როგორ გავატაროთ დაბადების დღის შემდგომი 12 დღე

როგორ გავატაროთ დაბადების დღის შემდგომი 12 დღე

დაბადების დღე – ჩვენი პირადი, ასტროლოგიური ახალი წელია. ამ დღეს, მზე ზუსტად იმ გრადუსზე დგება, რა გრადუსზეც დაბადების დროს იმყოფებოდა, ანუ ახალ ციკლს ვიწყებთ.

ის, თუ როგორ ჩაივლის მომავალი წელი, დამოკიდებულია დაბადების დღის შემდგომი 12 დღის გატარებაზე. სწორედ ამ პერიოდში, წლის გეგმებში ცვლილებების შეტანის, კორექციის შანსი გვეძლევა. თითოეული დღე 12 ასტროლოგიურ სახლს, 12 სხვადასხვა სფეროსა და წელიწადის თვეებს შეესაბამებიან.

რეალური დაბადების დღე დგება იმ დროს, როდესაც მზე-მზის ზუსტი შეერთებაა, ანუ ახლანდელი მზე, თქვენი რუკის მიხედვით მზის მდებარეობას ზუსტად ერთიდაიგივე გრადუსზე ხვდება. პირველი დღე სწორედ ამ მომენტიდან იწყება და ჩვეულებრივ, 24 საათი გასტანს.

I დღე – თქვენი გარეგნული მხარე, ხასიათი, ტემპერამენტი

გავლენის სფერო: შთაბეჭდილება, რომელსაც გარშემომყოფებზე ვახდენთ. ქცევის მანერა, ტალანტი, თვითშეფასება. იყავით ინდივიდუალური. გამოხატეთ თავი, ნათლად დააფიქსირეთ თქვენი პოზიციები. საკუთარ თავში დარწმუნებული იყავით. უფრო მეტი ყურადღება თავს და იმიჯს დაუთმეთ. ამ დღეს ნუ იქნებით პასიურები. გამოავლინეთ: აქტიურობა, ფიზიკური ძალა, მოხერხებულობა. იფიქრეთ გონებით. შეცვალეთ რისი შეცვლაც გინდათ – საკუთარ თავზე წარმოდგენები, ქცევა, მანერა. გადაწყვეტილებები თავად მიიღეთ, რჩევებს სხვებს ნუ შეეკითხებით. ამ დღეს დახმარებისთვის სხვას ნუ მიმართავთ და რისი გაკეთებაც გინდათ, თავად გააკეთეთ.

II დღე – ძვირფასი საგნები, რესურსები, ფინანსები, მატერიალური ღირებულება, ქონება

გავლენის სფერო: თანხის გამომუშავებისა და დახარჯვის უნარი, საკუთარი ბიზნესი. სასურველია საკუთარი თანხის გამომუშავება, მუშაობა. თუ დახარჯვა მოგიწევთ -სიამოვნებით გაიღეთ. დღე პირდაპირ უკავშირდება თქვენს კომფორტს, ფინანსებს. იზრუნეთ გარეგნულ და სულიერ სილამაზეზე, წესრიგზე. ყურადღება მიაქციეთ ფიზიკური (ძალა, ენერგია) და მატერიალური რესურსების ხარჯვას. თავი შეიკავეთ ზედმეტი საკვების მიღებისგან. რაც უფრო ნაკლებად იფიქრებთ საკვებზე, მით მეტად გათავისუფლდებით მატერიალური სამყაროზე დამოკიდებულებისგან. ნუ იქნებით ძუნწი, ზარმაცი. მეორე დღეს ნუ მიიღებთ საჩუქარს. ეს სამყაროსეული „შემოწმებაა“ თქვენს დიდსულოვნებასა და მატერიალური საგნების მიმართ დამოკიდებულებაზე. არ გასცეთ და მიიღოთ მატერიალური რესურსები (ფული), წინააღმდეგ შემთხვევაში ან თქვენ მოგიწევთ მთელი წელი სხვების რესურსებზე ყოფნა ან სხვებს – თქვენზე.

III დღე – კომუნიკაცია, გარშემომყოფები, ხანმოკლე მგზავრობა, სწავლის დაწყება

გავლენის სფერო: ახლო ნათესავებთან ურთიერთობა, კომუნიკაბელურობა. უსმინეთ ახალ ამბებს, მიიღეთ და გაეცით ინფორმაცია, ისაუბრეთ. ეს დღე ახლობლებთან, მეგობრებთან გაატარეთ. ისაუბრეთ, სხვადასხვა თემები განიხილეთ. თუ ფიზიკურად სტუმრობას/შეხვედრას ვერ მოახერხებთ, კომუნიკაციის სხვა სახე (ტელეფონი, ინტერნეტი) გამოიყენეთ. შეურიგდით მათ, ვისთანაც იკამათეთ და მთელი წლის განმავლობაში ახლობლების მხარდაჭერა არ მოგაკლდებათ. ამავე დროს, დაუკვირდით სიტყვებს. მესამე დღეს გაცემული ნებისმიერი დაპირება შესაძლოა თქვენს წინააღმდეგ შემოტრიალდეს.

IV დღე – ოჯახი, მშობლები, ტრადიციები, მშობლების სახლი, ნაყოფიერება

გავლენის სფერო: წინაპრების მიმართ დამოკიდებულება, მშობლებთან ემოციონალური კონტაქტი, გენეტიკური პოტენციალი. მეოთხე დღე ოჯახის წევრებს დაუთმეთ, მშობლებზე, სახლზე იზრუნეთ. თუ დღის ერთად გატარება ვერ ხერხდება, საოჯახო ალბომს გადახედეთ, ერთად გატარებული დრო გაიხსენეთ. ნათესავებს და ოჯახის წევრებს დაეხმარეთ. თუ შვილის ყოლა გინდათ, ამ დღეს მასზე იფიქრეთ. ასევე, წინაპრებზე და სამშობლოზე იფიქრეთ, წარსული გაიხსენეთ. ეცადეთ ოჯახური ტრადიციები დაიცვათ. ნუ იკამათებთ, კარგია ოჯახური შეკრების მოწყობა. ილოცეთ წინაპრებისთვის, გაიხსენეთ, დახმარება სთხოვეთ. სასურველია მომავლის დაგეგმვისგან თავი შეიკავოთ. პირიქით, წარსული შეაფასეთ.

V დღე – თავგადასავლების, სიყვარულის, შემოქმედების, ბავშვების დღე

გავლენის სფერო: შემოქმედებითი შესაძლებლობები, გართობა, ბავშვებთან ურთიერთობა და რომანტიული სიყვარული. გამოხატეთ სიყვარული, სითბო. გაიხსენეთ ბავშვობაში რაზე ოცნებობდით. ამ დღეს სულით და გულით უნდა გაერთოთ, იმხიარულოთ. სიყვარული და სითბო გაეცით. ზოგადად ბავშვებზე (მეგობრის, მეზობლის, ნათესავის…) იზრუნეთ, მათ მიმართ კეთილგანწყობა გამოავლინეთ. თუ შვილები გყავთ, დღე მათთან გაატარეთ. გაუკეთეთ სიურპრიზი, გაახარეთ, ეთამაშეთ. ასევე, კარგია გართობა; ჰობს დრო დაუთმეთ. სასიყვარულო და აზარტული თამაში ცდუნებად გვევლინება. სასურველია არ ითამაშოთ სხვების გრძნობებით.

VI დღე- მუშაობა, ჯანმრთელობა

გავლენის სფერო: თანამშრომლებთან დამოკიდებულება; შრომისუნარიანობა, ჯანმრთელობა. იმოქმედეთ. განახორციელეთ იდეები, რომლებიც გუშინ დაგებადათ. კარგია საკუთარ თავზე მუშაობა. მოიძიეთ ახალი შესაძლებლობები, სამუშაო განცხადებები (თუ არ გაქვთ). განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას. საკვები სწორად შეარჩიეთ. ამ დღეს ყველაზე მეტად არასასურველია ნახევარფაბრიკატების მიღება. კარგია დიეტის დაცვა, ვარჯიში, სისუფთავის დაცვა. ფიზიკურ სხეულზე ზრუნვა.

VII დღე – პარტნიორული საქმეები, ქორწინება, ღია მტრები

გავლენის სფერო: ნებისმიერი სახის პარტნიორობა, გარშემომყოფების აზრი ჩვენზე, ახლობლებთან ემოციური კავშირები და ღია მოწინააღმდეგეებთან კამათი. დღე დაუთმეთ ნებისმიერი სახის პარტნიორულ ურთიერთობებს: რომანტიული, საქმიანი, თანამშრომლობითი, სასამართლო. თუ საკუთარი ოჯახი გაქვთ, დღე მეუღლესთან ერთად გაატარეთ. თუ არა – გაიხსენეთ წინა პარტნიორი(ები), გონებით გაუშვით; წარსული, თქვენი გონება გაათავისუფლეთ და მომავალზე იფიქრეთ. ამ დღეს სასურველია ხელი არ მოაწეროთ დოკუმენტებს, ხელშეკრულებები არ გააფორმოთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ წესების დაცვას. იყავით სამართლიანები. უერთიერთობებში ინტრიგას და ტყუილის თქმას მოერიდეთ. როგორც გაატარებთ ამ დღეს, ისე დაიწყება წლის მეორე ნახევარიც.

VIII დღე – ექსტრემალური სიტუაციები, ფსიქიკა, სხვების ფინანსები, სექსი, მაგია

გავლენის სფერო: ცხოვრებისეული რთული სიტუციები, განსაცდელი და ძალა სირთულეების დასაძლევად; ოკულტური შესაძლებლობების გამოვლენა. ტრანსფორმაციისა და ცვლილებების დღეა კრიზისის გავლით. ამ დღეს შეიძლება სირთულეები და პრობლემები დაემთხვეს. სიფრთხილე და გონიერება გამოიჩინეთ. საკუთარ თავს სხვა კუთხით შეხედეთ, აღმოაჩინეთ თქვენი შესაძლებლობები, შინაგანი ძალა იგრძენით – „ნებისმიერი სირთულის დაძლევა შეგიძლიათ!“. მორალურად მაღლა იდექით. სასურველია ბოროტად არ გამოიყენოთ ძალაუფლება. სხვებზე გავლენას ნუ მოახდენთ. შიშებს გაუმკლავდით. იყავით საკუთარ თავსა და ძალებში დარწმუნებული. მერვე დღეს კრიტიკული სიტუაციები უკავშირდება, რომელთა მოსაგვარებლად მორალური და ფიზიკური ძალის გამოყენება დაგჭირდებათ. თავი შეიკავეთ სარისკო ან სახიფათო მოქმედებებისგან. გარემოსა და სიტუაციების ანალიზის ნაცვლად საკუთარ თავს ჩაუღრმავდით. ამ დღეს ნებისმიერი სახის დანაკარგი კარგის ნიშანია – პრობლემისგან გვათავისუფლებს.

IX დღე – რელიგია, განათლება, ფილოსოფიური საუბრები, შორეული მოგზაურობები, უცხოელებთან კონტაქტი

გავლენის სფერო: ჩვენი რწმენა; ყველაფერი, რისიც გვჯერა; უცხოელებთან, უცხო კულტურებთან ურთიერთობა და დამოკიდებულება; უმაღლესი განათლება. დღევანდელი დღე დაუთმეთ ჭეშმარიტების ძიებას, იდეალებს, სულიერი ცოდნის შეძენა-გადაცემას, წმინდა წიგნების კითხვა-გაცნობას. კარგია სულიერ (რელიგია, ფსიქოლოგია, ოკულტიზმი) და ფილოსოფიურ საკითხებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების ძიება. თქვენს გეგმებზე ფართო ჭრილში იფიქრეთ, მთლიანი სურათი, პეიჟაზი წარმოიდგინეთ. იყავით ოპტიმისტები, აქტიურები. ყურადღება მიაქციეთ სურვილებს. კარგია შორეული მოგზაურობა, უცხოელებთან კონტაქტი. ამ დღეს გააფართოვეთ წარმოსახვა, ზღვარი. კარგია სწავლის დაწყება, მგზავრობა. მთავარია სახლში არ იყოთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ, კინოთეატრში ან თეატრში წადით…

X დღე – პროფესიონალიზმი, აღიარება, პატივისცემა, კარიერა

გავლენის სფერო: მიზნის მიღწევის შესაძლებლობები, მიზნები, კარიერაში წინსვლა, მაღალი სოციალური მდგომარეობის მიღწევა. იფიქრეთ თქვენი ცხოვრების მთავარ მიზანზე. გამოავლინეთ ინიციატივა, მაგრამ ზედმეტს ნუ აიღებთ თქვენს თავზე. თუნდაც ერთი სურვილის რეალობაში განხორციელება სცადეთ. მოერიდეთ სიამაყის გამოვლენასა და საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენის შექმნას. საკუთარ თავზე იმუშავეთ, პროვოკაციებს არ აყვეთ. იყავით მომთმენნი, საკუთარ თავში და პროფესიულ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი. ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის აღება, პირიქით, ეს დღე სწორედ ამას „ითხოვს“. მიზნები და მათი მიღწევის გზები დაისახეთ. ამ დღეს კარგია უფროსებთან (როგორც სამსახურის, ასევე ასაკით) კონტაქტი. ნებისმიერი მოვალეობა შეასრულეთ პროფესიონალურად, დეტალურად, დაფიქრებით.

XI დღე – სამეგობრო წრე, მომავლის გეგმები, მოულოდნელობების მიღება

გავლენის სფერო: თანამოაზრეებთან, მეგობრებთან ურთიერთობა, საერთო პროექტების განხილვა; კოლექტიური შემოქმედება; მოულოდნელი სიურპრიზები. ამ დღეს შეგიძიათ მომავლის კორექტირება. კოლექტიური, ჯგუფური ქმედებების განხორციელება. შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა და მინიშნებებს დაუკვირდით – სამყარო ინფორმაციას გაწვდით, „გესაუბრებათ“ (უფრო მეტად, ვიდრე სხვა დროს). დღე მეგობრებთან შეხვედრას დაუთმეთ. მოაწყეთ მეგობრების შეხვედრა, საუკეთესო ეპიზოდები გაიხსენეთ, საერთო მომავალზე იოცნებეთ. როგორ წარმოგიდგენიათ? ასევე, კარგია მეცნიერებების, ახალი ტექნოლოგიების, გამოგონებებისთვის ან სულაც ასტროლოგიისთვის დღის დათმობა. ამ თემების განხილვა.

XII დღე – საიდუმლოებები, მისტიური მოქმედებები, ფარული მტრები, შედეგები

გავლენის სფერო: ნებისმიერი ქმედება მარტო ყოფნის ან იზოლაციის დროს; უმაღლეს ძალებთან კონტაქტი; არასასურველისგან გათავისუფლება. დაისვენეთ. განმარტოების დღეა. ეცადეთ ყველა მტერს თუ არაკეთილმოსურნეს მიუტევოთ. გამოიჩინეთ მოთმინება, სხვებს დაეხმარეთ და სამყარო თქვენ შეგიწყობთ ხელს. ნებისმიერი საიდუმლო ქმედება, რომელსაც ამ დღეს ჩაიდენთ, შესაძლოა გამოაშკარავდეს. მეთორმეტე დღე მიუძღვენით შედეგების ანალიზს, ვალის დაბრუნებას როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი მნიშვნელობით (ეს დაგეხმარებათ, დაბადებისწინა პერიოდში ყველა ვალის გასტუმრებასა და ახალი ეტაპის დაწყებაში). მე-12 დღეს ახალს ნურაფერს დაიწყებთ. შეაჯამეთ განვლილი პერიოდი. ძალა და ენერგია მოიკრიბეთ, ჯანმრთელობას გაუფრთხილდით. ქველმოქმედებისთვის კარგი დღეა. პ.ს. რაც ამ დღეს გადაგხდათ ჩამოწერეთ და ბოლო თვეს გადახედეთ (დაბადების დღის წინა პერიოდში). შესაძლოა მოქმედებები და სიტუაციები სხვადასხვა იყოს, მაგრამ ემოციური აღქმა და განწყობა მსგავსი. ასე, რომ ეცადეთ ეს დღეები მაქსიმალურად გამოიყენოთ.

გისურვებთ თორმეტი დღის მშვიდობიანად გატარებას.

წყარო: გლობა, შჩერბაკოვა

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top