როგორ გამოთვალოთ იღბლიანი პერიოდები

როგორ გამოთვალოთ იღბლიანი პერიოდები

სტატია ასტროლოგიაში მეტ-ნაკლებად გარკვეული ადამიანებისთვის

(კონკიას კარიბჭე)

როდის დაქორწინდებით?

როდის გაგიმართლებთ?

როდის შეიცვლით სამსახურს?

როდის გაქვთ უკეთესი პერიოდი ახალი ბიზნესის დასაწყებად?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა იღბლიანი პერიოდების გამოთვლით შეგიძლიათ.

 „კონკიას კარიბჭის“ მეთოდი ასტროლოგებს შორის დაახლოებით 20 წელია გამოჩნდა და ნიუ-იორკის ასტროლოგიურ სკოლა MAGI SOCIETY-ს ეკუთვნის. მეთოდის ავტორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პლანეტა ქირონსა და მის ასპექტებს. ითვლება, რომ ადამიანების ცხოვრებაში შეიძლება გამოვლინდეს რამდენიმე პერიოდი, რომლის დროსაც მათი შარმი, წარმატებულობა და იღბლიანობა იმატებს, მოკლედ  – კონკიასავით “უმართლებთ”.

როგორც იცით, ქირონი „გასაღებს“ უკავშირდება და შესაბამისად „კონკიას კარიბჭეს“ შეგვიძლია „იღბლიანობის გასაღები“ ვუწოდოთ. ეს მეთოდი მარტო ქორწინების სავარაუდო პერიოდების დასადგენად არ გამოიყენება. ქირონის ასპექტების დროს ადამიანების ქარიზმა, პოპულარობა იზრდება და ნებისმიერი საქმის წამოსაწყებად ხელსაყრელი პერიოდებია. შეიძლება ითქვას „ადამიანი საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდება“.

კონკიას კარიბჭე აერთიანებს შემდეგ მოვლენებს:

  • ახალი ნაცნობობა, რომელიც სიყვარულში გადაიზრდება
  • ახალი სამსახურის მოძებნა, რომელიც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად ცვლის (დადებითისკენ)
  • ლატარიის ბილეთი, რომელიც მოგაგებინებთ და ა.შ.

ელენა კუშისა და ელენა ბარანოვას პრაქტიკულმა კვლევამ დაადასტურა, რომ „კონკიას კარიბჭის“ პერიოდებში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდნენ: მომავალ პარტნიორს შეხვდნენ, პერსპექტიულ სამსახურს თავი დაანებეს მათთვის საყვარელი საქმის დასაწყებად (რომელიც შემდგომ წარმატებული გამოდგა), დაქორწინდნენ და ა.შ. გაითვალისწინეთ, პროგნოზირების ნებისმიერი მეთოდი შესაძლებლობებს გიხსნით. “კონკიას კარიბჭის” პერიოდებში საუკეთესო შანსები გეძლევათ…გამოიყენეთ “დახურვამდე” ;)

როგორ გამოვთვალოთ?

იღბლიანი პერიოდები უკავშირდება პლანეტებს: ქირონი, ვენერა, იუპიტერი, ნეპტუნი.

მათ შორის უნდა შედგეს შემდეგი ასპექტებიდან რომელიმე: შეერთება (0°), ტრინი (120°) ან კვიკონსი (150°).

პერიოდები შეიძლება იყოს ხანგრძლივი (რამდენიმე თვიდან 1 წლამდე) ან ხანმოკლე (წელიწადში ორ-სამჯერ ერთი კვირით. ხანმოკლე პერიოდები დგება ვენერას ტრანზიტების დროს).

თუ რუკაში  ქირონი, ვენერა, იუპიტერსა და ნეპტუნს შორის ასეთი ასპექტებია, მეტად გაგიმართლებთ მთელი ცხოვრების განმავლობაშიც. მაგრამ თუ არაა – დაელოდეთ ასპექტების შედგენას.

პროგნოზირების შემთხვევაში:

  • ასტროლოგიურ პროგრამაში ჩვენი დაბადების მონაცემები შეგვყავს და შემდეგ პროგნოზირების რუკას ვადგენთ (ინსტრუქცია)
  • ვეძებთ ქირონის ასპექტებს (შეერთება (0°), ტრინი (120°) ან კვიკონსი (150°)) ვენერასთან, იუპიტერთან ან ნეპტუნთან.
  • ასპექტებს ვეძებთ ორი ვარიანტის მიხედვით: ა) ტრანზიტული ქირონი ქმნის ასპექტებს (შეერთებას, ტრინს ან კვიკონსს)  თქვენი რუკის ვენერასთან, იუპიტერთან ან ნეპტუნთან; ბ) ტრანზიტული ნეპტუნი, იუპიტერი ან ვენერა ქმნის ასპექტს (შეერთებას, ტრინს ან კვიკონსს)  თქვენს ქირონთან.
  • ერთდროულად სამი ასპექტი უნდა შედგეს. მნიშვნელობა არ აქვს შეერთება  იქნება, კვიკონსი თუ ტრინი. ასპექტების ორბისია მაქსიმუმ 3 გრადუსი. მაგ: თუ თქვენი ქირონი ტყუპების 22-ე გრადუსზეა და ტრანზიტული/ახლანდელი ვენერა ტყუპების მე-20 გრადუსზეა – ასპექტი შეერთება ითვლება; თუ ამჟამად ვენერა სასწორის 21-ე გრადუსზეა – ასპექტი ტრინი დგება და ა.შ.
  • ზოგიერთი ასტროლოგი კიდევ ორ ასპექტს: პარალელსა და კონტრ-პარალელს ითვალისწინებს (1-2 გრადუსიანი ორბისით) და თვლის, რომ ორი ასპექტიც საკმარისია.

ძებნის გამარტივება შეგვიძლია: ასტროლოგიური პროგრამა ზეტ-ის გახსნისა და რუკის შედგენის შემდგომ F2-ს დააჭირეთ, ახალ ფანჯარაში გაიხსნება ასპექტების ცხრილი. გრადუსებზე დაწკაპუნებით (სურათზე წითლად მონიშნული ადგილი) ყველა ასპექტი გათიშეთ შეერთების (0°), ტრინის (120°) და კვიკონსის (150°) გარდა. პროგნოზის შედგენის დროს მხოლოდ ეს სამი ასპექტი გამოჩნდება (გამოთვლის შემდგომ ასპექტების ჩართვა არ დაგავიწყდეთ). შედეგი: მარტივად აღიქვამთ და ბევრ ასპექტში არ იბნევით.

რატომ ითვალისწინებენ მხოლოდ ამ პლანეტებსა და ასპექტებს?

ვენერა – სიყვარულის, მოწონების, გრძნობების გამოხატვასთანაა კავშირში. მართავს მე-7 სახლს, რომელიც პარტნიორობის სახლად იწოდება.

ნეპტუნი – ვენერას უმაღლესი ოქტავაა, მას უკავშირდება „ღვთაებრივი სიყვარულიც“, როგორც სიყვარულის მაღალი და იდეალური ფორმა.

იუპიტერი – იღბლის, ზრდის, წარმატების, შანსების პლანეტა.

ქირონი – საკუთარი თავის, ცხოვრების, მოვლენების, ახალი ციკლის დაწყების გასაღები.

შეერთება (0°) – ორი პლანეტის ენერგიის გაერთიანებას, ახალი ციკლის დაწყებას ნიშნავს.

ტრინი (120°) – ჰარმონია, სიხარული, სიკეთე, დადებითი იმპულსები მოაქვს. მისი დახმარებით წარმატების მიღწევა ადვილდება. ხელშეწყობის ასპექტია.

კვიკონსი (150°) – ხელსაყრელი სიტუაციების განმეორებას, აღმოცენებას ხელს უწყობს. კვიკონსი გვევლინება ჰარმონიისა და სტაბილურობის შემნარჩუნებელ ასპექტად.

ასტრობლოგი ბევრ იღბლიან პერიოდს გისურვებთ ;)


About Tamta

Scroll To Top