რ. შტაინერი – ქადაგება მთაზე. ქვეყანა შამბალა

რ. შტაინერი – ქადაგება მთაზე. ქვეყანა შამბალა

მიუნხენი 15 მარტი, 1910

გუშინწინ მივუთითეთ, რომ დღევანდელი კაცობრიობა მძიმე გამოცდის წინაშე დგას. ამის გაგებას შევძლებთ მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენს თანამედროვეობას განვიხილავთ კაცობრიობის განვითარების გზასთან მიმართებაში. ამიტომ, საქმე გვექნება როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ ფაქტებთან. როგორც იცით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოწოდება, რომელიც წარმოითქვა ქრისტეს მოსვლის წინ, იყო შემდეგი: „შეინანეთ (შეიცვალეთ მშვინვიერი წყობა), რამეთუ მოახლოებულია სასუფეველი ცათა!“, და ამ სიტყვებს უღრმესი მნიშვნელობა აქვთ, რადგან ისინი მიანიშნებენ ადამიანის მშვინვიერ განვითარებაში მომხდარ მაშინდელ მნიშვნელოვან მოვლენაზე.

ამ დროისთვის უკვე 3 000 წელი იყო გასული კალი იუგას, წყვდიადის ხანის დაწყებიდან. რა ამოცანა ჰქონდა ამ ხანას? ეს იყო ეპოქა, რომლის დროსაც ადამიანს ჩვეულებრივ მდგომარეობაში მხოლოდ გარეგან შეგრძნებებზე და ასევე ტვინის ინსტრუმენტთან დაკავშირებულ გონიერებაზე შეეძლო დაყრდნობა. ასეთი განცდა, შემეცნება და გაგება შესაძლებელი იყო კალი იუგას, წყვდიადის ხანაში. ამ ხანას წინ უძღოდა სხვა ეპოქა, როცა ადამიანი არა მხოლოდ გარეგანი შეგრძნებების და გარეგანი გონიერების ამარა იყო, არამედ ჯერ კიდევ მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული ჰქონდა მოგონებები ძველ სიზმრისეულ მდგომარეობაზე, რაც სულიერ სამყაროებთან კავშირის საშუალებას აძლევდა. ახლა კი წარმოდგენა ადამიანების ამ წარსულზე შევიქმნათ.

ადამიანს შეეძლო არა მარტო მინერალური, მცენარეული და ცხოველური სამყაროების ხედვა, და ასევე საკუთარ ფიზიკურ ყოფიერებაში თავადვე ჩახედვა, არამედ ძილ-ღვიძილის გარკვეული მდგომარეობისას იგი ღვთაებრივ სამყაროსაც ჭვრეტდა. ამ დროს იგი თავის თავს აღიქვამდა სულიერი სამეფოს იერარქიული კიბის ბოლო საფეხურად, ბოლო წევრად, მის ზემოთ არსებული ანგელოზებით, მთავარანგელოზებითა და ასე შემდეგ. იგი ასეთ შემეცნებამდე პირადი განცდით მიდიოდა და ამიტომ, ამ სულიერი სამყაროს უარყოფა მაშინდელი ადამიანისთვის ისეთივე სისულელეს წარმოადგენდა, როგორც დღეს ჩვენთვის სისულელე იქნება მინერალური, მცენარეული და ცხოველური სამყაროების უარყოფა.

ამასთანავე იმ დროში სულიერი სამყაროებიდან ადამიანში იღვრებოდა არა მარტო შემეცნება, არამედ მას საშუალება ჰქონდა სულიერი სამეფოს ძალებითაც განმსჭვალულიყო: ამ დროს ის ექსტაზში იმყოფებოდა, „მე“-ს შეგრძნება დათრგუნული ჰქონდა, მაგრამ სამაგიეროდ სულიერი სამყარო პირდაპირ იღვრებოდა მასში. ამის გამო ადამიანს გააჩნდა არა მარტო ცოდნა და გამოცდილება, არამედ, მაგალითად, ავადმყოფობის შემთხვევეაში ექსტაზის საშუალებით გამოჯანმრთელებასაც ახერხებდა.

იმ ეპოქებს, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ უშუალო კავშირში იყო სულიერ სამყაროებთან, აღმოსავლური სიბრძნე კრიტა იუგას, ტრეტა იუგას, დვაპარა იუგას უწოდებდა. ამ უკანასკნელის დროს უკვე აღარ იყო შესაძლებელი სულიერი სამყაროების პირდაპირი ხედვა, იგი უფრო საკუთარ ახალგაზრდობაზე მოხუცის მოგონებას ჰგავდა. შემდეგ სულიერი სამყაროს კარიბჭე საბოლოოდ დაიხშო. ნორმალური ცნობიერებით ადამიანს აღარ შეეძლო სულიერ სამყაროსთან ურთიერთობა.

და ასე მოვიდა დრო, როდესაც ადამიანს მხოლოდ საიდუმლო სკოლებში მოწაფეობისას მკაცრი და ხანგრძლივი გზის გავლით შეეძლო სულიერ სამყაროში შეღწევა. კალი იუგას დროს სულიერიდან ხანდახან რაღაც სული შემოდიოდა ფიზიკურ სამყაროში. მაგრამ იგი უმეტეს შემთხვევაში დემონური ბუნებისა იყო და არა კეთილი ძალებისა. ამ დემონური ძალების მოქმედების შედეგს ვხედავთ ჩვენ ყველა იმ პიროვნებაში, რომელთა უცნაურ ავადმყოფობებსაც აღწერს სახარება და მათ შეპყრობილებს უწოდებს. მათში ბოროტი სულიერი არსებების ზეგავლენა ჩანს. პატარა კალი იუგა იწყება ქრისტემდე დაახლოებით 3 000 წელს და იმით ხასიათდება, რომ ამ დროს ჩვეულებრივი ცნობიერებისთვის სულიერი სამყაროს კარიბჭე თანდათანობით დაიხურა, ისე რომ ყველანაირი შემეცნება ადამიანს გრძნობადი გარემოდან უნდა მოეპოვებინა.

ასე რომ გაგრძელებულიყო, ადამიანი საერთოდ დაკარგავდა კავშირს სულიერ სამყაროსთან. მანამდე ადამიანს ჯერ კიდევ გააჩნდა ტრადიციის გზით შენარჩუნებული მოგონებები; მაგრამ შემდეგში ადამიანმა უკვე ამაშიც დაკარგა ურთიერთკავშირის უნარი. თვით მასწავლებელსაც კი, რომელიც ტრადიციის დამცველი იყო, აღარ შეეძლო უშუალოდ მოეთხრო მისთვის სულიერი სამყაროს შესახებ. ამისთვის საჭირო აღქმის უნარი უკვე დაკარგული იყო. ადამიანის შემეცნების სფერო უფრო და უფრო მეტად ისაზღვრებოდა მხოლოდ მატერიალური სამყაროთი.

ასეთი განვითარების პროცესში ადამიანები საერთოდ დაკარგავდნენ სულიერ სამყაროსთან კავშირს, თუნდაც მისი აღდგენა ეცადათ. დახმარება მოვიდა სხვა მხრიდან იმ ღვთაებრივი არსების მეოხებით, რომელსაც ჩვენ ქრისტეს ვუწოდებთ, და რომელიც ფიზიკურ პლანზე განსხეულდა.

ძველად ადამიანს სულიერ არსებებამდე ამაღლება შეეძლო. ახლა კი ისინი თავად უნდა მიახლოვებოდნენ ადამიანს, მთლიანად მის სფეროში ჩამოსულიყვნენ, რათა მას თავისი „მე“-არსებით შეეცნო ისინი. ამ პერიოდს წარსულის წინასწარმეტყველებიც აღწერდნენ. ნათქვამი იყო, რომ ადამიანი თავისი „მე“-თი და თავის „მე“-ში მოიპოვებდა კავშირს ღმერთთან. მაგრამ დადგა დრო, როცა საჭირო გახდა ენერგიული მითიტება იმაზე, რომ ეს მართლაც ნაწინასწარმეტყველების აღსრულება იყო. ყველაზე მძლავრად ეს იოანე ნათლისმცემელმა შეძლო. ის ქადაგებდა, რომ დროება შეიცვალა, რომ „მოახლოვდა სასუფეველი ცათა“. შემდეგ იგივეს ქადაგებდა იესო ქრისტეც. ამაზე მინიშნებას წარმოადგენდა ნათლობა იორდანეში, იოანეს მიერ მრავალთა მონათვლა და ასევე თვით მისი სწავლება.

მაგრამ გარდაქმნისთვის მხოლოდ ეს არ კმაროდა. ადამიანების გარკვეულ რიცხვს სულიერ სამყაროში ისეთი რამ უნდა განეცად, რომ დარწმუნებულიყო ღვთაებრივის გამოცხადებაში. და ეს ხდებოდა წყალში ჩაძირვით: როდესაც ადამიანი დახრჩობის პირზეა, ეთერული სხეული გამოდის კიდეც ფიზიკურიდან. ამ დროს იგი განიცდის იმას, რაც სამყაროების განვითარებაში გარდატეხის ნიშანია. და აქედან მოდის მძლავრი გაფრთხილება: შეიცვალეთ მშვინვიერი წყობა, რადგან მოახლოვდა სასუფეველი ცათა! თქვენ მოგეცემათ ისეთი მშვინვიერი წყობა, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ განიცადოთ ქრისტე. ჟამი აღსრულდა.

თვით იესო ქრისტემ დაგვმოძღვა ჩვენ ამის შესახებ მთაზე ქადაგებისას. ეს არ იყო ხალხის წინაშე ქადაგება, რადგან გარლვევითაა ნათქვამი: „და ვითარცა იხილა იესომ ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ, და მიუხდეს მას მოწაფენი მისნი“. ძველ დროში ადამიანი ექსტაზის საშუალებით ეზიარებოდა ღვტაებრივობას; თავისი „მე“-ს გარეთ იგი ნეტარებას განიცდიდა, რადგან უშუალოდ განიცდიდა სულიერ სამყაროს და მისგან იღებდა სულიერ ძალებსა და სიჯანსაღეს. ახლა კი, ასე ეუბნება იესო ქრისტე თავის მოწაფეებს, ღვთაებრიობას ეზიარება ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია თვითონვე განიმსჭვალოს მამა ღმერთისა და ქრისტეს იმპულსით და ამ იმპულსში ცხოვრობდეს როგორც „მე“.

ძველად სულიერ სამყარომდე ამაღლება შეეძლო მხოლოდ მას, ვინც სავსე იყო ამ სულიერი სამყაროს ნაკადებით; მხოლოდ ასეთი ადამიანისთვის შეიძლებოდა გვეწოდებინა მდიდარი სულითა. ეს იყო ნათელხილვა ძველი გაგებით და განსაკუთრებული ინდივიდუალობების ხვედრი. სხვა დანარჩენები კი იყვნენ „გლახაკნი სულითა“. ახლა კი თავის „მე“-ში ციური სასუფევლის ყველა მძებნელისთვის შესაძლებელი გახდა მისი მოპოვება. ის, რაც ასეთ მნიშნელოვან ეპოქაში კაცობრიობის ცვლილებას იწვევს, მთელ ადამიანსაც ცვლის. მისი არსების ერთ ნაწილში მომხდარი, ყველა დანარჩენსი ჰპოვებს გამოძახილს. ადამიანის ყველა ნაწილები: ფიზიკური სხეული, ეთერული სხეული, გრძნობადი სამშვინველი, განსჯითი ანუ ხასიათის სამშვინველი, ცნობიერი სამშვინველი, „მე“ და უმაღლესი მშვინვიერი ნაწილები, აღორძინებას განიცდიან ზეციური სასუფევლის სიახლოვეს. ეს სწავლება თანხმობაშია ყველა დიდ და უძველეს სწავლებასთან.

ძველად, სულიერ სამყაროში შესვლილსას, ეთერული სხეული ადვილად შორდებოდა ფიზიკურ სხეულს, ანუ ეს უკანასკნელი განსაკუთრებული წყობის იყო. ამიტომ, ფიზიკურ სხეულზე მინიშნებით იესო ქრისტე ამბობდა: ნეტარ იქნებიან გლახაკნი, ანუ სულით ღარიბნი, რადგან ისინი ჰპოვებენ ზეციურ სასუფეველს, როცა „მე“-თი მართულ ამ გარეგნულ სხეულს სწორად განავითარებენ – „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“.

ეთერული სხეულის შესახებ კი მან თქვა: ძველად ადამიანებს შეეძლოთ ექსტაზის საშუალებით სულიერ სამყაროში შეღწევა და ფიზიკური და მშვინვიერი ტანჯვისგან განთავისუფლება. თუ ტანჯულები შეძლებენ ღვთაებრიობით აღვსებას, მათ შეეძლებათ განკურნება და საკუთარ თავში საყრდენის, ნუგეშის პოვნა: „ნეტარ იყვნენ მგლოვიარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშისცემულ იქმნენ“.

შემდეგ იგი ასტრალურ სხეულზე ამბობს: ძველად ისინი, ვისი ასტრალური სხეულიც გაჯერებული იყო ველური, დაუოკებელი ვნებებით, სიმშვიდეს ჰპოვებდნენ სულიერ-ღვთაებრივი არსებების წყალობით, რომელთაგანაც მათში სიმშვიდე, გულისხმიერება და სიწმინდე იღვრებოდა. ახლა კი ადამიანებს საკუთარი „მე“-ს ძალითა და ქრისტეს გავლენით უნდა შეეძლოთ საკუთარი ასტრალური სხეულის განწმენდა. ასტრალური სხეულის განსაწმენდელ ადგილად ახლა დედამიწა იქცა. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი ცვლილება ასტრალური სხეულისთვის ისე უნდა აღწერილიყო, როგორც ითქვა: ნეტარი და ღვთაებრიობით სავსე ასტრალური სხეული ექნებათ მათ, ვინც ზომიერებას მოიპოვებენ, და მათი საზღაური, მათი ნუგეში იქნება ყოველი სიკეთე დედამიწაზე. „ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანაი“.

გრძნობად სამშვინველზეა საუბარი მეოთხე ნეტარებაში. ვისაც თავისი გრძნობადი სამშვინველის ჭეშმარიტი განწმენდა და განვითარების უფრო მაღალი საფეხურის მიღწევა სურს, იმისმა „მე“-მ ქრისტეს ზემოქმედება უნდა განიცადოს; მისი გული სამართლიანობის წყურვილით აენთება, შესძლებს ღვთაებრიობის განცდას, ხოლო „მე“ თავისი თავით დაპურდება. „ნეტარ იყვნენ, რომელთაც შიოდეთ და სწყუროდეთ სიმართლისათვის, რამეთუ ისინი განძღენ“.

შემდეგი წევრია განსჯითი ანუ ხასიათის სამშვინველი. ეს მე მძინავს ღრმად გრძნობად სამშვინველში და პირველად ამ განსჯით ანუ ხასიათის სამშვინველში ვიღვიძებ. თუ ჩვენი „მე“ ამ გრძნობად სამშვინველში თვლემს, ჩვენ ვერ შევძლებთ ადამიანებში იმის პოვნას, რაც მათ ჭეშმარიტ ადამიანებად ხდის: „მე“-ს. სანამ ადამიანი „მე“-ს განივითარებს, მან უნდა შესძლოს თავისი გრძნობადი სამშვინველის ამაღლება სულიერ სამყაროებამდე, რათა იქ რაიმეს აღქმის უნარი ჰქონდეს. ხოლო თუ იგი განსჯით ანუ ხასიათის სამშვინველს განივითარებს, მაშინ მის გვერდით მყოფი ადამიანების აღქმასაც შეძლებს. აქამდე ნახსენებ ყველა წევრთან დაკავშირებით, საჭიროა გავიხსენოთ თუ რა გააჩნდა ძველად „მდიდარს“. მხოლოდ განსჯით ანუ ხასიათის სამშვინველს შეუძლია აღივსოს იმით, რაც ადამიანიდან ადამიანისკენ მიედინება.

მეხუთე ნეტარების ფრაზის წყობაში რაღაც განსაკუთრებული ელემენტი უნდა შემოსულიყო; იგი უნდა ყოფილიყო სუბიექტი და პრედიკატი ერთდროულად, რადგან მინიშნება ხდება იმაზე, რასაც „მე“ თავის თავში განივითარებს. ამ მეხუთე ფრაზაში ნათქვამია: „ვინც განივითარებს თანაგრძნობასა და გულმოწყალებას, მას გულმოწყალება მიეგება (ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალენ)“ ეს არის ამ ოკულტური დოკუმენტის სისწორის დასტური. ქრისტემ ადამიანური ბუნების ყოველ ცალკეულ წევრთან დაკავშირებით გვიჩვენა გზა, ყველაფერი სწორია.

ნეტარების შემდეგი ფრაზა დაკავშირებულია ცნობიერ სამშვინველთან. მისი საშუალებით „მე“-ს, როგორც წმინდა „მე“-ს, შეუძლია ისეთი განვითარება, რომ ღმერთი მიიღოს თავის თავში. როდესაც ადამიანი ასეთ სიმაღლეს მიაღწევს, შეეძლება ღვთაებრიობის ის წვეთ-მარგალიტი, რომელიც მასშია, ანუ საკუთარი „მე“, აღიქვას თავის თავში. განწმენდილი ცნობიერი სამშვინველის გამჭოლ მას შეეძლება ღმერთის ჭვრეტა. ანუ ნეტარების ეს მეექვსე ფრაზა ღმერთის ჭვრეტას უნდა უკავშირდებოდეს. „მე“-სა და ცნობიერი სამშვინველის გარეგნული ფიზიკური გამოხატვა არის ფიზიკური სისხლი, განსაკუთრებით კი – გული. ამიტომ თქვა ქრისტემ: „ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“. ამით იგი პირდაპირ მიანიშნებს იმ ინტიმურ ფაქტზე, რომ ჩვენი გული არის ადამიანში არსებული ღვთაებიობის, „მე“-ს გამომხატველი.

ახლა კი უნდა შევეხოთ უფრო მაღალ სფეროებს, კიდევ უფრო მაღალს, ვიდრე ცნობიერი სამშვინველია; ესენია: მანასი, ბუდჰი და ატმანი. სამშვინველის სამი წევრის განვითარება თანამედროვე ადამიანს ახლავე შეუძლია, მაგრამ ამ უმაღლესი წევრების: თვითება-სულის, სიცოცხლე-სულისა და სული-ადამიანის განვითარება მხოლოდ შორეულ მომავალში. ესენი ჯერ კიდევ არ ცხოვრობენ ადამიანში, იგი მასში მოგვიანებით გადმოიღვრება. ადამიანი ჯერ კიდევ არაა იმდენად განვითარებული, რომ შეძლოს თავის თავში მანასის მთლიანად მიღება, და ამ მხრივ იგი განვითარების გზის მხოლოდ დასაწყისში დგას, მხოლოდ ჭურჭელია, რომელიც ნელ-ნელა უნდა შეივსოს. ამაზე მიანიშნებს მეშვიდე ნეტარება. მანასი ადამიანს ჯერჯერობით მხოლოდ ათბობს. იგი ქრისტემ ჩამოიტანა დედამიწაზე, როგორც სიყვარულისა და ჰარმონიის ძალა. ამიტომ ამბობს ქრისტე: ნეტარ არიან ისინი, ვინც პირველნი მოიპოვებენ მანასს, რადგან ამგვარად გახდებიან ღმერთის შვილები – „ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ზედ ღმრთისად იწოდნენ“. ეს ადამიანებს მიუთითებს ზევით, ზენა სამყაროებისკენ.

ამის შემდეგ ხდება მინიშნება იმ არსებითზე, რომელიც უნდა ამოქმედდეს მომავალში, მაგრამ რომელსაც უკვე აწმყო დევნის და ებრძვის მთელი ძალისხმევით. ეს ნათქვამია ნეტარების მერვე ფრაზაში. ღვთაებრიობით აღვსილნი ანუ ნეტარნი იქნებიან ისინი, რომელთაც სდევნიან სიმართლის გამო, რადგან მათში დაივანებს ზეციური სასუფეველი, სიცოცხლე სული, ბუდჰი – „ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. ამას უკავშირდება აგრეთვე ქრისტეს სიტყვებიც მისი ინტიმური მოწაფეების შესახებ იმ გაგებით, რომ ისინიც ნეტარნი იქნებიან, როგორც დევნილნი მისი გულისთვის: ამით მან მიანიშნა ატმაზე, რომლის მოპოვებასაც მხოლოდ ძალიან შორეულ მომავალში შევძლებთ.

ამრიგად მთაზე ქადაგებისას მოგვეცა დიადი სწავლება მოახლოებულ ციურ სასუფეველზე. ამ მოვლენების დროს პალესტინაში აღსრულდა კაცობრიობის განვითარების დიადი მისტერია: ადამიანის არსება თავისი ყველა წევრებით იმდენად მომწიფდა, რომ შესძლო თავისი განწმენდილი ფიზიკური ძალებით ქრისტეს იმპულსის უშუალო მიღება. ღმერთკაცი ქრისტე ასე დაუკავშირდა იესო ნაზარეველს და განმსჭვალა მისი ადამიანური არსი იმ სამი მიწიერი წლის მანძილზე. ეს უნდა მომხდარიყო, რათა ადამიანს კალი იუგას დროს მთლიანად არ დაეკარგა სულიერ სამყაროსთან კავშირი. მაგრამ კალი იუგა, წყვდიადის ხანა, კიდევ დიდხანს გაგრძელდა, კერძოდ 1899 წლამდე.

ეს კაცობრიობის განვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წელია, რადგან ამ დროს დასრულდა კალი იუგას მეფობის ხუთიათასწლიანი ხანა. ამის შემდეგ შევძელით ჩვენ განვითარების ახალ საფეხურზე ასვლა. ადამიანის ძველ, კალი იუგას დროინდელ უნარებს დაემატა ახალი უნარების განვითარება. ჩვენ მივიწევთ ისეთი ხანის შესახვედრად, რომლის დროსაც ადამიანსი ისეთი ახალი ბუნებრივი უნარები და შესაძლებლობები გამოვლინდება, რომ იგი კვლავ შესძლებს ღვთაებრივ-სულიერი სამყაროების ჭვრეტას. მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი ჩავლილი არც იქნება, რომ ზოგიერთი ადამიანი უკვე შესძლებს სრული „მე“-ცნობიერებით აღიქვას ღვთაებრივ-სულიერი სამყაროს ისეთი შემოჭრა ფიზიკურ-გრძნობად სამყაროში, როგორიც სავლემ განიცადა დამასკოს გზაზე პავლედ გარდაქმნისას. ეს ნორმალური მდგომარეობა იქნება ადამიანების გარკვეული რიცვხისთვის.

ქრისტე ფიზიკურად მეტად აღარ განსხეულდება ისე, როგორც განსხეულდა მაშინ იესოში, რადგან ამის შედეგად ახლა უკვე ვერაფერი მიიღწევა. მაშინ ასეთი ინკარნაცია საჭირო გახდა კოსმიურ-მიწიერი განვითარების ღრმა კანონზომიერებებიდან გამომდინარე, რადგან სხვანაირად ადამიანები ვერ შეიცნობდნენ მას. ახლა კი ადამიანმა განვლოა განვითარების გზა, რომელმაც მიანიჭა უნარი, თავისი მშვინვიერი ძალებით მიაღწიოს ეთერულ ხედვას. ამიტომ ადამიანებისთვის ქრისტე ხილული გახდა არა ფიზიკური, არამედ ეთერული სხეულით. ეს ყველაფერი უფრო და უფრო გაძლიერდება მომავალი 2500 წლის მანძილზე, დაწყებული მე-20 საუკუნის შუა ხანებიდან. ეს განცდა იმდენ ადამიანს ექნება, რომ ბოლოს და ბოლოს ყველა მხრიდან იქნება აღიარებული, როგორც ცნობილი მოვლენა დედამიწაზე.

სულისმეცნიერება გვჭირდება იმისათვის, რომ ამ ახალი, ჯერ კიდევ სუსტი უნარების აღმოცენებამ ადამიანებისთვის შეუმჩნევლად და უკვალოდ არ ჩაიაროს, და იმისთვისაც, რომამ უნარით დაჯილდოვებული ადამიანები მეოცნებეებად ან გიჟებად არ ჩათვალონ და მცირე ჯგუფებმა მაინც დაიცვას ამ უნარების ნაზი მორჩები ადამიანური შეუგნებლობის სასიკვდილო წიხლისგან. სულისმეცნიერებამ უნდა შეძლოს მათი განვითარებისთვის საჭირო ნიადაგის შემზადება. ამ უნარებზე უკვე მივანიშნეთ, როგორც შამბალას კვლავ ხილვის, ადამიანის მიერ ქრისტეს არსებისა და მისი მნიშვნელობის შემეცნების შესაძლებლობაზე, რადგან მისი მეორედ გამოცხადება სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის მიერ მისი შეცნობა.

ზოგადად ეპოქები მეორდებიან, ოღონდ მუდამ სხვა სახით. სულისმეცნიერება კალი იუგას ხანის დაწყებას ხედავს როგორც სულიერი სამყაროების კარიბჭის დახურვას. პირველი ათასწლეულების ჩავლის შემდეგ კაცობრიობას მოევლინა დახმარება აბრაამის ინდივიდუალობის სახით. მელქისედეკის მიერ აბრაამის ხელდასხმით შესაძლებელი გახდა, სწორი ჭვრეტისა და შეფასების საშუალებით, ღმერთი ადამიანს შეეცნო გრძნობადად აღსაქმელი გარემოს ქსოვილშიც. აბრაამმა გვიჩვენა განთიადი „მე“-ღმერთის შემეცნებისა, ღმერთისა, რომელიც ადამიანის „მე“-ბუნებას ენათესავება. აბრაამისთვის ნათელი გახდა, რომ გრძნობადი სამყაროს მოვლენების მიღმა არსებობს რაღაც, რაც ცხადყოფს: ადამიანის „მე“ განუსაზღვრელი, უკიდეგანო სამყაროსეული „მე“-ს ოდენ წვეთია.

ღვთის გამოცხადების მეორე საფეხურად შეიძლება მოსეს ხანა ჩაითვალოს, რადგან ამ დროს ღმერთი ადამიანს მიუახლოვდა ელემენტების საშუალებით. სინაის მთის ცეცხლწაკიდებულ ეკლის ბუჩქში, ელვასა და ჭექა-ქუხილში გამოეცხადა იგი მოსეს და შეეხო მის ყველაზე ღრმა არსს. მესამე ათასწლეულში ღმერთის ასეთ გამჭოლ შემეცნებას მოჰყვა სოლომონის ეპოქა, რომლის დროსაც ღმერთმა სოლომონის მიერ იერუსალიმში აგებული ტაძრის სიმბოლოებში გამოავლინა თავი. ამრიგად, ღმერთის გამოცხადება მოხდა შემდეგ საფეხურებზე:

აბრაამთან, როგორც „მე“-ღმერთი, ანუ იაჰვე-ღმერთი;

მოსესთან ცეცხლმოკიდებული ბუჩქის ალში, ელვასა და ჭექა-ქუხილში;

ხოლო სოლომონთან ტაძრის სიმბოლოებში.

რომელიმე გარკვეული ხანისთვის დამახასიათებელი სულიერ თავისებურებანი, მოგვიანებით შებრუნებული თანმიმდევრობით მეორდება. გარდატეხა ხდება პალესტინაში იესო ქრისტეს გამოცხადებისას. და რაც უშუალოდ წინ უძღოდა ამ დროს, ამ გარდატეხის მომენტიდან ისევ აღმასვლას განიცდის. ამიტომ, ქრისტეს შემდგომ პირველ ათასწლეულში კვლავ სოლომონისეული ხანის სულიერება მეფობს და სოლომონის სული მოქმედებს საუკეთესო ადამიანებში, რათა ისინი გოლგოთის მისტერიით განმსჭვალოს. ამ ნიშნებს განსაკუთრებით აშკარად ხედავდა და ძლიერად განიცდიდა ის, ვინც ქრისტეს შემდგომ პირველ ათასწლეულში ყველაზე მეტად გაიშინაგნა გოლგოთის მოვლენა.

ქრისტეს შემდგომ მეორე ათასწლეულში ჩვენ ვხედავთ მოსეს ხანის განმეორებას. ის, რაც ამ ხანაში გარეგანი განცდა იყო, ამჯერა დგვევლინება მაისტერ ეკჰარტის, იოჰანეს ტაულერისა და სხვათა მისტიკაში. მისტიკოსები საკუთარ შინაგან არსებაში განიცდიან იმას, რაც მოსემ ალმოდებულ ბუჩქში, ელვასა და ჭექა-ქუხილში განიცადა. ისინი ამბობდნენ, რომ საკუთარ თავში ჩაღრმავებისას, მათ ეცხადებოდათ „მე“-ღმერთი. მაშინ, როდესაც ისინი საკუთარ სამშვინველში აცნობიერებდნენ „მე“-ს ნაპერწკალს, მათ „მე“-ღმერთი, ერთიანობის ღმერთი იაჰვე ეცხადებოდათ. იგივე განიცადა ტაულერმაც, რომელიც უდიდესი მქადაგებელი იყო და ბევრს ქადაგებდა. მასთან მივიდა ვიღაც მსმენელი, ღვთის მეგობარი ობერლანდიდან (der Gottesfreund aus dem Oberlande), რომელზეც ჯერ იფიქრეს, რომ ტაულერის მოწაფეობა სურდა, მაგრამ იგი მალე თვითონ გახდა მისი მასწვალებელი. მისი მოწაფეობის წყალობით ტაულერს ისეთი დიდი შინაგანი სიძლიერით შეეძლო ღმერთი ექადაგა, რომ, როგორც გადმოცემა გვაუწყებს, მისი მოსმენისას მოწაფეები და მსმენელები მკვდრებივით ეცემოდნენ. ეს გვახსენებს იმ მოვლენებს, რომელთა დროსაც სინაის მთაზე მოსეს კანონები მიეცა.

დღევანდლამდე ამ სულით იყვნენ აღვსილნი გასული ასწლეულები. ახლა კი მოდის აბრაამის ხანის გახსენებისა და განმეორების ჟამი, მაგრამ ამჯერად იმ გაგებით, რომ ადამიანები გადააბიჯებენ მხოლოდ ფიზიკური შეგრძნებებით აღქმადი სამყაროს საზღვრებს. აბრაამის სული ჩვენს შემეცნებაზე იმგვარ გავლენას მოახდენს, რომ ადამიანები გათავისუფლდებიან გრძნობადი სამყაროს ფასეულობის პრიორიტეტისგან. ადგილი ექნება უკუპროცესს, კერძოდ, თუ აბრაამის პირველმა ხანამ სულისა და ღმერთის ჭვრეტა გრძნობადი სამყაროს გამჭოლ მოიპოვა, ამჯერად იგივე ხანის გამეორება მოხდება ადამიანების გასვლით გრძნობადი სამყაროდან და სულიერ სამყაროში შეღწევით. შეიძლება ითქვას: განვითარებისთვის ზიანი არ მოჰქონდა იმას, რომ ეს ყველაფერი ადამიანებმა აქამდე არ იცოდნენ, მაგრამ მოახლოებულ დროში ადამიანებმა იმდენი უნდა შესძლონ, რომ თავიანთი ბედი თავად მართონ. მათ უნდა იცოდნენ, თუ როგორ და რა გზით იქნება მოგვიანებით ქრისტეს აღქმა შესაძლებელი.

ის, რაც ნათქვამია ქრისტეს მიერ გარდაცვლილთა სამყაროში შთასვლისა და მათი გამოხსნის შესახებ, ჭეშმარიტებაა. ქრისტე დღესაც ამგვარად მოქმედებს. არა აქვს მნიშვნელობა ადამიანი ჯერ კიდევ აქ, ფიზიკურ სამყაროში იმყოფება თუ უკვე გარდაცვლილია – ქრისტეს გამოცხადება მას შეუძლია იმქვეყნადაც განიცადოს, თუ მან ამქვეყნად ამ მოვლენის გაგების უნარი გამოიმუშავა. მაშინ გამოჩნდება, რომ ადამიანს დედამიწაზე ამაოდ არ უცხოვრია. მაგრამ თუ ადამიანმა ვერ შესძლო ამ უნარის მოპოვება, მაშინ სიკვდილსა და ხელახალ დაბადებას შორის დროში მისთვის უკვალოდ ჩაივლის ამ მოვლენის მოქმედება, და იგი იძულებული იქნება დაელოდოს დედამიწაზე დაბრუნებას, ახალ დაბადებას, რათა კვლავ მიეცეს მომზადების შესაძლებლობა. როცა ზოგიერთი ცრუ მოძღვრება დედამიწაზე ქრისტეს ხორციელად მეორედ მოსვლას ქადაგებს, ჩვენ ამის დაჯერების უფლება არ გვაქვს. ასეთი მოძღვრება არ აღიარებს ადამიანური უნარების განვითარებას და სჯერა, რომ მოვლენები იგივე სახით მეორდებიან. მაგრამ ეს ასე არაა: მართალია ისინი მეორდებიან, მაგრამ ყოველთვის უფრო მაღალ საფეხურზე.

მომავალი ასწლეულების მანძილზე კიდევ მრავალჯერ იქადაგებენ ქრისტეს მეორედ მოსვლას და გამოცხადებას. გამოჩნდებიან ცრუ მესიები და ცრუ ქრისტეები. მაგრამ ისინი, ვინც ზემოაღწერილის შესაბამისად ქრისტეს მეორედ მოსვლას ჭეშმარიტად სწორ გაგებას მოიპოვებენ, არარ აჰყვებიან ამ ცდუნებებს. მათში მსგავსი ცრუ-მესიები არ გამოიწვევენ გაოცებას ან აღტაცებას, როგორც ეს ხდებოდა მაგალითად ჯვაროსნული ლაშქრობების წინ; ან კიდევ მე-17 საუკუნეში, როცა სმირნაში გამოჩნდა ცრუ მესია საბატაი ცევი, რომელთანაც საფრანგეთიდან და ესპანეთიდანაც კი მიედინებოდნენ მლოცველთა ნაკადები.

მაშინ მსგავსი ცრურწმენა არ იყო დიდად საზიანო. მაგრამ ახლა, როცა ადამიანის განვითარებული უნარების მეშვეობით ქრისტეს გამოცხადება ეთერულში სწორ და მართალ მოვლენად უნდა აღიქმებოდეს, ხოლო ქადაგება მის კვლავ ხორციელად მოსვლაზე ცრურწმენად, აუცილებელია ერთის მეორესგან განსხვავების სწავლა. აქ დაშვებული შეცდომა უაღრესად მძიმე შედეგებს იქონიებს. ხორციელად მოვლინებული ქრისტესი არ უნდა დავიჯეროთ, ვინაიდან მისი გამოცხადება მხოლოდ ეთერულში მოხდება. ეს გამოცხადება, რომელიც დღეს ხელდასხმულისთვის განსაკუთრებული განცდაა, ადამიანებისთვის იქნება ბუნებრივი ხელდასხმის შედეგი. ანუ ჩვენ ისეთი ხანის შესახვედრად მივდივართ, სადაც ადამიანი თავისი შემეცნების შესაბამისად, ფიზიკურ-გრძნობადი სამყაროს გარდა სულიერ სამეფოშიც იცხოვრებს. ხოლო სულების ამ სამეფოში წინამძღოლი იქნება ეთერული ქრისტე.

და ადამიანები, განურჩევლად რელიგიისა და რწმენისა, აღიარებენ ქრისტეს მოვლენას, რადგან მას საკუთარ თავში შეიცნობენ და მისი განცდის უნარიც ექნებათ. ქრისტიანები, როცა მათ მართლაც ექნებათ ეთერული ქრისტეს განცდა, ალბათ უფრო რთულ მდგომარეობაშიც კი იქნებიან ვიდრე სხვა რელიგიების წარმომადგენლები; მაგრამ ისინი უნდა შეეცადონ ქრისტეს გამოცხადებისას ასევე ნეიტრალურად მიიღონ ეს მოვლენა. ამოცანა იქნება სწორედ ის, რომ განსაკუთრებით ქრისტიანობიდან გამომდინარე გვესმოდეს, რომ სულიერ სამყაროებში შეღწევა მოხდება რომელიმე პოზიტიური რელიგიური რწმენისგან დამოუკიდებლად, გადამწყვეტი იქნება მხოლოდ კეთილი ნების ძალა.

ანთროპოსოფია ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა დაეხმაროს ადამიანებს. მან ჩვენ უნდა შეგვიყვანოს სულიერ სამყაროში, რომელსაც ძველი ტიბეტური ხელნაწერები გამქრალ ზღაპრულ ქვეყანად, შამბალად, მოიხსენიებენ. ამჯერად ადამიანებმა ქრისტეს წინამძღოლობით და სრული ცნობიერებით უნდა შეაბიჯონ შამბალაში. ხელდასხმულს უკვე ახლაც შეუძლია ახალი ძალების მისაღებად შამბალაში ხშირი სტუმრობა. მომავალში კი სხვა ადამიანებიც შეძლებენ ამას, ისინი იხილავენ მის ბრწყინვალებას ისევე, როგორც პავლემ იხილა ქრისტეს ბრწყინვალე ნათელი დამასკოს გზაზე. ეს ნათელი მათზეც გადმოიღვრება, და მათაც გაეხსნებათ ამ ნათლის სამყაროს კარიბჭე, რომლის გავლითაც ისინი წმინდა ქვეყანა შამბალაში შეაბიჯებენ.

მასალა აღებულია რ. შტაინერის წიგნიდან „ქრისტეს გამოცხადება ეთერულ სამყაროში“

 


About Tamta

Scroll To Top