ნებისმიერი პლანეტის პრინციპი დროსთან (და მთვარის დამუშავებასთან) ერთად ცხოვრებისეულ მოთხოვნაში გადადის, სამაგიეროდ, ნატივს პლანეტის უმაღლესი პრინციპების ადამიანებისთვის გადაცემაში ეხმარება. უმაღლეს დონეზე ის შეიძლება იყოს საზოგადოებრივი მოღვაწე ან წინასწარმეტყველი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაციის კარმასთან.

 

ნეპტუნის შეერთება:

სულის უკვდავება დაუჯერებელია ისეთი ადამიანისთვის, ვისაც სული არ აქვს

ნეპტუნთან შეერთებისას, ადამიანს უჭირს კონცენტრაცია პლანეტის მართულ სფეროში: მას ეწყება მედიტაციური პროცესები, რომელთაც, დაუმუშავებელი ასპექტისას, ქვეცნობიერის უმდაბლესი პროგრამები აწარმოებენ და ამ გზით ცდილობენ პლანეტის პრინციპების გამოვლენა მთლიანად ნეპტუნს დაუქვემდებარონ. ნეპტუნი კი პლანეტის შესაბამის სფეროებში, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ყოველთვის წარმოშობს დამახინჯებულ ხედვებს, ცრუ მდგომარეობებს, მოტყუების ცდუნებებს. იმავდროულად, მისი გავლენისგან თავის დაღწევა საკმაოდ რთულია, რადგან დაუმუშავებელი შეერთებისას, ნეპტუნის უმდაბლესი პროგრამები ღრმად აღწევს პლანეტის პრინციპებში.

მაგალითად, ვენერა-ნეპტუნის შეერთებისას, ადამიანი ხშირად ხვდება ცრუ საზოგადოებრივ სიტუაციებში, ტყუის სოციალურ კონტაქტებსა თუ სასიყვარულო ურთიერთობებში. თუმცა მსგავსი მდგომარეობა მისთვის სიამოვნების ამოუწურავ წყაროს წარმოადგენს. სამაგიეროდ, ვენერა-ნეპტუნის დამუშავებული შეერთება იძლევა ხელოვნების ჭეშმარიტ მცოდნეს. შესაძლოა მხატვარსაც.

გაცილებით რთულია ნეპტუნის სატურნთან შეერთების დამუშავება, რადგან ნეპტუნის უმდაბლესი პროგრამა თვალს უხვევს სატურნს და ადამიანი პრაქტიკულად უუნარო ხდება კონცენტრაციის და თვითჩაღრმავების კუთხით, რაც აუცილებელია დისციპლინისა და შინაგანი პატიოსნების გამომუშავებისთვის.

ნეპტუნთან დამხმარე შეიძლება იყოს მხოლოდ პლუტონი, რომელიც, სხვათა შორის, XX საუკუნის მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში სექსტილში იდგა ნეპტუნთან. პლუტონი ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც ნეპტუნის ილუზიების ცრუ მომხიბვლელობის გაფანტვა შეუძლია.

დამუშავებული ასპექტი ადამიანს აძლევს პლანეტის პრინციპების ჭეშმარიტად გაგების იშვიათ უნარს და უმაღლეს მედიტაციურ პროგრამებს, რომლის მეშვეობით ის შეძლებს გამოხატოს გამოუთქმელი _ ისეთი რამ, რასაც ყველა ვერ ხედავს და არ ესმის.

 

 

საბავშვო ჰოროსკოპი

თქვენი პატარა ძალიან მგრძნობიარე, რომანტიული და ემპათიურია. მისგან გრძნობებს ვერ დამალავთ, ის მყისიერად გრძნობს სიყალბეს. მარტივად ექცევა გარშემომყოფთა განწყობის გავლენის ქვეშ. ემოციურ დონეზე, ის ძლივს არჩევს ილუზიებს და რეალობას. ასეთი ცოცხალი ფანტაზიების სწორად გამოყენებით, ის ბრწყინვალე მუსიკოსი ან ხელოვანი დადგება ისეთ სფეროებში, სადაც საჭიროა აქტიური წარმოსახვა. მშობლებს განსაკუთრებული სინაზის და ალერსის გამოჩენა მართებთ ასეთი ბავშვის მიმართ.

ბავშვი დედას აღიქვამს როგორც გაუგებარ, ზემგრძნობიარე ადამიანად, ვისთან მიწვდომაც ძალიან რთულია. უმეტესად, დედა ამაღლებულ და სულიერ ადამიანად ეჩვენება. დედა უნდა განასახიარებდეს სრულყოფილების იდეალს და თუ ის ამას ვერ ახერხებს, ბავშვი მწარე იმედგაცრუებას განიცდის.

 

Het Monster

უკიდურესად შთაბეჭდილებიანია და ამიტომ, მარტივად შედის ნებისმიერი ადამიანის ემოციურ მდგომარეობაში. ერთის მხრივ, ეს ძალიან თანამგრძნობი ხალხია, მეორეს მხრივ _ ისინი დამოკიდებულნი არიან სხვების განწყობაზე. ხშირია ოკულტური უნარები (სხვა ასპექტების დამატებით).  ესიზმრებათ წინასწარმეტყველური სიზმრები. ცუდი ასპექტებისას, ჰაეროვან კოშკებში (ილუზიებში) იკარგებიან.

 

კატრინ ობიე

დადებითად ასპექტირებული შეერთება: გამძაფრებული, მედიუმური მგრძნობიარობა. ჰიპერმგრძნობიარე აღქმა. ადამიანი პირდაპირ კონტაქტშია ირაციონალურ სამყაროსთან და ისე, რომ ერთ კითხვასაც არ უსვამს საკუთარ თავს, თავისუფლად ცურავს იქ, სადაც კარტეზიანული გონებები იხრჩობიან. წარმოსახვა შემოქმედებით უნარებს უაქტიურებს. მისთვის უცხოა ანალიზი და გათვლები. თუმცა მას ძალიან მარტივად ესმის სხვების და არავის განსჯის, რადგან თანაგრძნობის განსაკუთრებული უნარით გამოირჩევა.

ნეგატიურად ასპექტირებული შეერთება: აღმქმელობა, რომელსაც არანაირი საზღვარი არ აქვს. ის ყველაფერს განურჩევლად შთანთქავს, კარგ და ცუდ დინებებსაც. მგრძნობიარობა იმდენად გამძაფრებულია, შეიძლება ჰიპერტროფირებულ სტადიაშიც გადადიოდეს. ადამიანი ღრუბლებში დაფრინავს და ფსიქიკურად ძალიან მოწყვლადია. ის ხშირად ვარდება დეპრესიაში და სრულიად კარგავს კონტროლს რეალურ სამყაროსთან.  ეს ასპექტი, დაზიანებული ფორმით, ხშირად გხვდება როგორც პროფესიონალ ფსიქოლოგებში, ისე ფსიქიურად დაავადებულთა რუკებშიც.

ყველაფერი, რა თქმა უნდა დამოკიდებული, პიროვნების განვითარების დონეზე.

 

 

ფრენსის საკოიანი

შთაბეჭდილებები იმდენად ძლიერად ზემოქმედებს ადამიანზე, მას შეუძლია ნებისმიერი ადამიანის ემოციურ რეაქციას შეერწყას. პარაფსიქოლოგიური უნარები, თუმცა ნამდვილი თუ ცრუ, დამოკიდებულია მთლიან რუკაზე. ასპექტის დაზიანებისას, არაცნობიერის ძლიერი ზემოქმედება ოცნებების სამყაროსკენ უბიძგებს. კარგ ჰოროსკოპში სულიერების, რელიგიურობის უმთავრესი მაჩვენებელია.

 

სერგეი შესტაპალოვი

ორობითობა, გაურკვევლობა, გაუბედაობა, სიცრუე, მომატებული მგრძნობიარობა და აღმქმელობა, მედიუმიზმის დონეზე. სპირიტიზმით გატაცება. საკუთარი მოთხოვნების წაქეზება. მავნე ჩვევები. თვითმოტყუება. იმედგაცრუებები, ფსიქიკური აშლილობების საფრთხე.

დადებით მხარე: დიდი სულიერი ძალა, მიდრეკილება სულიერი თვითსრულყოფისკენ, თავგანწირვის უნარი. სიღრმისეული გრძნობები და განცდები. თანაგრძნობა. გულმოწყალება.

 

სხვა წყაროები:

მთვარისა და ნეპტუნის შეერთება ძლიერ წარმოსახვას იძლევა. მისი გამოყენების ხასიათი დამოკიდებული იქნება პიროვნების ემოციურ მოწიფულობაზე. ეს საკმაოდ რთული ასპექტია,  ზედოზირებული მგრძნობიარობის, სხვებზე დამოკიდებულების, თვითშეცოდების, ესკაპიზმის და ირაციონალური შიშების გამო. თუმცა მისი მფლობელები საკმაოდ დიდხანს ახერხებენ საკუთარი ჭეშმარიტი თვისებების დამალვას.

უკიდურესად ინტუიციური და მეოცნებენი, შთაბეჭდილებებით იკვებებიან. ძლიერი მოთხოვნა აქვთ საკუთარი ფანტაზიების შემოქმედებითად გამოხატონ. მათ სურთ დაკავშირებულნი იყვნენ კოსმიურ ნაწილთან, ამაღლდნენ საკუთარ მიწიერ არსებაზე. ამ ასპექტის იდეალიზმი მართლაც უზარმაზარია, მაგრამ ხშირად  სულიერი დაცემის მიზეზი ხდება. ისინი იმდენად მაღლა მიჰყვებიან საკუთარ ფანტაზიებს, შეგრძნებებს თუ შთაბეჭდილებებს, რომ რეალობასთან შეჯახებისას, მიწაზე ენარცხებიან.

ეს უკიდურესად სენსიტიური ადამიანები გრძნობათა სამყაროში ცხოვრობენ. ისინი მარტივად ჰყვებიან გრძნობებს, თუმცა ამას მეტად პრივატული ხასიათი აქვს. მათ სურთ, სწამდეთ, რომ ადამიანები გულწრფელები, გულკეთილი და დახვეწილები არიან. ამიტომ, საკმარისია ოდნავი მინიშნება მაინც იპოვონ ამ თვისებებზე და მაშინვე იჯერებენ მათ სიკარგეს. სხვა სიტყვებით, ისინი ადამიანებში საუკეთესო თვისებებს ეძებენ. ისინი იშვითად ახარისხებენ ადამიანებს კატეგორიებად. ასევე ძალიან უჭირთ საკუთარი შეგრძნებების და შეხედულებების მკაფიოდ განსაზღვრა. ეს ძალზედ ტოლერანტული ხალხია და მათთან ურთიერთობა მეტად სასიამოვნოა, რადგან არავის ძაბავენ. თუმცა რაც უფრო მეტად უახლოვდებით, მით უფრო ნათლად მიხვდებით, რომ ნებისმიერ მომენტში შესაძლოა საპნის ბუშტივით გასკდნენ და გაქრნენ.

მათ გარკვეული დრო სჭირდებათ რეაბილიტაციისთვის, რადგან , როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, უკიდურესად მგრძნობიარედ რეაგირებენ გარშემო არსებულ ენერგიებზე. ძალიან რთულად უმკლავდებიან სტრესებს, ამიტომ მათი ბუნებრივი რეაქცია, რთულ სიტუაციებზე, გაქცევაა. მათთვის აბსოლუტურად აუცილებელია უწყვეტი ემოციური კვება. იშვიათად, რომ ეს მისწრაფება ბოლომდე დაკმაყოფილდეს და ასეთ სიტუაციებში შემოქმედება მათთვის ნამდვილი გამოსავალი ხდება.

წარსულ ინკარნაციებში მათ ემპათიის უსაზღვრო უნარი დააგროვეს.  მათი ფსიქიკური გახსნილობა და გარშემომყოფთა ემოციური მდგომარეობის სიხშირეზე განწყობის უნარი, უდაოდ, დიდი ნიჭია. მაგრამ იგივე თვისება ძლიერი მოწყვლადობის საფუძველიც ხდება. ისინი არაცნობიერად ისრუტავენ სხვების განცდებს და შეგრძნებებს. ეს უნარი იმდენად ძლიერია,  თითქმის ვერც არჩევენ, საკუთარ შეგრძნებებთან უწევთ შეხება თუ სხვების ემოციებთან. ლოგიკურია, რომ ისინი ძალიან მარტივად ექვემდებარებიან მანიპულაციას, განსაკუთრებით სიბრალულის, თავის შეცოდების მეშვეობით. ამიტომ, დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ემოციურ თუ ფინანსურ წურბელებთან.  გაუწონასწორებლობის მდგომარეობაში მათი მაღალი მგრძნობიარობა კიდევ უფრო იზრდება ფსიქოტროპული საშუალებების, ალკოჰოლის, დაბინძურებული გარემოს, ხმაურის, სტრესების ან ნებისმიერი დისონანსის მიმართ. თუმცა ისინი უფრო მიიღებენ ამ ყველაფერს, ვიდრე მკაცრი საზღვრების დაწესებით დაუპირისპირდებიან. ზოგადად, მათი ემოციური საზღვრები მარტივად შეღწევადი და ამიტომ, ძალიან არასაიმედოა. ბალანსის აღდგენაში თერაპიის სპეციფიური ფორმები დაეხმარებათ, რომელიც პირველ რიგში ადამიანის ემოციურ და ფაქიზ ენერგიებს ეხება: მუსიკა, ფერების ან არომათერაპია; ან უბრალოდ წყალთან სიახლოვე; უაღრესად დადებითი ეფექტი აქვს ასევე ბუნებაში ყოფნას; სულიერი განმარტოების ადგილების (ეკლესია-მონასტრები) მონახულებას. ეს მეთოდები ასევე სასარგებლოა შინაგანი განახლებისთვის, რასაც ეს ადამიანები პერიოდულად საჭიროებენ. პრინციპში, რომც არ იცოდნენ, ისინი ინსტინქტურად ირჩევენ ამგვარ გამოსავალს, რადგან მათში ყოველთვის ძლიერია მატერიალური სამყაროსგან გაქცევის მოთხოვნა, თითქოს მათ სულს ახსოვს გაცილებით უფრო კეთილი, მშვენიერი, მშვიდობიანი სამყარო და მათი ნაწილი ყოველთვის ლამობს ამ ირეალურ განზომილებაში დაბრუნებას. მედიტაცია და სხვა მჭვრეტელობითი პრაქტიკები მშვენივრად აკმაყოფილებს ამ  მოთხოვნას. სამაგიეროდ, ნარკოტიკული საშუალებების და ალკოჰოლის, ან სხვა ესკაპისტური სტრატეგიების გამოყენება ძალიან ნეგატიურ, (როგორც მინიმუმ არაეფექტურ), შედეგებს მოიტანს, შინაგანი სიმშვიდის მიღწევის თვალსაზრისით.

 

ცნობილი ადამიანები მთვარე-ნეპტუნის შეერთებით:  Bill Cosby, Mike Farrell, Tommy Hilfiger, Dustin Hoffman, Billy Joel, Sting, Justin Timberlake, Shirley MacLaine, Anne Frank, Bono (U2).


About Qet

Scroll To Top