სატურნის კვადრატი სინასტრიულ პლანეტებთან

სატურნის კვადრატი სინასტრიულ პლანეტებთან

მამაკაცის  სატურნი კვადრატში ქალის მზესთან

ამ რთული კარმული ასპექტის ურთიერთობაში ქალი ქვეცნობიერად ცდილობს დაჩრდილოს საკუთარი მამის სახება, მისი მოლოდინები  საკუთარი თავისადმი ან ტრადიციები, რაც მის ცხოვრებას განსაზღვრავს და რაც მის  „მეს“ ზღუდავს. მამაკაცს ის განიხილავს, როგორც სიმბოლოს შემზღუდველი ავტორიტეტული ფიგურისა, რომელსაც უნდა აჯობოს, თუ საკუთარი თავის პოვნა სწადია.  მამაკაცი, თავის მხრივ, ცდილობს დაამიწოს ეს ურთიერთობა, აგრძნობინოს ქალს მისი რეალობა და პასუხისმგებლობა. რთული პრობლემები და იმედგაცრუებები გამოწვეულია ქალის შეგრძნებით, რომ ის იზღუდება და საშულება არ აქვს, სრულად დატკბეს ცხოვრებით. ეს ლოგიკურად წარმოშობს  არაერთ ბარიერს, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ გადაილახება, რაც ქალი საკუთარი „მეს“ სრულ ძალას გააცნობიერებს. ის აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეს მამაკაცის ღისებასა და პატივს, იმ შემთხევაშიც, თუ რჩეულის იდეოლოგია ეწინააღმდეგება მის  შეხედულებებს, იქამდე მაინც, სანამ  ბოლომდე გააცნობიერებს საკუთარ ძალაუფლებას.

 

ქალის  სატურნი კვადრატში მამაკაცის მზესთან

ეს ასპექტი ქმნის რთულ კარმულ ურთიერთობას. მამაკაცი ცდილობს გადალახოს სიმბოლური შეზღუდვები მამის მხრიდან. მან ქვეცნობიერად აირჩია ასეთი ურთიერთობა, რომ გამოიკვლიოს მემკვიდრეობით მიღებული შეზღუდვების გადალახვის ჭეშმარიტი ფასეულობა. იმავდროულად, ის შეიძლება ეჭვობდეს, შეძლებს თუ არა გაუმკლავდეს დანაშაულის კომპლექსს, რაც თან ახლავს ამ პროცესს. ძალიან ხშირად ის თავის რჩეულში მამის სახებას ხედავს, რადგან  ეს ქალი სიმბოლურად იმ შეზღუდვებსა და ტრადიციებს განასახიერებს, რომელთა გადალახვაც მამაკაცს სწადია. ქალი შეიძლება ხედავდეს, რომ ამ ურთიერთობაში მისი თავისუფლება იზღუდება. მართალია, ეს მამაკაცი მას იმედსა და ოპტიმიზმს აძლევს, მაგრამ, ამასთან ერთად, ის ძლიერმოქმედ მიწიერ რეალობას უნდა გაუმკლავდეს. აქ შეიძლება წავაწყდეთ უამრავ ფარულ გამოწვევას, რადგან ორივე პარტნიორს კარგად ესმის მიღწევების აუცილებლობა. ბრძოლის მეშვეობით, თითოეული ცდილობს გააძლიეროს და მხარი დაუჭიროს პარტნიორის ღირსებას. დროთა განმავლობაში მამაკაცმა შეიძლება გადაასწროს ქალს განვითარებაში. თუ ეს ასე მოხდა, ის უნდა დაეხმაროს რჩეულს საკუთარი ღირსების გრძნობის განმტკიცებაში. მხოლოდ ასე მოახერხებენ ურთიერთობის შენარჩუნებას.

 

მამაკაცის  სატურნი კვადრატში ქალის მთვარესთან

აქ თითოეული ინდივიდი მშობლის როლს ასრულებს. ამ ურთიერთობაში წინააღდეგობაში მოდის ოჯახური ფასეულობები, რაც თითოეულის ოჯახის გაგრძელებას წარმოადგენს. კარმული მიზეზებით, მამაკაცი ცდილობს ზოგიერთი ტრადიციით შეაკავოს თავისი პარტნიორი. ქალი თავს ბლოკირებულად გრძნობს, რადგან მამაკაცი არც ისე დიდი გულისხმიერებით აღიქვამს მის ემოციურ რეაქციებს. რაც უფრო იკავებს ქალი ემოციებს,  მით უფრო მძაფრი განცდა ეუფლება მამაკაცს, რომ მისი გავლენა პარტნიორზე არაეფექტურია. თუ ეს ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს, აუცილებელია ორივემ ღიად გადააფასოს ერთმანეთის ტრადიციული  ღირებულებები.

 

ქალის  სატურნი კვადრატში მამაკაცის მთვარესთან

აქ მამაკაცი თავისი დედის  მსგავს როლს ასრულებს, როდესაც ის(დედა)  მისი მამის აღიარების მოპოვებას ცდილობდა. ქალიც არანაკლებ დაძაბულობას გრძნობს თავისი მშობლების გავლენისგან და თავის მხრივ,  საკუთარი მამის როლშია, როდესაც ის (მამა) გარკვეული სოციალური მიღწევებით ცდილობდა მის დედაზე შთაბეჭდილების მოხდენას. ამ ურთიერთობაში ჩანერგილია ქვეცნობიერი შიშები და ურთიერთდამოკიდებულების  საფრთხე. უმეტეს შემთხვევაში, ამ ურთიერთობას თან სდევს თითოეული პარტნიორის წინა თაობებისგან გადმოყოლილი დაძაბულობა.

 

 

მამაკაცის სატურნი კვადრატში ქალის მერკურისთან

ქალი ქვეცნობიერად  მამაკაცს განიხილავს, როგორ ძალაუფლებისმოყვარე მამის ფიგურას, რომელიც მასში გამოხატვის მოთხოვნას თრგუნავს. ის ძლიერ იმედგაცრუებას განიცდის, რადგან მისი იდეების უმეტესობა წინააღმდეგობებს აწყდება. მამაკაცი თავის პასუხისმგებლობას გრძნობს მის იდეებზე.  აქ შეიძლება განვითარდეს ურთიერთობა, მკაფიოდ გამოხტული „უფროს-უმცროსი“ ფორმულით, სადაც თითოეული მათგანი არაფერზე დაიხევს უკან, რომ პარტნიორზე შთაბეჭდილება მოახდინოს. ფარული ურთიერთდამოკიდებულების გამო, ეს ძალზედ რთული ასპექტია ჰარმონიისთვის. ორივე პარტნიორი ხშირად უსვამს საკუთარ თავს შეკითხვას, რა როლს ასრულებს ამ ურთიერთობაში. ქალს შესაძლოა ეშინოდეს კიდეც მისი, რადგან მამაკაცი პატივისცემის გრძნობას მის შიშზე აგებს. თუმცა რაც უფრო მეტად ეწინააღმდეგება ის ქალის იდეების გამოხატვას, მით უფრო ძლიერდება ქალი, სანამ ერთხელაც საერთოდ აღარ დასჭირდება მისი ზღვარგადასული მფარველობითი დამოკიდებულება.

 

ქალის სატურნი კვადრატში მამაკაცის მერკურისთან

აქ მამაკაცი თავის ინტელექტს იმისთვის იყენებს, რომ ქვეცნობიერად გამოწვევა გამოუცხადოს თავისი მამის სახებას, რის სიმბოლოსაც ქალში ხედავს.  მისთვის ეს ქალი მიზანდასახულობას, ნაყოფიერი მიზნებისკენ ნელ მოძრაობას განასახიერებს და როგორც წესი, ამ თვისებებს თავისუფალი თვითგამოხატვის შემაფერხებელ ფაქტორებად აღიქვამს. თუ ის ყურს დაუგდებს მას,  უფრო დაფიქრებული გახდება და ისწავლის იმის ზუსტად გადმოცემას, რასაც სინამდვილეში გულისხმობს.  თუ ასე არ მოხდა, ქალი შესაძლოა მისი იდეების კარმული ეფექტების მსხვერპლი გახდეს. ეს ურთიერთობა ან ცამხრივია, ან ძალიან მნიშვენლოვანი, იქიდან გამომდინარე, როგორ იყენებს მამაკაცი ქალის პრაქტიკულ და ფხიზელ შეხედულებებს ცხოვრებაზე.

 

 

მამაკაცის სატურნი კვადრატში ქალის ვენერასთან

აქ ქალი გზას მიიკვლევს იმ ქვეცნობიერი პრობლემების მეშვეობით, რაც ბავშვობაში, მამასთან ურთიერთობაში, ვერ მოაგვარა. როგორც წესი, პარტნიორთან ურთიერთობაში, ის ქალიშვილის როლს ირგებს და ამის მეშვეობით ცდილობს გაამართლოს საკუთარი მამის მოლოდინები. მამაკაციც, იმის ნაცვლად რომ  თანასწორ დონეზე ეკონტაქტოს, სათანადოდ ვერ აფასებს მის თვისებებს და მისი შეცვლა სურს, რომ ის თავის სატურნულ სტანდარტებში ჩასვას. ეს კარმული ასპექტი ორივე პარტნიორის წვრთნა-ზრდას ისახავს მიზნად _ როგორ დაინახონ ერთმანეთში ინდივიდები, მიუხედავად არჩეული როლებისა, რომელსაც ორივე თამაშობს.  რაც ყველაზე მთავარია, ეს წარსულში მოუგვარებლად დატოვებული პრობლემების აქტივაციის ასპექტია და ორივემ აუცილებლად უნდა ისწავლოს მათი დამუშავება.  მიჯაჭვულობის ძლიერი გრძნობა ფსევდო ოჯახურ ურთიერთობას აყალიბებს. ეს საკმაოდ რთული ასპექტია, თუმცა ის აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ის ევოლუციური გზის გასავლელად სჭირდება.

ქალის სატურნი კვადრატში მამაკაცის ვენერასთან

ამ კარმული ასპექტით ურთიერზემოქმედებას ორივე პარტნიორის გაზრდა შეუძლია. მამაკაცი, რომელიც ქვეცნობიერად ქალის როლს ასრულებს, თავისი მამის ძალაუფლებისმოყვარე პოზიციებს აწყდება პარტნიორში.  ხშირად ქალი მის ესთეტურ მგრძნობიარობას თრგუნავს. ამის გამო, ის სიმბოლურად თავიდან განიცდის სიყვარულის გრძნობას, რომელსაც ბავშვობაში მამას ჩუქნიდა და სავარაუდოდ, მისგან სიცივეს აწყდებოდა. იმავდროულად, ქალიც საკუთარ თავს მიმღები მამის როლში აღიქვამს, იმისათვის რომ  პარტნიორს მოწიფულობის მიღწევაში დაეხმაროს. ქალს სურს, რომ მამაკაცმა მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე და არ იყოს მხოლოდ სილამაზისა და ესთეტიკის ძიებაზე ფოკუსირებული, რაც მასში ძლიერ იმედგაცრუებას იწვევს. ქალი დიდი სიამოვნებით შეასრულებდა თავის ბუნებრივ როლს უფრო, პარტნიორი მამაკაცი რომ შინაგანი სიმტკიცით აღემატებოდეს. ამრიგად, ორივე პარტნიორი იძულებულია, რთული კარმული გაკვეთილები აითვისოს. გაღიზიანება, იმედგაცრუება, გრძნობების ბლოკირება და ადიქცია (დამოკიდებულება) ამ ურთიერთობის წამყვანი ნოტებია, რაც ამ მას ლეგენდარულ გორდას კვანძს* ამსგავსებს.

 

 

მამაკაცის სატურნი კვადრატში ქალის მარსთან

ამ კარმული ასპექტით, მამაკაცი თავისი ახალგაზრდობის იმპულსური ბუნების განმეორებას ხედავს პარტნიორში. მამისგან გადმოცემული ტრადიციების მეშვეობით, ის ქალის ეგოს კონტროლისკენ ისწრაფვის. სინამდვილეში მისი  ბრძოლის ქვეცნობიერი მიზეზი, რის გამოც ის ამ ურთიერთბაში ჩაერთო, ეფექტური თვითკონტროლის სწავლაა. როდესაც ის ამას მოახერხებს, მისთვის ეს პარტნიორობა განსაკუთრებულ  მნიშვნელობას შეიძენს.

 

ქალის სატურნი კვადრატში მამაკაცის მარსთან

ამ კარმული ასპექტით, ეს ქალი და მამაკაცი იმ გაკვეთილების გამო იზიდავენ ერთმანეთს, რომელიც ორივეს სჭირდება. მამაკაცი ძალისხმევას არ იშურებს, პარტნიორზე შთაბეჭდილების მოსახდენად და ამ მცდელობაში აღმოაჩენს, რომ ქალის სტანდარტები ძლიერ კონფლიქტშია მის ძალისხმევასთან.  ქალი შესაძლოა ცდილობდეს მისი ეგოს კონტროლს, რადგან, მისი აზრით, ეს მამაკაცი მეტად მოუმწიფებელია.  ქალი ამ ურთიერთობაში თავისი მამის როლს ირგებს და სწორედ ის აძლევს მიმართულებას მამაკაცის ძალას.  სამწუხაროდ, მისი მოთხოვნები მამაკაცს უსაფუძვლოდ მძიმედ მიაჩნია, რადგან  ეჭვქვეშ აყენებს მის სიბრძნის წყაროს, მართებულობას და ცხოვრებისეულ მიმართულებას, რომლითაც ქალი მოძრაობს. მარსისა და სატურნის კონფიგურაციები მიღწევების ასპექტებია. მაგრამ ვინაიდან კვადრატურა დაძაბულ ენერგიას შობს, პარტნიორები ერთმანეთს ხელს უფრო უშლიან, ვიდრე ეხმარებიან. თუ თითოეული მათგანი სწორად გაიგებს პარტნიორის ფუნქციის მნიშვნელობას (მიუხედავად თვალშისაცემი განსხვავებისა), ურთიერთობა მყარ ფუნდამენტზე აშენდება.  ქალისთვის აუცილებელია მამისგან გადმოცემული სიბრძნის გამოყენება, ამ იმპულსური მამაკაცის “დასამიწებლად“. ის უნდა იყოს ამ ურთიერთბის ხერხემალი, რაც მის პარტნიორს მართალია აღაშფოთებს, მაგრამ ეს მისთვის აბსოლუტურად აუცილებელია, თუ ცხოვრებაში სანუკვარი მიზნის პოვნას და მიღწევას აპირებს.

 

მამაკაცის სატურნი კვადრატში ქალის იუპიტერთან

ქალი თავისუფლებისა და სიმსუბუქისკენ ილტვის, მაშინ როდესაც მამაკაცი მტკიცედ არის მიჯაჭვული წარსულზე. ის მამის როლს ირგებს და თავისი წარსული ინკარნაციების იმ წერტილში „იყინება“, რომელიც მისთვის კარმულ დონეზე მნიშვნელოვანი იყო. ის აგრძელებს წარსულის ტრადიციებს, ჩვევებსა და პოზიციებს. თუმცა რაც უფრო გულმოდგინედ ცდილობს ამას, მით უფრო დაჟინებით  იცავს ქალი საკუთარ თავისუფლებას, რადგან პიროვნული ზრდისა და გაფართოვებისკენ ისწრფვის. მას დაუოკებელი სურვილი ამოძრავებს, გაიგოს, რა ხდება ყოველი ახალი ჰორიზონტის მიღმა. მამაკაცი კი ცდილობს მომავლის სტრუქტურა კარმულ წარსულში ჩამოაყალიბოს. ამ ურთიერთობისთვის ასევე დამახასიათებელია იდეებთან დაკავშირებული დამოკიდებულება. თუ ორივე ინდივიდს გაზრდა სურს, ეს ქალის მხრიდან გამოვლინდება. ეს კარმული გაკვეთილების ასპექტია. სწავლის პროცესში, ქალი უნდა განერიდოს მამაკაცის მიერ შექმნილ ისტორიულ დეკორაციებს, ვინაიდან ის უპირატესობას  მემკვიდრეობით მიღებულ განსაზღვრულ კულტურებს, ცივილიზაციებსა და ტრადიციებს ანიჭებს. სწორედ ქალმა უნდა შეასუსტოს და გააფართოვოს ეს კრისტალიზებული ფორმები, რომ დააბალანსოს რჩეულთან  ურთიერთობა თანამედროვე გარემოცვასთან მიმართებაში.

 

ქალის სატურნი კვადრატში მამაკაცის იუპიტერთან

მამაკაცის ფილოსოფია კონფლიქტში შედის ქალის ტრადიციულ წარმომავლობასთან. ის, განათლებისა და ექსპანსიის მეშვეობით, გონებაგახსნილობისკენ ისწრაფვის. ქალი კი მჭიდროდ არის მიჯაჭვული წარსულზე და შეიძლება ზურგიც შეაქციოს ნებისმიერ თვალისმომჭრელ შესაძლებლობას, რადგან გულმოდგინედ ცდილობს შეინარჩუნოს ის, რასაც მყარი საფუძველი აქვს.  მამაკაცი კი თავის უმაღლეს გონებას იყენებს იმისთვის, რომ დღევანდელი ცნობიერების საზღვრებს გასცდეს. კარმულ დონეზე, ქალი აგრძელებს თავის მემკვიდრეობით ხაზს. მამაკაცის შეხედულებები ხშირად ეწინააღმდეგება ქალის ჩვევებს და ტრადიციულ აზროვნებას. შეიძლება იყოს ძლიერი ეთნიკური ან/და კულტურული დაპირისპირებაც, რაც აუცილებლად უნდა მოგვარდეს ურთიერთგაგებით, თუ მათ ერთად ყოფნა სურთ.

 

სატურნების კვადრატი

ეს დაძაბული გამოწვევების ასპექტია. ორივე ინდივიდი გამოცდას გადის, რადგან თითოეულმა მათგანმა უნდა გადალახოს ის წინააღმდეგობა, რომელსაც პარტნიორისგან აწყდება, სანამ კარმულ გზაზე წინსვლას გააგრძელებენ. სიჯიუტის და დაუმორჩილებლობის პრობლემა ორივესთვის თანაბრად ამწვავებს ურთიერთობას. ამ ასპექტისთვის დამახასიათებელია პრინციპული განხეთქილება. მრავალრიცხოვანი კამათის შედეგად, მათ საკუთარი შეხედულებების საფუძვლიანობა უნდა გააცნობიერონ. იდეოლოგიური, ფილოსოფიური და რელიგიური განხეთქილებები შესაძლოა იმდენად ძლიერი იყოს, ისინი შოკში ჩააგდებენ ერთმანეთს. ეს ურთიერთობა კარმული გამოცდილებაა, რომელშიც თითოეული მათგანი სწავლობს, რომ მათი საკუთარი რეალობისგან განსხვავებული რეალობაც სავსებით კანონიერია.

 

მამაკაცის სატურნი კვადრატში ქალის ურანთან

ეს ასპექტი  კულტურულ ფასეულობათა შეტაკებას წარმოადგენს. ორივე მათგანი უცხოდ და უხერხულად გრძნობს თავს ერთმანეთის ნიადაგში. მამაკაცი საკუთარი წარმომავლობითი ჩვევების, ტრადიციებისა და მორალის სიმბოლოა, ასევე იმ ყველაფრის, რაც მან წარსულ ინკარნაციებში კარმულად გააკრისტალა. ქალი, თავის მხრივ, ცვლილებებს და იმ „დეკრისტალიზაციის“ ძალას განასახიერებს, რომელსაც ძალუძს ბოლოს მოუღოს კონსერვატიზმს. მამაკაცს ქალი უაღრესად გამანადგურებლად მიაჩნია, ქალს მამაკაცი _ უაღრესად მოსაწყენად. ამრიგად, ორივე მათგანი დაუკმაყოფილებლობას განიცდის, რადგან მამაკაცი მთელი ძალებით ეწინააღმდეგება ქალის მცდელობებს, წინ წაწიოს ის. როგორც წესი, ეს ასპექტი ისეთ ურთიერთობებში გვხვდება, რომელიც კარმულ „არჩევნის გზაჯვარედინს“ წარმოადგენს. მამაკაცმა, რომელსაც ჩამოყალიბებული აქვს თავისი მეთოდები წარსულში, მიაღწია იმ დონეს, სადაც დგება არჩევნის წინაშე, მიიყვანოს ჩამოყალიბებული განხორციელებამდე ან შეიცვალოს მიმართულება. მას შეუძლია აირჩიოს მეორე ვარიანტი, თუ ეჭვი ეპარება თავისი მიზნების მნიშვნელობაში. საინტერესო კი ის არის, რომ მისი არჩევანი ამ ქალის გავლენით იქნება განპირობებული.

 

ქალის სატურნი კვადრატში მამაკაცი ურანთან

ქალი, თავისი მამის როლის მორგებით, იმ წერტილს უახლოვდება, როდესაც თავის წარსულ ვალდებულებებზე გაზრდა შეუძლია. წლების (შესაძლოა რამდენიმე ცხოვრების) განმავლობაში ის ცდილობდა ეამებინა მათთვის, ვინც ძალაუფლებით იყო აღჭურვილი. ახლა მან მოიპოვა უფლება, საკუთარი თავისუფალი არჩევანი გააკეთოს ცხოვრებაში. ამ ურთიერთობის პროცესში, მან უნდა გადაწყვიტოს, მისი მომავალი იმავე გზის გაგრძელება იქნება, თუ სრულიად უარყოფს  მას და ახალ კარმას დაიწყებს. ეს ურთიერთობა სავსეა ბრძოლით, რადგან ბევრი რამ არის დამოკიდებული რეზულტატზე. მამაკაცი საფრთხედ აღიქმება წარსულის ტრადიციებისთვის, რომლის დაცვასაც ცდილობს ქალი.  თუმცა, მამაკაცის აზრით, ის  მის თავისუფლებას ზღუდავს. რაც უფრო დაჟინებით ეცდება ქალი შეაგნებინოს შეზღუდვებისა და წესების ფასი, მით უფრო კარგავს მამაკაცის იდეები  მისთვის მნიშვნელობას. შედეგად, ის ან მუდამ აღშფოთებული იქნება მამაკაცის დაუდეგარი ხასიათით და თავის ძველ მეთოდებს მიმართავს; ან უარს იტყვის წარსულიდან გადმოყოლილ ვალდებულებებზე, დასრულებული კარმის ტვირთს დატოვებს და თავის პარტნიორთან ერთად  განვითარების სრულიად ახალ გზას დაადგება. იმ დროს, როდესაც ქალი ამ ურთიერთობის მნიშვნელობას უფიქრდება, შესაძლოა მამაკაცი მას იმ წინააღმდეგობად განიხილავდეს, რომელიც უნდა გადალახოს, თუ გადარჩენას აპირებს. მისთვის ეს ქალი ის კედელია, რომელიც გზაზე ეღობება. თუმცა მანაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. კერძოდ, მან უნდა ისწავლოს საკუთარი თავის გაგება იმ სოციალურ სტრუქტურაში, რომელსაც ქალი წარმოადგენს. ეს ძლევამოსილი ასპექტია კარმული გამოცდილების ურთიერთგაცვლისა და პერსონალური ზრდისთვის. ორივე ინდივიდს ერთი კონფრონტაცია მეორეზე გადააქვს, სანამ არ მიხვდებიან იმ როლის მნიშვნელობას, რომელსაც თითოეული მათგანი ერთმანეთის ცხოვრებაში ასრულებს.

 

 

მამაკაცის სატურნი კვადრატში ქალის ნეპტუნთან

ამ ასპექტში, მამაკაცი საგანგაშო მასშტაბის წინააღმდეგობის ხასიათს იძენს, რომელსაც ქალმა თავისი წარმოსახვით უნდა ებრძოლოს. მან უნდა იპოვოს საკუთარ თავში სიმამაცე, გადალახოს ის ბარიერები, რომელსაც, როგორც ეჩვენება, პარტნიორი უქმნის. მეორეს მხრივ, მამაკაცი გაოგნებულია მისი არაპრაქტიკულობით და სწორედ ამიტომ, ცდილობს შთააგონოს საკუთარი იდეები, რომ ქალი მის სტანდარტებს შეესაბამებოდეს. მისი დაჟინებული მცდელობები სულს უხუთავს ქალს. დროთა განმავლობაში, მას სულ უფრო უჭირს იმის გამოხატვა, რაც მისი წარმოსახვიდან მოედინება. ქალს მამაკაცის რეალობა მოსაწყენად და ერთფეროვნად მიაჩნია. მეორეს მხრივ, ეს მამაკაცი სრულიად გულწრფელად თვლის, რომ ქალის რეალობა მოკლებულია კონსტრუქციულ საფუძვლებს. ის გრძნობს, რომ ქალს დისციპლინის, დაგეგმვისა და ფოკუსირების შინაგანი მოთხოვნა აქვს, მაგრამ, თავისივე აღმართული კედლის გამო, მის ცნობიერებას ვერ სწვდება, კედელზე გადაბიჯება კი არ შეუძლია, რადგან მიაჩნია, რომ ასეთი საქციელით საკუთარ თავს უღალატებს. ამიტომ, ეს იმედგაცრუების მომტანი ასპექტია. არც ერთი მათგანი არ ცდილობს ტკივილი მიაყენოს პარტნიორს, თუმცა ურთიერთგულისტკენა თითქმის გარდაუვალია. ქალის ემპათია ვერ პოულობს შესაბამის გამოძახილს, თუმცა ის არ წყვეტს მცდელობებს, დაიმსახუროს აღიარება პარტნიორის მხრიდან, რადგან მისთვის ეს მამაკაცი იმ სტრუქტურას განასახიერებს, რომელსაც ის საჭიროებს.  ეს უფერული ურთიერთობის ასპექტია და მაინც, მან შეიძლება საკმაოდ დიდხანს გასტანოს, რადგან თითოეული მათგანი  პარტნიორში იმ გამოწვევას ხედავს, რომელსაც უნდა გაუმკლავდეს.

ქალის სატურნი კვადრატში მამაკაცის ნეპტუნთან

მამაკაცი ქალს წინააღმდეგობად აღიქვამს თავისი წარმოსახვისთვის. მის აღქმაში, ქალი განასახიერებს ყველა იმ დაბრკოლების სიმბოლოს, რაც მან საკუთარ თავში უნდა გადალახოს, თუ თვითგანმტკიცება სურს. თუმცა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ძლიერად წარმოუგენია მამაკაცს თავი, ეს ქალი მაინც გადაულახავი ძალაა, რადგან მისთვის იმ ავტორიტეტულ და ძალოვან ფიგურას წარმოადგენს, ვისი მიზნების დამარცხებაც შეუძლებელია. ამდენად, ამ ურთიერთობას ინტენსიური, თუმცა კი მოუხელთებელი გამოწვევის ხასიათი აქვს, რომელიც ორივე პარტნიორს იდუმალი ჩაკეტილობისკენ უბიძგებს. ამრიგად, გახსნილი ურთიერთობის ნაცვლად, ისინი ფარული ნიუანსებით, გამოუთქმელი ფიქრებით და გამჭოლი მზერებით სავსე ურთიერთობას იღებენ. საბოლოო ჯამში, ორივე პარტნიორმა წვრილმანი ეჭვიანობა და უნდობლობა უნდა დაძლიონ.

 

 

მამაკაცის სატურნი კვადრატში ქალის პლუტონთან

ეს ძლიერი იმედგაცრუების ასპექტია. ქალს ბობოქარი წარმოსახვა აქვს და როგორღაც უნდა ისწავლოს პასუხისმგებლობის აღება საკუთარ იდეებზე. მისი პარტნიორი ხელმძღვანელ ბრძანებებს გასცემს, რაც მძიმე ტვირთად აწვება მათ ურთიერთობას. ქალს ძალიან უჭირს, მისდიოს მის მკაცრ ტრადიციებს, ჩვევებსა თუ რელიგიურ წესებს. ქალი შეიძლება უმართავ იმპულსებს ავლენდეს, მაშინ როდესაც მამაკაცი, რომელსაც ყოვლისმცოდნე მამის როლი აქვს შეთავსებული, ცდილობს მოთმინების სიბრძნე ასწავლოს. როგორც წესი, ეს ასპექტი ისეთი წყვილის ურთიერთობაში ვლინდება, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ წინა ცხოვრებებში. იმ სულიერი ზრდის გამო, რომელიც ქალმა წინა ცხოვრებაში განახორციელა, ამ ინკარნაციაშიც ურთიერთობა კვლავ ყალიბდება იმისთვის, რომ საბოლოოდ დასრულდეს.  ქალმა უნდა გაწყვიტოს კავშირი არამხოლოდ ამ მამაკაცთან, არამედ ზოგადად იმ მკაცრ მსჯელობასთან, რის სიმბოლოსაც ის წარმოადგენს. თუ ქალი ამ კარმული კავშირის გაწყვეტას მოახერხებს,  მხოლოდ იმიტომ, რომ მან სულიერად გადააბიჯა იმ წესებს, რომელსაც ოდესღაც, წინა ცხოვრებაში, საჭიროებდა.

 

ქალის სატურნი კვადრატში მამაკაცის პლუტონთან

ქალი ცდილობს თავს მოახვიოს მამაკაცს სტრუქტურის, ფორმების და აზრების საკუთარი გაგება. პრობლემა ის არის, რომ მისი იდეები სხვებისგან გამომდიანრეობს, მისი წარსული ინკარნაციებიდან ან ავტორიტეტული ფიგურებიდან, რომლის მიმართაც ის კვლავ რიდს და კრძალვას განიცდის. მაშინ როდესაც მამაკაცის გაგება მისი ქვეცნობიერის ღრმა წიაღიდან გამომდინარეობს. ის პროტესტს უცხადებს იმ ძალაუფლებას და წესებს, რომელსაც ქალი განასახიერებს. შედეგად, მამაკაცი უნდა განთავისუფლდეს მისგან, რომ თავად აგოს საკუთარ თავზე პასუხი. სატურნი-პლუტონის ასპექტები იმაზე მიუთითებს, რომ ეს სულები ერთმანეთთან პირველად არ იკვეთებიან და მათი დაკავშირება, მიმდინარე ინკარნაციაში, იმას გულისხმობს, რომ მათ საბოლოოდ უნდა დაუსვან წერტილი იმას, რისი დასრულებაც წინა ცხოვრებაში ვერ მოახერხეს. მამაკაცმა უნდა გადააბიჯოს იმ წესების საზღვრებს, რომელსაც ეს ქალი უწესებს, რომ საკუთარი გზა შეიცნოს და განსაზღვროს. მან თავისუფლება უნდა მოიპოვოს საკუთარი სულისთვის.


About Qet

Scroll To Top