ნოემბრის პროგნოზი

ნოემბრის პროგნოზი

ზოგადად ნოემბრის თვე არასტაბილურობით ხასიათდება როგორც პირად, ასევე სოციალურ დონეზე. 22 ნოემბრამდე მზე მორიელის ნიშანს სტუმრობს, რაც აძლიერებს ცვლილებების, ექსტრემალური სიტუაციების, კონფლიქტურობის ალბათობას. საპირისპირო სქესის მიმართ ინტერესი მატულობს. კარგი პერიოდია კოლექტიური ურთიერთობებისთვის, საერთო საქმეების მოგვარებისთვის, სიღრმისეული კვლევისთვის, ანალიზისთვის, საკუთარ თავზე მუშაობისთვის და ა.შ. მეტად გააქტიურდება ისეთი საკითხები, როგორიცაა:  პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებების სურვილი (ან უფრო სიღრმისეულ ურთიერთობაზე გადასვლის ან მძაფრი განცდების გამო ურთიერთობის დასრულების), ძალაუფლების, პატივმოყვარეობის, სხვების მართვის (მანიპულირების), ლიდერობის საკითხები, ფინანსური საკითხები (სხვების რესურსები, მემკვიდრეობა, ბანკებთან და სადაზღვევო სისტემასთან ურთიერთობა), ეზოთერული და ოკულტური საკითხები.

22 ნოემბრიდან მზე მშვილდოსანში გადავა, რაც მგზავრობების, თავგადასავლების რიცხვს გაზრდის. იმატებს უცხო კულტურების გაცნობის სურვილი, უცხოეთთან კავშირების რაოდენობა, რელიგიურ–ფილოსოფიური, იდეოლოგიური საკითხებისადმი ინტერესი. ასევე მატულობს სამართლიანობის განცდა, მისი დაცვის მოთხოვნილება.

ნოემბრის დასაწყისი შედარებით  კონფლიქტურია. მოულოდნელი შემთხვევების ალბათობა მატულობს, მოერიდეთ ძალაუფლების გადამეტებას, აგრესიულობის გამოვლენას. ურანისა და პლუტონის გავლენა  ძირეულ ცვლილებებზე მიანიშნებს. სასურველია ყურადღება გამოვიჩინოთ საჭესთან, გადაადგილების დროს.

3 ნოემბერს მზის დაბნელებაა, რაც 1–6 ნოემბრის პერიოდზე მოქმედებს. რამდენადაც დაბნელება მორიელის ნიშანში ხდება,  მიანიშნებს ტრანსფორმაციაზე, ცვლილებების გატარების აუცილებლობაზე, ახალი ციკლის დაწყებაზე. ძირითადი ცვლილებები ეხება შემდეგ სფეროებს: ურთიერთობები (როგორც საქმიანი, ასევე პარტნიორული), სახელმწიფო და სოციალური სტრუქტურები, კონტაქტები, ვაჭრობა, ფინანსები, ტრანსფორმაცია, კრიზისული სიტუაციები, ოკულტური და ეზოთერული სფეროები, სექსი. დაბნელება გააქტიურებს ადამიანების მხრიდან ცხოვრებისეული გზის ძიებას. სატურნი დროისა და ვალდებულებების პლანეტაა, რაც მიანიშნებს რომ ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენები გააქტიურდება და სხვადასხვა სახის სიტუაციების, პრობლემების გადაწყვეტა მოგვიწევს.

დაბნელების პერიოდში მერკური ახლოსაა მზესთან და მთვარესთან, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ხშირად წარმოიქმნება ურთიერთგაგების, კონფლიქტების სირთულე. შესაძლოა სხვებითა და საკუთარი თავით ნაკლებად ვიყოთ კმაყოფილები, რაც გაღიზიანებას გვმატებს. სასურველია 1–6 ნოემბრის პერიოდში მოვერიდოთ იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას, ნებისმიერ ფასად სასურველის მიღებას, მნიშვნელოვან საყიდლებს, ქირურგიული ოპერაციების ჩატარებას, გარისკვას, ბიზნესის სფეროში შეთანხმებებს/სიახლეებს, საჭესთან ყურადღებით ვიყოთ. განსაკუთრებით არაა სასურველი ექსტრასენსორულ უნარებზე მუშაობა, მკითხაობა და სხვა რიტუალები.

კარგი პერიოდია შინაგანი წმენდისთვის, მიტევებისთვის, ერთი სიტყვით – ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად მზადყოფნისთვის. გახსოვდეთ – ნებისმიერი სახის კრიზისი (პირადი თუ სოციალური) წარმოადგენს ახალი შესაძლებლობებისთვის გახსნილ გზას. ჩვენი ამოცანა კი ამ ახალი შესაძლებლობების პოვნაა საკუთარ თავში და მათი მაქსიმალურად გამოყენება. მზის დაბნელებაზე ვრცლად იხილეთ – მზის დაბნელება.

11 ნოემბრამდე აზროვნებისა და კომუნიკაციების პლანეტა მერკური რეტროგრადულია (უკანმავალი). ოქტომბრიდან მოყოლებული გადაწყვეტილებების გადახედვის, შეცდომების გასწორების პერიოდი გრძელდება. მოერიდეთ აგრესიულ ქმედებებს, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას. გამოიყენეთ ეს პერიოდი ძველი საქმეების დასასრულებლად, დოკუმენტების მოსაწესრიგებლად, ანალიზისთვის, შეჯამებისთვის, დაკარგული ნივთების მოძებნისთვის. თუ ამ პერიოდში ძველი სიტუაციები განმეორდა – ე.ი. დროა საბოლოოდ გადაწყვიტოთ, დაასრულოთ. მოერიდეთ: ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოებას, ტექნიკის ყიდვას. ახალი იდეების განხორციელებისთვის 11 ნოემბრის შემდეგ უკეთესი პერიოდია.

4 ნოემბერს შესაძლოა მივიღოთ  მიმზიდველი შემოთავაზებები, ოპტიმიზმის დონე მატულობს. მოერიდეთ ემოციური გადაწყვეტილებების მიღებას. სასურველია ნაკლებად დაუჯეროთ ჭორებს და ინფორმაცია გადაამოწმოთ.

5 ნოემბრიდან მთელი თვის განმავლობაში ვენერა თხის რქის ნიშანს სტუმრობს. წინა პერიოდისან განსხვავებით,  თავგადასავლებისა და იდეალიზმის ძიება, გრძნობების აქტიურად გამოხატვა იკლებს; ემოციებსა და გრძნობებს გონება მეტად აკონტროლებს. ურთიერთობების შეფასება–გადაფასება ხდება, პასუხისმგებლობის გრძნობა იმატებს. თუ ამ პერიოდში სასიყვარულო ურთიერთობას ჩაეყრება საფუძველი, შედარებით მყარი, სერიოზული იქნება, თუმცა ამავე დროს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ დისტანციურობაც გამოვლინდეს. კარგია საქმიანი და პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებისთვის. გამოიყენეთ ეს დრო ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად.

5–8 ნოემბრის პერიოდში იმატებს სიცოცხლისუნარიანობა, აქტიურობა, შემოქმედებითობა. კარგი დროა აქტიურობისთვის, ინიციატივის გამოვლენისთვის.

5–13 ნოემბრის პერიოდში აქტიურობასთან, ენერგიულობასთან, მიზანდასახულობასთან ერთად პასუხისმგებლობის გრძნობა იმატებს. მუშაობა, საქმის შესრულება წინა პლანზე იწევს, ერთ საქმეზე კონცენტრირება მატულობს. ამ პერიოდში ინიციატივის გამოჩენასთან ერთად ყურადღება ექცევა მუშაობისთვის მზაობას, მზად რამდენად ვართ. მარსისა და სატურნის გავლენით მეტად მიზანდასულები და საკუთარ საქმეზე ორიენტირებულები ვხდებით. 11–13 ნოემბრის პერიოდში კარგი იქნება ახალი საქმიანობების, პროექტების რეალიზებაზე მუშაობა, რეორგანიზაციისთვის, ინიციატივის გამოვლენისთვის, ფიზიკური აქტიურობისა და დატვირთვისთვის, სამუშაოს ძიებისთვის და მოწყობისთვის. კანონებთან, სამართლიანობასთან, რელიგიურ–ფილოსოფიური საკითხებთან დაკავშირებით ინტერესი და განხილვა მოიმატებს. შესაძლოა ამ სფეროებში გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწიოს, ახალი შემოთავაზებები მივიღოთ.

ამავე პერიოდში ვენერისა და ნეპტუნის გავლენით  განწყობა მაღლდება, შეყვარების სურვილი, რომანტიულობა, დაცულობის მოთხოვნილება მატულობს. სილამაზის აღქმა, გრძნობებისთვის ყურადღების მიქცევა, კონტაქტების რაოდენობა, რომანტიული შეხვედრები იმატებს. უარყოფითი კუთხით შესაძლოა ილუზიები, თვითმოტყუებისკენ მიდრეკილება გამოვლინდეს. ამავე დროს, მერკურის გავლენა ინტუიციას, მეოცნებეობას, წარმოსახვას, მგრძნობელობას ზრდის. სიტყვების მიმართ მეტად მგრძნობიარეები ვხდებით, ამიტომ სასურველია თუ ნათქვამსა და სიტყვებს ყურადღებას მივაქცევთ. კონტაქტები რეალური შეფასების ნაცვლად გრძნობებით, ინტუიციით, მოწონებით დგება. ამ პერიოდში იდეები შემოქმედებითი, ორიგინალური იქნება, თუმცა ნაკლებად პრაქტიკული განხორციელებისთვის. რომანტიული შეხვედრებისთვის, ურთერთობების გაუმჯობესებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობებისთვის, კულტურული ღონისძიებებისთვის, შემოქმედებითი უნარების გამოვლენისთვის კარგი პერიოდია.

7 ნოემბრიდან 2014 წლის მარტამდე წარმატების პლანეტა იუპიტერი რეტროგრადული (უკანმავალი) იქნება. ეზოთერული კუთხით, პლანეტის უკანმავალობა წარსულის მოვლენებთან დაბრუნების მანიშნებელია. ამიტომ მომავალი წლის მარტის თვემდე შესაძლოა ძველი საკითხების (განსაკუთრებით სოციალურ სტატუსთან, რელიგიასთან, რწმენასთან, ფილოსოფიასთან, უცხოეთთან, შორეულ მგზავრობებთან, კანონებთან დაკავშირებით) გადაწყვეტა–გადაფასება მოგვიწიოს. სირთულეებიც სწორედ ამ სფეროებშია მოსალოდნელი. ნაკლებად სასურველია გრანდიოზული პროექტების წამოსაწყებად. ამ პერიოდში დაწყებული სასამართლო პროცესები შესაძლოა გაჭინაურდეს ან ისეთი შედეგით არ დასრულდეს, როგორიც გვსურს. უკეთესი პერიოდია მათთვის, ვის პირად რუკაშიც იუპიტერი რეტროგრადულ მდგომარეობაშია.

10–18 ნოემბრის პერიოდში ვენერის, პლუტონისა და ურანის გავლენა ემოციური გაუწონასწორებლობის, ფეთქებადობის, ძლიერი განცდების გამოვლენის ალბათობას ზრდის. ამ პერიოდში გრძნობებისა და ემოციების დამალვა ადვილი არ იქნება.  მოიმატებს სასიყვარულო თავგადასავლების რიცხვი, ურთიერთობები მეტად ხასიათდება ვნებით, ჟინიანობითა და ეჭვიანობით. იყავით მომთმენი, ნაკლებად ეჭვიანი და კრიტიკული, მოერიდეთ იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას. ასევე ფინანსურად არასტაბილური მდგომარეობაა. მარსის გავლენა ფიზიკური ენერგიის მატებას, აქტიურობასა და საკუთარ თავში დარწმუნებულობას უწყობს ხელს. იმატებს ენთუზიაზმი, მუშაობისა და ცვლილებების სურვილი. შესაძლოა წარსულიდან იმ პროექტებმა შეგვახსენოს თავი, რომლებიც დიდი ხანია დასრულებული გვეგონა. დადებითი კუთხით მაღალია დაწინაურების, საქმეების წარმატებით დასრულების ალბათობა.

12–14 ნოემბერს ივნისში დაწყებული იმ საქმეების  დასრულების ალბათობაა, რომელსაც გაურკვევლობის, ტყუილის ან ინფორმაციის ნაკლებობის გამო ვერ ვასრულებდით.

22–26 ნოემბრის შუალედში პირად, საქმიან და ფინანსურ სფეროებში მოწესრიგების, სტაბილურობის პერიოდი დგება. აფორიაქების, არასტაბილურობის ადგილს სულიერი სიმშვიდე, საკუთარ თავში დარწმუნებულობა, წესრიგის განცდა დაიკავებს. პასუხისმგებლობის გრძნობა იმატებს. ბიზნესი სტაბილური ხდება, შესაძლოა მცირე შემოსავალსაც ველოდოთ; საქმიანი ურთიერთობები მყარდება და მტკიცდება. თუმცა გრძნობების აქტიურად გამოვლენა ნაკლებად ხდება. ესაა გონებით გადაწყვეტის პერიოდი. კარგი დროა საქმიანი პარტნიორობისთვის, ურთიერთობების განმტკიცებაზე ზრუნვისთვის, კვლევისთვის, ანალიზისთვის, იურიდიული და პოლიტიკური საკითხებისთვის, ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობისთვის.

23 ნოემბრის დაბრკოლებები (თუ შეგვემთხვა) დაკავშრებული იქნება წარსულში დაშვებულ შეცდომებთან, რომელთა გამოსწორების საშუალება გვეძლევა, ხოლო 26 ნოემბერს შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწიოს – მოერიდეთ შემოთავაზებების იმპულსურად მიღებას.

თვის ბოლოს, 27–30 ნოემბერს ვენერასა და იუპიტერის გავლენით შესაძლოა ფინანსურ, საქმიან და პირად სფეროებში სირთულეები წარმოიშვას სიზარმაცის, საკუთარი ძალების ზედმეტად შეფასების გამო. ამ პერიოდში ნაკლებადაა სასურველი მსხვილი შენაძენის გაკეთება.

ასტრო ბლოგი დადებითი მოვლენებით დატვირთულ თვეს გისურვებთ :)


About Tamta

Scroll To Top