პლანეტა – “ასპექტების მეფე”

პლანეტა – “ასპექტების მეფე”

ჩვენ უკვე დავწერეთ და განვიხილეთ „პლანეტა ორმოში“ და მისი მახასიათებლები. ამჯერად „ასპექტების მეფე“ განვიხილოთ. „ასპექტების მეფეს“ (rex aspectarius) უწოდებენ პლანეტას, რომელსაც ყველაზე მეტი და ზუსტი მაჟორული (მთავარი ასპექტები: შეერთება, ტრინი, სექსტილი, კვადრატურა ოპოზიცია)  ასპექტი აქვს სხვა პლანეტებთან შედარებით. ასევე გასათვალისწინებელია პლანეტის მონაწილეობა შედგენილ კონფიგურაციებში.

განვიხილოთ მაგალითის მიხედვით: სკოლაში სწავლის დროს ალბათ გყავდათ ისეთი კლასელი, რომელიც დიდ ყურადღებას იქცევდა, ყველასთან ურთიერთობდა, იცნობდა. სწორედ ასეთივე მახასიათებლები აქვს „ასპექტების მეფეს“ რუკაში – ამ პლანეტას დანარჩენი პლანეტები „იცნობენ“, რომელ პლანეტასთანაც აქვს ასპექტი, მათ სფეროებში მონაწილეობას იღებს, გავლენას ახდენს. ერთი სიტყვით, ასპექტების მეფე ყველაზე გამოკვეთილი და შესამჩნევია პირად ჰოროსკოპში.

იმის გამო, რომ ასპექტების მეფე სხვა პლანეტებს ყველაზე მეტად უკავშირდება, გავლენაც დიდი აქვს: ა) ფსიქოლოგიურ დონეზე – ადამიანის ხასიათის გავლენას ახდენს; ბ) მოვლენებზე – ცხოვრებისეულ სიტუაციებში მეტად ვლინდება; გ) სამედიცინო გავლენა აქვს და ა.შ.

ის ადამიანის ხასიათს სძენს შესაძლებლობათა, ტალანტის, მოვლენების ფართო სპექტრს, რომელთა დახმარებითაც პლანეტა და შესაძლებლობები სრულად გამოვლინდება. ის ენერგიის ტრანსფორმატორი და „გენერატორია“: ყველა პლანეტა, რომელთანაც ასპექტი აქვს, მის შეფერილობას იღებს. რასთანაც კავშირშია – ყველაფერში „გარეულია“.

თუ ორი ან მეტი პლანეტაა, რომლებიც მეტად არიან დატვირთული ასპექტებით, „სამეფო გვირგვინისთვის ბრძოლა იწყება“, ადამიანს  ორ ძალას შორის ბალანსის შენარჩუნება ან არჩევაის გაკეთება მუდმივად უწევს.

ზოგიერთი ასტროლოგი მიიჩნევს, რომ ასპექტების მეფე სხვა პლანეტებთან კავშირის დროს საკუთარ ენერგიას სრულად გასცემს, მათ ახარჯავთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასპექტები ორმხრივად მუშაობს. ასპექტების მეფე გასცემს ენერგიას, სხვა პლანეტების სფეროებში ვლინდება, მაგრამ ამავე დროს, თავადაც იღებს „დახმარებას“. მაგალითად: თუ ასპექტების მეფე მე-10 სახლშია, დანარჩენი პლანეტები კარიერის მოწყობაში, სოციალურ რეალიზებაში ეხმარებიან.

პლანეტები „ასპექტების მეფის“ როლში:

მზე

ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს მზის ციკლი. ადამიანი ყველაფერს ცნობიერად აკეთებს, პასუხისმგებლობას იღებს, მიდრეკილია სიცხადისკენ (პირდაპირობისკენ) და შემოქმედებითი გამოხატვისკენ. ცხოვრებისეულ მიღწევებში ეხმარება ისეთი თვისებები, როგორიცაა გულღიაობა, სიმამაცე, ოპტიმიზმი, მხიარული განწყობა, იუმორი, შემოქმედებითი მიდგომა.

უმაღლეს დონეზე: შემოქმედებითი ადამიანია, რასაც მიეკარება, ყველაფერი ბრწყინავს და მნიშვნელობას იძენს. სხვა ადამიანების ცხოვრებას მნიშვნელოვნად ამსუბუქებს. სულიერად და შემოქმედებითად განვითარებული ადამიანია.

საშუალო დონეზე: ჯერ კიდევ ბავშვობიდანვე გაუჩნდა მე-ცნობიერება, ინდივიდუალურობის მოთხოვნილება, ფიზიკურად ნაადრევად ჩამოყალიბდა. ეს ადამიანი ადვილად მოიპოვებს აღიარებას და პოპულარობას.

დაბალ დონეზე: მუდმივად მოვლენათა ეპიცენტრშია. რაც გარშემო ხდება, ითრევს. თავდაცვისთვის იყენებს ყველა მეთოდს და ნაკლებად გამოსდის რამის დამალვა.

მთვარე

დიდ როლს ასრულებს ქვეცნობიერი რეაქციები, ემოციები, სულიერი მდგომარეობა, სახლი, ოჯახი, მშობლები. ამ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე ძლიერად მოქმედებს. მიზნებისა და გეგმების რეალიზებაში კარგი განწყობა ეხმარება.

უმაღლეს დონეზე: სულიერად მდიდარი სამყარო, შეუძლია შინაგანი მდგომარეობის, არსის ზუსტად გამოცნობა, თანამგრძნობია. გარსემომყოფებზე გავლენის მოხდენა შეუმჩნევლად შეუძლია. ადამიანთა ფსიქოლოგიისა და თვისებების კარგი მცოდნეა.

საშუალო დონეზე: ბავშვობიდანვე ემოციური და მგრძნობიარეა. ფიზიკურად სწრაფად ვითარდებოდა. წარმოსახვა ზლიერად აქვს განვითარებული, სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა ადვილად გამოსდის. მეორეს მხრივ – ემოციური რეაქციები ახასიათებს გარემოვლენების მიმართ. მის ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოცნებები, ფანტაზია, წარმოსახვა,  სიზმრები. შესაძლოა გამოვლინდეს დედაზე ძლიერი მიჯაჭვულობა.

დაბალ დონეზე: მძიმე სულიერი ტკივილს განიცდის, ან უარყოფითი ემოციები სჭარბობს. უსარგებლო ან მავნე ჩვევები გააჩნია. შესაძლოა მიდრეკილი იყოს ისეთი საქმეების კეთებისკენ, რაც შემდგომ სანანებელი უხდება.

მერკური

ამ ადამიანის ცხოვრება უწყვეტი კონტაქტების ფონზე მიმდინარეობს. დიდ როლს ასრულებს სიტყვა, კონტაქტები, მისი მეტყველება, სასაუბრო თემები, მასზე რასაც საუბრობენ. ბავშვობის პერიოდში მნიშვნელოვანია კარგი აღზრდა და ინფორმაციის დაუმახინჯებლად მიწოდება. როგორც წესი, ეს ადამიანი გარშემომყოფებისგან რჩევებსა და შენიშვნებს მთელი ცხოვრება იღებს, საიდანაც ბევრ რამეს ისწავლის.

უმაღლეს დონეზე: ცნობიერების გაფართოება, სამყაროსთან აქტიური ურთიერთქმედება ვერბალურ დონეზე (სიტყვა, მენტალური ზემოქმედება, ფიქრის დონეზე გარდაქმნა). უმაღლესი ძალების შუამავალია. შეუძლია ადვილად გადაჭრას სხვადასხვა ამოცანები და საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდეს.

საშუალო დონეზე: ბავშვობიდანვე გონებრივად სწრაფად ვითარდებოდა. კონტაქტურია, ყველაფერს ადვილად ითვისებს და აანალიზებს. ყველაფრით ინტერესდება, ყოველთვის აქვს სათქმელი. შეუძლია „დიდი ხმაურის“ ატეხვა.

დაბალ დონეზე: მუდმივად რაღაც ხდება კონტაქტების დონეზე, მისით ყველა ინტერესდება, საუბრობს, ინფორმაციის დიდი რაოდენობა იყრის თავს, რომელთანაც გამკლავება უჭირს. სამყარო ამ ადამიანს მოლოდინს უცრუებს, მეორეს მხრივ – ადამიანი სწავლობს სამყაროს მოტყუებას.

ვენერა

ცხოვრებისეული ცვლილებები ხდება ჰარმონიის, სილამაზის, კომფორტის, სტაბილურობის ფონზე. სიყვარულსა და ფულს მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ჰარმონიული ცხოვრება ექნება, საკმაოდ ბევრს მიაღწევს. მისი მგრძნობელობის, გრძნობებისა და ჰარმონიის განცდა მთლიანად განაპირობებს რეალიზებას.

უმაღლეს დონეზე: სამყაროს გრძნობითი აღქმა ვლინდება. უნარი აქვს სამყაროში კომფორტულად იგრძნოს თავი, გარემო სიყვარულით აავსოს. თავისი შეხებით სილამაზეს ქმნის, ალამაზებს, ჰარმონიას მატებს/ქმნის. შეუძლია ადამიანები უყვარდეს გულწრფელად მათივე უარყოფითი მახასიათებლებით.

საშუალო დონეზე: გრძნობით დონეზე ნაადრევად ვითარდება. შემოქმედებითი მიდგომით, გრძნობების დემონსტრირებით გამოირჩევა. გემოვნების, სტილის, იმიჯის, სექსუალურობის, ესთეტიკის ჩამოყალიბება ნაადრევად ხდება. ადვილად შეუძლია უყვარდეს და იყოს სხვისთვის საყვარელი ადამიანი. კეთლგანწყობის მოპოვება არ უჭირს.

დაბალ დონეზე: გრძნობებში გაურკვევლობაა ან მტკივნეულ სფეროს წარმოადგენს გრძნობები. სადაც არ უნდა იყოს, დისკომფორტს გრძნობს, ჰარმონიისა და წონასწორობის ნაკლებობა აქვს. შესაძლოა ჩამოუყალიბებელი გემოვნება ან სტილი ჰქონდეს. ფულის მიმართ გადამეტებული მიდრეკილება და დამოკიდებულება ვლინდება.

მარსი

ცვლილებები ხორციელდება მიზანდასახულობის, ჟინიანობის, „შერყევისა“ და იმპულსურობის ფონზე. როდესაც რაიმე საკითხისთვის ბრძოლა, კონკურენცია უწევს, მეტს აღწევს. თუ ქალია – შესაძლოა ხშირად ამბობდნენ, რომ „უმჯობესია კაცად დაბადებულიყო“. ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება შეჯიბრებას, კონკურენციას.

უმაღლეს დონეზე: მებრძოლი საწყისი აქვს, მის ქმედებებსა და მიზანდასახულობას შეუზლია არამარტო ინდივიდის გარდაქმნა, არამედ გარშემომყოფებისა და სამყაროს. რაც ხდება, მის მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს. თვითკონტროლი ახასიათებს. შეუძლია საკუთარი პირადი სურვილები ადამიანთა კეთილდღეობას შეუთანხმოს. ახასიათებს: თავგანწირვა, გმირული ქმედებები, ბრძოლისკენ მიდრეკილება.

საშუალო დონეზე: ინდივიდუალური საწყისის ძლიერი გამოვლენაა ბავშვობიდან. ფიზიკურად სწრაფად ვითარდება, ენერგიული და აქტიურია. ავლენს მიზანდასახულობას, პირად ინიციატივას, ჟინიანობას. მზადაა ნებისმიერ ავანტიურაზე წავიდეს, გარისკოს. საკუთარ ძალასა და სიმართლეში დარწმუნებულია.

დაბალ დონეზე: ცხოვრებაში მშვიდად არასდროსაა. მუდმივად ხვდება კონფლიქტურ სიტუაციებში, დაცვა ან სამართლიანობისთვის ბრძოლა უწევს (მაგრამ არაკონსტრუქციული გზით). ან ზედმეტად რისკავს, ან სიმხდალეს იჩენს.

იუპიტერი

დიდ გავლენას ახდენს რელიგია, იდეოლოგია, რწმენა. სხვა კულტურებთან კავშირი ან უცხოეთში მოგზაურობა მნიშვნელოვნად ცვლის. საკუთარი ავტორიტეტულობის ან იმიჯის წყალობით წინ მიიწევს. მის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს სოციუმი. ჯილდო და დაწინაურება – მასზე, მისი განვითარებისთვის ყველაზე დიდი სტიმულია.

უმაღლეს დონეზე: საკუთარი ავტორიტეტითა და გავლენით საზოგადოებრივი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. შესაძლოა სულიერ სწავლებას მისდევდეს (თავად ასწავლიდეს). ახალი მიმართულების, სწავლების ან საზოგადოებრივი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში მონაწილეობას იღებს. კეთილისმყოფელის, სულიერი ლიდერის სახელი აქვს.

საშუალო დონეზე: ბავშვობიდანვე ორიენტირებულია საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ცხოვრების აზრის ძიებაზე. მუდმივად დატვირთული კავშირები აქვს. ნიჭისა და უანრების წყალობით შეუძლია გაიკეთოს კარგი სოციალური ან პოლიტიკური კარიერა. გამოირჩევა გახსნილობით, სოციალურობით, ორგანიზატორული შესაძლებლობებით.

დაბალ დონეზე: რაც არ უნდა აკეთოს, მასზე უარყოფითს ამბობენ ან უკმაყოფილონი რჩებიან. ეგოისტი და მხოლოდ სათავისო მოგებისკენ ორიენტირებულია, მიდრეკლია სხვებზე გავლენის მოხდენისკენ (სამართავად). მისი ინიციატივა ხშირად კრახით სრულდება. შესაძლოა სხვების აზრის მიმართ შეურიგებელი იყოს.

სატურნი

იძლევა ყველაფერში სიზუსტეს, გეგმიურობას, ასკეტიზმს, განცალკევებას. ამ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმის გამომუშავება, პროფესიონალის იმიჯი, მიზნების დასახვა. თუ მიზნებს დაისახავს, გეგმას მიყვება – წარმატებას აღწევს. უკეთესად გამოსდის საქმეების გაძღოლა, თუ წესრიგის, გეგმის მიხედვით ცხოვრობს.

უმაღლეს დონეზე: დამახასიათებელია სიბრძნე, რომელიც ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მოიტანა. ღირებულებათა სისტემა ტანჯვითა და დაბრკოლებათა გადალახვით ყალიბდება. ადამიანებისთვის მოაქვს სულიერება, დახმარების მსაჭიროებელთათვის დახმარება, მერყევთა მხარდაჭერა. სიმტკიცეს იჩენს და სხვების კეთილდღეობის სახელით თვითშეწირვა ახასიათებს.

საშუალო დონეზე: ბავშვობიდანვე სერიოზულობასა და პასუხისმგებლობას იჩენს ყველაფრისადმი. მყარი და თვითმყოფადია. შეცდომებზე სწავლის, სიტუაციების ანალიზისა და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარით გამოირჩევა. მიზნის დასახვით შეუძლია დიდხანს ელოდოს და იმოქმედოს მიზნის შესრულებისთვის. ახასიათებს შესამჩნევი განკერძოება და სიცივე.

დაბალ დონეზე:  ცხოვრება მუდმივად უწყობს გამოცდას, ზედმეტ პასუხისმგებლობას კიდებს (იმაზე მეტს, ვიდრე თავად უნდა).  გამოკვეთილი ცხოვრებისეული პოზიციები არ გააჩნია. არ შეუძლია მცირე ცხოვრებისეული სიხარულით ტკბობა, ცივი და ანგარებიანია. მიდრეკილია ცხოვრების მუქ ფერებში დანახვისკენ.

ურანი

ადამიანის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს მოულოდნელობები, გაუთვალისწინებელი შემთხვევები, ავანტიურიზმი. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს და რეალიზდეს, მნიშვნელოვანია შინაგანი თავისუფლება, მომავლისკენ ორიენტირება, მომავლის ხედვა, კონსერვატიზმზე უარის თქმა, რეფორმატორული გზის არჩევა. ურანი როგორც ასპექტების მეფე, ერთ-ერთი კარგი მანიშნებელია ასტროლოგის პროფესიისთვის.

უმაღლეს დონეზე: კოსმიური რიტმის გაგების უნარი, კონკრეტული და მცირე დეტალისგან განცალკევების უნარით გამოირჩევა. შესაძლოა ჰქონდეს პერსპექტიული, მომავლისთვის გამოსადეგი ხედვა, უკეთესი მომავლის ხედვა. დამახასიათებელია ორიგინალური აზროვნება, ხედვა და შემოქმედებითი მიდგომა.

საშუალო დონეზე: ბავშვობიდანვე ორიგინალურ და მოულოდნელ სიტუაციებში ხვდება. გამომგონებელი, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე და მეგობრულია. შესაძლოა ჰქონდეს ავანტიურიზმისკენ მიდრეკილება, კანონებისადმი დაუმორჩილებლობა ახასიათებდეს.

დაბალ დონეზე: ცხოვრება სავსეა არცთუ სასიამოვნო მოულოდნელობებით, უჩვეულო სიტუაციებით. თავად ადამიანს არ შეუძლია იცხოვროს როგორც სხვებმა, დაუმორჩილებელია და ამბოხისკენ მიდრეკილი. სხვების გაოცებას და შოკში ჩაგდებას ხშირად ახერხებს.

ნეპტუნი

ადამიანის ცხოვრება სავსეა საიდუმლოებებით, იდუმალებითა და მისტიკით. რელიგიისა და იდეალებისკენ მიდრეკილება ძლიერად ცვლის. შეუძლია ბევრს მიაღწიოს, თუ შეუმჩნეველი, ფარული, იდუმალი იქნება (საკუთარ თავზე ნაკლებად გასცემს ინფორმაციას).

უმაღლეს დონეზე: დამახასიათებელია განსაკუთრებულად დახვეწილი ფსიქიკური მოწყობა, კოსმიური ფაქიზი რიტმების ინტუიციური გრძნობა, ფარული ცოდნისა და მიმართულებების გაცნობისკენ მიდრეკილება, ფარულ ძალებთან თანამშრომლობა. სხვების გადარჩენის ფარული მისია.

საშუალო დონეზე: ბავშობიდანვე დამახასიათებელია თანაგრძნობის, თანაგანცდისკენ მიდრეკილება. ქვეცნობიერი მოწყობა და იმპულსები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის ცხოვრებაში. ფარული ან ამოუცნობი/იდუმალი მოვლენები აიძულებს დაფიქრებასა და პასუხების ძიებას.

დაბალ დონეზე: გარშემო მუდმივად ტყუილი, ილუზია ან ამოუცნობი მოვლენებია. შესაძლოა სხვების გავლენის ქვეშ ადვილად ხვდებოდეს. რთულ სიტუაციებში უსუსურობის განცდა აქვს.

პლუტონი

შეუძლია ადამიანს დიდი ძალა, ენერგია, აქტიური და მჩქეფარე ცხოვრება მისცეს. მის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს კოლექტივი. ადამიანს, ასეთი პლუტონით, ბევრის მიღწევა შეუძლია თუ საფრთხის წინაშეა, რისკავს ან იბრძვის. მნიშვნელოვანია სექსუალურად მოწესრიგებული ცხოვრება.

უმაღლეს დონეზე: ადამიანური ბუნების ზუსტი გაგება, ქვეცნობიერის კონტროლის უნარი, კოსმიური ენერგიის გამოყენება. კოლექტიურ არაცნობიერზე ზემოქმედების უნარი, გლობალურ და სიღრმისეულ პროცესებში მონაწილეობის მიღება.

საშუალო დონეზე: ბავშვობიდან ხშირად ხვდება ექსტრემალურ სიტუაციებში. კრიტიკულ სიტუაციებში საკუთარ შესაძლებლობებსა და უნარებს აღმოაჩენს/ავლენს. ადამიანთა ქცევაზე გავლენის მოხდენა ადვილად შეუძლია. დამახასიათებელია სექსუალური პოტენციალის მაღალი დონე (ზოგიერთ შემთხვევაში  – გადამეტებული).

დაბალ დონეზე: მოვლენათა ცენტრში ხშირად ხვდება. გარშემო ყველაფერი ინგრევა, ნადგურდება. გადარჩენისთვის ყველაფერზეა წამსვლელი (არ აშინებს მკვლელობა, ძალადობა, სისასტიკე).

ქირონი

ცხოვრებაში გაორება, უთანხმოება, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში – წონასწორობაა. შესაცვლელად ან მიღწევებისთვის მნიშვნელოვანია ისწავლოს მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოყოფა, შეფასება.

უმაღლეს დონეზე: ადამიანური ბუნების ჰარმონიზება, უკეთესობისკენ შეცვლა, ესთეტიური კანონების შემოღება, შეუსაბამო ან დამანგრეველი ქმედებების გამოსწორება, მატყუარების მასწავლებელი, ადამიანებისთვის ჰარმონიული გარემოს შექმნა.

საშუალო დონეზე: ბავშვობიდანვე დამახასიათებელია უნიკალური უნარების გამოვლენა, ადამიანების ცოდნა, მათი რთული სიტუაციებიდან გამოყვანის უნარი, გამომგონებლობა, უჩვეულო გზებით მიზნების მიღწევა.

დაბალ დონეზე: ცხოვრებაში კონფლიქტურობა და ურთიერთწინააღმდეგობრივი სიტუაციები ხშირია. ადამიანი სწავლობს მოხერხებულობას, „უცხო თამაშში რთული წესებით“ მონაწილეობის მიღება უხდება. შესაძლოა ახასიათებდეს გაორება, სულიერი სიცარიელე.

შავი მთვარე

უმაღლეს დონეზე: წინა ცხოვრებაში არაერთხელ შეეჯახა ბნელ ძალას, მასთან ბრძოლა მოუწია, ჯოჯოხეთის განსაცდელი გამოიარა. ახლა მის ამოცანას წარმოადგენს: დამანგრეველი ძალების გამოვლენა, რომლებიც ნებისმიერ ნიღაბს ირგებენ; საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების  ნაგვისგან გაწმენდა. მისი ცხოვრება წარსული შეცდომების გამოსწორებას ეძღვნება.

საშუალო დონეზე: ბავშობიდანვე ნაგავს, ჭუჭყს, უარყოფით მოვლენებს აწყდება. ადვილად ექცევა ნეგატიური გავლენის ქვეშ და სულეირი სისუფთავის შენარჩუნებას რთულად ახერხებს. ან მანკიერი თვისებებისგან თავისუფლდება, მათ ამუშავებს ან ბნელი ძალის მსახური ხდება.

დაბალ დონეზე: ბნელი ძალის მსახურობაა, ამისთვის კი არაერთი შესაძლებლობა და საშუალება გააჩნია. სიკეთე, დადებითი, სინათლე იშვიათადაა მის ახლოს.

თეთრი მთვარე

უმაღლეს დონეზე: წინა ცხოვრებაში მრავალი საქმე აკეთა სიკეთის, ნათელი ძალების, სამართლიანობის სახელით. ახლაც ხშირად ეხმარება სხვა ადამიანებს, ხელს უწყობს. დამახასიათებელი და შესამჩნევია: უმაღლესი ძალების რწმენა, უკეთესი მომავლისკენ ორიენტირება, „სინათლე“.

საშუალო დონეზე: ბავშვობიდანვე იგრძნობა უმაღლესი ძალების მფარველობა. ცხოვრებაში ხშირად უმართლებს, დადებითი მოვლენები ხდება. არაერთ შესაძლებლობას იღებს სიკეთის გასაკეთებლად, სხვების დასახმარებლად. დამანგრეველი ზემოქმედების გავლენა იშვიათადაა.

დაბალ დონეზე: ხელსაყრელ, ხელოვნურ გარემოში ვითარდება, მაგრამ მზად არაა დაბრკოლებების გადასალახად. მზადაა იდეალების გამო ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინო.

მომზადებულია: Б.Б. Щитов; სოფია ედელშტეინის მასალებზე დაყრდნობით.


About Tamta

Scroll To Top