მინერალოგია – საფირონი

მინერალოგია – საფირონი

საფირონი კორუნდის სახეობაა და სიმტკიცით გამოირჩევა. მინერალი ლურჯ შეფერილობას ტიტანისა და რკინის შერევით იღებს. თუმცა, გარდა ლურჯისა, არსებობს ყვითელი, მწვანე, იისფერი და ვარდისფერი საფირონიც. ძველად საფირონად მოიხსენიებდნენ ყველა ლურჯ მინერალს. თავად ტერმინი ბერძნული სიტყვა sapferos („სატურნის რჩეული“)-იდან წარმოიშვა, რომელიც  sappir-ისა და canipriva-ს გაერთიანებას წარმოადგენს. მეორე ვერსიით, ბაბილონური სიტყვა „სიპრუ“-დან წარმოიშვა, რაც „მჩხაპნელს“ ნიშნავს (ტერმინი მიანიშნებს მინერალის სიმტკიცეზე).

საფირონის მომპოვებელ ქვეყნებს წარმოადგენენ: ავსტრალია, ბრაზილია, ბირმა, კამბოჯა, ტაილანდი, მადაგასკარი, ა.შ.შ., საფრანგეთი, შრი-ლანკა, ინდოეთი. რუსეთის ტერიტორიაზე მას შორეულ აღმოსავლეთში მოიპოვებენ.

მითები და ისტორია

საფირონი ყოველთვის ერთ-ერთი ძვირფასი ქვა იყო ფერისა და სიმტკიცის გამო. გადმოცემის მიხედვით ძველ ეგვიპტეში ქურუმებს საფირონისთვლიანი სამკაული მკერდზე ეკეთათ. საბერძნეთსა და რომში საფირონს იუპიტერს, იგივე ზევსს უძღვნიდნენ. ძველ ჩინეთში  ცისფერი/ზღვისფერი სულის (გარდაცვალების შემდეგ) სიმბოლო იყო. ხოლო ინდოეთში თვლიდნენ, რომ კოსმოსთან მტკიცედ დაკავშირების გამო ქვამ მისი ფერი მიიღო.

ტრადიციულად, საფირონს სამეფო სისხლის წარმომადგენლები ატარებდნენ ზიანისა და  თვალისგან დასაცავად. გერმანიაში ცნობილი იყო როგორც „გამარჯვებულის ქვა“ და ავი თვალისგან დამცველ ძლიერ მინერალად იწოდებოდა.

სამკურნალო თვისებები

მიჩნეულია, რომ საფირონი წნევას დაბლა წევს, მშვიდი ენერგიით აღავსებს მფლობელს, ეხმარება გაციების, უძილობისა და ხერხემლის ტკივილის დაძლევაში. საფირონით გაწყობილი ბეჭდის ან სამაჯურის ტარება მარცხენა ხელზე დადებითად მოქმედებს ასთმის, გულის დაავადებებისა და ნევრალგიის დროს.

ქვის სამკურნალო თვისებების გამოსავლენად მისი მფლობელი მიზანდასახული და (გულ)კეთილი უნდა იყოს. შემთხვევითი არაა, რომ საფირონს მონაზვნების ქვას უწოდებდნენ, რადგან ძველი რწმენით –  ქალწულობას, უმანკოებას იცავს.

მაგიური მახასიათებლები

ძველი დროიდანვე საფირონი ითვლება ძალაუფლების, სიბრძნის, სულიერი სიმტკიცის, გამარჯვებისა და სამართლიანობის სიმბოლოდ. ადამიანს სიმშვიდეს, საკუთარ თავში დარწმუნებულობას, სხვებზე გავლენის მოხდენის უნარს მატებს, ჟინიანობას ამცირებს. მფლობელს ეხმარება ტყუილის აღმოჩენაში, ცხოვრების მიზნის პოვნაში, შიშებისა და უმოქმედობის დაძლევაში.

საფირონი ენერგეტიკულ დონეზე ადამიანს  მეხსიერების გაუმჯობესებაში ეხმარება, კონცენტრაციასა და სულის სიწმინდეზე მოქმედებს.  საფირონს შეუძლია საკუთარ თავში გაატაროს ენერგია, გაასუფთავოს და შემდეგ გადასცეს ადამიანს, ამიტომ  მედიტაციის დროს ხშირად იყენებენ.

საფირონი იუპიტერის ქვაა და ფარულ ძალაუფლებას, მგზავრობის დროს დაცვას, სულიერ სიმტკიცეს, ალტუიზმს, სხვების დახმარებას, მასწავლებლებს (ცოდნის გადამცემებს) უკავშირდება და დადებით ეფექტს არ ახდენს იმ ადამიანებზე, რომლებიც მხოლოდ საკუთარი თავისთვის მუშაობენ.

არსებობს მოსაზრება, რომ მისი ძალა და თვისებები უკეთესად ვლინდება 36 წლის ზემოთ (საფირონი პლანეტა იუპიტერს უკავშირდება. იუპიტერის ერთი ციკლი 12 წლისგან შედგება. იგულისხმება, რომ იუპიტერის მესამედ დაბრუნების პერიოდიდან ქვა საკუთარ თვისებებს უკეთესად ავლენს).

დაუმუშავებელი საფირონი

ასტროლოგია

შეესაბამება მშვილდოსანსა და პლანეტა იუპიტერს. დადებით ეფექტს ახდენს თევზებსა (იუპიტერი როგორც თევზების მეორე მმართველი) და კირჩხიბზე (იუპიტერის ეგზალტირების ნიშანი). მეტნაკლებად შეეფერება სასწორებს. არასასურველია – თხის რქისთვის. დანარჩენი ნიშნებისთვის ნეიტრალურია.

ჩაკრებზე გავლენა

მესამე თვალის (აჯნა). გავლენას ახდენს გონებრივ ხედვაზე, იდეების რეალიზებაზე, ფიზიკურ სამყაროში აქტიურობის სტიმულირებას ახდენს. ჯანმრთელობის კუთხით დადებითად მოქმედებს თავის ორგანოებზე, შარდისა და ნაღვლის ბუშტის მოქმედებაზე.

ლურჯი ფერის საფირონი იმ სულის სიმბოლოა, რომელიც მარადიულობისკენ ისწრაფვის.

მომზადებულია ჯასპერ სტოუნის, იულია კაფთანოვას, გლობას, lithotherapy.ru-ს, webois.org.ua-ს მასალებზე დაყრდნობით


About Tamta

Scroll To Top