მიცვალებულთა წიგნი (125-ე თავი)

მიცვალებულთა წიგნი (125-ე თავი)

სცენა, სადაც მიცვალებულის გული აიწონება ანუბისის მიერ, მაატის სასწორზე. ანუბისი, ღმერთების მწერალი, ჩაიწერს შედეგს. თუ გული ბუმბულზე მსუბუქია, მიცვალებული ცხონდება, ხოლო თუ გადაწონის ბუმბულს, მას შთანთქავენ დემონები.

მიცვალებულთა წიგნი (125-ე თავი)

(ძვ.ეგვიპტურიდან თარგმნა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა მ.ხვედელიძემ)

ძველი სამეფოს დროს სხვადასხვა რელიგიური ფორმულები, რომლებიც უნდა დახმარებოდა გარდაცვლილს იმქვეყნიურ ცხოვრებაში, მხოლოდ ფარაონების სამარხების – პირამიდების – კედლებზე თავსდებოდა, სწორედ ამიტომ ეწოდა მათ „პირამიდების ტექსტები“. მაგრამ თანდათან ხდება ამ ტექსტების „დემოკრატიზაცია“, და შუა და ახალი სამეფოს პერიოდებში მსგავსი შინაარსის ფორუმები უკვე ჩვეულებრივ მოკვდავთა სამარხებშიც გვხვდება. ეს ტექსტები დღეს „სარკოფაგების“ და „მიცვალებულთა“ წიგნების სახელით არის ცნობილი. რა თქმა უნდა, აქ არ ვხვდებით ზეცაში აღზევებისა და ღმერთებთან შეერთების მოტივებს, მაგრამ ჩვეულებრივ მოკვდავებსაც ჰქონდათ თავიანთი „პრობლემები“ იმქვეყნიური ცხოვრებისათვის მზადებაში.

ოფიციალური ეგვიპტური იდეოლოგიის თანახმად, ადამიანის ცხოვრება დედამიწაზე იყო მხოლოდ მოკლე მონაკვეთი მისი მარადიული არსებობისა, რომელიც მიცვალებულთა ქვეყანაში, ანუ „დასავლეთში“ (მზის ჩასვლის მხარე) უნდა გაგრძელებულიყო. ადამიანის სიკვდილის მომენტში მისი სულიერი საწყისი – ეგვ. „ბა“, რომელსაც ეგვიპტელები გამოსახავდნენ როგორც ფრინველს ადამიანის თავით, შორდებოდა სხეულს. მხოლოდ სხეულისა და სულის თავიდან შეერთების შემდეგ იყო შესაძლებელი ადამიანის მშვიდობიანი მოგზაურობა „იალუს მინდვრებისაკენ“, რაც ძველ ეგვიპტეში სამოთხის ექვივალენტს წარმოადგენდა. სწორედ იალუს მინდვრებში ელოდა მას საბოლოო ნეტარება. მაგრამ სხეულისა და სულის შეერთებამდე მიცვალებულს უნდა გაევლო ოსირისის – მიცვალებულთა მეუფის – სამსჯავრო, რადგან ეგვიპტური წარმოდგენების თანახმად საბოლოო ნეტარების მიღწევა შეეძლო მხოლოდ იმას, ვინც უცოდველად და კეთილად გაატარა თავისი დედამიწაზე ცხოვრების წლები. მიცვალებული წარსდებოდა თავად ოსირისის წინაშე. იგი გარშემორტყმული იყო მიცვალებულთა სამყაროს 42 დემონით. იქვე იყო ანუბისი – ძაღლთავიანი ღვთაება, რომელსაც მიცვალებული აილუს მინდვრებში გადაჰყავდა. აქ მიცვალებული წარმოსთქვამდა თავისი უცოდველობის დამამტკიცებელ სიტყვას, „ცოდვების უარყოფის“ სიტყვას. რომელიც თანამედროვე გამოცემებში „მიცვალებულთა წიგნის“ 125-ე თავს წარმოადგენს და ქვემოთ არის მოყვანილი. სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, მისი სიმართლის შესამოწმებლად, სიმართლისა და წესრიგის ქალღმერთი მაატი წონიდა მის გულს, რომელსაც ფრინველის ბუმბული არ უნდა გადაეწონა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთ-ერთი დემონი შთანთქავდა.

აღსანიშნავია, რომ ძველი აღმოსავლეთის არც ერთ რელიგიაში არ არსებობდა ამგვარი წარმოდგენები, რომლებსაც შემდეგ ქრისტიანულ რელიგიაში ვხვდებით და რომელთა მიხედვით ადამიანის დედამიწაზე გატარებული წლების დროს გარკვეული ეთიკური და მორალური ნორმების დაცვა იყო საწინდარი მისი სამუდამო განცხრომისა სიკვდილის შემდეგ.

სალამი შენ, დიადო ღმერთო, ორი სიმართლის მეუფევ. მე მოვედი, რათა შენი მშვენება ვიხილო. ჩემთვის ცნობილია შენი სახელი, ჩემთვის ცნობილია ორმოცდაორი ღმერთის სახელი. რომლებიც იმყოფებიან აქ, ორი სიმართლის მხარეში – ისინი ელიან მათ, ვისაც ბოროტება აქვს ჩადენილი და სვამენ მათ სისხლს მათი უნნეფერის წინაშე წასდგომის დღეს – თქვენ ცნობილი ხართ ჩემთვის, სამართლის მეუფეებო. თქვენთან მოვედი სამართლით, თქვენი გულისათვის უარვყავ უსამართობა.

მე არ ჩამიდენია ბოროტება.

მე არ ჩამიდენია ცოდვა წმინდა ადგილას.

მე არ მიყვარდა მკრეხელობა.

მე არ დამიჩაგრავს სუსტი.

მე არ გამაჩნია ცოდვა ღმერთების წინაშე.

მე არ დამიჩაგრავს მონა ბატონის თანდასწრებით.

მე არ ვყოფილვარ არავის ავადმყოფობის მიზეზი.

მე არ ვყოფილვარ არავის ცრემლის მიზეზი.

მე არ მომიკლავს.

მე არ მიბრძანებია არავის მოკვლა.

მე არავისთვის მიმიყენებია ტანჯვა.

მე არ ვაზიანებდი სატაძრო ბეღლებს.

მე არ ვაზიანებდი ღმერთების სამსხვერპლო პურს.

მე არ მიმითვისებია მიცვალებულთა ქონება.

მე არ ჩამიდენია მრუშობა.

მე არ მქონია ბილწი ენა.

მე არასოდეს მომიტყუილებია წონაში.

მე არასოდეს ჩამიქრია სამსხვერპლო ცეცხლი.

მე არასოდეს გამომიტოვებია მსხვერპლის შეწირვა.

მე სუფთა ვარ, მე სუფთა ვარ, მე სუფთა ვარ…

მე არაფერი შემემთხვევა ამ ქვეყანაში, ორი სიმართლის მხარეში, რადგან ჩემთვის ცნობილია დიდი ღმერთის ორმოცდაორი თანამდგომის სახელები.

1.ო, უსხ-ნემთუტა, რომელიც იმყოფები ჰელიოპოლისში, მე არ ჩამიდენია ბოროტება.

2.ო, ჰეპეტ-სეჯეტ, რომელიც იმყოფები ჰეპრი-ახაში, მე არ მომიპარავს.

3.ო, დენჯი, რომელიც იმყოფები ჰერმოპოლისში, მე არ მჩვევია შური.

4.ო, აკშუტ, რომელი იმყოფები კერერეტში, მე არავის ვარბევდი.

5.ო, ნეხეხაუ, რომელიც იმყოფები რა-სეტაუში, მე არ მომიკლავს.

6.ო, რუტი, რომელიც იმყოფები ზეცაში, მე არ მომიტყუებია წონაში.

7.ო, ირტი-ემ-დეს, რომელიც იმყოფები ლეტოპოლისში, მე არ მჩვევია თვალთმაქცობა.

8.ო, ნები, … მე არ მჩვევია მკრეხელობა.

9.ო, სედ-კესუ, რომელიც იმყოფები ჰერაკლეოპოლისში, მე არ მითქვამს ტყუილი.

10.ო, უდი-ნესერ, რომელიც იმყოფები მემფისში, მე არ მომიპარავს საჭმელი.

11.ო, ქერტი, რომელიც იმყოფები დასავლეთში, მე არ მჩვევია ჭირვეულობა.

12.ო, ხეჯ-იბხუ, რომელიც იმყოფები ფაიუმში, მე არაფერი  დამინგრევია.

13.ო, უნემ-სენფ, რომელიც ყარაულობ მსხვერპლშესაწირავს, მე არ დამიკლავს ღმერთების კუთვნილი ძროხა ან ხარი.

14.ო, უნემ-ბესეკუ, ბრძენო, მე არ გამიტაცებია თავთავი.

15.ო, სიმართლის მეუფევ, რომელიც იმყოფება მააგიში, მე არ მომიპარავს პური.

16.ო, ტენმი, რომელიც იმყოფები ბუბასტისში, მე არ მჩვევია მიყურადებით მოსმენა.

17.ო, აადი, რომელიც იმყოფები ჰელიოპოლისში, მე არ მჩვევია ყბედობა.

18.ო, ჯუდუ, რომელიც იმყოფები ანჯში, არასოდეს მიჩხუბია ქონებისათვის.

19.ო, უამტი, რომელიც იმყოფები განსასჯელ ადგილას, მე არ ჩამიდენია მრუშობა.

20.ო, მანიტეფ, რომელიც იმყოფები მინის ტაძარში, მე არ ჩამიდენია უხამსობა.

21.ო, ხერირუ, რომელიც იმყოფები იმადში, მე არ მჩვევია დამუქრება.

22.ო, ჰემი, რომელიც იმყოფები ტუიში, მე არ დამირღვევია არანაირი კანონი.

23.ო, შედ-ხერუ, რომელიც იმყოფები ურიტში, მე არ მჩვევია ფუჭი მრისხანება.

24.ო, ნეხენ, რომელიც იმყოფები ჰეხა-ჯიში, მე არ ვყოფილვარ გულგრილი სიმართლისადმი.

25.ო, სერ-ხერუ, რომელიც იმყოფები უნსიში, მე არ ვყოფილვარ აუტანელი.

26.ო, ბასტი, რომელიც იმყოფები შეტიტში, მე არ მითქვამს ტყუილი სამართლის წინაშე.

27.ო, ხერეფჰაერ, რომელიც იმყოფები ტესპეტ-ჯადში, მე არ ვყოფილვარ მამათმავალი.

28.ო, ტა-რედ, რომელიც განთიადისას ცხადდები, არაფერს მალავს ჩემი გული.

29.ო, კენმეჩ, რომელიც წყვდიადში ცხადდები, მე არასოდეს მიმიყენებია შეურაცხყოფა.

30.ო, ინხეტენევ, რომელიც იმყოფები საისში, მე არ ვყოფილვარ უხეში.

31.ო, ნებ-ხერუ, რომელიც იმყოფები ნეჯევეტში, მე არ ვყოფილვარ სულსწრაფი.

32.ო, სერეხ, რომელიც იმყოფები უჯენეტში, მე არ დამირღვევია წესრიგი.

33.ო, ნებ-აცი, რომელიც იმყოფები სიუტში, მე არ მჩვევია ლაყბობა.

34.ო, ნეფერტუმო, რომელიც იმყოფები მემფისშ, ჩემზე არ არის ცოდვა.

35.ო, ტემ-სენ, რომელიც იმყოფები ბუსირისში, მე არ მიმიყენებია შეურაცხყოფა მეფისათვის.

36.ო, ირემიბეფ, რომელიც იმყოფები ჩებუში, მე არ მჩვევია წყალში ცურვა.

37.ო, ხეი, რომელიც იმყოფები კუნში, მე არ მიყვარდა ხმაური.

38.ო, უჯი-რეჰიტ, რომელიც იმყოფები სამსჯავროზე, მე არ მჩვევია სიბილწე.

39.ო, ნეხებ-ნეჯერტ, რომელიც იმყოფები ნეფერში, მე არ მჩვევია ამპარტავნობა.

40.ო, ნეხები-მაუ, რომელიც იმყოფები ქალაქში, მე არასოდეს განმისხვავებია ჩემი  თავი მეორისაგან.

41.ო, ჯესერ-ტეპ, ქვაბულის მეუფევ, მე არ მიწამებია ცილი ღმერთებისათვის.

42.ო, ინაეფ, რომელიც იმყოფები უნარეტში, მე არ მიწამებია ცილი ჩემი ქალაქის ღმერთისათვის.


About Giorgi

Scroll To Top